ვის უკავშირდებოდა სოხუმიდან გაუჩინარებული დავით ცინდელიანი?

t12

2008 წლის 16 აგვისტოს ქუთაისში ხაიშის სატყეო მეურნეობის რეინჯერი დავით ცინდელიანი და 27 აგვისტოს ზუგდიდში სამხედრო კონტრდაზვერვის თანამშრომელი პაატა ქარდავა გაუჩინარდნენ. ორივე საქმეზე საბრალდებო სკამზე აფხაზეთის „კუდის“ უფროსი, რომან შამათავა ზის.

წლების განმავლობაში ცინდელიანის ოჯახის წევრები გამოძიებას არ ენდობოდნენ და აცხადებდნენ, რომ საქმემ 8 პროკურორი გამოიცვალა. ოფიციალური გამოძიების პარალელურად, ოჯახი საკუთარი ძალებით ცდილობდა სიმართლის დადგენას.

გამოძიებას ხელთ აქვს „კუდის“ ყოფილი თანამშრომლის, გიორგი ჩიქოვანის ჩვენება, რომელიც ამჟამად ლონდონში ცხოვრობს. ჩიქოვანი, მეტსახელად „მაიმუნა“, ცინდელიანის მკვლელობის დეტალებს ყვება. მისი ჩვენება სხვა ჩვენებების იდენტურია, მაგრამ წერილის მიხედვით, რომელიც დავით ცინდელიანის მამას ეკუთვნის და რომელიც მან მესტიის მაჟორიტარ დეპუტატს, ვიქტორ ჯაფარიძეს მისწერა, ირკვევა, რომ ცინდელიანი გაუჩინარებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ, მინიმუმ, ორ ადამიანთან გამოვიდა კონტაქტზე, ერთ მათგანს ინტერნეტის მეშვეობით დაუკავშირდა, მეორეს კი _ ტელეფონზე.

ოფიციალური გამოძიების ფარგლებში არც ერთი მოწმე არ დაკითხულა. ბუნებრივია, ლიგიკურად ჩნდება კითხვა, _ ცინდელიანის გვამი ნაპოვნი არ არის, არსებობს ორი კონკრეტული ადამიანი, რომელიც ამტკიცებს, რომ ცინდელიანი გაუჩინარების მერე მათ ეკონტაქტებოდა. რამდენად სარწმუნო შეიძლება იყოს გამოძიების ვერსია, რომ დავით ცინდელიანი მოკლულია?

„ქრონიკა+“ გთავაზობთ დავით ცინდელიანის მშობლების _ თამარ არღვლიანისა და ზაურ ცინდელიანის წერილის სრულ ვერსიას.

პარალელურად კი შეეცდება, წერილში დასახელებული კონკრეტული პერსონები პირადად მოძებნოს და სხვა დეტალები დააზუსტოს.

 

(სტილი დაცულია)

„ჩემი შვილი დავით ცინდელიანი დაიბადა 1977 წლის 7 ნოემბერს მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერში. 1996 წელს დაამთავრა ჭუბერის საშუალო სკოლა წარჩინებით, იმავე წელს მოეწყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე დიპლომატიის განხრით, მისი ნაშრომები შესულია უნივერსიტეტის ოქროს ფონდში. იყო სტუდენტთა საბჭოს პრეზიდენტი, უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე გურამ შარაძემ, მისმა ლექტორმა მუშაობა დააწყებინა პარლამენტში მიგრაციის კომიტეტში. მალე მიგრაციის კომიტეტი გაუქმდა, დათო უმუშევარი დარჩა და იძულებული გახდა სოფელში დაბრუნებულიყო. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ იგი თბილისში ჩავიდა სამსახურის საძებნელად, მაგრამ უშედეგოდ და კვლავ დაბრუნდა სოფლად, 2007 წელს მუშაობა დაიწყო სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამმართველოს ხაიშის უბანზე რეინჯერად, სადაც მე, ზურაბ ცინდელიანიც ვმუშაობდი. 2008 წლის აგვისტოში, როდესაც კოდორიდან ჯერ ჯარი გამოიქცა და მერე მოსახლეობა, დათოს აფხაზეთის უშიშროების მაღალჩინოსნებთან, რომლებიც დაბანაკებულები იყვნენ ჭუბერში, ჰქონდა კამათი. ეუბნებოდა მათ, თქვენ გამოიქეცით და კოდორის მოსახლეობა უპატრონოდ მიატოვეთო, ამის შემდეგ მივიღეთ ინფორმაცია, რომ უშიშროების სამსახური დაინტერესდა დათოს პიროვნების შესწავლით.

2008 წლის 16 აგვისტოს დილით ჩვენთან მოვიდა ჩვენი ხელმძღვანელი, ხაიშის სატყეო უბნის უფროსი გია ანსიანი და გვითხრა, რომ 15:00 საათზე სამეგრელო-ზემო სვანეთის ტყის დაცვის ყველა მუშაკი უნდა ვყოფილიყავით თათბირზე ქ. ქუთაისში, სადაც ჩამოსულები იყვნენ სატყეო დეპარტამენტის თავმჯდომარე ლაშა ჭკადუა და მისი მოადგილე ბადრი მამინაშვილი, დათო ავად იყო, სიცხე ჰქონდა და უთხრა, ვერ წამოვალო, გია ანსიანმა უპასუხა, ვინც ვერ მოვა, განთავისუფლებაზე განცხადება დაწეროსო. დათო იძულებული იყო, ქუთაისში წასვლაზე დათანხმებულიყო. ჩვენ გვიან გავედით, რადგან ერთი რეინჯერი არ იყო ადგილზე და მას ვეძებდით. ვერსად რომ ვერ ვნახეთ, გია ანსიანმა დაურეკა ბადრი მამინაშვილს და უთხრა, ერთი რეინჯერი გვაკლდა. მამინაშვილი დაინტერესდა, რა გვარის არისო, გიამ უპასუხა ვიბლიანიო. კარგი, იყოსო. სხვები აუცილებლად წამოიყვანეო. გია ანსიანის მანქანით გავუდექით გზას ქუთაისისკენ მე, ზაურ ცინდელიანი, ჩემი შვილი დათო ცინდელიანი, ელიკო ჭკადუა და თავად გია ანსიანი. სამტრედიაში გზად უკან დაბრუნებული ჩვენი თანამშრომლები შეგვხვდნენ. ვკითხეთ რა ხდებოდა, გვიპასუხეს თათბირი დამთავრდაო. ვერც გავიგეთ, რაზე დაგვიძახესო, რაღაც ბლანკებზე მოგვაწერინეს ხელი და გამოგვიშვესო. გიამ დაურეკა ბადრი მამინაშვილს, ჩვენ რა ვქნათო, მან უპასუხა, აუცილებლად წამოდითო, ამის შემდეგ ყოველ ათ წუთში გვეკითხებოდნენ, სადამდე ხართ მისულები, ჩვენ გელოდებითო. ქუთაისში რომ შევდიოდით, დაგვირეკეს და გვკითხეს, ვინ და ვინ ვისხედით მანქანაში. გიამ ჩამოუთვალა, ამის შემდეგ არ გასულა ხუთი წუთი და უკვე ქუთაისში ბანკთან, სადაც ვიდეოთვალიც არის, წინ გადაგვიდგა თეთრი „მერსედესი“, უკან ყავისფერმა „ოპელმა“ ჩაგვიკეტა გზა, წინა მანქანიდან გადმოვიდა სამი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირი, რომლებიც მანქანასთან მივიდნენ და გვარები გვკითხეს. ჩვენ ვუპასუხეთ. დათოს უთხრეს, შენ გადმოდიო, დათო გადავიდა, სტაცეს ხელი და წინა მანქანაში შეაგდეს. მე გადმოვხტი, დავუყვირე, ვინ ხართ და რატომ მიგყავთ-მეთქი. გვიპასუხეს, სამმართველოში გამოგვყევითო და იქ გაიგებთო. ჩვენ ჩავსხედით მანქანაში, მაგრამ მანქანის გასაღები გამომძვრალი ჰქონდა და ვერ გავყევით.

დავრეკეთ ქუთაისის სატყეო სამმართველოში, სადაც გველოდებოდნენ ლაშა ჭკადუა, ბადრი მამინაშვილი და ჩვენი სამმართველოს უფროსი კახა ტურავა. კახა ტურავა მოვიდა შემთხვევის ადგილას და მოიყვანა პოლიციის თანამშრომლები, ლაშა ჭკადუა და ბადრი მამინაშვილი. როგორც კი გაიგეს გატაცების ამბავი, ჩვენთან არც მოვიდნენ და ისე გაიქცნენ თბილისში. ქუთაისში, სადაც ვითომ თათბირზე გვიბარებდნენ, მაგიდაზე ეყარა ის ბლანკები, რომლებზეც ჩვენს თანამშრომლებს მოაწერინეს ხელი. ამდენად, თათბირი იყო ფიქცია. პოლიციამ გადაკეტა გზები, მაგრამ დათოს კვალს ვერ მიაგნო.

მეორე დღეს დავურეკე და შევატყობინე ეს ამბავი ჩემს ნათესავებს ქუთაისში. მეორე დღეს მომივიდა ინფორმაცია, ქუთაისის სპეცრაზმის უფროსის მონაყოლი: წუხელ დათო ცინდელიანი დავიჭირეთ, თბილისიდან იყო ჩამოსული უშიშროების ხალხი, ქუთაისის სპეცრაზმის წევრები აყვანაში დავეხმარეთ, ქუთაისში ცოტა ხანს გააჩერეს და მერე თბილისში გადაიყვანესო. ეს ამბავი გავიგეთ სპეცრაზმის თანამშრომელ ვახტანგ წაქაძისგან, რომლის სახელიც დღემდე არ გვიხსენებია მისი უსაფრთხოების გამო.

ამის შემდეგ თბილისში განვაგრძეთ ძებნა და ნათესავების მეშვეობით მივიღეთ ინფორმაცია, თითქოს „მოდულის“ შენობაში ჰყავდათ.

საქმე გატაცების ღამეს აღიძრა ქუთაისის პოლიციის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, რომელიც ქ. ქუთაისში აღმაშენებლის ქ. 137-ში მდებარეობს. მას შემდეგ ხუთი გამომძიებელი გამოიცვალა:

გოჩა კოხრეიძე,

რევაზ მიქაბაძე,

კოტე ესებუა,

თემურ თოდუა,

ვახტანგ ღაჭავა (მითითებულია ყველა მათგანის ტელეფონის ნომერი).

ამჟამად, ეს საქმე აქვს ტარიელ მეგრელიშვილს.

გვყავს ადვოკატი მანანა ჩხეტიანი.

გამომძიებლები გვეუბნებიან, მკვდარი გამორიცხეთო, ჩვენ ცოცხალს ვეძებთო, მაგრამ სანამ ჭეშმარიტება არ დადგინდება, არაფრის თქმის უფლება არ გვაქვსო. არ ვიცი, ჩვენ გვამშვიდებენ თუ რა ხდება. განცხადებით მივმართეთ მერაბიშვილს, საქართველოს მთავარ პროკურორს, პარლამენტს, პრეზიდენტს, მაგრამ არავითარი რეაგირება არ მოხდა. რამდენჯერმე მოგვაკითხეს ჟურნალისტებმა, მათ შეხვდა მოსახლეობაც, ეს შეხვედრა გავიდა „მაესტროზე“ ნანა ლეჟავას გადაცემაში. ნანა ლეჟავა შეხვდა 2008 წლის ნოემბერში ვანო მერაბიშვილს, რომელმაც გაიკვირვა ეს ამბავი, მაშინ როდესაც სოზარ სუბარს ნათქვამი ჰქონდა მანამდე მერაბიშვილისთვის. მეორე დღეს გაუშვეს საიტზე დათოს ძებნის სურათი წარწერით: შსს აწესებს ჯილდოს დავით ცინდელიანის ადგილსამყოფელის შეტყობინებისათვის 10 000 ლარის ოდენობით.

ამის შემდეგ ნანა ლეჟავამ და კახა კუკავამ 2010 წლის ივნისში გააკეთეს გადაცემა „მაესტროზე“, ალაპარაკეს ჩეხეთში მყოფი ემიგრანტი გიორგი ალანია, თითქოს თვითმხილველის მონაყოლით, იმავე ღამეს დათო ცინდელიანი ჩააბარეს ბათუმის სპეცრაზმს (კერძოდ, ნახსენებია გიორგი ჩიქოვანი, მეტსახელად „მაიმუნა“, რომლებმაც აიყვანეს იახტაზე, კისერზე ქვები გამოაბეს, დახვრიტეს და ზღვაში გადააგდეს.

ეს ამბავი მოვახსენეთ ადვოკატს და გამომძიებლებს, რომლებმაც ეს ლეგენდად ჩათვალეს. ჩვენ მივაკითხეთ კახა კუკავას, გადავურეკეთ გიორგი ალანიას, მაგრამ ვერც ერთმა ვერ დაადასტურა.

დაჭერიდან ექვსი დღის მერე, ზუგდიდელი გოგონა, რომელმაც არ იცოდა დათოს ამბავი, ტელეფონზე ურეკავდა მას, ტელეფონს რომ არ პასუხობდა, ინტერნეტით დაუწყო ძებნა, მოუვიდა პასუხი 23 აგვისტოს, მეორე 25 აგვისტოს, სადაც წერს, რომ ვცხოვრობ ერთ-ერთი ახლობლის კონსპირაციულ ბინაში, პრობლემები შემემთხვა, ტელეფონით კავშირის საშუალება არ მაქვსო. ეს წერილები გამოკვლევას საჭიროებს. წერილებში ნახმარი სიტყვები მის სიტყვებს ჰგავს, რომლებსაც იყენებდა საუბრის დროს.

2010 წლის გაზაფხულზე მივაგენით დათოს მეგობარ გოგონას ქ. ზუგდიდში, ანი ლაგვილავას, რომელმაც თავდაპირველად დაგვიმალა, დათოს არ ვიცნობდიო. ამის მერე დაახლოებით ორ კვირაში დაგვირეკა, დათომ დამირეკაო და მთხოვა, თუ გქონდეს საშუალება, 300 დოლარი მასესხეო. მე ვისაც გამოვაგზავნი, იმას მიეციო. მეორე დღეს დამირეკეს, გიორგი ჩიქოვანი ვარო დათოს გამოგზავნილ ფულზე. მე დავეჭვდი და აღარ წავედი შეხვედრაზეო. ეს ამბავი მოგვიყვა ანი ლაგვილავამ. ამის შემდეგ არ გვინახავს, თითქოს გალში გათხოვდა, მაშინ ტელეფონი ჰქონდა 5987165 5 …

გიორგი ჩიქოვანი ნახსენებია ნანა ლეჟავას გადაცემაშიც და ანი ლაგვილავას მონაყოლშიც. ეს დამთხვევა გასარკვევია.

ამის შემდეგ დავდივართ ყველგან და ვაგროვებთ ინფორმაციებს. შევიტყვეთ შემდეგი ინფორმაცია: აფხაზეთის კუდის უფროსის, ამჟამად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის უფროსის მოადგილის რომან შამათავას ნალაპარაკევი ბევრ ადგილას. ხან ამბობს, ცინდელიანი მე დავიჭირე და სადაც საჭიროა იქ გავუშვიო, ხან ამბობს, დავიჭირე და მაგრად ვცემეო, ხან ამბობს, დავიჭირე და მოვკალიო.

ჩვენი მოპოვებული ინფორმაციებიდან გამომდინარე ჩვენ ვითხოვთ დაიკითხონ:

1. რომან შამათავა _ ბრალდებული;

2. ემა გოგოხია _ მოწმე;

3. აბსნაძე ვალერი _ (ვოხა) მოწმე;

4. დათო ქორქია (მალიშა) მოწმე;

5. გენო გულბანი _ მოწმე;

6. სერგო უბილავა _ მოწმე;

7. ალექსანდრე (საშა) ჩაჩავა;

8. გია ბარამია;

9. კოტე არჩაია.

მათთან ერთად პირველი უნდა დაიკითხოს ვახტანგ წაქაძე, რომელმაც ქუთაისში ერთი შენობიდან მეორეში გადაიყვანა ძლიერად ნაცემი დათო.

ზემოთ ნახსენებ ინფორმაციებს ვერ ვამხელდით ვერც გამომძიებელთან და ვერც ადვოკატთან წინა მთავრობის დროს, რადგან იმედს ვიტოვებდით, რომ დათო ცოცხალი იყო და გვეშინოდა, არ გაენადგურებინათ.

 

ზაურ ცინდელიანი

დავით ცინდელიანის მამა“.

 

ცინდელიანის მამის წერილი, რომელიც „ქრონიკა+“-მა უცვლელად შემოგთავაზათ, ნამდვილად აჩენს ლეგიტიმურ შეკითხვებს: ვინ არის წერილში დასახელებული გოგონა, რომელსაც დავით ცინდელიანი ინტერნეტის მეშვეობით დაუკავშირდა და დაკითხულია თუ არა იგი ამ საქმეზე გამოძიების მიმდინარეობისას?

2. ვინ არის ანი ლაგვილავა, რომელიც აცხადებდა, რომ დავით ცინდელიანი მას ტელეფონზე ესაუბრა? ამოღებულია თუ არა გამოძიების მიერ ლაგვილავას ტელეფონის დეტალური ამონაწერი და დადგენილია თუ არა ის ტელეფონის ნომერი, რომლითაც ანი ლაგვილავას დავით ცინდელიანი დაუკავშირდა?

3. ვინ არის პირი, რომელმაც ჩეხეთში მცხოვრებ ემიგრანტს, გიორგი ალანიას, ცინდელიანის შესაძლო მკვლელობის შესახებ უამბო და დაკითხა თუ არა იგი გამოძიებამ?

4 რატომ აღარ დაადასტურა გიორგი ალანიამ ეს ინფორმაცია, როდესაც მას ცინდელიანის ოჯახის წევრები დაუკავშირდნენ?

5. არსებობს თუ არა შანსი, რომ დავით ცინდელიანი ცოცხალი იყოს?

(ზღვაში ნაპოვნი მისი ჯვარი მკვლელობის მტკიცებულებად ვერ გამოდგება; ვერც გიორგი ჩიქოვანის ჩვენება, რომელსაც არც კი ეძებენ და მშვიდად ცხოვრობს ევროპაში; არც თემურ პატარიძის ჩვენება, რომელმაც დიდი ხანია მიიღო ხელშეუხებლობის გარანტია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან. ამ უკანასკნელ თემას სამომავლოდ აუცილებლად დავუბრუნდებით).

და მთავარი: ვინც რომან შამათავას იცნობს, მგონი, ყველა დამეთანხმება, რომ მას ჩვევად არ ჰქონდა მისი მონაწილეობით მომხდარი შემთხვევების საჯარო განხილვა. ვრცელდებოდა თუ არა შამათავას შესახებ ინფორმაციები სპეციალურად და შეგნებულად მიჰქონდათ თუა არა ხმები დავით ცინდელიანის მშობლებთან?

გაზეთი დასაბეჭდად მზად იყო, როცა ,,ქრონიკა+”-ს დაუკავშირდა მოქ. ე.ყ. რომელმაც განაცხადა, რომ ზუგდიდში მყოფი დავით ცინდელიანი მას დავით ასლანიდის სახელით გაეცნო. მოგვიანებით კი დაურეკა, სოხუმში ვარო… მოქ. ე.ყ. აცხადებს, რომ ქუთაისის სამმართველოში ის დაკითხულია, მაგრამ მისი დაკითხვის მასალები სისხლის სამართლის საქმეში არ დევს.

 

                                                                                                                  ელისო კილაძე