QronikaPlus
ოლექსი გონჩარენკო: „ქართველმა ხალხმა უნდა გააგრძელოს რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა _ სისხლიანი იმპერია ერთ დღეს დაეცემა“

ოლექსი გონჩარენკო: „ქართველმა ხალხმა უნდა გააგრძელოს რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა _ სისხლიანი იმპერია ერთ დღეს დაეცემა“

2025-04-15 10:01:30

მიხეილ ხაჩიძე

„9 აპრილს რუსი ჯარისკაცები თავს დაესხნენ მშვიდობიან მოსახლეობას... ქართველებს კვლავ მოსკოვი ესხმის თავს _ ამჯერად, მოსკოვის მარიონეტების ხელით“, _ ასე მიმართა სიტყვით გამოსვლისას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე (PACE) დამსწრე საზოგადოებას უკრაინის რადას დეპუტატმა, ოლექსი გონჩარენკომ.

მისივე თქმით, ახლა ისევ 2025 წლის აპრილია, ქართველები ქუჩებში არიან, ისინი შოთა რუსთველის გამზირზე დგანან პარლამენტის მახლობლად, მათ სურთ დემოკრატია, სურთ თავისუფალი საქართველო და კვლავ მოსკოვი ესხმის თავს _ ამჯერად არა რუსი ჯარისკაცების ხელით, არამედ მოსკოვის მარიონეტების _ ივანიშვილის, კობახიძისა და სხვების ხელით.

„1989 წლის აპრილი, გაზაფხული, ხეები ყვავის, ულამაზესი თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირზე ქართველები დგანან პარლამენტის წინ ქართული დროშებით, იბრძვიან თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, საქართველოსთვის და მღერიან სიმღერებს.

9 აპრილის ღამის 4:00 საათზე მოსკოვმა გასცა ბრძანება ამ ხალხზე თავდასხმის შესახებ და რუსი ჯარისკაცები სამხედრო ნიჩბებით თავს დაესხნენ მშვიდობიან მოსახლეობას. მათ მოკლეს 20 ადამიანი, ძირითადად, ქალები, სამხედრო ნიჩბებით შოთა რუსთველის გამზირზე, პარლამენტის მახლობლად.

ახლა ისევ 2025 წლის აპრილია, ქართველები ქუჩებში არიან, ისინი შოთა რუსთველის გამზირზე დგანან, დგანან თავიანთი პარლამენტის მახლობლად, მათ სურთ დემოკრატია, სურთ თავისუფალი საქართველო და კვლავ მოსკოვი ესხმის თავს. ამჯერად არა რუსი ჯარისკაცების ხელით, არამედ მოსკოვის მარიონეტების _ ივანიშვილის, კობახიძისა და სხვების ხელით. ჩვენ აქ ვართ, რათა მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს, მხარი დავუჭიროთ დემოკრატიას საქართველოში. მათ აქვთ უფლება, იყვნენ თავისუფლები, იყვნენ დემოკრატიული ევროპული სახელმწიფო. მინდა ვუთხრა ქართველ ხალხს, რომ ყველაზე ბნელი მომენტი მზის ამოსვლამდეა და დანამდვილებით ვიცი, რომ ეს დღე დადგება და ბევრ რამეზე სწრაფად... საქართველოს გაუმარჯოს! “ _ განაცხადა უკრაინელმა დეპუტატმა.

აღსანიშნავია, რომ ოლექსი გონჩარენკო საქართველოში ბოლო არჩევნებს აკვირდებოდა, ის ქვეყანაში შექმნილ ვითარებას კარგად იცნობს და საკუთარ შეფასებებსაც ხშირად აკეთებს. „ქართველმა ხალხმა უნდა გააგრძელოს რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა. სისხლიანი იმპერია ერთ დღეს დაეცემა და ეს ჩვენი ერების ერთობლივი ბრძოლის შედეგი იქნება“, _ ამბობს უკრაინის რადას დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო „ქრონიკა+“-თან. მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ დისტანციურად ჩავწერეთ. ვისაუბრეთ ომზე, ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაზე, ევროპასა და საქართველოზე. 

დეპუტატი ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაზე ამბობს, რომ ეს არის ძალიან მარტივი _ ტრამპს ომის სწრაფად დამთავრება სურს. მართლაც, დღეს, როდესაც ინტერვიუ ჩავწერეთ, ტრამპის მორიგი პოსტიც წამოგვეწია. შტატების პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, გადადგას ნაბიჯები უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის დასასრულებლად. ამის შესახებ მან თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა. პოსტში ტრამპმა აღნიშნა, რომ „რუსეთმა უნდა გადადგას ნაბიჯი“.

„ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება, ათასობით, ყოველ კვირას საშინელ და უაზრო ომში _ ომში, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო და არც დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი!!!“ – დაამატა მან.

ტრამპმა, რომელიც უკრაინაში ცეცხლის სწრაფ შეწყვეტას დაგვპირდა, ბოლო დღეებში სულ უფრო ხშირად გამოთქვა უკმაყოფილება მოსკოვის ქმედებების მიმართ.

კერძოდ, მან თქვა, რომ „გაბრაზდა“ მას შემდეგ, რაც კრემლის მფლობელმა, ვლადიმირ პუტინმა, ვოლოდიმირ ზელენსკის ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დააყენა და აღშფოთდა რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე თავდასხმებით.

ამავდროულად, მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირებმა დაიწყეს იმის აღიარება, რომ შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა, უახლოეს თვეებში ვერ მიაღწიოს უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო შეთანხმებას იმ დამატებითი პირობების გამო, რომლებსაც რუსული მხარე მოლაპარაკებების დროს აყენებს. თუ რა პირობებია ეს, ჯერ გაუკრვეველი რჩება.

ამასთან, უნდა ითქვას ისიც, რომ 11 აპრილს ბრიუსელში რამშტაინის ფორმატში უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის დროს მონაწილე სახელმწიფოებმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების 21 მილიარდი ევროთი გაზრდის პირობა დადეს.

ამის შესახებ შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ გილიმ განაცხადა.

გილიმ აღნიშნა, რომ კმაყოფილია საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის შედეგებით, რომელზედაც უკრაინას 21 მილიარდი ევროს ოდენობის დამატებითი სამხედრო დახმარებას დაჰპირდნენ.

„მინისტრ პისტორიუსთან ერთად დღევანდელ შეხვედრას ერთობლივად ვუმასპინძლეთ. საკონტაქტო ჯგუფში 51 ქვეყანა და პარტნიორი გაერთიანდა ევროპიდან, ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონიდან და სამხრეთ ამერიკიდან. საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში დღეს გამოცხადებული ახალი სამხედრო დახმარების ვალდებულებები 21 მილიარდ ევროზე მეტს შეადგენს“, _ ხაზგასმით აღნიშნა გილიმ.

„დიდი ბრიტანეთი წელს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერაზე 4.5 მილიარდ ფუნტ სტერლინგს დახარჯავს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. დღეს მე ვაცხადებ 350 მილიონი ფუნტის (400 მილიონ ევროზე მეტი) გამოყოფას, რათა უზრუნველვყო, რომ ამ მხარდაჭერამ ფრონტის ხაზზე მყოფ უკრაინელ მებრძოლებამდე მიაღწიოს. ეს პაკეტი მოიცავს რადარულ სისტემებს, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებსა და ასობით და ათასობით ახალ დრონს“, _ განაცხადა მან.

გილიმ ასევე დასძინა, რომ სამხედრო ტექნიკის შეკეთებისა და მოვლა-პატრონობისთვის 150 მილიონი ფუნტი სტერლინგი (170 მილიონ ევროზე მეტი) გამოიყოფა.

„ეს არის ახალი ძალისხმევის ნაწილი, რომელიც 3000 უკრაინული მანქანის განახლებას ისახავს მიზნად, რათა ისინი პუტინის წინააღმდეგ ბრძოლაში დაბრუნდნენ მომდევნო თვეებში“, _ განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბრიუსელის რამშტაინის“ ფარგლებში, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი გამოაცხადა, რომელიც, კერძოდ, ოთხ IRIS-თ საჰაერო თავდაცვის სისტემას მოიცავს.

„ლიეტუვა უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად 20 მილიონი ევროს გამოყოფას გეგმავს“, _ განაცხადა თავდაცვის მინისტრმა დოვილე შაკალიენემ. ითქვა ისიც, რომ უკრაინის თავდაცვის საკითხებზე მომუშავე საკონტაქტო ჯგუფის (რამშტაინის ფორმატი) შემდეგი შეხვედრა შესაძლოა უკრაინაში გაიმართოს _ ასეთი წინადადება უკრაინულმა მხარემ თავად წამოაყენა.

ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა ჟურნალისტებს 11 აპრილს ბრიუსელში რამშტაინის შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

უმეროვმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის საკონტაქტო ჯგუფი „იარაღის, სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო მასალის მიწოდების მთავარი პლატფორმაა“.

„ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას ყველასთან. მე შევთავაზებ მათი შეხვედრის უკრაინაში ჩატარებას, რათა კოალიციის თითოეულმა კოლეგამ შეძლოს უკრაინაში ჩამოსვლა, არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთანაც კომუნიკაცია და ჩვენი თავდაცვის ინდუსტრიის ჩართვა _ ეს იქნება ახალი ფორმატი“, _ განაცხადა მან.

მინისტრმა დასძინა, რომ უკრაინაში რამშტაინის შეხვედრასთან დაკავშირებით კონკრეტული ნაბიჯები „ცოტა მოგვიანებით“ გამოცხადდება.

რამშტაინის ფორმატში ყველა შეხვედრა აქამდე ბრიუსელში ვიდეოკონფერენციის გზით იმართებოდა. ბოლო შეხვედრა ბრიუსელში 11 აპრილს გაიმართა და მას დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი თავმჯდომარეობდნენ.

ახლა კი დაპირებული ინტერვიუ რადას დეპუტატ ოლექსი გონჩარენკოსთან:

_ ბატონო ოლექსი, დავიწყოთ ტრამპის პოლიტიკით, როგორია აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის კურსი? რა შეგვიძლია ვთქვათ ამ ეტაპისთვის თქვენი დაკვირვებითა და ანალიზით?

_ ტრამპის პოლიტიკა ძალიან მარტივია. როგორც მან პირობა დადო, სურს რუსეთსა და უკრაინას შორის ომის სწრაფად დასრულება. რაც შეეხება შედეგს, უკრაინაში ყველას იმედი აქვს, რომ ეს შეთანხმებები წარმატებას მოიტანს და შედეგიანი იქნება.

_ გაქვთ თუ არა რაიმე იმედი მოლაპარაკებებთან დაკავშირებით? ტრამპის მიერ დაწყებული მოლაპარაკებები რაიმე სახის შედეგს გამოიღებს?

_ იმედი მაქვს, ტრამპი თავისი გეგმების განხორციელებას შეძლებს. ვნახოთ, დრო გვიჩვენებს.

_ როგორია ევროპული ხედვა და მზადყოფნა დღეს უკრაინის მიმართ? თქვენ ხვდებით ევროპარლამენტარებს, გაქვთ აქტიური კონტაქტები და იცით მათი პოზიციები.

_ რაც შეეხება ევროპას, ყველაფერი, რასაც ახლა ვხედავთ უკრაინასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას, უხალისობაზე მიუთითებს. ევროპული სამხედრო კონტინგენტის შექმნა დიდი ხანია დაპირებულია, მაგრამ, ჯერჯერობით, ეს მხოლოდ სიტყვებია. დაპირება ჯერ რეალობად არ ქცეულა.

_ პუტინის აგრესიულ ომზე ვისაუბროთ: ვხედავთ, რომ ბოლო დღეებში რუსმა დიქტატორმა უკრაინაზე არაერთი მასობრივი თავდასხმა განახორციელა, მათ შორის, რუსმა ტერორისტებმა ბავშვთა სათამაშო მოედანი დაბომბეს, რის შედეგადაც ბავშვები დაიღუპნენ. მახსენდება „ჰეზბოლას“ ტერორისტები, რომლებმაც ცოტა ხნის წინათ ისრაელში ბავშვთა სტადიონი დაბომბეს. ეს ტერორისტების სახეა. როგორ შეაფასებდით მათ?

_ დიახ, რუსები სისხლიან თავდასხმებს ახორციელებენ და ბავშვებს ხოცავენ, როგორც ეს რამდენიმე დღის წინ კრივი რიჰში მოხდა, სადაც რუსულმა რაკეტამ 9 ბავშვი იმსხვერპლა. ეს არის პუტინის რეჟიმის კიდევ ერთი სისხლიანი დანაშაული. მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახა რუსეთის სახე.

_ რა ვითარებაა ფრონტის ხაზზე? როგორ მიმდინარეობს უკრაინელი სამხედროების თავდასხმები და რუსი ტერორისტების შეკავება?

_ ფრონტზე სიტუაცია საკმაოდ რთულია. რუსები არ წყვეტენ წინსვლის მცდელობებს და, სამხედრო სარდლობის განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, გეგმავენ შეტევას სუმსა და ზაპოროჟიეზე.

_ ცოტა საქართველოზეც ვისაუბროთ, _ როგორ აფასებთ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას? ყოველდღიური მიტინგები იმართება. რეჟიმი ჩაგრავს, ზღუდავს, აპატიმრებს და აშინებს ხალხს.

_ კარგად ვიცნობ საქართველოში არსებულ სიტუაციას. ბოლო არჩევნების დროს საპარლამენტო ასამბლეამ საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით წარმომადგინა და იქ მართლაც მოხდა გაყალბებები. ბევრ საარჩევნო უბანზე „ქართულმა ოცნებამ“ წარმოუდგენელი შედეგები მიიღო.

_ რა უნდა იყოს გამოსავალი და ხსნა ქართველებისთვის?

_ ქართველმა ხალხმა აუცილებლად უნდა გააგრძელოს რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა. სისხლიანი იმპერია ერთ დღეს დაეცემა და ეს ჩვენი ერების ერთობლივი ბრძოლის შედეგი იქნება.

 

გაზიარება