ოთხშაბათი, 30 აპრილი, 2025
2025-04-30 12:03:59
ირინა მაკარიძე
ეუთოს გენერალურ მდივან ფერიდუნ სინირლიოღლუს საქართველოში ვიზიტი და ხელისუფლებასთან მისი შეხვედრა ნიშნავს თუ არა „ოცნების“ ლეგიტიმაციას, როგორც ამის წარმოჩენას ცდილობს მმართველი ძალა და რა არის ქვეყანაში შექმნილი ჩიხური ვითარებიდან გამოსავალი? _ ამ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტი, გიგი წერეთელი:
_ ნებისმიერი შეხვედრა, ნებისმიერი ხელის ჩამორთმევა თუ ფოტო არსებული ხელისუფლების მიერ გამოყენებულია თითქოს ლეგიტიმაციისა და ნორმალური ვითარების სურათის შესაქმნელად. ეს ახსნადია მათი ურთულესი, უმძიმესი საგარეო ვითარებიდან გამომდინარე, რომელშიც შევიდა ქვეყანაც ამ ხელისუფლების პირობებში. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში, სადაც საქართველო არის წევრი, აქვს ორმხრივი ვალდებულებები, შესაბამისად, იმ ორგანიზაციასაც თავისი პასუხისმგებლობები და ვალდებულებები აქვს. ძალიან ბევრ შემთხვევაში, როდესაც ასეთი დემოკრატიული უკუსვლა მიმდინარეობს, რაზედაც არაერთი განცხადება და დოკუმენტია შექმნილი, არაერთი ქმედებაც განხორციელებული სანქციების სახით, გარდა წერილობითი ფორმებისა, შეხვედრებითაც ხდება საკითხის გადაცემა, _ საყვედურის თქმა ან გაკრიტიკება ან მოთხოვნა უბრალოდ იმისა, რომ პირობები შესრულდეს. ეს საერთაშორისო ორგანიზაციებში მიღებული პრაქტიკაა წევრი ქვეყნების მიმართ. არასწორია აქედან დასკვნების გამოტანა, თითქოს ცივილიზებული სამყაროს ლიდერები უბრალოდ შეურიგდნენ ან მხარს უჭერენ ვითარებას, რაც დღეს საქართველოშია, _ პოლიტიკური პატიმრები, რეპრესიები, 150-დღიანი პროტესტი, იმ ვითარებით, როცა დიალოგის ნაცვლად, სამწუხაროდ, მმართველი გუნდი გვთავაზობს ასეთი ძალადობრივი, დაშინებისა და რეპრესიების მეთოდებს. სასამართლოებია გადავსებული ყოველდღიურად, საათი არ გავა, რომ პროცესი არ იყოს ჩანიშნული და არ იღებდნენ პოლიტიკურად მოტივირებულ, უსამართლო გადაწყვეტილებებს. ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტი ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ, _ ეს იყო რეგიონული ვიზიტი, ის ახალი გენერალური მდივანია და რეგიონში შეხვედრები დაიწყო. როგორც ვიცი, წინასწარი შეხვედრა იყო ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან. მსგავსს შეხვედრებზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან ტკბილი გასაუბრებები არ არის. არის პრობლემებზე ლაპარაკი, კითხვები, მოწოდება და კრიტიკა, თხოვნა თუ მოთხოვნა იმაზე, რომ ეს საკითხები უნდა გადაწყდეს, პროცესის განმუხტვის გზები ხელისუფლებამ უნდა მოძებნოს. შეთავაზებები, როგორც ვიცით, არის, _ ეს გახლავთ ახალი არჩევნები და დემოკრატიული პროცესი. ამაზე უნდა იყოს დიალოგი და ეს არის მოთხოვნები. გარდა ამისა, ის ვალდებულებები, რომელიც არსებობს. დღეს გვყავს ეს ხელისუფლება და მას აქვს პასუხისმგებლობები და ვალდებულებები ყველა მიმართულებით. ეუთოზე როდესაც არის საუბარი, გენერალური მდივნის პოზიციას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ინსტიტუციის პოზიცია.
_ თქვენ ბრძანდებოდით ამ ორგანიზაციის წარმომადგენელი და გაქვთ გამოცდილება ამ მხრივ...
_ ამიტომ ვსაუბრობ ამ გამოცდილებით. მე როგორც ერთ-ერთ ხელმძღვანელს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეს, მეც მიწევდა ბევრ არასასიამოვნო თემაზე შეხვედრა სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, არადემოკრატიული ქვეყნების წარმომადგენლებთან. ბელარუსთანაც მქონია შეხვედრა ჩემი მანდატით, _ ეს მანდატი გავალდებულებს ამას. ასეთ შეხვედრებზე ყოველთვის საუბარი იყო არსებულ პრობლემებზე, შეუსრულებელ პირობებზე, იმ პრინციპების დარღვევაზე, რომელთაც ამ ქვეყნების კონკრეტული წარმომადგენლები ახდენდნენ. ამ ჭრილში უნდა დავინახოთ ჩვენ ეს შეხვედრაც. ჩვენ ვიცით, რომ ეუთოს უმწვავესი დასკვნები ჰქონდა არჩევნების შემდეგ და ეს არჩევნების შემდეგ არ შეცვლილა. ეუთო/ოდირს ჰქონდა რეკომენდაცია, რომელიც არ შესრულებულა, პირიქით, დამძიმდა ამ კანონებით და მათ შორის პირდაპირი მოწოდებები იყო ე. წ. გამჭვირვალობის კანონის გაწვევაზე. დეკემბერში ეუთომ „ვენის მექანიზმი“ აამოქმედა, ეს არის რეაქცია დემოკრატიული უკუსვლისა და ადამიანის უფლებების დაღვევების ფაქტებზე. ეს იშვიათობაა, სხვათა შორის, და ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოც არის ამ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც „ვენის მექანიზმი“ ამოქმედდა. ეს ნიშნავს, რომ იგზავნება კითხვები და ხელისუფლებამ უნდა გასცეს პასუხები ამ საკითხებთან დაკავშირებით, _ რას აპირებს, როგორ აპირებს ვითარების გამოსწორებას, რით ხსნის მომხდარს და ა. შ. ეს პროცესი დაიწყო ეუთომ და ამაზე პასუხები არ არის. სულ ცოტა ხნის წინ ეუთოს 38-მა ქვეყანამ, ეუთოს გერმანიის ელჩის ლიდერობით, გააკეთა სპეციალური განცხადება საქართველოში ადამიანის უფლებების დაღვევაზე. ანუ ეუთოს პოზიციები არის უაღრესად კრიტიკული, შეურიგებელი იმ რეალობასთან, რაც დღეს არის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დარღვევის თვალსაზრისით. საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე კი არ არის ლაპარაკი, პირიქით, გაუარესებაზე. დარწმუნებული ვარ, რომ სათქმელიც დახურულ შეხვედრებზე სწორედ ეს იყო.
_ ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდით ოპოზიციის წარმომადგენლებიც. რის შესახებ იყო საუბარი? ისაუბრეთ თუ არა მთავრობასთან გამართული შეხვედრის შესახებაც?
_ ჩვენ ვისაუბრეთ იმ თემებზე, რაც არის აქტუალური, რაც აწუხებს საზოგადოებას, რომ არ იყოს ქვეყანა რუსეთის გავლენის ქვეშ და არ დაკარგოს ევროატლანტიკური განვითარების პერსპექტივა, არ დაკარგოს ვიზალიბერალიზაცია და რაც მთავარია, საქართველოში ისეთი ხელისუფლება აირჩეს, რომელსაც არ ექნება ლეგიტიმაციის პრობლემა და ეს მოხდება თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების გზით. ეს არის იმ საკითხების პაკეტი, რომლის ირგვლივაც იყო დისკუსია. ყველა დეტალზე ვერ ვისაუბრებ, რადგან იყო დახურული შეხვედრა და მასაც არ უსაუბრია მთავრობასთან დახურულ შეხვედრასთან დაკავშირებით, მაგრამ მხოლოდ უსაფრთხოების პრობლემა არ არის დღეს, რაზედაც აქცენტები კეთდებოდა, ოკუპაციის პრობლემა, რა თქმა უნდა, არსებობს და უმძიმესი და ურთულესი ტვირთია ჩვენთვის და საფრთხეც, მაგრამ, ამასთან ერთად, დღეს წინა პლანზე არის დემოკრატიის უკუსვლის პრობლემები და ამ ვითარების, რომელიც შეიქმნა არჩევნების შემდეგ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გამოცხადდა ხელისუფლების პირველი პირების მიერ, რომ შეჩერდა ევროინტეგრაციის პროცესი. ყველასთვის გასაგებია, რომ ხელისუფლების ამდენი წარმოადგენელი არის სხვადასხვა ტიპის სანქციაში. როგორ შეიძლება, რომ ასე დასანქცირებული ხელისუფლება წარმატებით მართავდეს ქვეყანას და რაიმე სერიოზულ საფრთხეებს უმკლავდებოდეს, ეს იქნება პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა ტიპის?! ამიტომ ამ შეხვედრაზე უსაფრთხოების საკითხებთან ერთად, რაც ეუთოს მანდატის მთავარ საკითხია, საუბარი იყო დემოკრატიულ გამოწვევებზე. მგონი, გენერალურმა მდივანმა ძალიან სწორად და ადეკვატურად გაიგო სათქმელი. ის ვალდებულებები, რაც აქვს ქართულ მხარეს, უნდა შესრულდეს. ეს არის ეუთოს ამოცანა, რომ მისი ინსტრუმენტებით, ზეწოლით, დიპლომატიური მეთოდებით უნდა აიძულოს მხარე, რომ გააკეთოს ყველაფერი ვალდებულებების შესასრულებლად. ასე იყო წინათ, როდესაც მე მიხდებოდა ამ ფორმატში სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან საუბარი. სადაც საჭირო იყო, ბუნებრივია, კეთდებოდა ძალიან პირდაპირი გზავნილები, თუ რა არის მიუღებელი და რა არის აბსოლუტურად საწინააღმდეგო იმ პრინციპების, რაც ეუთოსა თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს აქვთ.
_ ჯერჯერობით არ ჩანს ახალი არჩევნების კონტურები, რომელიც იქნებოდა მართლაც გამოსავალი ამ ჩიხური მდგომარეობიდან. არის საუბრები, რომ შესაძლოა ახალი არჩევნები ჩატარდეს ადგილობრივ არჩევნებთან ერთად, რისი თქმა შეგიძლიათ ამ საკითხზე?
_ რეალობა არის ძალიან მძიმე, ჩვენ ყოველდღიურად ვცილდებით ცივილიზებულ სამყაროს, დისტანცირება ხდება, დასავლეთის ქვეყნებიდან მოდის სანქციები თანამდებობის უმაღლეს პირებზე, ეს ყველაფერი ზუსტად ასახავს და კარგი ინდიკატორია იმისა, არის დისტანცირება იზოლირება, თუ არის ყველაფერი ისე, როგორც აქამდე იყო? ცხადია, ასე არ არის. ეს არის ურთულესი გამოწვევა, რომელიც ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას აქვს. პროტესტია საკმაოდ დიდი, ეს პროტესტი არ ქრება და კიდევ უფრო იმატებს. საზოგადოების განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს და ამის მიხედვით იმოქედებს, ალბათ, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც. „ქართული ოცნება“ ჯიუტად აგრძელებს თავისი ძალის დემონსტრირებას, თითქოს არაფერი ხდება. აშკარაა, რომ სერიოზული პრობლემები არის შიგნითაც, არის საკადრო ცვლილებები, რომელიც ეხება პარტიის თავმჯდომარის, ექსპრემიერ ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლას და სხვ. ეს ძალიან რთული განსასაზღვრია, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საზოგადოების განწყობა გაიმარჯვებს და ხელისუფლება იძულებული იქნება, კომპრომისზე წავიდეს და არ გააღრმავოს ის კრიზისი, რომელიც დღეს უკვე ეკონომიკურ სფეროსაც ეხება. ეტყობა და დაეტყობა ფასებს, ოჯახის ბიუჯეტს, შემოსავლებს, დასაქმებას. ინვესტიციები როცა არ არის და ეკონომიკური აქტივობა ნელდება, ბუნებრივია, ეს ყველა ოჯახს ეტყობა. მართლა ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი სერიოზულად დადგეს. ის დგას, მაგრამ მაინც მილოდინი არის, რომ საქართველოში ცვლილებები იქნება იმგვარი, რომ არ ჩაშლის ამ პროცესს.
_ უკვე მიმდინარეობს პროპაგანდა ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგ, თითქოს ერთ მხარეს არის პატრიოტიზმი, სუვერენიტეტი და მეორე მხარეს _ ვიზალიბერალიზაცია. მამუკა მდინარაძემ ასეთი განცხადებაც გააკეთა, რომ თუ ვიზალიბერალიზაციის გაუქმებაც გადაიტანა ქართულმა სახელმწიფომ, ეს ნიშნავს, რომ სუვერენიტეტი საბოლოოდ განმტკიცებული იქნებაო, რას იტყვით?
_ წარმოუდგენელი შედარებაა, პატრიოტიზმი და ჩვენი ევროპული ინტეგრაცია ეწინააღმდეგება ერთმანეთს?! ჩვენს კონსტიტუციაში კონკრეტული ჩანაწერი, რომელიც იყო ჩვენი მთავარი პრინციპი, რომ გვქონდეს ევროპული ინტეგრაცია და რომელიც ამ ხელისუფლების პირიობებში გაკეთდა, რას ნიშნავს, ესეც არაპატრიოტული იყო?! გვქონდეს ვიზალიბერალიზაცია, ერთ-ერთი ყველაზე მეტად გამოხატული და სერიოზული ეროვნული ინტერესია. პატრიოტული სწორედ ეს არის, რომ სწორედ სუვერენიტეტის განსამტკიცებლად გვჭირდება ევროპისა და დასავლეთის მხარდაჭერა, რომ დაცული ვიყოთ იმ საფრთხისგან, რომელიც საუკუნეებია, რუსეთიდან მოდის. რუსეთს არასოდეს სდომებია საქართველო სუვერენული, განვითარებული და მყარად მდგომი. მას ყოველთვის სურდა, რომ საქართველოზე ჰქონოდა გავლენა. სწორედ პირიქით არის ეს ყველაფერი. _ პატრიოტიზმი დღეს ცივილიზებულ თანამეგობრობასთან ერთად ყოფნაა, რომელიც საქართველოს არ ხედავს როგორც მსხვერპლს, არამედ საქართველოს ხედავს როგორც პარტნიორს, შეიძლება მცირე ზომის ქვეყანას, მაგრამ ღირებულს, რომელსაც აქვს ძალიან დიდი შენატანი ყველანაირი: გეოპოლიტიკური, კულტურული, ისტორიული და ადამიანური კაპიტალის თვალსაზრისით იმ დიდ სივრცეში, რომელსაც ევროპული თუ ევროატლანტიკური სივრცე ჰქვია. ამიტომ „ოცნების“ წარმომადგენლების მსგავსი განცხადებები არის აბსოლუტურად პროპაგანდისტული მანევრი, რომელიც ზუსტად ჯდება რუსულ ნარატივებში.