ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა ქუთაისის მუხნარის ტყეპარკში იგეგმება?!

sax

„ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობასთან დაკავშირებით ქუთაისის მერმა მორიგი ინფორმაცია გაავრცელა _ ის ტყე, სადაც უნივერსიტეტი აღიმართება, მუხნარის ტყეპარკი ყოფილა.

მუხნარის ტყეპარკი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილია საქართველოში. აქ დაცულია კოლხური მუხა, რომელიც დღეს გადაშენების ზღვარზეა. ტყეპარკი, შეიძლება ითქვას, ერთადერთი მასობრივად განაშენიანებული მწვანე ზოლია, რომელიც უშუალოდ ქუთაისს ესაზღვრება.

„ქრონიკა+“, ბუნებრივია, დაინტერესდა, საშიშროება ხომ არ ემუქრება მუხის კორომებს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით და არსებობს თუ არა პროექტი, რომელზედაც საზოგადოება დიდ ინტერესს იჩენს?

ნოდარ მიქიაშვილი _ ქუთაისის ვიცი-მერი:

_ მერიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ტექნოლოგიური უნივერსიტეტისთვის ადგილი უკვე შერჩეულია.

_ 100%-ით გადაწყვეტილად ვერ ვიტყვი, თუმცა, დიდი ვარაუდით, ეს ადგილია მუხნარის ტერიტორია, სადაც ტბაა და არხი გადის. იქ ახლა გეოლოგიური და ზედაპირული დათვალიერება მიმდინარეობს, შემდეგ კი გეოლოგიური კვლევა ჩატარდება. დაველოდებით სპეციალისტების დასკვნას, მისაღებია თუ არა ეს ადგილი მშენებლობისთვის.

_ რა ფართობზეა საუბარი?

_ ალბათ, საერთო ჯამში, 7-დან 10 ჰა-მდე იქნება.

_ ტბაც კომპლექსის შემადგენლობაში მოექცევა?

_ დიახ. ამჟამად ის ტბა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. გადაწყვეტილების შემთხვევაში მიმდებარე ტერიტორია კეთილმოეწყობა.

_ პროექტი უკვე არსებობს, როგორი იქნება უნივერსიტეტი?

_ ჯერჯერობით პროექტი არ არსებობს. რა აზრი აქვს პროექტის დახაზვას, თუკი გეოლოგიური დასკვნა არ იქნება? ყველაზე ცუდ ვარიანტში დაიდება დასკვნა, რომ მშენებლობა არ შეიძლება. ამ შემთხვევაში პროექტის შემუშავება ტყუილად მოგვიწევდა.

_ მშენებლობის შემთხვევაში მწვანე საფარი გაიჩეხება?

_ არც ერთი ჯანმრთელი ხე არ მოიჭრება. იქ არის ძალიან ბევრი გამხმარი ხე, რისი მიზეზიც გახლავთ არხი. ტერიტორია ჭაობდება, რაც ხეების ხმობას იწვევს. ნებისმიერს შეუძლია ნახოს, რომ საკმაოდ დიდი ტერიტორიაა, რათა ხე არ მოიჭრას და მშენებლობა ისე დაიწყოს.

_ „ფონდ ქართუს“ წარმომადგენლებისთვის ტერიტორია მისაღებია?

_ თუკი ოფიციალური დასკვნა დადებითი იქნება, რა თქმა უნდა.

_ სავარაუდოდ, როდისთვის დაიდება დასკვნა და როდის უნდა ველოდოთ მშენებლობის დაწყებას?

_ სავარაუდოდ, სექტემბრისთვის, შემდგომ კი პროექტი შეიქმნება.

 

ბაქარ ჭეიშვილი _ ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი:

_ მეც პრესიდან გავიგე, რომ ადგილი შერჩეულია. მიახლოებით რიონჰესის დასახლებაა. ტერიტორიას სწავლობენ, შემდგომ კი ჩვენთან განაშენიანების რეგულირების გეგმა შემოვა. განვიხილავთ. თუ დასამტკიცებელი იქნა, დავამტკიცებთ და კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ.

 

გია თევდორაძე _ პარლამენტარი, „ნაციონალური მოძრაობა“:

_ ბიძინა ივანიშვილისთვის და მისი ხელისუფლბისთვის ტყე ძალიან რელევანტური ადგილია. ყველაფერი, რაც ბიძინას წარმოსახვაში წარმატების მომტანია, უკავშირდება ტყეს. ახლა ადგილი შეირჩა, მერე, ერთ თვეში, ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს, რაღაც ანალიტიკური საექსპერტო სამუშაოები ჩაატაროს; შემდეგ, თუკი არჩევნებში გაიმარჯვებენ, 6-თვიანი ვადა დასჭირდებათ, რომ სტრატეგიული გეგმა შედგეს, შემდეგ პროექტი და ასე გაგრძელდება. ეს არის ე. წ. შექცევისა და შეთრევის პოლიტიკა, რომელსაც 4 წელია, ეწევა რუსი ოლიგარქი და მისი უუნარო ხელისუფლება. სამწუხაროდ, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არანაირი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი არ იარსებებს. ეს მორიგი იაფფასიანი პიარია არჩევნების წინ. ქუთაისს კონკრეტული ფუნქცია აქვს, რომლის გარანტიც არის ქვეყნის კონსტიტუცია და მისი 42-ე მუხლის `ა~ ნაწილი. ქუთაისი არის საპარლამენტო ქალაქი და რეალურად იქნება ოქტომბრის შემდეგაც.

 

აკაკი ბობოხიძე _ პარლამენტარი, „ნაციონალური მოძრაობა“:

_ საუნივერსიტეტო ქალაქი ყოველგვარი სხვა ფუნქციის გარეშე _ ეს არის მხოლოდ მოტყუება ერთი ძალიან მარტივი მიზეზის გამო: ქალაქი, რომელსაც აქვს მხოლოდ საგანმანათლებლო ფუნქცია და არაფერი სხვა, ვერ იქნება 20-25000-ზე მეტი. ქალაქი, სადაც სტუდენტმა უნდა ისწავლოს და მერე სხვაგან წავიდეს, ვერ იქნება განვითარებადი ქალაქი. საპარლამენტო ქალაქს სჭირდება განათლების ძლიერი კერები როგორც სკოლების, ასევე უმაღლესი განათლების სახით. ქუთაისი, როგორც საპარლამენტო დედაქალაქი, მოიცავს მაღალი რანგის საუნივერსიტეტო ქალაქსაც და უამრავ სხვა რამეს, რომელიც ავტომატურად მიბმული იქნება ამ იდეასთან.

სამწუხაროდ, ეს არის კიდევ ერთი ბლეფი, რომელსაც „ქართული ოცნება“ სთავაზობს ქუთაისს. თუკი ქუთაისში მაღალი რანგის უმაღლესი სასწავლებელი იქნება, ამას მხოლოდ მივესალმები, მაგრამ მეშინია, რომ ის ისეთივე აღმოჩნდება, როგორიც ივანიშვილის მრავალი სხვა დაპირება. ისედაც, მხოლოდ ამ იდეის ირგვლივ შექმნილი ქალაქი განწირულია მარცხისთვის.

 

ირაკლი მაჭარაშვილი _ „მწვანე ალტერნატივა“:

_ ნებისმიერი განვითარების პროექტი, რაც არ უნდა კარგი მიზეზით ხორციელდებოდეს იგი და კეთილშობილი მიზანი ჰქონდეს, თუ მისი განვითარება დიწყება ისეთ ადგილას, სადაც ზიანს მიაყენებს გარემოსა და, შესაბამისად, საზოგადოებრივ ინტერესებს, პირველ რიგში, ამ პროექტის პრესტიჟსა და მნიშვნელობას ურტყამს. სამწუხაროდ, დიდი ინფორმაცია არ გაგვაჩნია, თუ სად შენდება უნივერსიტეტი და რა ზეგავლენა ექნება მას გარემოზე. კარგი იქნება, გადაწყვეტილების მიღებამდე გაირკვეს შერჩეული ტერიტორიის პლუსები და მინუსები. კოლხური მუხა მნიშვნელოვანი სახეობაა, რომელიც საფრთხის წინაშეა და მოსაფრთხილებელია. შესაბამისად, თუ უნივერსიტეტის მშენებლობა ზიანს მიაყენებს სახეობას (და, სავარაუდოდ, მიაყენებს), აუნაზღაურებელი დანაკლისი იქნება. მუხნარში რაიმე სახის მშენებლობას საკომპენსაციო ღონისძიებები ვერაფრით უზრუნველყოფს.

_ ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ მწვანე ზოლს საფრთხე არ ემუქრება.

_ საინტერესოა, რამდენად გაითვალისწინებენ, რომ ასეთი პროექტების დროს საჭიროა დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობა? იქ იქნება გზები, ავტოსადგომები და ა. შ. ჩემი აზრით, როცა მსგავსი სახის პროექტებზეა საუბარი, ყველა დეტალი უნდა გავითვალისწინოთ. სამწუხაროდ, ხშირია, როცა გადაწყვეტილებას მიიღებენ და შემდეგ ფიქრობენ ზარალის კომპენსაციაზე. არსებობს გრადაცია: პირველ რიგში, უნდა ვეცადოთ, ზიანი არ მივაყენოთ, შემდეგ როგორ შევამციროთ ზიანი და თუკი გარდაუვალია, ამის მერე ვიფიქროთ კომპენსაციაზე. ჩვენთან პირიქით ხდება, რაც არასწორია.

_ მიმდინარე ეტაპზე ტერიტორიის გეოლოგიური შესწავლა წარმოებს.

_ ეს არის მიდგომა, როცა არკვევენ, ტექნიკურად არის თუ არა შესაძლებელი აშენება და შემდეგ ვიფიქრებთ, გარემოს ვაყენებთ თუ არა ზიანსო. ფაქტია, რომ ტექნიკური საკითხი უნდა წყდებოდეს სოციალურ და ეკონომიურ საკითხებთან ერთად. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ჯერ შეისწავლიან, კონკრეტულ ნიადაგზე შეიძლება თუ არა დაიდგეს ნაგებობა და ამის შემდეგ არკვევენ, იქ რა მცენარეა თუ ცხოველია. თუ ეს უნივერსიტეტი შენდება იმისთვის, რომ მომავალში კარგი განათლება მისცეს ადამიანს, მაგრამ მას საფუძველი ჩაეყრება დრომოჭმული საბჭოთა მიდგომით, ეს სამომავლოდ ვერაფერ კარგს ვერ მოიტანს.

 

 

ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ქუთაისში აშენების თაობაზე  მიღებული გადაწყვეტილებიდან საკმაო დრო გავიდა. დროში გაიწელა ადგილის შეჩევაც და, ალბათ, გარკვეული პერიოდი მისი შესწავლისთვის იქნება საჭირო. ფაქტია, რომ არჩევნებამდე გადაწყვეტილებას არ მიიღებენ. არჩევნების შემდეგ კი ყველანი დავინახვთ, განხორციელდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ  დაანონსებული ფართომასშტაბიანი პროექტი, თუ მუხნარის ტყეპარკის ტერიტორიაზე არსებულ ტბასთან მისვლისას მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე სტუდენტების მაგიერ, ისევ ბაყაყების გაუგებარი ჟრიამულის მოსმენა მოგვიწევს.

 

                                                                                                                 ხვიჩა ვაშაყმაძე