ლადო პაპავა: „ის, რაც ლარს სჭირს, ლარის პრობლემა არ არის!“

პანდემიის დროს ეკონომიკური პროგნოზების გაკეთება თითქმის შეუძლებელია. ეკონომიკა მთლიანად დამოკიდებულია კოვიდ-19-ზე, თავის მხრივ, მედიცინაც ამომწურავ ინფორმაციას ვერ გვაძლევს და მხოლოდ პანდემიის შედეგად დაგროვილ გამოცდილებაზე დაყრდნობით აკეთებს დასკვნებს.
არჩევნებამდე, სულ რაღაც, ერთი თვე რჩება, ეპიდვითარება კი რთულდება და ინფიცირებულთა რაოდენობა დღითი დღე იზრდება. ყოველდღიურად უფასურდება ლარის კურსი. ლარის შემოღებიდან 25 წლის თავზე აქტიურად განიხილება მულტისავალუტო რეჟიმის შემოღების საკითხი.

რამდენად ეფექტიანად განაგრძობს მუშაობას მთავრობა? რატომ ცდილობს ეროვნული ბანკი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას? რა საფრთხეებს უკავშირდება მულტისავალუტო რეჟიმის შემოღება?
ამ და სხვა მნიშვნელოვანი თემების შესახებ „ქრონიკა+“ აკადემიკოს ლადო პაპავას ესაუბრა:

_ ბატონო ლადო, ბოლო პერიოდში საზოგადოება ხელისუფლებას სულ უფრო ხშირად აკრიტიკებს, რომ გაზაფხულზე 3 ინფიცირებულის გამო ყველაფერი შეაჩერეს, დღეს კი ყოველდღე 400-ზე მეტი შემთხვევაა და ხელისუფლება მსგავსს გადაწყვეტილებებს არ იღებს. ამ გადმოსახედიდან რამდენად ადეკვატურად იმოქმედა, თავის დროზე, ხელისუფლებამ?
_ დღევანდელი დღის შედარება მარტთან ან აპრილთან არასწორია, რადგან მაშინ პანდემიის საწყისს ეტაპზე ვიყავით. არანაირი ინფორმაცია და გამოცდილება არ არსებობდა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას არ ჰქონია კონკრეტული რეკომენდაციები, ამიტომ ყველა ქვეყანა ისე იქცეოდა, როგორც თვითონ მიიჩნევდა საჭიროდ. საქართველოს მთავრობას არც ის ჰქონდა გარანტირებული, რომ სერიოზული დახმარების პაკეტს მიიღებდა საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებისგან თუ სხვადასხვა სახელმწიოფოებისგან, ამიტომ მწირი ეკონომიკური რესურსების მქონე ქვეყანამ მკაცრ ზომებს მიმართა. მაგალითად, იტალიას თავიდან არანაირი ზომებისთვის არ მიუმართავს და ვნახეთ, რა მძიმე ვითარებაშიც აღმოჩნდა იგი. ბრიტანეთმა თქვა, რომ ჯოგური იმუნიტეტი უნდა გამოვიმუშავოთო და სანამ ბორის ჯონსონს თვითონ არ დაემართა კორონავირუსი, ბრიტანეთსაც არ შემოუღია მკაცრი ზომები. იმ პერიოდში ყველა დამოუკიდებლად მოქმედებდა, არანაირი საერთაშორისო რეკომენდაცია არ მუშაობდა. დღეს კი დიდი ინფორმაცია დაგროვდა, სამედიცინო სექტორი უფრო მომზადებულია, ამდენი ხნის განმავლობაში პაციენტების მკურნალობით ექიმებმა შესაბამისი ცოდნა გაიფართოვეს. ამას ემატება ის ფინანსური მილიარდნახევრიანი პაკეტი, რომელიც ჩვენს ქვეყანას უცხოელებმა ასესხეს. ამიტომ ვიზიარებ ექიმების პოზიციას, რომელიც შემდეგ მთავრობამაც გაიმეორა, რომ თუ პანდემიის საწყისს ეტაპზე ექიმების ცოდნა იმის შესახებ, თუ რასთან გვაქვს საქმე, რამდენად საშიში ვირუსია, რა ზომებია საჭიროა, როგორია მკურნალობის გაიდლაინი, არ ჰქონდათ, ახლა უკვე ამის შესახებ ინფორმაცია არის. ტესტირების რესურსიც გაიზარდა, საწყისს ეტაპზე კი იგი მწირი იყო. თანაც ტესტირების მექანიზმები დაიხვეწა. კორონავირუსმა აჩვენა, რომ საზოგადოებას მოგვიწევს მასთან თანაარსებობა. გავრცელებული ინფორმაციით, ქმედითი ვაქცინა 2021 წლის ზაფხულში შეიქმნება, თუმცა დგება საკითხი _ ყველა გაიკეთებს თუ არა ამ ვაქცინას? საზოგადოების განწყობა არც ისე ოპტიმისტურია. როგორც ეპიდემიოლოგები ამბობენ, ისიც კი არავინ იცის, მომავალში შეიძლება გაჩნდეს, მაგალითად, კოვიდ-24 ან კოვიდ-27. სწორედ ამიტომ ჩვენ გადავედით ვირუსთან თანაარსებობის რეჟიმზე…
_ გავიხსენოთ შვედეთი, რომელმაც ეკონომიკას მიანიჭა პრიორიტეტი და თავიდანვე არ მიუღია მკაცრი ზომები. ხომ არ ფიქრობთ, მსგავსი მიდგომა უფრო ეფექტიანი იქნებოდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის?
_ მე ეკონომისტი ვარ და მეცნიერების შესაბამისი დარგის პატრიორტი გახლავართ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეკონომიკა ადამიანისთვის გვინდა და თუ ადამიანები მოკვდებიან, რა ჯანდაბად გვინდა შემდეგ ეკონომიკა?! ამიტომ როცა სასწორზე იდება ჯანმრთელობა თუ ეკონომიკა, რა თქმა უნდა, ადამიანის სიცოცხლე და მისი ჯანმრთელობა პრიორიტეტულია. ის ქცევითი კულტურა, რომელიც შვედებს აქვთ, ჩვენი ქცევითი კულტურისგან არსებითად განსხვავდება. ამ ქვეყანაში საზოგადოების ქცევის რეგულირება მთავრობის მოწოდებებით შედარებით ადვილია. გასათვალისწინებელია, რომ სკანდინავიის სხვა ქვეყნებში, ნორვეგიასა თუ დანიაში, შეზღუდვები შემოიღეს და შედარებით უკეთესი მდგომარეობაც აქვთ. ამიტომ ეს იყო შვედეთის მთავრობის რისკი. იგივე გააკეთა ბელარუსმა. ერთიანი მოდელი არც მაშინ და არც დღეს არსებობს. დღეს ყველა ქვეყანამ, მათ შორის, დასავლეთ ევროპის ქვეყნებმა, რომლებმაც თავიდან მთლად სერიოზულად არ შეხედეს კოვიდ 19-ის გავრცელებას, რაღაც პერიოდის შემდეგ მკაცრი ზომები მიიღეს და ახლა დაიწყეს ამ ზომების შესუსტება, რადგან ახლა კოვიდ-19-თან თანაარსებობის რეჟიმზე გადავედით. თუ ადრე იყო 14-დღიანი კარანტინი, ეს უკვე 8 დღემდე შემცირდა. ასევე ამუშავდა ახალი გაიდლაინები _ უსიმპტომო და მარტივ ფორმებს სახლში მკურნალობენ. ამდენად, მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის მთავრობას შეცდომა არ დაუშვია, ის მოქმედებდა ზუსტად იმ ინფორმაციულ ვაკუუმში, რომელშიც მთელი მსოფლიო იმყოფებოდა გაზაფხულის დასაწყისში. უბრალოდ, ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებს მეტი რესურსი ჰქონდათ და აქვთ შესაბამისი პროგრამების განსახორციელებლად, ხოლო საქართველოს ეს რესურსები მწირი აქვს. დღეს უკვე საგარეო ვალი ავიღეთ, რომელსაც მიზანმიმართულად და მომჭირნეობით უნდა ხარჯვა, თორემ ის ხომ გასასტუმრებელია.
_ ამ მოცემულობაში რამდენად ქმედითია მთავრობა ეკონომიკური თვალსაზრისით და რა საფრთხეები გველოდება?
_ ამაზე თქვენს გაზეთთან ადრეც გვისაუბრია და მკითხველს კიდევ ერთხელ შევახსენებ: იმ კრიზისის მიზეზები, რომელიც გლობალურადაა ეკონომიკაში, თავად ეკონომიკაშივე არ დევს. ეს კრიზისი არ ჩასახულა ეკონომიკაში, ეს გამოიწვია პანდემიამ. სანამ ეს პანდემია არ დასრულდება და მედიცინა არ დაამარცხებს კოვიდ-19-ს, ეს კრიზისიც არ დასრულდება. ამიტომ ეკონომიკა კვლავ მედიცინის მძევლად რჩება. რაც შეეხება პროგნოზს, ჩვენ ისიც კი არ ვიცით, დაიწყო თუ არა მეორე ტალღა. წამიკითხავს მედიკოსთა შეფასებები, რომ იქნება მესამე, მეოთხე და მეხუთე ტალღაც. თუ მეორე და შემდგომი ტალღები არ განვითარდა, ეკონომიკა უფრო თანმიმდევრულად გაჯანსაღდება. ახლა გრიპის სეზონი იწყება და ეს როგორ დაამძიმებს საერთო ფონს, ჩვენ არ ვიცით. თანამოქალაქეების უმრავლესობა აიცრება თუ არა გრიპზე? ვაქცინები სამყოფი იქნება? _ ამ კითხვებზე პასუხები არ გაგვაჩნია. შესაბამისად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზები ეკონომიკის შესახებ, როგორც მსოფლიოსთან ასევე საქართველოსთან მიმართებით, ნაკლებ სარწმუნოა. მათი თქმით, წელს 4%-ზე მეტი კლება უნდა იყოს, 2021 წელს კი 5%-იანი მატება და ეკონომიკური აღმავლობა იქნება. ამ პროგნოზის ნაკლებად მჯერა. დარწმუნებული ვარ, სავალუტო ფონდი ამ პროგნოზს გადახედავს, რადგან არავინ იცის, როდის დასრულდება პანდემია. გასულ კვირას ინფორმაციას გავეცანი, რომ ისრაელში კოვიდ-19-ის მკურნალობის ძალიან ეფექტიანი საშუალება შექმნეს და ე. წ. უიმედო პაციენტების განკურნებაც კი დაიწყო. ეს თუ მართალია, მაშინ გარდაცვლილთა შესაძლო რაოდენობის მატება ისეთი არ იქნება, როგორიც დღესაა. რუსეთმა კი გამოაცხადა, ვაქცინა გვაქვსო და მთელმა მსოფლიომ შეუტია, _ ასე მოკლე დროში როგორ შექმნიდითო?! ეს რუსეთის მხრიდან პოლიტიკურ ეფექტზე გათვლილი ნაბიჯი იყო. ისე კი საინტერესოა, ვინმე თუ გაიკეთებს რუსულ ვაქცინას? ვეჭვობ, თავად რუსეთშიც კი არ გაიკეთებენ მას. ასევე არსებობს კითხვა, _ 2021 წლის ზაფხულისთვის რამდენად სანდო, საიმედო ვაქცინა შეიქმნება? აქედან გამომდინარე, წინასწარ ვერ ვიტყვით, რამდენპროცენტიანი ვარდნა იქნება წელს და რა გველის ეკონომიკაში 2021 წელს. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ვირუსის ირგვლივ უამრავი ყალბი ინფორმაცია ვრცელდება, რასაც ზოგიერთი პოლიტიკური მიზნებისთვისაც იყენებს. ამას ემატება აზერბაიჯან-სომხეთის ომი, რამაც შეიძლება, სერიოზული გავლენა იქონიოს საქართველოს ეკონომიკაზე. იქ თუ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყო და გაჩნდა იძულებით გადაადგილებულ პირთა ნაკადი, იგი მნიშვნელოვანწილად საქართველოსკენ დაიძრება. ამ საკითხში აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობა. ამერიკას თავისი პრობლემები აქვს, _ ინფიცირებულია პრეზიდენტი ტრამპი და პირველი ლედი. აშშ-ი არჩევნებია და უმთავრესად ამ მიმართულებით არიან გადართულები. ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღნიშნულ პროცესებში ამერიკა გვერდზე დადგება, მაგრამ ისმის კითხვა, _ რამდენად და რა კუთხით ჩაერთვება? ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ვერ გეტყვით ეკონომიკური ვარდნისა და ზრდის პროგნოზებს. ჩემს წერილში, რომელიც ქართულ და უცხოურ მედიაში გამოვაქვეყნე, ვსაუბრობ იმაზე, არის თუ არა ვაქცინა პანაცეა. ყველაზე კარგი და სანდო ვაქცინა რომც შეიქმნას, ის, სავარაუდოდ, მაინც ვერ იქნება პანაცეა.
_ რატომ?
_ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დღეს სოციალურ ქსელში ძალიან გავრცელებულია „ოქროს მილიარდის თეორია“, რომლის თანახმადაც 7 მილიარდი მოსახლეობა დედამიწისთვის ბევრია და ის უნდა შემცირდეს 1 მილიარდამდე. ამას დაემატა ის, რომ ამ თეორიის ავტორებმა გამოიყენეს ბილ გეითსის ზოგიერთი განცხადება, რომლის ირგვლივაც ასევე ბევრი დაუსაბუთებელი ამბავი გავრცელდა. შესაძლოა, ვაქცინა საიმედოც და ეფექტიანიც იყოს, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციიდან გამომდინარე, ადამიანებს შესაძლოა, აღარ გაუჩნდეთ ვაქცინის მასობრივად გაკეთების სურვილი.
ვაქცინაცია ორი სახეობის გვაქვს: საყოველთაო-იძულებითი და მასობრივ-ნებაყოფლობითი. საყოველთაო-იძულებითის შემოღების მცდელობა იყო ავსტრალიაში, თუმცა იგი ჩაფლავდა, რადგან დემოკრატიულ საზოგადოებაში საყოველთაო-იძულებითი მექანიზმის გამოყენება ყოველთვის არ არის შესაძლებელი. მასობრივ-ნებაყოფლობითი კი სერიოზულ მუშაობასა და ახსნა-განმარტებებს მოითხოვს იმისთვის, რომ მოსახლეობაში მართლაც გაჩნდეს ნდობა ვაქცინის მიმართ. ეს არ არის მარტივი. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით დღეს არავინ საუბრობს. ამიტომ ის პროგნოზი, რაც სავალუტო ფონდს აქვს საქართველოსთან მიმართებით, იმ დაშვებაზეა გაკეთებული, რომ ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაცია დროის მოკლე ინტერვალში განხორციელდება. თუ საზოგადოება არ დათანხმდა, მაშინ, უკეთეს შემთხვევაში, 2021 წელს არათუ 5%-იანი, არამედ 2%-იანი ზრდაც სანატრელი გვექნება.
ავადმყოფობის გავრცელების ყველაზე ქმედითი გზა ადამიანებს შორის კონტაქტია, ამიტომაც შეიზღუდა ის, _ სადაც შესაძლებელი იყო, სამუშაოები ონლაინ რეჟიმზე გადავიდა. მაგალითად, ონლაინ გაყიდვები, ონლაინ სწავლება და ა. შ. სხვა საკითხია, ეს რამდენად ხარისხიანია, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, შესაძლებელია. მაგრამ ნებისმიერ საქონელს ონლაინ რეჟიმში ვერ აწარმოებ. ამიტომაც ამან თითქმის ყველაფრის გაჩერება გამოიწვია.
რამდენიმე ქვეყანასთან საზღვარი გავხსენით და იქიდან ჩამოსული უცხოელები არ გადიან კარანტინს. მათთვის საკმარისია ის დოკუმენტი, რომ არ აქვთ კოვიდ-19, თუმცა ტურისტები არ მოგვაწყდა, რადგან ეკონომიკა იმ ქვეყნებშიც გაჩერდა, ე. ი. იმ ქვეყნის მოსახლეობამაც დაკარგა შემოსვალი და შესაძლოა, წამოსასვლელად ფინანსური რესურსი დიდად არ ემეტებოდეს. რომც წამოვიდეს, მაინც რისკია გზაში. თან, რადგან ფრენები შეწყვეტილია და მხოლოდ რამდენიმე ავიაკომპანია მუშაობს, ბილეთის ფასები გაძვირდა. ამ ვითარებაში კი, ბუნებრივია, ვერ ჩამოვიდა იმ რაოდენობის ტურისტი, რამდენიც პანდემიამდე გვსტუმრობდა.
_ ჩვენი ქვეყნის მთავრობამ თავისი გადაწყვეტილებით გონიერება გამოიჩინა?
_ შემიძლია მკაფიოდ გითხრათ: არ მაქვს არანაირი არგუმენტი, რომ განსაკუთრებით კრიტიკული ვიყო ჩვენი მთავრობის მიმართ. მათ ყოველ ნაბიჯში სიფრთხილეს ვხედავ. მე რომ მათ ადგილას ვიყო, შეიძლება, რაღაც განსხვავებული ნაბიჯები გადამედგა ანტიკრიზისულ გეგმასთან მიმართებით, მაგრამ პრინციპულად არაფერს შევცვლიდი. მთავრობა აბსოლუტურად სწორად მოიქცა. ამ კონტექსტში ოპოზიციას რაც შეეხება, ნებისმიერ ქვეყანაში ნებისმიერი ოპოზიციის მთავარი დანიშნულება მთავრობის კრიტიკაა, მით უფრო, წინასაარჩევნო პერიოდში.
_ ექსპერტების გარკვეული ნაწილი და ოპოზიციური სპექტრი ვარაუდობს, რომ კოვიდ-19, რომელიც წინასაარჩევნოდ მმართველი გუნდის მოკავშირე აღმოჩნდა, არჩევნებამდე იგი უარყოფითად შემოუბრუნდება „ქართულ ოცნებას“. იზიარებთ ამ მოსაზრებას?
_ „მელას რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო“. ოპოზიციას გამარჯვება უნდა და ყველა გზას გამოიყენებს ხელისუფლების გასალანძღად. ასე იყო ყოველთვის და ასე იქნება მომავალშიც. თუ „ქართულმა ოცნებამ“ 31 ოქტომბრამდე რამე პრინციპული შეცდომა არ დაუშვა, უპირობოდ გამარჯვებულია. ხელისუფლების მთავარი პრობლემა არა კოვიდ-19, არამედ ოპოზიციის პროვოკაციებია. აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შტოებში ძალიან ბევრი პორტირებული „ნაცია“, რომელიც „ნაცების“ დაბრუნებას ელოდება, ხოლო ზოგიერთი მათგანი კი შეიძლება აქტიურადაც იყოს პროვოკაციებში ჩართული.
_ გასულ კვირას ლარის შემოტანიდან 25 წელი გავიდა. იმ ფონზე, როცა ლარი დღითი დღე უფასურდება, მულტისავალუტო რეჟიმის შემოღების საკითხი განიხილება. რამდენად ლოგიკურია დღეს ამ საკითხის დაყენება?
_ საუკუნის მეოთხედია, რაც ლარი შემოღებულია. მან ქვეყანაში მიმდინარე ყველა პოლიტიკურ მოვლენას გაუძლო. მკაფიოდ მინდა ითქვას: ყველას, ვინც ლარის წინააღმდეგ გამოდის, ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია უჭირავს. შეიძლება, არც კი აქვთ გაცნობიერებული, რომ მათ ქართული სახელმწიფო არ უნდათ. ჩემთვის ეს ერთმნიშვნელოვანია. აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერი პროვოკაციული მსჯელობა ლართან მიმართებით. ჩვენ ეს მძიმე „გაკვეთილი“ არაერთხელ გავიარეთ.
როდესაც ლარის შემოღებაზე ვმუშაობდით, მაშინაც კი დღის წესრიგში დადგა თემა, ლარი უნდა იყოს თუ არა ერთადერთი კანონიერი საგადამხდელო საშუალება, თუ მასთან ერთად თავისუფალ ბრუნვაში უნდა გამოიყენებოდეს სხვა ვალუტებიც? სამწუხაროდ, იმდროინდელი მთავრობის ეკონომიკურ გუნდშიც იყვნენ ისეთები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ლარი არ უნდა იყოს ერთადერთი კანონიერი საგადამხდელო საშუალება.
_ რა საფრთხეები იქნება მოსალოდნელი, თუ ლარი არ იქნება ერთადერთი კანონიერი საგადამხდელო საშუალება?
_ თუ ლარი არ იქნება ერთადერთი კანონიერი საგადამხდელო საშუალება და ნებისმიერ ვალუტას გამოვიყენებთ, მაშინ ვალუტის გადაცვლა ქვეყანაში უმთავრესსა და დიდ ბიზნესად იქცევა. მაღაზიაში გამყიდველს არ ეცოდინება, თუ რომელ ვალუტაში დააფიქსიროს ფასი, მას მუდმივად უნდა ეჭიროს კალკულატორი და თვალყური ადევნოს, თუ რა ხდება სავალუტო ბაზარზე. როდესაც ქვეყანას საკუთარი ვალუტა არ გააჩნია და სადმე კრიზისია, იგი ავტომატურად აისახება მოცემულ ქვეყანაზეც. რა თქმა უნდა, ეროვნული ვალუტა არ არის სავალუტო კრიზისისგან დაცვის აბსოლუტური გარანტი, მაგრამ მის გარეშე ყოფნა სრული დაუცველობაა. ლარის შემოღების დროსაც იყო მცდარი და მავნებლური მიდგომები, რომ ლარი არ გვჭირდება და რომ მას მულტისავალუტო სისტემა სჯობს… ეს ყველაფერი გავიარეთ! ღვთის მადლით, ლარი შემოვიღეთ და მკაფიოდ ვაცხადებ: ერთადერთი ჯანსაღი, რაც ქართულ ეკონომიკაში გვაქვს ეს ლარია.
_ იმ გაუფასურებული კურსის მიუხედავად, რაც დღესდღეობით გვაქვს?
_ დიახ, ამის მიუხედავად! დავუშვათ, ადამიანი ავადაა და როცა თერმომეტრი სიცხეს აჩვენებს, ეს თერმომეტრის ბრალია?! ლარის გაუფასურება ჩვენი ეკონომიკის განუვითარებლობის ბრალია. როდესაც იმპორტი, თითქმის, 3-ჯერ მეტია, ვიდრე _ ექსპორტი, როცა ჩვენს სამომხმარებლო კალათაში 4/5 იმპორტული საქონელია, ლარი სტაბილური როგორ იქნება? ანუ ეკონომიკაა ავად. შეიძლება, ადამიანი ისე არ ხურდეს, როგორც თერმომეტრი გიჩვენებს, რადგან შესაძლოა, თერმომეტრი იყოს გაფუჭებული, ეს კი რა, ვერცხლისწყლის ბრალი იქნება?! როდესაც ეროვნული ბანკი შეცდომებს უშვებს, ეს ლარის ბრალია?! ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, ლარის კურსი ჩემი საზრუნავი არ არისო, რომ მე მხოლოდ ინფლაციაზე ვარ ორიენტირებულიო. არც ესაა ლარის ბრალი. ლარის მიმოქცევაში გამშვები ეროვნული ბანკია, ხოლო მთავრობა, რასაც გადასახადებს, საგარეო ვალს აიღებს და რასაც გრანტებს მისცემენ, იმას ხარჯავს, მაგრამ მთავარი ეროვნული ბანკია. იგივე ოპოზიციას აწყობს ისრების გადატანა მთავრობაზე, რადგანაც მთავრობა პოლიტიკური ორგანოა, ხოლო ეროვნული ბანკი კი მხოლოდ პროფესიული ორგანო უნდა იყოს.
როგორც ცნობილია, წლებია, რაც საქართველომ ინფლაციის თარგეთირებაზე აიღო კურსი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ერთადერთი მიზნობრივი მაჩვენებელი ინფლაციაა. ეს კი შეცდომაა. ნობელის პრემიის ლაურეატმა ეკონომიკაში, ჯოზეფ სტიგლიცმა ათ წელზე მეტია, რაც მარტივად დაასურათა, რომ იმპორტდამოკიდებულ ქვეყანაში ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი არ მუშაობს, რადგან თუ იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ხარ, დამოკიდებული ხარ იმაზე, თუ როგორ იცვლება ფასები საერთაშორისო დონეზე და როგორია გაცვლითი კურსი, ამიტომ მარტივად ინფლაციას ვერ მოთოკავ. საქართველო დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა, ამიტომ ინფლაციის თარგეთირების შემოღება თავიდანვე შეცდომა იყო, თუმცა ეს გახლდათ ტრენდული, რომელიც 90-იან წლებიდან წამოვიდა ახალი ზელანდიიდან და მსოფლიოს დიდ ნაწილს მოედო. დრო კი გვიჩვენებს, რომ ვითარება შეიცვალა. ამ ნაწილში მთავარია, როგორ დაითვლება ინფლაციის მაჩვენებელი. ინფლაცია ასახავს სამომხმარებლო კალათაში შესული პროდუქტებისა და მომსახურების ფასების საშუალო დონის ზრდას. დიდი მნიშვნელობა აქვს, რისგან შედგება ეს კალათა. საქართველოს სამომხმარებლო კალათაში სურსათის წილი მხოლოდ 30%-ია, მაშინ, როცა ეკონომიკურად ჩვენი დონის ქვეყნებში სურსათის წილი 50%-ია. ამიტომ ინფლაციის ის მაჩვენებლი, რომელიც ჩვენში გამოიყენება, ფასების დონის ცვლილების რეალურ სურათს არ ასახავს. მაგალითად, აშშ-ში კვების პროდუქტებს სამომხმარებლო კალათაში მხოლოდ 15% უჭირავს, რადგან იქ შემოსავლები ბევრად მეტია და ადამიანი სხვა რამეზე უფრო მეტს ხარჯავს, ვიდრე _ სურსათზე. ღარიბ ქვეყნებში კი, პირველ რიგში, კვებაზე მიდის მოსახლეობის ხელთ არსებული ფულის დიდი ნაწილი. სამომხმარებლო კალათის ეს მცდარი მოდელი ჯერ კიდევ სააკაშვილის მმართველობისას გაკეთდა და მას შემდეგ არ შეცვლილა. ამიტომ ინფლაციის გამოქვეყნებული მაჩვენებელი რეალობას დაშორებულია.
დავუბრუნდეთ ინფლაციის თარგეთირების რეჟიმს: მარტივად გეტყვით, ადამიანი ავტომობილის მართვისას არა მხოლოდ სპიდომეტრს, არამედ, მაგალითად, საწვავის რაოდენობასაც აკონტროლებს, ასევე უყურებს ქუჩაში რა ხდება, ვინმე ხომ არ გადარბის თუნდაც ისეთ ადგილას, სადაც გადასასვლელი არ არის. პარალელი რომ გავავლოთ, ეროვნული ბანკი მხოლოდ ინფლაციის „სპიდომეტრს“ უყურებს, სხვა მაჩვენებლები მისთვის მეორეხარისხოვანია ან საერთოდ არ არის გასათვალისწინებელი. ამის საუკეთესო მაგალითია ლარის გაცვლითი კურსისადმი ეროვნული ბანკის დამოკიდებულება. ეს კი შეცდომაა! ამას ისიც ემატება, რომ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა, როგორც წესი, დუმს, მაშინ, როცა აუცილებელია, ხშირად აკეთებდეს განცხადებებს, რომ სავალუტო ბაზარი დამშვიდდეს.
პანდემიის პერიოდში საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან მითითება წამოვიდა რეზერვების დახარჯვაზე. ეროვნული ბანკი უცხო ვალუტაში აგროვებს რეზერვებს კრიზისის პერიოდში გამოსაყენებლად. ახლა გვაქვს კრიზისი და მაინცდამაინც ვაშინგტონიდან უნდა მოგვცენ მითითება, რომ რეზერვის ნაწილი დავხარჯოთ?! სამწუხაროდ, ეროვნული ბანკი ამასაც შეცდომით აკეთებს, რადგანაც წინასწარ აცხადებს, როდის და რამდენს დახარჯავს, რაც სპეკულაციურ ქმედებებს უწყობს ხელს. თან ყოველ ჯერზე 40 მილიონი რატომ გამოაქვს?! მან საჭიროების მიხედვით უნდა დახარჯოს და არა სტანდარტულად ყოველთვის 40 მილიონი. შესაძლოა, რაღაც მომენტში 47 მილიონი იყოს საჭირო ან 12 მილიონიც კი ეყოს სავალუტო ბაზარზე სიმშვიდის შენარჩუნებას _ სიტუაციას გააჩნია. ფაქტია, რომ ეროვნული ბანკი, თავისივე ნებით, სავალუტო ბაზარზე „თამაშგარე მდგომარეობაშია“.
_ ეროვნული ბანკის თამაშგარე მდგომარეობაში ყოფნას რით ხსნით? რატომ გაურბის იგი პასუხისმგებლობას? თუ ხელმძღვანელობის კომპეტენციის პრობლემაა?
_ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა საკმაოდ კარგი განათლება მიიღო. თანაც, სავალუტო ფონდშიც ნამუშევარია და გამოცდილებაც აქვს, თუმცა, როგორც ჩანს, მისი სუსტი მხარე პიროვნული თვისებებია. ის დავალებებს ელოდება ვაშინგტონიდან. დიდი ალბათობით, ის ფიქრობს, რომ მეორე ვადით არ აირჩევენ და ისევ ვაშინგტონში დაბრუნება სურს. ამიტომ არ ართულებს სავალუტო ფონდთან ურთიერთობას. გასათვალისწინებელია, რომ დღეს სავალუტო ფონდმაც არ იცის ზუსტად, თუ როგორ მოიქცეს. მახსოვს, ჩვენი მთავრობის დროს მაღალ დონეზე ვთანამშრომობდით სავალუტო ფონდთან, თუმცა დავალების ფორმულირებაში კორექტივები შეგვქონდა. ამიტომ მოხერხდა ლარის შემოღება. 1998 წელს კი რუსეთის დეფოლტი საქართველოს ეკონომიკაზე გადმოვიდა და ლარს დაარტყა, ჩვენ მოგვიწია სავალუტო ფონდის მცდარი რეკომენდაციების არგაზიარება, რითაც ქვეყნის საბანკო სისტემა გადავარჩინეთ.
_ ლარის გაუფასურების თემა მნიშვნელოვანია თითოეული მკითხველისთვის. მესმის, რომ პროგნოზის გაკეთება რთულია, მაგრამ რამდენად შესაძლებელია, თქვენი, როგორც ეკონომისტის, შეფასებით სამომავლოდ რა მოცემულობის წინაშე ვიქნებით?
_ ჩემთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან ხელფასს ლარში ვიღებ და როგორც ჩვენი ნებისმიერი თანამოქალაქისთვის, ეს პრინციპული საკითხია, მაგრამ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ: ის, რაც ლარს სჭირს, ლარის პრობლემა არ არის. ჩვენ ყველა უნდა გავუფრთხილდეთ ლარს არა მხოლოდ იმიტომ, რომ მას ეროვნული სიმბოლიკა ახატია, არამედ იმიტომაც, რომ ლარი გვჭირდება ჩვენი ეკონომიკისთვის. ლარი გვიჩვენებს, რომ ეკონომიკა არაჯანსაღ მდგომარეობაშია და რომ ეროვნული ბანკი ბოლო წლებია, მას ჯეროვნად ვერ მართავს. რაც შეეხება პროგნოზს, მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობა, რომელიც არჩევნების შემდეგ თავიდან დაკომპლექტდება, შეძლებს ეკონომიკის წარმატებით გაძღოლას. რაც შეეხება ეროვნულ ბანკს, მას უფრო გამართლებული რეკომენდაციების მიღება დასჭირდება საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან, რადგან დღევანდელ ხელმძღვანელობას დამოუკიდებლად სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი, სამწუხაროდ, არ გააჩნია.

ნენე ინჯგია