ოთხშაბათი, 16 აპრილი, 2025
2025-04-15 09:14:42
გიორგი საკარული
„ქრონიკა+“-ის კითხვებს პასუხობს „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გუგავა:
_ ბატონო გიორგი, რეჟიმის წინააღმდეგ დედაქალაქში კვლავ მიმდინარეობს უწყვეტი აქციები, თუმცა შედეგი არსაიდან ჩანს. მოკლედ რომ ვთქვათ, ქვეყანა დიდ კრიზისშია. როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე და სად ხედავთ გამოსავალს?
_ სანამ გამოსავალზე ვისაუბრებდეთ, იქამდე კრიზისი ავსახოთ: ჩვენ კარგად იცით, რომ ხელისუფლება არალეგიტიმურია, ისევე როგორც მათი პრეზიდენტი. ამავე დროს, სანქცირებულია სასამართლო, პროკურატურა და პოლიციის მაღალჩინოსნები იმ უკანონო ქმედებების გამო, რომელიც მათ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ განახორციელეს; ასევე მართლმსაჯულების სისტემაც არალეგიტიმურია. ეს არალეგიტიმური ხელისუფლება პირდაპირ დიქტატურას ამყარებს და, ამავე დროს, საფრთხეს უქმნის ჩვენს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს, რადგანაც ის კოლაბორაციაში იმყოფება ოკუპანტთან. ეს კრიზისად კი არა, ტრაგედიად ექცა ჩვენს ქვეყანას. ეს გამოიწვევს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის დაკარგვას და ზოგადად საფრთხეს შეუქმნის შვილებსა და ჩვენს განვითარებას მომავალში, ინტეგრირებას დასავლურ, ქრისტიანულ, ცივილიზებულ სამყაროში. ამდენად, რა პროცესიც მიდის, _ აქციები, შეურიგებლობა, _ ამას აქვს სახალხო ხასიათი, დინამიკა, ზოგჯერ აღმავალი, ზოგჯერ დაღმავალი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაბრაზება ან შეუგუებლობა საზოგადოებაში გაქრა. არა! არსადაც არ გამქრალა! ამას ემატება სანქციების წნეხი უცხოეთიდან, რამაც, საბოლოო ჯამში, უნდა შეძლოს იმ შედეგის მიღწევა, რასაც ჰქვია არსებული რეჟიმის ჩამოშლა. ეს, საბოლოო ჯამში, გამოიტანს დამანგრეველ შედეგებს დანაშაულებრივი რეჟიმისთვის, ოლიგარქატისთვის, რომელმაც, სამწუხაროდ, ფულსა და ძალაუფლებაზე გაყიდა საკუთარი სამშობლო.
_ თუმცა კარგად ვხედავთ, რომ ამ სანქციებს „ქართული ოცნება“ არ უშინდება და მიმდინარეობს უდანაშაულო ადამიანების დაჭერა-გასამართლება, ჯარიმების დაწერა. ერთპიროვნულად წყვეტენ ყველაფერს, როგორც სურთ და კანონებსაც თავად ადგენენ ისეთს, როგორიც მათ გაუხარდებათ. რის მიღწევას ცდილობს „ოცნება“?
_ აგონიის მაჩვენებელია ეგ ყველაფერი. დიქტატურა ითხოვს ძალიან დიდ რესურსს. სწორედ ახლა აქვთ დიქტატურის დამყარების მცდელობა, მაგრამ დიქტატურა რომ დროში განვცობადი იყოს, ვიმეორებ, მას სჭირდება აუცილებლად დიდი რესურსი. საქართველოს დიდი ეკონომიკური რესურსი არ გააჩნია, როგორც ვთქვათ, აზერბაიჯანს, ვენესუელას, ირანსა და ა. შ. აქედან გამომდინარე, დიქტატორული რეჟიმის შენარჩუნება სხვა ფაქტორების გათვალისწინებით იქნება ურთულესი, შეუძლებელიც კი. ეს სანქციები მუშაობს. პრაქტიკულად, ცივილიზებული სამყაროდან ამორიცხული ხარ. 10 წლის წინათ ჩვენ ვიცოდით, რა რეჟიმთან გვექნებოდა საქმე და შეუძლებელი იქნებოდა მისი საარჩევნო გზით ჩამოცილება. ეს მართლაც გაცხადდა. ზოგიერთს ეს არასერიოზულად მიაჩნდა, არაპრაქტიკულად და განუხორციელებლად. ეს სანქციები გაგრძელდება და არა მხოლოდ რეჟიმის რეპრესიულ ნაწილს შეეხება, არამედ ბიზნესსეგმენტსაც და ბუნებრივია, რეჟიმი ვერ შენარჩუნდება, შეუძლებელია. ეს ეკონომიკურ კრიზისში გადაიზრდება და ვის ექნება ურთიერთობები დასანქცირებულ ხელისუფლებასთან? არც ჩინეთი ჩადებს ასეთ სიტუაციაში ინვესტიციებს და არც არავინ. ძლიერი ეკონომიკა არ გაგვაჩნია, გვაქვს ბანკებზე ჩამოკიდებული ეკონომიკა და თითოეულ „ქოცს“ შეეხება ეს სანქციები. მით უმეტეს, უკმაყოფილება იზრდება და არ მცირდება, არსად გამქრალა. ზოგჯერ 10 ათასი გამოვა, ზოგჯერ ათასი, მაგრამ არსებული განწყობა და ამ მაფიოზური ჯგუფების მიმართ საზოგადოებაში არ იცვლება.
_ მოქალაქეების გაბრაზება-პროტესტი გასაგებია, მაგრამ სად არის ამ დროს პოლიტიკური სპექტრი? რა ნაბიჯები უნდა გადადგას ოპოზიციამ იმისთვის, რომ რეჟიმი შეიცვალოს? ამ მოცემულობით ვხედავთ კულისებში მყოფ ოპოზიციონერებს და მათ ბრტყელ-ბრტყელ განცხადებებს. სად არის ქმედებები?
_ ოპოზიციის გარკვეულ ნაწილთან მიმართებით მეც რადიკალური და კრიტიკული ვარ, მათ ბევრი ღალატი ჩაიდინეს, მათ შორის, რეჟიმთან გარიგება, ხალხის მოტყუება, პირობის შეუსრულებლობა და ლეიბორისტებთან დამოკიდებულება. ჩვენ ხომ ვიცით, ოპოზიციური არხები ვისგანაც ფინანსდება, მათთვის გადაკეტილები და ბლოკირებულები ვართ. მაგრამ გაითვალისწინეთ ერთი გარემოება, რომ დიქტატურის პირობებში ოპოზიცია რომ სუნთქავს და არსებობს, ესეც დიდი მოვლენაა. ეს პროცესი დიდი ხანია, დაწყებული აქვთ: ოპოზიციის ნგრევა, საზოგადოებრივი ჯგუფების ნგრევა, საზოგადოებრივი სექტორის ნგრევა, დისკრედიტაცია. პირველი ჩვენ მიმართ განხორციელდა ეს. როდესაც წაგართმევენ დაფინანსებას, რეკლამას, კომისიის წევრებს, გაკისრებენ საშუალო ჯარიმებს, ეს მოგუდვაა. მაშინ გაიტრუნა ოპოზიცია, ეგონათ, რომ ეს ლეიბორისტებს შეეხებოდა მარტო. გაიტრუნა და ხმა არ ამოიღო დასავლურმა არასამთავრობო სექტორმაც და რადგან ეს ყველაფერი გაუვიდა „ოცნებას“, ახლა აგრძელებს იმას, რაც უკვე მოიმოქმედს ჩვენ მიმართ. ახლა საქმე მივიდა პარტიების, არასამთავრობოების აკრძალვამდე, მასმედიის ტოტალურ კონტროლამდე. მაშინ უნდა აგვეტეხა განგაში და ერთად უნდა დავმდგარიყავით, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გამოიბერტყეს ყურები და დღეს ასეთი სავალალო შედეგები დგება.
_ შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციის ნაწილი გაიყიდა სწორედ მაშინ, როცა არ უნდა შესულიყო პარლამენტში.
_ გაიყიდნენ, შეურიგდნენ, გაურიგდნენ, მანდატებში გაცვალეს და იმ შეცდომებიდან მოდის ეს შედეგები. ძველი რომაული გათქმა არის „დაყავი და იბატონე“. ამ პრინციპს ახორციელებს „ოცნებაც“: საოგადოება გახლიჩოს, დააპირისპიროს ერთმანეთთან და მერე იბატონოს. ჩვენ ასევე გვაქვს წარმოუდგენელი ყალბი გამოთქმა: „ახლა ამის დრო არ არის“. ეს არის დამღუპველი გამოთქმა, სტერეოტიპი და აზრი. სიმართლის თქმის დრო ყოველთვის არის და როდესაც სიმართლეს დამალავ, გექნება დამანგრეველი შედეგები. „ახლა ამის დრო არ არის“, _ ეს ნიშნავს კრიტიკული აზროვნების, სიმართლის თქმის აკრძალვას. ხომ გახსოვთ, წინასაარჩევნო პერიოდი, რომ გამოდიოდნენ ე. წ. პოლიტიკოსები, ნაქოცარი თუ თუ ვინც არიან და ამბობდნენ, ახლა ამის დრო არ არისო. როდესაც სიყალბეს ეფუძნება რაღაც, ის აუცილებლად დაინგრევა, ის აუცილებლად წასაგებად არის განწირული. როდესაც ებრძვი ასეთ მონსტრს, ფარისევლებს, ყალბებსა და სიცრუის მანქანას, ერთადერთი იარაღი არის სიმართლე ყველგან და ყოველთვის.
_ იმიტომაც განულდა საზოგადოებაში ოპოზიციის მიმართ ნდობა.
_ იმიტომ, რომ არ შეიძლება სიყალბეში ატრიალო საზოგადოება და შენი მასობრივი საშუალება გამოიყენო ამ ყალბი ნარატივების გასავრცელებლად.
_ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი სალომე ზურაბიშვილზე ამყარებდა დიდ იმედებს, ზოგიერთს გამაერთიანებლადაც კი მიაჩნდა იგი. როგორ ფიქრობთ, რატომ შეიქმნა ზურაბიშვილისგან ასეთი მითი? დღეს ვხედავთ რადიკალურად სხვა სურათს, ბევრი მათგანი იმედგაცრუებულიც კი არის.
_ ეგეც არასწორი წარმოდგენები იყო. არიქა, სალომე გაგვიძღვებაო და ახლა თავად დაუპირისპირდნენ ქალბატონ სალომეს. არსწორად მიმაჩნია დღევანდელი დაპირისპირება. წინასაარჩევნოდ სალომეს დამოკიდებულებაც იყო არასწორი, როდესაც ამბობდა, რომ აი, ეს ოთხი პროდასავლური ძალა, ასე და ასე. უსაშველო რეკლამას უკეთებდა მათ. რას ჰქვია, მხოლოდ ოთხი?! ჩვენ ველეწებით რეჟიმს, მით უმეტეს, ჩვენ წინააღმდეგ არის გაყალბების მთელი სისტემა, წლებია, ეს გამოვცადეთ, რეჟიმის მსხვერპლი პარტია ვართ და როგორ შეიძლება ასეთი იგნორირება?! მაგრამ ახლა თვითონვე შეუტრიალდნენ უკვე. გავითვალისწინებ იმას, რომ ქალბატონ სალომეს გარკვეული ფუნქცია აქვს საერთაშორისო არენაზე და ზუსტად იქ ურტყამენ. მე არც არასდროს მიმაჩნდა სალომე ზურაბიშვილი ლიდერად და ფუნქციებს ვერც შეასრულებდა, მაგრამ დღეს ხომ საგარეო ასპექტებში ასრულებს გარკვეულ ფუნქციას, რომელიც სჭირდება ამ წინააღმდეგობის პროცესს და ახლა გაგახსენდა მისი არალეგიტიმურობა? ვიღაც-ვიღაცები იგივე გზას ადგანან. რბილად რომ ვთქვათ, არასტაბილურ პოლიტიკოსებზე, თუ არ ვიტყვით მოღალატე პოლიტიკოსებზე, ბევრი რაღაცა არ არის დამოკიდებული და ეს კარგია. ამ პროცესებს აქვს სახალხო წინააღმდეგობის ხასიათი. დგება ის დრო, როცა პრინციპული პოლიტიკოსები გამოიწევიან წინ და შესაბამისს როლს ითამაშებენ ამ ისტორიულ პროცესში.
_ გგონიათ, რომ ეს სახალხო პროტესტი ჩამოშლის ამ რეჟიმს?
_ რა თქმა უნდა. ამ ხელისუფლების აღიარება უკვე გამორიცხულია. ამათი გადარჩენა უკვე შეუძლებელია, ესენი წერენ საკუთარ განაჩენს, ყველა მათი მოქმედება იქნება მათი განაჩენის ნაწილი. გასაქცევიც არ ექნებათ არსად. მოქმედებენ კუთხეში მიმწყვდეული ვირთხის ინსტინქტით.
_ თვითმმართველობის არჩევნებზე უნდა გკითხოთ, _ რამდენად მართებულად მიგაჩნიათ მასში მონაწილეობის მიღება?
_ მეღიმება, ამაზე რომ მსჯელობენ. თუ ქვეყანაში არჩევნები ტარდება და არჩევნებით ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია, იქ დიქტატურა კი არ არის, არამედ დემოკრატია ყოფილა და მაშინ პარლამენტის არჩევნებს რას ერჩიან? ე. ი. ეს ხელისუფლება ლეგიტიმურია. შენ თუ თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებ მონაწილეობას, მაშინ შენ აღიარებ ამ სისტემის დემოკრატიულობასა და ლეგიტიმურობას. ეს კლასიკური იდიოტიზმის გამოვლინებაა ან კლასიკური მოღალატის ქმედებაა.
_ როგორ ფიქრობთ, ოპოზიციური სპექტრიდან ვინმე გადადგამს ამ ნაბიჯს?
_ არ ვიცი, ვერ გეტყვით. ეს იმას ნიშნავს, რომ შენ აღიარებ ყველაფერს.