QronikaPlus
კახა გოგოლაშვილი: „ხალხმა უნდა დაუსვას წერტილი უკუსვლის პროცესს“

კახა გოგოლაშვილი: „ხალხმა უნდა დაუსვას წერტილი უკუსვლის პროცესს“

2025-04-15 09:53:08

ირინა მაკარიძე

„ქართული ოცნების“ ინიციატივით „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის, რომლის ამოქმედების შედეგადაც, უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება. თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება კი აკრძალული იქნება. „აკრძალული გრანტის“ მიღება პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევს. პროცესს დააკვირდება ანტიკორუფციული ბიურო.

რატომ გახდა „ოცნებისთვის“ აღნიშნული ცვლილებების მიღება ჯერ რუსული კანონისა და შემდეგ „ფარას“ გადმოქართულებული ვერსიის მიღების შემდეგ საჭირო და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას? რატომ ეშინია ივანიშვილის რეჟიმს სამოქალაქო საზოგადოებისა და დასავლური ფონდების ფულის? _ ამ და სხვა საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „ევროპული კვლევების ცენტრის“ დირექტორი, „რონდელის ფონდის“ ექსპერტი კახა გოგოლაშვილი:

_ ეს კანონპროექტი არის პრაქტიკულად კალკი ყაზახური და აზერბაიჯანული კანონებისა. იქ არის ასე, რომ ორგანიზაციამ, რომელსაც გრანტის მიღება სურს, იუსტიციის სამინისტროს უნდა მიმართოს. საკითხი სპეციალურმა კომისიამ უნდა განიხილოს, რომელიც შემდეგ დართავს ან არ დართავს ნებას ორგანიზაციას, რომ ისარგებლოს გრანტით. რა თქმა უნდა, ეს არ არის დემოკრატიულ ქვეყნებში არსებული პრაქტიკა და შემზღუდველია. ეს ეწინააღმდეგება იმ სულისკვეთებას, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაში არის ჩადებული, ასევე ეწინააღმდეგება იმ პრაქტიკას, რომელიც იყო ამ წლების განმავლობაში დამკვიდრებული პარტნიორებს, დონორ ქვეყნებსა და საქართველოს ნებისმიერ მთავრობას შორის. თანხმდებოდა მხოლოდ დაფინანსების მიმართულებები, მემორანდუმს ეწერებოდა ხელი, როგორც ვიცი, და შემდეგ ამ მემორანდუმის ფარგლებში დონორები გასცემდნენ გრანტებს. ეს ცვლილებები, რომელიც ახლა შეაქვთ „გრანტების კანონში“, რა თქმა უნდა, ქმნის უხერხულობას, ამცირებს დონორი ქვეყნების მოტივაციას, რომ დაეხმარონ ქვეყანას, აძლევს ავტორიტარულ ხელისუფლებას ხელში ძლიერ ბერკეტს, რომ გამოიყენოს სადამსჯელო მექანიზმი იმ ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც კრიტიკულები არიან მთავრობის საქმიანობის მიმართ.

_ რა შედეგებს მოიტანს ეს ქვეყნისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის?  

_ იგივე შედეგს, რაც გამოიწვია აზერბაიჯანში, ყაზახეთში, ბევრ ავტორიტარულ ქვეყანაში. სწორედ ეს არის დემოკრატიის შეზღუდვა. მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ახორციელებენ მონიტორინგს, თუ რამდენად სწორად მიმდინარეობს მთავრობის საქმიანობა, როგორ იხარჯება საბიუჯეტო სახსრები, განსაკუთრებით, სახელმწიფო შესყიდვებში და ა. შ., რაც არის „ვოჩ დოგი“ _ დემოკრატიის ზედამხედველობის ფუნქცია, ვეღარ შეძლებენ გრანტების მიღებას, რადგან ამ მიზნით გამოყოფილ გრანტებს უბრალოდ დაბლოკავს სამთავრობო უწყება, რომელიც იქნება პასუხისმგებელი ამ ნებართვის გაცემაზე. დაბლოკავს იმიტომ, რომ ავტორიტარულ სახელმწიფოს საერთოდ არ სჭირდება არასამთავრობო, დამოუკიდებელი ორგანიზაციები, რომლებიც ამოწმებენ მათ საქმიანობას და სააშკარაოზე, ხალხის დასანახად გამოაქვთ ყველა ნაკლოვანება. მეორე მხრივ, თუ არ არსებობენ ქვეყანაში დამოუკიდებელი ორგანიზაციები, რომლებიც მონიტორინგს უწევენ, აკონტროლებენ ძალაუფლების მქონე პირებისა და უწყებების საქმიანობას, მათ მართებულობას, შესაბამისობას კონსტიტუციასთან, კანონთან, სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ ინტერესებთან, რა თქმა უნდა, ხელისუფლება უფრო მეტად და მეტად ბოროტად იყენებს ძალაუფლებას. ის, რა თქმა უნდა, აღარ ექვემდებარება საზოგადოებრივ კონტროლს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ძალაუფლება კონსოლიდირებულია ერთი პარტიის ხელში და, პრაქტიკულად, სახელმწიფო შტოებს შორისაც არ არსებობს ზღვარი. ისინი არიან შერწყმული და არ აქვთ ერთმანეთის კონტროლის ფუნქცია დატოვებული. ასეთ ვითარებაში სამოალაქო საზოგადოების ასეთი ფორმით, პრაქტიკულად, გაკონტროლება, მათი საქმიანობის სრულად ხელისუფლების ხელში აღმოჩენა, რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის დამღუპველი ტენდენცია იქნება. დაღუპვაში ვგულისხმობ ქვეყნის სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების შეფერხებას. ქვეყნის დემოკრატიული მმართველობა, რა თქმა უნდა, ნიშნავს ხალხის მმართველობას, იმას, რომ არცერთი ხელისუფლება არ უნდა მოქმედებდეს გაუმჭვირვალედ და ისე, რომ არავის ჰქონდეს მისი კრიტიკული შეფასების შესაძლებლობა. დემოკრატიული მმართველობის მოშლა, საბოლოო ჯამში, იწვევს ქვეყნის დეგრადაციასა და დასუსტებას ყველა თვალსაზრისით: ქვეყნის უსაფრთხოებასაც კი უქმნის პრობლემას, საფრთხეს უქმნის მის საგარეო მედეგობას, აგრესიული ქვეყნების წინაშე მის მზადყოფნას, დაიცვას თავი, საერთაშორისო პრესტიჟს, ადგილს საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში და ა. შ. თითქოს გრანტების დაფინანსების პატარა საკითხიდან ვიღებთ შედეგს, რომელიც თავისი მნიშვნელობით არის გადამწვვეტი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ აირჩია ასეთი გზა, რომ მონოპოლიურად მართოს ქვეყანა, არ მისცეს სხვა დამოუკიდებელ ძალებს მისი საზოგადოებრივი გაკონტროლების უფლება.

_ რატომ გახდა საჭირო რუსული კანონის მიღების შემდეგ „ფარას“ და ახლა „გრანტების კანონის“ მიღება, არ იმუშავა იმ კანონმა? 

_ კანონი, რომელიც ეხება „უცხო ქვეყნის გავლენების გამჭვირვალობას“, როგორც ჰქვია ამ კანონს ოფიციალურად, მისი შემდგომი ვარიანტი, რომელსაც ჰქვია „ფარა“, მაგრამ სინამდვილეში „ფარა“ არ არის, მნიშვნელოვნად განსხვავდება მისგან, თითქოს სიტყვა-სიტყვით არის ნათაგმნიო, მაგრამ მნიშვნელოვანი განმარტებები არის შეცვლილი და მისი ინტერპრეტაცია ხდება სულ სხვა კუთხით, დაწყებული, თუ გნებავთ, კანონის პრეამბულიდან, ვიდრე თუ როგორ მოქმედებს ეს „ფარა“ აშშ-ში. ამ კანონების რეალიზაცია არის უფრო რთული, მათი მეშვეობით გაკონტროლება სამოქალაქო საზოგადოებისა და მთლიანობაში, თავისუფალი სიტყვის, ინსტიტუციურად და ბიუროკრატიულად, უფრო რთული ამოცანაა. ამიტომ ისინი წავიდნენ უფრო მარტივი გზით, როგორითაც, მაგალითად, აზერბაიჯანი და ყაზახეთი, _ გრანტების, ნებისმიერი დაფინანსების გაცემა დააყენეს ასეთი შეზღუდვის წინაშე. ანუ ყველა დაფინანსება გაივლის რაღაც კომისიას, რომელიც პოლიტიკური მოსაზრებებით, კონკრეტულად პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, გადაწყვეტს მისცენ თუ არა რომელიმე დონორს კონკრეტული გრანტის გაცემის უფლება. ეს არის უფრო მარტივი გზა. ალბათ, სხვა ინსტრუმენტებსაც გამოიყენებენ შეძლებისდაგვარად, იმისდა მიხედვით, თუ რა კონკრეტული, საკუთარი პარტიკულარისტული ამოცანები ექნებათ გასატარებელი ორგანიზაციებისა თუ კერძო პირების მიმართ. 

_ „გრანტების შესახებ“ კანონის პროექტში საუბარია პასუხისმგებლობაზე, რაც „აკრძალული გრანტის“ მიმღებს შეიძლება დაეკისროს, _ ქონებისა და ანგარიშის დაყადაღება და ა. შ. ამაზე მონიტორინგი ეკისრება ანტიკორუფციულ ბიუროს. ე. ი., რაჟდენ კუპრაშვილის ბიუროს კიდევ ერთი ფუნქცია დაემატება: იმ დროს, როდესაც რამდენიმე თვეა, საიტის ამუშავება „ვერ შეძლეს“, სადაც ჩინოვნიკების ქონებრივი დეკლარაციები არის განთავსებული, რამდენად შეძლებს ეს ბიურო ამ სამუშაოს ობიექტურად შესრულებას?

_ არც ექნება ამ ბიუროს ბევრი სამუშაო. თავად დონორები არ გადაურიცხავენ ორგანიზაციას ფულს, თუ მას არ ექნება მიღებული გრანტის განხორციელების უფლება. დონორები, რომლებიც მოქმედებენ საქართველოში, არიან კანონმორჩილები და საერთაშორისო პრესტიჟის მქონე ორგანიზაციები, შესაბამისად, არ მგონია, ამ უწყებას ბევრი საქმე დაემატოს.

_ ეს კანონები, რასაც იღებენ, ჯდება ხელისუფლების „შეთქმულების თეორიის“ ნარატივში, რომ თითქოს დასავლეთი ცდილობს ხელისუფლების რევოლუციის გზით შეცვლას და ამ მიზნით აფინანსებს აქ ორგანიზაციებს, რის შეზღუდვასაც ამ კანონებით ცდილობენ. ამის შესახებ ბოლო წლებია, აქტიურად საუბრობენ. უკანასკნელ ხანს ყბადაღებული „დიფ სტეიტის“ თემა გახდა აქტუალური. რას იტყვით ამის შესახებ?

_ ეს „შეთქმულების თეორიები“ არის ფართო მასებისთვის განკუთვნილი, რომ როგორმე გაამართლონ ავტორიტარიზმის დამკვიდრების მცდელობა. საუბრობენ რაღაც გამოგონილ საფრთხეებზე, რომ ვითომ ვიღაც რევოლუციას აპირებს, ან  ქვეყნისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას აფინანსებს. სინამდვილეში, ეს ყველაფერი  არის გამოგონილი იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოახდინონ ძალის უკანონო კონცენტრაცია. უკანონოს ვამბობ იმიტომ, რომ კონსტიტუციის თანახმად, საქართველო უნდა იყოს დემოკრატიული სახელმწიფო, აქ უნდა იყოს პლურალისტული დემოკრატიული პარლამენტი, ინსტიტუტები უნდა ემორჩილებოდნენ კანონს. ეს ყველაფერი არ მოხდება ამ ერთპარტიული მმართველობის პირობებში, რისი „დაკანონებაც“ მათ უნდათ.

_ რა გამოსავალს ხედავთ ამ ვითარებაში, როდესაც „ოცნება“ დასავლეთის ყველა მოწოდებას უგულებელყოფს? ვხედავთ, რომ ფაქტობრივად დიქტატურა ფორმდება? თქვენი აზრით, სად არის გამოსავალი?

_ გამოსავალი ხალხშია. ყველა კანონით, მიწიერი და თუ გნებათ, ღვთიური კანონებით, ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს და თუ ვინმე ცდილობს ძალაუფლების მიტაცებას, ამის საშულება ხალხმა არ უნდა მისცეს. თუ ხალხმა მისცა ამის საშუალება, მაშინ ამას დიდი ხანი ვერაფერი უშველის. თავისთავად, პროტესტი, რომელიც აქვს ხალხს, რომ დაიბრუნონ დემოკრატია და წართმეული უფლებები, ეს არის გამოსავალი, რამაც ქვეყანა შეიძლება დააბრუნოს სწორ გზაზე. მნიშვნელოვანია საერთაშორისო აქტორების პოზიცია. ჩვენმა პარტნიორებმაც უნდა იაქტიურონ, რომ ხელისუფლებას არ მისცენ ასეთი დემოკრატიული უკუსვლის უფლება. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ითვლება ქვეყნის შიდა საქმეებად და შიდა საქმეები უნდა გადაწყდეს შიგნით, აქ ხალხის მტკიცე ნება არის საჭირო. ხალხმა უნდა დაუსვას წერტილი ამ პროცესს, საბოლოო ჯამში, ვერავინ აიძულებს ადამიანებს, იცხოვრონ ისე, როგორც მათ არ მოსწონთ.

გაზიარება