უვაის ახმადოვის სკანდალური აღიარება – იცნობს თუ არა ირაკლი ალასანია ,,მასტერას“?!

e3e3

ჰოლანდიიდან საქართველოში წითელი ცირკულარით ძებნილი კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, გიორგი დგებუაძის _ „მასტერას“ ექსტრადაცია განხორციელდა. „მასტერა“ საქართველოდან ოქტომბრის არჩევნების შემდეგ წავიდა და 2013 წლის 7 მარტიდან ინტერპოლით იძებნებოდა.

მისი წარსულისა და ბიოგრაფიის შესახებ დაზუსტებული ცნობები მედიაში თითქმის არ მოიძებნება. არაოფიციალური ინფორმაციით, გია დგებუაძე „იოსებიძელთა“ საძმოს წევრი იყო. თუმცა მოგვიანებით, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, იგი ოფიციალურ სტრუქტურაში მოხვდა, 2005 წელს კუდ-ის მეორე სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა. მოგვიანებით, ბაჩო ახალაიას ბრძანებით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უსაფრთხოებისა და განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს უფროსი გახდა. ის კარგი შემსრულებელი და კულისებში მოთამაშე უფრო იყო, ვიდრე საჯარო ფიგურა.

მედიაში საჯაროდ მისი სახელი 2007 წელს ორჯერ და ორივეჯერ სკანდალური ბრალდებებით გაჟღერდა. პირველად 2006 წელს „ციხის ბუნტის“ საქმეს დაუკავშირდა, როცა ყოფილი „კანონიერი ქურდის“, პლატონ მამარდაშვილისა და „მასტერას“ საუბრის ჩანაწერი გავრცელდა. რა თქმა უნდა, ეს საქმე არც არავის გამოუძიებია. მოგვიანებით, 2007 წლის დეკემბერში, ასევე ცნობილი გახდა, რომ გია დგებუაძე ცნობილ ჩეჩენ საველე მეთაურს, უვაის ახმადოვს ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას უკვეთავდა. შეხვედრა დუბაიში შედგა. დასახელდა ქილერის სახელი და გვარიც _ რუსლან პაპასკირი, მეტსახელად „ზოონი“.

რვა ძმა ახმადოვებიდან ჩეჩნეთის ომს მხოლოდ ორი გადაურჩა, 2001-2003 წლებში ისინი საქართველოში ჩამოვიდნენ და პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული ცენტრის ქოლგის ქვეშ ცხოვრობდნენ.

უვაის ახმადოვი ქართულ სპეცსამსახურებს არ ენდობოდა, ამიტომ ის გიორგი დგებუაძესთან შეხვედრებს იწერდა. მოგვიანებით, მან ეს აუდიოჩანაწერები ბორის ბერეზოვსკის გადასცა. ამბობდნენ, რომ მილიონნახევარი დოლარის სანაცვლოდ. მათი ერთ-ერთი საუბრის აუდიოჩანაწერის ფრაგმენტი ტელეკომპანია „იმედმა“ 2007 წლის დეკემბერში გამოაქვეყნა, „მასტერა“ საველე მეთაურს ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციას უკვეთავდა. მედიით უკვე ვრცელდებოდა ერეკლე კოდუასა და ბადრი პატარკაციშვილის საუბრის დამონტაჟებული ფრაგმენტები. სიტუაცია იმდენად მძიმე იყო, რომ საზოგადოებრივ აზრზე დიდი გავლენა „მასტერა“-ახმადოვის შეხვედრის გახმაურებას აღარ მოუხდენია.

რაც შეეხება რუსლან პაპასკირს, ის 2012 წლის დეკემბერში თურქეთში ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში დააკავეს. მისი გვარი ფიგურირებს 2011 წლის 10 ოქტომბერს თურქეთში ლტოლვილი ჩეჩენი მუფტის, შამსუდინ ბატუკაევის მკვლელობის საქმეში. „მოჩვენებას“ ასევე უკავშირებდნენ 2012 წლის აგვისტოში ლაფანყურში ჩატარებულ სპეცოპერაციას, უფრო ადრე კი, 2010 წელს, თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ადგილი ჰქონდა რუსლან პაპასკირის მკვლელობის მცდელობას, თუმცა ის გადარჩა.

თურქეთში რუსლან პაპასკირის დაკავების მომენტში შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, გია ლორთქიფანიძე აცხადებდა, რომ „რუსლან პაპასკირი არა აგენტი, არამედ საქართველოზე შეყვარებული ჩეჩენია“. სწორედ ამ დროს, პაპასკირის სახელის გვერდით, გია დგებუაძის, „მასტერას“ გვარმაც გაიჟღერა.

საქართველოში ექსტრადირებულ დგებუაძეს ბრალი ედება 2006 წლის 12 იანვარს კუდ-ის უფროსთან, დათა ახალაიასთან და სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად ნავთლუღის ავტოსადგურში სამი ახალგაზრდის: შოთა გორგაძის, მარად ართმელაძისა და რომან სურმანიძის წინასწარ დაგეგმილ მკვლელობაში მონაწილეობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში.

 

ჩანაწერი, რომელსაც დღეს „ქრონიკა+“ გაასაჯაროვებს, ბადრი პატარკაციშვილის პირადი არქივიდანაა. მან ამ ჩანაწერის გამოქვეყნება ვერ მოასწრო.

ეს ჩეჩენი საველე მეთაურის, უვაის ახმადოვის ვიდეო აღიარებაა.

საქმე ეხება ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის დაკვეთას და მასში გია დგებუაძის, „მასტერას“ მონაწილეობას. არსებობს 45-წუთიანი აუდიოჩანაწერი, რომელიც გია დგებუაძისა და უვაის ახმადოვის შეხვედრას და მკვლელობის დაკვეთას ეხება. ორივე ჩანაწერის სრული ვერსია „ქრონიკა+“-ის რედაქციაში ინახება. საჭიროების შემთხვევაში, ორივე მათგანს პირველი მოთხოვნისთანავე გადავცემთ სამართალდამცველ უწყებას.

ვიდეო აღიარებაში არა მხოლოდ გია დგებუაძე, არამედ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი, ირაკლი ალასანიაცაა ნახსენები.

რას ჰყვება ვიდეოჩანაწერში ცნობილი ჩეჩენი საველე მეთაური, უვაის ახმადოვი?

(ჩანაწერი რუსულენოვანია, გთავაზობთ მის თარგმანს):

„_ აუდიოჩანაწერი გაკეთდა ერთი წლის წინ. ჩემთან მოვიდა გია, მას 2002 წლიდან ვიცნობდი, ის „კგბ“-ს მინისტრის მოადგილესთან ერთად ჩამოვიდა ხეობაში, ჩვენთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, ჯარების გადაადგილებისთვის ხელი არ შეგვეშალა. მაშინ „კგბ“-ს მინისტრის მოადგილე ირაკლი ალასანია იყო, ის ახლა საქართველოს წარმოადგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში. ეს გია ჩვენთან პანკისის ხეობაში მოდიოდა, აქედან ვიცნობ.

ეს გია ჩემი ერთი მეგობრის საშუალებით გამოვიდა კავშირზე. შემომითვალა, რომ ჩემთან შეხვედრა უნდოდა და ჩვენ შევხვდით. ეს იყო ერთი წლის წინ. მე ის წარმომიდგა, როგორც რომელიღაც განყოფილების უფროსი, ზუსტად არ მახსოვს, შინაგან საქმეთა სამინისტროდან. მან დამისახელა მისი თანამდებობა (ახლა ზუსტად არ მახსენდება) და საუბარი დამიწყო ბადრი პატარკაციშვილზე. მას შემდეგ, რაც დავცილდით, მან ერთი-ორჯერ დამირეკა, ბოლოს მითხრა, რომ ბადრი ინგლისში წავიდა. ამის შემდეგ მე მასთან კონტაქტი არ მქონია.

_ კითხვა არ ისმის.

_ პირადად ჩემთან მას ამ თემაზე საუბარი არ ჰქონია, ის ერთ ჩემს მეგობარს შეხვდა, რომელმაც მას ჩემთან შეხვედრა ურჩია. არც მანამდე, არც მერე მე მათი შეკვეთები არ მიმიღია. ეს ჩავიწერე იმიტომ, რომ რევანში ამეღო იმის გამო, რაც ჩვენ დაგვმართეს, ჩვენი ბიჭები _ ხუთი ადამიანი მათ მოკლეს. იცით, ალბათ, რამდენი ჩვენიანი ჩააბარეს. მეტიც, ირაკლი ალასანიას პირადი პასუხისმგებლობით ჩვენ იქ ჩვენი თანამებრძოლი ადამი დავტოვეთ. პირადად ალასანია იყო პასუხისმგებელი მის უსაფრთხოებაზე და ის საიდუმლოდ გადასცეს, რუსებს მიჰყიდეს. რაკი მე შანსი გამიჩნდა, გადავწყვიტე, ეს ჩამეწერა, იმიტომ რომ მათზე შური მეძია. პირველ რიგში შურისძიება მამოძრავებდა, მეორე რიგში ვფიქრობ, რომ საქართველოში ხელისუფლებაში მოვლენ ჯანსაღი ძალები, იმიტომ რომ ქართველ ხალხს უფლება აქვს, უკეთესი მომავალი ჰქონდეს. პრეზიდენტები მიდიან და მოდიან, ხალხი რჩება. ქართველმა ხალხმა თბილად მიგვიღო, სტუმართმოყვარედ შეგვიკედლა, როგორც საკუთარ ბედზე, ისე წუხდა ჩვენს ბედზეც, ამიტომაც ჩავიწერე ეს საუბარი, რომ როდესმე ეს დღე დადგებოდა. ამ დღეს ხუთი წელი ველოდებოდი, ეს დღეც დადგა. მე დავეხმარები ქართველ ხალხს, ამხილოს ისინი.

_ კითხვა არ ისმის.

_ ფული არ მიმიღია, არც მომითხოვია. მე ველოდებოდი ამ დღეს. ერთი ადამიანი მოვიწვიე, ვუთხარი, რომ ჩანაწერი მაქვს. ჩვენ შეგვიძლია, ერთმანეთს გამოვადგეთ, ჩვენ შეგვიძლია, ერთმანეთს ვავნოთ. ჯობია, ერთმანეთს დავეხმაროთ. სახელმწიფო უშიშროების თანამშრომელი მოვიწვიე, აუდიოჩანაწერები მოვასმენინე, ჩემი წინადადება ვუთხარი. როდესაც გიამ ფული შემომთავაზა, ვუთხარი, _ საქმე ფულში არაა, ფული მთავარი არაა, მართალია, სულ საჭიროა, მაგრამ ჩემთვის მთავარია სამშობლო ჩეჩნეთის განთავისუფლება. ასეთი საუბარი შედგა ჩვენ შორის. პრობლემები არ ყოფილა, ვიღაცების მოგზავნა გადაწყვიტეს, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ველოდებით მსგავს ნაძირალობას ასეთი რეჟიმებისგან. ამიტომ ჩემი მეგობრები ყურადღებით არიან. მე ერთ ადგილას დავრეკე, _ თქვენი გამოგზავნილები გავშიფრეთ და გავუშვით-მეთქი. ასეთი სიტუაცია იყო, თუ არ ვცდები, ზაფხულის ბოლოს, ზუსტი თვე არ მახსოვს. შემოდგომის დასაწყისში ჩვენთან პრეზიდენტი აბდულჰაილ სადულაევი იყო.

მოკლედ, მე ჩეჩნეთის რესპუბლიკის ქალაქ გუსნარტიდან ვარ. ჩემი სახელი და გვარია უვაის ახმადოვი, 1999 წელს საქართველოში მოვხვდი, 2002 წლამდე იქ ვიყავი. მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ გაგვყიდა, საქართველო დავტოვეთ. ჩვენ მაინც ძმები ვიქნებით, ყველა შემთხვევაში კავკასია კავკასიაა. ჩემი პრეზიდენტი, ჯოხარ დუდაევი, კავკასიელ ხალხთა კონფედერაციაზე ლაპარაკობდა. მე იმედს ვიტოვებ, რომ ეს ახლო მომავალში იქნება.

_ კითხვა არ ისმის.

_ რუსეთში თუ ვინმეს კლავენ, ისინი ამ იარლიყებს აწებებენ. ასჯერ, ათასჯერ, მოხდა ასე. ეს ნაკლებად მაღელვებს. მსგავს საქმეებში არასოდეს ვერეოდი, სამუშაო მქონდა, ჩემს რაიონში წესრიგს ვამყარებდი. მოკლეს, ტყვედ აიყვანეს, ეს ჩვეულებრივი ამბავია, პუტინის რეჟიმს ღია, თავხედური ტყუილების პრობლემა არ აქვს. მთავარია, თავად რუსი ხალხი ამას მანეთად იჯერებს, ასეთი ბედი აქვთ. მზად ვარ, ნებისმიერი სასამართლოს წინაშე წარვდგე. იმ სამყაროში ყველა ჩვენს ცოდვებზე ვაგებთ პასუხს, ასეთი იარლიყები ნაკლებად მაღეელვებს.

მე ვმუშაობდი ურეს მერტინის რაიონში შარიათის უსაფრთხოების რაიონული განყოფილების უფროსად, ჩემი ექვსი ძმა ჩეჩნეთის ომში დაიღუპა, ამავე ომში დაიღუპა ოთხი ბიძაშვილი და ჩემი უფროსი შვილი. ყველანი ჩეჩნეთში იბრძოდნენ. ჩემი ახლობლებისა და შვილების ბედიც ასეთი იქნება. ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი სამშობლოს განთავისუფლებამდე და იქ კანონიერი ხელისუფლების აღსადგენად.

_ კითხვა არ ისმის.

_ უკეთესია, თუ ამ კითხვაზე არ ვუპასუხებ. თქვენ იცით, შიგნით ნათესავები მყავს, ჩვენთან პარტიზანული ომი მიდის, ამიტომ ამ თემაზე საუბარი ახლა არ შემიძლია. ამით ჩემი ახლობლები უნდა დავიცვა“.

 

ასე სრულდება ცნობილი ჩეჩენი საველე მეთაურის, უვაის ახმადოვის ვიდეო მიმართვა. დაკითხავენ თუა რა გია დგებუაძეს ამ ჩანაწერის გასაჯაროების მერე, ეს უკვე საქართველოს მთავარი პროკურატურის პრეროგატივაა. „ქრონიკა+“-ის მკითხველებს ვიდეოჩანაწერის თარგმანი და სტენოგრამა შევთავაზეთ. სრული ვიდეოვერსია დღეს გავრცელდება გაზეთის საიტზე _ ქრონიკაპლუს.გე. იცნობს თუ არა „მასტერას“ და ვინ არის ჩეჩენი მებრძოლი სახელად ადამი, რომელიც, ალასანიას გარანტიის მიუხედავად, ქართველებმა რუსებს გადასცეს?

 

,,თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის, ირაკლი ალასანიას ვრცელ ინტერვიუს ამ და სხვა საკითხებზე `ქრონიკა+”-ის მომდევნო ნომერში შემოგთავაზებთ.

 

                                                                                                     ელისო კილაძე