1917 წლის მარტი

1917 წლის მარტი ორი მნიშვნელოვანი მოვლენით გამოირჩა, რომლებმაც თითქმის მთლიანად განდევნეს სხვა ცნობები საგაზეთო ფურცლებიდან: რუსეთის თებერვლის რევოლუცია და ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა.

რევოლუცია

თებერვლის ბოლოს რუსეთის იმპერიაში შექმნილმა მძიმე სოციალურ-ეკონომიკურმა ვითარებამ სახალხო მღელვარება გამოიწვია, რომელიც მალე რევოლუციაში გადაიზარდა. გაზეთი „საქართველო“ რუსეთის რევოლუციას დაწვრილებით აშუქებდა. მართალია, იმ პერიოდში რუსეთიდან საქართველოში ინფორმაცია რამდენიმე დღის დაგვიანებით მოდიოდა, მაგრამ საერთო სურათი გაზეთში მაინც ნათლად იხატება. 9 მარტის ნომერში გაზეთი „რევოლუციის დღიურს“ აქვეყნებს, სადაც საკმაოდ დეტალურად არის გადმოცემული რევოლუციის ქრონოლოგია. რევოლუცია 24 თებერვალს დაიწყო და მისი მიზეზი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და პურის დეფიციტი გახდა: „პირველი სარევოლუციო მოძრაობა პეტროგრადში 24 თებერვალს დაიწყო ვიბორგის მხარეს. იქ ფურნეებისა და საკონდიტორების წინ დაუსრულებელი კუდები იდგა პურის მოლოდინში, მაგრამ პური აღარ იშოვებოდა. ხალხმა ჯგუფ-ჯგუფად იწყო თავის მოყრა. მერე მიესივნენ ფურნეებს ყვირილით: „პური“, „პური“ და ქუჩაში დაიწყეს სიარული. დაბინდებისას პოლიციამ გაფანტა ხალხი“.
მეორე დღეს ხალხი უკვე პეტროგრადის ქუჩებში გამოვიდა. რუსეთის დედაქალაქი თანდათან უმართავი ხდებოდა. ალექსანდრე მესამის ძეგლთან უზარმაზარი წითელი ბაირაღი აფრიალდა. ამ დღეს პოლიციამ და კაზაკთა ცხენოსანმა რაზმმა მიტინგის დაშლა მოახერხა, მაგრამ ცხადი გახდა, რომ მთავრობა ხალხს ძალით ვეღარ შეაკავებდა. პირველი მსხვერპლი 25 თებერვალს დაფიქსირდა: „მანიფესტანტებს ლიტეინის ხიდთან წინ შეეგება მეორე მხრიდან მომდინარე მუშათა ტალღა და ერთად გაემართნენ. გამოჩნდა პოლიციელთა და კაზაკთა რაზმები. მათ ხალხს ურჩიეს დაიშალენითო. ხალხი გზას განაგრძობდა. პოლიციამ იარაღს მიჰმართა. რამდენიმე ათეული კაცი დაიჭრა, ბევრი მათგანი – მძიმედ“.
საღამოს უკვე სერიოზული შეჯახება მოხდა: „პირველად სისხლი დაიქცა ყაზანის მოედანზე, სადაც დიდძალ ხალხს ჯარი გადაეღობა. პირველად ჰაერში ისროლეს. ხალხი მიწაზე დაემხო. ჯარი პირქვე დამხობილ ხალხს თოფებს უშენდა უკვე გატენილი პატრონებით. 60-მდე მოკლული და დაჭრილია“.
საბოლოოდ, ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ნიკოლოზი ტახტიდან გადადგა. ჯარისკაცები რევოლუციას მიემხრნენ. ჩამოყალიბდა დროებითი მთავრობა, რომელსაც სათავეში თავადი ლვოვი ჩაუდგა. მეფე და მისი ოჯახი დააპატიმრეს.
რუსეთში მთავრობის შეცვლასთან ერთად ცვლილება მოხდა ამიერკავკასიის მმართველობაშიც. კავკასიის მეფისნაცვალმა ძალაუფლება დაკარგა და რუსეთში გაემგზავრა. მის ნაცვლად თბილისში დროებითი მთავრობის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ, რომლებსაც კავკასიის მართვა-გამგეობის საქმე უნდა მოეგვარებინათ. ამ ფაქტს გაზეთი „საქართველო“ დიდ რეპორტაჟს უძღვნის: „18 მარტს თბილისი დიდის მოუთმენლობით მოელოდა რუსეთის ახალ მთავრობის კომისარებს. დილის 9 საათიდან აუარებელი ხალხი მიაწყდა რკინის გზის ვოგზალს…
სრულს 10 საათსა და 13 წუთზედ მატარებელი მოვიდა. ვაგონიდან პირველად ჩამოვიდა კომისარი – მოქალაქე ვ. ა. ხარლამოვი, მას მოჰყვნენ ბ-ნი ჯაფაროვი და პაპაჯანოვი. ალ. ხატისოვმა სიტყვა უთხრა კომისარებს. ამ უკანასკნელებმა საპატიო დარაჯს ჩამოუარეს და მიესალმნენ. შემდეგ მშვენიერი სიტყვით მიჰმართა შეკრებილ საზოგადოებას ბ-ნმა ხარლამოვმა. მან ბრძანა: ტირანი დავსცით. თავისუფლება მოვიპოვეთ, მაგრამ ჯერ კიდევ დიდი შრომა მოგვინდება თავისუფლების შესანარჩუნებლადო. კომისარები ავტომობილით წამოვიდნენ სასახლეში. ზღვა ხალხი დიდის აღტაცებით ეგებებოდა მათ მოედნებსა და ქუჩებში…“

ქართული ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის აღდგენა

რუსეთში მომხდარი პოლიტიკური ცვლილებით ყველაზე ადრე საქართველოს სამღვდელოებამ ისარგებლა. 1917 წლის 12 მარტს მცხეთაში, სვეტიცხოვლის ძველ საკათედრო ტაძარში უამრავმა მოქალაქემ მოიყარა თავი. როგორც გაზეთ „საქართველოს“ 15 მარტის ნომერში დაბეჭდილი წერილიდან ირკვევა, ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას 10 ათასზე მეტი ადამიანი დაესწრო. ხალხი მცხეთისკენ ადრე დილიდან დაიძრა. დღესასწაულზე დასწრების მსურველთა რაოდენობა იმდენად დიდი იყო, რომ მცხეთის მიმართულებით იმ დღეს განრიგით გათვალისწინებული ორი მატარებლის გარდა, დამატებით, კიდევ ერთი სამგზავრო შემადგენლობა დაინიშნა.
სვეტიცხოველში თავი მოიყარა ქართული სამღვდელოების ყველა მნიშვნელოვანმა პირმა, რომელიც იმ დროს ქვეყანაში იმყოფებოდა. აქ გახლდათ საქართველოს ოთხივე მღვდელმთავარი. ეპისკოპოსები: ლეონიდე, გიორგი, ანტონი და პიროსი; თბილისისა და სრულიად საქართველოს სამღვდელოება ქართლ-კახეთიდან, გურია-ოდიშიდან; თავადაზნაურთა საგუბერნიო და სამაზრო მარშლები; საქართველოს გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეები.
დილის 10 საათზე დაიწყო წირვა, რომელსაც გურია-ოდიშის მღვდელმთავარი ლეონიდე ოქროპირიძე უძღვებოდა: „ყოვლად სამღვდელო ლეონიდემ დღესასწაულის შესაფერისი სიტყვა წარმოსთქვა და მიულოცა მლოცველთ საქართველოს დაქვრივებული ეკლესიის განახლებულ ცხოვრების დაწყება. ნაწირვებს ტაძრის გალავანში გადახდილ იქმნა სამადლობელი პარაკლისი რუსეთის ძველის წესწყობილების შემუსვრისა და თავისუფლების დამყარებისთვის. პარაკლისის გათავების შემდეგ სამღვდელოება და მლოცველნი ისევ ტაძარში შევიდნენ, მოიხსენიეს პატარა კახი, გიორგი საქართველოს უკანასკნელი მეფე, პოზიციებსა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში დახოცილნი, ადღეგრძელეს საქართველოს ეკლესიისთვის წამებულნი მღვდელთმთავარი კირიონი და დავითი და არქიმანდრიტი ამბროსი, რომელნიც ამ სანეტარო წამსაც კი სამშობლოს გარედ არიან ხორციელად. ამას მოჰყვა წაკითხვა ოქმისა, რომლითაც გამოცხადებულ იქმნა: გაგრძელება საქართველოს ავტოკეფალურის ცხოვრებისა, არჩევა ეპისკოპოს ლეონიდესი საქართველოს ეკლესიის დროებით გამგედ და აღმასრულებელ კომიტეტისა, რომელმაც უნდა ჩაიბაროს საქართველოს ეკლესიის საქმეები…“
წირვის შემდეგ სვეტიცხოველის ეზოში ერთგვარი მიტინგი გაიმართა, სადაც ორატორებმა ხალხს საქართველოს სრული დამოუკიდებლობის მოპოვებისკენ მოუწოდეს. გაშლილი იყო საზეიმო სუფრა. დღესასწაულმა საღამოს შვიდ საათამდე გასტანა.
ამავე ნომერში დაბეჭდილია სპეციალური ოქმი, რომელიც ქართველმა მღვდელმთავრება მიიღეს ავტოკეფალიის აღდგენასთან დაკავშირებით: „ვინაიდან საქართველოს ეკლესია არსებობდა დამოუკიდებლად, რომელსაც ჰქონდა მსოფლიო კრებათა დასტური, რომლის მოსპობა, ანუ გაუქმება არ ექვემდებარებოდა არავითარ ძალას, გარდა მსოფლიო კრებათა და სრულიად არაკანონიკურად შეუჩერეს მისი ავტოკეფალური მართვა-გამგეობა, რომელსაც აღარ შეესაბამება საქართველოს ეკლესიის უფლება-ახდილად ყოფნა, ამისათვის აუცილებლად ვსცანით ერთხმად და ერთსულოვნად დავადგინოთ:
ა) საჩქაროდ განგრძობილი იქმნეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალური მართვა-გამგეობა, ხოლო ვიდრე სრულ-კანონიკურ ნიადაგზე მოხდებოდეს საქართველოს ეკლესიის კათოლიკოზის არჩევა, დროებით დაინიშნოს კათოლიკოზის ადგილის აღმავსებლად საქართველოს ეკლესიის გამგედ სამღვდელო და საერო პირთაგან შემდგარი დროებით აღმასრულებელი კომიტეტი გურია-სამეგრელოს ეპისკოპოზის ლეონიდეს თავმჯდომარეობით.
ბ) ვინაიდგან საქართველო გულწრფელად აღიარებს რუსეთის ახალ მთავრობასთან სრულ სოლიდარობას თვისის არსებობის ქვაკუთხედად, ამისთვის ეს დადგენილება მოხსენდეს რუსეთის ახალ მთავრობის თავმჯდომარეს ბ. როდზიანკოს, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს თავად ლვოვს, სინოდის ობერ პროკურორს ბ. ლვოვს და ეცნობოს თბილისში კავკასიის კომისარიატს“.
ავტოკეფალიის აღდგენის შესახებ ცნობებს გაზეთ „საქართველოს“ მარტის თითქმის ყველა ნომერში წააწყდებით. აქ გადმოცემული ინფორმაცია საშუალებას გვაძლევს, ყოველდღიურ რეჟიმში თვალყური ვადევნოთ, თუ როგორ ხდებოდა ქართული ეკლესიის რუსეთისგან ჩამოშორება. 17 მარტის ნომერში გამოქვეყნებულია მცხეთაში არჩეული სრულიად საქართველოს კათოლიკოსის მოსაყდრის ეპისკოპოს ლეონიდეს წერილი, რომელიც საქართველოს ეგზარქოს პლატონისთვის არის განკუთვნილი. ლეონიდე აღნიშნავს, რომ რუსეთში რევოლუციის შედეგად მოსულმა ახალმა ხელისუფლებამ საჯაროდ აღიარა სინდისისა და სარწმუნოების თავისუფლება და ამის გათვალისწინებით, საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავართა და საერო პირთა წარმომადგენელთა კრებამ ქართული ეკლესიის ავტოკეფალია აღადგინა.
ამავე წერილით ეპისკოპოსი ლეონიდე ეგზარქოს პლატონს უთვლის, რომ საქართველოში მისი ძალაუფლება დასრულებულია: „ამიერიდან თქვენ იურიდიულათ და ფაქტიურად აღარა ბრძანდებით საქართველოს ექსარხოსად და ქართლ-კახეთის მთავარ-ეპისკოპოსად, გერთმევათ უფლება განაგოთ საქართველოს ეპარქიები და მრევლები, სასულიერო სასწავლებლები და საეკლესიო დაწესებულებანი საექსარხოსოსი, საქართველოს საკათოლიკოსოს საზღვრებში, აგრეთვე გერთმევათ ის კრედიტი, საქართველოს ეკლესიის შესანახად რომ უნდა გადაიდოს ხოლმე; საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობას, კათოლიკოსის არჩევამდე, ამიერიდან, კრების დადგენილებით, ვიწყებ მე“.
18 მარტის ნომერში გამოქვეყნდა ლეონიდეს განკარგულება, რომელიც ყველა ქართველ მღვდელმსახურს ეგზავნებოდა. ამ განკარგულების მიხედვით: წყდებოდა ყველა კავშირი საეგზარქოსოსთან და სასინოდო კანტორასთან; ამიერიდან, თხოვნებითა და მოხსენებებით ქართველ სასულიერო პირებს მხოლოდ საქართველოს კათალიკოსის მოსაყდრეს, გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსს ლეონიდესთვის უნდა მიემართათ; საქართველოს ეკლესიაში აიკრძალა რუსულ ენაზე საქმის წარმოება; ქართულ ტაძრებში უნდა შეწყვეტილიყო რუსეთის სინოდისა და ეგზარქოს პლატონის მოხსენება.
19 მარტს სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს ეკლესიის კათალიკოს-პატრიარქის მოსაყდრე ლეონიდემ, ქართველი სამღვდელოების თანხლებით, წირვა ქართულ ენაზე ჩაატარა, რომელსაც უამრავი მორწმუნე დაესწრო. სიონის ეკლესიაში ეს იყო პირველი ქართული წირვა უკანასკნელი 15 წლის მანძილზე. წირვის შემდეგ ლეონიდემ მრევლს ბრწყინვალე სიტყვით მიმართა. გაზეთი „საქართველო“. 1917 წლის 24 მარტი: „დაკოდილი და დაჩაგრული გული ჩვენის ეკლესიის გამთელდება და გაიხარებს იმ შემთხვევაში, თუ ყველანი ქართულის ენით ვისაუბრებთ, ქართულ ენას გავამეფებთ როგორც ოჯახში, ისე გარეთ, თუ მთელი ჩვენი ცხოვრება იქნება ქართული ხასიათისა და იერისა, თუ შევითვისებთ სამშობლოს წარსულს, ვიცხოვრებთ სამშობლოს ბედნიერებისათვის, ქართულ მიწა-წყალის დაცვა-შენახვას აღვიარებთ ჩვენის მოქალაქეობის უსამღთოეს ვალად. რატომ? იმიტომ, რომ დღეს განთავისუფლებული ეკლესია დაფუძნდა, აყვავდა და გაძლიერდა საქართველოს ტერიტორიაზე და მომავალშიაც ამ ტერიტორიაზე უნდა ებჯინოს, საქართველოს ნიადაგის სიღრმეში უნდა ედგას ფესვები, ამ ქვეყნის მზის და სხივებით უნდა იცოცხლოს, უნდა ირწყოს ამავე ქვეყნის მდინარეებით და საქართველოს ჰაერით უნდა ისულდგმულოს მან.
როგორ მოხერხდება ყველა ეს, თუ ჩვენ, თავისუფალი ეკლესიის შვილები, მოქალაქობრივად ისევ მონებად დავრჩებით, თუ ისევ სხვის თვალებში შემაცქერალნი ვიქნებით, თუ თვითონ ჩვენ არ გავხდით ჩვენი ბედის გამჭედნი, თუ მთელი სამშობლო არ გავანთავისუფლეთ. თავისუფალი ეკლესია მონობაში მყოფი ერით, დამეთანხმეთ, არა ბუნებრივი მოვლენაა. ასეთ მდგომარეობაში მყოფი ეკლესია ვერასოდეს ვერ აყვავდება, ფრთებს ვერ გაშლის და ძირს ვერ მოიმაგრებს. თავისუფალი ეკლესია თავისუფალ ერშიო – აი, რას გვკარნახობს ეს ჩვენი დღევანდელი კრება, აი, რას გადმოგვცემენ ეს მამა-პაპათაგან ნაანდერძევი ძველი ხატები“.
საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენას მთელი ერი დიდი სიხარულით შეხვდა. ქართული ეკლესიის მოსაწყობად დაიწყო შემოწირულობების შეგროვება. 24 მარტის გაზეთში გამოქვეყნებულია რუისის საკათედრო ტაძრის კეთილმოწესე მღვდელ იროდიონ თურქაძისა და ამავე ეკლესიის მედავითნე გიორგი ბახტურიძის განცხადება: „მზად ვართ მტლად დავედოთ საყვარელ და კოპწია ივერიის ეკლესიას და მის აღორძინებულს ავტოკეფალიას. მე, ღარიბი სოფლის მღვდელი, ჩემის მედავითნით – გიორგი ბახტურიძითურთ, ვწირავთ ოთხ თუმანს ჩვენის საკუთარი ჯიბიდან და ექვს თუმანსაც ეკლესიის თანხიდან, სულ ას მანეთს ჩვენს სასიქადულო საქართველოს საკათალიკოსო მართველობისათვის. იმედი მაქვს სხვებიც მოგვბაძავენ და არ დაიშურებენ ხსენებულ დაწესებულებისათვის თავის წვლილს“.

ეკონომიკური მდგომარეობა

პურის დეფიციტს 1917 წლის მარტში შაქრის დეფიციტიც დაერთო. როგორც გაზეთი იუწყება, ერთ მოქალაქეზე სამი გირვანქა შაქარი დაწესდა, რადგან საწვავის სიმცირის გამო მთლიანად გაჩერდა შაქრის მწარმოებელი ქარხნები. თბილისში პურის მაღაზიებთან უზარმაზარი რიგები იდგა. ხალხი პურს მთელი დღე ელოდებოდა, მაგრამ ყველას მაინც არ ჰყოფნიდა. დღითი დღე ძვირდებოდა ბაზარში საკვები პროდუქტები.
გაზეთი „საქართველო“. 3 მარტი: „ყოველგვარ სანოვაგის ფასები საარაკოდ გადიდდა თბილისში. გირვანქა ძროხის ხორცი 1 მანეთზე ნაკლებ არ იშოვება. ქათამი 6 მანეთამდე ფასობს. მუჭის ოდენა ბატკანი, რომელსაც 4-5 გირვანქა ხორცი არ გამოუვა 10-12 მანეთია. ბევრი ფრიად საჭირო სანოვაგე სრულებით არ იშოვება“.
17 მარტს გაზეთ „საქართველოს“ რედაქცია პირველ გვერდზე მოწოდებას ბეჭდავს, სადაც ქვეყნის მოსახლეობას მიწის დამუშავებას მოუწოდებს. გაზეთის მოსაზრებით, მხოლოდ ამ გზით შეძლებდა საქართველო შიმშილის თავიდან აცილებას: „ქართველო ხალხო, განურჩევლად წოდებისა და მდგომარეობისა, ესწრაფეთ დაიმუშავოთ ყოველივე ნაჭერი თავისუფალი ადგილისა, დაეხმარეთ ერთმანეთს, დასთესეთ საჩქაროდ უფხო პური, სიმინდი, ქერი, ფეტვი, კართოფილი და ბოსტნეული, რომ ერმა თავი დააღწიოს უსაშინლეს კარზე მომდგარ სიმშილს. თუ ჩვენი მოსავალი არ მოგვივიდა, უბედურება ელის ერს. არ დაზოგოთ ფული და შრომა, რომ უზრუნველ ჰყოთ თქვენ თქვენი თავი და თქვენი ოჯახი. სხვისი იმედი ნუღარ გაქვთ“.
მთავრობის დიდი მცდელობის მიუხედავად, თითქმის არ მუშაობს საკვებ პროდუქტებზე ზღვრული ფასების დაწესების პოლიტიკა. ნიხრის ზევით საქონლის გაყიდვის გამო მილიცია ვაჭრებს უამრავ ჯარიმას უწერს და ზოგჯერ ატუსაღებს კიდეც, მაგრამ ეს მდგომარეობას არ შველის. კვერცხზე მაღალი ფასის გამო პასუხისგებაში მისცეს ვინმე გუსეინ ალაჰვერდი ოღლი, პურის ნიხრის დარღვევისათვის ოქმი შეუდგინეს და დააჯარიმეს ვაჭარი სერგო ნიკოლაშვილი.
30 მარტს თბილისის სასურსათო საბჭომ მოქალაქეებს დახმარებისთვის მიმართა და სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა: „თბილისის გუბერნიის სასურსათო საბჭოს კომისრები მოუწოდებენ მცხოვრებთ დაეხმარონ მათ სიძვირესთან ბრძოლაში და ნიხრის სისწორით წარმოებაში. საზოგადოების წევრი, რომელიც ზედმეტ ფასად იყიდის პირველ საჭირო ნივთს, ის ცხოვრების გაძვირებას ხელს უწყობს. ვაჭრები ვალდებულნი არიან დაწესებული ნიხრი შეასრულონ. თუ ვინმემ შეამჩნია ამ ნიხრის დარღვევა, ვთხოვთ ამის შესახებ აცნობოს ქალაქის საბჭოს აგენტს, ანუ მილიციონერს“.

განათლება

გაზეთის 1-ლი მარტის ნომერში გამოქვეყნებულია ქალაქ გორის სახაზინო გიმნაზისტ ვანო ბეწუკელის წერილი, სადაც მთელი სიმძაფრით არის გადმოცემული რუსეთის განათლების სისტემაში არსებული მძიმე მდგომარეობა. მოსწავლე ქართული ენის დევნის შესახებ მოგვითხრობს: „დიდი ხანია ქართველობა ლაპარაკობდა და ახლაც ლაპარაკობს, რომ ქართველი ახალგაზრდობა გარუსების გზას ადგიაო, მაგრამ ამავე დროს ის ბევრს არას აკეთებდა, რომ გარუსების გზაზე დამდგარი მოსწავლე კარგ გზაზე დეეყენებინა… შუაგულ საქართველოში თითქმის იდევნება ქართული ენა, ის სავალდებულო საგნად არ არის ცნობილი და ამიტომ თავს არ იხეთქავს მის შესწავლისთვის შეუგნებელი შეგირდი… კვირაში ერთი გაკვეთილი აქვს ქართულ ენას იმ დროს როდესაც ფრანგულ-გერმანულ ენებს სამ-სამი გაკვეთილი აქვთ დათმობილი. უკანასკნელ კენჭსაც კი აგიწერავენ ავსტრალიისას და სამშობლოს ისტორიის ფაქტები კი დომხალივითა აქვთ გადარეული…
ხშირათ მინახავს ისეთი გიმნაზიელი, რომელიც აღფრთოვანებული ჰკითხულობდეს საქართველოს აღწერას პუშკინისა, ლერმონტოვისა და სხვა რუს მწერლებისას. ბევრი სწავლობს რუს მწერლების დახმარებით სამშობლოს. მაშ, რა ჰქნას, ქართული კითხვა არ იცის. ვიდრე ერთ ქართულ სტრიქონს წაიკითხავს, რუსულად მთელ ფურცელს გაათავებს. მერვე კლასამდი წერვას ძლივს ისწავლი…“

კულტურა

მიუხედავად მძიმე ყოფისა, კულტურული ცხოვრება საქართველოში ჩვეული რითმით მიმდინარეობდა. ამ მხრივ განსაკუთრებით საზოგადოებრივი კლუბები გამოირჩეოდნენ, რომლებიც ქალაქის საზოგადოებას სხვადასხვა წარმოდგენას სთავაზობდნენ. ხარფუხის კლუბმა 1-ლ მარტს მაყურებელს ქართველ არტისტთა ამხანაგობის მიერ დადგმული სპექტაკლი შესთავაზა სახელწოდებით: „მე მინდა კნეინა გავხდე“. 17 მარტს „ახალი კლუბის“ დარბაზში მომღერალმა ვარდენ ლორთქიფანიძემ დიდი კონცერტი გამართა, რომელშიც მის გარდა მონაწილეობდნენ: მუსიკალური სასწავლებლის პროფესორი ბატონი ბროჯი, მომღერალი მარიამ შავერზაშვილი და პ. ა. ხოლზოვი, ჭიანურის დამკვრელი ჰენრიხ სენკევიჩი და პიანისტი კნეინა მ. გ. ანდრონიკაშვილი. აფიშა იუწყებოდა, რომ ბილეთების შეძენა კლუბის შვეიცართან შეიძლებოდა.
უნგრეთში ბუდაპეშტის აკადემიის წევრმა, პროფესორმა და პოეტმა ბელა ვიკარიმ უნგრულ ენაზე თარგმნა „ვეფხისტყაოსანი“. როგორც გაზეთიდან ირკვევა, წიგნი მიხაილ ზიჩის მიერ იყო დასურათებული.
სახადის ეპიდემია

თბილისში თანდათან ძლიერდება შავი სახადის ეპიდემია. ლაზარეთში ამ სენით დაავადებული ათასამდე პაციენტი იწვა. ავადმყოფობისგან იღუპებოდა სამედიცინო პერსონალიც. 2 მარტს გადამდებ სენიანთა ლაზარეთში შავი სახადისგან გარდაიცვალა ფერშალი ქალი პაპიაშვილი, 3 მარტს ლაზარეთის ექიმი ლიახოვი. სახადის ნიშნები აღმოაჩნდა გამანაწილებელი პუნქტის ექიმებს ტერ-აკოფოვსა და სმირიაგინას.
სახადის ეპიდემიასთან დაკავშირებით ქალაქის გამგეობაში სპეციალური თათბირიც კი მოეწყო. 1-ლი მარტი: „კრება გაიხსნა ხატისოვის თავმჯდომარეობით. ხმოსანი ქსავერიევი: როგორც უკვე ცნობილია, ქალაქში მეტის მეტად გავრცელდა შავი სახადი. ეს სენი გადმოდის რკინის გზიდან. ამიტომ საჭიროა ქალაქის გამგეობამ ღონისძიება იხმაროს, რომ ეტლებს და ტრამვაის ვაგონებს, რომელთაც მგზავრები მოჰყავთ რკინის გზის სადგურიდან ქალაქში, დეზინფექციას უკეთებდნენ ხოლმე“.
4 მარტს გამოქვეყნდა ქალაქის გამგეობის სპეციალური დადგენილება, რომლის მიხედვითაც რკინიგზის სადგურზე შეზღუდვები დაწესდა: „თბილისის რკინიგზის სადგურის დარბაზში თავის მოყრა, ახალის სავალდებულო დადგენილების თანახმათ, აღეკრძალა ყველას, ვინც მატარებლით არსად მიდის. დამნაშავეს 500 მან. დააჯარიმებენ, ან სამის თვით ციხეში დაამწყვდევენ. ეს აკრძალვა გამოწვეულია გადამდებ სენის გავრცელების შიშით“.

ქალაქის ცხოვრება

როგორც გაზეთიდან ჩანს, რუსეთის იმპერიის ქალაქის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი მეეზოვებს ეკავათ. ამ თვალსაზრისით, გამონაკლისს, რა თქმა უნდა, არც თბილისი წარმოადგენდა. იმ პერიოდში მეეზოვეს მხოლოდ ქუჩის დაგვა არ ევალებოდა, _ იგი თვალყურს ადევნებდა როგორც სისუფთავეს, ასევე წესრიგს იცავდა და მჭიდროდ თანამშრომლობდა პოლიციასთან. ამის დამადასტურებელია 25 მარტის ნომერში გამოქვეყნებული თბილისის მილიციის უფროსის განკარგულება, რომელიც სახლის პატრონებს მეეზოვეების ყოლას ავალდებულებდა. გაზეთი „საქართველო“: „სახლის პატრონმა, რომლის მამულის საერთო შემოსავალი 2,400 მანეთს უდრის, ცალკე მეეზოვე უნდა იყოლიოს. პატარა სახლების პატრონები უნდა შეერთდნენ და საერთო მეეზოვე აიყვანონ. მეეზოვენი თავიანთ მხრივ ვალდებულნი არიან ასუფთაონ და მორწყონ ქუჩები, გადაიტანონ ნაგავი, საღამოობით აანთონ ფარნები, თვალყური ადევნონ საეჭვო პირებს, რომ ღამით სხვის ეზოებში არ შევიდნენ, არა მოიპარონ-რა, საჭიროების კვალობაზე დაეხმარონ მილიციონერებს და სხვ. ის სახლის პატრონი, რომელიც ამ განკარგულებას არ შეასრულებს, პირველად დაჯარიმდება 5 მან. მეორეთ 10 მან., მესამეთ 20 მან. მეეზოვე კი, რომელიც განკარგულებას არ დაემორჩილება, დაპატიმრებულ იქნება 24 საათით“.

კრიმინალური ვითარება

თებერვლის რევოლუციის შემდეგ რადიკალური ცვლილება დაიწყო რუსეთის საპოლიციო სისტემაში. გაუქმდა ჟანდარმერია. როგორც 5 მარტის ნომერში მოყვანილ ცნობაში წერია, სამხედრო ვალდებული ჟანდარმები მოქმედ არმიაში ჩაწერეს და ყველას ფრონტზე უკრეს თავი. ჟანდარმერიისა და პოლიციის ნაცვლად კი მილიცია შეიქმნა, რომელსაც საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა დაევალა. თბილისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს უფროსი პასტრულინი დაატუსაღეს და მეტეხის ციხეში გამოკეტეს. საპყრობილეში აღმოჩნდა თბილისის ყოფილი პოლიცმაისტერი ზდანოვსკიც.
საპოლიციო სისტემაში განხორციელებულმა ცვლილებებმა ისედაც მძიმე კრიმინალური ფონი კიდევ უფრო გაამძაფრა. ძარცვა, ქურდობა, მოქალაქეების დაყაჩაღება, ლამის, ცხოვრების ნორმად იქცა. ვარანცოვის ქუჩაზე ჯარისკაცების ფორმაში გამოწყობილმა სამმა ბოროტმოქმედმა სპარსელ კონსულ მირზა ქერიმ ულ-მულგს 510 მანეთი წაართვა; პუშკინის ქუჩაზე მაღაზია გაუქურდეს ვინმე როჩაკაშვილს და 2000 მანეთის საქონელი მოჰპარეს; ტრამვაიში მგზავრობისას 375 მანეთი ამოაცალეს ტიგრან კოხანელს; გოლოვინის პროსპექტზე ქურდებმა გატეხეს გევორქოვების მაღაზია, საიდანაც წაიღე 100 მანეთი და 800 მანეთის საქონელი.
საოცრად გაიზარდა განსაკუთრებული სისატიკით ჩადენილი მკვლელობის ფაქტები. 1-ლ მარტს მუშტაიდის ბაღში ყელგამოჭრილი იპოვეს 17-18 წლის ახალგაზრდა ქალის გვამი. მილიციამ მაძებარი ძაღლებიც კი მოიყვანა, მაგრამ ბოროტმოქმედთა კვალს ვერ მიაგნო. საშინელი შემთხვევა მოხდა კახეთში, სადაც ყაჩაღებმა მთელი ოჯახი ამოხოცეს. გაზეთი „საქართველო“. 29 მარტი: „სოფელ შილდაში ღამის 11 საათზე, სახლში შეუცვივდა სამი შეიარაღებული უცნობი ალექსა ელიზბარაშვილს და მთელი ოჯახი ამოსწყვიტეს. მოჰკლეს თვით ალექსი, იმის ცოლი და 3 წლის პატარა ქალი. მათს წივილ-კივილზე შევარდა მათივე მეზობელი გიორგი ჩიტოშვილი მისაშველებლად, მაგრამ ისიც იქვე დასჭრეს სასიკვდილოთ ავაზაკებმა თოფის ტყვიით. წაღებით კი ვერაფერი წაიღეს, რადგანაც მთელი სოფელი ახმაურდა და ყველამ ამ სახლს მიაშურა ამბის გასაგებათ. იმ ღამესვე შეიარაღდა 300 კაცამდე, ვინც რით მოასწრო და გამოუდგა მდევარი ყაჩაღებს“.
22 მარტის ნომერში კიდევ ერთი საზარელი მკვლელობის ფაქტია აღწერილი, რომელიც თბილისში მოხდა: „15 მარტს უკვალოდ დაიკარგა 50 წლის კაცი ეფრემ როკეტლიშვილი, რომელიც ფეხზე ვაჭრობდა ფართლეულით. როგორც მილიციამ გამოარკვია, როკეტლიშვილი თავის ბინაზე შეუტყუებია ნასტუდენტარს ივანე ოღაჯანოვს, რომელიც სცხოვრობს ახალშენში, ზუბიევის სახლში. ოღაჯანოვს და იმის ცოლის ძმას, 20 წლის ყმაწვილს სარქის ზუბიევს მოუკლავთ როკეტლიშვილი, ნაკუწ-ნაკუწად დაუჭრიათ, კალათაში ჩაუწყვიათ და ახალ სასაკლაოსთან დაუგდიათ გზატკეცილზე. თავი ჭაში ჩაუგდიათ. ზუბიევი შეიპყრეს, ოღაჯანოვი დაიმალა, შეიპყრეს ოღაჯანოვის ცოლიც არუსიაკი, რომლის ბინაზეც ნაძარცვი საქონელი აღმოჩნდა. ზუბიევი ბოროტმოქმედებაში გამოტყდა. ოღაჯანოვის ცოლმაც განაცხადა, როკეტლიშვილი ჩემმა ძმამ და ქმარმა მოჰკლეს და დამემუქრნენ, შენც მოგკლავთ, თუ გაგვეციო; იგი მოჰკლეს ნაშუადღევის 3 საათზე და დაკუწვას და კალათში ჩადებას საღამოს შვიდ საათამდე მოუნდნენო“.