ახალი საპენსიო რეფორმა და „დაზოგილი“ სიბერე

e3e

 

ქვეყანაში განსჯის საგანი ხდება რეფორმა, რომელიც საქართველოს მომავლი წლის მესამე კვარტლიდან შეეხება. დაგროვებითი საპენსიო ფონდის შემოღება იმ რეფორმების რიცხვს განეკუთვნება, რომელიც დიდ რისკებთან და საზოგადოების სწორად ინფორმირებასთანაა დაკავშირებული.

ჯერ კიდევ 2014 წელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში შეიქმნა საპენსიო რეფორმის სამსახური, რომელსაც ოთარ ძიძიკაშვილი ხელმძღვანელობდა და რომლის მიზანი იყო საქართველოს საპენსიო სისტემის რეფორმის კონცეფციის შემუშავება და დანერგვა. როგორც დაგეგმილია, საპენსიო სისტემის ახალ მოდელზე საქართველო 2017 წლის მესამე კვარტალში გადავა, ხოლო 2016 წელი მთლიანად საპარლამენტო განხილვებსა და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბებას დაეთმობა. რეფორმის კონცეფციის შემუშავებასა და დანერგვას საქართველო 4 წელიწადში აპირებს, მაშინ როცა მეზობელ სომხეთს 15 წელიწადი დასჭირდა დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასასვლელად.

რეფორმის საწყის ეტაპზე დაგროვებით საპენსიო სისტემაში ყველა დასაქმებული პირი ჩაერთვება, გამოირიცხება თვითდასაქმებული პირები, რომელთა ხვედრითი წილი მთლიან სამუშაო ძალაში საკმაოდ მაღალია. მათ 6 თვე ექნებათ იმისთვის, რომ უარი თქვან დაგროვებით საპენსიო სისტემაში მონაწილეობაზე, თუმცა იგი სრულად სავალდებულოა დამსაქმებლისთვის.

რეფორმის მიხედვით, ახალი მოდელი გულისხმობს სისტემაში ჩართული დასაქმებული პირის მხრიდან სახელმწიფო ბიუჯეტში 22%-ის გადახდას, საიდანაც სახელმწიფო ვალდებულებას იღებს, რომ 2% მიმართოს პირის დაგროვებითი საპენსიო ანგარიშისკენ. აღნიშნულის პარალელურად, დასაქმებული დამატებით 2%-ს რიცხავს საპენსიო ფონდში, დამსაქმებელი კი, თავის მხრივ, დამატებით 2%-ს. ხსენებულ 6%-ს ასევე ემატება წლიური საპროცენტო განაკვეთი, რომელსაც სისტემაში ჩართულ პირს წლიურად ურიცხავს საპენსიო ფონდი. მოდელის თანახმად,  ხელფასის 6% დასაქმებულის, დამსაქმებლისა და სახელმწიფოს მხრიდან ირიცხება დასაქმებულის დაგროვებით ანგარიშზე, რომელსაც კერძო საფინანსო კომპანიები მართავენ. აღნიშნულის გარდა, ასევე იარსებებს სახელმწიფო (სოციალური) პენსიაც, რომელიც პირდაპირ საბიუჯეტო სახსრებით დაიფარება, იგი საარსებო მინიმუმს დაეფუძნება და მხოლოდ მინიმალური საჭიროებების დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს. რეფორმის მიხედვით, შესაძლებელი იქნება საპენსიო ანგარიშზე არსებული დანაზოგების გადაცემა მემკვიდრეობით, აგრეთვე, გარკვეულ შემთხვევებში აკუმულირებული თანხების დროზე ადრე გატანა. სისტემაში ჩართვის ასაკად მამაკაცებისათვის _ 50, ხოლო ქალებისათვის _ 45 წელი განისაზღვრა.

საზოგადოებაში ამ რეფორმას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, უმეტესწილად, სკეპტიკურია ექსპერტთა დამოკიდებულება, მაგრამ მთავრობა აქტიური ღონისძიებების გატარებას და საპენსიო რეფორმის ამოქმედებას აპირებს.

გათვლა კაპიტალის ბაზრის გაზრდაზე კეთდება, მაგრამ ექსპერტები ამას არ აღიარებენ და ბიზნესის წნეხზე, არაფორმალური ბიზნესის გაზრდაზე, ხელფასების შემცირებასა და რეფორმის კრახზე საუბრობენ.

 

„ქრონიკა+“ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, დიმიტრი ხუნდაძეს ესაუბრება:

_ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა. შობადობის შემცირებისა და მიგრაციის ფონზე შემცირდა შრომისუნარიანი მოსახლეობის რაოდენობა, გაიზარდა პენსიონერთა რიცხვი და გაიზარდა საპენსიო ასაკი, რაც იმას ნიშნავს, რომ სამუშაო ასაკის მოსახლეობა შემცირდება. ამ ყველაფრის პროგნოზით 2030 წლისთვის პენსიონერთა რაოდენობა 1 მილიონს მიაღწევს. იმისთვის, რომ სამუშაო ასაკში მყოფმა მოსახლეობამ ადეკვატური შემოსავალი მიიღოს, რომელიც პირდაპირპროპორციული იქნება მოქალაქის მიერ გამომუშავებული ხელფასისა, საჭიროა დამატებითი მექანიზმების შემუშავება.

ის ანალიზი, რაც გავაკეთეთ, გვიჩვენებს, რომ საპენსიო რეფორმა ხელს შეუწყობს ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებას, რაც შემდეგ კერძო საპენსიო ფონდის ეკონომიკაში ინვესტირებას უზრუნველყოფს.

ვფიქრობ, კერძო საპენსიო სისტემის დანერგვა ყოვლად ოპტიმალური გადაწყვეტილებაა გრძელვადიანი ყოფის გაუმჯობესების კუთხით და ამ ტიპის საპენსიო სისტემის დანერგვა შესაძლებელს გახდის, რომ სოციალური საპენსიო სისტემა ეტაპობრივად იქნეს სიღარიბის დასაძლევად გამოყენებული. ასეთი პრაქტიკა არსებობს, უბრალოდ, ჩვენთვისაა სიახლე და აუცილებელია, რომ გარკვეული რისკები გათვლილი იყოს.

_ დამსაქმებლისთვის ეს წნეხი ხომ არ იქნება?

_ არა მგონია, რომ დამსაქმებლისთვის წნეხი იყოს. საზოგადოება, დამსაქმებელი, დასაქმებული გაგებით უნდა მოეკიდოს რეფორმას. ხელისუფლებამ კი, თავის მხრივ, ვალდებულება უნდა აიღოს.  მნიშვნელოვანია, მოსახლეობა სწორად იყოს ინფორმირებული და სანდოობის ხარისხი გაიზარდოს. მოსახლეობას  ახსოვს ბანკში შენატანები, რომლებიც შემდეგ საერთოდ გაქრა ბაზრიდან და დაიკარგა. მაგრამ ეს დავიწყებული ძველია და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სანდოობა აღვადგინოთ. სამუშაო ბევრია და რისკებია დასათვლელი, საერთაშორისო პრაქტიკა უნდა გამოვიყენოთ და შევძლებთ, რომ იგი დათქმული ვადით ავამოქმედოთ.

როცა ეს პროექტი კანონის სახით შემოვა, წინასწარი მოსამზადებელი  პერიოდიც უნდა გაიაროს: საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირებულობა, სატელევიზიო გადაცემები, ამ საკითხის საზოგადოების განსჯის საგნად გახდომა და მოსახლეობის დარწმუნება, რომ ეს საჭირო რეფორმაა, რათა თავიანთივე სიბერე უზრუნველყოფილი იყოს.

 

გიგი წერეთელი _ „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის წევრი:

_ ეს დილემა თანამედროვე დემოგრაფიული პრობლემების მქონე ყველა ქვეყანას აქვს, რაც გულისხმობს მოსახლეობის დაბერებას და  შობადობის კლებას. რაც ყველაზე მთავარია, ის თანხები, რომლებსაც ეს ფონდები აკუმულირებას უკეთებს, სადღაც უნდა წავიდეს, ამ ფულმა უნდა იმუშაოს, მოგება უნდა მოიტანოს, ინფლაციის პროცენტი უნდა გაითვალისწინონ და გარკვეული დროის მერე დაგემატოს. აბა, რა სარგებელი აქვს ამ ფულს, თუ არსად წავა?! სხვა შემთხვევაში ადამიანი ბანკში შეინახავს. რატომ უნდა იხადოს საპენსიო ფონდში? რას მისცემს ეს მას უკეთესს? ამიტომ აქ მთელი რიგი კითხვებია, რაც ჩვენს დროსაც იყო და რატომაც დაგროვებით სისტემაზე გადასვლა არ განხორციელდა. გასახმაურებლად კარგია და ხელისუფლებაც ამბობს, რომ ახალ სისტემას შექმნის, მაგრამ დიდი რისკია.

მთავარია, ნაციონალიზაცია არ მოხდეს. ეს სისტემა განსაკუთრებით იქაა საშიში, სადაც დივერსიფიცირებული არ არის ამ აკუმულირებული და მოსახლეობიდან მიღებული თანხების გადანაწილება. ამას სჭირდება კანონმდებლობა, რომელიც ფულის მიმართულებას განსაზღვრავს. ძირითადად, ჩვენი ტიპის ქვეყანაში ისევ ბანკების დეპოზიტებზე და ანგარიშებზე გადადის, ბანკებისთვის ეს შეიძლება ხელსაყრელი იყოს, საკრედიტო რესურსს ხანგრძლივი ვადით მიიღებენ, მაგრამ რამდენად იქნება ეს მოსახლეობისთვის სანდო და როგორი იქნება ინფლაცია, დევალვაცია, საკითხავია. შესაძლებელია, ეს პროცესი აფერაშიც გადაიზარდოს, ხელისუფლებამ მიიღოს თანხები და მერე რაღაცაში გამოიყენოს, შემდეგ კი სხვა ხელისუფლების გასასტუმრებელი იქნეს და ისევ მოსახლეობა დაზარალდება.

_ ჩვენი ეკონომიკა მზადაა სავალდებულო რეფორმისთვის?

_ ჩვენი ეკონომიკა ნამდვილად არაა მზად, რომ სავალდებულო საპენსიო რეფორმა ჩამოყალიბდეს. ვფიქრობ, ახლა რთული დროა ამისთვის და არც სამუშაოა ბევრი. საქართველოში გაცილებით ნაკლები ადამიანი მუშაობს, ვიდრე პენსიონერია. არადა, ის სისტემები, რომლებიც შედარებით წარმატებულად ფუნქციონირებს, 1/3-ზე მაინც უნდა იყოს, ანუ 3 ადამიანი უნდა მუშაობდეს, რომ 1 პენსიონერი შედარებით ღირსეულად უზრუნველყოს, ჩვენთან კი პირიქითაა.

აღნიშნული რეფორმისთვის რთული დროა, მაგრამ თუკი ქვეყანას ამის სურვილი აქვს, მთავრობას შეუძლია, ეს მოსამზადებელი პერიოდი დაიწყოს. ამას წლები სჭირდება, საკანონმდებლო ბაზის შექმნა, შესაბამისი ინფრასტრუქტურა, კომპანიები უნდა შეიქმნას, რომლებიც კარგ გათვლებს აკეთებენ, რა აქტივებში შეიძლება მოხდეს აკუმულირებული ფულის დაბანდება, რამდენი წლის განმავლობაში, რამდენი პროცენტით შეიძლება გაიცეს და ძალიან ბევრი ნიუანსია. ეს არის ფუნდამენტური რეფორმა, რომელსაც, შეიძლება, წლები დასჭირდეს. ჩვენ ეს საქმე წინ გვაქვს წაგდებული, რადგან ამ მთავრობას ბევრი სხვა დამუშავებული კონცეფციები და გათვლები ჩაბარდა, ამიტომ ნუ გამოაცხადებენ, რომ საოცრება აღმოაჩინეს. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, მაგრამ ამას გაცილებით უკეთესი მთვრობაც, ბიუჯეტიც და ეკონომიკაც სჭირდება.

 

გიორგი პაპავა _ „სახელმწიფო ხალხისთვის“ პარტიის ეკონომიკური პოლიტიკის ჯგუფის ხელმძღვანელი:

_ დაგროვებითი პენსია და ის, რომ ადამიანები ფულს აგროვებდნენ, ზოგადად, მომავლისთვის ძალიან კარგი ტენდენციია, მაგრამ გარკვეული პრობლემები არსებობს. პირველი: დამსაქმებლის დავალდებულება 2%-თან დაკავშირებით არასწორია. ბევრ წამყვან კომპანიაში ისედაც ხდება თანამშრომლის წახალისება, კომპანია დასაქმებულს თავად უმატებს 1 ან 2%-ს და ეს ახლა არ დაწყებულა.

სახელმწიფოს როლი დავალდებულებაში კი არა, ფინანსური განათლების მიწოდებაშია, რომ აუცილებელია ფულის დაგროვება. დამატებითი ხარჯები ხელოვნურად არ უნდა გაწიოს ადამიანებისთვის ფულის დაგროვების იძულებისთვის.

მეორე: სახელმწიფო 2%-ს უმატებს. დღეს საქართველო შედარებით ღარიბი ქვეყნების სიაშია, ვერ ვართ მთლად კარგ დღეში, სწრაფი ეკონომიკური ზრდა არ აღინიშნება, დეფიციტური ბიუჯეტი გვაქვს, ეს ყველაფერი რეფორმის წინაპირობა არ არის, ამისთვის საჭიროა პროფიციტული ბიუჯეტი და სწრაფი ეკონომიკური ზრდა. დღეს საქართველოში მცხოვრები 3,7 მილიონი ადამიანიდან 2 მილიონია სამუშაო ძალაში ჩაბმული და აქედან, მხოლოდ, 700 000 ადამიანია დაქირავებული, ანუ სხვას ეს რეფორმა არ შეეხება. თვითდასაქმებულს, უმუშევარს არ შეეხება, ისინი სხვა შემთხვევაში უფრო რეალურ პენსიას აიღებენ, ვიდრე ამ რეფორმის შემთხვევაში, იმიტომ რომ სახელმწიფო ხარჯს გაწევს იმ ადამიანებზე, რომლებიც ახლა მუშაობენ.

რეალურად რომ ვიმსჯელოთ, 700 000 ადამიანიდან ნახევარზე მეტს ხელფასი 500 ლარი აქვს, ან ნაკლები. დაანგარიშებულად 500 ლარით რომ დაიწყო, თვეში 6% 30 ლარი გამოდის და 20 წელი რომ აგროვო ეს თანხა, თუ ძალიან სწრაფი ეკონომკური და ხელფასის ზრდა არ გვექნა, ძალიან მიზერულ დანამატს მივიღებთ და ილუზია, რომ მათ რაღაც დიდი დანაზოგი ექნებათ, არასწორია. ამისთვის აუცილებელია სწრაფად მზარდი ეკონომიკა და ხელფასი, მაგრამ ამის წინაპირობა არ გვაქვს.

ანუ გადასახადებს ვიხდით იმისთვის, რომ მისი გარკვეული ნაწილი მომავალში პენსიად მივიღოთ, რეალურად კი ამ გადასახადს თუ არ გადავიხდით, უფრო მეტი ფული დაგვრჩება ჩვენ, ეს ცალსახად არ ჩანს და ილუზია იქმნება, რომ 6% ენახება ადამიანს, მაგრამ უდიდესი წნეხი დამსაქმებელზე მოვა.

აუცილებელია, რომ ეს თანხები კერძო სექტორში გადავიდეს. რისკები არის, რადგან თუ ხელისუფლება თანხას ჩაიბარებს, შეიძლება მისი ნაციონალიზაცია მოხდეს.

აქ ფულის დაბანდების გრძელვადიან პერიოდზეა საუბარი, 20-30-40 წელზე. დღეს საქართველოში არც ეროვნული ვალუტა და არც ეკონომიკა სტაბილური არ არის, რომ თანხების უსაფრთხოდ განთავსების პერსპექტივა ჩანდეს.

 

დავით ასლანიშვილი _ ეკონომიკის დოქტორი:

_ ეს რეფორმა წლების წინათ სააკაშვილმა დაიწყო. არანაირი შედეგი არ ექნება, არავითარ შემთხვევაში არ განვითარდება კაპიტალის ბაზარი, საეჭვო სქემა და პროექტია, საბიუჯეტო წნეხსაც კი არ შეამცირებს, პირიქით _ გაზრდის და უმუშევრობას გამოიწვევს, იმიტომ რომ დასაქმებულებს ავალდებულებენ თანხების გადარიცხვას, რაც, თავის მხრივ, ხელფასების შემცირებას გამოიწვევს. არანაირი ლოგიკა არ არის, გაუაზრებელი და გაუფრთხილებელი ნაბიჯია. რეალურად, შეხებაში არ არის კაპიტალის ბაზართან, რადგან იგი სრულად კომერციული ბანკების მფლობელობაშია და რეალურ ეკონომიკურ ძვრასთან და მოსახლეობაზე ზრუნვასთან არანაირ შეხებაში არ არის. რამდენიმე ბობოლა კონგლომერატის გასუქებას გამოიწვევს და მერე ამას გააქანებენ უცხოეთში, როგორც სჩვევიათ. ეს იქნება კიდევ ერთი წარუმატებელი პროექტი. როგორ შეიძლება, დამატებითი წურბლები გამოზარდო სახელმწიფოს ხარჯზე?! ეს იქნება მთელი ამისი შედეგი და მერე თავად ნახავთ.

 

შედეგი რა იქნება, უცნობია, მაგრამ მთავრობა ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას გეგმავს და მისი ამოქმედება მომავალი წლის მესამე კვარტლიდან იგეგმება.

 

                                                                                                    ნინო ტაბაღუა