- ხუთშაბათი, 26 დეკემბერი, 2024
2024-12-25 08:46:33
მიხეილ ხაჩიძე
20 დეკემბერს დასრულდა ევროსაბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსეს ოფიციალური ვიზიტი თბილისში, რომლის ფარგლებშიც ის შეხვდა მთავრობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. თუმცა შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე მისმა განცხადებამ ყველას კრიტიკა გამოიწვია „ქართული ოცნების“ გარდა. თბილისში ჩამოსული დასავლელი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, რომლებთან შეხვედრაზეც „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები უარს ამბობენ, ბერსე შეხვდა როგორც ბიძინა ივანიშვილს, ისე ირაკლი კობახიძეს _ ამ უკანასკნელს სამდღიანი ვიზიტისას ორჯერ.
ვინ არის ალენ ბერსე და რა იყო მისი ვიზიტის მიზანი? _ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ალენ ბერსეს ვიზიტის შესახებ „ქრონიკა+“-მა ინტერვიუ ჩაწერა არჩილ იაკობაშვილთან, რომელიც გახლავთ პროფესიით ფინანსისტი, საქართველოს მოქალაქე, 1998 წლიდან გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წევრი, ლონდონის „The Economist Intelligence Unit“ -ის დასავლეთ ევროპის რეგიონული მკვლევარი:
_ ბატონო არჩილ, როგორ აღიქმება დასავლეთში საქართველოს პოლიტიკური კრიზისი, რომელიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე შეიქმნა და რატომ დადგა შუამავლობის მცდელობა საერთოდ დღის წესრიგში?
_ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები წარმოადგენდა გეოპოლიტიკურ არჩევანს ქართველი ამომრჩევლებისთვის. ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში რუსულ ავტორიტარიზმს, წარმოდგენილს ბიძინა ივანიშვილის ჩრდილოვანი მმართველობის სახით, უპირისპირდებოდა ევროპული ლიბერალურ-დემოკრატიული პერსპექტივა, რომელიც წარმოდგენილი იყო მრავალი ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტით.
2024 წლის დასაწყისში ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკურ ველზე, როგორც საკუთარი პარტიის საპატიო თავმჯდომარე. პარტიის წესდების მიხედვით, თავად მიითვისა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის შერჩევის უფლება, 26 ოქტომბრის არჩევნებში სახელისუფლებო საარჩევნო სუბიექტის პირველ ნომრად ჩაეწერა, 26 ოქტომბერს ჩაატარა არჩევნები და რუსულ სტილში გაიფორმა გამარჯვება, ერთპარტიულ პარლამენტში გაიყვანა მის მიერ შერჩეული დე ფაქტო მთავრობის გუნდი, ხოლო 14 დეკემბერს, არაპირდაპირი წესით, _ საკუთარი პრეზიდენტობის კანდიდატი. აგრეთვე გააფორმა ფასადური დემოკრატია, როდესაც 41 ნომრის საარჩევნო სიით გასული ადამიანებისგან შექმნა ოპოზიციური ფრაქცია პარლამენტში ერთპარტიულობის გადასაფარად. ამის შემდეგ უარი თქვა პარლამენტის შემდგომ წევრობაზე და კვლავ ჩრდილოვან მმართველობაში დაბრუნდა.
პროდასავლურ ოპოზიციას სამართლიანად მიაჩნია, რომ მეოთხე ვადით ხელისუფლებაში დარჩენის მიზნით ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ არჩევნებამდე იზრუნა ძალაუფლების შესანარჩუნებლად, ამისთვის გამოიყენა მეთოდები, ინსტრუმენტები და ინსტრუქციები რუსეთიდან. ვის სჯერა, რომ 2024 წელს 41 ნომერი შემოხაზა 1,12 მლნ ამომრჩეველმა, მაშინ როცა 2021 წელს მათი რაოდენობა მხოლოდ 825 ათასი იყო? საუბარია, 300-400 ათასი ხმის სხვადასხვა მეთოდით რუსული სტილით მიტაცებაზე.
როდესაც დასავლეთისთვის ცნობილია, რომ ევროპულ არჩევანს მხარს უჭერს მოსახლეობის 80%, მაგრამ ის არჩევნებში მარცხდება პრორუსული ორიენტაციის წინააღმდეგ, ლოგიკურად მივდივართ დასკვნამდე, რომ ევროპულ ღირებულებებს სჭირდება დაცვა უსამართლობის წინააღმდეგ, რომლის მხარეები უკვე არა უბრალოდ ხელისუფლება და ოპოზიცია, არამედ რუსეთი და ევროკავშირია, ხოლო მისი მშვიდობიანად გადაჭრა შუამავლობის აუცილებლობას აყენებს დღის წესრიგში.
_ შეიძლება თუ არა, რომ ევროსაბჭო და უშუალოდ მისი გენერალური მდივანი, შვეიცარიის ყოფილი პრეზიდენტი, ალენ ბერსე, განხილულ იქნეს შუამავლად?
_ საქართველოს პოლიტიკური კრიზისი არ წარმოადგენს დაპირისპირებას პროევროპულ ხელისუფლებასა და პროევროპულ ოპოზიციას შორის, რომ თავად და მხოლოდ ევროკავშირმა იკისროს მომრიგებლის როლი, არამედ დაპირისპირებას ევროკავშირისგან მხარდაჭერილ საზოგადოებასა და რუსეთისგან მხარდაჭერილ ხელისუფლებას შორის. გულწრფელად მეგონა, რომ 2024 წელს პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი განიხილავდა ოპოზიციაში გადასვლის ვარიანტს, მაგრამ, როგორც ჩანს, რუსეთმა მას ამის უფლება არ მისცა.
რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ევროკავშირსა და რუსეთს შორის საქართველოს საკითხში ერთადერთ ინსტიტუციურ შუამავლად დარჩა ევროსაბჭო, რომლის წევრები არიან საქართველო, ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფო და შეჩერებული (და არა გარიცხული) სტატუსის პირობებში თავად რუსეთიც.
აქ საუბარია შუამავლობაზე დასავლეთსა და პირადად ბიძინა ივანიშვილს შორის, რომლის მიზანია, რომ დათანხმდეს განმეორებითი არჩევნების წინადადებას, რომ ახალი არჩევნები არ ჩაატაროს ბიძინა ივანიშვილმა, რომ არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში მოემზადოს ოპოზიციაში გადაბარგებისთვის, თუ სურს საერთოდ პოლიტიკურ ველზე დარჩენა, ან უკიდურეს შემთხვევაში საერთოდ დატოვოს საქართველო დასავლეთის მიმართულებით, როგორც საფრანგეთის მოქალაქემ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ წავიდეს რუსეთში.
საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პირადმა აქტიურობამ ბიძინა ივანიშვილის მიმართ არ გამოიღო არსებითი შედეგი, თუმცა ბიძინა ივანიშვილმა არ თქვა უარი მასთან კომუნიკაციაზე სხვა პოლიტიკური ლიდერებისგან განსხვავებით.
პარასკევს, 20 დეკემბერს, ევროკავშირის სამიტის შემდეგ, ბრუესელში გამართულ პრესკონფერენციაზე გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, რომელიც იანვარ-თებერვალში თავად ერთვება საკუთარ ქვეყანაში მისივე ინიცირებით დანიშნულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, საქართველოსთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე ერთმნიშვნელოვნად უპასუხა, დაველოდოთ, რა შედეგებით დაბრუნდება თბილისიდან ევროსაბჭოს დელეგაცია, შეძლებს თუ არა თბილისიდან კონკრეტული ხელშესახები პუნქტების ჩამოტანასო.
შესაბამისად, ევროსაბჭოს ჩართულობა იქნებოდა უკვე ინსტიტუციური შუამავლობის მცდელობა, რომელიც პიროვნული ჩართულობისგან განსხვავებით, მხარეებზე ზემოქმედების მეტ შესაძლებლობას შეიძლება შეიცავდეს.
_ ვინ არის საერთოდ ალენ ბერსეს პიროვნება? რა გამოცდილება აქვს საერთაშორისო პოლიტიკაში მას? რამდენად იცნობს რეგიონს და როგორ შეუძლია მას შუამავლის მისიის შესრულება?
_ რაც შეეხება ევროსაბჭოს ამჟამინდელი გენერალური მდივნის პიროვნებას, ალენ ბერსე არის შვეიცარიის რეტო-გერმანული ეთნიის წარმომადგენელი, იყო 10 წლის მანძილზე (2013-2023) შვეიცარიის შს მინისტრი და ამ პერიოდში 2-ჯერ როტაციის წესით შვეიცარიის ფედერალური პრეზიდენტი (ე. წ. მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, ანუ აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური _ მოგეხსენებათ, შვეიცარია სპარლამენტო კონფედერალური რესპუბლიკაა როტაციის წესზე მოქმედი საპრეზიდენტო ფედერალური მთავრობით).
აგრეთვე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ 2007-2023 წლებში ალენ ბერსე შვეიცარიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი იყო, ე. ი. ზემოთ ნახსენები გერმანიის ფედერალურ კანცლერ ოლაფ შოლცის იდეოლოგიური მეგობარი, და რაც მთავარია, იმ ევროპული სოციალისტური პოლიტიკური ოჯახის წევრი, რომელიც 2022 წელს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურმა პარტიამ თავქუდმოგლეჯილი დატოვა.
საერთაშორისო პოლიტიკაში მან სახელი გაითქვა იმით, რომ 2023 წლის 19 მარტს, გამონაკლისის სახით, კვირა დღეს, სწორედ ბერსემ, როგორც როტაციის წესით შვეიცარიის ფედერალურმა პრეზიდენტმა, მოაწერა ხელი ნებართვას, რომ შვეიცარიაში ყველაზე დიდ კომერციულ ბანკს უბს-ს გადასცემოდა სიმბოლურ ფასში 1 ფრანკად „კრედიტსვისის“ აქციების სრული პაკეტი, ხოლო ტრანსაქციის გარანტორი იქნებოდა შვეიცარიის სახელმწიფო.
ბერსეს ამ გადაწყვეტილების გარეშე ორშაბათს, 2023 წლის 20 მარტს, „კრედიტსვისის“ გაკოტრება იყო წუთებში გარდაუვალი და ამ შემთხვევაში საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე ერთდროულად მოხდებოდა მიწისძვრა და გადაუვლიდა ცუნამი შესაბამისი დროის ზონების მიხედვით აზიიდან ევროპის გავლით ამერიკამდე, რადგან უნივერსალური შვეიცარიული ბანკის ჩამოშლა გამოიწვევდა სისტემურ კრიზისს დომინოს პრინციპით და მსოფლიო ეკონომიკას ჩაითრევდა რეცესიაში.
„კრედიტსვისის“ რუსეთთან ურთიერთობა სათავეს იღებს 1990-იანი წლებიდან, რაც „კრედიტსვისს“ გაკოტრების ფასად დაუჯდა. 2022 წლის მონაცემებით, „კრედიტსვისის“ საერთაშორისო საკრედიტო პორტფელის 25% მოდიოდა რუსეთზე. რუსეთის მიმართ ფინანსური სანქციების პირობებში, რომელიც 2014 წლიდან დაიწყო, საერთაშორისო სისტემური ბანკებიდან „კრედიტსვისს“ ყველაზე მეტად გაუჭირდა, ხოლო მისი აქტიური ბალანსი 2014-2022 წლებში 1109 მლრდ შვეიცარიული ფრანკიდან, ფაქტობრივად, განახევრდა 536 მლრდ-მდე. ე. ი. ალენ ბერსემ გადაარჩინა „კრედიტსვისის“ ყველა კლიენტი ან შექმნა გადარჩენის შესაძლებლობა, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილისთვისაც, მიუხედავად იმისა, რომ მხარეები სასამართლო დავის პირობებში იმყოფებოდნენ.
შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დასავლეთის მიერ ინიცირებული ინსტიტუციური შუამავლობის მცდელობაში ევროსაბჭოს ჩართულობა და უშუალოდ მისი გენერალური მდივნის მონაწილეობა დასავლეთის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის მიერ შეთავაზებულ უკანასკნელ ანკესს წარმოადგენს.
ოღონდ ჯერ თავად ალენ ბერსე უნდა გაერკვეს საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში, მან უნდა გაითავისოს პროევროპული საზოგადოების სამართლიანი მოთხოვნა ახალი არჩევნების აუცილებლობის შესახებ, როგორც საქართველოში საპარლამენტო ლეგიტიმაციის აღდგენისა და დემოკრატიულ გზაზე დაბრუნების ერთადერთი შესაძლებლობა ევროკავშირთან ურთიერთობის აღდგენის მიზნით.
საქართველოსთან დაკავშირებით შესაძლო სამომავლო დიპლომატიაში ალენ ბერსემ უნდა გაითვალისწიონს, რომ ბიძინა ივანიშვილის სახით მას საქმე აქვს რუსეთისგან მხარდაჭერილ დე ფაქტო ხელისუფლებასთან, რომელსაც როგორც კი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით საჭირო გახდა, ერთ დღეში მოახერხა სოციალ-დემოკრატიიდან იდეოლოგიური ტრანსფორმაცია, რბილად რომ ვთქვათ, ნაციონალ-კონსერვატიულ ძალად, რადგან ევროპული გაგებით „ნაცს“ დღეს სწორედ ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს და თუ დასჭირდა, იზოლაციონისტურ-რადიკალური მეთოდებისგანაც კი არ დაიხევს უკან.
_ თქვენი აზრით, რა როლი ეკისრება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, აგრეთვე პოლიტიკურ ოპოზიციას, რომ პროცესი მიიყვანოს განმეორებით არჩევნებამდე?
_ სალომე ზურაბიშვილმა უკვე გააკეთა თავის საქმე იმ გაგებით, რომ საქართველოს პოლიტიკურ კრიზისს საერთაშორისო განზომილება აქვს, რომლის პირობებში რუსეთის წაინააღმდეგ საქართველო მარტო არ დარჩა _ ეს ძალიან დიდი მონაპოვარია.
პოლიტიკურ ოპოზიციას რაც შეეხება, დღევანდელი გადასახედიდან უკვე დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ შეცდა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების კონსტრუქციაში. 5 ნომრის გვერდით უნდა შექმნილიყო მხოლოდ ერთი ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტი _ ერთიანი მძლავრი ცენტრისტული გაერთიანება, რომელიც იქნებოდა პოლიტიკური ჭერი ყველა წარსულში განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაციისთვის, მაგრამ სამაგიეროდ დაასრულებდა „ნაც-ქოცურ“ დაპირისპირებას საზოგადოებაში, ხოლო ბიძინა ივანიშვილის ერთიანი ძალით დამარცხების შემდეგ ლიბერალური დემოკრატიის პირობებში გზას გაუხსნიდა აბსოლუტურად ყველა იდეოლოგიის ზომიერ მიმართულებას შორის ჯანსაღ კონკურენციას.
დემოკრატიულ რელსებზე დაბრუნებისა და ზოგადად პროცესების მთავარ შემოქმედად მაინც პროევროპული საზოგადოება რჩება _ ყველა თაობა და სოციალური ჯგუფი. უამრავმა საპროტესტო ღონისძიებამ, რომლის ბოლო შთამბეჭდავი მარში 21 დეკემბერს თბილისში გაიმართა, არა მხოლოდ დასავლეთს აჩვენა, რომ შობა-ახალ წლებზე გამორიცხულია საარჩევნო მუხტის დაცემა, არამედ, პირველ რიგში, რუსეთმა მიიღო მკაფიო მესიჯი, რომ 22 დეკემბერი თბილისში იარაღის სროლით აღარასოდეს გათენდება, რომ დასავლეთთან ვერ გაითამაშებს ბელარუსის სცენარს საქართველოში და ბელარუსიზაციის გეგმა ჩაუვარდა, სხვა რეცეპტი კი მას კატალოგში და/ან სეიფში, უბრალოდ, აღარ აქვს.