ნინო ჩხობაძე: ,,დიდი ჰესების მშენებლობა მიზანშეუწონელია – შეიძლება მთის ეკოსისტემები მთლიანად დაარღვიოს!”

sw

 

საქართველოში დიდი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ ბრძოლა არ ცხრება. ამას წინათ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, მორიგი აქცია გაიმართა. მისი მონაწილეების განცხადებით, ჰესების მშენებლობა საფრთხის შემცველია. „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, რომ გრძელდება ბრძოლა „ნენსკრა ჰესის“, „ხუდონ ჰესისა“ და სხვა დიდი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო დაპირება იყო, რომ საქართველოში დიდი ჰესებისა და ატომური სადგურების მშენებლობა შეჩერდებოდა.

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი, „მწვანეთა მოძრაობის“ თავმჯდომარე _ ნინო ჩხობაძე:

_ ჰესების მშენებლობისას, ნებისმიერი გადაწყვეტილების დროს, ძალიან სერიოზულად უნდა განიხილონ კლიმატი. გაუთვლელმა მშენებლობამ, შეიძლება, დამატებითი მეწყერსაშიში ზონები გააჩინოს, გაუსაძლისი გახადოს იმ კონკრეტულ ადგილზე ადამიანების ცხოვრება.

_ დგას თუ არა ეს პრობლემა „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით?

_ თავიდან არის შესასწავლი. იცით, რომ ხუდონი, ჯერჯერობით, გაჩერებულია. გვინდა, რომ მისი მშენებლობა ბოლომდე გაჩერდეს, რადგან აბსოლუტურად მიუღებელია ხუდონის ამ ტერიტორიაზე აშენება. არც რაჭაში, არც სხვა ადგილებში დიდი ჰესების მშენებლობა მიზანშეუწონელია. ამან შეიძლება მთის ეკოსისტემები მთლიანად დაარღვიოს.

_ იგივე პოზიცია ხომ არ გაქვთ „ნამახვანის ჰესთან“ დაკავშირებით, რომლის პროექტიც, ამ ეტაპზე, ისევ გაჩერებულია?

_ ცალსახად უარყოფითი პოზიცია მაქვს, რადგან ეს სივრცე ქართული მღვიმეების ნაწილს წარმოადგენს. ზუსტად იქ უნდა აშენდეს, სადაც ქართული მღვიმეებია და იქ მშენებლობა, უბრალოდ, შეუძლებელია.

_ რაც შეეხება დარიალის ხეობაში ჰესის მშენებლობას?

_ უკაცრავად, მაგრამ დარიალის ხეობაში კიდევ ელოდებიან დევდორაკის ჩამოწოლას და იქ სერიოზული პრობლემები გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ „დარიალჰესი“ ძალიან დიდი ჰესი არ არის.

_ ბრძანეთ, რომ ხელისუფლებამ ბევრი ადგილობრივი სპეციფიკა უნდა გაითვალისწინოს, კეთდება თუ არა ეს?

_ არა, რადგან ჩვენი კანონმდებლობა არასრულყოფილია და ევროკავშირის კანონმდებლობის ჰარმონიზაციასთან ერთად, იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, მაინც გააზრებულ-გათვალისწინებული იქნება.

_ გამოსავალი მხოლოდ ეს არის?

_ თუ მოსახლეობამ განაცხადა, რომ მას არ სურს მშენებლობა, ეს არც უნდა მოხდეს, რადგან მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავისი კულტურა ადგილზე შეინარჩუნოს. მაგალითად, ნამახვანთან მიმართებით ჩვენ ლეჩხუმს, როგორც კულტურული მემკვიდრეობის უნიკალურ წარმონაქმნს, საერთოდ ვკარგავთ. ამიტომ მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, რომ ჩვენ ამას საკუთარი კულტურა უნდა შევწიროთ.

_ ამ შემთხვევაში არ დგას ენერგეტიკული დამოუკიდებლობის პრობლემა, რაზედაც ხშირად საუბრობენ?

_ ადამიანმა ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას სხვანაირადაც შეიძლება მიაღწიოს. თუ ფული გექნება, შესაბამისად შეიძლება ამის მოხერხებაც. ამის გარდა, ბევრი ალტერნატივა არსებობს, მათ შორის, მზის, ქარის ენერგიის გამოყენება, თერმული წყლების ენერგიის გამოყენება და ა. შ.

 

„ქრონიკა+“ შეგახსენებთ, რომ ჰესების მშენებლობის წინააღმდეგია არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“:

„ორგანიზაციას კიდევ ერთხელ სურს, საზოგადოებას ყურადღება გაამახვილებინოს იმ შედეგებზე, რაც „ხუდონჰესის“, „დარიალჰესის“, „ნამახვანის“, „ნენსკრას“, „ჭოროხისა“ თუ სხვა ჰიდროელექტროსადგურების კასკადების მშენებლობამ შეიძლება მოიტანოს. აღნიშნული პროექტების განხორცილების შედეგად, წყლით დაიფარება (ისედაც მცირემიწიანი ქვეყნის), სულ მცირე, 300 ჰა: ნაყოფიერი სავარგულები, უძველესი ქართული სოფლები, კულტურული და არქეოლოგიური მემკვიდრეობა; გადაგვარდება რიონის, ენგურის, თერგისა და სხვა მდინარეთა ხეობები, განადგურდება იქ არსებული ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნება; საფრთხის წინაშე აღმოჩნდება საქართველოს შავი ზღვის სანაპირო.

ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს მთავრობას, შეწყდეს საქართველოში დაგეგმილი დიდი და მოსახლეობისა და გარემოსთვის საზიანო ჰესების მშენებლობის განხორციელებისთვის მიმდინარე სამუშაოები. გარდა ამისა, საზოგადოების ფართო მონაწილეობით შემუშავდეს საქართველოს ენერგოსექტორის განვითარების სახელმწიფო სტრატეგია, რომელიც ყველა რეალისტურ ალტერნატივას განიხილავს (მათ შორის, მცირე ჰიდროსისტემებს, ქარისა და მზის ენერგეტიკას, ბიომასას), რათა შეირჩეს საქართველოს ბუნებისა და მოსახლეობისთვის ყველაზე უმტკივნეულო, ოპტიმალური ვარიანტი, როგორც ეს რეკომენდებულია კაშხლების მსოფლიო ორგანიზაციის მიერ“.

 

რაც შეეხება კონკრეტულად „დარიალის ჰესის“ პროექტს, „მწვანე ალტერნატივის“ მიერ, თავის დროზე, მომზადებულ დასკვნაში ვკითხულობთ:

„დარიალის ჰიდროელექტროსადგურის (ჰესი) პროექტი ითვალისწინებს მდინარე თერგზე, დარიალის ხეობაში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, საქართველო-რუსეთის საზღვართან ახლოს, 110 მეგავატი დადგმული სიმძლავრის დერივაციული ტიპის ჰესის მშენებლობას. ჰესი ენერგოსისტემას მიუერთდება დარიალის 110-კვ-იანი ხაზით, რომელიც საქართველოსა და რუსეთის ენერგო-სისტემებს აერთებს. პროექტს ახორციელებს კომპანია „დარიალი ენერჯი“.

მდინარე თერგისა და დარიალის ხეობის კულტურულ-ეთნოგრაფიული ფასეულობა და ტურისტული მნიშვნელობა

დარიალის ჰესის პროექტი ითვალისწინებს მდინარის წყლის უდიდესი ნაკადის, 90%-ის, სადერივაციო არხსა და გვირაბში გადაგდებას; მდინარე თერგის, დაახლოებით, 8 კმ სიგრძის მონაკვეთი, პრაქტიკულად, წყლის გარეშე რჩება. სულ 11 კმ სიგრძის დარიალის ხეობის 8 კმ-იან მონაკვეთზე რადიკალურად შეიცვლება ლანდშაფტი და ხეობა დაკარგავს ისტორიულად ჩამოყალიბებულ კულტურულ-ეთნოგრაფიულ ფასეულობას და ტურისტულ მნიშვნელობას.

დარიალის ხეობა სწორედ მდინარე თერგითაა გამორჩეული. სწორედ ეს მდინარე წარმოადგენდა შთაგონების წყაროს ილია ჭავჭავაძისთვის, ალექსანდრე ყაზბეგისთვის, გრიგოლ ორბელიანისა და სხვა ცნობილი მწერლებისა და პოეტებისთვის. სწორედ ეს მდინარე და მისი მიმდებარე ლანდშაფტი იზიდავდა მოგზაურებს და დღემდე იზიდავს ტურისტებს.

დარიალის ჰესის პროექტის დამტკიცებული სახით განხორციელების შემთხვევაში, ხეობა დაკარგავს იმ ფასეულობას, რის გამოც ის დღესაც იზიდავს ტურისტებს, რაც, საბოლოო ჯამში, უარყოფითად აისახება ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანების შემოსავლებზე.

მდინარის ჰიდროგეოლოგიური რეჟიმის შეუსწავლელობა

დარიალის ჰესის პროექტი ისე დაიგეგმა, დამტკიცდა და ხორციელდება, რომ შეუსწავლელია მდინარე თერგისა და მისი შენაკადების ჰიდროგეოლოგიური რეჟიმი. მდინარე თერგის საშუალო წლიური ხარჯის მონაცემები ეყრდნობა მხოლოდ 1928-1940 და 1953-1986 წლების დაკვირვების შედეგებს _ არ არსებობს უკანასკნელი 25 წლის მონაცემები.

გარდა ამისა, მდ. თერგის მყარი ხარჯის (მყარი და ფსკერული ნატანი) შესახებ გათვლები ეფუძნება მხოლოდ 1928-1940 წლების მონაცემებს. საერთოდ არ გამოკვლეულა და არ არის წარმოდგენილი თერგის შენაკადების, მდინარეების ჩხერისა და ყუროს საშუალო წლიური ხარჯისა და მყარი ხარჯის მონაცემები.

იმის გათვალისწინებით, რომ პროექტით მდინარეში დარჩება წყლის ნაკადის მხოლოდ 10%, კიდევ უფრო ზრდის როგორც დარიალის ხეობისთვის, მისი ბიომრავალფეროვნებისთვის დამანგრეველი ზიანის მიყენების, ისე ბუნებრივი კატასტროფების განვითარების საფრთხეს.

უარყოფითი ზემოქმედება ბიოლოგიურ მრავალფეროვნებაზე

პროექტის განხორციელების შედეგად შეუქცევადი და ძლიერ უარყოფითი ზეგავლენის ქვეშ აღმოჩნდება ხეობის ფლორა და ფაუნა.

ჰესის მშენებლობას და ოპერირებას მნიშვნელოვანი უარყოფითი ზემოქმედება ექნება საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ სახეობა კალმახზე. პროექტის ზეგავლენის შესარბილებად შემოთავაზებული ღონისძიება _ თევზსავალის მოწყობა _ ვერ გააუმჯობესებს ნაკადულის კალმახის ჰაბიტატს, ვინაიდან მდინარეში დატოვებული წყლის 10% ვერ უზრუნველყოფს თევზის ჰაბიტატის შენარჩუნებას მდინარეში და გამოიწვევს ამ პოპულაციის გაქრობას.

მდინარის კალაპოტში დატოვებული მცირე მოცულობის წყალი (მდინარის 10%) ზამთრის განმავლობაში გაიყინება, რის შედეგადაც მდინარის ეკოსისტემასთან დაკავშირებული უხერხემლო ცხოველები (განსაკუთრებით, წყალში მცხოვრები) მთლიანად ამოწყდება და მდინარე უსიცოცხლო გახდება. მდინარის გაქრობა ძლიერ ზეგავლენას მოახდენს მცენარეულ თანასაზოგადოებაზე, ასევე, ცხოველთა პოპულაციების გავრცელებისა და მიგრაციის კანონზომიერებებზე. აღნიშნული ზეგავლენის გამო პროექტის ამ სახით განხორციელება ეწინააღმდეგება არაერთ გარემოსდამცველ საერთაშორისო შეთანხმებას.

 

უნებართვო მშენებლობა

ჰესის მშენებლობა „დარიალი ენერჯიმ“ 2011 წლის სექტემბერში შესაბამისი ნებართვების გარეშე დაიწყო. „მწვანე ალტერნატივამ“ გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსების სამინისტროებს მიმართა, რათა მათ სამშენებლო სამუშოების კანონიერება შეესწავლათ და შესაბამისი ზომები მიეღოთ.

თავდაპირველად, ორივე უწყების პასუხი იყო, რომ საკითხს შეისწავლიდნენ. მიმართვიდან ორი თვის შემდეგ კი, მას მერე, რაც შესაბამისმა უწყებებმა სასწრაფოდ გასცეს საჭირო ნებართვები, ორივე სამინისტრომ განაცხადა, რომ კომპანიას მშენებლობისთვის საჭირო ნებართვები მოპოვებული აქვს. ყურადსაღებია, რომ უნებართვოდ ჰესის მშენებლობის დაწყება, ისევე როგორც ამ დარღვევის რეაგირების გარეშე დატოვება, საქართველოს კანონმდებლობით, სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს.

ვინაიდან არც ერთმა უწყებამ კანონდარღვევაზე რეაგირება არ მოახდინა, არსებობს ძალზე დიდი ალბათობა იმისა, რომ სახელმწიფო უწყებები მომავალშიც დახუჭავენ თვალს მშენებლობისა და ოპერირების პროცესში „დარიალი ენერჯის“ მიერ ჩადენილ შესაძლო სამართალდარღვევებზე.

გარდა ამისა, არ არის გამორიცხული, რომ მაკონტროლებელი ორგანოების მიერ გამოჩენილმა ლოიალობამ „დარიალი ენერჯის“ სხვა სამართალდარღვევების ჩადენისკენ და აღებული გარემოსდამცველი და სოციალური ვალდებულებების შეუსრულებლობისკენ უბიძგოს. ამ ვარაუდს განამტკიცებს ასევე საქართველოს გარემოსდამცველ კანონმდებლობაში 2012 წლის მარტში შეტანილი ცვლილება. ამჟამად მოქმედი კანონმდებლობა შესაძლებელს ხდის კანონდამრღვევსა და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის შეთანხმების დადებას, რომლითაც სამინისტრო, კანონდამრღვევის მიერ თანხის გადახდის სანაცვლოდ, მის უკანონო ქმედებებს კანონიერად გამოაცხადებს.

მშენებლობა ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე

საქართველოს კანონმდებლობით, ეროვნული პარკის ტერიტორიაზე აკრძალულია ჰესის მშენებლობა. მიუხედავად ამისა, დარიალის ჰესის პროექტი დაიგეგმა იმგვარად, რომ საპროექტო არეალმა მოიცვა ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიის ნაწილი.

2011 წლის ნოემბერში „დარიალი ენერჯიმ“ გარემოს დაცვის სამინისტროში წარადგინა დარიალის ჰესის პროექტის „ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების“ ანგარიში. ამ ანგარიშის წარდგენა აუცილებელია სამინისტროსგან ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის (ანუ პროექტის განხორციელების ნებართვის) მისაღებად. ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ ჰესის საპროექტო არეალი მოიცავდა ყაზბეგის ეროვნული პარკის 2.64 ჰა ფართობის ტერიტორიას. მიუხედავად ამისა, გარემოს დაცვის სამინისტრომ მაინც გასცა ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა პროექტზე და ამით დაარღვია კანონმდებლობის მოთხოვნები.

მოგვიანებით, კვლავ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურული ნორმების დარღვევით, მთავრობამ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა დარიალის ჰესის საჭიროებისთვის ყაზბეგის ეროვნული პარკის ფარგლებიდან 8.7737 ჰა ტერიტორიის ამოღებას.

„მწვანე ალტერნატივამ“ პარლამენტს მიუთითა როგორც პროცედურულ დარღვევებსა და გარემოს დაცვის სამინისტროს უკანონო ქმედებაზე, ისე ყაზბეგის ეროვნული პარკის ფარგლებიდან 8.7737 ჰა ტერიტორიის ამოღების დაუსაბუთებლობაზე; თუმცა პარლამენტმა არ გაითვალისწინა „მწვანე ალტერნატივის“ არგუმენტები და 2012 წ. 13 მარტს მაინც მიიღო კანონი. მეტიც, კანონის გამოქვეყნების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ყაზბეგის ეროვნული პარკიდან ამოღებულ იქნა არა 8.7737, არამედ ბევრად მეტი _ 20.3633 ჰა ფართობის ტერიტორია.

მწვანე ალტერნატივა დღემდე ითხოვს ორგანიზაციის არგუმენტების გაუთვალისწინებლობისა და ყაზბეგის ეროვნული პარკიდან 20.3633 ჰა ფართობის ტერიტორიის ამოღების მიზეზების დასახელებას, თუმცა უშედეგოდ _ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი ორგანიზაციის მოთხოვნას რეაგირების გარეშე ტოვებს.

საქართველოს მთავრობა ცდილობს, რომ ყაზბეგის რაიონში სამი ტერიტორიისთვის ბუნების ძეგლის სტატუსის მინიჭება ჰესის მიერ გარემოზე მიყენებული ზიანის კომპენსაციად წარმოაჩინოს, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს _ შეუძლებელია ამ ღონისძიებამ შეამსუბუქოს მდინარის დაშრობის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანი.

აღსანიშნავია, რომ დარიალის ხეობაში ჰესის აშენება საბჭოთა პროექტი იყო. სწორედ ამ პროექტისაგან დარიალის ხეობის დასაცავად, აკადემიკოს ნიკო კეცხოველის ინიციატივით, შეიქმნა ყაზბეგის სახელმწიფო ნაკრძალი, რამაც კომუნისტური მთავრობის ხელყოფისაგან იხსნა ხეობა“.

 

                                                                                              გელა მამულაშვილი