QronikaPlus
მეგი კობალაძე: „არ მაქვს უფლება, თეატრის შენობაში დავაფიქსირო საკუთარი აზრი“

მეგი კობალაძე: „არ მაქვს უფლება, თეატრის შენობაში დავაფიქსირო საკუთარი აზრი“

2025-04-15 10:27:44

გიორგი საკარული

ბათუმის თეატრში რეპრესიები გრძელდება. მსახიობთა ნაწილი უკვე ხმამაღლა საუბრობს იმ შეზღუდვებსა და მიდგომებზე, რასაც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, ნუკრი ქანთარია მათ მიმართ იჩენს.

„არ მაქვს უფლება, თეატრის შენობაში დავაფიქსირო საკუთარი აზრი“, _ ამბობს „ქრონიკა+“-თან მსახიობი მეგი კობალაძე, თუმცა ის მსგავსს მოთხოვნას მაინც არ ემორჩილება და საკუთარ პოზიციას თავისუფლად გამოხატავს იქ, სადაც საჭიროა:

_ ბოლო პერიოდში არაერთმა მსახიობმა დაიწყო პროტესტი იმ ყველაფრის მიმართ, რაც ზოგადად ბათუმის დრამატულ თეატრში ხდება. პირადად თქვენთვის რა არის ის, რის გამოც გიჩნდებათ პროტესტი და რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ თეატრში მიმდინარეობს რეპრესიები?

_ თეატრი ვერ იქნება გამიჯნული იმ მოვლენებისგან, რაც ხდება გარეთ. ჩემი აზრით, ჩვენი პოზიცია უნდა გამოვხატოთ ისე, როგორც შეგვიძლია. მე, როგორც ადამიანს, პიროვნებასა და არტისტს უნდა შემეძლოს, ჩემი პოზიცია თავისუფლად გამოვხატო ყველგან, სადაც საჭიროა. სწორედ ეს გამოხატვის თავისუფლება გახდა დაძაბულობის მიზეზი ჩემსა და სამხატვრო ხელმძღვანელს შორის. ეს ახლა არ დაწყებულა, ეს დაიწყო მაშინ, როცა რუსული კანონი შემოიღეს და ერთ-ერთი სპექტაკლის დასრულების შემდეგ რამდენიმე მსახიობმა სცენაზე ბანერები გავშალეთ და ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ. გამოგვიცხადეს საყვედური, მოგვცეს გაფრთხილება, რომ მსგავსი ქმედება არ შეიძლებოდა მაშინ, როდესაც სხვა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელები არათუ აძლევდნენ მსახიობებს თავიანთი პოზიციის დაფიქსირების საშუალებას, არამედ მათ გვერდით იდგნენ და დგანან. აი, მაგ პერიოდიდან დაიწყო დაძაბული ურთიერთობა პირადად ჩემსა და ბატონ ნუკრი ქანთარიას შორის. ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ყველაფერი ის, რაც ხდება, ამიტომ როგორც არტისტი როგორც შემიძლია, ისე გამოვხატავ ჩემს პოზიციასა და სოლიდარობას.

_ მით უმეტეს, როცა საქმე ეხება თქვენს კოლეგებს, იმ ადამიანებს, რომლებიც ასე უსამართლოდ სხედან დღეს ციხეში.

_ რა თქმა უნდა. ვინც არ უნდა იყოს, ჩემი კოლეგა იქნება თუ სხვა ადამიანი, თუ მიმაჩნია, რომ ის უსამართლოდ არის დაკავებული, მინდა დავიტოვო უფლება, რომ გამოვხატო ჩემი პოზიცია.

_ თქვენსა და ნუკრი ქანთარიას შორის უთანხმოება როგორ გაგრძელდა?

_ მაშინ საყვედური გამოგვიცხადა...

_ რა ეწერა ამ საყვედურში?

_ რომ არ მაქვს უფლება, თეატრის შენობაში დავაფიქსირო საკუთარი აზრი, ანუ ჩემი პოზიცია. ეს მიწერია ხელშეკრულებაშიც.

_ წინააღმდეგ შემთხვევაში თეატრიდან გაგიშვებენ?

_ აქვთ უფლება, რომ გამიშვან ან შემიჩერონ ხელფასი ექვსი თვით. სასტიკი საყვედურიც გამომიცხადა და მოკლედ, არ დაუტოვებია რეაგირების გარეშე.

_ თუმცა თქვენ პროტესტი მაინც გააგრძელეთ და რა მოხდა ბოლოს, დაწვრილებით რომ გვითხრათ?

_ არეულობები რომ დაიწყო, თეატრის 54 თანამშრომელი გაფიცული ვიყავით. მას შემდეგ შეწყდა ეს გაფიცვა და ჩვეულებრივად გაგრძელდა პროტესტი, მაგრამ ბოლოს რაც მოხდა... დაახლოებით ერთი თვის წინ მქონდა დანიშნული სპექტაკლი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ვიყავი ცუდად, გავხსენი ბიულეტენი და ამ ადამიანმა ეს ბიულეტენი არ მიიღო. მითხრა, რომ გამოვცხადებულიყავი სამსახურში, რაზედაც უარი ვუთხარი, რადგან ფიზიკურად ამის ძალა არ შემწევდა. ამ ყველაფრის მიუხედავად, ნუკრი ქანთარიამ მაინც გამომიცხადა სასტიკი საყვედური და თავიდან ხელფასი სრულიად მომიხსნა 6 თვით და შემდეგ გილდიის დახმარებით აღმიდგინა. ანუ კანონში წერია, რომ არ შეიძლება ხელფასის სრული დაკავება და 50 პროცენტი უნდა ჩაერიცხა. ის 50 პროცენტი შემდეგ მაინც ჩამირიცხა თვის ბოლოს.

_ ეს რეპრესიები მაშინ დაიწყო, როდესაც ნუკრი ქანთარია დაინიშნა სამხატვრო ხელმძღვანელად?

_ მსახიობების რაღაც ნაწილმა ეს ვიგრძენით და შეგვეხო ნუკრი ქანთარიას მოსვლის შემდეგ. ადრეც ვაფიქსირებდით ჩვენს აზრს და პროტესტებში ვიყავით ჩართულები, მაგრამ ასეთი რეპრესიები არასდროს გვიგრძნია არცერთი სამხატვრო ხელმძღვანელის დროს.

_ როგორც ვიცი, დაზღვევაც შეგიჩერეს.

_ მიჩერდებოდა დაზღვევა, რადგან ხელფასი სრულად მქონდა მოხსნილი, რაც გავასაჯაროვე. აქტიურად მეხმარება გილდია და ზუსტად ვიცი, ის დაუკავშირდა შრომის ინსპექციას. ჩემი ვარაუდით, შრომის ინსპექცია შევიდა თეატრში და მას შემდეგ შეცვალა ბატონმა ნუკრიმ ეს გადაწყვეტილება და ხელფასის 50 პროცენტი დამიტოვა (ის, რაც კანონითაც ეკუთვნოდა). ამ 50 პროცენტიდან მაქვს საშუალება, გადავიხადო ჩემი და ჩემი შვილის დაზღვევა.

_ როდესაც მსგავსი დისკომფორტი არსებობს სამსახურებში და დაპირისპირება ხელმძღავნელ პირებთან ეს ერთგვარი წინაპირობაა იმისა, რომ ადამიანმა იძულებით დატოვოს სამსახური ან სხვა გზებს მიმართოს. ამასთან, ბევრი მსახიობისთვის თეატრი ერთ-ერთი შემოსავლის წყაროა, თუ მთავარი არა. ალბათ თქვენთვისაც რთული იქნება მსგავსს პირობებში მუშაობა.

_ სამწუხაროდ, ჩემს შემთხვევაში, ბათუმის თეატრი ერთადერთი შემოსავლის წყაროა, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, აქ მხოლოდ ფინანსური ინტერესი არ არის. მე მაქვს ჩემი სენტიმენტები აქაურობის მიმართ, გავიზარდე ამ თეატრში, ეს ჩემი ოჯახია და ჩემთვის ძალიან მტკივნეული თემაა ასე უბრალოდ ადგომა და წასვლა. ჩემი მშობლები, ბებია, ბაბუა, ყველანი აქ მუშაობდნენ და მუშაობენ, ამიტომ განსაკუთრებული სიყვარული მაქვს ამ თეატრის მიმართ. ზოგჯერ მიფიქრია თეატრიდან წამოსვლაზე, მაგრამ თავი შემიკავებია, რადგან ვერ ვიმეტებ ამ თეატრს მისატოვებლად. რა თქმა უნდა, რთულია დღევანდელი მოცემულობით ჩემთვის მუშაობა, რადგან ბევრი ნეგატიური ისტორია დაგროვდა, მაგრამ წამოსვლაზე არც ვფიქრობ.

_ რამდენად აისახება ეს დაძაბულობა მუშაობის ხარისხზე. ვგულისხმობ როლების შემცირებას, სპექტაკლების მოხსნას და ა. შ.?

_ ვერ გეტყვით, სამომავლოდ რა მოხდება ან როგორ მოიქცევა სამხატვრო ხელმძღვანელი, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ამ ეტაპზე მეც დიდად სურვილს არ გამოვხატავ, აქტიურად ვიყო დაკავებული, თუ მას სურვილი არ აქვს _ მასთან შეხება და უშუალოდ მუშაობა ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის, დისკომფორტია. სპექტაკლი, რომელიც ჩვეულებრივად არის რეპერტუარში, მივდივარ მის რეპეტიციებზე. ამ დღეებში ვითამაშებ, თუმცა ამ სპექტაკლის რეჟისორი არ არის ნუკრი ქანთარია, შესაბამისად, გადაკვეთა არ გვიწევს ერთმანეთთან.

_ როდესაც ასეთ დამოკიდებულებასა და სიტუაციას ხედავენ დასის სხვა წევრები, რას ამბობენ, განსაკუთრებით უფროსი თაობის მსახიობები?

_ ამ თემაზე ძალიან მიჭირს საუბარი, დასის რაღაც ნაწილი ჩუმად არის. ის თანადგომა, რომელიც მჭირდებოდა და ველოდი, სამწუხაროდ, არ ყოფილა. თუმცა არის მსახიობების ნაწილი, რომლის გვერდით დგომასაც ვგრძნობ. ისინი მამხნევებენ და იგივე პოზიციაზე არიან, რაზედაც მე.

_ როგორ ფიქრობთ, მათ სიჩუმეს სამსახურის დაკარგვის შიში ხომ არ განაპირობებს?

_ ვერ გეტყვით, პირადად ასე არავისთან მისაუბრია. შესაძლოა, ვიღაცისთვის ეს შიშიც არსებობდეს, შეიძლება ბევრს მოსწონდეს და ეთანხმებოდეს ხელმძღვანელობას და ვერავის დავავალდებულებ, ისე ფიქრობდეს, როგორც ჩვენ. უბრალოდ, იმ მომენტში, როცა ჩემ წინააღმდეგ მიიღეს ასეთი ზომები და სრულად უსამართლოდ მომიხსნეს ხელფასი, შეეძლოთ სუფთა ადამიანურად და კოლეგიალურად გამოეხატათ ჩემი მხარდაჭერა. წუწუნი გამომდის და არ მინდა ასე იყოს ან ვინმეს ჩემი ტექსტებით ვაწყენინო, თუმცა მეც გამაჩნია რაღაც წყენა ამ ეტაპზე.

_ მესმის, მსგავსი დამოკიდებულება ნებისმერ სფეროში ხდება და ნამდვილად საწყენია, როცა სოლიდარობას ვერ გრძნობ კოლეგისგან. ისევ ნუკრი ქანთარიაზე გკითხავთ, _ თუ გქონდათ მასთან შეხვედრა ან საუბარი?

_ არა, არანაირი გადაკვეთა არ მქონია.

_ დღეს ქვეყანაში მოვლენები დრამატულად ვითარდება: ჩვენ გარშემო ამდენი უსამართლოდ დაჭერილი ადამიანია, მათ შორის, თქვენი კოლეგები. ყველამ კარგად ვიცით, რომ არცერთი მათგანი არ არის კრიმინალი და იმასაც ვხვდებით, ისინი რის გამოც სხედან ციხეში. რას ნიშნავს ეს ყველაფერი პირადად თქვენთვის?

_ მე რასაც ვაკვირდები, „ქართული ოცნების“ ამ ცინიკურ და ირონიულ დამოკიდებულებას ვინც ვაპროტესტებთ, შეგრძნება მაქვს, რომ თითქოს არავის ესმის ჩვენი ან არ უნდათ, რომ მოისმინონ. სულ რაღაცას ვყვირთ, ვამბობთ, ვითხოვთ და ვართ აბსოლუტურად იგნორირებულები. ვფიქრობ, რომ ამით ისინი ცდილობენ, ჩვენი თვითშეფასება ბოლომდე გაასწორონ მიწასთან და უსუსურად გვაგრძნობინონ თავი. რაღაც წამს ეს შეგრძნება მეც დამეუფლა, თითქოს ძალა აღარ მქონდა, თუმცა შემდეგ ბრაზის ხარჯზე გამოვფხიზლებულვარ და ასეა ბევრი. ის, რასაც აკეთებენ დედაქალაქში ჩემი კოლეგები, ეს არის ჩემთვის უდიდესი სიამაყის განცდის მიზეზი. მადლიერება მინდა გამოვხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ასე ყოველდღე, დაუღალავად გამოდის ქუჩაში და ცდილობს რაღაცნაირად მიაწვდინოს ხმა ხელისუფლებას. ეს არ არის ადვილი და დიდი გმირობის ტოლფასია. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე გამოუშვებენ პატიმრებს, რომლებიც უდანაშაულოები არიან.

_ სწორედ ეს კითხვა უნდა დამესვა, _ რამდენად შედეგიანი იქნება ის პროტესტი, რასაც ყოველდღიურად ვხედავთ დედაქალაქის ქუჩებში?

_ შედეგს აუცილებლად გამოიღებს, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავყაროთ ფარ-ხმალი. ეს არის მათი მიზანიც, რომ ასე მოხდეს, მაგრამ მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.

_ სასაცილო იქნებოდა ახლა შემოქმედებით გეგმებზე მეკითხა, რადგან ნამდვილად ურთულესი სიტუაციაა როგორც ქვეყანაში, ისე თქვენს თეატრში, ამიტომ წარმატება მინდა გისურვოთ და მალე ყველაფრის დალაგება.

_ გეგმებზე ნამდვილად ვერაფერს გიპასუხებდით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.

 

 

 

გაზიარება