სოსო! თქვენკენ როგორი ამინდია?!

xx

არსებობს საერთო მაჩვენებლები, რომლებსაც ნებისმიერი ხელმძღვანელი უნდა აკმაყოფილებდეს, კეთილი იქნება ის თუ ბოროტი, აგრესიული თუ მშვიდობისმოყვარე, დიქტატორი თუ დემოკრატი. ეს მაჩვენებლებია: დიდი ავტორიტეტი, ორგანიზატორის ნიჭი, განათლების მაღალი დონე და, თუ ეს შესაძლებელია, ქვეშევრდომთა სიყვარული და პატივისცემა. თუ ეს უკანასკნელი არ არის, მაშინ _ შიში.

ჩვენი პროლოგი ერთი დიდი კაცის დიდ საქმეებს უკავშირდება. ამ დიდ კაცს სოსოს ეძახიან, ისე კი იოსებ გოგაშვილია. მისი დიდი საქმეებიდან მისი ცნობილი რეფორმა უნდა განვიხილოთ, თუმცა სანამ რეფორმაზე გადავალთ, სალამი არ უნდა დავივიწყოთ:

გამარჯობა, სოსო! თქვენკენ როგორი ამინდია?

ჩვენ XX საუკუნის შვილები ვართ, უშიშროების როლი და მნიშვნელობა კი ჩვენს მეხსიერებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ალბათ, ყველა ჩვენგანს აინტერესებს, როგორი უნდა იყოს ნამდვილი უშიშროების აგენტი? ცნობილია, რომ ყველა საჯარო სამსახურს ე. წ. ოდეერი მუდამ ჰყავს. დღეს ოდეერების თემა გადავდოთ და სოსოს მიერ შექმნილი უშიშროების მსტოვრების სისტემა განვიხილოთ.

ყველა მუნიციპალიტეტს აქვს ე. წ. შიდა აუდიტის სამსახური, რომლის ძირითადი მოვალეობაა, შეისწავლოს საჯარო სამსახურში არსებული მდგომარეობა და ნებისმიერი უკანონო ქმედება აღმოფხვრას.

გოგაშვილის მკაცრი გადაწყვეტილებით ყველა აუდიტის სამსახურის უფროსი, მხოლოდ და მხოლოდ, მისი რეკომენდაციით ინიშნება, აუდიტის სამსახურის უფროსები კი მხოლოდ გოგაშვილს აბარებენ პატაკს. რეალურად ამ სამსახურის ხელმძღვანელები არაფერს აკეთებენ, თუ არ ჩავთვლით მათ ერთადერთ და ძირითად მოვალეობას, რომ ყოველი თვის ბოლოს სუს-ის ცენტრალურ ოფისში მიდიან და ადგილზე აბარებენ პატაკს.

ვინაიდან ყველას თავისი გასჭირვებია და თავის თავს მალავს, ამიტომ ჩემს რესპონდენტს მე მსტოვარს დავარქმევ

მსტოვარი 007:

_ პროფესიით ეკონომისტი ვარ, მაქვს მეორადი განათლება _ სამართალმცოდნეობა. ჩვენი მუნიციპალიტეტის გამგებლის არჩევნებზე კანდიდატმა მთხოვა, რომ მას დავხმარებოდი, სანაცვლოდ კი ფურცელი მაჩვენა, სადაც ფიქტიური ხელმძღვანელების სია იყო.

_ ეს როდის მოხდა, რომ დავაზუსტოდ?

_ 2014 წლის აპრილის ბოლოს. მოკლედ, მე დავთანხმდი დახმარებაზე, სანაცვლოდ კი პირობა მივიღე, რომ შიდა აუდიტის უფროსად უნდა დავენიშნე. არჩევნებიც ჩამთავრდა. მე გულით ვიმუშავე ჩვენს კანდიდატზე, მან ბოლოს გაიმარჯვა, მაგრამ სამსახური მაინც არ მომცა.

_ მიზეზი რა იყო?

_ მითხრა, რომ შეცდა და სამსახური არასწორად შემომთავაზა. არ იცოდა, რომ ამ სამსახურის უფროსს სუს-ი ნიშნავდა.

_ სუს-მა რატომ უნდა დანიშნოს?

_ არ ვიცი, თუმცა დაზუსტებით ვიცი, რომ აუდიტის სამსახურს პირადად გოგაშვილი ხელმძღვანელობს და თავად ნიშნავს კადრებს.

_ ვინმემ მოგიყვათ?

_ არავის არაფერი მოუყოლია. როცა ჩვენმა გამგებელმა მითხრა, რომ მე ვერ შევძლებო, მაშინ ვინ-მეთქი? და უშიშროებაში გადამამისამართა. სუს-ში ჩემი კლასელი მუშაობს, იმასთან მივედი და შევჩივლე.

_ და ვერ დაგეხმარათ…

_ ვერა, ვერ დამეხმარა, მაგრამ მითხრა, რაც უნდა გამეკეთებინა. მოკლედ, ერთი ახლობელი ვნახე, ვინც გოგაშვილამდე მიმიყვანა. სოსო გამესაუბრა და მითხრა, რომ თუ ჩემს დანიშვნას გადაწყვეტდა, ჩემს გამგებელს დაურეკავდა და ეტყოდა, რომ მე დავენიშნე. ბუნებრივია, არ დამნიშნეს.

_ გასაუბრების დროს რა გკითხათ?

_ ბიზნესი გაქვს თუ არაო? სად მუშაობდი? ბავშვობაში კლასელებს თუ აბეზღებდი მასწავლებელთანო? და ამგვარი რაღაცები.

_ სერიოზული გასაუბრება გქონიათ!..

_ ბოლოს, აინტერესებდა, რას ვფიქრობდი? რა ვიცოდი შიდა აუდიტის სამსახურის შესახებ? რა ვალდებულებები უნდა მქონოდა?

_ და რა უთხარით?

_ რაც კანონში იყო გაწერილი, ის ვუთხარი…

_ რა გგონიათ, რატომ არ დაგნიშნათ?

_ მე რატომ დამნიშნავდა? მკითხა, რა არის მოვალეობაო? ვუპასუხე, რაც კანონში ეწერა. აბა, რომ მეთქვა, ბიუჯეტი უნდა ვაკონტროლო და ხვრელები ვნახო, როგორ ავაშენოთ შენი სახლი უფრო მაღალი-მეთქი, ხომ დამნიშნავდა? გაიკითხეთ და გაიგებთ,

საუბრის შემდეგ კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში გადავამოწმე, რა ხდებოდა. ყველგან ერთი სურათი დამხვდა, ყველა შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი გოგაშვილის კადრია, ყველა უფროსს ორი ვალდებულება აქვს: პირველი _ უპატაკოს რეკომენდატორს და მეორე _ ყველა მუნიციპალიტეტის აუდიტის სამსახურის უფროსს, რატომღაც, ზემო მაჩხაანის ერთი სასახლის ასაშენებლად რაღაც წვლილი შეაქვს.

 

                                                       სოსოს რეპუტაცია

რეპუტაცია, ძირითადად, გასული პერიოდის და მომხდარი ფაქტების საფუძველზე ყალიბდება. ის არის თავისებური ემპირიული ცოდნა – თავისებური კაპიტალი. რეპუტაცია არის კაპიტალი და ის რეალურად ეყრდნობა წარსულს.

ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, როგორი იმიჯი აქვს გოგაშვილს სამსახურში და როგორ აღიქვამენ თანამშრომლები მას. ადამიანები ურთიერთობენ ერთმანეთთან და საზოგადოებას თავიანთ იმიჯს წარუდგენენ. რა არის სოსოს იმიჯი? გოგაშვილს სამსახურში უმარილო კაცს ეძახიან. არ ჰყავს მეგობრები, არ კადრულობს თანამშრომლებთან ერთად სადილზე წასვლას, არ უყვარს, რომ ეპასუხებიან, ცდილობს, ყველას სათითაოდ დაელაპარაკოს, ვერ იტანს თათბირების ჩატარებას, არ მოსწონს სიტყვა გუნდი.

 

მსტოვარი 007:

_ ერთადერთხელ მოგვიწია სუფრაზე ყოფნა, ბევრი თანამშრომელი ვიყავით, სუფრაზე ვაზის ფოთლის ტოლმა მოიტანეს, ყველა სოსოს ვუყურებდით, რადგან ყველას სოსოს ფარში გვახსენდებოდა.

_ თქვენ დღეს აღარ მუშაობთ და ასე მგონია, რომ გოგაშვილზე გაბრაზებული რომ ხართ, იმიტომ მიყვებით ამ ამბავს.

_ ხო, გაბრაზებული ვარ, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი, სხვა რამეა აქ: მე ძალიან დიდი ხნის სტაჟი მაქვს უშიშროების სისტემაში გამოვლილი, ბევრი უფროსი მახსოვს, მაგრამ ასეთი?! _ არც ერთი!

_ და როგორია?

_ რეპუტაცია აქვს ნული, უმარილო კაცია, საკუთარ მძღოლსაც არ ელაპარაკება.

_ რატომ?

_ იმიტომ, რომ თავისი თავი დიდი ვინმე ჰგონია, ასე ემართებათ ხოლმე უცებ აღზევებულებს და ერთ დღეში გამდიდრებულებს.

_ თავისი საქმე იცის?

_ გააჩნია, რას ეძახით თქვენ გოგაშვილის საქმეს? თუ ფარშს ეძახით, ეგ სხვა თემაა, სუს-იც კუდ-იც სოდ-იც, ზოგადად, უშიშროება რეპუტაციაზე აგებული ტიპების ერთობლიობაა.. მისი რეპუტაცია კი ნულია. კაცს რომ გვერდით კაბინეტში მყოფი თანამშრომლის მამის გასვენებაში წამოსვლა არ ენდომება და იტყვის, _ არ მინდა, ხალხმა მნახოსო, ანუ ეშინია. იცით, რამდენი ადამიანი გაუშვა სამსახურიდან? ძალიან ბევრი, ძალიან ბევრი გამოცდილი და მაგარი კადრი.

_ აბა, ვინ მიიღო?

_ მისი მსგავსი მშიშრები და არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილები. სულ პირველად რომ მოვიდა სამსახურში, რაღაც „სვიტრი“ ეცვა, არც არავის დაელაპარაკა, შევიდა ოთახში და საეკლესიო კუთხე მოიწყო. გაცნობისას გვითხრა, რომ სტიქაროსანი ვარ, ღმერთის მეშინია და თქვენც უნდა გეშინოდეთო. ანუ გოგაშვილს რომ არ ეთქვა, არ უნდა შეგვშინებოდა? უცებ რაღაც მოუვა თავში აზრად, არავის ეკითხება რჩევას, პირდაპირ გადაწყვეტილებაზე და ქმედებაზე გადადის. ამიტომაა ასეთ დღეში ქვეყანა.

 

                                                                    სოსოს იმიჯი

 

იმიჯი პიროვნების შეჯამებული პორტრეტია, რომელიც იქმნება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთა შეხედულებით და ფორმირდება საზოგადოებრივ, ან ინდივიდუალურ ცნობიერებაში გარკვეული ემოციური დამოკიდებულებებით, იმის საფუძველზე, თუ რას ამბობს და აკეთებს პიროვნება.

გოგაშვილმა იმიჯი თავად შეიქმნა, ხოლო რეპუტაცია შექმნილი იმიჯის რეზონანსი აღმოჩნდა. ადამიანები ფიქრობენ საკუთარ რეპუტაციაზე. განსაკუთრებით სამსახურში. რეპუტაცია არის ის, რასაც ფიქრობენ შენზე. ხასიათი არის ის, როგორიც არის ადამიანი სინამდვილეში. რეპუტაციას განაპირობებს გარემოებები, მაგრამ ხასიათი მჟღავნდება იმის მიხედვით, თუ რა შინაგანი მრწამსით და ფასეულობებით ხელმძღვანელობს ადამიანი.

 

მსტოვარი 007:

_ მაგას ვერც ტანსაცმლის ჩაცმა გამოცვლის, ვერც ძვირფასი სუნამო, მაგის იმიჯი და რეპუტაცია არაფერს ამბობს სამსახურში. ხვალ რომ გაუშვან, იცით, რას იტყვიან? _ იცინებენ. დღეს ხომ ჩუმად დავცინით, მაშინ ხმამაღლა დავცინებთ. ტანსაცმელს როდის იყო, იმიჯი მოჰქონდა? ერთი წესიერი აგენტი არ ჰყავს არსად, ყველა გაშიფრულია, იმიტომ, რომ არაპროფესიონალებით აქვს სავსე კატალოგი და რაც გაუკეთებია, ყველაფერი გაუბაზრდა. აი, წავა კალაძე და მიჰყვება ეგეც.

 

      სოსოს თანასოფლელი სოსოზე, ანუ სოსოს იმიჯი და რეპუტაცია სოფლად

_ ბავშვობაში ძალიან აღიზიანებდა ხუმრობა, ვერავინ გავეხუმრებოდით, რაღაცნაირად გადაირეოდა და ვერ ვაწყნარებდით ხოლმე. არც ჩვენთან თამაში უყვარდა, არც არაფერი, ეგრე იჯდა ბაიყუშივით სახლში. რა ვიცი, აბა, ახლა კი იმხელა კაცია, რომ ზედაც არავის უყურებს. დიდი ხანია, წითელი „პირველი“ არ მოუწევია ბირჟაზე. ჩვენთან მოვა აქ ისევ. რაც არ უნდა დიდი იყოს კაცი, მაინც თავის კერას უბრუნდება. ნათქვამია, ბიჭმა სოფელი დატოვა, სოფელმა ბიჭი არ დატოვაო. გამარჯობას ვინა სჩივის, ჩამოსვლაც კი უტყდება, თურმე…

 

                                                                                                         მაკა მოსიაშვილი