- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2024-11-28 07:14:13
თამარ სანაძე
26 საქართველოში ვითარება დამძიმდა. ახლა ქვეყანა არის რეალობაში, რომლის ხელისუფლებასაც არავინ ულოცავს არჩევნებში გამარჯვებას.
საქართველოში არსებულ რეალობაზე, სად და როგორ იქნება ჩვენი ქვეყანა „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, „ქრონიკა+“-ს ესაუბრება სამართლისა და პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის კომუნიკაციისა და საინფორმაციო პოლიტიკის მიმართულების მკვლევარი, დავით ძიძიშვილი:
_ ბატონო დავით, ვითარება, რომელშიც ახლა საქართველო იმყოფება, ძალიან რთულია, არჩევნების მიმართ ლეგიტიმაცია დაეცა, ქვეყანა მიდის საერთაშორისო იზოლაციისკენ, ვართ ერთპარტიული პარლამენტის არსებობის რეალობაში, როგორ შეაფასებთ მოვლენებს?
_ ძალიან რთულ სიტუაციაშია ქვეყანა, იმაზე ბევრად მძიმე მდგომარეობაში ვართ, ვიდრე ახლა ჩანს. ჩვენ ვიმყოფებით გრძელვადიან პროცესში, რადგან ჩანს, არც ოპოზიცია და არც სამოქალაქო საზოგადოება არ აპირებს შეეგუოს არჩევნების შედეგებს. აქ რის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, _ საქართველოს ხელისუფლების ბოლომდე სვლა რუსეთიზაციისკენ. დიდი ალბათობით, ისინი დათანხმდებიან სცენარს, რომელშიც ერთპარტიული პარლამენტი იარსებებს. რა თქმა უნდა, მიტაცებული ექნება ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი. მეტი არაფერი ხდებოდა რუსეთში, სანამ ძალადობის კონსოლიდაციას მოახდენდა პუტინი და ოპოზიცია არ იარსებებდა. დღევანდელ რუსეთში ოპოზიცია არ არსებობს, ერთი ოპოზიციონერი ჰყავდათ ნავალნის სახით და იმანაც როგორ დაამთავრა, ყველამ კარგად ვიცით. იგივე გზა გაიარა რუსეთმაც და ბელარუსმაც. შესაბამისად, ის ვითარება, რაც ახლა გვაქვს, შესაძლოა ისე კარგად არ აღიქმება. შეიძლება ვიღაცებს ჰგონიათ, რომ მაინც არჩევნების გზით შეიცვალოს ხელისუფლება, თუმცა აქ მნიშვნელოვანი ელემენტი ის არის, რომ საქართველოს ხელისუფლება არ დგას იმ გზაზე, რომელზეც დგას, პირობითად, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა, სადაც არ არის ის ხელისუფლება, რომელიც მოსწონს საერთშორისო თანამეგობრობას, თუმცა ისინი მაინც ცდილობენ და ატარებენ დემოკრატიულ არჩევნებს და ასე მოდიან ხელისუფლებაში. შეიძლება ბევრ ადამიანს ვიქტორ ორბანი, როგორც უნგრეთის მმართველი, არ მოსწონდეს, ფიქრობდეს ავტორიტარია, პოპულისტია, მაგრამ ის, რომ უნგრეთში დემოკრატიული არჩევნები ტარდება, ეს არასოდეს დამდგარა ეჭვქვეშ. ჩვენთან კი ეს ეჭვი არის _ არც ერთი საერთაშორისო პარტნიორი ხელისუფლებას არჩევნებში გამარჯვებას არ ულოცავს. მეტიც, ევროკავშირმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ ტექნიკური მისია გამოგზავნოს ქვეყანაში და აღნიშნავს, რომ არჩევნებთან დაკავშირებით არსებობს კითხვები და პროცესი არის შესასწავლი.
საკითხი დგას სხვაგვარად: არის თუ არა საქართველოში დემოკრატიის ის მინიმალური სტანდარტი, რაც გულისხმობს იმას, რომ ამომრჩეველს აქვს ხელისუფლების არჩევნების გზით ცვლილების შესაძლებლობა და როცა ეს შესაძლებლობა აღარ არის, მაშინ ურთულესი ვითარება დგება: ამომრჩეველს აღარ რჩება ხელისუფლების არჩევნების გზით ცვლილების შესაძლებლობა. ამის შემდგომ ხელისუფლების დაბრუნების ერთადერთი გზა არის მასობრივი აჯანყების გზა, გინდათ რევოლუცია დაარქვით, გინდათ იძულება. ეს გზა ორჯერ გაიარა უკრაინამ.
_ ბატონო დავით, ამ წუთებში მიმდინარეობს საპროტესტო აქცია, დაგეგმილია აქციები, ეს პროტესტი საკმარისია შედეგის მისაღებად?
_ ეს არის გრძელვადიანი პროცესი, თუ გავიხსენებთ 2003 წლის მოვლენებს საქართველოში, 2014 წლის მოვლენებს უკრაინაში, ვნახავთ, რომ ხალხის რაოდენობას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, საზოგადოების განწყობაა უმნიშვნელოვანესი. მახსოვს, 2018 წლის ნოემბერი იყო, როდესაც კიევში დაიწყო აქციები, მაშინ დაახლოებით 150 ადამიანი იდგა კიევის ცენტრალურ მოედანზე, ვერც მიხვდებოდი, ვინმე რამეს თუ აპროტესტებდა. რამდენიმე კვირის განმავლობაში ასე ძალიან ცოტა ადამიანი იკრიბებოდა. ნოემბერში დაწყებული პროცესი დასრულდა თებერვალში და როგორც დასრულდა, ყველას გვახსოვს.
დღეს რომ ჩვენთან ქუჩაში არ დგას 100 000 ადამიანი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს პროტესტი ერთ კვირაში, ერთ თვეში ან ორ თვეში არ გადაიზარდოს ხელისუფლებისთვის ძალიან მძიმე პროცესებში. დღეს ადამიანები, ჯერჯერობით, იმ განწყობით არიან, რომ კიდევ არსებობს ზეწოლა დასავლეთიდან, მაგრამ როგორც კი ეს აღარ იქნება იმდენად შესამჩნევი და მოქალაქეებს გაუჩნდებათ განცდა, რომ აი, სწორედ ახლაა დრო ქუჩაში გამოსვლისა. რაღაც მომენტში ხელისუფლება დაიღლება, დღეს მშვიდად, წყნარად ატარებს გმირთა მოედანზე, არაფერს უშვრება. ვნახეთ თსუ-სთან მიმდინარე აქცია, პირველი 24 საათის განმავლობაში გაუძლო ხელისუფლებამ, მაგრამ როგორც კი მეორე 24 საათი დაიწყო, იქ უკვე ვეღარ გაძლო და მოუწია დაშალა ძალის გამოყენებით. რაც უფრო ძალისმიერი იქნება ეს აქციები, რაც უფრო მეტად შეეწინააღმდეგება ხალხს სახელმწიფო, მით მეტად იწევს მუხტი და მეტი ხალხი გამოდის ქუჩაში. ის, რომ დღეს ძალიან ბევრი ადამიანი არ დგას ქუჩაში, არ ნიშნავს იმას, რომ 25-ში ან მომდევნო დღეებში გაცილებით მეტი ადამიანი არ გამოვა.
ვთქვათ, რეალურად ხელისუფლებამ მიიღო 900 000 ხმა, აქედან, დარწმუნებული ვარ, რომ 200 000 არის ამომრჩეველი, რომელიც იმიტომ აძლევს ხელისუფლებას ხმას, რომ სხვა არჩევანი არ აქვს ფიზიკურად, არა იმიტომ, რომ ოპოზიცია არ მოსწონს, არამედ მას ეშინია სამსახურის დაკარგვის, სოციალურ დახმარების შეწყვეტის და ა. შ. ეს ხალხი კრიტიკულ ვითარებაში ყოველთვის ოპოზიციის მხარეს დგება. ამ ხალხს არ მოსწონს სინამდვილეში, რომ ხელისუფლება ასეთი გზით აიძულებს ხმის მიცემას, უბრალოდ ვერ ხედავს თავის გადარჩენის გზას სხვანაირად და როგორც კი ეს ხალხი დაინახავს, რომ არსებობს გზა ხელისუფლების ცვლილებისა, სწორედ ეს ხალხი გადახტება პირველ რიგში საწინააღმდეგო მხარეს.
ხელისუფლება ყველაზე მძიმე სიტუაციაშია, თუ ეს პროტესტი არ დაიკლებს და ბუნებრივია, რომ ეს პროტესტი იქნება მზარდი, ხელისუფლებას მოუწევს, ამ ადამიანებს პასუხი გასცეს. ახლა სწორედ ყველაფერი აქეთკენ მიდის, ხალხი გაბრაზებულია. ჩვენთან ჯერ ხალხს სჭირდებოდა გარკვევა, რა და როგორ მოხდა, ახლა ყველაფერი ცხადია, როგორ იპოვა ხელისუფლებამ ის დამატებითი 300 ათასი ხმა, რომლითაც საბოლოო ჯამში გადაწყვიტა არჩევნების ბედი. ის, რომ ხალხის ის რაოდენობა არ იკრიბება, რაც მარტში, მაისში იყო, ეს არ ნიშნავს, რომ გაბრაზება გაქრა, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ხალხი ემზადება რაღაც კონკრეტულისთვის. ბოლოს იფეთქებს.
გავიხსენებ დავით სარალიძის მკვლელობის ამბავს, თვითონ ფაქტი კი არა, საზოგადოებამ ძალიან მძიმედ შეაფასა ის, რომ პროკურატურამ დაიწყო დამნაშავეების მფარველობა, უამრავი ადამიანი შეიკრიბა თბილისის ცენტრში და ხელისუფლებას მოუწია, რომ შოთაძე სახლში გაეშვა. ხელისუფლება არ ელოდებოდა, რომ სწორედ ეს გახდებოდა ტრიგერი, იმიტომ რომ ბავშვის მკვლელობაზე არ ჰქონიათ ასეთი მწვავე რეაქცია მოქალაქეებს და არც კი ელოდნენ, რომ ხელის დაფარებაზე მიიღებდნენ ამხელა პროტესტს. იგივე შეიძლება ითქვას გავრილოვზე, არ ელოდნენ ხალხისგან ამხელა პროტესტს, „ოცნების“ წარმომადგენლებმა თქვეს, შარშანაც იყო გავრილოვიო. გაბრაზებული ხალხი, როდესაც ენერგიის აკუმულირებას ახდენს, რა გააძლიერებს ამ ხალხის ქუჩაში გამოსვლას, რთული გასარკვევია, მაგრამ ეს განწყობა არსებობს საზოგადოებაში, ისინი გაბრაზებულები არიან ხელისუფლებაზე და რა მომენტში გადაწყვეტენ ამის დემონსტრირებას, ეს იქნება მთლიანად დამოკიდებული ხელისუფლების შეცდომებზე.
_ ივანიშვილი დაგვპირდა, რომ დაიჭერდა ყველას, აკრძალავდა ოპოზიციას, არჩევნების შემდგომ დალაგდებოდა სიტუაცია, გადაიტვირთებოდა ურთიერთობები, დაწყნარდებოდა ყველაფერი, მაგრამ მან მიიღო სრულიად საწინააღმდეგო: კრიტიკა და არჩევნების არაღიარება, მთავრობა ვეღარ მიიღებს დახმარებას ევროკავშირისგან. სადამდე მივა ეს ყველაფერი და რამდენად ხილული გახდება ბიძინა ივანიშვილის მთავრობის ქმედებების შედეგი ქართველი ხალხისთვის?
_ ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ ბიძინა ივანიშვილმა გარეჯი საქართველოა იძახა. გიორგობა, 23 ნოემბერი, ერთ-ერთი ყველზე მასობრივად აღნიშვნადი დღესასწაულია მათ შორის იმ მოქალაქეებში, რომლებიც ცხოვრობენ საინგილოს ტერიტორიაზე. აქ არიან ადამიანები, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობა არ აქვთ და არიან აზერბაიჯანის მოქალაქეები. ასევე იქ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან. საქართველოს მოქალაქეებისთვის აზერბაიჯანისგან სახმელეთო საზღვარი კოვიდის შემდეგ არის დახურული. გიორგობის დღესასწაულზე საინგილოში ჩამსვლელი მოქალაქეებისთვის საპატრიარქო შუამავალი იყო ხელისუფლების აზერბაიჯანის მთავრობასთან და სპეციალურ საშვებს გასცემდნენ, რომლის საშუალებითაც საზღვრის კვეთა იყო შესაძლებელი. წელს არის პირველი წელი, როდესაც ეს ამბავი ვერ მოაგვარა საქართველოს ხელისუფლებამ აზერბაიჯანთან და საშვები ვერ დაურიგეს მოქალაქეებს. რას ვამბობ ამ ფაქტით: ჩვენი ხელისუფლება როცა რაღაცას ამბობს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეასრულებს პირობას. მინდა, ყველამ გაიგოს, რომ „გარეჯი საქართველოა“ იყო მათი წინასაარჩევნო კამპანია და ამის შემდგომ არაფერი და არც ერთი მეტრი არ შეუთანხმებიათ აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან. რაზეც შეთანხმდნენ იმასაც ვერ აკეთებენ. ეს ყველაფერი გააკეთეს იმ ერთადერთი მიზეზის გამო, რომ საკუთარი ამომრჩევლის მობილიზაცია მოეხდინათ, რომლებიც დღემდე გაბრაზებულნი არიან „ნაცმოძრაობაზე“.
სინამდვილეში ისინი ამას ვერ გააკეთებენ ორი მიზეზის გამო: თუკი გააქრობენ ენმ-ს, აღარ ექნებათ მესიჯი, რომლითაც ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებენ. თუკი იტყვიან, რომ დავამარცხე ის სისხლიანი 9 წელი, გავიმარჯვე და აღარ არიან ნაცები, შესაბამისად, ამით ვერ შეაშინებენ ვერავის.
მეორე: შეუძლებელია, ქვეყნიდან გააქრო 200 ათასი ადამიანი, რომელიც ენმ-ს მხარდამჭერია. მინიმუმ, აი, ამ ორი მიზეზის გამო ისინი ამ დაპირებას ვერ შეასრულებენ. ამიტომ მათი ამოცანა ახლა იქნება და ხალხს დაელაპარაკებიან იმაზე, რომ თქვენ ახლა ძალიან არ მოგვაწვეთ, ჩვენ კი ვეცდებით, რომ შედარებით დემოკრატიულები ვიყოთ, მათ შორის უკვე ღიად საუბრობენ და შეიძლება დაილაპარაკონ რუსული კანონის გაუქმებაზე, ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონი რომ მიიღეს, რომელიც თითქოს ბავშვებს იცავს ლგბტ პროპაგანდისგანო და რომელიც სინამდვილეში არაფერი არის, ერთი ფარატინა ფურცელია. რამდენი ფაქტი გვქონდა ქვეყანაში, როდესაც რომელიმე საგანმანათლებლო დაწესებულებაში ინცესტის პოპულარიზაციის შესახებ ლექციებს ატარებდა, ერთი ფაქტი თუ ვინმეს შეუძლია დამისახელოს ვიტყვი, რომ ეს კანონი მისაღები იყო. ანტილგბტ კანონში ის წერია, რომ სკოლებსა და უნივერსიტეტებში საქართველოს ხელისუფლებამ აკრძალა ინცესტის პოპულარიზაცია, აქამდე ეს დაშვებული იყო და ვინმე ამას აკეთებდა საქართველოში? ეს ჩვენი პრობლემა იყო და იმიტომ მივიღეთ? ამ კანონებით დაიწყებენ ვაჭრობას დასავლეთთან. უბრალოდ, ერთ რამეს ვერ ხვდებიან, რომ დასავლეთი მაშინ გევაჭრება, როცა მისთვის ღირებული ხარ, დღეს საქართველოს ხელისუფლება მათთვის ღირებული აღარ არის. რაღაც დონეზე ეჭვიც კი მაქვს, რომ დასავლეთისთვის უკვე საქართველო იმ ქვეყნების ნუსხაშია, რომლებიც დასავლეთთან კარგი ურთიერთობით არ არიან განებივრებულნი თუმცა არც ცუდი ურთიერთობა აქვთ. შეგვიძლია მაგალითად ავიღოთ სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, რომელიც ჩვენსავით კანდიდატი ქვეყანაა, ასეთი იყო ბელარუსიც, სანამ რუსეთი არ შეუშვა და ჯარი არ გაატარა უკრაინაში.
გზა, რომელზეც ახლა ვდგავართ არის არა მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად გასავლელი გზა, რომელიც ნიშნავს, რომ ჩვენ მათთან ერთად გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყნები, არამედ პირიქით. ჩვენ ვიცით, რომ გაფართოების გეგმა შესრულდება 2030-ში და მერე არავინ იცის, როდის მოხდება კიდევ ერთი გაფართოება. ამ გზაზე ჩვენ უკვე შეფერხებულები ვართ. მაქვს ინფორმაცია, რომ გადაწყვეტილება მიღებულია, თუ ეს ხელისუფლება დარჩა ქვეყნის სათავეში, საქართველო გადაინაცვლებს იმ ქვეყნების კალათაში, რომლებიც ჩამოვთვალე. ვაჭრობა შენარჩუნდება, დიდი ალბათობით ვიზალიბერალიზაციაც თუ ამას არ მოყვა რიგი მოვლენები, მაგალითად სქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქის მიერ თავშესაფრის ძიება ევროკავშირის ქვეყნებში. ეს იქნება ტრიგერი იმისა, რომ მათ შეაჩერონ ვიზალიბერალიზაცია.
აზერბაიჯანი დღემდე ვაჭრობს ევროკავშირთან ნავთობით, მაგრამ იციან, რომ ალიევის მმართველობის პირობებში ის ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, ასევე თურქეთი ერდოღანის პერიოდში ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, იგივე ვითარება იყო სომხეთთან მიმართებითაცც, მაგრამ სომხეთი მეტად დაადგა დასავლეთისკენ მიმავალ გზას. ამ ხელისუფლების მიზანი, როდესაც სათავეში მოვიდა, იყო რუსული დავალება. აქ მნიშვნელოვანი არის ის, რომ ხელისუფლებამ კარგად იცის, თუ საქართველო იქნება ევროკავშირის წევრი, ისინი ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებენ, რადგან ევროკავშირის წევრი სახელმწიფო იძულებულია, დემოკრატიული არჩევნები ჩაატაროს. ორბანი არჩევნებს კი არ აყალბებს, ის ისეთი მესიჯებით მუშაობს, რომ იგებს არჩევნებს რაღაც ეტაპზე. როგორც კი მას გამოუჩნდება ძლიერი ოპოზიცია ის დამარცხდება არჩევნებში, რადგან ის ვერ აკონტროლებს ხელისუფლების ყველა შტოს, რადგან შეუძლებელია ეს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში. ორბანმაც სცადა რუსული კანონის მიღება და ევროკავშირმა გაუუქმა ის კანონი.
„ოცნება“ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველო ვერ გახდეს ევროკავშირის წევრი, რადგან ეს ავტომატურად ნიშნავს მათი ხელისუფლების დასრულებას. მათ ურჩევნიათ დიდხანს იყვნენ ხელისუფლებაში, ვიდრე საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. „ქართული ოცნება“ ცდილობს, ნაკლები ინტერესის საგანი იყოს საქართველო დასავლეთისთვის და ევროპისთვის.
_ თქვენ ცოტა ხნის წინ აღნიშნეთ, მე სკოლაში დავდიოდი შევარდნაძის ხელისუფლების დროს, სწავლა დავამთავრე სააკაშვილის ხელისუფლებისას, მაგისტრის ხარისხი დავიცავი „ქართული ოცნების“ დროს, ახლა კი არსებობენ ბავშვები, რომლებმაც სკოლა დაიწყეს და დაასრულეს „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებშიო. რამდენად მძიმეა ის ვითარება, რომ უკვე მეცამეტე წელია, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში?
_ ეს ინდიკატორია. ვიდეოში, სადაც ამ სიტყვებს ვამბობ, მითხრეს, ანგელა მერკელიც ხომ დიდი ხანი იყოო. აი, სწორედ ეს არის განსხვავება დემოკრატიულ საზოგადოებებსა და ავტორიტარიზმს შორის. ანგელა მერკელი ხელისუფლებაში იმიტომ რჩებოდა, რომ კოალიციური მმართველობა იყო და გერმანიის ხელისუფლებას რამდენიმე პარტია წარმოადგენდა. გერმანიის ხელისუფლებაში დიდი ხნით დარჩენა ასეთი მარტივი პროცესი არ იყო, როგორც წესი, რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებები იმართებოდა იმ პარტიებს შორის, რომლებსაც ჰქონდათ საკმარისი რაოდენობის ხმები, რომ შეეკრათ სახელმწიფო. კოალიციური მთავრობის შეკვრის პროცესი საპარლამენტო ტიპის რესპუბლიკებში დემოკრატიის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, ეს მუშაობდა ხოლმე იმ პერიოდში, როდესაც ანგელა მერკელი ხდებოდა კანცლერი. კმაყოფილი იყო მისი მუშაობით გერმანელი ხალხი, მის პარტიას აძლევდნენ იმდენ მანდატს, რომ შეეძლოთ კანცლერის პოსტის მოთხოვნა. ანგელა მერკელის მთავრობაში ნახავთ, რომ სხვა პარტიის წარმომადგენელი არაერთი მინისტრი არსებობდა, ეს არის კოალიციური დემოკრატიის მთელი არსი. იგივე შეგვიძლია ვთქვათ სხვა ქვეყნებზეც. იტალიაში ბერლუსკონის მმართველობის დროსაც კი კოალიციური მთავრობა იყო. ის, რომ ვიღაც 12 წელი ან 14 წელი ხელისუფლებაშია, ეს შეიძლება ვინმესთვის არაფერს ნიშნავს, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ერთპარტიული მმართველობა ამდენი ხნის განმავლობაში წარმოუდგენელია ევროპული ყაიდის დემოკრატიებში.
სულ რომ არ ვისაუბროთ დემოკრატიაზე, ადამიანები იღლებიან. საპრეზიდენტო არჩევნები იყო ამის კარგი ინდიკატორი, რომელშიც სალომე ზურაბიშვილს ირჩევდნენ. მაშინ „ქართულმა ოცნებამ“ წააგო არჩევნები, უბრალოდ ოპოზიციას იმ დროს ერთიანი კანდიდატი არ ჰყავდა. საბოლოოდ ყველა არჩევნებზე დასტურდება ერთი რამ: ხელისუფლებას ჰყავს ბევრი უკმაყოფილო ადამიანი ქვეყანაში. ცესკომ ხელისუფლებას დაუწერა 53%, რაც არავის სჯერა. დავდივართ ქუჩაში და ვამბობთ, რომ არჩევნები გაყალბდა როგორც წესი, ბევრ ქვეყანაში, სადაც ამომრჩეველთა 40% არ უჭერს მხარს ერთ კონკრეტულ პარტიას, კოალიციური მმართველობები იკრიბება. 2020 წლის პარლამენტი იყო ამის კარგი მაგალითი. ეს არის ინდიკატორი იმისა, არის თუ არა ავტორიტარიზმი ქვეყანაში. თუ ამდენი ხნის განმავლობაში ერთი პარტია რჩება ქვეყანაში, ჩნდება გონივრული ეჭვი, როგორ მოახერხა ეს, ეკონომიკა განავითარა იმდენად, რომ აღარ უნდათ ქვეყნიდან მათი გაშვება? ტერიტორიული მთლიანობა აღადგინა? როდესაც ამ კითხვებს სვამ და მერე კიდევ ამბობ, სად არის ერთპარტიული მმართველობა ამდენი წელიო, აღმოაჩენ, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში უბრალოდ ასეთი რამ არ არსებობს. „ქართულმა ოცნებამ“ 12 წლის განმავლობაში შექმნა ავტორიტარული სისტემა, რომელშიც აკონტროლებს ყველას და ყველაფერს. ნებისმიერ დროს რომ ჩაატაროს არჩევნები „ოცნებამ“ თქვენ პროცენტი უთხარით და სწორედ ამას დასვამს. მას აქვს სრული კონტროლი ამ სისტემაზე.