- ხუთშაბათი, 26 დეკემბერი, 2024
2024-12-25 07:07:20
შორენა მარსაგიშვილი
რა მიზნით ჩამოვიდა საქართველოში ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი? ითხოვდა თუ არა მართლა ვინმე რუსულ კანონში ცვლილებების შეტანას? როგორ ამხნევებენ „ქართულ ოცნებაში“ ერთმანეთს? სადამდე აპირებს ოპოზიცია და ხალხი ბრძოლის გაგრძელებას? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პარტია „ახალის“ წევრი, დიმიტრი ბიძინაშვილი:
_ ბატონო დიმიტრი, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსეს თბილისში ვიზიტს არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ბევრმა მას შარლ მიშელი-2 უწოდა. მისი ვიზიტის შემდეგ ხომ არ დაიწყება მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან და, 2020 წლის არჩევნების მსგავსად, ოპოზიცია ისევ ხომ არ შევა პარლამენტში?
_ არ მგონია, ვინმეს არ უნდოდეს ქვეყნის ევროპული მომავალი და ამ ეტაპზე რაიმე დიალოგში შევიდეს არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან. ერთადერთი მოლაპარაკება რაც შეიძლება „ქართულ ოცნებასთან“ გაიმართოს, ეს იქნება უკანონო პატიმრების განთავისუფლება და ახალი არჩევნების ჩანიშვნა. ახალ არჩევნებს ბიძინა ივანიშვილის ცესკო აღარ უნდა გავაკაროთ, არჩევნები ნეიტრალურმა კომისიამ უნდა ჩაატაროს. მხოლოდ ამ ორ საკითხზე შეიძლება დღეს ხელისუფლებასთან ლაპარაკი. რუსულ კანონში ცვლილებების შეტანა უკვე აღარავის აინტერესებს. ეს კანონი მთლიანად არის გასაუქმებელი და იგი აუცილებლად გაუქმდება, როცა რუსული, არალეგიტიმური ხელისუფლება მოშორდება ამ ქვეყნას. ასევე გაუქმდება ის კანონებიც, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ არის მიმართული.
არ ვიცი, ვის და სად ელაპარაკა ალენ ბერსე, არც ის ვიცი, რატომ არის ახლა რუსული კანონი საქართველოს მოქალაქეებისთვის საინტერესო, ფაქტი ის არის, რომ არავინ აპირებს ამ დიალოგში შესვლას. ოპოზიცია თავიდანვე არ შევიდა ხელისუფლებასთან დიალოგში, რადგან ფიქრობდნენ, რომ ეს კანონი იყო უვარგისი. ჩვენ არა მარტო კანონი, არამედ მთლიანად ხელისუფლება გვყავს რუსი და, პირველ რიგში, ისინი უნდა შეიცვალონ. თუ ვინმეს მართლა აინტერესებს ეს კანონი და იქ ცვლილებების შეტანა, ვეტყვი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ამას აზრი არ აქვს, რადგან ეს კანონი შესაძლოა ჩაასწორონ, მაგრამ სხვა კანონში შეიტანენ რუსულ ცვლილებებს.
_ რატომ დაიწყო მოლაპარაკებებზე საუბარი? ეს დასავლეთის პოზიციაა თუ კონკრეტულად ალენ ბერსესი?
_ არ ვიცი, ეს თემა საიდან წამოვიდა. არასამთავრობო სექტორი შეხვდა ალენ ბერსეს და როგორც მათ განმარტეს, შეხვედრაზე საერთოდ არ ყოფილა რუსულ კანონზე საუბარი. ისინიც პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლებასა და ახალი არჩევნების ჩანიშვნაზე საუბრობდნენ. ეს არის ერთადერთი, რაზედაც მთელი ერი ვთანხმდებით, რუსების გარდა. შარლ მიშელი-2 არ იქნება.
_ გადავიდეთ სანქციებზე და იმ რეაქციებზე, რაც ხელისუფლებას ჰქონდა. აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა 19 დეკემბერს ვახტანგ გომელაური დაასანქცირა. მეორე დღეს საქართველოს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გომელაური ვიცე-პრემიერად წარადგინა. ეს ხალხის გამოწვევაა, თუ საკუთარი მომხრეების გამხნევება?
_ ფაქტია, რომ „ქართულ ოცნებას“ თავად შიგნითაც არ აქვს ჯანსაღი სიტუაცია და ასეთი მეთოდებით ცდილობს საკუთარი თავისა და მომხრეების გამხნევებას. არაფერს ნიშნავს ვახტანგ გომელაურის ვიცე-პრემიერად დანიშვნა. ეს ვერაფერს შეცვლის.
_ შიგნით არ აქვთ „ოცნებაში“ კარგი სიტუაციაო და უფრო კონკრეტულად რა შეგიძლიათ, გვითხრათ.
_ იშლებიან შიგნიდან. ელჩმა დატოვა თანამდებობა. სამსახურიდან პროტესტის ნიშნად მიდიან საჯარო მოხელეები. გადადგა რამდენიმე მინისტრის მოადგილე. წავიდა ხარებას ერთ-ერთი მოადგილეც. არ არიან მყარად „ოცნებაში“ და ამ სანქციებმა კიდევ უფრო შეარყია მათი პოზიციები. ისინი დღეს დგანან მხოლოდ ძალადობასა და ძალოვან უწყებებზე. ძალოვანი უწყებების ჩამოშლა ნიშნავს იმას, რომ ისინი მიტაცებულ ძალაუფლებას ვეღარ შეინარჩუნებენ. ამიტომ ცდილობენ, რომ ახლა რამენაირად მოაძლიერონ და გაამაგრონ ერთმანეთი. სწორედ ეს იყო დასანქცირებული ადამიანების დაწინაურება.
_ არა მარტო დაწინაურება. ღირსების ორდენებზე წარადგიინა ისინი ირაკლი კობახიძემ. ამას რა ახსნა შეიძლება ჰქონდეს?
_ ეს არის ჩვეულებრივი სიგიჟე. ამ ადამიანებს სანქციები იმიტომ დაუწესეს, რომ არაადამიანურად ეპყრობოდნენ აქციის მონაწილეებსა და პატიმრებს. ამ ადამიანების დაწინაურება ნიშნავს, რომ საერთაშორისო პარტნიორებთანაც იფუჭებ ურთიერთობას. ახლა გამოდიან ხელისუფლების წარმომადგენლები და ამბობენ, ჩვენ არ ვაჩერებთ ევროპისკენ სვლასო. ამას ამბობენ სიტყვით, საქმით კი სულ სხვა რამეს აკეთებენ. „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეჩერდეს საქართველოს სვლა ევროპისკენ. გომელაურის დაწინაურება ამის ერთ-ერთი აშკარა მაგალითია. როგორ შეიძლება, ვიცე-პრემიერი იყოს ადამიანი, რომელიც არის დასანქცირებული?! მას დასავლეთში არავინ დაელაპარაკება, ხელსაც კი არ ჩამოართმევენ. ის, პრაქტიკულად, საბანკო ბარათს ვერ გამოიყენებს. მაგნიტსკის სიაში მოხვედრა უმძიმესი რამეა. თუ ვინმემ არ იცის, რას ნიშნავს ეს, გადაამოწმონ და მიხვდებიან, რა სიმძიმესთან გვაქვს საქმე. „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რაღაცნაირად დრო მოიგოს.
_ რისთვის სჭირდება დროის მოგება?
_ დროის მოგება იმისთვის სჭირდებათ, რომ იმედი აქვთ, ხალხი დაიღლება. არადა, ხალხი არ იღლება. ჩვენ ვხედავთ ყოველდღიურ რეჟიმში აქციებსა და აქტიურობას. ამდენი ხანია, აქციები მიდის და მუხტი არ დავარდნილა. პირიქით, ეს მუხტი არის გადამდები. ყველას კარგად აქვს გააზრებული, რომ ეს იქნება ხანგრძლივი პროცესი. ეს ადამიანები ხანგრძლივი პროტესტისთვის მზად არიან.
_ ეს ხალხი და განსაკუთრებით ახალგაზრდები მართლა მზად არიან ხანგრძლივი პროტესტისთვის, მაგრამ ეს ხანგრძლივი პროტესტი დაუსრულებლად ვერ გაგრძელდება. ეს ხელისუფლება დათმობაზე არ მიდის. როდემდე შეიძლება გაგრძლდეს ეს მარშები და აქციები?
_ გაგრძელდება მანამდე, სანამ მიზანს არ მივაღწევთ. ხელისუფლების გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ და ტყუილად აქვთ იმის იმედი, რომ დავიღლებით. ჩვენ არ დავიღლებით, რადგან ჩვენ უკან არის სამშობლო. გავჩერდებით მხოლოდ მაშინ, როცა რეჟიმის ტყვეებს გაათავისუფლებენ და ხელახალ არჩევნებს ჩანიშნავენ.
_ ხელისუფლება ამბობს, რომ არანაირ დათმობაზე არ წავა. ასეთ ვითარებაში აქვს აზრი აქციებს?
_ აქვს! ხელისუფლება ქმნის იმის ილუზიას, რომ თითქოს გამოსავალი არ არსებობს. ისინი ქმნიან იმიტაციას, რომ დათმობაზე არ წავლენ, მაგრამ მოუწევთ. აუცილებლად მოუწევთ დათმობაზე წასვლა.
_ რატომ გგონიათ, რომ წავლენ დათმობაზე?
_ ჩვენმა გარეთ დგომამ უკვე გამოიღო შედეგი: ჩვენმა გარეთ დგომამ განაპირობა ის, რომ ხელისუფლებიდან ხალხმა წამოსვლა დაიწყო. ჩვენმა გარეთ დგომამ განაპირობა ის, რომ მაგნიტსკის სიაში მოხვდნენ მაღალჩინოსნები. ჩვენმა გარეთ დგომამ გამოიწვია ის, რომ გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაცია არ მოუხდენია დასავლეთს. ჩვენმა გარეთ დგომამ გამოიწვია ისიც, რომ ამ გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაცია არც ქვეყნის შიგნით მომხდარა. ბევრი რამე გამოიწვია ამ აქციებმა და ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია.
ყველას, ვინც დაიღალა ან სკეპტიკუტრად არის განწყობილი კარგად უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ სხვა სამშობლო არ გაგვაჩნია და დასაკარგი აღარაფერია. ჩვენ ახლა თუ გავჩერდით, საქართველო აღმოჩნდება რუსეთში, რაც ქვეყნისთვის იქნება კატასტროფა. ამიტომ ბრძოლა გაგრძლდება მანამდე, სანამ დასახულ მიზნებს არ მივაღწევთ. საქართველოში აუცილებლად ჩატარდება ახალი არჩევნები და საქართველო გააგრძელებს სვლას ევროპისკენ. ყველამ უნდა იცოდეს, რომ თუ ნორმალური ცხოვრება სურს, მაშინ ევროპისკენ სვლას უნდა დაუჭიროს მხარი. იქ ადამიანებს ნორმალური ცხოვრებისა და განვითარების შესაძლებობა აქვთ. რუსეთთან ეს არ იქნება.
ხელისუფლებას ტყუილად აქვს იმის იმედი, რომ ჩვენ დავიღლებით. არ დავიღლებით. ვიბრძოლებთ ბოლომდე. ხელისუფლება თავად ჩამოიშლება. არც შარლ მიშელი-2 იქნება. სამაგიეროდ, იქნება ხელახალი არჩევნები, რომელსაც ნეიტრალუირი კომისია ჩაატარებს. საქართველოს ადგილი ევროპაშია და ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით ევროპულ კურსს. მნიშვნელობა არ აქვს, დასანქცირებულ პირებს რა თანამდებობაზე დანიშნავენ ან რა ორდენებზე წარადგენენ. მათ ქართველმა ხალხმა და დასავლეთმა უკვე გამოუტანა განაჩენი. ისინი არიან არალეგიტიმურები. ისინი აუცილებლად ჩამოშორდებიან ხელისუფლებას. საქართველო აუცილებლად გახდება ევროპის ნაწილი.