ბანკირი, ფილოსოფოსი, მუსიკოსი

მაღალი, ღია წაბლისფერი თმით და ცისფერი თვალებით _ ის ყოველდღე დადის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში. ბევრმა არ იცის, რომ მისი ხმა განსაკუთრებულია. უყვარს ის, რაც გამოსდის და ჰგონია, რომ ეს მუსიკის წერაა. მღერის იმაზე, რაც აწუხებს და გრძნობს. მღერის არჩევნებზე, რელიგიაზე და მღერის საქართველოს ქალაქებზე, მღერის გრძნობებზე, მასზე, ვინც იპოვა და მერე გაუშვა, მღერის ფროიდზე და ფოთზე. ტექსტი _ მარტივი, მართალი და ყველა ადამიანთან ყოველთვის ახლო.

ბიჭს, წარმოშობით სოხუმიდან, გაზრდილს თბილისში, უყვარს მუსიკა, თუმცა ჯერ საბანკო საქმე და მერე ფილოსოფიის მაგისტრატურის კურსი დაამთავრა. დღეს ის მუსიკოსს უწოდებს თავს.

გაიცანით, ეს ბაჩო ჯიქიძეა, 28 წლის, მუსიკოსი, რომელსაც ბეთჰოვენთან ფიზიკური სიახლოვე აკავშირებს…

 

_ ბაჩო, მოგვიყევი შენზე…

_ 28 წლის ბაჩო ჯიქიძე ვარ, მიყვარს მუსიკა და ყველაზე ბედნიერი ვარ, როცა იმ ფრაზას ვიპოვი, რომელსაც დიდხანს ვეძებდი.

_ ამჟამად რას საქმიანობ?

_ მუსიკას ვწერ.

_ უნივერსიტეტში რას შვრები ხოლმე ყოველდღე?

_ ინტერვიუს ვაძლევ ხოლმე (ხუმრობს). ძირითადად, ვკითხულობ.

_ რა გაინტერსებს ყველაზე მეტად?

_ ბოლო დროს უფრო პოეზია.

_ ვინ გიტაცებს?

_ ახლა პოემებს ვკითხულობ, ჩემი სიმღერები, ისინი უფრო ამბავზეა აგებული და პოემებიც ხომ ესაა, იქ რაღაც გრძელ ამბებს რითმავენ და ყველა ამას თავისებურად აკეთებს. ეს ძალიან საინტერესოა.

_ როდის დაიწყე წერა პირველად?

_ 24 წლის ვიყავი.

_ რამ შთაგაგონა?

_ იმედგაცრუებამ, მერე მიხვდი, რომ იმედგაცრუება ბევრ რამეს შთაგაგონებს ისეთს, რაც შენთვის მნიშვნელოვანი გახდება.

_ სად სწავლობდი?

_ ბაკალავრი _ საბანკო საქმე დავამთავრე სოხუმის უნივერსიტეტში და  თსუში მაგისტრატურაზე ფილოსოფია ვისწავლე… და, რა თქმა უნდა, მუსიკა, რაც, არ მისწავლია. დაკვრაც ჩემით ვისწავლე (ექიმი, ლიდერი, მეწარმე (ვიცინით).

_ რატომ აირჩიე ფილოსოფია საბანკო საქმის მერე?

_ ეს საკმაოდ უცნაურად მოხდა, შეიძლება, არც დამიჯეროთ: როცა ბაკალავრის ხარისხი ავიღე და ვფიქრობდი, მაგისტრატურაზეც ეკონომიკურზე გამეგრძელებინა, მაგ პერიოდში უცნაური რამ დამესიზმრა: ანტიკურ ყაიდაზე გამოწყობილ საშუალო ასაკის კაცს ხელში წყლით სავსე თასი  ეჭირა, თასი გამომიწოდა და მითხრა: (ქართული იცოდა) ბაჩო, მოსვი ამ თასიდან წყალი და შენ ადამიანთა და ღმერთთა ყველა საიდუმლოს ჩასწვდები. მე თასი გამოვართვი და დავცალე, მაგრამ როცა ვერაფერს ჩავწვდი და ანტიკური ყაიდის კაცი აფერისტობაში ვამხილე, ის დაინტერესდა, მქონდა თუ არა რაიმე სახის დიპლომი ფილოსოფიაში? როცა ჩემგან უარყოფითი პასუხი მიიღო, ფილოსოფიურზე ჩაბარება მირჩია, ჰოდა, მეც ჩავაბარე.

_ გადაწყვეტილება, რომელიც გინანია.

_ როგორც ვალერი ლეონტიევი იტყოდა, ჩემი ცხოვრება არის დიდი სინანულის ჯაჭვი (იცინის).

_ რატომ?

_ ასე გამოვიდა, არ ვიცი.

_ კონკრეტული რამე არის, რაც გინანია და იგივეს არ გააკეთებდი?

_ კონკრეტულად ვერ გაგიმხელ, მაგრამ ძალიან ბევრს რამეს.

_ მუსიკის წერის დროს რა გრძნობა გეუფლება?

_ შენ რა გრძნობა გეუფლება, როცა სტატიას წერ? როცა კარგი გამოდის, გიხარია, ხომ? როცა არა, _ პირიქით.

_ რით ხარ განსაკუთრებული და გამორჩეული, როგორ გგონია?

_ განსაკუთრებული არ ვარ. შეიძლება, იმდენად, რამდენადაც ყველა ადამიანია თავისებურად განსაკუთრებული, მაგრამ სხვებზე მეტად _ არა. არც საინტერესო ვარ, მგონია, მაგრამ რამდენადაც ეს ინტერვიუ საინტერესო ადამიანებზე იწერება, ამდენად უნდა ვეცადო, საინტერესო ვიყო (იცინის).

_ როგორია შენი ცხოვრების ერთი დღე?

_ ჩემი დღე იწყება ჰერკულესის ფაფით, მერე მივდივარ ბიბლიოთეკაში და ვწერ, ან ვკითხულობ, ან არაფერს ვაკეთებ და მოვდივარ სახლში. აი, სულ ეს არის.

_ რეგულარული სამსახური არ გაქვს?

_ მაქვს, ოღონდ პერიოდულად.

_ სად?

_ ხან _ სად, ხან _ სად, მაღაზიებში, სადმე მუშად, წიგნებსაც ვყიდდი, ყველაფერს ვერ ვიტყვი ახლა (იცინის).

_ რისი კეთება გიყვარს ყველაზე მეტად?

_ ყველაზე მეტად ძილი მიყვარს, ძილს არაფრის გამო დავთმობდი.

_ როგორ წერ ტექსტებს, რომელიც ძალიან ახლოსაა მსმენელთან? რა არის ინსპირაცია?

_ მე რომ საიდუმლო გავთქვა, ყველა ჩემსავით დაიწყებს წერას და ეს არ მაწყობს (ხუმრობს). ინსპირაციებს რაც შეეხება, ისინი ადამიანები არიან, მათი განწყობები, წამოსროლილი ფრაზები,  მათზე გადახდენილი ამბები და ა. შ.

_ ვინ არის შენი მესაიდუმლე?

_ არიან ეგეთები, ვისთანაც შედარებით  მეტად გახსნილი ხარ, მაგრამ, ზოგჯერ, ყველაფერს ჩემს თავსაც არ ვუმხელ.

_ რამდენად იღბლიანი ხარ?

_ დღემდე რომ ცოცხალი და ჯანმრთელი ვარ, იღბლიანი გამოვდივარ.

_ თვითონ რა მუსიკას უსმენ?

_ ძირითადად პოეტ მუსიკოსებს: ბობ დილანს, ლეონარდ კოენს, ნიქ ქეივს, ჯონი ქეშს, ბითლზს, ნილ იანგს… არ მინდა, ვინმე გამომრჩეს და ეწყინოს (იცინის). ქართველებიდან არავინ ყოფილა ისეთი, ჩემზე გავლენა რომ მოეხდინა, რაღაც ეტაპზე ჩარკვიანს ვუსმენდი, მაგრამ გადამწყვეტი გავლენა ვერ იქონია, ვერ ვიტყვი.

_ რა არის ყველაზე ძვირფასი შენთვის?

_ სახლში ჯონი ლი ჰუკერის ნაქონი მედიატორი მაქვს, ის ჩემმა მეგობარმა ჩამომიტანა სტოკჰოლმიდან. ჩემს მეგობარს ჯონის მისამართით რაღაც რეპლიკა უსვრია, რაც მუსიკოსს არ მოწონებია და გაბრაზებულმა მედიატორი ესროლა ჩემს მეგობარს, რომელმაც მედიატორი აიღო, ჯიბეში ჩაიდო და მე მაჩუქა. ეს ძლიან სასაცილო ისტორიაა, თუმცა საკმაოდ ძვირფასი ნივთია ჩემთვის.

ასევე მაქვს პიტ სამპრასის ნაქონი, აი, მაჯაზე რომ უკეთიათ ჩოგბურთელებს, შუბლსაწმენდი, მგონი, ფეხბურთელები რომ ერთმანეთს მაისურებს უცვლიან, ეგრე. ჩოგბურთელები, თურმე, ერთმანეთს ამ ე. წ. შუბლსაწმენდებს უცვლიან, მერე ეს გაცვლილი შუბლსაწმენდი, შეიძლება, კიდევ გაუცვალოს ვინმეს და ასე სამპრასმა ის აგასის გაუცვალა, აგასმა კიდევ ვიღაცას, იმან კიდევ ვიღაცას და, საბოლოოდ, ჩემს მეგობარს ჩაუვარდა ხელში, ოღონდ ეს როგორ მოხდა, ძალიან გრძელი ამბავია.

_ ვის ჰგავხარ, როგორ გგონია?

_ ტომ კრუზს ვგავარ ერთი-ერთში (იცინის), ისე, „ბრიგადა“ რომ იყო, ცოტა ძველბიჭური ფილმი, გახსოვს? მანდ იყო ერთი „კოსმოსი“, მეუბნებოდნენ, მას ჰგავხარო. და იყო მასში რაღაც ჩემი ნაწილი.

_ შინაგანად ვის ჰგავხარ და შიგნიდან რამდენი წლის ხარ, შენი აზრით?

_ ალბათ, 24-ის. ზემოთ ჩამოთვლილ მუსიკოსებს ვგავარ სულისკვეთებით, მასშტაბებით _ არა, რა თქმა უნდა.

_ გყავს ისეთი წიგნის, ან ფილმის გმირი, რომელსაც, გგონია, რომ ჰგავხარ?

_ ბავშვობაში მეგონა, რომ ლევინს ვგავდი („ანა კარენინა“). რაღაცნაირად, ეჭვიანი იყო, არა ქალის მიმართ, არამედ, ზოგადად, ეგზისტენციურად (ეს სიტყვები არ ჩართო, რა, ინტერვიუში, არ ვიცი, სწორი მნიშვნელობით  ვიყენებ, თუ არა, იცინის).

_ რა არის ცხოვრების აზრი შენთვის? გგონია, რომ რამე მისია გაქვს?

_ ერთი ასეთი გამოთქმაა, არ მახსოვს, ბუდისტურია თუ ქრისტიანული: „ვინ დაგეხმარება შენ, თუ თავად არ დაეხმარები საკუთარ თავს და როდის გააკეთებ შენ ამას, თუ არ გააკეთებ ახლა“. ეს გამოთქმა ძალიან მომწონს,  ჰოდა, თუ რამე მისია მაქვს, მაინც, ალბათ, ეს საკუთარი თავის დახმარებაა…

_ და როგორ უნდა დაეხმარო საკუთარ თავს?

_ უნდა გაუგო.

_ შენთვის რა არის თავისუფლება?

_ თვისუფლება ეს არის მდგომარეობა, როცა, ალბათ, შენთვის უკვე ყველაფერი სულერთია. მე მგონი, როცა შენზე არანაირი გარე ფაქტორები არ მოქმედებს, ხარ თავისუფალი და ის მიიღწევა, რაღაც რელიგიური პრაქტიკით საკუთარი თავის შეცნობასა და მატერიალური ჯაჭვებისგან განთავისუფლებით, ვგულისხმობ გასხივოსნებას. ანუ მგონია, რომ სანამ ამ სამყაროში ხარ, აბსოლუტური თავისუფლება არ არსებობს. ეს ცნებაც ხომ შედარებითია. შეიძლება, შენ მეტი თავისუფლება გქონდეს, ვიდრე მას, ვინც გალიაშია, მაგრამ მაინც არ იყო აბსოლუტურად თავისუფალი, რადგან ვიღაც შენზე მეტადაა გასხივოსნებული.

_ გჯერა მიღმიერი სამყაროსი?

_ კი, რაღაც სამყაროების ნამდვილად მჯერა. შეიძლება, მიღმიერი სამყარო დავარქვათ და შეიძლება, აქ მყოფობა, მაგრამ მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ სხვა მდგომარეობაში, ანუ მჯერა იმის, რომ ჩვენც შეგვიძლია ვიყოთ თავისუფლები, თავისუფალ მდგომარეობაში, თუ რღაცებს სწორად გავაკეთებთ და ამ მდგომარეობის დამსახურებაც მხოლოდ შენზე არაა დამოკიდებული.

_ რელიგიური ადამიანი ხარ?

_ რელიგიას უფრო ფილოსოფიურად ვუდგები. იმდენადაა მნიშვნელოვანი რელიგია ჩემთვის, რამდენადაც  ფილოსოფიური მოძღვრებაა მნიშვნელოვანი, თუმცა დიდად არ ვყოფ ერთმანეთისგან რელიგიას და ფილოსოფიას, ეს უკანასკნელი დაფუძნებაა მცნებებზე და რელიგია თვითონ გზაა, პრაქტიკაა.

_ რომ არა ბაჩო ჯიქიძე, ვინ იქნებოდი?

_ ეკო დეისაძე (ვხუმრობ)… არ ვიცი, ვინ ვიქნებოდი, წარმოდგენა არ მაქვს, ბაჩო ჯიქიძე ვარ თუ არა, ეგეც არ ვიცი ზუსტად (იცინის).

_ პირველი მუსიკა როგორ დაწერე?

_ 16        წლის ვიყავი, ის ჩემს ფეხბურთის მწვრთნელს დავუწერე გაბრაზებულმა, რომ არ მათამაშებდა და სათადარიგოთა სკამზე მსვამდა მთელი სეზონის მანძილზე.

_ რაიმე საინტერესო ისტორიას ხომ არ გაიხსენებ შენი ცხოვრებიდან?

_ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საინტერესო, ალბათ, ის პერიოდი იყო, როცა კერლინგზე დავდიოდი, ასეთი სპორტია, ბოულინგს ჰგავს, აი, იატაკზე რაღაცას აგორებენ და შენ იმ იატაკს აპრიალებ, რომ ის გამოგორებული ნივთი დანიშნულების ადგილამდე მივიდეს. ჰოდა, მაგ სპორტით ვიყავი გატაცებული, პირველი თანრიგოსანიც გავხდი, ევროპის ჩემპიონატზეც გავედი ახალგაზრდებში,

ეს საინტერესო ისტორია არაა, მაგრამ საინტერესო ფაქტი იყო ჩემს ცხოვრებაში.

_ რა გახარებს ყველაზე მეტად?

_ როცა სიმღერისთვის ისეთ ფრაზას ვიპოვი, რომელიც მომწონს, ეს ძალიან მახარებს და ამ წამს, როგორც წესი, ემოციურად გამოვხატავ ხოლმე.

_ არსებობს შენთვის იდეალური სიმღერა, ან ის სიმღერა, რომელიც გინდა, რომ შენი დაწერილი იყოს?

_ კი, კი, ასეთი უამრავია, მაგრამ მე გამოვყოფდი მაინც: ამას წინათ ინტერნეტში შუა საუკუნეების ჩანაწერებს მივაკვლიე, ნუ შუა საუკუნეების სიმღერებს რომელიღაც იტალილელი მომღერალი ასრულებდა, შუა საუკუნეების მოხეტიალე მუსიკოსები, რაფსოდები, მოკლედ, აი, მაგ პერიოდის რამდენიმიე ჩანაწერი ნოტების სახით ჩვენამდე მოსულა და ამ იტალიელმა მომღერალმა ის სიმღერები გააცოცხლა. ასეთი მაგარი რამ არაფერი მომისმენია. იქ ერთ-ერთ სიმღერაში, დაახლოებით, ასეთი შინაარსის სიტყვებია, რაც განსაკუთრებით მომწონს: „ალუბლები ცვივიან ხეებიდან ისე, როგორც წლები შენი მსუბუქი მხრებიდან“; ან ასეთი: „მოგიტან ღამეს ისეთს, რომ შენ მას ვერ დაინახავ, შენ ხომ არ გესმის, ღამე არის იმისთვის, რათა უფრო ნათელი ღამე დაფაროს“. მინდა, ის სიმღერები ყველა ჩემი იყოს.

_ შენი საყვარელი ფილმი რომელია?

_ ჩემი საყვარელი ფილმია ნორვეგიელი რეჟისორის, დომენიკე იანსენის ფილმი „ასფალტის შვილები“. ეს ფილმი თანამედროვე ადამიანებზე, მათ შიშებზე, მათ დამოკიდებულებებზე ადამიანის ფუნდამენტურ საკითხებზე, სიკვდილ-სიცოცხლის არსზეა. ფილმის მთვარი გმირები ასფალტს აგებენ და პროცესში ერთმანეთს ფილოსოფიურ თემებზე ესაუბრებიან, შედეგად მათი დაგებული ასფალტი უხარისხოა და მათ სამსახურიდან აგდებენ. ფილმი მაგ მორალსაც ატარებს, რომ როცა ასფალტს აგებ, მაშინ ბევრი არ უნდა  ილაყბო.

_ ვისი შეფასებაა შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?

_ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ჩემი მეგობრების შეფასებაა, ისინი ყოველთვის პირდაპირ მეუბნებიან, თუ რამე არ მოსწონთ: „ბაჩო, ჩემო ძმაო, ეს რა დაგიწერია“, „ეს საშინელებაა“ „ამის ჩაწერას არ გირჩევ, ხალხი ვერ გაგიგებს, ისინი, უბრალოდ, გადაგთელავენ“. ხომ გესმის? ასეთი ფრაზებით მათ ხშირად მოუმართვთ ჩემთვის, ჩემი მეგობრები ჩემზე ძალიან ზრუნავენ.

_ რა არის ყველაზე ძვირფასი თვისება შენთვის?

_ ღირსება და წესიერება, რაც უნდა შეინარჩუნოს ადამიანმა და უნდა გაუფრთხილდეს.

_ გიტარაზე დაკვრა ვინ გასწავლა?

_ არავინ, ჩემით ვისწავლე, მე ხომ გიტარისტი არ ვარ, მე ტექსტებს ვწერ. იმას, რაც იცი, 2 დღეში ისწავლი. სიმღერის დაწერას რთული რამე არ სჭირდება. უნდა იცოდე 3-4 აკორდი, სტუდიაში ჩაწერა თუ დამჭირდა, ან რაიმე, მეგობრები მყავს.

_ ვისთვის, ან რისთვის არ გენანება არაფერი?

_ მშობლებისთვის და ჩემი საქმისთვის. შეიძლება, ბევრი რამ დავთმო, კარგი მუსიკა რომ დავწერო (მთლად ეშმაკს არ მივყიდი სულს, მაგრამ…)

_ შენი აზრით, რა არის პრობლემა საზოგადოებაში და რას შეცვლიდი?

_ არ ვიცი. არ მიყვარს სხვებისთვის ჭკუის დარიგება, აი, ასეთი უნდა იყოს ეს და ასეთი _ ის, ისეც ყველა საკუთარ თავს თუ მიხედავს, ყველა უკეთ ვიქნებით, მგონი.

_ რა არის შენი სამომავლო გეგმები?

_ არანაირი გეგმა არ მაქვს, დღევანდელი დღით ვცხოვრობ და ჰა, ჰა, ხვალინდელი დღით.

_ რა გაძლევს ხვალინდელი დღის იმედს?

_ ჯერ რომ იმ ასაკში არ ვარ, დაძინებისა და არგაღვიძების მეშინოდეს.

_ იპოვე საკუთარი თავი?

_ არა, რა თქმა უნდა. სიმღერებს იმიტომ კი არ ვწერ, რომ ვფიქრობ, კარგად გამომდის, არამედ, მგონია, რომ სხვა ნებისმიერი საქმისთვის ხელი რომ მომეკიდა, ალბათ, იმაშიც ამდენი შრომა დამჭირდებოდა, მაგრამ ეს საქმე მიყვარს. არ აქვს მნიშვნელობა, რას აკეთებ, მთავარია, კარგად აკეთებდე. რამდენადაც ეს საქმე ვიპოვე, იმდენად ბედნიერი ვარ.

_ ვინ არის ბაჩო ჯიქიძე?

_ ბაჩო ჯიქიძე გამოგონილი სახელია, ასე იცნობენ მას მისი ნაცნობები და ასე იცნობს იგი საკუთარ თავს, მაგრამ ვინ იცის.

 

ის მუსიკის დასაწერად, ან პოეზიის კითხვის გასაგრძელებლად წავიდა, ხვალ ისევ ჰერკულესის ფაფით დაიწყებს დილას და როცა შთაგონების წყაროს იპოვის, კვლავ შესანიშნავ სიმღერებს დაწერს. დაწერს ყველაფერზე, რაც აწუხებს, უნდა თქვას და აღნიშვნის ღირსია.

ბიჭს ღია წაბლისფერი თმით და ცისფერი თვალებით უფრო ბევრი რამ აკავშირებს ბეთჰოვენთან, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.

ეს ბაჩო ჯიქიძეა, ადამიანი, რომელიც, უბრალოდ, მუსიკას ქმნის.

 

 

ნინო ტაბაღუა