QronikaPlus
ოკუპირებული აფხაზეთი სამოქალაქო ომის ზღვარზეა

ოკუპირებული აფხაზეთი სამოქალაქო ომის ზღვარზეა

2024-12-25 08:55:41

შორენა მარსაგიშვილი

რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული აფხაზეთი სერიოზული კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. მოსკოვმა აფხაზეთის დაფინანსება შეაჩერა და ელექტროენერგიის მიწოდებაზეც უარს ეუბნება მას. ოკუპირებულ აფხაზეთში მოსახლეობა გრაფიკით, დღეში მხოლოდ რამდენიმე საათით იღებს დენს.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ ეს არის რუსეთის შურისძიება ოკუპირებულ რეგიონზე, რომელიც ბოლომდე არ ემორჩილება რუსეთს.

აფხაზეთის პარლამენტმა უარი თქვა შეთანხმების რატიფიცირებაზე, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს საშუალებას მისცემდა, ოკუპირებულ აფხაზეთში უძრავი ქონება შეეძინათ.

ამის გარდა, აფხაზებმა ჩააგდეს ე. წ. რუსული კანონიც, რაც რა თქმა უნდა, მოსკოვს არ მოეწონა და გადაწყვიტა, ურჩი აფხაზები დაესაჯა. რუსებს, რა თქმა უნდა, შეუძლიათ ეს ყველაფერი ძალისმიერი გზით მოაგვარონ, მაგრამ ამის გაკეთება არ სურთ. ის მსოფლოს აჩვენებს, რომ მან აფხაზეთი კი არ დაიპყრო, არამედ ქართველი ოკუპანტებისგან გაათავისუფლა და დამოუკიდებლობა უღიარა.

ადრე თუ გვიან, რუსებს მაინც მოუწევთ ძალის გამოყენება. ეკონომიკური სანქციები და ენერგოკრიზისი აფხაზებს, ალბათ, გატეხს და ისინი დათანხმდებიან შეთანხმების რატიფიცირებას, თუ მანამდე რესპუბლიკაში სამოქალქო ომი არ დაიწყო. გასულ კვირას ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. პარლამენტის შენობაში ერთმა დეპუტატმა მეორე მოკლა. აქაურები ვარაუდობენ, რომ ეს ასე მარტივად არ დასრულდება. 1992-1993 წლების ომის შემდეგ აფხაზებს დაფიცებული ჰქონდათ, რომ ერთმანეთის სისხლს არ დაღვრიდნენ და ამის გაკეთებას მეტ-ნაკლებად ახერხებდნენ. აქ სამჯერ დაამხეს პრეზიდენტი, სამჯერ შეიჭრნენ სამთავრობო შენობებში, მაგრამ ძალოვნებმაც კი არ გამოიყენეს აქციის მონაწილეების მიმართ ზედმეტი ძალა.

არსებული კრიზისი და უკვე დაღვრილი სისხლი ვითარებას რადიკალურად ცვლის. თან აფხაზეთში ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. არჩევნებში სამი კანდიდატი მონაწილეობს. გაიმარჯვებს ის, ვისაც კრემლი უჭერს მხარს. მოსკოვი, სავარაუდოდ, აღარ დაუშვებს, რომ სხვა კანდიდატმა გაიმარჯვოს, როგორც ეს ასლან ბჟანიას შემთხვევაში მოხდა. ასლან ბჟანია, მართალია, კრემლის ფავორიტი არ ყოფილა, მაგრამ მაინც მის დავალებებს ასრულებდა. სწორედ მან გაბედა რუსეთთან დაედო შეთანხმება, რომელიც რუსებს საშუალებას მისცემდა, შეეძინათ უძრავი ქონება ოკუპირებულ აფხაზეთში. 

19 ნოემბერს ის იმ პირობით გადადგა, რომ ვადამდელ არჩევნებში ისევ იყრიდა კენჭს, წარადგინა კიდევაც კანდიდატურა, მაგრამ გასულ კვირას მოხსნა, უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, მოახსნევინეს.

საპრეზიდენტო არჩევნებში ასლან ბჟანიას ნაცვლად ბადრა გუნბა იყრის კენჭს. ბადრა გუნბა ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელია.

ნოემბერში რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, რომლებიც საინვესტიციო ხელშეკრულებას უკავშირდებოდა და დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, მიმართული იყო მსხვილი რუსული ინვესტიციების მოზიდვისკენ, აფხაზეთში ე. წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა.

საინვესტიციო ხელშეკრულება რუსულ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევდა, ინვესტიციები დაებანდებინათ სოფლის მეურნეობაში, გადამამუშავებელ წარმოებაში, ტურიზმსა და ინფრასტრუქტურის განვითარებაში. აფხაზური საზოგადოების უკმაყოფილებას ძირითადად მეხუთე მუხლი იწვევდა, რომელიც, მოწინააღმდეგეების აზრით, ადგილობრივ ბიზნესს წამგებიან მდგომარეობაში აყენებდა. მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ხელშეკრულების რატიფიცირების უზრუნველსაყოფად, რუსეთის ფედერაცია ზეწოლას ახორციელებდა მარიონეტულ რეჟიმზე, თუმცა ეს მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.

ხალხის სამთავრობო შენობებში შეჭრის შემდეგ ბჟანია გადადგა. გადადგომამდე მოითხოვა, რომ პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი ბადრა გუნბა შეასრულებდა.

ოკუპირებულ აფხაზეთში  არჩევნები 2025 წლის 15 თებერვალს ჩაინიშნა. თავდაპირველი ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობის მიღების სურვილი სამმა კანდიდატმა გამოთქვა: ასლან ბჟანიამ; ადგურ არძინბამ _ მთავარმა ოპოზიციონერმა და ექსპრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას კლანის წევრმა; ომარ ბარციცმა _ რუსეთში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ყოფილმა სავაჭრო წარმომადგენელმა.

14 დეკემბერს რუსულმა „ინტერფაქსმა“ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ასლან ბჟანიამ კანდიდატურა მოხსნა. ინფორმაცია ე. წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რის შემდეგაც ცნობილი გახდა ახალი კანდიდატის ვინაობა. ბჟანია ჩაანაცვლა ბადრა გუნბამ.

ბადრა გუნბა ადგურ არძინბას მთავარ კონკურენტად მოიაზრება, რაც მეტყველებს იმაზე, რომ არჩევნებში ძირითადი ბრძოლა სწორედ ამ ორ კანდიდატს შორის გაიმართება. რუსეთი არძინბას მხარესაა.

ბადრა გუნბა 1981 წლის 14 აგვისტოს სოხუმში დაიბადა. მისი განათლება და კარიერის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთთან არის დაკავშირებული. მან 2003 წელს დაამთავრა ნ. ი. ვავილოვის სახელობის სარატოვის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი, 2007 წელს დაიცვა დისერტაცია და მოიპოვა ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის წოდება. გუნბას პოლიტიკური კარიერა 2009 წელს იწყება, როდესაც ის აფხაზეთის ე. წ. კულტურის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. 2011-2014 წლებში იგი დე ფაქტო კულტურის მინისტრის პოსტს იკავებდა. მისი აქტიური პოლიტიკური ცხოვრების გადამწყვეტი ეტაპი 2020 წლის არჩევნები გახდა, როდესაც გუნბა ასლან ბჟანიას გუნდთან ერთად ე. წ. ვიცე-პრეზიდენტი გახდა. თუმცა 2024 წლის ნოემბრის პროტესტებმა, რომელმაც ასლან ბჟანიას გადადგომა გამოიწვია, გუნბასთვის ახალი შესაძლებლობები შექმნა – ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.

ბადრა გუნბას ამჟამინდელი პოლიტიკური პოზიცია მჭიდროდ არის დაკავშირებული ასლან ბჟანიას გავლენასთან, რასაც აფხაზეთის საზოგადოებაში მრავალმხრივი რეაქცია აქვს. ოპონენტები მას ბჟანიას „პირდაპირი ინტერესების გამტარად“ აღიქვამენ. თუმცა მას მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს – ორი ე. წ. ექსპრეზიდენტ ასლან ბჟანიასა და ალექსანდრ ანქვაბის მხარდაჭერა. ეს უკანასკნელი პრეზიდენტობიდან ხაჯიმბამ და მისმა გარემოცვამ ჩამოაგდეს. ბჟანიას მთავრობაში მას პრემიერის პოსტი ეკავა. მან პოსტი ნოემბრის აქციების დროს დატოვა.

ბადრა გუნბას რაც შეეხება, ის აფხაზეთის პოლიტიკაში ახალი ფიგურა არ არის, მაგრამ მისი პერსპექტივები დიდწილად დამოკიდებულია წინასაარჩევნო კამპანიის ხარისხსა და კრემლის მხარდაჭერაზე, რომელიც აფხაზეთის პოლიტიკური რეალობის განსაზღვრის ძირითადი ფაქტორია.

ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც 2025 წლის 15 თებერვალს ჩატარდება, ბადრა გუნბასთვის იქნება კრიტიკული მომენტი საკუთარი პოლიტიკური პოზიციის განსამტკიცებლად. მიუხედავად იმისა, რომ მას ძლიერი მხარდაჭერა აქვს, ძირითადი ბრძოლა მას ოპოზიციონერ ადგურ არძინბასთან მოუწევს, რომელიც, როგორც აფხაზები წერენ, კრემლის ფავორიტი იქნება.

ოკუპირებულ რესპუბლილკაში დაძაბული არჩევნები ჩატარდება,

თუ მანამდე სამოქალაქო ომი არ დაიწყო.

19 დეკემბერს პარლამენტთან დე ფაქტო დეპუტატმა, ადგურ ხარაზიამ, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა ე. წ. ოპოზიციონერები კან კვარჩია და ვახტანგ გოლანძია. მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა ვახტანგ გოლანძია, კან კვარჩია გადარჩა. ეს უკანასკნელი სერიოზული კლანის წევრია და ამ ამბავს ასე არ დატოვებს. თან გოლანძია მის გამო დაიღუპა, ის ჩადგა შუაში, როცა ხარაზიამ იარაღი ამოიღო.

თებერვლამდე ოკუპირებულ აფხაზეთში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. მანამდე კი აფხაზებმა კრიზისს უნდა გაუძლონ. რუსები აფხაზებისთვის სანქციების მოხსნას ჯერ არ აპირებენ. კრემლს იმედი აქვს, რომ აფხაზებს დაიყოლიებს შეთანხმების რატიფიცირებაზე.

ე. წ. არჩევნებამდე შესაძლოა კიდევ ვინმემ გამოთქვას პრეზიდენტობის სურვილი, მაგრამ საეჭვოა, მას რაიმე შანსი ჰქონდეს. უკვე გარკვეულია, რომ მთავარი ფიგურები გუნბა და არძინბა იქნებიან. ვნახოთ, შეძლებენ თუ არა აფხაზები, კიდევ ერთხელ უთხრან უარი კრემლის ფავორიტს? კრემლის ნების წინააღმდეგ მათ უკვე სამი პრეზიდენტი აირჩიეს: ასლან ბჟანია, ალექსანდრე ანქვაბი და სერგეი ბაღაფში. აღსანიშნავია, რომ ვერც ერთმა ვერ დაასრულა საპრეზიდენტო ვადა ბოლომდე. ბაღაფში გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა, ანქვაბი და ბჟანია კი ჩამოაგდეს.  

გაზიარება