QronikaPlus
ვადო მაჭავარიანი: „ოცნების“ სისასტიკე კიდევ არ იცის ბევრმა“

ვადო მაჭავარიანი: „ოცნების“ სისასტიკე კიდევ არ იცის ბევრმა“

2025-04-15 09:24:57

თამარ სანაძე

ცოტა ხნის წინათ დაფუძნდა ახალი პოლიტიკური მოძრაობა „სართული _ ახალი თაობის ძალა“. მოძრაობის დამფუძნებლები, ახალგაზრდები, მხარს უჭერენ პროევროპულ დემონსტრაციებს და ამბობენ, რომ „პოლიტიკას შინაარსს შემატებენ“.

ახალი პოლიტიკური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვადო მაჭავარიანმა, პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მოძრაობა ახალი სახეებითაა დაკომპლექტებული და ისინი არიან ახალგაზრდები, რომელთაც უკვე არსებული პოლიტიკური სპექტრისგან განასხვავებთ სისუფთავე, პროფესიონალიზმი და შინაარსზე ორიენტირებული ხედვა.

„სართულის“ გეგმებსა და მიზნებზე, ასევე სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება მოძრაობის დამფუძნებელი ვადო მაჩავარიანი:

_ ვადო, შექმენით პოლიტიკური მოძრაობა და თქვით, რომ სუფთა ხელებით იწყებთ ბრძოლას. აღნიშნეთ ისიც, რომ სადღეგრძელოებისგან დაიღალა ხალხი, საზოგადოება ძალიან დიდი ხანია ელოდება ახალი ძალის გამოჩენას. არის „სართული“ ის ძალა, რომელიც ცვლილებებს მოგვიტანს? რას უნდა ველოდოთ ამ მოძრაობისგან?

_ მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენ არ ვართ პარტია, ჩვენ ვართ მოძრაობა და ამ ფორმით ვაპირებთ ბრძოლას. ეს მოძრაობა პირველ რიგში იმ დაკვეთას ემსახურება, რომ ადამიანებს  უნდათ სიახლე. სიახლეზე საუბრობდა სხვადასხვა პოლიტიკოსი, მაგრამ არანაირი მსგავსი რამ არ ხდებოდა, შესაკრებთა გადანაცვლება იყო ძირითადად.

ეს არ არის ამგვარი შემთხვევა. სრულიად ახალი თაობა ვართ, ჩვენ ვართ ქვემოდან ზემოთ წამოსული ადამიანები. ძალიან სწრაფად ხდება ყველაფერი, უკვე გადავედით მოქმედებაზე, ყველაფერზე ვერ ვისაუბრებ და ყველა გეგმას ვერ განვიხილავ ახლა, რადგან ჩვენმა მთავარმა ოპონენტმა, „ქართულმა ოცნებამ“, ამ გეგმების განეიტრალება არ სცადოს, თუმცა გვექნება კონკრეტული აქტივობები პატიმრებთან დაკავშირებით, ადამიანების დახმარებას დავიწყებთ. არ შემოვიფარგლებით მხოლოდ საუბრით, გავაშუქებთ ამ ყველაფერს და დავეხმარებით მათ. ესენი იქნებიან პატიმრები, აქციებზე დაზარალებულები თუ სხვა ჯგუფები. ეს არის ჩვენი გეგმა და როდესაც ამ აქტივობებს, მიზნებს ვუყურებ, მგონია, რომ აუცილებლად გამართლება ის იმედი, რომელიც „სართულის“ დაფუძნებამ გააჩინა.

ჩვენ აბსოლუტურად ურესურსოდ ვმოქმედებთ. „სართულის“ რესურსი არიან ის ადამინები, რომლებიც გვენდობიან. ჩვენ არავინ გვაფინანსებს, ვიქნებით ბოლომდე გამჭვირვალეები. დიდი პასუხისმგებლობა ავიღეთ და მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი, რათა იმედი არავის გაუცრუვდეს.

_ განიხილავთ არსებულ ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობას? ვის მოიაზრებთ თქვენს გუნდში?

_ ჩვენს პოზიციაზე ვისაუბრებ. დავიღალეთ იმით, რომ პოლიტიკურ ველზე არის სულ ჩხუბი და ერთმანეთზე იარლიყების მიკერება. ჩვენ გვინდა ამ სივრციდან გამოსვლა. პატივისცემით ვაპირებთ ყველასთან მოპყრობას. დაძაბულობა და პიროვნული შეურაცხყოფების მიყენება არ იქნება ჩვენი პოლიტიკა. იმიტომ გავაკეთეთ ეს მოძრაობა, რომ გვინდა, ადამიანებმა, ჩვენ გარშემო მყოფმა ხალხმა, მთელმა საქართველომ, მსოფლიომ დაინახოს, რომ ალტერნატივა ამ ქვეყანაში შესაძლებელია. თუნდაც ძველი, ოდიუზური სახეების გარეშე რაღაცების დაწყება და გაკეთება, რაც რეალურად საზოგადოების დაკვეთაა, არის შესაძლებლობა. ამ ეტაპზე ვაპირებთ დამოუკიდებლად მოქმედებას. მაინც მგონია, რომ მომავალში ბევრი ახალი სახე, ახალი ძალა წამოვა. ბევრი საინტერესო ადამიანია, თუნდაც პოლიტიკურ პარტიებში ბევრი ახალგაზრდაა, ვისთანაც საუბარი შეიძლება და ამ ნაწილში წითელი ხაზი შეიძლება იყოს ის, რომ ჩვენ ვისთანაც ვითანამშრომლებთ, არ უნდა ჰქონდეს არანაირი ფარული გავლენა, არანაირი ოლიგარქიული გავლენა, არანაირ შავ ფულზე არ უნდა იყოს არასოდეს საუბარი, არანაირ შიდა, ფარულ დაკვეთებზე არ უნდა იყოს აპელირება და არ უნდა იყოს იმ ყველაფრის ნაწილი, რასაც ჩვენ ძველ, ბინძურ პოლიტიკას ვეძახით. ამისგან განთავისუფლება რომ გვინდა, ამიტომ დავიწყეთ ჩვენი მოძრაობა და გვგონია, რომ ამის საჭიროება არის. საზოგადოების უდიდეს ნაწილს აქვს დაკვეთა და ჩვენი მიზანია, რომ დავიბრუნოთ ქვეყანა და გამოვიხსნათ ყველა სინდისის პატიმარი. ამ პროცესებს ყველანაირად შევუწყობთ ხელს და არანაირი ხინჯი ჩვენგან არ იქნება. პოლიტიკაში საჭიროა ახალი მიდგომები, სიახლეები და ამიტომაც დავიწყეთ ამ ახალ ინიციატივაზე მუშაობა.

_ თქვენ თქვით, რომ დაიწყებთ ხალხის დახმარებას. აღნიშნეთ, რომ სინდისის პატიმრების განთავისუფლება თქვენი პრიორიტეტია. თუ გეგმავთ მოსახლეობასთან შეხვედრებს, საუბარს ხალხთან? ბოლო წლებში სწორედ ამ თემაზე მიუთითებენ პოლიტიკის ექსპერტები, რომ საჭიროა ხალხთან საუბარი, რას იტყვით ამაზე?

_ ძალიან დიდი გამოხმაურება გვქონდა დაფუძნების მომენტიდან და უკვე ვიკრებთ დაინტერესებულ ადამიანთა ბაზას და მათ აუცილებლად შევხვდებით. ჩვენი მიზანია, შეიქმნას ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც არ იარსებებს მხოლოდ არჩევნებისთვის. ხალხი არ უნდა გახსენდებოდეს მხოლოდ არჩევნების წინ. ამას დღეს ვეძახით ბინძურ პოლიტიკას და მანკიერებას. ხალხს ასე უყურებენ, _ აი, შევხვდებით, გავალთ რეგიონებში, _ ეს უკვე სასაცილო სიტყვებად იქცა. ხალხთან საჭიროა პირდაპირი კომუნიკაცია. ჩვენ ამისთვის მექანიზმი გვექნება, რომელსაც, სავარაუდოდ, პლატფორმის სახეს მივცემთ. ამის პრეზენტაციას მალე გავაკეთებთ. მოძრაობა „სართულის“ წევრები პირისპირ შევხვდებით ხალხს არა ისე, როგორ ამას პოლიტიკური პარტიები აკეთებენ, კოორდინატორი რომ ახვედრებს ადამიანებს პოლიტიკოსს, არამედ ჩვენ მივალთ თითოეულ ადამიანთან, ვისაუბრებთ მათ პრობლემებზე, შევეცდებით დავეხმაროთ მათ მოგვარებაში. ეს იქნება იურიდიული დახმარება, ინფორმაციის გავრცელების, გაშუქების მხრივ დახმარება თუ სხვა. ჩვენ სოცმედიის მხრივ  შესაბამისი ბაზა გვაქვს. აქ არის გზა, აქ არის გამოსავალი, ამ საქმის დანახვება არის მნიშვნელოვანი, რომ ხალხმა შეხედოს: პარტია კი არ ზის ოფისში, კაბინეტში კი არ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, არამედ გახსნილები ვართ და პირდაპირ ვსაუბრობთ ადამიანებთან. სწორედ ეს იქნება ჩვენი პირველი ნაბიჯი, დაინტერესებულ ადამიანებს, რომელთაც აინტერესებთ ჩვენი გეგმები, ვინ ვართ, რა ვართ, ამ ადამიანებს შევხვდეთ და ვესაუბროთ. ამიტომ ვამბობთ, არა ზემოდან ქვემოთ, არამედ ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ დავიწყებთ და სწორედ ასე გავაკეთებთ ყველაფერს. ვაპირებთ, სწრაფები და ქმედითები ვიყოთ.

_ 8-9 აპრილს აქცია გამართეს სინდისის პატიმრების მშობლებმა, მათ უამრავი ადამიანი შეუერთდა. მეორე დღეს კი ვიხილეთ პროვოკაციული ქმედებები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისგან. როგორია თქვენი შეფასება 2-დღიან აქციასა და „ოცნების“ მხარდამჭერების ქმედებების შესახებ?

_ სინდისის პატიმრების მშობლებისა და მათი ოჯახის წევრების ყველა გადაწყვეტილება არის მხარდასაჭერი. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ნაბიჯი და სოციალური მედიიდან თუ სხვა საინფორმაციო სივრციდან ვიტყვით, თუ რას ვაპირებთ, როგორ დავეხმაროთ ამ ადამიანებს და როგორ ვიმუშაოთ სინდისის პატიმრების თემის აქტუალიაციაზე. მათი ოჯახის წევრების ყველა აქტივობა არის უმნიშვნელოვანესი და მათი მხარდაჭერა აუცილებელია. კარგი იყო, რომ ადამიანებმა შევძელით, ღამე გაგვეთენებინა. თუმცა „ოცნებამ“ სცადა პროვოკაციები, რაც შემდეგ მოხდა, პოლიციის მობილიზებაც ვიხილეთ, იყო ჩხუბიც. ზოგადად, როდესაც ჩხუბი ხალხს შორის ხდება, ეს არ არის მისაღები. 2025 წლის 9 აპრილმა დაგვანახა, რომ 36 წლის წინათ როგორი ერთიანებიც ვიყავით, ისეთი ერთიანი საქართველო რუსეთს არ სურს და ეს ძალიან კარგად ჩანდა 8-9 აპრილს. ნაკლებად ვიჩხუბოთ, მეტი გააზრებაა საჭირო, რომ პროპაგანდას კი არ უნდა აჰყვეს ადამიანი, უნდა იფიქროს იმაზე, რომ ეს ხალხი სრულიად უკანონოდ არიან დაპატიმრებულები და ამიტომ სხედან ციხეში, რომ ეს პოლიტიკური დაკვეთაა  მმართველი გუნდის მხრიდან. უნდა გავერთიანდეთ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრების გარშემო. ეს ძალიან ლეგიტიმური და ლოგიკური პროცესია, რადგან ამ ადამიანების ოჯახის წევრები, შვილები არიან ციხეში უსამართლოდ გამოკეტილნი. ჩვენი მთავარი საქმე პატიმრების გამოხსნა და მათი ოჯახების დაცვა უნდა იყოს. ვიტყვი კიდეც და მჯერა, ვხვდები, რომ „ოცნების“ მხარდამჭერებსაც არ მოსწონთ, რომ ეს ბიჭები ციხეში სხედან და ეს შეიმჩნევა.

ერთიანობაა საჭირო, მეტი ერთობა და ძალა ერთობაშია. ეს ერთობა უნდა გამოვასხივოთ, როგორც ეს იყო 36 წლის წინათ. აღარ უნდა იყოს ჩხუბი.  ამაზე კი ყველა მხარემ უნდა იზრუნოს. არ უნდა წამოიწყონ პროვოკაცია, არც მეორე მხარე უნდა წამოეგოს ამაზე. თუმცა ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებზე. იყო ასეთი ფაქტი, რომ „ქართული ოცნების“ დროშით მივიდა იქ ადამიანი, რამაც დაძაბულობა გამოიწვია. დაპირისპირების გამომწვევი არც ერთი ფაქტი არ არის მოსაწონი. ვისურვებდი, რომ საზოგადოება კონსოლიდირებულად მოქმედებდეს ასეთ სიტუაციებში.

_ უკანონო პატიმარ ონისე ცხადაძის ძმამ, სანდრო ცხადაძემ განაცხადა: „ახლა მთელი ოპოზიცია წულუკიანის იმ კომიტეტის საპირისპიროდ უნდა ატრიალებდეს ბარბარე რაფალიანცის, მაჩალიკაშვილის, ხორავას ქუჩის ბიჭების, ლუკა სირაძის, დემურ სტურუას, უამრავი სხვა ამათ („ქართული ოცნება“) დროს მოკლული ადამიანის საქმეს. ისინი ყველაფერს კადრულობენ და ჩვენ ვდგავართ წამებული წმინდანებივით“. თუ კარგად დავაკვირდებით, სწორედ მსგავსი პოზიცია აქვს საზოგადოების დიდ ნაწილს _ არ არის სათანადო პასუხი ოპოზციის მხრიდან, არ მოგვისმენია პასუხი „ოცნების“ პროპაგანდაზე. რას ფიქრობთ ამაზე?

_ ეს არის საკითხი, რომელზედაც საჭიროა მეტი საუბარი. არ ვეხები აგვისტოს ომს, ცხადია, ომი დაიწყო რუსეთმა. ბევრ საკითხზეა სასაუბრო. ბევრი დანაშაული იყო წინა ხელისუფლების დროს, მაგრამ „ქართული ოცნების“ მმართველობის დროსაც ძალიან ბევრი დანაშაულია ჩადენილი, ბევრი ფაქტია გამოსაძიებელი, რომელიც საეჭვოა, ამაზე არავინ საუბრობს. „ოცნების“ სისასტიკე კიდევ არ იცის ბევრმა. ისინი 13 წელია, ხელისუფლებაში არიან, მათ კისერზე უამრავი გამოუძიებელი საქმეა, ძალიან ბევრი კითხვაა საზოგადოებაში. ვისურვებდი, რომ ყველა საქმეს მოეფინოს ნათელი. არც ხორავას საქმე დაავიწყდება არავის არასოდეს და არც _ გირგვლიანის. ითქვა, რა დროს გირგვლიანიაო? _ ამაზე საუბრის დროც სულ იქნება, რაფალიანცის საქმეზე საუბრის დროც და ლუკა სირაძის საქმეზეც სულ იქნება, სანამ ყველაფერს არ გამოიძიებენ. მომავლის საქართველოში ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ნორმალურ და ბედნიერ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ. ვიზიარებ იმ აზრს, რომ ამ ყველაფერზე მეტი საუბარია საჭირო.

_ „ქართული ოცნების“ პრემიერმა 9 აპრილის განცხადებაში რუსეთი არ ახსენა. მან თქვა, რომ ეს არის დღე, როდესაც უცხოურმა ძალამ განახორციელა ძალადობა ჩვენი თანამოქალაქეების წინააღმდეგ. არც მას და არც „ოცნების“ სხვა მაღალჩინოსნებს არ უხსენებიათ რუსეთი. რატომ ვერ ბედავენ რუსეთის ხსენებას?

_ 9 აპრილზე საუბარი ისე, რომ რუსეთი არ ახსენო, ეს არის პარადოქსი. ეს იგივეა, მეორე მსოფლიო ომზე ისაუბრო და არ ახსენო ნაცისტური გერმანია, რომელიც იმ ომში დამნაშავე იყო, ისევე როგორც 1989 წლის 9 აპრილს რუსეთი იყო დამნაშავე. ის, რომ ამბობ უცხოურ ძალას და არ ახსენებ რუსეთს, ეს არის სიმხდალის მორიგი წარმოჩენა და დასტური იმისა, რომ რუსეთთან რაღაც ანგარიშები აქვთ კონკრეტულ თანამდებობის პირებს საქართველოში, თუმცა საზოგადოება ძალიან ჯანსაღია და ხედავს ამას. დარწმუნებული ვარ, „ოცნების“ ამომრჩეველიც ხედავს ამ ყველაფერს, გადაუწყვეტელი ადამიანები, ოპოზიციურად თუ არაოპოზიციურად განწყობილი ხალხიც ხედავს ამას და ხვდება, რომ ეს არის სიმხდალე და 9 აპრილზე საუბარი რუსეთის ხსენების გარეშე არის პარადოქსი და დანაშაული. რუსული პროპაგანდაა ეს. როდესაც მთელ მსოფლიოს ვიკიპედიაში უწერია, რომ 9 აპრილი არის რუსეთის მიერ მოწყობილი ტრაგედია, რუსულ ვიკიპედიაში წერია 9 აპრილის მოვლენების შესახებ. რუსეთის არხსენება ეს არის დანაშაული და, ჩემი აზრით, ამას საზოგადოება აძლევს სათანადო პოლიტიკურ შეფასებას. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ყველაფერი და ყველა თანხმდება, რომ ის, რაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისგან მოვისმინეთ 9 აპრილთან დკავშირებით, ეს არის ღალატი. თითქოს ისე ჩანს, რომ ძალა ერთობაშიას ვეღარ ვასხივებთ, იგრძნობა, მაგრამ რომ მთელი ქართული საზოგადოება ერთ მხარეს არის, მეორე მხარეს კი მცირე ჯგუფია, რომელიც რუსულ ნარატივებს ავრცელებს. ქართული საზოგადოება არ არის არაფერ შუაში, საქართველო არ ყვება რუსულ ნარატივებს.

_ ჩვენ ახლახან მათი კიდევ ერთი აღიარება მოვისმინეთ: ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „კონკრეტულ ქვეყნებში ქართველი ელჩები უსაქმოდ არიან დარჩენილნი“. მისი მტკიცებით, ამ ეტაპზე შეუძლებელია ამ ქვეყნებთან ურთიერთობაო. მან კვლავ მშვიდობის თემით დაიწყო მანიპულაცია. როგორ ფიქრობთ, რა იქნება პასუხი პარტნიორების მხრიდან და ასევე რა პასუხი უნდა გაეცეს სპეკულაციებს ომის თემაზე?

_ ჩვენ ვხედავთ, რომ მუშაობა მიდის ამ მიმართულებით, არის მკაცრი სანქციები. ეს მეთოდური პოლიტიკაა, რომ იყოს წნეხი და „ქართულ ოცნებას“ მოუწიოს კონკრეტული ნაბიჯების გადმოდგმა, რადგან ამგვარ კრიზისში ვერ ვიქნებით. მათ უნდა ესმოდეთ, რომ ეს, ვიწრო პარტიული ინტერესი „ქართული ოცნების“ ან ნებისმიერი პარტიის პირველ რიგში აზიანებს ქვეყნის ინტერესებს. ქვეყანა ზარალდება და რაც მალე მოეგებიან გონს, მით უკეთესი.

რაც შეეხება ომისა და მშვიდობის ნარატივს, ეს არ არის ჰაერიდან მოტანილი თემა. „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ ეს სათავისოდ გამოიყენოს. მშვიდობა ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია. ვერ წარმომიდგენია, ვის შეიძლება უნდოდეს ომი საქართველოში. „ქართული ოცნების“ ყველა სიტყვა და ქმედება სპეკულაციაა. ასე ცდილობენ გაამართლონ ის, რომ არავინ ესაუბრება მათ მსოფლიოს მასშტაბით. ეძებონ მიზეზები საკუთარ თავში, რატომ გამოკეტეს ციხეში ამდენი ადამიანი და რატომ გადაწყვიტეს, რომ ეს ქვეყანა არის ვირაცის უკანა ეზო, სადაც შეუძლიათ იმის კეთება, რაც მოუნდებათ, თუნდაც ფულის მოპარვა, კორუფცია, აბსოლუტურად გაუგებარი კანონების მიღება და რატომ ჰგონიათ, რომ უმცირესობას შეუძლია, მართოს უმრავლესობა? მგონია, რომ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლების უმრავლესობას მათი ხელისუფლება არ მოსწონს, არ მოსწონს კორუფციული ფაქტები, რომ ბევრი ადამიანი უკანონოდაა გამოკეტილი ციხეში. დასავლელი პარტნიორებისთვისაც გაუგებარი და უჩვეულოა, რატომ მართავს ეს მცირე ჯგუფი უმრავლესობას? ახლა სასიცოცხლოდ აუცილებელია ყველამ კარად გავიაზროთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ევროპასთან, დასავლეთთან ყოფნა, რადგან სწორედ ეს გზაა ალტერნატიული გზა და ეს ჩვენ ძალიან გვჭირდება. ეროვნული იდენტობის ნაწილშიც რუსეთთან არაფერი გვაქვს საერთო. ეს შეუძლებელია რუსეთთან. ეს ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდმა ნაწილმა კარგად იცის.

საქართველოში ყველას უნდა მშვიდობა, საქართველოში მშვიდობა უნდა დასავლეთს. ევროკავშირში მისი დაარსების დღიდან არ ყოფილა საბრძოლო მოქმედებები. სწორედ ევროპა და დასავლეთია  მშვიდობის გარანტი. ეს უნდა გაიგოს ყველამ კარგად. ჯობია, „ქართულმა ოცნებამ“ რეალურ მიზეზებზე იფიქროს, თუ რატომ არ სურს მასთან საუბარი არავის. ადამიანების წამება, პოლიტიკური პატიმრების ყოლა და ქვეყნისა და მისი კანონების მიტაცება ცივილიზებული სამყაროთვის მიუღებელია.

_ საერთაშორისო იზოლაციის, სანქციების ფონზე გრძელდება რეპრესიები. ვნახეთ, რომ  რეჟისორ თემურ ჩხეიძის სახელოსნო დახურეს. ეს იყო ის სივრცე, რომელიც დამწყებ დრამატურგებს შანსს აძლევდა, ესწავლათ საკუთარი საქმე უფასოდ.

_ ეს არის იმის მაგალითი, სადამდე მივყავართ ამ პოლიტიკას. თუ ამ ქვეყანაში ასე გაგრძელდა და გაუარესდა ყველაფერი, დაიხურება ყველა სასარგებლო დაწესებულება და გაჩნდება პროპაგანდისტული და პარტიული სივრცეები. ეს ვნახეთ მწერალთა სახლთან დაკავშირებით, ამას ვხედავთ ახლაც. მათ შეურაცხყვეს თემურ ჩხეიძის სახელი, როდესაც გადაწყვიტეს, რომ დაეხურათ ეს სახელოსნო. ეს ცენტრი ახალგაზრდა ხელოვანებს საკუთარი თავის წარმოჩენის შესაძლებლობას აძლევდა. როდესაც ეს ქვეყანა განთავისუფლდება, თემურ ჩხეიძის სახელოსნოც აღდგება და ბევრი ასეთი ცენტრი გაჩნდება ახალგაზრდა ხელოვანებისთვის, სპორტსმენებისთვის და სხვა სფეროს წარმომადგენლებისთვის. მჯერა, შეიცვლება ყველაფერი, წარმოუდგენელია ასე დიდხანს გაგრძელება.

გაზიარება