- ოთხშაბათი, 25 დეკემბერი, 2024
2024-12-24 10:02:16
გიგა გელხვიიძე
ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, პირველ ეტაპზე და შემდგომ, სამართალდამცველებმა სხვადასხვა ბრალდებით 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, სტუდენტები, მსახიობები, ექიმები და ის ახალგაზრდები, რომლებიც ყველაზე დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ სპეცრაზმს აქციების წინა ხაზზე დარბევების დროს.
დაკავებულთა შორის იყო სტუდენტური მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ ლიდერ, ნიკო მანაგაძეც, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს და ის კვლავ დგას საპროტესტო აქციებზე, რომლებიც დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე იმართება.
„ქრონიკა+“-ს ესაუბრება ნიკო მანაგაძე:
_ ნიკო, რა ვითარებაში დაგაკავეს და რა დაასახელეს მიზეზად?
_ არანაირი სამართლებრივი ფორმალური საფუძველიც კი არ არსებობდა. ეს იყო დემონსტრაციული სადამსჯელო აქტი. დღის განმავლობაში, როცა 16-17 საათიდან მოქალაქეებს რუსთაველზე შეკრებისკენ მოვუწოდე და ვთქვი, რომ როგორც გასულ კვირებში იყო, ასევე იმ დღესაც არ უნდა დაგვეთმო პროტესტის ეპიცენტრი და პრინციპულად უნდა ვმდგარიყავით იქ, ადამიანების ნასისხლარ გამზირზე კალაძის ზეიმი არ უნდა გამართულიყო და ნაძვის ხის (რომელიც თავისი ძალაუფლების სიმბოლოდ აქცია) ანთების ღონისძიების იქ გამართვა მიზანმიმართული შეურაცხყოფის და დაკნინების მცდელობას წარმოადგენდა, ჩემს ტელეფონზე გაისმა ზარი გამომძიებლისგან, რომ ზუსტად ამ დროს, დღის 5 საათზე, უნდა გამოვცხადებულიყავი ერთ-ერთ განყოფილებაში რაღაც სისხლის სამართლის საქმის გამოკითხვაზე. როგორც ჩანს, ისევ თავიანთი ჭკუასუსტობით იფიქრეს, რომ თუ (როგორც აღმიქვეს) ამ პროცესის ლიდერს იქიდან „გამწევდნენ“, აღარაფერი იქნებოდა. რა თქმა უნდა, გამოვიყენე ჩემი კანონიერი უფლება და ადვოკატმა განუცხადა, რომ მომდევნო დღეებში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოვცხადდებოდი გამოსაკითხად. როგორც ჩანს, გაბრაზდნენ და ასე იყარეს ჯავრი დღის ბოლოს: აქციიდან სახლში მიმავალს ქუჩაში დამახვედრეს სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი ნიღბიანი პოლიციელები (ვერც აღვიქვი, რომ პოლიციელები იყვნენ), მეცნენ და, ფაქტობრივად, გამიტაცეს. მანქანაში ისიც კი წამოსცდა ერთს, მოსულიყავი დღეს შენი ფეხით, რატომ გაირთულე საქმეო. მაშინ ჯერ კიდევ მეგონა, რომ იძულებით გადავყავდი გამოკითხვაზე, არც კი უთქვამთ, რომ დაკავებული ვიყავი, სანამ განყოფილებაში დაკავების ოქმი არ შემომიტანეს, სადაც უტიფრად ჩაწერეს, რომ თითქოს შეურაცხყოფას ვაყენებდი, არ ვემორჩილებოდი პოლიციას და ა. შ.
ცალკე ტრაგიკომიკური სანახაობაა სასამართლო, რომელმაც ადმინისტრაციული პატიმრობა მომისაჯა და იქ გამართული პროცესები. სხვათა შორის, ჩემი საქმის განმხილველი მოსამართლე სწორედ იმ დღეს დაუსანქცირებიათ დასავლეთში. ამიტომ გასაკვირიც არ იყო მისი ქმედებები სასამართლოში, რომელიც კლოუნადად და იაფფასიან სანახაობად აქციეს. მან უარი თქვა რეალური ნეიტრალური მტკიცებულების წარდგენაზე (შემთხვევის ადგილზე დამონტაჟებული კამერის ჩანაწერების ამოღებაზე) და ე. წ. პოლიციელების ყალბი და აბსურდულად უტიფარი ჩვენებების საფუძველზე გამოაცხადა გადაწყვეტილება.
საქმე აუცილებლად წავა სტრასბურგის სასამართლოში და იქ დამტკიცდება უკანონო დაკავების ფაქტიც და ზოგადად, რეჟიმის მიზანმიმართული რეპრესიების კასკადი, რომელსაც ამ თვეების განმავლობაში ვუმკლავდები.
_ რამდენიმე დაკავებული ყვება, რომ მძიმე იყო მათთვის გზა წინასწარი დაკავების იზოლატორამდე, რადგანაც ძალიან აგრესიულები იყვნენ სამართალდამცველები. რა ხდებოდა თქვენს შემთხვევაში?
_ ფიზიკური შეხება არ ყოფილა, თუმცა კონკრეტული თანამშრომლები ნამდვილად იყვნენ აგრესიულები. თავიდან ფიზიკური ძალის გამოყენებით რამდენიმე ნიღბიანმა გამიტაცა და მანქანაში ჩამტენა (სხვა სიტყვას ვერ დავარქმევ). შემდგომ იყო გარკვეული ზემოქმედების მცდელობა განყოფილებაშიც. რაღაც მომენტში ოთახში შემოვარდა აგრესიულად განწყობილი კაცი (სავარაუდოდ, სწორედ ის იყო, ვინც დამიბარა იმ დღეს გამოკითხვაზე) და ფაქტობრივად (ჟარგონს ვიხმარ) „კაჩაობა“ დამიწყო: რატომ ვაქტიურობდი და ა. შ. ეგრევე ტელეფონმა დაურეკა და გავარდა უკან, თორემ ეგ აგრესია როგორ გაგრძელდებოდა და დასრულდებოდა, არ ვიცი. ჩემ იქ ყოფნაში წიხლების რტყმით შემოიყვანეს ახალგაზრდა ბიჭიც, ჩანდა, რომ ნაცემი იყო, სახეზე დაზიანებები ეტყობოდა, მეორე მხარეს გაიყვანეს და მესმოდა მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფები მის მიმართ. არსებობენ მხეცი „პოლიციელები“ და ისინი, ვინც ორგანულად ასეთები არ არიან, მაგრამ სისტემაში მათ გვერდით ამის ნაწილი ხდებიან.
_ ეს არ არის პირველი საპროტესტო ტალღა, რომელშიც აქტიურად ხარ ჩართული, რა არის მსგავსება და რა არის განსხვავება სამართალდამცველების ქცევაში, მარტის პროცესები და მიმდინარე პროცესები რომ შევადაროთ?
_ პირველად 2023 წლის 7 მარტის ღამით, აქციის დარბევისას დამაკავეს, როცა პირველად შემოიტანეს რუსული კანონი. მაშინ სისტემა მოქალაქეების მხრიდან ამ მასშტაბის ფიზიკური და მორალური წინააღმდეგობისთვის მზად ნამდვილად არ იყო, ეს შიგნიდანაც იგრძნობოდა დაკავების შემდეგ. აგრესიაც ნაკლები იყო პოლიციის მხრიდან. ახლა ეს მოცემულობა კარდინალურად შეცვლილია. განყოფილებაში საუბრისას ვუსმენდი და ჩემ წინ პროპაგანდით კარგად დამუშავებული ადამიანები იდგნენ, რომლებიც სამთავრობო არხების ენაზე საუბრობდნენ: რადიკალები, რადიკალური ოპოზიცია და ა.შ. ამჩნევ ისეთებსაც, რომლებიც, სავარაუდოდ, არ იზიარებენ სხვების პათოსს, მაგრამ სისტემის შიგნით ხმას ვერავინ იღებს, ყველას ეშინია.
პირველი დაკავებისას ამ მხრივ განსხვავებული ვითარება იყო. ახლა ვხედავთ გააგრესიულებულ, კარგად დამუშავებულ და მართულ თანამშრომლებს, რომლებიც უყოყმანოდ აწერენ ნებისმიერ დავალებას ხელს. ამ ფონზე, შემთხვევითი არაა, რომ მაშინდელისგან განსხვავებით, ახლა რადიკალურად დიდია იმ ადამიანების რიცხვი, რომელიც დაკავების შემდგომ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი ხდება და ასევე უკანონო დაკავებების. აღარაფერს ვამბობ იმ სასტიკად ნაცემ და დასახიჩრებულ ადამიანებზე, რომელთა ნაწილი წამების მსხვერპლიც გახდა.
სხვათა შორის, წინა დაკავებაზეც ასე იყო და ახლაც: ყველაზე პატიოსან და გამორჩეულად წესიერ პოლიციელებს არჩევენ სასამართლოზე იმ აბსურდული უტიფრობების სალაპარაკოდ, რასაც ზევიდან იფიქრებენ და უწერენ დაკავების მიზეზად პროცესზე მოსაყოლად. ორივე ჯერზე ისეთი პოლიციელები მოიყვანეს ჩემ წინააღმდეგ აბსურდული ჩვენების მისაცემად და დაზეპირებული ტექსტის წარმოსათქმელად, ვისაც დაკავების შემდგომ ვამჩნევდი, რომ ყველაზე ნორმალური და წესიერი ხალხი იყვნენ დანარჩენებთან შედარებით. როგორც ჩანს, ესაა სტრატეგია, რომ ასე აქციონ ნელ-ნელა სხვების მსგავსს ნაძირალებად ასეთი თანამშრომლებიც. როცა ერთხელ და ორჯერ გაგაკეთებინებენ ასეთ რამეს, შემდეგ ბევრად უფრო გიადვილდება სხვა მორალურ კომპრომისებზე წასვლა.
თუმცა იზოლატორში სრულიად განსხვავებული სიტუაციაა. იქაურობა რომ ასეთივე მონსტრად აქციო, ალბათ ყველა თანამშრომელი უნდა გაუშვა და ახალი, სპეციალურად გამოწვრთნილი ნაძირალები შემოყარო. იმიტომ, რომ ძალიან პატიოსანი, ყურადღებიანი და ადამიანურობით გამორჩეული ხალხია. პირად საუბარშიც თითქმის ყველა გამოხატავს თავის კრიტიკულ და მძაფრ განწყობას ამ რეჟიმის მიმართ. შესვლის დროსაც და გამოსვლისასაც სპეციალურად დავაკვირდი ეკრანს, ორივეჯერ ერთ-ერთი ოპოზიციური არხი ჰქონდათ ჩართული და იმას უყურებდნენ. ესეც მეტყველებს ყველაფერზე.
_ რა ხდება უნივერსიტეტში, ის წნეხი სტუდენტებზე რაც ვიხილეთ, მინავლდა თუ კიდევ უფრო გაძლიერდა?
_ სტუდენტები ქუჩაში არიან, აკადემიური პროცესი ეტაპობრივად პარალიზებული ხდება იმის პროპორციულად, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს. სტუდენტობა საზოგადოების ყველაზე აქტიური სეგმენტია, ქუჩაშიც ჩანს. იკლო სტაბილურად ორგანიზებული ჯგუფების რაოდენობამ, ძირითადად სპონტანურად ხდება ყველაფერი, თუ რაიმე დაიგეგმება. ყველა ძალიან კარგად ხვდება, რომ ვერანაირი წნეხი ვერ მოერევა ამ ადამიანებს უნივერსიტეტის შიგნით და ხშირად ადმინისტრაცია კომპრომისებზეც მოდის აკადემიურ პროცესში იმის გათვალისწინებით, რომ სტუდენტებს ურთულდებათ სწავლაზე სრულად კონცენტრირება საპროტესტო პროცესებში აქტიური ჩართულობის გამო.
_ რა როლი შეასრულა ამ პროცესებში სტუდენტურმა წინააღმდეგობამ?
_ თავიდანვე, სტუდენტების ჩართულობამ, ერთგვარად, გამოფხიზლებისა და გამოღვიძების ეფექტი შექმნა და გადასდო დანარჩენ საზოგადოებასაც. მახსოვს, სანამ სტუდენტურ საპროტესტო ტალღას ავაგორებდი და ამ სულისკვეთებით გავაერთიანებდი სხვა ახალგაზრდებს, სულ ისმოდა კითხვა: „სად არიან სტუდენტები?!.“ ბოლო წლებში, ყველა მნიშვნელოვანი მოვლენისას, სწორედ საზოგადოების ეს სეგმენტი გახდა პროცესების მედროშე და რეჟიმის მთავარი შფოთის საგანი. ახლაც ასე გრძელდება, უბრალოდ ბოლო კვირებში ეს თვალში აღარავის ხვდება განსაკუთრებულად, რადგან ბუნებრივ ამბად იქცა ყველასთვის და აღარაა დიდად დაყოფილი „სტუდენტები და დანარჩენი საზოგადოება“. ეს ყველა სეგმენტი ბოლო კვირებში ერთ მთლიანობად იქცა.
_ კვლავ ვხედავთ ერთგვარ ხიდჩატეხილობას აქციის მონაწილეებსა და პოლიტიკოსებს შორის _ რა არის ამის მიზეზი? რას ვერ გაართვა თავი ოპოზიციურმა სპექტრმა?
_ ერთი მხრივ, ნდობის კრიზისია პოლიტიკური სპექტრის მიმართ. ეს მოიცავს, მათ შორის, არჩევნებისას და პოსტსაარჩევნო პერიოდში ოპოზიციის უნარიანობის ვერდანახვასაც, რამაც ბუნებრივად გამოიწვია მათთან კვეთის სურვილის ნაკლებობა. საბოლოო ჯამში, წინა წლებისგან განსხვავებით, ყველა კარგად იაზრებს, რომ მაინც ამ ხალხის ხელშია ჩვენი ბედი და არჩევნებზე მათ უნდა გამოვუცხადოთ ნდობა, თუმცა არასაარჩევნო პერიოდში ალბათ პროცესისთვისაც და საზოგადოების მაქსიმალური კონსოლიდაციისთვისაც უმჯობესია, რომ ეს ყველაფერი დაცლილი იყოს პარტიული მდგენელებისგან, რათა პოლიტიკოსების მიმართ არაერთგვაროვანი და განსხვავებული დამოკიდებულებების გამო ისინი არ იყვნენ და არ აღიქმებოდნენ ამ ყველაფრის „თავებად“.
_ რეალურად, დღეს არ ჰყავს პროტესტს ლიდერი. რამდენად არის ან არ არის მნიშვნელოვანი მისი არსებობა და თუ არის საჭირო, ვინ უნდა იყოს ის ამ შემთხვევაში?
_ არასდროს ვფიქრობდი, რომ ამ ტიპის საერთო-სახალხო პროტესტს ერთი ლიდერი სჭირდება და ვიღაც მესიას უნდა ველოდოთ. გარდა იმისა, რომ რთულად შეიძლება იპოვო ადამიანი, რომლის მიმართაც საზოგადოებრივი განწყობა ცალსახად პოზიტიურია და ამასთან ერთად აქვს ყველა საჭირო უნარი პროცესების სამართავად, ასევე რისკიცაა იმ მხრივ, რომ ამ ტიპის რეჟიმები ასეთ სუბიექტებს მარტივად ანეიტრალებენ (შანტაჟით, დაჭერით თუ სხვა მექანიზმით) და, ფაქტობრივად, „თავს“ აჭრიან პროცესს, რელსებიდან მის გადაყვანას ახერხებენ.
არც ისეთი ადამიანის პოვნაა მარტივი (ოპოზიციაში ამის პრობლემაც არსებობს), ვინც საკუთარ თავზე აიღებს მნიშვნელოვან რისკებს.
ამიტომ ასეთ დროს გაშლილი და დეცენტრალიზებული პროტესტი საუკეთესო გამოსავალია. რასაც დღეს ვხედავთ, ამ მასშტაბის თვითორგანიზებასა და ჩართულობას, აბსოლუტურად უპრეცედენტოა და ეს ხომ ვერ მოხდებოდა, ვიღაცას რომ გავყურებდეთ წინ. ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას იღებს ყველა და გრძნობს ამ პასუხისმგებლობას, რომ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს მომავლისთვის ბრძოლაში იმ ფორმით, ყველასგან დაუკითხავად, როგორც შეუძლია და სწორად მიაჩნია.
_ რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ სანქციები, სანქცირებულთა შორის არიან შსს-ს მაღალი ეშელონის წარმომადგენლები, შს მინისტრი საერთოდ მაგნიტსკის სიაში მოხვდა. რამდენად ჰქონდა ამ ყველაფერზე გავლენა მიმდინარე პროცესებს?
_ მე უფრო ვიტყოდი, რომ მიმდინარე პროცესებს ჰქონდა გავლენა ამაზე (საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ყურადღების კონცენტრაციაზე საქართველოს საკითხის მიმართ და მათ დღის წესრიგში მისი დაბრუნების მიმართულებით). მათ დაინახეს ივანიშვილის რეჟიმის სახე და მოქალაქეებმა თავიანთი აქტიურობით და თავგანწირვით უბიძგეს დასავლელ პოლიტიკოსებს მკაცრი და მკვეთრი ნაბიჯების გადადგმისკენ, ქმედებისკენ, ნაცვლად ლაპარაკისა და მხოლოდ საუბრისა.
ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, კრიზისს კიდევ უფრო აღრმავებს და ართულებს რეჟიმის მდგომარეობას. სულ უფრო მცირდება სივრცე საკუთარ თავში ჩასაკეტად და საზოგადოების ნების უგულებელსაყოფად. სანქცია ერთგვარი იძულების ფორმაა და ამ ტიპის რეჟიმებში (მისი რყევის საქმეში) მნიშვნელოვან როლს ასრულებს. დარწმუნებული ვარ, ამის ეფექტს კიდევ უფრო ნათლად დავინახავთ მომდევნო პერიოდში. ჯერ ყველაფერი წინაა და სანქციების ახალი პაკეტები გზაშია. ვნახოთ, საბოლოოდ რა მასშტაბისა და სიმძაფრის იქნება ამ მხრივ სურათი. ეს ქვეყნის შიგნით განვითარებულ პროცესებზე და საზოგადოების შეუგუებლობაზეც, ბრძოლის ეფექტურობაზეცაა დამოკიდებული.
_ ევროსაბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსეს განცხადებაზე მინდა გკითხოთ: როგორ აფასებთ მის ინიციატივას მოლაპარაკებებთან დაკავშირებით? დარჩა რაიმეზე სალაპარაკო ხელისუფლებასთან? ასევე საუბარი იყო რუსული კანონის გადახედვასა და მის ფორმირებაზე _ შესაძლებელია თუ არა, რომ ყველაფერი ეს გახდეს იმ სცენარის განხორციელების მიზეზი, რომელიც 2020 წელს ვიხილეთ (შარლ მიშელის დოკუმენტი)?
_ მოკლედ შეგვიძლია ვთქვათ: არანაირი ახალი „შარლ მიშელი“ არ და ვერ იქნება. ქართულ საზოგადოებას ჩამოყალიბებული აქვს თავისი პრინციპული ხედვა და მოთხოვნები. მხოლოდ ორ საკითხზე შეიძლება საუბარი: ტყვეების დაუყოვნებლივი განთავისუფლება და ახალი არჩევნები (შესაბამისი ფორმაციით). ყველაფერი დანარჩენი არაფერს ნიშნავს ვინმესთვის. ამას ოპოზიციური სპექტრიც კარგად იაზრებს და ყველა მათგანის პოზიცია ადეკვატურია ამ მიმართულებით. არანაირ სხვა პირობას არ მიიღებს არც ეს გაბრაზებული ხალხი, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა, უწყვეტად დგას ქუჩაში.
ან ავტორიტარიზმი დაინგრევა, ან დანარჩენი ყველაფერი უბრალოდ თამაშია.
_ ბოლოს მინდა გკითხოთ: ხელისუფლებისგან ხშირად ისმის განცხადებები, რომ ეს პროტესტი უკვე მილევად ფაზაში გადავიდა. რა აფიქრებინებს ამას ხელისუფლებას?
_ ის, რომ ერთი თვის განმავლობაში ყოველდღიურ რეჟიმში ძალიან აქტიური ადამიანიც ვერ იდგება ქუჩაში, ეს ისედაც გასაგებია და გასაგებია რეჟიმის მცდელობაც, რომ საკუთარი თავი თუ ამომრჩეველი დაამშვიდოს, თითქოს პროტესტი ჩაცხრა.
რეალურად, თვისობრივად ახალი მასშტაბი და ფორმა შეიძინა პროცესებმა: ადამიანები არა მხოლოდ საღამოობით იკრიბებიან რუსთაველზე, არამედ მთელი დღის განმავლობაში დედაქალაქის ქუჩები სავსეა ხალხის ნაკადებით, საპროტესტო მარშებით, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების ჩართულობით.
მათ მხოლოდ ძალის ენა ესმით და ამიტომ ვეღარ ხედავენ პირველი დღეებისგან განსხვავებით ამ მუხტს საზოგადოებაში (უფრო სწორად, პროპაგანდას აგებენ ამაზე საკუთარი ამომრჩევლის დასამშვიდებლად). ჩემთვისაც კი გასაკვირად, ეს ხალხი არ ჩერდება და ეს ბრაზი არ ნელდება.
დარწმუნებული ვარ, ამას ექნება ლოგიკური ფინალი, სადაც კიდევ ერთხელ იფეთქებს ამ ხალხის (მათ შორის ფიზიკური) ძალა. ეს განვითარება ბევრ რამეზეა დამოკიდებული. მნიშვნელოვანია, ასეთ დროს მიმართულების მიცემაც ამ განწყობებისთვის და ესაა, რაც უნდა გავაკეთოთ.
რეჟიმი დაემხობა ნებისმიერ შემთხვევაში და დამხობაში ვგულისხმობ ბევრ რამეს. ორი გზა არსებობს რეალურად სახელმწიფოში პოლიტიკური ცვლილებების: ან თავად ატარებ ნორმალურ არჩევნებს და ასე მიდიხარ (რაზეც 26 ოქტომბერს საბოლოოდ თქვეს უარი), ან ნებისმიერი სხვა ფორმა უკვე დამხობაა. ახლა მათზეა დამოკიდებული, როგორ დაემხობიან და რამდენად ძვირი ფასის გადახდა მოუწევთ ამ პროცესში. ჩვენი მიზანია, რომ ქვეყანას ავარიდოთ თავისი წილი მძიმე ფასის გადახდა და მხოლოდ რეჟიმს შეეხოს ეს მტკივნეული პროცესი მძაფრად.