ელისო კილაძე შს სამინისტროს: „ახლა, გნებავთ დაადასტურეთ, გნებავთ უარყავით!“

1510596_688203054563305_1521324766_n

მას შემდეგ, რაც „ქრონიკა+“-ის მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა, კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილის დავით მხეიძის გათავისუფლების შესახებ, შს სამინისტრომ არ დაადასტურა აღნიშნული საკადრო ცვლილება. სამაგიეროდ, ელისო კილაძემ მორიგი დეტალი გაახმიანა შინაგან საქმეთა სამინისტროს კულუარებიდან:

„ შინაგან საქმეთა სამინისტროში დავით მხეიძის გათავისუფლების ფაქტს, ჯერჯერობით, არ ადასტურებენ. ახლა დავწერ, რა მოხდა ჩემი წინა სტატუსის გამოქვეყნებამდე 15 წუთით ადრე: შსს კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილეს დაუძახეს და შესთავაზეს, რომ აფხაზეთის შს სამინისტროში გადასულიყო, მხეიძემ უარი განაცხადა, საპენსიო სამსახურში რა მინდა, იქიდან მაინც სახლში გამიშვებთ და ბარემ, აქედან გამიშვითო. მესმის, რომ ინფორმაციის სწრაფად გამოჟონვა ხელს არავის აძლევდა, მაგრამ ასე იყო ეს ამბავი და, ახლა გნებავთ დაადასტურეთ და გნებავთ უარყავით!“ – წერს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ელისო კილაძე.