ქოცთა ვარამი კახეთში

qoc

ჩვენი დღევანდელი წერილის გმირები კახეთის ის მზეჭაბუკები არიან, რომლებიც პრემიერმა რამდენიმე დღის წინათ თელავში საგანგებოდ შეკრებილ ერთ-ერთ ყველაზე ვიწრო ქუჩაზე წარადგინა… ალბათ, იმიტომ, რომ კადრი კარგად დაეჭირათ და ეთქვათ, _ ხედავთ, რამდენი ხალხიაო?

საცოდავი მოხუცები სოფლიდან წამორეკეს, ზოგს ძროხა დარჩა იმ საღამოს მოსაწველი და ზოგს რძე აეჭრა სიჩქარეში… საგანგებოდ გამართულ მიკროავტობუსებს ნომრები ეწერა, რადგან რეგიონის მასშტაბით მოყრილ ხალხს ტრანსპორტი არ არეოდა…

ასე მოაწყო მიშა სააკაშვილმაც 2012-ში სახლხო აღლუმი თელავში და ბოლოს კი წააგო…

ჩვენი უბედურება, ალბათ, ის არის, რომ საკუთარ შეცდომებზე ვერა და ვერ ვისწავლეთ, რა უნდა ვქნათ…

როცა სტატიას ვწერ, მიყვარს ქართული არქაიზმების გამოყენება…

არა, იქ სხვანაირად არის მაინც ყველაფერი აწყობილ-დაწყობილი,

იქ სხვა ჟღერა აქვს ქართულ რიტმს.

მაშ, ასე! რადგან მზე აღმოსავლეთიდან ამოდის და გადამდგარი გენერალიც იქ ცხოვრობს, დედოფლისწყაროს პოლიტიკური ხრიდოლით დავიწყოთ…

 

ანაზდეული დეპუტატი დედოფლისწყაროში

ანაზდეული ძველი ქართული სიტყვაა, უცაბედს და მოულოდნელს ნიშნავს. აი, ასე ანაზდეულად გახდა კახეთის გუბერნატორი დედოფლისწყარო-სიღნაღის მაჟორიტარობის კანდიდატიც… მანამდე კი იყო დიდი ბრძოლა.

გენერალმა და მისმა ძე ალექსანდრემ რამდენიც არ უნდა იფიცონ, ფაქტი ჯიუტია. თუ ვინმეს სჭირდებოდა პარლამენტში კაცი, ეს თამაზაშვილი იყო… მის დაგროვილ ქონებას ვიღაცამ ხომ უნდა უკურიროს? ვიღაცამ ხომ უნდა მიხედოს? მართალია, დილის სიფთაზე ლექსომ გვამცნო, რომ „მე არც ისეთი კარგი ძეპუტატი“ ვყოფილვარო და ჩემზე უკეთესები, აგერ, სხვები არიან და მათ ვუთმობ არენასო, მაგრამ ერთი ლექსო იყო გულწრფელი და მეორე, კიდევ, პრემიერი წარდგენისას…

ბოლოს ასე ანაზდეულად შიოლაშვილი დეპუტატობის კანდიდატად გამოცხადდა…

 

ირაკლი შიოლაშვილს საკმაოდ გრძელი ბიოგრაფია აქვს:

2012 წლამდე „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორი იყო და ამისთვის ის გასამრჯელოსაც იღებდა. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შიოლაშვილის წარმატება მხოლოდ იმას უკავშირდება, რომ ის პრემიერ-მინისტრის მეუღლის კლასელია. გუბერნატორობამდე გამგებლად მოსული შიოლაშვილი, 2012 წლის არჩევნების ჩათვლით, ქვემო ქედის კოორდინატორი იყო და საარჩევნოდ „ნაციონალური მოძრაობიდან“ ხელფასსაც იღებდა, რასაც ჩემი რესპონდენტები არ მალავენ. თუ შიოლაშვილი აპირებს, რომ უარყოს ეს ფაქტი, მაშინ „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელობას ედავოს, რომ არც საწვავის ე. წ. ტალონები მიუღია და არც საარჩევნოდ კუთვნილი პარტიული ხელფასი. ასე რომ, დედოფლისწყაროში ალექსანდრე თამაზაშვილმა რომ მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი ვერ მოიპოვა, ამაში დღევანდელი კანდიდატის  წვლილიც დევს. სოფელ ქვემო ქედში კი კარგად ახსოვთ, შიოლაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ხმებისთვის მუშაობდა. 2006 წელს ირაკლი შიოლაშვილი „მრეწველებიდან“ მაჟორიტარ დეპუტატად შევიდა რაიონის საკრებულოში. კახეთში ვერავინ იხსენებს ვერც ერთ ფაქტს, სადაც შიოლაშვილი გამოვიდოდა და გმობდა მაშინდელ რეჟიმს. თუ ბატონ ირაკლის თავისი ბიოგრაფია ეამაყება, ეს ძალიან კარგია. მთავარია, მან თქვას, რით უპირისპირდებოდა იმ რეჟიმს, რომლის დანგრევაშიც თამაზაშვილების ოჯახი ჩართული იყო, როდესაც გუბერნატორად მოსულმა განაცხადა, მე ერთი წარმატებული დედოფლისწყაროელი ვიყავი და იმიტომ გავხდი გამგებელიც და გუბერნატორიცო. საინტერესოა, 2003-2012 წლებში როგორ იქმნებოდა წარმატების ფორმულა „ნაციონალური მოძრაობის“ ხანაში? მისი ლოგიკიდან გამომდინარე, ეს ბუნებრივი კითხვაც ჩნდება. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ნუნუკა თამაზაშვილის ბევრ კლასელს გაუმართლა, ოღონდ არა ყველას, _ არსებობენ პრემიერის მეუღლის კლასელები, რომლებიც საკრებულოს წევრები არიან, თუმცა ფრაქციები არ შეაქმნევინეს, რადგან მათ დღეს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები აქვთ.

და ვის შეეძლო, თამაზაშვილს განდგომოდა, თუ არა მარტო ირაკლი შიოლაშვილს? ასე რომ, ღმერთმა წარმატებაში მოახმაროს კანდიდატობა, მაგრამ „ნაციონალებს“ კი, როგორც იტყვიან, ტუზივით დაეცათ თავისი კოორდინატორი…

პოლიტიკური ხრიდოლი დედოფლისწყაროსა და სიღნაღში ორ ყოფილ კახეთის გუბერნატორს შორის შედგება. ისინი ძირითადი კანდიდატები იქნებიან. ბეჟაშვილი თუ შიოლაშვილი? _ ამას ქიზიყელები გადაწყვეტენ,

მანამდე კი ყოფილი მარნის პარლამენტი უმოქმედო რეჟიმშია გადასული, თამაზაშვილი კი _ სრულ მწუხარებაში…

მხოლოდ ოცნება დარჩა, რომ საპრეზიდენტოსთვის, იქნებ, ირაკლი იყოს კვლავ პრეზიდენტობის კანდიდატი…

 

 

სონღულაშვილების აღლაღება-გალაღება-გათამამება

აღლაღება ძველი ქართული სიტყვაა და გალაღებას და გათამამებას ნიშნავს…

აი, ასე გალაღდა და გათამამდა აქაც კახეთის ყოფილი გუბერნატორი სონღულაშვილი და კანდიდატად საკუთარი ვაჟი დაანიშნინა „ოცნებას“. ახლა, აქ რა ხდება: სონღულაშვილის ოჯახი, ბოლო ადგილობრივ არჩევნებამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერად ითვლებოდა, ბოლომდე „ნაცების“ ხმებისთვის იბრძოდა და გურჯაანში სრული გაურკვევლობაა, _ როგორ უნდა იქადაგოს სონღულაშვილის ოჯახმა „ქოცურად“, როცა აქამდე იდეური „ნაცები“ იყვნენ?.. არც ამ აღლაღების სჯერა ხალხს…

დაგროვილი ქონება და 90-იანი წლების ჩაბნელებული გურჯაანი პირდაპირ ბიძინა სონღულაშვილის ოჯახთან ასოცირდება…

რამდენიმე ორგანიზაციის კვლევა ღვინიაშვილის მაღალ რეიტინგზე საუბრობს. რა იქნება და რა _ არა, ამასაც გავიგებთ…

 

 

სამხარაულის განვლტოლა-გაქცევა

განვლტოლა ძველი ქართული სიტყვაა და გაქცევას ნიშნავს…

თელავიდან გაქცეული დეპუტატი სამხარაული ახლა ახმეტაში იყრის კენჭს… აბა, თელაველებს რომ ჰკითხო, აქ რომ კენჭი ეყარა, ხმას არავინ მისცემდა და თავშესაფრად დედულეთი არჩია, ამიტომ აქაურობას გაერიდა და იქაურობისკენ წავიდა, სადაც ჯერ ძილია და მერე სიზმარი…

თუმცა ზვიადაურის მომხრეები ახმეტაში სჭარბობენ როგორც მოსახლეობაში, ისე საჯარო უწყებაში… სამხარაული ახმეტაში ახმეტელად არ ითვლება, ამიტომ მისი ახმეტელობისადმი სიყვარულის ნაწილობრივ სწამთ…

და რამდენიმე დღის წინათ, ლექსო თამაზაშვილის მსგავსად, სამხარაულმაც ფეისბუქით უსტარი მიუძღვნა ერსა და ჰრქუა:

„მათთვის, ვინც იცის და დაივიწყა… ვინც ჯერ არ იცის… განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ გელა სამხარაული თელაველობის გამო ახმეტელებისთვის მიუღებელი კანდიდატია და, შესაბამისად, ახმეტელების ნდობა და საპარლამენტო მანდატი არ ეკუთვნის“.

„ამ ეტაპზე დანამდვილებით ვერ გეტყვით, კანდიდატი მე ვარ, თუ არადა ამას მეც რამდენიმე დღეში გავიგებ. მანდატი ჩემი თვითმიზანი არ არის, თუმცა მიმაჩნია, რომ იქ, სადაც ვიყავი, ვიყავი ფუნქციური და წარმატებული. მე გუნდთან პრინციპები და ღირებულებები მაერთიანებს. ჩემს გამოცდილებას, შესაძლებლობებს და რესურსს გამოვიყენებ იქ, სადაც ქვეყანას დასჭირდება და სადაც ამას გუნდი მიიჩნევს საჭიროდ.

ზურაბ ზვიადაურს ბავშვობიდან ვიცნობ და მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ასე რომ, მსგავსი ტიპის მანიპულაციებით ჩვენ შორის ურთიერთობა არ შეიცვლება. მე ვიქნები მაჟორიტარი, ის, თუ სხვა, ყველა ერთად, იმ პოზიციიდან, სადაც ვიქნებით, ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს გავაკეთებთ თითოეული ამომრჩევლისთვის, ახმეტელი იქნება ის თუ თელაველი… “

დაბოლოს, ჩემი სტატუსი შეიძლება ცოტა უცხოდ მოგეჩვენოთ, რადგან არ მჩვევია ამგვარი აქტიურობა სოციალურ ქსელში, თუმცა მუდმივი მდგომარეობა არ არსებობს და გარკვეულ სიტუაციებში ტრანსფორმირდება.

ასე რომ, შევეშვათ ყოველგვარ პრევერსიებს და დავმშვიდდეთ ეს რამდემინე დღე მაინც.

ყველაფერი კარგად იქნება.

 

სესიაშვილის დაყუდება-დადგომა-ჩადგომა-გაჩერება

თუ ვინმე წუხდა წარდგენის დროს, ეს სესიაშვილი იყო…. არ უნდოდა და რა ექნა?! იცის, რომ მოტყუებულ ხალხთან თამაშს ცეცხლთან თამაში სჯობს…

სესიაშვილი წარმოშობით თელაველია, დედა ყვარლელი ჰყავს… ასე რომ, ჩვენს პოლიტიკას, სამწუხაროდ, მამობა და დედობა უფრო მეტად წყვეტს, ვიდრე საქმენი საგმირონი…

ბიძინას სასჯელი ირაკლი სესიაშვილის მიმართ დაყუდებით განისაზღვრება, რაც თელავში დადგომას, ჩადგომას და გაჩერებას ნიშნავს….

წერილს არჩევნების თავდამოქცევას, ანუ თავდაყირას დავარქმევ… ვნახოთ, როგორ დასრულდება „ქართული ოცნების“ დრტვინვა რეგიონში!

ყველაფერი კი ისე არ არის, როგორც უნდა იყოს!

 

                                                                                                                მაკა მოსიაშვილი