მთავარი ექსკლუზივი „ნუ იყენებთ მოჭიდავეებს საკუთარი სიბინძურეების გადასაფარად“

„ნუ იყენებთ მოჭიდავეებს საკუთარი სიბინძურეების გადასაფარად“

391
0
გაზიარება

2019 წელი ქართული ჭიდაობისთვის სკანდალურად დაიწყო. 11 იანვარს ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის 87 კგ. წონითი კატეგორიის ფინალში ერთმანეთს ხვდებოდნენ ზურაბ დათუნაშვილი და რობერტ კობლიაშვილი.

ორთაბრძოლის დასრულებამდე წამები რჩებოდა, როდესაც მსაჯმა კობლიაშვილს ქულა მიანიჭა, რამაც დათუნაშვილის პროტესტი გამოიწვია. დარბაზში ვითარება დაიძაბა, რაც ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ზურაბ დათუნაშვილმა ფეისბუქის პირად გვერდზე საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც მან ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიდან გეგა გეგეშიძის განთავისუფლება მოითხოვა. დათუნაშვილის თქმით, გეგამ მას თავში რკინის ბლაგვი საგანი ორჯერ ჩაარტყა. ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის ნაკრების კაპიტანმა გეგეშიძე კორუფციასა და ფედერაციის დიქტატორულ მართვაში დაადანაშაულა. 19 იანვარს ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“ ექსკლუზიური კადრები გამოაქვეყნა, სადაც გეგა გეგეშიძისა და ზურაბ დათუნაშვილის დაპირისპირებაა ასახული. კადრებში კარგად ჩანს ფედერაციის პრეზიდენტსა და ნაკრების კაპიტანს შორის მომხდარი ინციდენტი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო და ინციდენტის მოწმეები დაკითხვაზე დაიბარა. ფედერაციის პრეზიდენტი დანაშაულს უარყოფდა და ამბობდა, რომ ინციდენტში მას ბრალი არ მიუძღვის. ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი დააკავეს, გამოძიება კი სისხლის სამართლის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ძალადობას გულისხმობს. ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე 5000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს. მსოფლიო ჩემპიონის პირველი მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ხოლო მეორე _ არა და გეგა გეგეშიძე ისევ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტია.

„ქრონიკა+“-მა სკანდალის მთავარ გმირთან, ზურაბ დათუნაშვილთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა:

_ ზურა, თავიდან დავიწყოთ, მოგვიყევით, რა მოხდა 11 იანვარს?
_ 11 იანვარს საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა, ყველაფერი მშვიდად მიმდინარეობდა. ფინალურ ორთაბრძოლაში მსაჯების გადაწყვეტილებას ვაპროტესტებდი, რაც ჩვენს სფეროში ჩვეულებრივი ამბავია. ჩემი ძმა, გიორგი დათუნაშვილი, ჩემი კონსულტანტია და ორივე ვფიქრობდით, რომ მსაჯი მიკერძოებულად არ გვაძლევდა მომგებიან ქულას. თუ იმ მომენტში ჩვენი შენიშვნა გადამეტებულად მოეჩვენათ, ასეთ დროს ფედერაციას შეეძლო, სხვა მეთოდით დავესაჯეთ _ ყვითელი ან წითელი ბარათით. სამწუხაროდ, ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. ჩემს ძმას ფედერაციის გარკვეული ჯგუფი სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდა. ამის შემდეგ გეგა გეგეშიძეც ჩაერთო ჩხუბში და მოხდა ის, რაც მოხდა.
_ სამართალდამცველებისთვის არ მიგიმართავთ?
_ არა. როდესაც ეს ფაქტი მოხდა და ყველაფერი ეთერში გავიდა, სამართალდამცველებმა დამოუკიდებლად დაიწყეს გამოძიება, დამიკავშირდენ და დამკითხეს, როგორც მოწმე. ეს კადრები ეთერში რომ არ გასულიყო, დარწმუნებული ვარ, დღეს დისკვალიფიკაცია მექნებოდა და ეს ყველაფერი უხმაუროდ ჩაწყნარდებოდა.
_ სანამ მომხდარის შესახებ ამსახველი ვიდეო ეთერში გავიდოდა, მანამდე რა მოიმოქმედე საკუთარი უფლებების დასაცავად? პროკურატურას რატომ არ მიმართე?
_ სამართალდამცველი სტრუქტურებისთვის არ მიმიმართავს, იმ მომენტში ვერ მოვახერხე. დაპირისპირების შემდეგ სახლში მოვედი, ცოტა შოკურ მდგომარეობაში ვიყავი იმ ყველაფერზე, რაც მოხდა. მეორე დღეს ფეისბუქზე მომხდარის შესახებ დავწერე.
_ ზურა, მოქმედმა სპორტსმენებმა და ვეტერანმა მოჭიდავეებმა თქვენი ძმა დაადანაშაულეს და ბევრმა მათგანმა გეგეშიძეს დაუჭირა მხარი.
_ მათი ბრალდებები არის სიცრუის ტირაჟირება და ბინძური კამპანია. მათი განცხადებებით, ფედერაციაში ცდილობენ, ყველაფერი ჩვენ გადმოგვაბრალონ. მე და ჩემი ძმაც ზუსტად ამ ვეტერანების უდიდესი პატივისცემით მოვდივართ და მათ კარგად იციან, სინამდვილეში, ჩვენი დამოკიდებულება მოვლენებისადმი. არ ვიცი, რატომ აკეთებენ ასეთ განცხადებებს.
_ ვეტერანებთან თუ გქონდათ მომხდარი ფაქტის შემდეგ კომუნიკაცია?
_ ამ ფაქტის შემდეგ პირადად არ მქონია მათთან კომუნიკაცია, მხოლოდ ლუკა კურტანიძეს ვესაუბრე და მან იცის, რაც ხდება. უბრალოდ, მან თქვა, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ შემრიგებლის ფუნქცია ჰქონდა.
_ ზურა, თქვენ ამბობთ, რომ ფედერაციიდან სასულიერო პირი გამოგიგზავნეს, რა თემაზე ისაუბრეთ?
_ მთავარი მოთხოვნა იყო, რომ გავჩუმებულიყავი და თუ არ ვიხმაურებდი, ფედერაციაში პრივილეგიები მექნებოდა. მე სწორედ ასეთ დამოკიდებულებებს ვაპროტესტებ და მიმაჩნია, ფედერაციაში ვიღაცას რაღაცის გამო არ უნდა მიენიჭოს უპირატესობა და რა თქმა უნდა, სხვა არ უნდა დაიჩაგროს. მამაოს ავუხსენი, რომ სწორედ ასეთ დამოკიდებულებას ვებრძვი და არ მომწონს.
_ ზურა, ჩვენი ინფორმაციით, ძალადობის ფაქტები ფედერაციაში ხშირია, რატომ არ საუბრობენ საჯაროდ სპორტსმენები იმ პრობლემებზე, რაც ე. წ. ოჯახში არსებობს?
_ მსგავი ტიპის ძალადობრივი ფაქტები ხშირად ხდება. შარშან გოჩა ჩორგოლიას და კიდევ რამდენიმე მოჭიდავეს სასტიკად გაუსწორდნენ. ცდილობენ, ასეთი ტიპის პრობლემები ოჯახში მოაგვარონ და არ გახმაურდეს. მე ისეთი ოჯახის არ მწამს, როდესაც ოჯახის ერთ წევრს უჭირს, იმის გვერდით არ დგახარ, შემდეგ კი მეორე ოჯახის წევრს, რომელსაც ძალაუფლება აქვს, გაუჭირდება და იმის გვერდით დადგები. მე ასეთ ოჯახში არ ვარ გაზრდილი და ეს არ არის ჩემთვის ოჯახი.
_ ამ ეტაპზე რა მოთხოვნები გაქვს და როგორ ფიქრობ, დატოვებს თუ არა გეგეშიძე თანამდებობას?
_ ჩემი მოთხოვნა არ ყოფილა, რომ ვინმე დაეჭირათ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს არ აქვს უფლება, მივიდეს და თავში ვიღაცას ჩაარტყას. ამის გამო თანამდებობიდან უნდა გადამდგარიყო. ჩემი მოთხოვნა ეს იყო და არის დღესაც. გეგა გეგეშიძემ რაც გააკეთა, ის აღარ იმსახურებს იმ თანამდებობაზე ყოფნას. ფედერაციაში ხალხი აღიარებს, რომ ცუდი ფაქტი იყო, რაც გეგეშიძემ გააკეთა, მაგრამ ასევე იმასაც ფიქრობენ, რომ ზურა მარტოა და ეს სიმართლე უნდა დაიმალოს. მინდა, მათ ვუთხრა, _ არ ვარ მარტო! ოჯახს ეძახიან იმას, ვინც მათ აზრს იზიარებს. ჩემთვის ოჯახი არის თითოეული ჩემი გულშემატკივარი, მოჭიდავე ბიჭები, ვეტერანები და ყველა, ვინც ჭიდაობის სამყაროშია. მინდა, მათ ვუთხრა, ჩემ გვერდით ძალიან ბევრი ხალხია. მათი დიდი იმედი მაქვს, ყველაფერს ლოგიკური დასასრული ექნება და გეგეშიძე მიიღებს ან მიაღებინებენ იმ გადაწყვეტილებას, რომ თანამდებობიდან გადადგეს!
_ და თუ ასე არ მოხდა?
_ გეგეშიძე თუ დარჩება, ეს ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს და მე რომც დავრჩე ფედერაციაში, დარწმუნებული ვარ, ყოველთვის დამბლოკავენ. გეგეშიძის პირობებში არ გავჩერდები, რადგან აზრი არ ექნება ჩემს დარჩენას. და თუ ეს ასე მოხდება, მომიწევს, საქართველოში თავი დავანებო ჭიდაობას ან სხვა რომელიმე ქვეყანაში გავაგრძელო ჩემი კარიერა. მოვლენების ასეთ განვითარებას არ ველოდები და ვფიქრობ, გეგა გეგეშიძე აუცილებლად დატოვებს თანამდებობას.
_ ჩვენ ვნახეთ წარმატებული ოლიმპიელები, ჩემპიონები, რომლებიც გამოვიდნენ და მხარი არ დაგიჭირეს, თუმცა საზოგადოების დიდმა ნაწილმა სოლიდარობა გამოგიცხადა.
_ ზუსტად ეს მხარდაჭერა მაძლიერებს. მეუბნებიან, ყველანაირად დაგიდგებით გვერდითო. რაც შეეხება ბიჭების განცხადებას, ვფიქრობ, ისინი ბინძურ იარაღად გამოიყენეს. ასე არ შეიძლება. მინდა, ყველას ვთხოვო, ნუ იყენებთ მოჭიდავეებს სიბინძურეების გადასაფარად.
_ გეგეშიძემ განცხადება გააკეთა, რომ არ აპირებს თანამდებობის დატოვებას და თუ ეს ასე მოხდება, ფედერაცია და ქვეყანა ჩამოიქცევა. რატომ აქვს ასეთი წარმოდგენები მისი პერსონის მიმართ და ხომ არ ფიქრობთ, რომ მას ხელისუფლებაში მფარველები ჰყავს?
_ არ ვიცი, ამ თემაზე არ მაქვს პასუხი. ვფიქრობ, ისინი თავად ქმნიან ასეთ წარმოდგენებს, თითქოს, მფარველები ჰყავთ ხელისუფლებაში. მის განცხადებაში ერთი ის დავინახე, რომ მუქარა იგრძნობოდა. მგონია, რომ გეგეშიძე სულ სხვა რეალობაში ცხოვრობს. ძნელი დასაჯერებელია, ქვეყანა მის მხრებზე იდგეს და ის რომ წავიდეს, ამით ყველაფერი ჩამოინგრევა.
_ კორუფციასა და უსამართლობაზე საუბრობდით. კონკრეტულ ფაქტებს გაიხსენებთ?!
_ ლადო გეგეშიძე (გეგა გეგეშიძის ძმა) ჩვენი მოჭიდავე იყო, როდესაც იგი ფედერაციაში მოვიდა, გვითხრა: ბიჭებო, დავსხდეთ, დავილაპრაკოთ, როგორც ჩვენთვის იქნება მისაღები და როგორც სიმართლე იქნება, ისე გადავწყვიტოთ სამომავლო თანამშრომლობაო. ყველა შევთანხმდით, რომ მიკერძოება და უსამართლობა ფედერაციაში არ იქნებოდა. როცა მთავარი ტრენერი ხარ და ასევე პირადი მოსწავლეებიც გყავს, ასეთ დროს, ბუნებრივია, მთავარ მწვრთნელს სურვილი უჩნდება, პირადი მოსწავლე ჩასვას მთავარ გუნდში. ამით ის ფინანსურად სარგებელს იღებს. შევთანხმდით, რომ ეს ასე არ უნდა ყოფილიყო, თუმცა შემდეგ მიხვდნენ, ამ მახინჯი ტრადიციით მეტი ფული იშოვებოდა. შესაბამისად, დაივიწყეს ჯანსაღი კონკურენციის პირობები და გადაწყვიტეს, პირადი მოსწავლეები დაემატებინათ. იმსახურებდა თუ არა პირადი მოსწავლე ტურნირზე ან შეჯიბრზე გასვლას, მაინც უშვებდნენ. ზუსტად ასეთი შემთხვევა მოხდა, როდესაც მსოფლიოზე ერთს ეკუთვნოდა გამგზავრება და მეორე პიროვნებაზე საუბრობდნენ. ჩემთან მოვიდნენ და აზრი მკითხეს. სიმართლე ვთქვი და არ მოეწონათ. ამ ფაქტის შემდეგ ჩემ მიმართ რაღაც ბინძური კამპანია დაიწყო _ დაბლოკვები და ა. შ.
_ თქვენ რასაც ჰყვებით, ამაზე სპორტსმენებში პროტესტი არსებობს?
_ შიგნით ყველას აქვს პროტესტი, განსაკუთრებით ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. იმ აქციაზე მდგომი ბიჭებიდანაც კი, გეგეშიძის მხარდასაჭერად რომ შეიკრიბნენ და იმ პირებიდანაც, ვინც განცხადებებით გამოვიდა ტელევიზიებში, ბევრს აქვს პროტესტი, მაგრამ, სამწუხაროდ, ფედერაციაში არსებულ პრობლებეზე საჯაროდ არ საუბრობენ. ჟურნალისტებს გთხოვთ, „ფალავანთა კლუბში“ შეხვიდეთ და გამოიძიოთ, იქ რა სიტუაციაა და რა პირობებში უწევთ საქართველოს ნაკრების ბიჭებს ვარჯიში. ყველაფერი განადგურებულია, ფიტნეს დარბაზი საერთოდ არ არის, გაუსაძლისი სიცივე და ანტისანიტარიაა. მხოლოდ ორი საშხაპე ფუნქციონირებს, როცა თხუთმეტია საჭირო, ბიჭები რიგში დგანან და თუ ამდენი ფინანსებია, რატომ არავინ ფიქრობს რამის გაკეთებაზე?! ეჭვი მაქვს, მოჭიდავეების ფული სხვის ჯიბეში მიდის და ეს ყველაფერი ფაქტებია. ახლად დანიშნულმა ჭიდაობის „ფალავანთა კლუბის“ დირექტორმა ორ თვეში, განა, რა გააკეთა ისეთი, რომ პრემიის საახით 30 000 ლარი დაერიცხა?! ბიჭებს ძალიან ცუდ პირობებში უწევთ ცხოვრება, ხელფასი 300 და 500 ლარი აქვთ… არ ვიცი, შეიძლება, კლუბის პრეზიდენტი რომ გქვია, ბიუჯეტიდან გეკუთვის, მაგრამ ხომ შეიძლება, მოჭიდავეებზეც იფიქროს ვინმემ ან ინიციატივა გქონდეს, პირობების გასაუმჯობესებლად შესაბამის უწყებებს ხმა მიაწვდინო. ეტყობა, არ უნდათ, მთავრობასთან ისე გამოჩნდეს, რომ რაღაცას აპროტესტებენ. გეგეშიძის ინიციატივით ფედერაციაში ისეთი ხალხი არის დასაქმებული, რომელსაც ჭიდაობასთან არასდროს არანაირი შეხება არ ჰქონია. მაინტერესებს, სად გაქრნენ წარმატებული მწვრთნელები? რატომ გაუშვეს ზაზა სილაგაძე და მისი გუნდი?
_ როგორ დაინიშნა გეგეშიძე აღნიშნულ თანამდებობაზე? კულუარებში ამბობენ, რომ ფედერაციაში ჩატარებული არჩევნები არალეგიტიმურია.
_ ამ ხალხის მოსვლა ფედერაციაში დიდ ეჭვებს იწვევს, არჩევნები არ იყო ლეგიტიმური. რაღაც არარსებული კლუბები შექმნეს და ვითომ კლუბების წარმომადგენლებმა დაუჭირეს მხარი. ასე მოვიდა ეს ხალხი ფედერაციაში. ადრე წარმატებულ მოჭიდავეებს შეეძლოთ აერჩიათ ფედერაციის პრეზიდენტი, თუმცა ეს სისტემა გაუქმდა და ვფიქრობ, აღნიშნული წესი ისევ უნდა დაბრუნდეს.
_ დაბოლოს, სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვი?
_ სამომავლო გეგმები, ამ ეტაპზე, მხოლოდ ჩემი სიმართლისთვის ბრძოლაა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ სიმართლე დავამტკიცო და ჩემი საყვარელი სპორტის სახეობა ამ აგრესიული ხალხისგან ვიხსნა. მარტივი არ იქნება, თუმცა ადამიანებს სწორედ სირთულეები გვაძლიერებს. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველას. არ ვიცოდი, ასე გულთან ახლოს თუ მიიტანდნენ ჩემს მდგომარეობას.

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის მწვრთნელი, ზურაბ შელია, „ქრონიკა+“-ს ფედერაციაში არსებულ ფინანსურ დარღვევებზე ესაუბრა.

შელია ამბობს, რომ ფედერაციის თანამშრომლებზე პრემიის სახით კოლოსალური თანხა გაიცემა და ამის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც აქვს. საბანკო ამონაწერის მიხედვით, 31-12-2017-დან 16-01-2018-ის ჩათვლით ჯამურად ფედერაციის თანამშრომლებზე, პრემიის სახით, 100 000 ათასი ლარი გაიცა. შელიამ „ქრონიკა+“-თან თაღლითურ სქემაზეც ისაუბრა და კორუფციაში გეგა გეგეშიძის ძმა, ვლადიმერ გეგეშიძე დაადანაშაულა. მისი თქმით, ფედერაციაში არსებული პრობლემების შესახებ ყველამ იცის, მაგრამ შიშის გამო ღიად საუბარს ერიდებიან. სპორტსმენს, რომელიც შედეგს დებს ოლიმპიურ ასპარეზობაზე, მსოფლიო პირველობაზე ან ევროპის ჩემპიონატზე, დიდი ოდენობით პრემია ერიცხება, ხოლო მისი პირადი მწვრთნელი ამ თანხის 50%-ს იღებს. თუ სპორტსმენმა 100 ათასი ლარის პრემია მიიღო, მის პირად მწვრთნელს პარალელურად 50 000 ლარი ერიცხება: „როცა დარბაზი გაოხრებულია და სპორსტმენებს არ აქვთ პირობები, როგორ შეიძლება, საკუთარ თავს უფლება მისცე და მეგობრების ანგარიშებზე კოლოსალური პრემიები დარიცხო? ეს ხომ ოფიციალური ბანკის ამონაწერია? ღარიბაშვილი პრემიერი იყო და მისი ბრძანებით 2014 წელს დადგენილება გამოიცა. დადგენილებაში სპორტსმენებისთვის და მწვრთნელებისთვის გასაცემი თანხებია გაწერილი, რომელსაც სახელმწიფო იხდის ბიუჯეტიდან… თაღლითობის სქემა ასეთია: გეგა გეგეშიძის ძმამ ერთი წლის წინ ჭიდაობას თავი დაანება და რამდენი სპორტსმენიც არის წარმატებული მაღალი შედეგებით, მათ ფიქტიურ კონსულტანტად დანიშნეს. რეალურად კი ფინანსებს ითვისებს. სპორტსმენები, რომლებიც საერთაშორისო არენაზე მაღალ შედეგებს აჩვენებენ, მათ ანგარიშებზე, ღარიბაშვილის დადგენილებით, ბიუჯეტიდან 200 000 ლარი ერიცხებათ ჯილდოს სახით. დავუშვათ, მსოფლიო ჩემპიონი გახდი დიდების კატეგორიაში, ამ შემთხვევაში 200 000 ათას ლარს ჯილდოს იღებ სახელმწიფოსგან. სპორტსმენის ანგარიშზე დარიცხული თანხიდან, კანონმდებლობით, მწვრთნელს, ვინც მის გაზრდაში მიიღო მონაწილეობა, თანხის 50% ეკუთვის. გეგეშიძეების კლანს თითქმის ყველა სპორტსმენი გადმობირებული ჰყავს და რას აკეთებენ? _ წარმატებულ მოჭიდავეებს ეუბნებიან, _ შენ თუ მე არ ჩამწერ მეორე მწვრთნელად, ვერც ერთ შეხვედრას ვერ მოიგებ საქართველოს პირველობაზე და ყველანაირ გზას დაგიკეტავთ მსოფლიო არენაზე. მწვრთნელად ეწერებიან და დაუმსახურებლად იღებენ, მაგალითად, დარიცხული 200 000 ლარის 50%-ს. გეგეშიძის გვერდით ვხედავთ დაჯგუფებას და სპორტსმენებს, რომელთა განათლების დონეც არის ფსკერი. ეშინიათ და საჯაროდ ვერ საუბრობენ ამ მახინჯი სისტემის შესახებ. ერთმა ძალიან ცნობილმა მოჭიდავემ მითხრა: ღამე რომ ვიძინებ, ღმერთს ვთხოვ გეგეშიძე ფედერაციაში აღარ დამხვდესო. ეს პიროვნება ტელევიზიით ვნახე და გეგეშიძეზე თქვა, _ ასეთი ღირსეული ადამიანი არ მინახავსო“, _ გვიყვება ზურა შელია.

ცნობისთვის: გეგა გეგეშიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი 2016 წლის 19 დეკემბერს გახდა. აღსანიშნავია, რომ გეგა გეგეშიძის სახელი 2016 წლის 22 მაისს სოფელ კორცხელში მიმდინარე შუალედური არჩევნებისას მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. ის შს ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის დაცვის უფროსი იყო. ამასთან, გეგა გეგეშიძის ძმა, ბერძნულ-რომაულ სტილში ყოფილი მოჭიდავე – საქართველოს ნაკრების წევრი ვლადიმერ გეგეშიძე სოფელ კორცხელში ოპოზიციის ლიდერების ცემაში ოფიციალურად ბრალდებულია,მაგრამ ინცინდენტის მონაწილე ყველა სპორტსმენი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ლევან ქემოკლიძე

 

დატოვეთ კომენტარი