QronikaPlus
რა მოხდა 2007 წელს? _ წაართვეს თუ არა ბიზნესი მის პირვანდელ მფლობელს და რა კავშირი აქვს ამასთან ივა კუზანოვის ოჯახს?

რა მოხდა 2007 წელს? _ წაართვეს თუ არა ბიზნესი მის პირვანდელ მფლობელს და რა კავშირი აქვს ამასთან ივა კუზანოვის ოჯახს?

2025-04-15 13:57:19

გაგრძელება - საპასუხო მხარე

„ქრონიკა+“ შეეცადა დაკავშირებოდა იმ პირებს, რომლებიც ამ საქმის ფიგურანტები არიან და რომლებსაც კიდევ უფრო მეტის თქმა შეუძლიათ აღნიშნულზე. ჩვენთან კონტაქტზე გამოვიდნენ „კუზანოვის კლინიკის“ მაშინდელი ადვოკატი დიმიტრი გაბუნია და კლინიკა „ვივამედის“ მოქმედი დირექტორი (იმ დროს „კუზანოვის კლინიკის“ დირექტორის მოადგილე) ნინო ნადირაძე:

ჩვენ მიერ დასმულ შეკითხვაზე, რამდენად კანონის ფარგლებში გადაფორმდა „კუზანოვის კლინიკის“ წილები მაშინდელი მფლობელების ნანა ლუკაშვილისა და ნინო კაპანაძის მიერ სხვა პირზე, ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ გვიპასუხა:

_ გულწრფელად გეტყვით, დიდი დრო გავიდა და ბუნდოვნად მახსოვს ეს საქმე, თუმცა უკანონო რომ ყოფილიყო რამე, გასაჩივრდებოდა სასამართლოში. ესეც არ ვიცი, შემდგომ როგორ განვითარდა მოვლენები. დიდი ხანია, არ წარმოვადგენ ამ კლინიკას.

რაც შეეხება ნინო ნადირაძეს, მან ნანა ლუკაშვილის მიერ მოწოდებული ინფორმაცია სრულიად უარყო. გარდა ამისა, ის რედაქციას დაემუქარა კიდეც.

ნინო ნადირაძის სინქრონს მკითხველს უცვლელად ვთავაზობთ:

_ ქრონოლოგიურად მოგიყვებით ყველაფერს, ძალიან მწარედ მახსოვს ეს ყველაფერი. ამ ადამიანებმა (ნანა ლუკაშვილი და ნინო კაპანაძე) ისე გაძარცვეს კლინიკა, რომ ჩემებს (გუგა კუზანოვსა და ივა კუზანოვს) წილის სრულად დათმობა მოუწიათ, რადგან კლინიკა სულ ვალებში იყო. გოჩა სვანიძეს მიჰყავდა ეს საქმე მაშინ. გაჰქონდა და გაჰქონდა ამ გოგოს (ნინო კაპანაძე) ფული, სულ რაღაც თაღლითობაში იყო, ეს ნანაც ამ ყველაფერში მოაყოლა., ამის შემდეგ კუზანოვებმა დათმეს თავიანთი წილი, 60 000 დოლარს ითხოვდა ნანა, აქ (კლინიკაში) იმდენი ვალი იყო დატოვებული, მაგდენი ფულის გადახდის არც ნერვი გვქონდა და არაფერი. მაშინ გოჩა სვანიძეს შევხვდი და ვუთხარი, რომ იქნებ ვაცადოთ და მან განაცხადა ამ ყველაფერზე არა. ამის შემდეგ 100%-იანი წილი იყიდა ზაზა დოდაშვილმა, ძალიან კარგმა ადამიანმა. კლინიკა ბოლო დომდე იყო არენდით, მაშინ იყო აპარატურა და რემონტი, თორემ კლინიკა სრულად იყო ქირით. ჩემები ამ დროს გადავიდნენ ტატიშვილთან სამუშაოდ და დათმეს თავიანთი წილი მთლიანად. შემდეგ ზაზამ გაყიდა წილი და იყიდა ლერიმ, გვარი აღარ მახსოვს, ლერისგან იყიდეს ჩემებმა ორი წლის შემდეგ 50%-წილი, _ ივამ იყიდა.

_ ანუ თქვენს სრულ მფლობელობაში არ იყო ეს კლინიკა?

_ არა. მე არაფერი მაქვს დასამალი, ყოველთვის ვამბობ იმას, რაც არის. ვერავინ ვერ მეტყვის, რომ ოდესმე რამე მოვიტყუე. ეს ყველაფერი არის დოკუმენტურად გაფორმებული. იცით, რა იკადრეს?  ამ ნინოს (ნინო კაპანაძე) „პროკრედიტ ბანკიდან“ ჰქონდა გატანილი 400 000 დოლარი სესხი და ივას ხელმოწერა გააყალბა, რაღაც მსგავსი მახსოვს. ეს დაადასტურეს კიდევაც ამათმა (კუზანოვებმა), რომ არაფერ შუაში იყვნენ, ის გოგო თაღლითობის გამოც კი მოხვდა ციხეში შემდგომ.

ნანა იჯდა ჩემთან მარჯანიშვილზე, _ 60 000 დოლარი მომცენ კუზანოვებმა და მე ჩემს წილს მივცემო. ჩემებმა თქვეს უარი და თავისი წილი 50% დათმეს.

_ ქალბატონი ნანას თქმით, თქვენ მას 300 000 დოლარი შესთავაზეთ მისი კუთვნილი წილის სანაცვლოდ.

_ არა, არავის არაფერი არ შევთავაზეთ. ვინ რა შესთავაზა? რა 300 000 დოლარი?! 60 000 დოლარს ითხოვდა ნანა. 300 000 ვის ესიზმრებოდა თვალით?

_ რამდენი ათასი ჰქონდა ჩადებული? რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ქალბატონ ნანას მილიონზე მეტი ჰქონდა ჩადებული ამ კლინიკაში...

_ არა, გარემონტდა, რა მილიონ რაღაცა?! მილიონი სად ჰქონდათ მაგათ? ესენი მოატყუეს, რომ ჩვენ ფული გვაქვს, ეს გვაქვს და ყველაფერი აღმოჩნდა ბოლოს აფერა. ნანას შეიძლება ჩაადებინა მან (ნინო კაპანაძე). სულ რაღაც 120 000 იყო ჩადებული. ციფრები აღარ მახსოვს, მილიონზე არც არის ლაპარაკი, რა მილიონი? მილიონი მაშინ იყო კოლოსალური! ისეთ ტყუილში გადაიყვანეს ეს ყველაფერი, რომ ჩვენები მოატყუეს, თითქოს ვიღაცას იცნობდნენ და ამ შენობას იყიდდნენ, ამ პირობით წამოიყვანეს „მედლაინიდან“ ივა და გუგა. უამრავი ვალი დაადეს კლინიკას. ნანა მაშინ ნახევრად ჩაძინებული იყო, რაღაც წამლებს სვამდა და ეს ნინო (კაპანაძე) ატრიალებდა როგორც სურდა ყველას, მათ შორის, ჩემს ქმარს, ჩემს მამამთილს და სუყველას.

_ ქალბატონო ნინო, ასევე უნდა გკითხოთ, _ ქალბატონი ნანას თქმით, თქვენ მას დაურეკეთ და უთხარით ასეთი რამ, რომ გამოგიჩნდათ ე. წ. ზურგი, მფარველი, არ აპირებდნენ თქვენები რაიმეს გადახდას წილში, რადგანაც არ უღირდათ და რომ ამ მფარველის მეშვეობით შეგეძლოთ დაგეჭირათ ნინო კაპანაძეც და ნანა ლუკაშვილიც. შედგა თუ არა ასეთი საუბარი?

_ როდის?! რა მფარველი?! 27 წლის წლის ვიყავი თუ 28 წლის მაშინ! რა ზურგი, რა რამე?!         ჩემთვის ვმორიგეობდი „ლეჩკომბინატში“. მსგავსი არაფერი! ჩემთან იყო მოსული ნანა და 60 000 მომეცითო. _ ნანა, საიდან უნდა მოგცეთ 60 000? საერთოდ წაიღეთ ჩვენი წილი და კარგად იყავით ორივე-მეთქი. მართლაც, ჩემებმა დათმეს და იმ ზაზა დოდაშვილმა იყიდა კლინიკის 100%, ოღონდ ჩემები წამოვიდნენ, იქ არ დარჩნენ და გადავიდნენ „იუნონაში“. მერე ზაზამ გადაყიდა ეს წილი და იყიდა ამ ლერიმ და მან შემდგომ 50% მიჰყიდა ივას და 3-4 წლის მერე მთლიანად გაყიდა ლერიმ თავისი 50% ივაზე და ამით დამთავრდა ყველაფერი.

_ ანუ ახლა კლინიკა თქვენს მფლობელობაშია სრულად?

_ დიახ, ახლა კლინიკა ჩვენს მფლობელობაშია. ჩვენ ნანასგან წილი არ გვიყიდია, არც საყიდელი ფული იყო და არაფერი.

_ კი ბატონო, თქვა კიდევაც ქალბატონმა ნანამ, რომ არ შეგიძენიათ მისგან.

_ თვითონ დათმეს წილი, ოღონდ ლარი არ აუღიათ იმ წილში. ერთი ცენტი, რადგან იქ იმდენი ვალი იყო დატოვებული! იმ ადამიანმა (დოდაშვილი) გადაფარა ეს ვალები და წილები. ამის მერე ჩვენები მუშაობდნენ იქ ხელფასზე. იქ წილი არც იყო.

ეს ყველაფერი შეგიძლიათ გადაამოწმოთ. ზაზა 3-4 წლის წინ გარდაიცვალა გულით. გოჩა სვანიძესთან შეგიძლიათ ეს გადაამოწმოთ, ყველაფერი არის დოკუმენტურად დალაგებული და დასტურდება ფურცლებით. მაგათგან განსხვავებით ჩვენები არ არიან თაღლითები. სიცოცხლე გაგვიმწარეს! თაღლითები! ჩემს ოჯახს დასამალი არაფერი აქვს. მე კი ვიცი, როგორც დაწერთ, ელისოს გაზეთია, პატარა შრიფტით ერთ აბზაცს მიაწერთ ამას.

_ მე პასუხისმგებელი ვარ ჩემს მასალაზე და გპირდებით, რომ თქვენი კომენტარი გავა ისე, როგორც არის.

_ რაც გინდათ, დაწერეთ!

_ ყველაფერი ზუსტად ისე გავა, როგორც თქვენ მითხარით.

_ დოკუმენტებს გამოვდებ ყველაფერს, _ ერთი მეორის მიყოლებით ყველა დოკუმენტს და ვიტყვი, როგორ რა იყო.

ამის შემდეგ ნინო ნადირაძემ გვითხრა, რომ ჩვენ მასთან უნდა მივსულიყავით, ჯერ დოკუმენტები გვენახა და მერე დაგვეწერა მასალა, სხვა შემთხვევაში ის ამ ყველაფერს ჩვენი მხრიდან შანტაჟად მიიჩნევდა. აცხადებდა, რომ კონკრეტული სათაურის გამოტანა გვინდოდა, რომლითაც მათ რეპუტაციას მივაყენებდით შეურაცხყოფას და ამის შემხვედრად ის შესაბამისს ზომებს მიიღებდა. ნინო ნადირაძე მიიჩნევს, რომ ჩვენ გვსურს მის ხელთ არსებული დოკუმენტაციის უგულებელყოფა.

მასალის ბოლოს ასევე მივმართავ ნინო ნადირაძეს, რომ მოგვაწოდოს მის ხელთ არსებული დოკუმენტაცია და მას კიდევ ერთხელ ექნება საშუალება, მისი მოსაზრება გახმოვანდეს აღნიშნული საკითხის შესახებ.

 

 

 

გაზიარება