ბახტაძე-გუნცაძის დაპირისპირება კულუარებიდან ჟონავს – რა ხდება ,,საქართველოს რკინიგზაში”?!

vcc

ალბათ, ,,ქრონიკა+“-ის მკითხველს კარგად ახსოვს ამ ერთი თვის წინათ ჩინეთიდან გამოსული პირველი მატარებლის თბილისური დახვედრა. ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ,,აბრეშუმის გზის“ ფარგლებში შემოსულ მატარებელს ჩინეთის ელჩთან და საქართველოს მთავრობის სხვა წევრებთან ერთად 2015 წლის 13 დეკემბერს დახვდა. გასული წლის ბოლოს ,,თბილისი ცენტრალში“ გამართული ეს მნიშვნელოვანი ღონისძიება დიდი მითქმა-მოთქმის საგანი გახდა, ვინაიდან ღონისძიების ვიზუალური მხარე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა.

,,საქართველოს რკინიგზა“ მმართველი კოალიციის მომხრეებმა და საზოგადოების ნაწილმა, ფაქტობრივად, საბოტაჟში დაადანაშაულა. მართალია, ახალ 2016 წელს ქვეყანა ახალი იმედებით და ახლად დანიშნული პრემიერ-მინისტრით შეხვდა, მაგრამ ,,საქართველოს რკინიგზაში“ არსებული ვითარება ძველებურად ქაოსურია, ვინაიდან რკინიგზელთა კულუარულ დაპირისპირებებზე საზოგადოებას მწირი ინფორმაცია აქვს. ,,ქრონიკა+“ შეეცადა გაერკვია, მართლაც რა ხდება საქართველოს რკინიგზაში?

პირველ რიგში 13 დეკემბერს გამართული ღონისძიების ირგვლივ არსებულ კითხვებზე პასუხები გავაანალიზოთ. მაშინ, როცა აბრეშუმის დიდი გზის განვითარების კუთხით საქართველო მნიშვნელოვანი გარღვევის თანამონაწილე გახდა, თბილისის სადგურმა მაღალი დონის სტუმრებს უმასპინძლა. ამ დღეს ყველამ ერთად ,,ნაფრონტალი“ ბაქნები ვიხილეთ. მართლაც, ვის გამო დავხვდით ჩინეთიდან ჩამოსულ პირველ მატარებელს დანგრეული ბაქნით? აღნიშნულ თემაზე ინფორმაციის მოპოვებას ამ ცოტა ხნის წინათ ერთ-ერთი პირველი საინფორმაციო სააგენტო ,,აქცეტი“ შეეცადა.

,,ეს ტერიტორია არ არის საქართველოს რკინიგზის საკუთრებაში, საკუთრების უფლებით კერძო კომპანიისთვის გვაქვს გადაცემული და ჩვენ მათ ვერ მოვთხოვდით რამის გაკეთებას. საერთოდ, ამხელა პროექტი განხორციელდა, რკინიგზაში ბევრი კარგი საქმე გაკეთდა და მაგ ორმოში პრობლემას ვერ ვხედავთ“, _ განუცხადა დაჩი ცაგურიამ ჩვენს კოლეგებს. როგორც მაშინ გაირკვა, კერძო კომპანიაც, თავის მხრივ, პასუხისმგებლობას იცილებდა. ,,ჯიარდში“ განაცხადეს, რომ მატარებლის ბაქნის და ინფრასტრუქტურის მოწყობა მათ კომპეტენციაში არ შედიოდა.

ერთმანეთისკენ თითის გაშვერისა და ურთიერთ გადაბრალებების შემდეგ  (რომელიც ,,საქართველოს რკინიგზასა“ და ,,ჯიარდს“ შორის გაიმართა), აღნიშნული თემით ,,ქრონიკა+“-იც დაინტერესდა და გასული წლის დეკემბრის ბოლოს ოფიციალურად გადავაგზავნეთ კითხვები უწყების პრეს-სამსახურთან. ამ და სხვა საკითხებზე, რომელიც ,,საქართველოს რკინიგზაში“ არსებულ ვითარებას ეხებოდა, ქვემოთ, წყაროებზე დაყრდნობით გიამბობთ.

მოგეხსენებათ, „საქართველოს რკინიგზა“ ქვეყანაში ერთ-ერთი მაღალშემოსავლიანი უწყებაა, იქ არსებულ კორუფციულ სქემებზე კი დიდი ხანია, საუბრობენ პოლიტიკურ წრეებში და არა მხოლოდ. ,,თბილისი ცენტრალის“ მიერ იჯარით გაცემულ ტერიტორიებსა და ნაგებობებს შორის არის ბუფერული ადგილები (საქართველოს რკინიგზის მფლობელობაში), სადაც იჯარები არ არის გაფორმებული და ფარული მეწარმეობა მიმდინარეობს. ასეთ ადგილებს განეკუთვნება ზონები, რომლებიც კონკრეტულად ბორჯომის ვაგზალთან მდებარეობს. მათ შორისაა ავტოსადგომი.

როგორც „ქრონიკა+“-ს „საქართველოს რკინიგზის“ კულუარებში განუცხადეს, უწყებაში სრული ქაოსია: „შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ შეცვლილა. რკინიგზაში გამოცხადებული დიდი რეფორმების ფონზე ყველა ელოდა მენეჯმენტში ძირეულ ცვლილებებს, რადგან დღის წესრიგში იმ კლანური ტენდენციების ამოძირკვა იდგა, რომელიც ამ უწყებისთვისაა  დამახასიათებელი. დღემდე სახელმწიფო აუდიტს, ან სხვა სამართალდამცველ ორგანოებს რკინიგზის საქმიანობა კომპლექსურად არ შეუსწავლია, რაც გასაქანს აძლევდა ცალკეულ პირებს, საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით ემოქმედათ. უნდა შევეხოთ რკინიგზაში განხორციელებულ ცვლილებებს: ინფრასტრუქტურის ყოფილი დირექტორი, გურამ გურამიშვილი, რომლის სახელიც „შპალების“ შესყიდვების გახმაურებულ საქმესთან იყო დაკავშირებული, რკინიგზის გენერალური დირექტორის მოადგილედ გადაიყვანეს მოძრაობის უსაფრთხოების დარგში, ხოლო სატვირთო გადაზიდვების დირექტორი ალექსი ნიკოლაიშვილი, რომელიც გადაზიდვებს კურირებდა და მის მიმართაც არაერთი კითხვის ნიშანი იყო (საუბარია მისი და მისი კოლეგების მონაწილეობით დაფუძნებულ კომპანიაზე, რომელიც მოგვიანებით სხვის სახელზე გადაფორმდა), სატვირთო გადაზიდვების ფილიალის დირექტორის მოადგილედ დანიშნეს. აღნიშნულ ცვლილებებს წინ უძღოდა ოპერაციათა მართვის დირექტორის, გრიგოლ სამსონაძის გადანაცვლება კომპანია „ჯორჯია ტრანზიტში“ დირექტორის მოადგილედ. სწორედ აღნიშნული პირი უზრუნველყოფდა „ნაციონალების“ მიერ ჩატარებულ აქციებში რკინიგზელთა მონაწილეობას. აუცილებლად უნდა აღინიშოს ის, რომ რკინიგზაში არსებითი საკადრო ცვლილებები არ განხორციელებულა. ამ სისტემაში დღემდე საქმიანობენ ირაკლი ეზუგბაიას გუნდის წევრები, მათ შორისაა ეზუგბაიას ცოლის მეჯვარე, ნინო ფხაკაძე და ასევე რკინიგზის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გიორგი გაგნიძე“, _ განუცხადეს „ქრონიკა+“-სს უწყების კულუარებში. მათივე თქმით, საქართველოს რკინიგზაში ტვირთბრუნვებმა მნიშვნელოვნად იკლო: „რკინიგზის მხრიდან არ იდგმება კონკრეტული ნაბიჯები ტვირთების მოზიდვისა და სატარიფო პოლიტიკის გამოჯანსაღების თვალსაზრისით. შესაბამისი უწყებები აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ და შეისწავლონ ბოლო პერიოდში განხორციელებული შესყიდვები და შესყიდვებთან დაკავშირებული ტექნიკური პირობების მომზადების პროცესი, რომელსაც ცალკეული კომპანიები ერგებოდნენ“, _ აცხადებს ინკოგნიტო წყარო, თუმცა აღნიშნავს, რომ დადგება დრო, როცა ამაზე ღიადაც ისაუბრებს.

რაც შეეხება „საქართველოს რკინიგზის“  გენერალურ დირექტორს, მამუკა ბახტაძეს, მას ბოლო პერიოდში ნამდვილად ჰქონდა მცდელობები, რკინიგზისთვის ახალი სტრუქტურა დაემატებინა. ბახტაძემ პროექტის მომზადება კომპანია „სინერჯი ჯგუფს“ დაავალა. სწორედ აღნიშნული პროექტი უნდა გამხდარი რკინიგზაში რეორგანიზაციის ჩატარების საფუძველი. თუმცა აღნიშნული პროექტი სამეთვალყურეო საბჭომ არც მოიწონა და არც დაიწუნა. სავარაუდოდ, არ არსებობს მიღებული გადაწყვეტილება რეორგანიზაციის შესახებ, რომელიც, წესით და რიგით, ახალი საშტატო ნუსხის შედგენის დებულებებს უნდა ითვალისწინებდეს, რითაც თანამშრომლები კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების დაცვით უნდა გაეფრთხილებინათ, გაეშვათ და მიეღოთ. მიუხედავად ამისა, რკინიგზის ხელმძღვანელებმა საკადრო ცვლილებები პროცედურების დარღვევით განახორციელეს, რასაც, ცხადია, უკმაყოფილება მოყვა. რეორგანიზაციაში დაბალი რანგის რკინიგზელები მოხვდნენ, მთავარ კორუფციის „მამებს“ კი არავინ შეხებია. რკინიგზაში დაინერგა შეფასების ისეთი სისტემა, რომელმაც კოლექტივში განხეთქილება შეიტანა და ისედაც ჯგუფებად დაყოფილი უწყების თანამშრომლები ინდივიდუალურად გადაკიდა ერთმანეთს. შესაბამისად, ისმის კითხვა: ხომ არ არის ყოველივე ეს საბოტაჟისთვის მზადება? სწორედ ასეთ რთულ უწყებას მართავს ბახტაძე, რომლის გაპრემიერებასაც ელოდებოდნენ რკინიგზელები კვირიკაშვილის პრემიერად დანიშვნამდე, იმ იმედით, რომ მამუკა ბახტაძე „საქართველოს რკინიგზას“ მოშორდება“, _ აცხადებს წყარო. მისივე მტკიცებით, სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელ კოკა გუნცაძესა და გენერალურ დირექტორ მამუკა ბახტაძეს შორის დაპირისპირება არსებობს. მართალია, აღნიშნული დაპირისპირების შესახებ უწყებაში ღიად არ საუბრობენ, თუმცა მათი კონფლიქტი აზარალებს რკინიგზას და, ზოგადად, სახელმწიფო ინტერესებს.

 

„ქრონიკა+“-თან რკინიგზაში არსებულ დარღვევებზე ღიად საუბრობს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარე, ვიტალი გიორგაძე: „მაშინ, როცა თანამშრომლებზე ხელფასები წესდების მიხედვით უნდა გაიცემოდეს, უწყებაში ხელფასები ხელმძღვანელი პირების სუბიექტური შეხედულებებით გაიცემა. აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, უკანონოდ გამოუშვეს სამსახურიდან 84-მდე რკინიგზელი, აღნიშნულ საკითხზე საქმე უკვე სასამართლოშია. რკინიგზაში არსებულ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა გენერალურ დირექტორს ეკისრება. ბევრი წერილი გვაქვს მის სახელზე გაგზავნილი, თუმცა პასუხი არ ისმის. არც ჩვენთან შეხვედრის სურვილი გამოუთქვამს მას. ამ ეტაპზე კადრების სამსახურთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ვნახოთ, რა შედეგი იქნება. ამაზეა დამოკიდებული ის, თუ რა ღონისძიებებს დავგეგმავთ სამომავლოდ“.

 

,,ქრონიკა+“ ,,საქართველოს რკინიგზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, დაჩი ცაგურიას დაუკავშირდა. ჩვენ მას რამდენიმე კითხვა, ჯერ კიდევ, გასული წლის ბოლოს ოფიციალურად გადავუგზავნეთ (როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნეთ), თუმცა ამ დრომდე მისგან პასუხები არც ერთ კითხვაზე არ მიგვიღია. საინტერესოა, პრესასთან ამ ფორმის `ურთიერთობა~ ეს დაჩი ცაგურიას არჩევანია თუ, ზოგადად, უწყების სტრატეგია? მაშინ, როცა საახალწლოდ ჩვენი რედაქცია ისვენებდა, (რის გამოც `ქრონიკა+~-ის ორი ნომერი არ გამოვიდა), უწყების პრეს-სამსახურს საკმარისზე მეტი დრო ჰქონდა პასუხების მოსაფიქრებლად.

                                                                                                                      ზაზა სვანაძე