ოთხშაბათი, 16 აპრილი, 2025
2025-04-15 09:40:27
თამუნა მჭედლიშვილი
რამდენიმე დღეა, რაც მთელი საქართველო მოიცვა პანიკამ და შიშმა, რაც ერთ თემას _ რძესა და რძის პროდუქტების ვარგისიანობას ეხება. მოსახლეობაში უამრავი კითხვა დაგროვდა, რაზედაც ბევრი პასუხი გაუცემელია. „სკლინტის თემა“ აქტუალურობას არ კარგავს.
თებერვალში მომხდარი „ამბის“, კერძოდ „ყვარლის ბაგასა“ და კომპანია „ბიუ-ბიუს“ შორის წარმოშობილი სამართლებრივი დავის მიზეზებისა და შედეგების შესახებ, საქართველოს მოსახლეობამ, რატომღაც, სულ რამდენიმე დღეა, რაც შეიტყო. გვინდა გვჯეროდეს, რომ ე. წ. სკლინტის სკანდალს შესაბამისი ორგანოები გამოიძიებენ და დადუმებული დაავადებათა კონტროლის სააგენტო და ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობისთვის სავალდებულო განმარტებას გააკეთებს აღნიშნულ სკანდალთან დაკავშირებით.
„სოფლის ნობათის“ რძის პროდუქტებში აღმოჩენილი მავნე ნივთიერება აფლატოქსინის შესახებ და მისგან გამოწვეული დაავადებების, მოწამვლის მახასიათებლების, მათი საკვებ პროდუქტებში კანონით დასაშვები ზღვრის, ტოქსინებისა და ჯანმრთელობისთვის პრევენციული მიზნით ჩასატარებელი საჭირო კვლევების შესახებ „ქრონიკა+“ ესაუბრება საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორს, ტოქსიკოლოგ ეკა ქურდაძეს:
_ ქალბატონო ეკა, უპირველესად, მკითხველს განვუმარტოთ, რა ნივთიერება არის აფლატოქსინი?
_ აფლატოქსინები არის მიკოტოქსინების, სოკოს მიერ წარმოქმნილი ტოქსინების ჯგუფი, რომლებსაც გამოიმუშავებს გარკვეული სახეობის სოკოები. ეს სოკოები იზრდება ნიადაგში, გახრწნად მცენარეულ მასალაზე, თივაზე და სხვადასხვა საკვებ პროდუქტზე, როგორებიცაა მარცვლეული: სიმინდი, ხორბალი; ასევე თხილეული; მშრალი ხილი და რძის პროდუქტები.
ოპტიმალური პირობები აფლატოქსინის წარმოქმნისთვის არის ტენიანობა, ნესტი: სუბსტრატის ტენიანობა 13-18%, ჰაერის ფარდობითი ტენიანობა _ 85%.
სოკოების სპორების გაღვივებისა და მიცელიუმის ზრდისთვის ტენიანი გარემო აუცილებელია, კერძოდ, 25-35°C ტემპერატურა. აფლატოქსინების პროდუქცია მაქსიმალურია 28-30°C ტემპერატურაზე. აღსანიშნავია, რომ 10°C-ზე დაბალ და 45°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე სოკო, პრაქტიკულად, არ იზრდება.
ასევე დამატებითი ხელშემწყობი ფაქტორებია: მექანიკური დაზიანება, მარცვლეულის ან თხილეულის გარსზე, მაგალითად, მწერებით დაზიანება, რაც ქმნის კარიბჭეს სოკოს შეღწევისთვის და გახანგრძლივებული შენახვის დრო არასათანადო პირობებში.
სწორედ ამიტომ აფლატოქსინები უფრო გავრცელებულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონებში, სადაც ტემპერატურა და ტენიანობა მაღალია. აფლატოქსინების წარმოქმნისა და გამრავლების პრევენციისთვის აუცილებელია პროდუქტების შენახვა გრილ, მშრალ პირობებში, სათანადო ვენტილაციითა და ტენიანობის კონტროლით.
_ რა დაავადებების გამოწვევა შეუძლია აფლატოქსინის შემცველ საკვები პროდუქტის რეგულარულ მიღებას ადამიანში?
_ აფლატოქსინის ხანგრძლივმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს:
ღვიძლის კიბო _ ყველაზე მნიშვნელოვანი გრძელვადიანი შედეგი, ღვიძლის ციროზი; იმუნური სისტემის დაქვეითება, აგრეთვე ზრდის შეფერხება ბავშვებში, ნევროლოგიური დარღვევები და გენეტიკური დაზიანებები.
აფლატოქსინი B1 კლასიფიცირებულია, როგორც კარცინოგენი ადამიანებისთვის, საერთაშორისო კიბოს კვლევის სააგენტოს (IARC) მიერ. ნაკლებად ტოქსიურია M1 და გვხვდება რძეში, წარმოიქმნება ცხოველებში B1-ის მეტაბოლიზმის შედეგად.
აფლატოქსინ M1-ის ჰეპატოტოქსიკურობის გამომწვევი ზუსტი დოზირება ცვალებადია და დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, მაგრამ სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობით, შემიძლია მოგაწოდოთ გარკვეული ინფორმაცია:
აფლატოქსინ M1-ის ჰეპატოტოქსიკური დოზებია ხანმოკლე (მწვავე) ზემოქმედება, 20-50 მკგ/კგ სხეულის წონაზე _ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ენზიმების მომატება, ხოლო 100 მკგ/კგ-მა შეიძლება გამოიწვიოს კლინიკურად გამოხატული ჰეპატოტოქსიკურობა.
ქრონიკული ზემოქმედების დროს, 0.2-0.5 მკგ/კგ/-მა დღეში, სხეულის წონაზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, რამდენიმე თვე ან წელი _ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ქრონიკული დაზიანება. ხოლო 1-2 მკგ/კგ/-მა დღეში, ხანგრძლივად, შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ჰეპატოტოქსიკური ეფექტები.
მინდა აღვნიშნო, რომ ეს მაჩვენებლები არის მხოლოდ სავარაუდო, რადგან: პირველი _ ადამიანებზე პირდაპირი ექსპერიმენტული კვლევები არ ტარდება ეთიკური მიზეზების გამო. მეორე _ მონაცემები მომდინარეობს ცხოველთა კვლევებიდან და ეპიდემიოლოგიური დაკვირვებებიდან. მესამე _ ინდივიდუალური მგრძნობელობა მნიშვნელოვნად განსხვავდება და ბოლოს, მეტაბოლიზმი და დეტოქსიკაციის უნარი განსხვავებულია სხვადასხვა ადამიანში.
ევროკავშირისა და FDA-ს სტანდარტებით, რძისა და რძის პროდუქტებში M1-ის ზღვრული დასაშვები კონცენტრაცია 0.05 მკგ/კგ-ია, რაც გაცილებით დაბალია პირდაპირი ტოქსიკური ეფექტების გამომწვევ დოზებზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება!
_ აფლატოქსინით მოწამვლის შემთხვევაში რა სიმპტომები ვლინდება? მაგალითად, როგორ მიხვდეს მცირეწლოვანი ბავშვის მშობელი ბავშვის ორგანიზმის ინტოსიკაციას ამ ნივთიერებით?
_ მწვავე მოწამვლის დამახასიათებლებია: გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, სიყვითლე _ კანისა და თვალების გაყვითლება; ბავშვებში კი სიმპტომები, რაზედაც მშობლებმა უნდა მიაქციონ ყურადღება, შემდეგია: მადის დაკარგვა, ძილიანობა, სისუსტე, გაღიზიანებადობა, მუცლის ტკივილი, სიყვითლე, გამონაყარი,
ხშირი ინფექციები _ დაქვეითებული იმუნიტეტის გამო და ზრდაში ჩამორჩენა.
აღსანიშნავია, რომ ქრონიკული ექსპოზიციის ნიშნები ხშირად არ არის მკაფიოდ გამოხატული და ამიტომ შეიძლება გაიგივდეს სხვა პრობლემებთან.
_ რა მედიკამენტი შეგვიძლია მივიღოთ ან როგორ მოვიქცეთ აფლატოქსინით მოწამვლის აღმოჩენის ან გამოვლინების შემთხვევაში?
_ ყველა საეჭვო შემთხვევაში აუცილებლად და დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ ექიმს, თვითმკურნალობა დაუშვებელია!
_ ბავშვები, რომლებიც ხანგრძლივად იღბდნენ „სოფლის ნობათის“ რძის პროდუქტს, ხომ არ საჭიროებენ კვლევების ჩატარებას მათი ჯანმრთელობის დაზღვევისა და გადამოწმების მიზნით?
_ თუ ჩივილი არ არსებობს, არ არის საჭირო დამატებითი კვლევები. ბავშვები ისედაც უნდა იტარებდნენ რეგულარულ კვლევას, რაც ზოგადად დანერგილია პედიატრიულ პრაქტიკაში.
_ როგორ და რა გზებით შეიძლება მოხვდეს აფლატოქსინი ბავშვთა კვების პროდუქტებში?
_ ბავშვთა კვების პროდუქტებში, აფლატოქსინი შეიძლება მოხვდეს შემდეგი გზებით: ცხოველის საკვების დაბინძურებით _ როდესაც საქონელი იკვებება აფლატოქსინით დაბინძურებული საკვებით, ტოქსინი შეიძლება გადავიდეს რძეში _ აფლატოქსინი M1-ის სახით;
საკვების არასათანადო შენახვის პირობებით _ მაღალი ტენიანობა და ტემპერატურა ხელს უწყობს სოკოს განვითარებას; დაბინძურებული ნედლეულის გამოყენებით, მაგალითად, მარცვლეული, თხილეული და პროდუქციის წარმოების პროცესში არასათანადო ხარისხის კონტროლით, ტრანსპორტირებისა და შენახვის დროს დაბინძურებითაც.
_ ქალბატონო ეკა, რამდენია კანონით განსაზღვრული ზღვარი, დადგენილი სტანდარტი საქართველოში, რასაც არ უნდა აჭარბებდეს საკვებ პროდუქტში აფლატოქსინის რაოდენობა?
_ მინდა გითხრათ, რომ საქართველოში აფლატოქსინის დასაშვები ზღვარი შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს. რძეში _ აფლატოქსინ M1-ის დასაშვები ზღვარია 0,05 მკგ/კგ (მიკროგრამი კილოგრამზე).
ბავშვთა კვების პროდუქტებში დასაშვები ზღვარი უფრო დაბალია _ 0,025 მკგ/კგ, სხვადასხვა საკვებ პროდუქტებში _ მაგალითად, თხილეულში, მარცვლეულში _ აფლატოქსინ B1-ის ზღვარი მერყეობს 2-დან 12 მკგ/კგ-მდე, ხოლო ჯამური აფლატოქსინების _ B1, B2, G1, G2-ის ზღვარი დამოკიდებულია პროდუქტის ტიპზე.
_ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კომპანია „სოფლის ნობათის“ რძის ნიმუშებში აღმოჩენილ აფლატოქსინის რაოდენობაზე განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ „სტანდრტთან შეუსაბამობა მხოლოდ რძის პროდუქციის მცირე პარტიაში აღმოჩნდა, რაზედაც მოხდა მყისიერი რეაგირება. აფლატოქსინი „სოფლის ნობათის“ რძის პროდუქტში საერთაშორისო სტანდარტზე ნაკლები _ 0,05 მკგ აღმოჩნდა“. აძლევს თუ არა სეს-ოს ეს განმარტება იმ მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებსა და მოსახლეობას, რომლებიც აღნიშნულ პროდუქტს ხანგრძლივად და რეგულარულად მოიხმარდნენ, იყვნენ მშვიდად, რადგან აფლატოქსინი რძეში არ აღმოჩნდა იმ რაოდენობის, რაც გამოიწვევდა ძლიერ მოწამვლას?
_ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, აფლატოქსინ M1-ის დასაშვები ნორმა სხვადასხვა პროდუქტებში შემდეგია:
ევროკავშირის რეგულაციებით, რძეში _ 0.05 მკგ/კგ,
ხოლო რძის პროდუქტებში, როგორიცაა ყველი, იოგურტი და სხვა _ 0.05 მკგ/კგ, ჩოდეხ Aლიმენტარიუს სტანდარტით _ რძეში: 0.5 მკგ/კგ, ათჯერ უფრო მაღალი, ვიდრე ევროკავშირის სტანდარტი.
ხოლო აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის მიხედვით _ რძეში: 0.5 მკგ/კგ და რძის პროდუქტებში _ 0.5 მკგ/კგ.
საქართველო, როგორც ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერი ქვეყანა, ძირითადად მიჰყვება ევროკავშირის სტანდარტებს (0.05 მკგ/კგ რძეში). ასე რომ, სანერვიულო არაფერია.
_ მოსახლეობაში, განსაკუთრებით მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებში, პანიკაა. ისინი ისტერიულად უტარებენ ბავშვებს კვლევებს. რა რჩევას მისცემდით მათ?
_ მშობლებს ვურჩევდი, რომ არ აჰყვნენ პანიკას _ უმეტეს შემთხვევაში მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის პრობლემები მოსალოდნელი არ არის. გაიარონ კონსულტაცია პედიატრთან _ მხოლოდ ექიმს შეუძლია განსაზღვროს საჭირო კვლევები.
დააკვირდნენ ბავშვის ჯანმრთელობას _ ნებისმიერი საეჭვო სიმპტომის შემთხვევაში მიმართონ დაუყოვნებლივ ექიმს და ყოველთვის შეამოწმონ პროდუქტის ვარგისიანობის ვადა და შენახვის პირობები.
_ ტოქსინები და ჯანმრთელობისთვის საზიანო პროდუქტები _ რომელია ნაკლებად საშიში და რომელი, რომელსაც განსაკუთრებულად უნდა მოვერიდოთ?
_ უპირველესად, ჯანმრთელობის დასაცავად უმჯობესია, საკვები შეიძინოთ სანდო წყაროებისგან. დაიცვათ შენახვის სათანადო პირობები _ გრილი, მშრალი გარემო. მიმართოთ მრავალფეროვან კვებას, რაც ამცირებს კონკრეტული ტოქსინის ქრონიკული მიღების რისკს, მოერიდოთ ობიან და დაზიანებულ პროდუქტებს, სრულად მოამზადოთ ხორცი, თევზი და ზღვის პროდუქტები.
აქვე აღვნიშნავ, რომ პროდუქტების უსაფრთხოება და საკვების რეგულაციები ყოველთვის ითვალისწინებს დოზის ფაქტორს. უსაფრთხოების შეფასება ეფუძნება არა მხოლოდ ნივთიერების ტიპს, არამედ მის კონცენტრაციას, ექსპოზიციის ხასიათსა და პოტენციურ ზემოქმედებას მოწყვლად ჯგუფებზე.
_ და ვის ერევა ადვილად ტოქსინები? ადამიანთა რომელი ჯგუფია ყველაზე მოწყვლადი ამ კუთხით?
_ მოწყვლადი ჯგუფებია: ბავშვები, განსაკუთრებით 5 წლამდე _ სხეულის მცირე წონისა და განვითარებადი ორგანოების გამო; ორსული ქალები _ ნაყოფზე ზემოქმედების რისკის გამო; მოხუცები _ დაქვეითებული დეტოქსიკაციის უნარის გამო; იმუნოკომპრომეტირებული პირები _ მაგალითად, HIV/AIDშ-ით, ანუ შიდსით დაავადებულები და რა თქმა უნდა, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები.
_ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება საკვები პროდუქტის შეძენის ან შენახვის დროს, რათა ავიცილოთ და შევამციროთ რისკი?
_ მოსახლეობას უსაფრთხოებისთვის ვურჩევ, შეისყიდონ სანდო წყაროებიდან სანდო ბრენდები, შეამოწმონ პროდუქციის ვარგისიანობის ვადა და დააკვირდნენ შეფუთვის მთლიანობას. პროდუქტის შენახვის დროს დაიცვან ტემპერატურული რეჟიმი, სისუფთავე და მშრალი პირობები. არ მიიღონ საკვები, რომელსაც აქვს უჩვეულო სუნი, ფერი ან ტექსტურა! მშრალი პროდუქტები, როგორიცაა მარცვლეული და თხილეული, აუცილებლად შეინახონ გრილ და მშრალ ადგილას. არ მიიღონ ობიანი ან დაზიანებული პროდუქტი!
_ თქვენი აზრით, უნდა თუ შეამოწმოს თუ არა პერმანენტულად საკვები პროდუქტები, კვარტალში ერთხელ მაინც, სურსათის უვნებლობის სამსახურმა?
_ რა თქმა უნდა, აუცილებელია საკვები პროდუქტების რეგულარული შემოწმება სურსათის უვნებლობის სამსახურის მხრიდან.
_ თუ გაქვთ ინფორმაცია, რა სტანდარტებია საქართველოში, შხამქიმიკატების, ჰორმონებისა და ანტიბიოტიკების გამოყენების, საკვები პროდუქტების წარმოების მიმართულებით და რამდენად თანხვედრაშია ჩვენთან არსებული რეგულაციები ევროსტანდარტთან?
_ მოგახსენებთ, რომ საქართველოს სურსათის უვნებლობის კანონმდებლობა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად დაუახლოვდა ევროკავშირის სტანდარტებს, განსაკუთრებით ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, რაც მისასალმებელია.
ინფორმაცია კი საქართველოს სურსათის უვნებლობის კანონმდებლობის, ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების შესახებ, საჯაროდ ხელმისაწვდომია. შეუძლია ყველა მსურველს გადაამოწმოს, როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს, ასევე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდებზე.