- ხუთშაბათი, 23 იანვარი, 2025
2025-01-23 10:31:52
გიგა გელხვიიძე
დღეს, 20 იანვარს, ზუსტად 54 დღეა, რაც საქართველოში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გრძელდება.
პროტესტის ეპიცენტრი ამ შემთხვევაში არ არის მხოლოდ დედაქალაქი, ის მოიცავს მთელ საქართველოს, განსაკუთრებით გამოკვეთილი კი არის ბათუმი, საიდანაც, ფაქტობრივად, ჩაეყარა საფუძველი უწყვეტ პროტესტებს მაშინ, როდესაც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა უწყვეტი პროტესტი დააანონსეს, რომელიც მოპარულ არჩევნებსა და ქვეყნის ევროპულ მომავალს შეეხებოდა. ირაკლი კობახიძის მიერ 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების შემდგომ, სადაც მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ 2028 წლამდე წყვეტდა ყოველგვარ საუბარს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებასთან დაკავშირებით და ამავდროულად უარს ამბობდა ევროპის მიერ ქვეყნის ფინანსურ დახმარებაზე, პროტესტმა ბევრად უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღო და უნივერსიტეტის კედლებიდან ბათუმის ქუჩებში გადმოინაცვლა.
ბოლო პერიოდში, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ მოლოდინი, აქციების მუხტის განახლებასთან დაკავშირებით არ გამართლდა, ბათუმში დაკავებების ტალღა დაიწყო. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების გარდა დააკავეს გაზეთ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელიც, რომელიც ამ დრომდე პატიმრობაში რჩება. მას პოლიციელზე ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ედება ბრალი.
ბათუმის პროტესტი რამდენიმე ლოკაციაზეა გაშლილი. ბოლო დღეების მანძილზე მედიის წარმომადგენლები პროტესტს გამოხატავენ აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობის წინ, სადაც მათი ძირითადი მოთხოვნა არის სამმართველოს ხელმძღვანელ ირაკლი დგებუაძის დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლება, რომლის პირადი ბრძანების საფუძველზეც დააკავეს ჟურნალისტი მზია ამაღლობელი და მას 4-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მზია ამაღლობელის დაკავების გარდა, ჩვენი რესპონდენტები გვიყვებიან იმას, თუ რა ხდებოდა სამმართველოს შენობაში, უშუალოდ ირაკლი დგებუაძის მითითებით და როგორ ეპყრობოდნენ ისინი დაკავებულ ადამიანებს.
გარდა ამისა, პროტესტი აქტიურად იმართება საკონსტიტუციო სასამართლოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციის წინ, პერიოდულად აქციის მონაწილეები იკრიბებიან აჭრის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთანაც, სადაც ისინი მოითხოვენ ეთერის დათმობას, რათა მოსახლეობას ჰქონდეს ამომწურავი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება დღეს ბათუმსა და ზოგადად საქართველოში.
***
ბათუმში მიმდინარე პროცესების შესახებ „ქრონიკა+“-მა ჩაწერა სტუდენტი, „გახარია საქართველოსთვის“ გუნდის წარმომადგენელი, მათე ცენტერაძე, ასევე „ძლიერი საქართველოსთვის“ წარმომადგენელი, ვაჟა დარჩია და „სამოქალაქო წინააღმდეგობის მოძრაობა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ“ დამფუძნებელი, ციალა ქათამიძე, რომლებიც გვიყვებიან, თუ რა ხდებოდა დაკავების შემდგომ პოლიციის განყოფილებაში და რა ხდება ზოგადად ბათუმში.
მათე ცენტერაძე:
_ მათე, სანამ სხვა შეკითხვებზე გადავალ, მაინტერესებს, რა ვითარებაში დაგაკავეს? გამოიყენეს თუ არა ძალა თქვენი მისამართით დაკავების პროცესში?
_ როდესაც მივედი სამმართველოსთან, გავიგე, რომ ჩემი ორი მეგობარი იყო დაკავებული. დაკავების მიზეზი არ დაასახელეს, თუმცა ერთ-ერთმა აქტივისტმა მითხრა, რომ უბრალო პლაკატის, რომელსაც აწერია „გაიფიცე“, ასფალტზე გაკვრის გამო დააკავეს ჩემი მეგობარი. ამის შემდგომ ეს პლაკატი ავიღე ხელში და კვლავ პოლიციას მივმართე კითხვით, _ მართალი იყო თუ არა ის, რასაც მეუბნებოდნენ და მპასუხობდნენ, რომ ეს ყველაფერი აზიანებდა იერსახეს და არ შეიძლებოდა მისი შენობაზე მიკვრა, რეალურად კი პლაკატი ჩემს მეგობარს არ მიუკრავს შენობაზე, ის დაკრული იყო ასფალტზე შლაგბაუმთან. მეც ავიღე პლაკატი და ვთქვი, რომ თუ ეს არის სამართალი, რომ ამ პლაკატის გამო აკავებთ ადამიანს, მაშინ მეც დავაკრავ და ჩემი ფეხით შემოვალ სამმართველოში-მეთქი. არანაირი წინააღმდეგობა ჩემგან არ ყოფილა და როგორც კი დავიხარე პლაკატის გასაკრავად, ეგრევე შემითრია კორდონმა და დამაკავეს პლაკატის გაკვრის მცდელობის გამო.
_ რა ხდებოდა შიგნით, უშუალოდ შენობაში, როდესაც შეგიყვანეს?
_ შიგნით რაც ხდებოდა, ეს იყო სრული მარაზმი. პირადად ჩემ მიმართ არ ყოფილა ფიზიკური ანგარიშსწორება, თუმცა იყო ერთი პიროვნება, რომელმაც მითხრა: მაინც ხომ დაგიჭირეთ შე ასეთოო..., მას მე თავად გავეცი იქვე პასუხი. ამის შემდგომ უკვე მესმოდა ხმები შენობაში: შე თურქო, ქვეყნიდან გაგაგდებთ, იყო ფიზიკური ანგარიშსწორების ხმები, ავეჯის მტვრევის ხმა, ვიღაცას ეუბნებიან, რომ შენ ვის რა უნდა ასწავლო, შენ ვისი მასწავლებელი ხარ... (გინება) და საშინელებები. შემდეგ შემოვიდნენ საერთოდ სხვა პირები, რომლებიც გამოიძახეს რომელიღაც განყოფილებიდან და წერდნენ ჩემი დაკავების ოქმს, ანუ ცრუ დამკავებლები და შემდგომში უკვე აღმოჩნდა, რომ ცრუ მოწმეებიც, რომლებიც არიან სისხლის სამართლის დამნაშავეები. ამ ადამიანებმა ოქმის შევსებაც კი არ იციან, ან არ იცოდნენ, რა ჩაეწერათ, რა გარემოებაში დამაკავეს და კაბინეტებში დარბოდნენ, რომ იქნებ ვინმეს ეთქვა, რა გარემოებაში, რის გამო დააკავეს მათე ცენტერაძე და უთხრეს, რომ უბრალოდ შაბლონურად დაწერე ესა და ეს მუხლი და დანარჩენს შემდეგში შევავსებთო. სანამ ოქმს მოვაწერდი ხელს, ეწერა მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევების მუხლები და მეც ვფიქრობდი, რომ დამაკავეს პლაკატის გაკვრის მცდელობის გამო. შემდეგ საერთოდ სხვა პირები მოდიან, რომლებმაც უკვე გადამიყვანეს იზოლატორში და მერე სასამართლოში დამხვდა სპექტაკლი. არცერთმა მათგანმა არ ახსენა რეალური მიზეზი, რის გამოც დამაკავეს, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს უწყვეტი ვიდეო კადრი წარვუდგინეთ, სადაც ნათლად ჩანს და ისმის ჩემი ხმა, რას ვაკეთებ და რას ვსაუბრობ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, გამოვიდა ორი ცრუ დამკავებელი მოწმე, რომლებმაც თქვეს, რომ მე მათ ვაყენებდი სიტყვიერ შეურაცხყოფას, ერთ-ერთმა თქვა, რომ ვუშლიდი ხელს სხვა პირის დაკავებაში, რომელიც მაინც დააკავეს. არადა, ჩემამდე მხოლოდ და მხოლოდ ვაჟა დარჩია იყო დაკავებული, რომლის დაკავების მომენტი ცხადადაც კი არ მინახავს. ვეძახდი, თურმე, ღორებს, ძაღლებს და მსგავსი შინაარსის სიტყვებს. ამით არ მთავრდება ყველაფერი. როდესაც იზოლატორიდან გამოვედი, შემთხვევით მკითხა მეგობარმა, _ ხომ არაფერი გაკლდა იზოლატორშიო? მე გამეცინა და ვუპასუხე, _ არ მაკლდა ე. წ. ტუშონკა და ერთჯერადი წვნიანი-მეთქი. ძალიან გაუკვირდა. აღმოჩნდა, რომ ბევრი ადამიანი მოდიოდა რაღაცის შემოსაგზავნად. აქვე ვიტყვი, რომ ეს არ ხდებოდა ლანჩხუთში, ეს ხდებოდა სამტრედიაში, ლანჩხუთში ყველაფერი შემოაგზავნინეს. სამტრედიაში თურმე ეუბნებოდნენ, რომ ამათ იმდენი რამე აქვთ იზოლატორში, იქით გამოგვატანენო და რეალურად არაფერი გვქონდა. ამ მეთოდებით ცდილობდნენ, რომ არაფერი შემოსულიყო იზოლატორში ჩვენთან.
_ დაკავებების პროცესის დროს საუბრობდნენ იმაზე, რომ პოლიციის რიგებში იდგნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ თანამშრომლები. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ ამის შესახებ?
_ არ ვიცი, პირადად ვხედავდი, რომ პოლიციელების უკანა რიგებში იდგნენ ნიღბიანები, თუმცა პირადად მე დამაკავა გრიგოლ ბესელიამ, ირაკლი დგებუაძემ და გრიგოლ ბესელიას მოადგილემ.
_ არიან თუ არა ბათუმის აქციებზე „ტიტუშკები“?
_ გაზაფხულის აქციებზე, რუსული კანონის აქციებზე დადასტურებული ფაქტია, რომ ჩემ წინააღმდეგაც იყო გამოყენებული მსგავსი მეთოდები, მაგრამ ამ პერიოდში „ტიტუშკებზე“ ბევრს ვერაფერს გეტყვით, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, რომ პროვოკაციაზე წამოგვაგონ.
_ თქვენ იყავით პირველი, რომელმაც დაიწყო აქციები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ეს ტალღა უკვე გადაედო მთელ საქართველოს. ახლა რა ეტაპზეა პროტესტი ბათუმში?
_ მუხტი შენარჩუნებულია, ეს არის ხანგრძლივი პროცესი და ამას ყველა ვხდებით, რომ ყოველდღე მრავალრიცხოვანი აქციების ჩატარება არის შეუძლებელი, ამ ეტაპზე მთავარია აქციების უწყვეტობა. ის, რაც ახლა ხდება ჩვენს უნივერსიტეტში, არის წარმოუდგენელი რამ. ტიტე აროშიძე („ქართული ოცნების“ წევრი, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი) არის რექტორობის კანდიდატი. „ქართული ოცნება“ პირდაპირ და ღიად, შუამავლების გარეშე ცდილობს, რომ გავლენები ჰქონდეს უნივერსიტეტზე. ალბათ ვიბრძოლებთ მაგისთვის, რომ ბატონი ტიტე არ გახდეს რექტორი და კიდევ ერთხელ არ შელახოს ჩვენი უნივერსიტეტის სახელი.
ვაჟა დარჩია:
_ ბათუმში ფიზიკურად უსწორდებოდნენ თუ არა ან შეურაცხყოფდნენ დაკავებულ პირებს პოლიციელები? როგორ გექცეოდნენ თქვენ?
_ დაკავებისას ბატონი ირაკლი დგებუაძე ძალიან ქსენოფობიური გამონათქვამებით გამოირჩეოდა კონკრეტული პირების მისამართით. ასევე უკვე სამმართველოს შენობაში ფიზიკურად იძალადეს მალხაზ ირემაძეზე და ამას შეესწრნენ დაკავებული ადამიანები ციალა ქათამიძე და გოდერძი ფრანგიშვილი, მე უბრალოდ ხმა მესმოდა და ოთახიდან გამოსვლის საშუალება არ მომეცა. სრულად არის დაქოქილი „ქართული ოცნების“ რეპრესიული მანქანა და სამწუხაროა ის, რომ ამის ფლაგმანები ბათუმში გახდნენ სამართალდამცველები. ისინი უნდა იცავდნენ სამართალს და პირიქით, სცემენ ქვეყნის ევროპულ მომავალზე მებრძოლ ადამიანებს. მალხაზ ირემაძე არის ადამიანი, რომელიც ატარებს შოუებს, ნიღბიან პერფორმანსებს და ამან ეტყობა გააღიზიანა ბატონი დგებუაძე _ ის ფიზიკურად გაუსწორდა ირემაძეს. ეს არ არის პირველი შემთხვევა მისი მხრიდან, გვახსოვს გემის ამბები (ფიზიკური ძალადობა და ადამიანების დაკავება, როდესაც მოქალაქეები ბათუმში რუსული საკრუიზო გემის შემოსვლას აპროტესტებდნენ). ჩვენს ორ მოთხოვნას, რომელიც გავაჟღერეთ და უკვე 50 დღეზე მეტია ისმის, დაემატა მესამე, რომ ირაკლი დგებუაძე წავიდეს ბათუმიდან, რადგანაც ის გახდა ძალადობის სიმბოლო და არ არის ეს პირველი შემთხვევა. აქციის მონაწილეები ამ მოთხოვნას ყოველდღე ვაჟღერებთ. ასევე მიგვაჩნია მნიშვნელოვნად, რომ საჯაროდ დაავასახელოთ იმ პოლიციელების სახელები და გვარები, რომლებიც არიან ცრუ მოწმეები თითქმის ყველა სასამართლო პროცესზე. ე. ი. ეს ადამიანები ჩემს შემთხვევაში მოვიდნენ ჩემთან, გაიგეს თუ რა მოხდა, რატომ დამაკავეს, შეადგინეს ოქმი და სასამართლოზე მოვიდნენ, როგორც ჩემი დამკავებლები და მოყვნენ ამბავი, თითქოს მე ვაგინებდი მათ, ვლანძღავდი, რუსს და მონას ვეძახდი. მე მსგავსი არაფერი მითქვამს, თუმცა ვფიქრობ, ეს სიტყვებიც გამოხატვის თავისუფლებაში უნდა ჯდებოდეს. ეტყობა, როგორც ისინი თვლიან და წარმოუდგენიათ, რომ საზოგადოებაც ასე ფიქრობს, ისე ადგენენ ამ ოქმებს. შაბლონური ტექსტი იყო ცხრავე დაკავებულის შემთხვევაში და არცერთი მათგანი, ფაქტობრივად, სასამართლო პროცესზე გამოძახებული მოწმე, აქციაზეც კი არ იმყოფებოდა არათუ დამკავებელი იყო. იქ როდესაც ხელს აწერენ, რომ იტყვიან სიმართლეს, უკვე იტყუებიან და რთული წარმოსადგენია, კიდევ რას მკადრებლები არიან. ესენი არიან დავალების შემსრულებელი მორჩილი პოლიციელები. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ მათი სია გამოქვეყნდეს და ცნობილი იყოს საზოგადოებისთვის.
პირადად ჩემზე არც ფიზიკური და არც სიტყვიერი შეურაცხყოფა არ ყოფილა, ძალადობა იყო დაკავებისას, როდესაც რამდენიმე პოლიციელმა კორდონში შემაგდო, თუმცა იმ კორდონში ვინმეს იდენტიფიცირებ წარმოუდგენელი იყო.
_ შაბათს თქვენი გუნდის წარმომადგენლებს დაესხნენ თავს თბილისში, მანამდე იყო თავდასხმა გიორგი გახარიაზე და სხვა პოლიტიკოსებზე. თუ ოპოზიციას არ აქვს ძალა და რესურსი, მაშინ რატომ აკეთებს ამას „ქართული ოცნება“?
_ ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ამ შემთხვევაში თავდამსხმელები იყვნენ დანით მისული, ეს ახალი ამბავია, აქამდე თითქოს ასეთი ნიშნები არ იყო, თუ არ ჩავთვლით ბატონ გახარიაზე თავდასხმას, როდესაც დიმიტრი სამხარაძე იარაღსაც კი აჩვენებდა, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატები იარაღითაც კი სარგებლობენ. ეს არის ძალის დემონსტრირება, კუნთების ჩვენება, რომ ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი და არ გვაინტერესებს სხვისი აზრი. ამ ყველაფერს კარგად ხედავენ ჩვენი პარტნიორები. თქვენ იცით, აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ჩემი პარტიის წარმომადგენლები არიან მიწვეულები, მაგრამ არ არის მიწვეული ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი, ელჩიც კი არ მიუწვევიათ და, შესაბამისად, ეს არის ძალის დემონსტრირება. აქეთ მხარეს მათი კუნთების არავის ეშინია. თემქაზეც დააკავეს რამდენიმე ადამიანი, თუმცა ეს დაკავებები მათთვის საწინააღმდეგოდ მუშაობს და უფრო მეტი ადამიანი გამოდის გარეთ. ეს არ არის რეჟიმი, ეს არის რაღაც კრიმინალთან შეზრდილი ძალა, რომელიც ასევე დიდი ალბათობით და დადასტურებულადაც დავალებებს იღებს ჩვენი მტერი სახელმწიფოსგან.
_ პროცესები ბათუმში დაიწყო უნივერსიტეტიდან (ბსუ) და ამის შემდგომ ის გადავიდა უკვე მთელ საქართველოზე. ძალიან მალე ბსუ-ში უნდა იყოს რექტორის არჩევნები და როგორც ცნობილია, ხელისუფლება აპირებს რექტორად დანიშნოს ტიტე არეშიძე, აჭარის ა/რ-ს უმაღლესი საბჭოს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, რომელიც აქციის მონაწილე სტუდენტებს პოტენციურ მკვლელებს უწოდებდა და ამის ფონზე ვნახეთ მუქარა რექტორობის კანდიდატ არჩილ გუჩმანიძის მიმართ. როგორ აფასებთ ამ ფაქტს, რა პროცესებს უნდა ველოდოთ ბსუ-ში?
_ როცა ბათუმში დაიწყო ათდღიანი გაფიცვა, მათი მთავარი მოთხოვნა იყო ის, რომ უნივერსიტეტს ჰქონოდა ავტონომია და არ ყოფილიყო პოლიტიზებული. მისი მოქმედი რექტორი, მერაბ ხალვაში, იყო „ქართული ოცნების“ პარტიულ შეკრებაზე და მთავარი მოთხოვნა იყოს ის, რომ მომხდარიყო უნივერსიტეტის დეპოლიტიზება, რათა არ ყოფილიყო ხელისუფლება ჩართული უნივერსიტეტის მართვის პროცესებში, მათ შორის, თვითმმართველობაში. რექტორის პოზიციაზე არიან „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირები. როდესაც სტუდენტები ამაზე საუბრობდნენ, „ქართული ოცნება“ ამას უარყოფდა და დღეს ტიტე არეშიძის კანდიდატურა არის იმის დასტური, რაზედაც საუბრობდნენ სტუდენტები ამდენი ხნის განმავლობაში. პირდაპირ, პარტიული ნომენკლატურის ადამიანი, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, მოქმედი, რომელიც წინა მოწვევაში იყო უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერი და სხვათა შორის ერთ დროს იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრიც“, დღეს ცდილობს, რომ გახდეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. მე მის აკადემიურ უნარებზე მაღალი წარმოდგენის არ ვარ, თუმცა აქ არის ერთადერთი ამბავი: ბატონი ტიტე არის მორჩილი და ხელს შეუწყობს იმას, რომ უნივერსიტეტი აქციოს პილიტიზებულ სივრცედ, გაატაროს „ქართული ოცნების“ ინტერესები და იქ დემოკრატიული პროცესები ჩაახშოს. რაც შეეხება ბატონ არჩილს, ის არასამთავრობო სექტორში მუშაობდა მანამდე და აქტიურად ზრუნავდა ეკოლოგიაზე, მწვანე საკითხებზე, მართლაც ძალიან გამორჩეული პროფესიონალია თავისი საქმის, არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში უმუშავია, თუმცა დღეს წარმოუდგენელია, რომ მას რაიმე შანსი ჰქონდეს, გამომიდინარე იქიდან, რომ აკადემიური საბჭო შედგება უნივერსიტეტის თანამშრომლებისგან, სადაც არსებობს დავალება იმის შესახებ, რომ ბატონი ტიტე უნდა გახდეს რექტორი. ამ ყველაფერს მოჰყვება პროტესტი ბათუმში, რამდენიმე ლექტორი ღიად გამოხატავს თავის დამოკიდებულებას. სტუდენტებიც ფიქრობენ ამ ყველაფრის გაპროტესტებას.
ციალა ქათამიძე:
_ „სამოქალაქო წინააღმდეგობის მოძრაობა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ“ _ ეს არის მოძრაობა, რომელიც დააფუძნეთ იმ პროცესების ფონზე, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს ბათუმში და ზოგადად საქართველოში, რა არის მოძრაობის მთავარი მიზანი?
_ ორგანიზაციის მთავარი მიზანი იქნება რუსული რეჟიმის დემონტაჟი, პოლიტიკური პატიმრების საკითხი, მათი განთავისუფლება და ა. შ. მოვუწოდებ თითოეულ მოქალაქეს, ვისაც აქვს სურვილი, რომ თავისი წვლილი შეიტანოს რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში, შემომიერთდეს. სხვადასხვა ღონისძიებები, აქტივობები და ბრძოლის ფორმები ერთად იქნება დაგეგმილი და განხორციელებული. ამასთანავე ვაპირებ გავაკეთო „მზის ფონდი“, ეს იქნება სახელწოდება და მისი დახმარებით მოხდება სამოქალაქო მოძრაობის მიერ დაგეგმილი სხვადასხვა ტიპის წინააღმდეგობის ფინანსური მხარდაჭერა.
_ როდესაც დაგაკავეს, რა პროცესები უძღოდა ამას წინ და როგორ გექცეოდნენ დაკავების შემდგომ სამართალდამცველები?
_ ვაკრავდი სტიკერს ქვაფენილზე შლაგბაუმს გარეთ, სამმართველოს შენობის გარეთ, შესაბამისად, პოლიციელ დგებუაძის მოწოდება, არ დამეკრა და ამეძრო სტიკერი, ჩემი აზრით, იყო კანონსაწინააღმდეგო. თუმცა მანამ, სანამ ის ატარებს ჩემი სახელმწიფოს მიერ მინდობილ ფორმას, ჩავთვალე თავი ვალდებულად, მის მიერ მოწოდებაზე დაკავებასთან დაკავშირებით დავმორჩილებოდი და ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე გავყევი სამმართველოს შენობაში, სადაც დაახლოებით ერთ საათში მაცნობეს, რომ დაკავებული ვარ პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევაში და რომ პოლიციელებს ვეძახოდი მონას, ღორებს, რუსეთის აგენტებს და ა. შ. იქვე დავუსვი კითხვა ბატონ დგებუაძეს, ყოფილა თუ არა შემთხვევა იმ 45 დღის განმავლობაში მის მიმართ ან რომელიმე მისი თანამშრომლის მიმართ ჩემი მხრიდან მსგავსი ტიპის ქმედების განხორციელების ან შეურაცხყოფის და მან თავისივე თანამშრომლებთან ერთად მიპასუხა, რომ არა. ასევე სხვა პოლიციელებსაც ვკითხე და მივიღე იგივე პასუხი. ოქმში რომელიც წარმომიდგინეს, უარყვეს ოქმის ის ნაწილი, თუმცა განმიმარტეს, რომ ეს არის შაბლონი. მე ამის შემდგომ ვუთხარი, რომ მსგავსი ტიპის შაბლონები რომ არ არსებობდეს, ზუსტად მაგიტომ მივედი პოლიციის შენობასთან და მივმართე ყველა იმ ადამიანს, რომელიც მუშაობს იმ სამმართველოში და თვლის, რომ უკანონო ბრალდებებს ახორციელებს მათი სახელით სამმართველო, როგორმე გაგვაგებინოს ამის შესახებ. მოგვიანებით რაც ვნახე სამმართველოს შენობაში, ეს იყო აბსოლუტურად წარმოუდგენელი და წლების განმავლობაში რასაც ადამიანები მიყვებოდნენ ჩემი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს (ციალა ქათამიძე წლების მანძილზე მუშაობდა ადამიანის უფლებების დაცვის ნაწილში) სხვადასხვა პოლიციის თანამშრომლის მხრიდან ვნახე ცხადლივ. საუბარი არ არის აქ ჩემზე, ვაჟა დარჩიაზე ან მათე ცენტერაძეზე, საუბარი მაქვს მალხაზ ირემაძის მისამართით და მეორე შემთხვევა არის თემურ ქათამაძის ცემის ნაწილი. დგებუაძემ ამ შემთხვევაში თავად მითხრა, რომ მას გაუსწორდა, რადგანაც მისი თქმით, ქათამაძე დროშას ურტყამდა პოლიციელებს თავში, რაზეც მქონდა ჩემი პასუხი, რომ ეს იყო უბრალოდ სიცრუე, რადგანაც მთელი ამ დროის განმავლობაში მე ვხედავდი თემურ ქათამაძეს და მის პროტესტს, სადაც მსგავსი რამ მას არ ჩაუდენია.
_ აქციების ორგანიზატორების წინააღმდეგ მიმდინარეობს აქტიური დაშინების კამპანია ხელისუფლების მხრიდან, რომელიც სხვადასხვა აქტივობაშია გამოხატული. თქვენ მიმართ თუ ხდებოდა მსგავსი რამ?
_ ჩემ მიმართ ზეწოლა განხორციელდა გაზაფხულზე, როდესაც დიმიტრი სამხარაძემ ბათუმში მოაწყო ე. წ. რეიდი ოფისებში და მათ შორის ჩემი მეგობრის სახლში, რადგანაც ორგანიზაცია, რომელიც გვაქვს დაფუძნებული, არის მის მისამართზე რეგისტრირებული. მისი საცხოვრებელი ბინის კედლებზე ჩემი მისამართით დაწერეს შეურაცხმყოფელი წარწერები. სამწუხაროდ, დღემდე არანაირი უკუკავშირი ამ საქმესთან დაკავშირებით არ ყოფილა. აღსანიშნავია, რომ ეს კონკრეტული ფაქტი თავად აღიარა დიმიტრი სამხარაძემ ვიდეოს დადებით. ეს ფაქტიც გავახსენე ბატონ ირაკლი დგებუაძეს და პასუხის იყო, რომ ხდება ხოლმეო. ანუ ადამიანი, რომელიც მაკავებს სტიკერის გაკვრისთვის ქვაფენილზე, მეუბნება, რომ საქმე, რომელიც ჩემ მიმართ განხორციელებულ მუქარაზე უნდა აღძრულიყო, იმიტომ ვერ აღიძრა, რომ თურმე მსგავსი რამ ხდება ხოლმე. ვნახოთ, რა მოჰყვება ასეთ დაუსჯელობას.
_ ბოლო შეკითხვას დაგისვამთ გაზეთ „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელის საქმეზე, რომელიც ერთ დღეს დააკავეს ორჯერ, როდესაც თქვენც დაგაკავეს. აღნიშნული მედიასაშუალება ყველა ხელისუფლების დროს ინარჩუნებდა კრიტიკული და სამართლიანი მედიის სტატუსს, მიუხედავად იმისა, რომ მათ მიმართ ზეწოლა ხორციელდებოდა იგივე ასლან აბაშიძისა და შემდგომში უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, ვერც ერთმა მათგანმა ვერ გაბედა და ვერ გაუსწორდა მას, „ქართული ოცნების“ პერიოდში კი პირიქით ვიხილეთ. რა უთხრა ამ ქმედებით ხელისუფლებამ მზია ამაღლობელს?
_ მზია ამაღლობელს „ქართულმა ოცნებამ“ და ირაკლი დგებუაძემ დაანახა ამ სისტემის ყველაზე მანკიერი სახე, როგორ ჩაგრავენ ერთ მოქალაქეს; პოლიციის ფორმაში ჩაცმული ადამიანი სამმართველოს პირველ სართულზე როგორ სცემს დაკავებულ მოქალაქეს იმისთვის, რომ ის მონაწილეობს პროევროპულ აქციებში. მზიამ ნახა ცხადლივ ყველაფერი ის, რასაც წლების განმავლობაში აშუქებდა. ყველაფერი ესმოდა მას და როგორც ჩემთვის, ასევე მისთვის ეს იყო პროფესიულ ცხოვრებაში ემოციურად შეუძლებლად გადასატანი მომენტი, როდესაც ვერ ეხმარები მოქალაქეს, როდესაც მთელი პროფესიული კარიერა ჩემი და მზია ამაღლობელის დაკავშირებულია იმასთან, რომ ყველა უფლებადარღვეულ მოქალაქეს ჰქონდეს ამ შელახული უფლების აღდგენის საშუალება და მხარდაჭერა. ჩვენ ვხედავდით ცხადად, როგორ სცემდა პოლიციის უფროსი დგებუაძე მოქალაქეებს, როგორ აგინებდა ასევ მზიას და ყველა იმ ადამიანს, რომელიც დადის პროევროპულ აქციებზე ბათუმში და მთელს საქართველოში. შესაბამისად, მიჭირს წარმოვიდგინო განსაკუთრებით მზიას ემოციური მდგომარეობა იქიდან გამოსვლის შემდგომ. არც ჩემთვის იყო ემოციურად ამის გაგება და აღქმა მარტივი, რადგან ჩვენ ვერ მოვახერხეთ იმ ადამიანების დაცვა ძალადობისგან. წარმოგიდგენიათ, რამდენად ბევრი ადამიანი შეიძლება იყოს ასეთ დღეში, რომელსაც ვერავინ უყურებს?