QronikaPlus
რომი, ემილი და დორონი 471-დღიანი ტყვეობის შემდეგ სახლში დაბრუნდნენ

რომი, ემილი და დორონი 471-დღიანი ტყვეობის შემდეგ სახლში დაბრუნდნენ

2025-01-23 10:27:48

მიხეილ ხაჩიძე

ისრაელსა და ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰამასს“ შორის გარიგება შედგა. ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის მიერ დამტკიცებული ცეცხლის შეწყვეტა კვირას, 19 იანვარს 11;15 საათზე ამოქმედდა ოპერაცია „რკინის ხმლებიდან“ 471 დღის შემდეგ. წესით, დილის 8:30 საათზე უნდა შესულიყო ძალაში, თუმცა ტერორისტებმა ისრაელისთვის მძევლების სიის მიწოდება გააჭინაურეს. საპასუხოდ, ისრაელმა ავიადარტყმები განახორციელა სექტორში, რამაც 20-მდე მებრძოლი გაანადგურა. ამ დარტყმებიდან 20 წუთში კი იერუსალიმმა მძევლების სია მიიღო.

სამი მძევლისგან შემდგარმა პირველმა ჯგუფმა საღამოს დატოვა ღაზის სექტორი. ამის სანაცვლოდ, 96 პალესტინელი პატიმარი განთავისუფლდა.

24 წლის რომი გონენი, 26 წლის ემილი დამარი და 31 წლის დორონ შტაინბრეხერი მძევლების პირველ ჯგუფს შორის არიან, რომლებიც კვირას, 19 იანვარს, გაცვლითი გარიგების საწყისი ეტაპის ფარგლებში სამშობლოში დაბრუნდნენ. მათ ტყვეობაში 471 დღე გაატარეს.

გარიგების ფარგლებში მთლიანობაში, პირველ ეტაპზე დაგეგმილია ისრაელში 33 მძევლის (ცოცხალი და გარდაცვლილი) დაბრუნება 1904 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ, მათ შორის, 737 ტერორისტის, რომელთა ხელებზე ისრაელელების სისხლია. 

რომი გონენი, 24 წლის, გაიტაცეს 7.10.2023 ნოვას ფესტივალიდან

რომი გაიტაცეს ნოვას მუსიკალური ფესტივალიდან კიბუც (დასახლება) რეიმთან ახლოს. დილის 6:30 საათიდან ის განუწყვეტლივ ესაუბრებოდა დედას, მეირავ ლეშემ-გონენს ტელეფონზე. 10:15 საათზე კავშირი გაწყდა. ბოლოს რაც დედამისმა გაიგო, სროლები იყო. დედის ბოლო შეტყობინება: „რომი, მე შენთან ვარ, შენი დედა...“ _ როგორც ჩანს, გოგონას წაკითხვის დრო აღარ ჰქონდა.

აგვისტოში რომიმ ტყვეობაში 24 წლის იუბილე აღნიშნა. მისმა ძმამ იმ დღეს თქვა, რომ სჯეროდა მისი სწრაფი დაბრუნების. გოგონას მამამ კი ჰანუქას დღესასწაულზე სოცქსელში დაწერა: „სასწაულები დღესასწაულის დღეს სრულდება, ერთადერთი, რაც არ იცვლება, არის რომი... მე ვუსურვებ ჩემს თავს, ყველას ამ კოშმარის ეპიკურ დასასრულს“.

გატაცების კადრებში ჩანს, რომ რომი ტერორისტებმა იმ მანქანაში ჩატენეს, რომელშიც კიდევ რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი მოკლეს, მათ შორის, გოგონას ახლო მეგობარი, გაია ხალიფა. ამავე მანქანაში იყო მოკლული და გატაცებული ოფირ ცარფატიც (მისი ცხედარი 2023 წლის ნოემბერში დააბრუნეს).

რომი გასულ წელს პირველი გარიგების ფარგლებში უნდა გაეთავისუფლებინათ, მაგრამ 1-ელი დეკემბრის ღამეს შეთანხმებები გაუქმდა და გოგონა ღაზაში დარჩა.

ემილი დამარი, 25 წლის, გაიტაცეს 7.10.2023 წელს კიბუც კფარ აზადან

ემილი თეჰილა დამარი, რომელსაც ასევე აქვს ბრიტანეთის მოქალაქეობა, გაიტაცეს თავისი სახლიდან, კიბუც კფარ აზადან  2023 წლის 7 ოქტომბერს. ცოტა ხნით ადრე მასთან დასარჩენად მივიდა მისი მეგობარი, გალი ბერმანი _ ისინი ერთად გაიტაცეს. გოგონებმა სელფი გადაიღეს, რომელიც გალის დედას გაუგზავნეს. მან ფოტო მაშინ მიიღო, როცა გოგონები უკვე ტყვეობაში იყვნენ.

ემილის დედა, მენდი, თავის სახლში იყო კიბუცში. ტერორისტებმა მოკლეს მისი ძაღლი, მაგრამ მენდიმდე ვერ მიაღწიეს. ერთ-ერთი ტყვია იმ ოთახის კარის საკეტს მოხვდა, სადაც ქალი იმალებოდა. ქალი სასწაულებრივად გადარჩა.

დორონ შტაინბრეხერი, 31 წლის, გაიტაცეს 7.10.2023 წელს კიბუც კფარ აზადან

დორონი ასევე გაიტაცეს მისი სახლიდან, კიბუც კფარ აზადან. მოგვიანებით, მისმა დამ, იამიტმა თქვა, რომ ის დორონს ესაუბრებოდა მთელი დილა. დაახლოებით 11:00 საათზე მიიღო ბოლო შეტყობინება: „დამიჭირეს“. ტყვეობის 107-ე დღეს „ჰამასმა“ ფსიქოლოგიური წნეხისთვის მისი ვიდეო გამოაქვეყნა.

პროფესიით დორონი ვეტერინარი მედდაა. მას ძალიან უყვარდა დისშვილები, რომლებთანაც მთელ თავისუფალ დროს ატარებდა. „ის მოირბენდა სახლში, იტყოდა, რომ სამუშაომდე თხუთმეტი წუთი ჰქონდა და შემდეგ სათამაშო მოედანზე გარბოდა ძმისშვილებთან სათამაშოდ“, _ გაიხსენა მისმა და იამიტმა.

სიმონე, დორონის დედა, სულ ამბობდა, რომ ეშინოდა ქალიშვილის ჯანმრთელობის, რომელიც ტყვეობამდეც რეგულარულად გადიოდა მკურნალობის კურსებს და იღებდა მედიკამენტებს. ის მუდამ ლოცულობდა ქალიშვილის დაბრუნებისთვის.

***

მძევლები ახლობლებს შიბას  საავადმყოფოში შეხვდებიან, სადაც მათ მისაღებად მზადება დასრულდა. IDF-ი მძევლების ოჯახებს განთავისუფლების ყველა ეტაპზე ინფორმაციას აწვდის.

შეგახსენებთ: 19 იანვარს გაცვლითი ტრანზაქციის პირველი ეტაპი დაიწყო. იგი განისაღვრება ექვსი კვირის ხანგრძლივობით. მძევლები დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით ჯგუფებად განთავისუფლდებიან.

პირველი ეტაპი: მძევლების განთავისუფლების განრიგი

. დღე 1-ელი _ 3 მძევალი;

. დღე მე-7 _ 4 მძევალი;

. დღე მე-14 _ 3 მძევალი;

. დღე 21-ე _ 3 მძევალი;

. დღე 28-ე _ 3 მძევალი;

. დღე 35-ე _ 3 მძევალი;

. დღე 42-ე _ 12 მძევალი.

შეთანხმებების მიხედვით, პირველ რიგში განთავისუფლდებიან ქალები, ბავშვები, მოხუცები და ავადმყოფი მძევლები. ასევე იგეგმება ქალი სამხედროების განთავისუფლება. ისრაელის შეფასებით, 33 მძევლიდან, რომლებიც პირველ ეტაპზე დაბრუნდებიან, 25 მაინც ცოცხალია, თუმცა ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს.

გაცვლის პროცედურა მოიცავს რამდენიმე ეტაპს. „ჰამასი“ ვალდებულია, 24 საათით ადრე გადასცეს მძევლების სია, რომლებიც უნდა გაათავისუფლონ მითითებულ თარიღში. სიები ჯერ კატარში გაიგზავნება, იქიდან კი _ ისრაელში. ამის მერე განთავისუფლებული მძევლების ოჯახები, შემდეგ კი ფართო საზოგადოება მიიღებს შეტყობინებას. თავად გაცვლის მექანიზმი ბოლომდე არ არის გასაგები. ეს, ალბათ, იგივე იქნება, რაც პირველი გარიგების დროს, 2023 წლის ბოლოს. მძევლები წითელი ჯვრის წარმომადგენლებს უკვე გადასცეს, რომლებსაც ისინი სასაზღვრო პუნქტამდე მიიყვანენ, სადაც ისრაელის სამხედროები არიან განლაგებულნი. იქიდან განთავისუფლებულ მძევლებს ვერტმფრენით საავადმყოფოებში გადაიყვანენ.

დღეისთვის სამი მიმღები პუნქტია შექმნილი: კერემ შალომის, ერეზის და რეიმის საგუშაგოებზე. იქ მორიგეობენ ესკორტის ოფიცრები, ექიმები, ფსიქოლოგები და ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტები. მძევლების რეაბილიტაციისთვის ექვსი საავადმყოფო მომზადდა: „შიბა“, „იხილოვი“, „ბეილინსონი“, „სოროკა“, „შამირი“ და „ბარზილაი“. აქ შეიქმნა ცალკე კომპლექსები „სპეციალური პაციენტების“ მისაღებად.

ასევე ეტაპობრივად გაათავისუფლებენ პალესტინელ პატიმრებს. განთავისუფლებულ 1904-ს შორის არის 1167 ღაზელი, რომლებიც 7 ოქტომბრის შემდეგ დააკავეს და არ მონაწილეობდნენ ხოცვა-ჟლეტაში, ასევე 737 ტერორისტი. შეთანხმდნენ, რომ ყოველ ცოცხალ მძევალში 30 ტერორისტს გაცვლიან, ხოლო ყოველ ჯარისკაც ქალზე _ 50 ტერორისტს.

აღსანიშნავია, რომ პატიმრები შეძლებენ დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში ისრაელში ან იუდეასა და სამარიაში, თუ ისინი არ არიან ნასამართლევი მკვლელობაში, იარაღის დამზადებაში ან მკვლელობაში თანამონაწილეობაში. დანარჩენები დეპორტირებული იქნებიან (მათი არჩევანით) ან ღაზის სექტორში, კატარში, თურქეთში, ალჟირში ან სხვა ქვეყანაში. ზოგისთვის დეპორტაცია იქნება მუდმივი, ზოგისთვის კი (მათი რაოდენობა და ვინაობა ამჟამად გაურკვეველია) _ შეზღუდული ვადით (მაგრამ არანაკლებ 3 წლისა).

რა მოხდება ამასობაში ღაზაში და როგორ გავა IDF-ი?

შეთანხმების ფარგლებში, IDF უნდა გავიდეს ღაზის დასახლებული ტერიტორიებიდან და შეინარჩუნოს კონტროლი 700-1100 მ. სიღრმის ბუფერულ ზონაზე საზღვრის გასწვრივ, ასევე ფილადელფიის ღერძის გასწვრივ. ჯარების გაყვანა დაიწყება მხოლოდ შეთანხმების 42-ე დღეს, იმ პირობით, თუ საომარი მოქმედებები არ განახლდება. გარიგების პირველ ეტაპზე სექტორი დაიყოფა სამი დივიზიის პასუხისმგებლობის ზონებად, რომლებიც უკვე იმყოფებიან იქ: 162-ე ჯავშანტექნიკა (ჩრდილოეთით), 99-ე (ნეცარიმის დერეფანი) და ღაზის დივიზია (საზღვარი ეგვიპტესთან). გარიგების მეორე ეტაპის შესახებ მოლაპარაკებები პირველის დაწყებიდან მე-16 დღეს დაიწყება. შემდეგ განიხილება საომარი მოქმედებების განახლების პერსპექტივა.

ყველაზე სასტიკი ტერორისტები, რომლებსაც გაათავისუფლებენ გარიგების ფარგლებში

ებრაული მედიის ცნობით, ყველაზე ბრუტალური ტერორისტები, რომლებიც  გარიგების ფარგლებში თავისუფლდებიან, არიან:

1. აჰმად ბარღუთი _ მარვან ბარღუთის ახლო თანაშემწე და ბიძაშვილი, მიესაჯა სამუდამო პატიმრობა „მკვლელობის მანქანის“ მეთაურობისთვის, რომელმაც განახორციელა თავდასხმები, მათ შორის, ტერორისტული აფეთქება თელ-ავივში შეა Sea Food Market -ის რესტორანში, რის შედეგადაც დაიღუპა 12 ისრაელელი;

2. ვეილ კასემი (საკნის მაყურებელი), ვისამ აბასი და მუჰამედ ოუდა _ „ჰამასის“ წევრები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ტერორისტულ თავდასხმებზე, რომლის დროსაც დაიღუპა 35 ისრაელელი, მათ შორის, ტერორისტული თავდასხმა იერუსალიმში, კაფე Moment -ში (11 დაღუპული), ტერორისტული თავდასხმა რიშონ ლეზიონის კლუბ „შპიგელ კლუბში“ (15 დაღუპული) და ტერაქტი კაფეტერია „ფრენკ სინატრაში“ ებრაულ უნივერსიტეტში (9 დაღუპული);

3. ზაქარია ზბეიდი _ ჯენინის ალ-აქსას მოწამეთა ბრიგადების ყოფილი მეთაური, პასუხისმგებელი ტერორისტული თავდასხმების სერიაზე, მათ შორის, ბეიტშიანში ლიკუდის პარტიის ფილიალზე თავდასხმაზე, რომელმაც 6 ისრაელელი იმსხვერპლა. ის ასევე იყო ერთ-ერთი ტერორისტი, რომელიც გაიქცა გილბოას ციხიდან 2021 წელს და მალევე დაიჭირეს;

4. აბდალა შარბათი, მაჯდი ზაატარი და სამერ ალ-ატრაში _ უჯრედის წევრები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ტერორისტული თავდასხმების სერიაზე 2003 წელს იერუსალიმში მე-2 და მე-14 ავტობუსის მარშრუტებზე. ერთ-ერთ მათგანში დაიღუპა 23 ისრაელელი, მათ შორის, 7 ბავშვი. მათ ასევე მოაწყვეს ტერაქტი მე-6 მარშრუტზე, რამაც 7 ისრაელელი შეიწირა, დაშავდა 20;

5. მოჰამედ ამუდი _ 2006 წელს თელ-ავივში, Rosh HaIr Shuarma -ს ჯიხურთან თვითმკვლელი თავდასხმის ორგანიზატორი, რომელსაც 11 ადამიანი ემსხვერპლა;

6. მუჰამედ აბუ ვარდამი _ რომელმაც 1996 წელს იერუსალიმში მე-18 ავტობუსის მარშრუტზე თავდასხმის მიზნით თვითმკვლელი ტერორისტები გაგზავნა, მაშინ 45 ისრაელელი დაიღუპა. ის სამუდამო პატიმრობას იხდის;

7. მაჰმუდ ატალა _ სამუდამო პატიმრობა ცივსისხლიანი მკვლელობებისთვის;

8. ნურ ჯაბარი _ ტერორისტი, რომელიც პასუხისმგებელია 16 ისრაელელის მკვლელობაზე. მოაწყო აფეთქება სალოცავ გზაზე ჰებრონში 2002 წელს (12 დაიღუპა, მათ შორის, ბრიგადის მეთაური დრორ ვაინბერგი), ასევე ტერორისტული თავდასხმა ოტნიელში 2002 წელს (4 დაიღუპა);

9. სამი ჯარდატი _ 2003 წელს ჰაიფას რესტორან Maxim -ში მომხდარი ტერაქტის ერთ-ერთი ორგანიზატორი, აფეთქებას მაშინ 21 ისრაელელი ემსხვერპლა;

10. ალი სუფური _ ისლამური ჯიჰადის უფროსი წევრი, პასუხისმგებელი 9 ისრაელელის მკვლელობაზე და 100-ზე მეტის დაჭრაზე ტერორისტული თავდასხმების სერიაში: მანქანის აფეთქება ჰადერას ცენტრალურ ავტოსადგურზე (45 დაჭრილი), სროლა ჰადერას ბაზარში (4 დაღუპული), თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქება საგუშაგოს კვეთაზე (29 დაჭრილი) და სხვ.

11. ომარ აზბანი _ ალ-ყასამის ბრიგადების ერთ-ერთი ლიდერი, „ჰამასის“ სამხედრო ფრთის, რომელიც პასუხისმგებელია ტერორისტული თავდასხმების სერიაზე, რომლის დროსაც დაიღუპა 27 ისრაელელი. მას 27-მაგად (ერთი სამუდამო ვადა გამრავლებული 27-ზე) აქვს სამუდამო პატიმრობა მისჯილი.

12. რამადან მაშაჰრა _ ტერორისტი, რომელიც მონაწილეობდა 2002 წელს იერუსალიმის გილოს რაიონში თვითმკვლელ ტერორისტულ აფეთქებაში, რომელმაც 19 ისრაელელი იმსხვერპლა;

13. შადი ამური _ 2002 წელს მეგიდოს გზაჯვარედინზე მომხდარი აფეთქების ერთ-ერთი ორგანიზატორი, რომელსაც 17 ისრაელელის სიცოცხლე შეეწირა;

14. თაბეტ მარდავი _ ისლამური ჯიჰადის უფროსი წევრი, პასუხისმგებელი ტერორისტული თავდასხმების სერიაზე მეორე ინტიფადის დროს, რომლის დროსაც 21 ისრაელელი დაიღუპა და 200-მდე დაშავდა. მოაწყო 12-ზე მეტი ტერორისტული თავდასხმა, მათ შორის, აფეთქებები მატარებელში ბინიამინაში, კიბუცის შლულოტში და 823-ე ავტობუსის მარშრუტებზე აფულასა და ვადი არას რაიონებში.

 

 

 

 

გაზიარება