„გზა XXI” თუ „ელიტა ბურჯი“? – სპორტული კომპლექსის შეჩერებული მშენებლობა

z1

დაუმთავრებელი მშენებლობები „ოცნების“ ხელისუფლების სავიზიტო ბარათად იქცა. და ეს არა მარტო კერძო სექტორს შეეხო, არამედ _ სახელმწიფო შეკვეთებსაც. უკვე არავის უკვირს თვეობით გადათხრილი ქუჩები, გაწელილი მიწისქვეშა და მიწისზედა სამუშაოები. ასეა ყველგან, მთელ საქართველოში და, რა თქმა უნდა, ქობულეთშიც.

 

ჯერ კიდევ ხელისუფლების ცვლილებამდე ქობულეთში მეექვსე საჯარო სკოლის მიმდებარედ დაიგეგმა სპორტული კომპლექსის მშენებლობა. თავიდანვე საუბრობდნენ, რომ კომპლექსის პროექტში სერიოზული ხარვეზები იყო, მაგრამ მაშინ ამას ვინ კითხულობდა? იტყოდნენ, უნდა აშენდეს და შენდებოდა, თანაც ისე და იმ ფასად, როგორადაც ხელისუფლება მიიჩნევდა საჭიროდ. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ისე, რომ პროექტის შესაბამისობა ეჭვქვეშ არავის დაუყენებია, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2013 წლის აპრილში ტენდერი გამოაცხადა.

 

მერაბ ცინცაბაძე, ქობულეთის საკრებულოს დეპუტატი, „ნაციონალური მოძრაობა“:

_ ახალ ხელისულებას ოღონდ თავი მოეწონებინა, არც კი დაინტერესებულა პროექტის რეალობით და გამოცხადებული ტენდერით 2013 წლის 16 აგვისტოს ქობულეთის მუნიციპალიტეტსა და შპს „გზა XXI-ს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა სპორტული კომპლექსის მშენებლობის თაობაზე.

პროექტის საწყისი ღირებულება იყო 2 981 850 ლარი, ხოლო „გზა XXI-მ“ ამ სამუშაოების შესრულება 2 647 922 ლარად ივალდებულა.

ამ ხელშეკრულებით დამტკიცებული გეგმა-გრაფიკის მიხედვით, მეორე ეტაპის სამუშაობი 2015 წლის მაისის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო. თუმცა ამ ორი წლის მანძილზე გამგეობა არ დაინტერესებულა სამუშაოების მიმდინარეობის მდგომარეობით. „გზა XXI-ს“ სუბკონტრაქტორად თურქული ფირმა ჰყავდა, გამგეობამ აიძულა, რომ ფირმას სუბკონტრაქტორი შეეცვალა და სამუშაოების მწარმოებლად „ელიტა ბურჯი“ დაექირავებინა. ეს კომპანია კი, როგორც მოგეხსენებათ, ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაა და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სახელმწიფიო შეკვეთების ლომის წილი მთელ საქართველოში სწორედ მასზე მოდის. თუმცა „ელიტა ბურჯმა“ არსებული ხარჯთაღრიცხვის პირობებში უარი განაცხადა სამუშაოთა წარმოებაზე და შპს „გზა XXI“ სუბკონტრაქტორის გარეშე დარჩა. სავარაუდოდ, განუხორციელებელი სამუშაოებიც ამის ბრალია.

თუმცა მთელი ორი წლის განმავლობაში, 2015 წლის აპრილამდე, მანამ, სანამ „გზა XXI-მ“ არასათანადო დაფინანსების მოტივით თავად არ მიმართა გამგეობას და არ ახსნა შეუსრულებელი სამუშაოების მიზეზები, არავის მოუკითხავს.

_ როგორ?

_ აი, ასე. ყველაფერი თვითდინებაზეა მიშვებული, ელემენტარული კონტროლი არ არსებობს. სახელმწიფო ყველა პროექტის ბოლომდე მიყვანით უნდა იყოს დაინტერესებული, მაგრამ, რეალურად, არავინ არაფერს კითხულობს.

_ მერე რა მოხდა?

_ რა მოხდა და გამგებელმა 2015 წლის 14 აპრილს ბრძანება გამოსცა, რომელშიც ხელშეკრულების შეწყვეტის ნება გამოხატეს და შეთანხმების პროექტი მოამზადეს. ეს პროექტი შპს „გზა XXI-ს“ გადაეგზავნა, თუმცა მათ შეთანხმებაზე ხელი არ მოაწერეს და ამის შემდეგ გამგეობამ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.

ამ პერიოდში შპს „გზა XXI-მ“ ხელშეკრულების გაგრძელება ითხოვა, ასევე ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ზე მეტით გაზრდა და ექსპერტიზის დასკვნა. თუმცა გამგეობამ ამაზე უარი განაცხადა და მათთან ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა.

_ პირობა არ შეასრულა და არ უნდა შეეწყვიტა გამგეობას?

_ ხელშეკრულების შეწყვეტამდე უნდა ეცადო მისი შესრულება, მაგრამ აქ სხვა რამ ხდება. ვიცით, რომ ამ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ პროექტი შეიცვალა, გადაფასდა და, სავარაუდოდ, დაფინანსებაც გაიზარდა. გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ ამ ტენდერს ან „ელიტა ბურჯი“ მოიგებს, ან ხელისუფლებასთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაცია. და რა პირობებსაც ახლა ქმნიან, სორედ ის ითხოვა „გზა XXI-მ“. თუ მისთვის არ შეიძლებოდა, რატომ შეიძლება სხვისთვის?

ე. ი. გამგეობის მიერ ეს ნება უკვე არსებობს, მაგრამ უკვე სხვისთვის, მას კი პირგასამტეხლო დააკისრეს 52 958,44 ლარის ოდენობით.

_ როგორც აღმოჩნდა, პროექტს თავიდანვე დიდი ხარვეზები ჰქონდა, ის კი თქვენი ხელისუფლების დროს მიიღეს.

_ კი, მაგრამ თუ პროექტი უვარგისი იყო, ვერ გადაამოწმეს ტენდერის გამოცხადებამდე, ექსპერტიზის დასკვნის გარეშე რომ გააფორმეს ხელშეკრულება?

 

„ქრონიკა+“ დაუკავშირდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო განვითარების სამსახურის უფროსს, ზაზა კაიკაციშვილს:

_ ბატონო ზაზა, მართლა ხარვეზიანი პროექტით გამოაცხადეთ ტენდერი?

_ მე მაშინ არ ვმუშაობდი და ვერაფერს მოგახსენებთ. ვადასტურებ, რომ პროექტს ხარვეზები ჰქონდა. არ იყო გათვალისწინებული მაღალი გადამცემი ხაზების გადატანისა და კანალიზაციის მიერთების სამუშაოები, სხვა ნიუანსებიც. ვიცი, რომ ახლა პროექტის კორექტირება მოხდა,  ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ სამუშაოები განახლდება და სპორტული კომპლექსი აუცილებლად აშენდება.

_ აქამდე რა სამუშაოებია შესრულებული?

_ საძირკველი ჩაიყარა და სვეტებია ამოყვანილი. სამხარაულის ექპერტიზის ბიუროს დასკვნის საფუძველზე გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი და შესრულებული სამუშაოებისთვის შპს „გზა XXI-ს“ 411.481 ლარი ჩაერიცხა.

 

მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურის უფროსმა ფატი ჯინჭარაძემ კომენტარზე უარი განგვიცხადა.

 

ირაკლი ცეცხლაძე _ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე:

_ სახელშეკრულებო ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო გამგეობამ სახელშეკრულებო ურთიერთობა შპს „გზა XXI“-სთან გასულ წელს შეწყვიტა. როგორც მოგეხსენებათ, კომპანია ქობულეთში სპორტსკოლის მშენებლობას აწარმოებდა. სახელშეკრულებო ურთიერთობების შეწყვეტის შემდეგ გამგეობამ ეროვნული ვალუტის დევალვაციის გათვალისწინებით მიზანშეწონილად მიიჩნია, პროექტი გადაეფასებინა. პროექტის ავტორებთან ხელშეკრულება დაიდო, რომელიც მიზნად ისახავდა მასში არსებული მცირე ხარვეზების აღმოფხვრას, გაუთვალისწინებელი სამუშაოების განსაზღვრასა და პროექტის სახარჯთაღრიცხვო ნაწილის ფასთა ადეკვატურობის დადგენას არსებულ საბაზრო ფასებთან მიმართებით. მიმდინარე წლის იანვარში საპროექტო ორგანიზაციამ მუშაობა დაასრულა. სპორტსკოლის პროექტი განფასდა. ამ ეტაპისთვის იგეგმება პროექტის ტექნიკური ექსპერტიზა. აღნიშნული პროცედურების გატარებით მცირდება პროექტის განუხორციელებლობის რისკი. ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის შემდეგ, რომელიც, სავარაუდოდ, მეორე კვარტალში დაიდება, მუნიციპალიტეტი სპორტსკოლის სამშენებლო სამუშაოების გაგრძელების მიზნით ფინანსური რესურსის მოძიებას რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გეგმავს.

 

„ქრონიკა+“ დაუკავშირდა შპს „ელიტა ბურჯის“ გაყიდვების სამსახურის უფროსის მოადგილეს _ ვანო აბაშიძეს:

 

_ თქვენ იყავით შპს „გზა 21-ის“ სუბკონტრაქტორი. რატომ გაწყვიტეთ ხელშეკრულება?

_ დიახ, ვიყავი. თავად მოგვაკითხეს და გვთხოვეს ხელშეკრულების გაფორმება. გავაფორმეთ, მაგრამ მასალების შესაძენად ავანსი ვერ ჩაგვირიცხეს და რამდენჯემე გადავადების შემდეგ უარი ვთქვით მათთან თანამშრომლობაზე.

_ გამგეობამ ხელშეკრულება გააუქმა შპს „გზა 21-ესთან“, პროექტის ღირებულება გაზარდა და აპირებს ახალი ტენდერის გამოცხადებას. ამბობენ, რომ ეს ყველაფერი თქვენი დაინტერესების გამო მოხდა.

_ ეს არის მტკნარი სიცრუე. ჩვენ იმდენი და ისეთი სირთულის სამუშაოები გვაქვს, სტანდარტული ტენდერებით დაინტერესებული არ ვართ.

ქობულეთის სპორტული კომპლექსის მშენებლობის ტენდერში არც მაშინ მიგვიღია მონაწილეობა და არც აწი ვაპირებთ.

 

„შპს 21-ის“ მეპატრონე გია ჭყონია საქართველოში არ იმყოფება და, შესაბამისად, მისი კომენტარი ვერ მოვიძიეთ.

 

 

                                                                                         ნატო ქათამაძე