შაბათი, 15 თებერვალი, 2025
2024-12-24 09:08:58
გიორგი საკარული
რუსთაველის გამზირი და თბილისის სხვადასხვა ქუჩა თითქმის ერთი თვეა, რაც ხალხის პროტესტმა მოიცვა. იმ ხალხის, ვისაც სურს ევროპული მომავალი და არა საბჭოთა კავშირში დაბრუნება. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის რეჟიმმა 400-ზე მეტი უდანაშაულო ახალგაზრდა ციხეში გაუშვა, ისინი არავის და არაფერს უშინდებიან და თავისუფლებისთვის ბრძოლას კვლავ აქტიურად აგრძელებენ.
წლის შეჯამება, არჩევნები, აქციები, სანქციები და განსხვავებული ახალი წელი, _ ამ ძირითადი საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „სატრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე:
_ ბატონო სერგო, როგორი იყო გასული წელი, რით იყო დასამახსოვრებელი იგი და როგორ შეაფასებდით იმ მოვლენებს, რომელიც ჩვენ გავიარეთ ამ ერთი წლის განმავლობაში?
_ პოლიტიკურად ძალიან რთული, დაძაბული და მძიმე წელი იყო. მარტო არჩევნებზე არ გავაკეთებდი აქცენტს, რადგან მძიმე წელი იყო გამომდინარე იქიდან, რომ რუსული კანონი მეორედ შემოიტანეს გასული წლის ბოლოს და უკვე წლის დასაწყისში ძალიან აქტიური გახდა „ქართული ოცნება“ თავისი ანტიდასავლური ქმედებებით. ფაქტობრივად, წლის დასაწყისში დაიწყო ქმედითი ნაბიჯები ბიძინა ივანიშვილის ცნობილი გამოსვლის შემდეგ, რომ ისინი გადადიოდნენ ახალ ეტაპზე, ანუ საქართველოს აშორებდნენ თავის დასავლურ მომავალს. თქვენ გახსოვთ, თუ როგორ მძიმე ვითარებაში მიმდინარეობდა რუსული კანონის მიღება, ორთვიანი აპრილ-მაისის მოვლენები, მიტინგები, გამოსვლები, დარბევა და მიუხედავად ამისა, მაინც არაფერი არ გაითვალისწინეს და მეორედ შემოტანილი კანონი კვლავ გაიტანეს, რამაც კიდევ ერთი ნაბიჯით დაგვაშორა ევროპულ პერსპექტივას. ყველა მიმართულებით რეგრესი იყო, შემდეგ იყო არჩევნების თემა და მისი მოპარვა, არჩევნების შედეგების გადაწერა, რამაც უკვე ბიძგი მისცა იმ მოვლენებს, რაც დღეს უკვე ქვეყანაში ვითარდება და ეს სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმა არჩევნებიდან ერთ თვეში ბიძინა ივანიშვილის პოზიციამ, რომელიც გაჟღერდა ირაკლი კობახიძის მიერ, რომ საერთოდ ვწყვეტთ ევროინტეგრაციის პროცესს და აღარ ვაპირებთ, ამ საკითხს მივუბრუნდეთო. ეს ბოლო წვეთი აღმოჩნდა ქართველი ადამიანის მოთმინების ფიალაში და ყველაფერი ეს დაგროვდა, რაც აისახა დღევანდელ მოვლენებში, რომ ქართველი ხალხი ვდგავართ ქუჩაში, ვართ პრინციპულები და ვფიქრობ, რომ ეს პროცესი არ დასრულდება, სანამ ივანიშვილის სადისტური რეჟიმი არ მოშორდება საქართველოს.
აღარაფერს ვამბობ ისეთ პოლიტიკურ მოვლებეზე, როგორიცაა ირანთან და ჩინეთთან დაახლოება, მაგრამ მაინც მინდა რთი პოზიტიური რამ აღვნიშნო, რომ წლის ბოლოს ჩვენ მივიღეთ ძალიან სოლიდარული საზოგადოება, რომელიც არასდროს ყოფილა საქართველოში. ყოველთვის იყო პოლიტიკური ნიშნით გამორჩევა, იმისტი და ამისტი, მარამ ჩვენ მივიღეთ დღეს სხვა სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ერთიანდება იდეების გარშემო, პროფესიული სოლიდარობით და სხვა სახის მხარდაჭერით. ეს მიგვიყვანს აუცილებლად წარმატებისკენ. მიუხედავად დაშინების, დაჭერების, ცემის, დიდი პროპაგანდისა და არაადამიანური მოპყრობისა, ქართველი ხალხი უკან მაინც არ იხევს და ეს მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ შემდეგი წელი იქნება ნამდვილად გამარჯვების.
_ ჩვენ დღეს ქუჩაში ვხედავთ გაბრაზებულ ხალხს, ახალგაზრდებს, სტუდენტებს და ზოგადად მოქალაქეებს. რომ არა კობახიძის განცხადება, რომელიც ჩვენს ევროპულ მომავალსა და პერსპექტივას შეეხო, საინტერესოა, იქნებოდა თუ არა დღეს ის შედეგი, რასაც უკვე 25-ე დღეა, ვხედავთ თბილისის ქუჩებსა და სრულიად საქართველოში?
_ კობახიძის განცხადებას ვერ დავარქმევდი ამას, ეს პირველ რიგში არის ბიძინა ივანიშვილის განცხადება, კობახიძის პირით თქმული. ყველაფერი, რაც ამ ქვეყანაში ხდება, მხოლოდ ივანიშვილის ბრძანებით. კობახიძე არავინ არის, ის არის ოლიგარქის გამამჟღერებელი, ანუ მთავარი შემოქმედი ამ ბოროტების არის ბიძინა ივანიშვილი. რაც შეეხება, არჩევნების გაყალბების შემდგომ პროცესებს, აქ უნდა გავითვალისწინოთ ფსიქოლოგიური ფაქტორი, რომ იმდენად დიდი იმედგაცრუება იყო, ბუნებრივია, დაითრგუნე და გინდა ძალების მოკრება. პირველ კვირას პოლიტიკურ სპექტრი დაიბნა, მაგრამ ამ პროცესებმა, რაც არის ივანიშილის გაცხადებული მიზანი, რომ საერთოდ ჩაჭრა ყველანაირი ხაზი ევროპასთან, ეს აღმოჩნდა როგორც ბოლო წვეთი და საკმარისი მიზეზი საზოგადოებისთვის, რომ გამოსულიყო ქუჩაში და გაეპროტესტებინა. ასეთ კრიტიკულ ვითარებაში, ისტორიასაც რომ გადავხედოთ, ქართველი ხალხი ყოველთვის მობილიზდება და ივანიშვილმა ისიც უნდა იცოდეს, რომ ქართველი ხალხი ყოველთვის იმარჯვებს.
_ ამ გადმოსახედიდან შეეძლო თუ არა ოპოზიციას, არჩევნების გაყალბება თავიდან აეცილებინა? მახსოვს, ოპოზიცია ძალიან დარწმუნებული იყო, რომ არჩევნები არ გაყალბდებოდა, თუმცა რეალური სურათი სულ სხვა ვიხილეთ. რა უნდა გაგეკეთებინათ ოპოზიციას და ვერ გააკეთეთ?
_ ხშირად არის ხოლმე ოპოზიციის კრიტიკა და სამართლიანიც, მაგრამ დავიწყოთ იქიდან, რომ ოპოზიციამ ეს არჩევნები მოიგო 60/40-ზე და ყველა ეგზიტპოლი თუ სხვა დათვლები ამას აჩვენებდა, ქართველმა ხალხმა ეს არჩევნები მოიგო. ზოგჯერ გადამეტებული თვითკრიტიკა არ მგონია, რომ სწორი იყოს ხოლმე. ასეთ ავტორიტარულ რეჟიმში როდესაც არჩევნებს იგებ, აქ პირიქით უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ მიუხედავად ბევრი სიძნელისა, ოპოზიციამ ეს არჩევნები მოიგო, მაგრამ ივანიშვილმა იმდენად თავხედურად გააყალბა ეს ყველაფერი, რომ ის ნებისმიერ შემთხვევაში დაწერდა სხვა შედეგებს. დავასახელოთ ერთი ნორმალური ქვეყანა, სადაც ავტორიტარიაა, დიქტატურაა, ოპოზიცია სუსტი კი არა საერთოდ თუ არსებობს. ამ პირობებში ოპოზიცია არათუ არსებობს საქართველოში, მან არჩევნები მოიგო. სისუსტეები ამდენი წნეხისა და ზეწოლის ფონზე, რა თქმა უნდა, იქნება. რეალობიდან უნდა გამოვიდეთ და რეალობაა ის, რომ ქვეყანაში არის ივანიშვილის სადისტური რეჟიმი და ამ რეჟიმში ოპოზიციის ხმა არათუ ისმის, არამედ არჩევნებსაც კი იგებს და ეს პირველ რიგში არის ხალხის დამსახურება.
_ სხვა რამეს გეკითხებით: შეიძლებოდა თუ არა ამ ყველაფრის უკეთ გაკეთება, მომზადება, თავის დაცვა, ამომრჩევლის ხმის დაცვა?
_ რა თქმა უნდა, შეიძლებოდა. თქვენ იცით, რომ მეც და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდიც ერთი წლის წინათ ვამბობდით, რომ უკეთესი იქნებოდა ერთი დიდი ბირთვის, დიდი გაერთიანების შექმნა, რომელიც ერთიერთზე დაუპირისპირდებოდა რეჟიმს. წინასწარ იმის თქმა, თუ რა მოყვებოდა ამ ყველაფერს, რთულია, მაგრამ მეტი შანსი იქნებოდა, რომ ეს რეჟიმი გადატეხილიყო არჩევნებამდე და მეტი შანსი იქნებოდა, უფრო აქტიური ქმედებები ყოფილიყო არჩევნების ან არჩევნების შემდგომ დღეებში. ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ეს ასე არ მოხდა. საერთოდ, ჩვენ უნდა ვკონცენტრირდეთ იმაზე, თუ რას ვაკეთებთ ხვალ. ახლა მთავარი საბრძოლველი გვაქვს ერთი _ ბიძინა ივანიშვილის სადისტური რეჟიმი უნდა დამარცხდეს და ერთხელ და სამუდამოდ მოშორდეს ამ ქვეყანას როგორც მმართველი და მეორე: ჩაინიშნოს არჩევნები ახალი სისტემით და ყველა ის ადამიანი, რომელიც დაპატიმრებულია ივანიშვილის რეჟიმის მიერ, სასწრაფოდ განთავისუფლდეს. ჩვენი მთელი რესურსი და გონება მიმართული უნდა იყოს ამ ყველაფერზე და არა წარსულზე, თუ რა მოხდა, რა შეიძლებოდა მომხდარიყო და ა. შ. კი, რა თქმა უნდა, ეკეთესად შეიძლებოდა ყველაფერი, უკეთესი კოორდინაცია, მაგრამ ფაქტი არის ფაქტი, რომ დიქტატურის პირობებშიც კი პარტიები არ გამქრალან, აქტიურები არიან, არჩევნებს იგებენ და დარწმუნებული ვარ, ახალი არჩევნები რომ იქნება, ეს ხმებიც სათანადოდ გადანაწილდება, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი რომ აღარასდროს იქნება მმართველობაში, ამაში დარწმუნებული ვარ და ეს მალე მოხდება, _ როგორც კი ახალი არჩევნები ჩაინიშნება.
_ რა გაძლევთ ამის თქმის საბაბს და რატომ ხართ ასე დარწმუნებული? რას აკეთებს იმისთვის ოპოზიცია, რომ ივანიშვილის რეჟიმი წავიდეს და ოპოზიცია მოვიდეს კოალიციური უმრავლესობით? ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ ის სანქციები, რომელიც უკვე დაუწესდათ და კვლავ დაუწესდებათ ქართველ მაღალჩინოსნებს, ესეც იმ ახალგაზრდებისა და ხალხის დამსახურებაა, ვინც დღემდე ქუჩაში დგას და აპროტესტებს რუსულ რეჟიმს. სად არის ოპოზიციის როლი?
_ ხალხია აქ მთავარი მოქმედი პირი. დღეს არავის პარტია აღარ არის, აქ არის მხოლოდ ერთი _ ხალხის პარტია. ოპოზიციას ამ მიმართულებით არ ვიტყოდი, რადგან ოთხივე ოპოზიციურმა პარტიამ მოიგო ეს არჩევნები. თუ პრეტენზიას ვუყენებთ ოპოზიციას იმაზე, რომ ეს დიქტატურა როგორ ვერ დაამარცხა, ძნელია ასეთი რეჟიმების დამარცხება. აქ საუბარი გვაქვს დიქტატურასთან...
_ ეს გასაგებია და ვიცით, მაგრამ ამ დიქტატურის დამარცხება რა გზებით წარმოგიდგენიათ?
_ ორი ნაბიჯია ამ ყველაფრის დასამარცხებლად, დავივიწყოთ სხვა ყველაფერი, პარტიები და ა. შ. ერთი ნაბიჯია ის, რომ უნდა იყოს ხალხის აქტიურობა ქუჩაში, პროტესტი, რაც მიმდინარეობს და აქ არ მგონია, რომ რომელიმე პარტიამ უნდა აიღოს ლიდერობა და პარტიამ უნდა გამოიყვანოს ხალხი. ვერც გამოიყვანს, რადგან ყველა დროს დიქტატურის დამარცხება ხდება ხალხის მიერ. არასწორია ის მიდგომა, როცა ამბობენ, პარტია როგორ დაამარცხებს ამ დიქტატურას. პარტია ვერ დაამარცხებს და მეორე ნაბიჯია საერთაშორისო წნეხი, დახმარება ცივილიზებული ქვეყნების, რასაც ასევე ვხედავთ. ეს ნაბიჯებიც ცოტაა და დაგვიანებული, რადგან ეს ყველაფერი ორი წლის წინათ რომ გაკეთებულიყო, დღეს რეალურად სხვა სურათი გვექნებოდა, თუმცა რა ნაბიჯებიც დღეს იდგმება, ესეც დიდი დახმარებაა უკვე და წინ კიდევ დიდი სანქციები ელოდება „ქართულ ოცნებას“.
რაც შეეხება პოლიტიკურ დემოკრატიული პარტიებს მათ როლსაც ნუ უგულებელვყოფთ, რადგან ყოველდღიური კომუნიკაცია უცხოელ პარტნიორებთან, თუნდაც საქმის კურსში მათი ჩაყენება, საქმეა. ამ მიმართულებით ოთხივე გამარჯვებული პარტია ძალიან მჭიდრო კოოდინაციაშია ევროპელ ლიდერებთან. თუ მეკითხებით იმას, რომ რას აკეთებს ოპოზიცია, ამ მხრივ ძალიან აქტიურად მუშაობს. რაც შეეხება ქვეყნის შიგნით მდგომარეობას, ვხედავთ, რომ ქართველი ხალხის პროტესტი უმაღლესია და აქ პოლიტიკოსების ზედმეტი ჩარევა, ამ ეტაპზე, არ არის საჭირო.
ველი, რომ კიდევ უფრო მეტი სანქცია და შემზღუდავი ღონისძიება იქნება ევროკავშირის ცალკეული ქვეყნებისგან, როგორც ეს ესტონეთმა, ლიეტუვამ და ლატვიამ გააკეთეს ივანიშვილის რეჟიმზე, ასევე აშშ-სგანაც იქნება დამატებითი ღონისძიებები. ბიზნესმენების მხარდაჭერაც კი აღარ აქვს ბიძინა ივანიშვილს და ეს არის დინამიკა, რომ ივანიშვილის რეჟიმის მხარეს აღარ რჩება არავინ: არც ბიზნესი, არც პროფესიული გაერთიანება... ორი რაღაც დარჩა მხოლოდ ივანიშვილს და მის რეჟიმს, ეს არის ზონდერთა დაჯგუფებები და მათ ძალადობაზე დგომა, ასევე პროპაგანდა, რომელსაც ჯერ კიდევ ახორციელებს მისი რამდენიმე ტელევიზია და ტროლ-ბოტების არმია.
_ რასაც ხალხი არ უშინდება.
_ რა თქმა უნდა. ამ ძალადობას ხალხი არ უშინდება და ეს პროპაგანდა კიდევ იმდენად სასაცილო გახდა, რომ „ქათული ოცნების“ ამჟამინდელ მხარდამჭერებზეც კი ძნელად მუშაობს. ამიტომ ვამბობ, რომ ეს ყველაფერი ნელ-ნელა გამოეცლება მას. ძალოვანი სტრუქტურებიდანაც უკვე მოდიან ადამიანები და ბევრი კიდევ წამოსვლას ფიქრობს. ეს პროცესი გაგრძელდება და არ არის გამორიცხული, 20 ინვრამდეც ვერ მივიდეს ივანიშვილის რეჟიმი. ბიძინა ივანიშვილის პირად თვითმფრინავში მალე არ აღმოჩნდება ადგილი არც ღარიბაშვილისთვის, არც კობახიძისთვის, არც ლილუაშვილისთვის, არც გომელაურისთვის და არც პაპუაშვილისთვის. ამიტომ ამაზე უნდა დაფიქრდეს ეს ხალხი, ვინც ჯერ კიდევ არ დასანქცირებულა და კიდევ აქვს შანსი, რომ რაღაცნაირად ნაკლები დანაკარგით გამოძვრეს ამ სიტუაციიდან. ვფიქრობ, კიდევ ბევრი ადამიანი დაფიქრდება, რომ ამ სანქცირებულ რეჟიმს არ ჩაჰყვეს პოლიტიკურ სამარეში, რადგან ბიძინა ივანიშვილი წავა და კი ვიცით, რომ ძალიან ბევრი ქონება და მამული აქვს მოსკოვში და იცხოვრებს იქ, სადაც იანუკოვიჩის მეზობლად დაიდებს ბანაკს, მაგრამ რას იზამს კობხიძე ან სანქცირებული გომელაური, რომელსაც წასასვლელი არსად ექნება და იმ რუსეთშიც არ წაიყვანს ბიძინა ივანიშვილი? ამიტომ ამაზე უნდა დაფიქრდეს ეს ხალხი და დროულად მიიღონ გადაწყვეტილება, რომ შეწყვიტონ ეს დანაშაულებრივი ქმედებები. ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღონ იმ მოსამართლეებმა, რომლებიც სადისტურ გადაწყვეტილებებს იღებენ.
_ ერთგვარი შეჯამება რომ გავაკეთოთ და კითხვას აღარ დაგისვამთ არალეგიტიმურ ყაველაშვილზე, რომელიც პრეზიდენტად დაგვისვეს. ძალიან სასაცილოა უკვე ამ საკითხის განხილვა სერიოზულ ჭრილში, ამიტომ, საბოლოო ჯამში რომ ვთქვათ, ამ მოვლენებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას თუ არა, რომ ივანიშვილის ბოლო ჟამია დღეს?
_ დიახ, ვფიქრობ, რომ ივანიშვილის ჟამი და რეჟიმი ითვლის ბოლო კვირებს, სასურველი სცენარის მიხედვით ბოლო თვეებს და ეს არის ნამდვილად ბოლო ჟამი. ახლა მასზე არის დამოკიდებული, რამდენად უმტკივნეულოდ დასრულდება მისთვის ეს პროცესი, რამდენად სწორ გადაწყვეტლებებს მიიღებს, რადგან პირდაპირ თუ ირიბად მისთვის უკვე ნათქვამი აქვთ, რომ უნდა გაჩერდეს და უნდა ჩამოშორდეს პოლიტიკურ პროცესებს და ქვეყნის მმართველობას.
_ დაბოლოს, ყველაზე განსხვავებული ახალი წელი იქნება საქართველოს ისტორიაში. ხალხი აპირებს, რომ 2025 წლის შემობრძანებას ქუჩაში შეხვდეს, _ იქ, სადაც აპროტესტებენ ივანიშვილისა და რუსულ რეჟიმს. აპირებთ თუ არა სახალხო პროტესტს და ამავდროულად ერთგვარ ზეიმს თქვენც შეუერთდეთ 31 დეკემბერს?
_ კი, ძალიან ბევრი ადამიანი ხვდება 31 დეკემბერს ახალ წელს ქუჩაში და მეც, რა თქმა უნდა, ვიქნები რუსთაველზე. სხვათა შორის, პრეზიდენტმაც განაცხადა, რომ ჩვენ ერთად ვხვდებით ახალ წელსო. ვფიქრობ, ახალი წლის ღამეს, სადაც იქნება ხალხი, პოლიტიკოსები და სხვა პროფესიის ადამიანები, თავისუფალი საზოგადოება კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ დიდ ერთობას მთელ მსოფლიოს.