QronikaPlus
გიორგი რამაზაშვილი: „ანწუხელიძეს ლაჩრები ებრძვიან საკუთარი სილაჩრის გადასაფარად“

გიორგი რამაზაშვილი: „ანწუხელიძეს ლაჩრები ებრძვიან საკუთარი სილაჩრის გადასაფარად“

2025-04-15 09:47:59

შორენა მარსაგიშვილი

ემიგრაციაში მყოფმა ქართველმა პოეტმა, გიორგი რამაზაშვილმა, თავისი შემოქმედებითი საღამო მიუძღვნა ბავშვობის მეგობრებს: საქართველოს ეროვნულ გმირ გიორგი ანწუხელიძესა და იკრაინაში რუს ტერორისტებთან ბრძოლაში დაღუპულ კახა თილიძეს.

„ქრონიკა+“-თან რამაზაშვილი ამბობს, რომ რაც არ უნდა ეცადონ, გმირების სახელს ჩრდილს ვერავინ მიაყენებს. მისივე თქმით, გმირებს, ძირითადად, ლაჩრები ებრძვიან, საკუთარი ლაჩრობა რომ გადაფარონ:

_ გიორგი, რატომ გადაწყვიტეთ, რომ იტალიაში გამართული თქვენი შემოქმედებითი საღამო გიორგი ანწუხელიძისთვის და კახა თილიძისთვის მიგეძღვნათ?

_ დავიწყოთ იქედან, რომ ჩვენ ვართ ქართველები. გიორგიმაც და კახამაც სამშობლოსთვის გაწირეს თავი. ამის გარდა, ჩვენ ვართ ერთი კუთხიდან. მეც და ისინიც თუშეთმა გაგვზარდა. მე მათთან ყმაწვილმეგობრობა მაკავშირებს. ძალიან მიჭირს ხოლმე მათზე საუბარი. კახაზე განსაკუთრებით, დეკემბერში დაიღუპა და ახლა რომ ვსაუბრობ, სულ განმიახლდა ეს ტკივილი. გიორგის სიკვდილის ტკივილიც განმიახლა კახას დაღუპვამ. კახა თილიძე უკრაინაში იბრძოდა. ის იქ თავის წილ საქართველოს იცავდა. გიორგი ანწუხელიძის ამბავი ყველამ იცის საქართველიში. ორივენი ყველასგან გამოირჩეოდნენ. ეს გამორჩეულობა მათ ყველა ქმედებაში იგრძნობოდა. არც გამკვირვებია, რომ მათ ასე გმირულად შესწირეს თავი სამშობლოს. მრცხვენია, რომ მათ შემდეგ მე ცოცხალი ვარ.  მადლობა ღმერთს იმისთვის, რომ ჩემს წილ სამზეოზე მომეცა იმის ბედნიერება, შევხვედროდი ამ ადამიანებს.

_ თქვენ გაგიკვირდათ, როცა დაგისვით ეს კითხვა, რატომ მიუძღვენით საღამო მათ-მეთქი. ეს კითხვა იმიტომ დაგისვით, რომ იტალიაში მათი ხსოვნის საღამო გაიმართა. აქ, საქართველოში კი მათი სტენსილები წაშალეს. ახლა ყველანაირად ცდილობენ, ანწუხელიძის გმირობა გააუბრალოონ.

_ ეს ჩემი საღამო აქედან არის მესიჯი საქართველოში მცხოვრებთათვის, რომ ისინი ჩვენთვის დაიხოცნენ და ელემენტარული იმდენი შეგნება მაინც უნდა გვქონდეს, რომ  პატივი მივაგოთ საქართველოსთვის დაღუპულებს. ისინი არიან გმირები და მათ პატივის მიგება უნდათ. ჩემი სათქმელი ასე ვთქვი.

_ გავიგე, რომ ყველას არ შეუძლია, იყოს ანწუხელიძე ან სხვა ის გმირები, რომლებიც საქართველოსთვის დაიღუპნენ, მაგრამ რატომ ხდება მათი გმირობის გაუბრალოება? აფხაზეთში დაღუპულებს აღარც კი იხსენებენ. უკრაინაში დაღუპულებზე საერთოდ აღარაა საუბარი. არადა, ისინი იქ საქართველოსთვის დაიღუპნენ. ამით ჩვენს სილაჩრეს ვამართლებთ, თუ რა ხდება?

_ ძალიან მარტივია ამის ამოხსნა:  ლაჩრები გიორგი ანწუხელიძეს საკუთარი სილაჩრის გადასაფარად ებრძვიან. საქართველოსთვის დაღუპულები მკვდრებიც კი ბევრად სჯობიან იმ ცოცხლებს, რომლებიც მათ ხსოვნას შეურაცხყოფენ. იმათზე ვსაუბრობ, ვაჟკაცებად რომ მოაქვთ თავი და ვითომ დროშას აფრიალებენ. ვერ შეძლებენ ჩვენი გმირების სახელის მიჩქმალვას. გმირები სამუდამოდ ცოცხლები დარჩებიან. არც კი მინდა, ამ ადამიანებზე ვიფიქრო. მათთვის მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი, _ გავიმეორებ შოთას უკვდავ სიტყვებს: „სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი“.

_ არა მგონია, გაითვალისწინონ, ბევრს „ნაზრახი სიცოცხლე“ ურჩევნია. „სახელოვან სიკვდილს“ ვინ ჩივის? გმირების ხსენებაც კი არ უნდათ.

_ ეს უკვე მათი პრობლემაა და მეცოდებიან ასეთი ადამიანები. ისინი ვერც გიორგის და ვერც სხვა დაღუპულების სახელს ჩირქს ვერ მოსცხებენ. ისინი დაიღუპნენ საქართველოსთვის და ჩემთვის ამით ყველაფერი ნათქვამია. საბედნიერროდ, ასე ბევრი ფიქრობს საქართველოში.

_ ყველას გვაქვს ნანახი გიორგი ანწუხელიძის წამების შემზარავი კადრები. ის ვერაფრით გატეხეს, დროშაზე ფეხი ვერ დაადგმევინეს და ვერც მიწას აკოცნინეს. ბავშვობაშიც ასეთი კერპი იყო? ან საიდან გამოიჩინა 23 წლის ბიჭმა ამხელა სიმამაცე?

_ გიორგი ბავშვობიდანვე სხვანაირი იყო: მოწესრიგებული, რაღაცნაირად დიდებული. გავიმეორებ, ყველასგან გამორჩეული იყო. არ გამკვირვებია, როცა ასეთი სიმამაცე გამოიჩინა. ბევრი ვერ გაუძლებდა ამას. მან გაუძლო და მარადისობაში დარჩა. მის სახელს ჩრდილი არასდროს მიადგება. დღემდე მწარედ მახსოვს, მისი სიკვდილის ამბავი რომ გავიგეთ: აგვისტო იყო, თუშეთში ვიყავით. მაშინ იქ ინტერნეტი ჯერ შეყვანილი არ იყო. არც ტელევიზია იყო. ომი რომ იყო ვიცოდით, მაგრამ მეტი არაფერი. გიორგი რომ იყო იმ ომში, ესეც ვიცოდი და ყველა ვდარდობდით. მახსოვს, მანქანა ამოვიდა ბარიდან და ამოიტანა ამბავი, ანწუხელიძე მოუკლავთო. ძალიან მძიმე იყო ეს ყველასთვის.  დღესაც ცუდად ვარ, ამ ამბავს რომ ვიხსენებ.

_ იმ დროს ჯერ არ იცოდით, ხომ, როგორი სიკვდილით მოკვდა?

_ არ ვიცოდით. ეს კადრები მოგვიანებით გავრცელდა ინტერნეტით, თავად ოსებმა თუ რუსებმა ატვირთეს. განადგურებული ვიყავი, ეს კადრები რომ ვანხე. დღემდე მტკივა და ცხოვრების ბოლომდე მეტკინება მისი წამება. ასეთ ადამიანზე რომ რაღაცას მოიგონებ საკუთარი ლაჩრობის მისაჩქმალად, ძალიან დიდი უნამუსობაა. არც ვიცი, ამას რა სახელი უნდა დავარქვა. არ შეიძლება, სამშობლოსთვის დაღუპულებს ასე მოექცე. დღეს, საბედნიეროდ, საქართველოში ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც თავის გმირებს აფასებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო აქამდე არ მოაღწევდა. საქართველო დღეს რომ არსებობს ანწუხელისძისნაირი ბიჭების დამსახურებაა. მათი დაღვრილი სისხლის წყალობით არის საქართველო დღემდე. ყველას მოვუწოდებ, რომ გმირების მიმართ მეტი პატივისცემა გამოიჩინონ. საკუთარი ლაჩრობის გადასაფარავად გმირებს ნუ შეეხებიან.

_ ცოტა თქვენზეც ვისაუბროთ. თქვენს ყველა ლექსსა თუ სიმღერაში სამშობლოს მონატრებაზეა საუბარი და რატომ ვერ შეძელით სამშობლოში დაბრუნება? ერთხელ ხომ დაბრუნდით?

_ ყველაზე მეტად ჩემს სამშობლოში დაბრუნება მინდა. დავბრუნდი კიდევაც, მაგრამ არ მიმიღო ჩემმა სამშობლომ. ვიდრე იტალიაში წამოვიდოდი, თურქეთში ვმუშაობდი. იქაც ვწერდი ლექსებს. გამოიცა ჩემი წიგნი, საღამოც ჩატარდა. სამშობლოში დავბრუნდი და გადაწყვეტილი მქონდა, რომ აქედან აღარსად წავიდოდი, მაგრამ ვერსად ვიშოვე სამსახური. არადა, ბევრს არაფერს ვითხოვდი. ვითხოვე, ოღონდ აქედან არ წავიდე და ქუჩებს დავხვეტავ, მზად ვარ, 500 ლარზე გავაკეთო ეს საქმე-მეთქი. მაგრამ ეს სამუშაოც კი არ გაიმეტეს ჩემთვის. ასე მომიწია თურქეთიდან იტალიაში წასვლა. აქ მოხუცს ვუვლი და არ მეთაკილება. ჩემი პატიოსანი შრომით ვშოულობ ფულს. იმედს არ ვკარგავ, რომ ოდესმე ჩემთვისაც გამოინახება საქართველოში სამსახური და  ჩემს ქვეყანას დავუბრუნდები. ძალიან მენატრება ჩემი საქართველო და ჩემი კუთხე. ამ დანაკლისს ის მინაზღაურებს, რომ აქ ქართველები არიან.

_ თქვენ ლექსებს თუშური დიალექტით წერთ და როგორც საქმის მცოდნენი ამბობენ, ძალიან კარგადაც. იმასაც აცხადებენ, რომ განზრახ მიგჩქმალეს. ამაზე რას გვეტყვით?

_ ამაზე არაფერს ვიტყვი. მკითხველმა შეაფასოს, როგორ ვწერ. ჩემ გარდა კიდევ რამდენიმე თუში წერს კარგად ლექსებს დიალექტით, მაგრამ მათზეც არ იცის ბევრმა, ჩემზე კიდევ იციან. მოკლედ, არ მინდა ამაზე საუბარი. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდით მიდგას ხოლმე და მამხნევებს. ვისაც ჩემი ლექსები მოსწონს, მე ვწერ იმას, რაც გულიდან მოდის. მიხარია, თუ ეს ჩემი გულის ამოძახილი სხვების გულამდეც მივიდა. ე. ი ტყუილად არ მიცხოვრია ამ ქვეყანაზე. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩემი ნამღერი მოეწონა. სიმღერითაც გულით ვმღერივარ.

_ თქვენ გარმონზეც მღერით და იტალიაშიც უკრავთ ხოლმე გარმონზე?

_ რა თქმა უნდა. აქაურებსაც ვუმღერი ხოლმე ჩვენებურ სიმღერებს. მართალია, არ ესმით სიტყვები, მაგრამ მოსწონთ. ერთხელ მითხრეს, რომ ძალიან სევდიანიაო თქვენი სიმღერები. თუშური სიმღერები მართლა სევდიანია. ჩვენი გარმონი თითქოს გაბმული ტირილია. მიხარია, იტალიელებსაც რომ მოსწონთ ქართული სიმღერა. დიდი იმედი მაქვს, რომ მოვა დრო და მე საქართველოში ვიმღერებ. მანდ დავწერ ლექსებს და მანდ ვიცხოვრებ. ძალიან მინდოდა მანდ დავრჩენილიყავი, მაგრამ არ გამოვიდა. სამსახური ვერ ვიშოვე და არსებობა ხომ მინდოდა? ავდექი და აქეთ წამოვედი. 

ძნელია ემიგრანტობა. ძნელია სამშობლოს მონატრება. ყველა ემიგრანტს ენატრება თავისი სახლი, ახლობლები, სამშობლო... ჩვენ მართლა დიდებული და ლამაზი სამშობლო გვაქვს. ამ ჩვენს სამშობლოს მოფრთხილება უნდა. მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც ჩვენი სამშობლო აქამდე მოიყვანა. მადლობა გმირებს, მადლობა გიორგი აწუხელიძესა და კახა თილიძეს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, _ გმირებთან ბრძოლით ვერავინ ვერაფერს მოიგებს. ამით მხოლოდ საკუთარ თავს დააზიანებენ. 

 

გაზიარება