ოთხშაბათი, 30 აპრილი, 2025
2025-04-30 12:10:03
თამარ სანაძე
მზია ამაღლობელის საქმის მასალები სტრასბურგში გასაგზავნად მზადდება. ადვოკატი მაია მწარიაშვილი ამბობს, რომ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის უფლებები სისტემატურად ირღვევა და სწორედ ამის გამო მზადდება საჩივარი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გასაგზავნად.
მზია ამაღლობელის საქმისა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება იურისტი ლია მუხაშავრია, რომელიც საქართველოდან ევროსასამართლოს საქმეებზე მუშაობს:
_ ქალბატონო ლია, მზია ამაღლობელის საქმის მასალები სტრასბურგში გასაგზავნად მზადდება. მართალია, ჯერ ამ საქმემ სასამართლოს სამივე ინსტანცია უნდა მოიაროს, მაგრამ საინტერესოა თქვენი შეფასება, რამდენად აქვს მზია ამაღლობელს საქმის მოგების შანსი სტრასბურგის სასამართლოში?
_ რასაკვირველია, მზია ამაღლობელის საქმეს აქვს შანსები და ძალიან მაღალია ალბათობა იმისა, რომ ქალბატონმა მზიამ და მისმა ადვოკატებმა ეს საქმე მოიგონ, რადგან ევროპული სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მედიის თავისუფლების, ჟურნალისტთა თავისუფლების, როგორც დემოკრატიის საფუძვლისა და საძირკვლის საკითხებს.
ევროსასამართლოში მიიჩნევა, რომ დემოკრატიის უმთავრესი საძირკველი არის თავისუფალ მედიაში. მზია ამაღლობელი არ არის არც რიგითი ჟურნალისტი და არც რიგითი გამოცემის თანამშრომელი, ის არის ძალიან კარგი რეპუტაციის მქონე, დამოუკიდებელი და ავტორიტეტული გამოცემის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. ასე რომ, ქაბატონი მზია ამაღლობელის ასაქმე არ არის ჩვეულებრივი საქმე, არა მხოლოდ ფაქტებისა და ფაქტობრივი გარემოებების გამო, არამედ თავად სუბიექტის გამოც და ამიტომ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს გახლავთ მოსაგები საქმე. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი მზია თავის დარღვეულ უფლებებს აღიდგენს. სხვა საკითხია, რა დრო და რესურსი დასჭირდება ამას.
_ სასამართლოს მიმდინარეობისას გამოჩნდა, რომ პოლიციელები ცრუ ჩვენებებს აძლევენ სასამართლოს, მაგალითად, ირაკლი დგებუაძის ერთმა მოადგილემ მოსამართლეს უთხრა, რომ მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს, მეორე მოადგილის ჩვენებით კი მზია ამაღლობელი პოლიციელების შეურაცხყოფის გამო დააკავეს. ეს რას აჩვენებს თქვენთვის?
_ საერთოდ, სისხლის სამართლის საქმეებზე პროცესუალური დარღვევები ითვლება იმგვარ უდავო დარღვევებად, რომლის გამოც საქმე უნდა გაუქმდეს. ამ დროს ბრალდებას ძირი ეცლება და ჰაერში გამოეკიდება ეს საქმე, შესაბამისად, ბრალდება აგებს ასეთ საქმეებს, რომლის დროსაც პროცესუალური დარღვევები დაფიქსირდა. ეს გულისხმობს საქმეში არსებული მტკიცებულებების, მათ შორის, დაკავების ოქმისა და მსგავსი ხარისხის მტკიცებულებების სიყალბეს. ამ შემთხვევაში მარტო ფაქტები კი არ არის გაყალბებული, დაკავების ოქმი ეწინააღმდეგება ამ ორი პოლიციელის ცრუ ჩვენებებს და დაკავების ოქმი სხვა საფუძვლით არის შედგენილი და სხვა დროს, ვიდრე რეალურად დააკავეს მზია ამაღლობელი. ამიტომ, თავისთავად, ძირი გამოეთხარა მისი დაკავების ოქმს, შესაბამისად, ამაღლობელის დაკავება და ყველა შემდგომი პროცესუალური მოქმედება ხდება დაუშვებელი. მართალია, ჩვენმა სასამართლომ ეს არ გააკეთა და იგნორირება გაუკეთა ჩემი პატივცემული კოლეგების, ადვოკატების დასაბუთებას ამ ნაწილში, მაგრამ უკვე ჩანს, რომ ამ საქმეს არ აქვს საფუძველი და ის ჰაერში გამოკიდებულია. მართლაც როგორც ძალიან ბევრ ადამიანს, მეც არ მაქვს იმედი, რომ ჩვენს სასამართლოში ვინმე კანონიერ გადაწყვეტილებას გამოიტანს, მაგრამ მოვლენები ისე სწრაფად იცვლება ამ ძალიან ღრმა პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რომ არ გამოვრიცხავ, ქალბატონი მზიას სისხლის სამართლის საქმე მეორე ინსტანციაში დასრულდეს და ამ ქვეყანაში ისეთი ვითარება და პოლიტიკური ნება შეიქმნას, რომ ის და სხვა პოლიტიკური პატიმრები განთავისუფლდნენ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათი ფუნდამენტური უფლებები არ იყო დარღვეული და მათ უარი უნდა თქვან საქმეების გასაჩივრებაზე ევროსასამართლოში. ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მაგალითად ბოლოს მომხდარი მოვლენა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი წავიდა არა მარტო პარტიიდან, არამედ პოლიტიკიდან, არის უდავო მტკიცებულება, რომ ამ ქვეყანაში ძალიან სწრაფად უნდა შეიცვალოს ვითარება და შეიძლება იმგვარად შეიცვალოს ყველაფერი, რომ ქალბატონ მზია ამაღლობელს აღარც დასჭირდეს სასამართლოში თავის დაცვა.
_ ირაკლი ღარიბაშვილის წასვლის საკითხს აუცილებლად დავუბრუნდებით, თუმცა იქამდე კიდევ რამდენიმე საინტერესო თემა მინდა შეაფასოთ ამაღლობელის საქმის შესახებ, _ რამდენად შეიძლება ევროსასამართლოს მსჯელობის საგანი გახდეს ქართული სასამართლოს მიუკერძოებლობის საკითხი? მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენს მიიღებს მოსამართლე ნინო სახელაშვილი, რომელსაც სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ აქვს და სანქცირებულია „მზია ამაღლობელის საქმის“ გამო.
_ ცალკე ფაქტობრივი გარემოება ადასტურებს, რომ ეს მოსამართლე ქალბატონი ვერ ჩაითვლება ევროსასამართლოს კონვენციის მეექვსე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ მოსამართლედ და ტრიბუნალად, როგორი ტერმინიც არის თავად ევროკონვენციის ტექსტში. მოსამართლეც არ უარყოფს, რომ არ აქვს ჩაბარებული სისხლის სამართლის მიმართულება, მას არ აქვს სათანადო კვალიფიკაცია და უცებ ის გახდა უვადოდ გამწესებული მოსამართლე და ამას უნდა დავუმატოთ და აუცილებლად გავითვალისწინოთ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირების კომენტარები მზია ამაღლობელის ბრალდების გასამყარებლად. ისინი უაპელაციოდ, პროკურორზე მეტად, ამტკიცებდნენ, რომ მას ჰქონდა თავდასხმის განზრახვა და რომ მას ეს დაგეგმილი ჰქონდა და განზრახვა შეასრულა, როდესაც პოლიციის უფროსს სილა გააწნა. ამგვარი განცხადებები, ასეთი მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან, ვიდრე საქმის განხილვა სასამართლოში არ დასრულებულა, არის სამართლიანი სასამართლოს უფლების მეექვსე მუხლის მეორე პუნქტის დარღვევა, უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევა და ეს გაკეთდა მასობრივ დონეზე. ერთს კი არ შეეშალა, როგორც შეცდომა და გამონაკლისი, არამედ ერთხმად ყველა მხარში ამოუდგა პროკურატურას და ამტკიცებდა სრულიად აბსურდს მაშინ, როდესაც საქმე ჯერ არ არის განხილული და განაჩენი გამოსული არ არის. ასე რომ, მეექვსე მუხლის დარღვევის თვალსაზრისით აშკარა არის ეს ყველაფერი. ასევე ის, რაც ადრე აღვნიშნეთ, რომ დაკავების ოქმი და მოწმეთა ჩვენებები ესეც მეექვსე მუხლის კონტექსტში ჯდება და მტკიცებულებების გამოკვლევის სტანდარტის დარღვევას გულისხმობს. თუმცა ამ საქმეს აქვს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მხარე, _ ეს არის მზია ამაღლობელის მიმართ არაადამიანური მოპყრობის საკითხი, რომელიც ევროკონვენციის მესამე მუხლის დარღვევას გულისხმობს. ვინაიდან ზედმიწევნით არ ვიცნობ საქმის მასალებს და ვერ შევაფასებ, მესამე მუხლში არის წამება, არაადამიანური მოპყრობა და სასჯელი. მე შემიძლია ვივარაუდო, რომ ამაღლობელის მიმართ განხორციელებული ქმედება ბათუმის პოლიციის სამმართველოში შეესაბამებოდა არაადამიანურ მოპყრობას, რაც გულისხმობს ცნობილ ფაქტს, რომ მას წყალი არ დაალევინეს, ხელბორკილით ჰყავდათ პოლიციის განყოფილებაში, არ მისცეს საპირფარეშოში გასვლის უფლება, გარდა ამისა, შეურაცხყოფას აყენებდნენ. იქ არის მოწმეთა მიერ აღწერილი, რომ გაკავება მოუხდათ პოლიციის უფროსის, რომელიც ცდილობდა მასზე ფიზიკური ძალადობის განხორციელებას. ამას უნდა დავუმატოთ ციხეში მისი შიმშილობის ხანგრძლივი პერიოდი. მზია ამაღლობელს პროტესტის ნიშნად მოუხდა შიმშილობის დაწყება და საკმაოდ ხანგრძლივად იშიმშილა. ერთობლიობაში ამ საკითხს შესწავლა უნდა და ისე შეიძლება დაკვალიფიცირება, როგორც წამება ან არაადამიანური მოპყრობა, სასჯელი, რადგან ამ შემთხვევაში ქალბატონი მზია ისჯება არა იმიტომ, რომ ის მართლა კრიმინალია ან დანაშაული ჩაიდინა, არამედ იმიტომ, რომ ეს გაცხადებული პოლიტიკაა და ამას არავინ მალავს ე. წ. ხელისუფლებაში, რომ „ქართულ ოცნებას“ უნდა მედიის კონტროლი, მედიის დატერორება. მზია ამაღლობელის საქმე სანიმუშოდ გათვლილია მედიის დასატერორებლად და ქალბატონი მზია ამაღლობელი არის თვალსაჩინო წარმომადგენელი ამ მედიის. მისი დასჯა ასე თვითნებურად, აშკარად და უკანონოდ უნდა იყოს შიშისა და ტერორის სიგნალი მედიის ყველა წარმომადგენლისთვის. თუმცა, საბედნიეროდ, ასე არ ხდება და ამგვარმა რეაქციამ ხელისუფლების მხრიდან გამოიწვია კიდეც საპირისპირო რეაქცია. მთლიანობაში რომ განვიხილოთ ეს საქმე, როგორც პროცესუალური დარღვევის კვალიფიკაციის, ისე შექმნილი გარემოებისა და პოლიტიკური კრიზისის გათვალისწინებით და, რაც მთავარია, თავად ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, ეს არის პოლიტიკური საქმე. სხვა დარღვევებიც რომ არ ყოფილიყო, რომ არ ყოფილიყო ჟურნალისტების დევნისა და მათი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ფაქტები, ფიზიკური ძალადობის ფაქტები, მხოლოდ ეს ერთი, მზია ამაღლობელის საქმე იქნებოდა საკმარისი, დაგვემტკიცებინა, რომ ამ ქვეყანაში არალეგიტიმური ხელისუფლება ცდილობს დაამყაროს ტერორი და ძირი გამოუთხაროს დემოკრატიას. ეს არის მართლაც თვალსაჩინო საქმე, რომელშიც თავმოყრილია ყველა ის უბედურება, რომელიც ამ არალეგიტუმური ხელისუფლებიდან მოდის.
_ ახსენეთ ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლა და აღნიშნეთ, რომ ძალიან სწრაფად იცვლება მოვლენები. რა გვაჩვენა ღარიბაშვილის წასვლამ? რატომ გააკეთა ეს განცხადება მან მაინცდამაინც ახლა? ძალიან საინტერესო გამოხმაურებები მოვისმინეთ ამის შესახებ, _ ზოგს მიაჩნია, რომ კობახიძემ აიძულა პარტიის დატოვება, ზოგი ფიქრობს, რომ სანქციების შეეშინდა. თქვენ როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს?
_ ჩემთვის ეს არახალია, რადგან პრემიერ-მინისტრი ისე გაუშვეს ახალი წლის წინა დღეებში, რომ თვითონაც არ იყო ამაზე ინფორმირებული. ჩემთვის ახალი არ არის, რომ ბიძინა ივანიშვილი მარიონეტებივით ათამაშებს ადამიანებს, მიუხედავად იმისა, რა თანამდებობებზეც გაამწესებს მათ და როდესაც მოესურვება, უშვებს. ჩემთვის ეს გასაკვირი არ იყო. მინდა, რომ „ქართული ოცნების“ მომხრეებმა გაახილონ თვალი და ისე შეხედონ ვითარებას, რომ ადამიანურად ძალიან სახიფათოა, მისთვის ასეთი ერთგული, არაერთგზის პრემიერ-მინისტრი, ასე იოლად შეიძლება გაშვებული იყოს თანამდებობიდან (ის პარტიის თავმჯდომარე იყო). ახლა ღარიბაშვილი ამ თანამდებობიდანაც გაუშვა და საერთოდ პოლიტიკიდანაც მივდივარო, განაცხადა. ეს მართლაც უნდა გახდეს თვალსაჩინო „ქართული ოცნების“ შემორჩენილი მომხრეებისთვის, რომ თუ ასეთი რანგის პოლიტიკოსის გაშვება-გამოშვება არაფერს წარმოადგენს ივანიშვილისთვის, მაშინ რისი იმედი უნდა ჰქონდეს რიგით მოქალაქეს და „ოცნების“ რიგით მომხრეს?
ეს თვალსაჩინოდ აჩვენებს, როგორი შიდა ნგრევის პროცესი მიდის „ქართულ ოცნებაში“, რადგან ამგვარ გადაწყვეტილებებს ასე იოლად არ იღებენ. არ გამოვრიცხავ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ჩვენზე უკეთ ხედავს, თუ რა ხდება „ქართულ ოცნებაში“ და ჩასაძირად განწირული გემიდან რომ ვირთხები გარბიან, სწორედ ეს ამბავია. მას შეიძლება მიეღო გადაწყვეტილება და წასულიყო თავმჯდომარის პოსტიდან, თუმცა პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებაც მიიღო და ამით ცდილობს, თავს უშველოს. თანამდებობიდან გაშვება არ უნდა იყოს ხელწამოსაკრავი ამბავი და ეს არ უნდა ხდებოდეს უბრალოდ, ყოველგვარი დასაბუთებისა და წონიანი არგუმენტების გარეშე. ეს ყოველივე კი აშკარას ხდის „ქართული ოცნების“ რღვევას. ბიძინა ივანიშვილი თამაშობს გარკვეულ თამაშს და მას სჭირდება თავის გარშემო ახალ-ახალი დასაყრდენი ადამიანები, რომლებსაც ხან დანიშნავს და ხან გაუშვებს, მაგრამ თუკი წარმოვიდგენთ, რომ ეს არის კობახიძის გამარჯვება ღარიბაშვილზე, წარმოიდგინეთ, შიგნით რა პროცესები მიმდინარეობს. თუკი რეალურად ასეთ დონეზე ხდება პარტიაში ამბები, მაშინ, ალბათ, უარესი პროცესები იქნება უფრო ქვედა წრეებში. ეს პროცესები, საბოლოო ჯამში, ადასტურებს იმას, რომ ამ ე. წ. ხელისუფლების წუთები დათვლილია და ის ძალიან მალე უნდა ჩამოშორდეს ქვეყანას.
მეორე მხრივ, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილიც ემზადება არჩევნებისთვის. ვგულისხმობ არა ადგილობრივ, არამედ საპარლამენტო არჩევნებს. ადრე თუ გვიან, დღეს თუ ხვალ, ივანიშვილს მოუწევს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, ოღონდ სხვა წესებითა და პირობებით, მაგრამ როგორ მივა იქამდე და რამდენად მოამზადებს ნიადაგს, რომ გადარჩეს ის და მისი პარტია, რომ შეინარჩუნოს ადგილი ხელისუფლებაში, ეს ახლა მისთვის უპირველესი ამოცანაა. ივანიშვილი ემზადება ამისთვის. როდესაც ადამიანი გადარჩენაზე ფიქრობს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველა გზა, ყველა მეთოდი, ყველა ხერხი, მით უფრო ადამიანებისგან, რომლებსაც სინდისთან დიდი შეჭიდულობა არ აქვთ, ისინი ყველაფერზე წამსვლელები არიან. ასე რომ, ძალიან ბევრი ვარაუდია ამ თემაზე. უახლოეს დღეებში, ალბათ, კიდევ მეტი უნდა გავიგოთ, შემდეგ კიდევ უფრო გაიფილტრება ეს ვარაუდები და საგრძნობი იქნება ის, რაც რეალურად მოხდა.
_ რიგგარეშე არჩევნებზე ისაუბრეთ და აღნიშნეთ, რომ ივანიშვილს მოუწევს ჩაატაროს საპარლამენტო არჩევნები. თუმცა ჯერჯერობით ვხედავთ, რომ „ოცნებაში“ ამ საკითხს მხოლოდ ირონიით უყურებენ. როგორ ფიქრობთ, რა იქნება ის გადამწყვეტი ფაქტორი, რაც ბიძინა ივანიშვილს 2028 წლამდე არჩევნებს ჩაანიშვნინებს?
_ უპირობოდ მოუწევს არჩევნების ჩატარება, რადგან სხვა ალტერნატივა, უბრალოდ, არ არსებობს. წარმოუდგენელია სხვა გზა. ასეთი ღრმა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის სხვა საშუალება ჯერ მსოფლიოს არ მოუგონია, ამიტომ ვერაფერს ახალს თავად ბიძინა ივანიშილი ვერ მოიფიქრებს. ეს არის დროის საკითხი და ასევე მთავარია, როგორ მივალთ ამ თარიღამდე და რა პირობებს შევქმნით, რომ ეს ვადამდელი არჩევნები ნამდვილად კანონიერად და სამართლიანად ჩატარდეს.
_ კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც გვერდს ვერ ავუვლით, არის უვიზო მიმოსვლა. ევროკავშირი აპირებს, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფუძვლები გააფართოოს. მეორე მხრივ, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ უვიზო მიმოსვლა „ღვთიური მანანა“ არ არის და ასზე უარის თქმა ქართველ ხალხს პატრიოტიზმადაც კი ჩაეთვლება. შესაძლებელია, რომ მხოლოდ „ოცნებამ“ თქვას უარი უვიზო მიმოსვლაზე? როგორ შეაფასებთ მათ ამ რიტორიკას?
_ „ქართული ოცნებისგან“ არაფერია გამორიცხული. ისინი მოქმედებენ თავის გადარჩენის რეჟიმში და სრულ პანიკაში არიან. ასეთ ვითარებაში ადამიანს გონიერება ნაკლებად აქვს, მით უფრო, რომ ისინი გონიერებით სხვა დროსაც არ გამოირჩეოდნენ. ამიტომ ეს იაფფასიანი აგიტაციის ნაწილია, როდესაც ამ სისულელეებს ეუბნებიან საზოგადოებას. ვფიქრობ, რომ მათი მომხრეების რიგებში იქნება უზარმაზარი უკმაყოფილება, თუნდაც ერთი გარემოება რომ გავითვალიწინოთ, _ ძალიან ბევრი უმძიმესი დიაგნოზის მქონე ადამიანი ამ ვიზალიბერალიაციის წყალობით მიდის ევროპაში და იქ სრულიად უფასოდ იღებს საუკეთესო ხარისხის სამედიცინო დახმარებას. ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადარჩა ამგვარად. როდესაც უვიზო მიმოსვლა ან შეიზღუდება ან გაუქმდება, იმ შესაძლებლობის არქონა, რომ ადამიანები წავიდნენ, იმკურნალონ, გამოჯანმრთელდნენ, გამოიწვევს ძალიან დიდ უკმაყოფილებას თავის მომხრეებს შორის, რადგან მათ მომხრეებს კიდევ უფრო გაუძნელდებათ ვიზის მიღება. კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ ძალიან ბევრი ადამიანისთვის ეს იყო ოჯახის გადარჩენის შანსი და შესაძლებლობა, წასულიყო ევროპაში და იქ სამუშაო ეპოვა. ეს გზები თუ ჩაიკეტება, მერე რუსთაველის გამზირის გადამკეტი გაცილებით ბევრი პროტესტანტი იქნება.
„ქართული ოცნება“ ძალიან იყო განებივრებული დამთმობი პოლიტიკით ევროკავშირის მხრიდან. როდესაც ჩვენ ვიზალიბერალიზაცია მივიღეთ, შემდეგ _ კანდიდატის სტატუსი, ეს იყო გაკეთებული ფეშქაშად, იმ იმედით, რომ დაინახავდა საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის სტრუქტურების მხრიდან ამ ნაბიჯებს და კიდევ უფრო გააძლიერებდა დემოკრატიულ პროცესებს, განახორციელებდა სწორ და ჭეშმარიტ რეფორმებს ქვეყანაში და ამით გახდებოდა ღირსი იმ გადაწყვეტილებებისა, რომელმაც უვიზო მიმოსვლა და კანდიდატის სტატუსი მოგვაპოვებინა. ყველამ დაინახა, რომ მოხდა პირიქით.
_ „ოცნების“ პოლიტიკამ, უვიზო მიმოსვლის შეჩერებამ რა პრობლემები შეიძლება მოუტანოს ხალხს? პლიტიკური კუთხით რას დაკარგავს ქვეყანა და როგორ აღიდგენს საქართველო რეპუტაციას?
_ ძალიან რთული სათქმელია, გააჩნია, კიდევ რა საშინელებებს ჩაიდენს „ქართული ოცნება“. ძალიან ბევრს დავკარგავთ მისი ამგვარი პოლიტიკის შედეგად: ახალგაზრდებს აღარ ექნებათ განათლების მიღების გამარტივებული შესაძლებლობა სხვადასხვა ქვეყანაში... და ის უამრავი სიკეთე, რომლითაც ახლა სარგებლობს ქვეყანა. მაინც ევროპული ჰუმანიზმის იმედი მაქვს და ვფიქრობ, რომ ისინი ხედავენ ქართველი ხალხის ძალისხმევას, დავიბრუნოთ ხელისუფლება, რომელიც „ოცნებამ“ წაგვართვა.