მამუკა ნოზაძე: „იუსტიციის უმაღლესი საბჭო გარიგებაში შედის!“

333

„ქრონიკა+“ აგრძელებს რუბრიკას „მხილების გვერდი“ ადვოკატ მამუკა ნოზაძესთან ერთად. ამჯერად მკითხველი შეიტყობს, თუ რა გარიგებას გეგმავენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და ვინ აძლევს კიდევ ერთ შანსს იმ მოსამართლეს, რომელსაც მამუკა ნოზაძე სულხან მოლაშვილის გაწირვას უყენებს ბრალდებად?

ქრონიკა+“-ესაუბრება ადვოკატი მამუკა ნოზაძე:

_ საქართველოს საერთო სასამართლოებში მდგომარეობა დღითი დღე უარესდება და ეს ხდება მოსამართლეების ხელით. მათ მიერ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებები ლახავს არა მხოლოდ პიროვნებების უფლებებს, არამედ საფრთხის ქვეშ აყენებს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, მართლწესრიგს, საჯარო წესრიგსა და ქვეყნის უსაფრთხოებასაც ცუდ მომავალს უქადის. ერთ-ერთ მაგალითად მოვიყვან მოსამართლე ურთმელიძის არაორდინალურ გადაწყვეტილებას. არ შეიძლება საქართველოს სასამართლოს მოსამართლემ თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს ისეთ გარემოებაზე, რომელიც არც ჩვენს კანონმდებლობაში დევს და არც ევროსასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებებში არსებობს. ურთმელიძემ კი გადაწყვეტილების დასაბუთების ნაწილში საილუსტრაციოდ მოიყვანა ამერიკის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება. ჩვენ არ ვართ პრეცედენტული სამართლის ქვეყანა. ჩვენ ვართ ევროპული სამართლის წევრები, ამიტომ საქართველოს მოსამართლეს ვალდებულება და უფლება აქვს, გამოიყენოს მხოლოდ ევროპული პრეცედენტული გადაწყვეტილებები. ასეთი საქმეები დიდი ალბათობით საჩივრდება ევროსასამართლოში და წაგების შემთხვევაში, დაზარალებული მხარის სასარგებლოდ, თანხის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხდება. ამიტომ მოსამართლის ამერიკის სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილების მოყვანა აბსურდულად მიმაჩნია.

ხელისუფლების პოლიტიკური როლი თუ დროულად არ გამოიკვეთა, მოსამართლეთა ამგვარი ქმედებები არჩევნებზე ამ ხელისუფლების საწინააღმდეგოდ იმოქმედებს. როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხდა სასამართლოში და ძალოვან უწყებებში არსებული სისუსტის გამო, ასევე დამარცხდება „ქართული ოცნებაც“.

_ უკვე კარგა ხანია ვსაუბროთ მოსამართლეთა მიერ ჩადენილ უკანონობებზე, მათ დარღვევებზე და შეიძლება ითქვას, იმდენად ბევრი ფაქტი და პრობლემაა, რომ ეს თემა ვერ ამოვწურეთ. იმედია, ხელისუფლება გულდასმით კითხულობს ჩვენს წერილებს და მერე ვერ და არ იტყვის, ეს ყველაფერი არ ვიცოდითო…

_ ბოლო სტატიები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე გვოქონდა, სადაც ვამბობდით, რომ სადაც თემიდის წარმომადგენლები გადაწყვეტილებების დროს საკუთარი ინტერესებიდან გამოდიან და არა სასამართლოს ინტერესებიდან და კანონმდებლობიდან. თუმცა მათზე არც საგაზეთო წერილები მოქმედებს და არც კრიტიკა, რადგან თვალდახუჭულები აგრძელებენ იმ პოლიტიკას, რომელიც მათ ჰქონდათ დამკვიდრებული.

უზენაესმა სასამართლომ, ბოლო დროს, ორი საშიში გადაწყვეტილება მიიღო, რომლის თანახმადაც ადამიანს, რომელიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში პატიმრობაში იმყოფებოდა, კომპენსაციის სახით მისცეს მიზერული თანხა, რაც მას მედიკამენტების შესაძენადაც კი არ ეყოფა. მეორე პიროვნებამაც საპატიმროში დაკარგა ჯანმრთელობის დიდი ნაწილი და დღეს ამის გამო არის შეზღუდული შესაძლებლობის პირი, არ შეუძლია შრომა, მაგრამ ამ ადამიანსაც კომპენსაციის სახით მისცეს მიზერული თანხა. ეს მაშინ, როცა მის მიმართ ადგილი ჰქონდა სახელმწიფო სტრუქტურაში სიცოცხლის მოსპობის მცდელობის ფაქტს. ეს გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლე ნუგზარ სხირტლაძემ, რომელიც `ნაციონალური მოძრაობის~ მონა-მორჩილი მოსამართლე იყო. გადაწყვეტილებას ასევე ხელს აწერენ მოსამართლეები _ მაია ვაჩაძე და ლევან მურუსიძე. მაია ვაჩაძეზე იგივეს ვერ ვიტყვი, რასაც სხირტლაძესა და მურუსიძეზე ვამბობ. მისგან გასაკვირი იყო, ასეთ უკანონობას რომ დაუჭირა მხარი და განსხვავებული აზრი არ გამოხატა, არ დააფიქსირა თავისი პოზიცია. ამ გადაწყვეტილების გამო სახელმწიფო სტრუქტურაც საფრთხის წინაშე დადგა და, დიდი ალბათობით, გასაჩივრების შემდგომ, მას კომპენსაციის სახით თანხის გადახდა დაეკისრება. როგორც ჩანს, მოსამართლეებს ასეთი მიდგომა აქვთ _ არ დავინდოთ სახელმწიფო და არც მოქალაქეები. თუ ასე გაგრძელდება და მოსამართლეების თავნებობოა არ აღიკვეთება, სახელმწიფო  სტრუქტურებში  მოქალაქეებზე ძალადობა კვლავ იქნება და ამას დასასრული არ ექნება.

მინდა, განვაცხადო და, ალბათ, გაზეთმაც ყურადღება უნდა გაამახვილოს ამ ფაქტზე, რომ მოსამართლე ლევან მურუსიძის პიროვნების შესახებ საზოგადოებამ აზრი უკვე გამოთქვა. როგორც ცნობილია, ბევრ ადამიანს მის მიმართ საკმაოდ ნეგატიური პოზიცია აქვს. მეც ვერ დავმალავ სიმართლეს, რომ ის იყო 10-წლიანი რეჟიმის მსახური და არაერთი უკანონო გადაწყვეტილების გამომტანი მოსამართლე. ერთ-ერთი ასეთი განაჩენი მან სულხან მოლაშვილის საქმეზე გამოიტანა. მურუსიძე უზენაეს სასამართლოში იმიტომ გადაიყვანეს, რომ მას მოლაშვილისთვის ასეთი უსამართლო განაჩენის გამოტანა უზრუნველყო და პირველი და მეორე ინსტანციის განაჩენები ძალაში დაეტოვებინა. სწორედ მურუსიძემ და როზა ნადირიანმა, რომელიც ახლა ნოტარიუსია, უზრუნველყვეს ის უკანონო განაჩენი, რომელიც ევროსასამართლომ განიხილა და უარყო.

_ სახელმწიფომ სულხან მოლაშვილის მიმართ აღიარა, რომ გადაწყვეტილება იყო უკანონო და მასზე ძალადობის ფაქტები ციხეში მართლაც ხორციელდებოდა, ანუ სასამართლო და მოსამართლეები არაკომპეტენტურნი იყვნენ და უკანონო გადაწყვეტილებები, გამოიტანეს რის შედეგადაც ეს ადამიანი ციხეში წლების განმავლობაში იჯდა და წამებაში იმყოფებოდა. მიუხედავად ამისა, მსგავსი ქმედების ჩამდენი მოსამართლეები არავის დაუსჯია და ზოგი მათგანი ახლაც იგივე საქმეს ასრულებს…

_ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებულია და ჩვენმა ხელისუფლებამაც აღიარა, რომ სულხან მოლაშვილის მიმართ სასამართლო არ იყო სამართლიანი. დაირღვა ევროპული კონვენცია, რაც არის პირდაპირი აღიარება და დადასტურება იმისა,  რომ საქართველოს სასამართლოებმა, მათ შორის, ისეთმა სასამართლომ, როგორიც არის უზენაესი თემიდა, შეასრულა პოლიტიკური დაკვეთა და უზრუნველყო მოლაშვილის მიმართ უკანონო განაჩენის გამოტანა, რითაც დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება და ამიტომ მას უნდა მიეცეს კომპენსაცია. უკანონი განაჩენის გამოტანა არის დანაშაული. მოსამართლემ სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა და ადამიანს მიუსაჯა ხანგრძლივი ვადით უკანონო პატიმრობა. აქედან გამომდინარე ჩნდება ლოგიკური კითხვა, _ რატომ უნდა იყოს ამის შემდეგ ეს ადამიანი კვლავ მოსამართლე? საზოგადოებას აქვს უფლება, გააჟღეროს ეს კითხვები და მთავრობას და ხელისუფლებას ხელეწიფება, შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს. საზოგადოების დიდი ნაწილი, მათ შორის, ზოგიერთი ადვოკატი დიდ ცოდვას იდენს, როდესაც შერჩევითობის პრინციპით მოქმედებს, ხმას არ იღებს ასეთ არაკანონიერებაზე იმის გამო, რომ ეს პიროვნება კვლავ მოსამართლეა და არ იცის, როდის დასჭირდებათ. ამით ისინი მოსამართლეებთან, პროკურორებთან მისასვლელ პირს იქმნიან და იმას არ აცნობიერებენ, რომ ამით უსამართლობას უჭერენ მხარს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კონკურსი გამოაცხადეს, რომელშიც უამრავი ადამიანი მონაწილეობს, მათ შორის, მოქმედი და ყოფილი მოსამართლეებიც. მოსამართლეების კანდიდატებზე „ქრონიკა+“-ში ცალ-ცალკე გვექნება საუბარი. ჩემი აზრით, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია. ბედის ირონიაა, რომ ამ კონკურსში ლევან მურუსიძეც მონაწილეობს. მას პრეტენზია აქვს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის, ან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე იყოს. მურუსიძემ პრეტენზია განაცხადა ორ ვაკანტურ თანამდებობაზე და, შესაბამისად, ერთ-ერთზე უნდა დანიშნონ.

ხმამაღლა ვაცხადებ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ასევე სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა ატეხოს განგაში ამის თაობაზე. ლევან მურუსიძეს უფლებამოსილება გასდის, მაგრამ განზრახულია მისი კვლავ არჩევა. როცა მას მოსამართლეობის ვადა დაუმთავრდება, ავტომატურად შეუწყდება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მდივნის თანამდებობაზე ყოფნის უფლებამოსილებაც. აქედან გამომდიმარე, ხელისუფლება არაფერს აკეთებს, რათა ადამიანი, რომელიც ცნობილია უკანონო  პატიმრობების ავტორად და შემსრულებლად, მოსამართლე ვეღარ გახდეს.

იუსტიციის მთავარ საბჭოში არიან პარლამენტის მიერ არჩეული წევრებიც. ესენი გახლავან: ევა გოცირიძე, ვახტანგ თორდია, გოჩა მამულაშვილი. ბუნებრივია, რომ მურუსიძეს ნინო გვენეტაძე ხმას არ მიცემს და სამართლიანადაც. გვენეტაძის, მერაბ ტურავასა და სხვა მოსამართლეების მიმართ, წინა წლებში, სწორედ მურუსიძემ გამოიტანა უკანონო გადაწყვეტილება და ისინი მოსამართლეობიდან გაათავისუფლეს. დადასტურებულია, რომ ესეც პოლიტიკური დევნა იყო. თუმცა გვენეტაძე ამჟამად ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და არანირი გადაწყვეტილების მიღების საშუალება არ გააჩნია. უმაღლესმა საბჭომ მურუსიძე რომ კვლავ აირჩიოს მოსამართლედ, ამისათვის საჭიროა საბჭოს 10 წევრის ხმა. ამჟამად უმაღლეს საბჭოში 7 წევრია, რომელიც მურუსიძეს უპირობოდ უჭერს მხარს. სჭირდებათ კიდევ 3 წევრი მხარდასაჭერად. საქმე ის არის, რომ როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, ეს სამი წევრიც უკვე მოიძებნა და მას ხმას მისცემენ პარლამენტის მიერ საბჭოში არჩეული წევრები: ვახტანგ თორდია, გოჩა მამულაშვილი და ევა გოცირიძე. სხვათა შორის, ისინი `ქართული ოცნების~ მიერ არიან წარდგენილნი. გოცირიძე გახლავთ მინდია უგრეხელიძის მეუღლე. სწორედ ამ პიროვნებების მხარდაჭერით მოხდება იმ ადამიანების ხელშეწყობა, რომლებიც საბოტაჟს ახორციელებენ და სასამართლოს სრულყოფილებას აფერხებენ. ჩემი ინფორმაციით, ეს ადამიანები გარიგებაში არიან შესული `ნაციონალური მოძრაობის~ მოსამართლეებთან და თანახმანი არიან, მურისიძე მოსამართლედ დაინიშნოს. თუ ეს მართლა მოხდა, ლევან მურუსიძეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოშიც გაუგრძელდება უფლებამოსლება.

გოჩა მამულაშვილი, ასევე ვახტანგ თოდრია, არასდროს გამოირჩეოდნენ კვალიფიკაციითა და ღრმა პატივისცემით იურისტთა საზოგადოებაში, ამიტომაც ჩემთვის და ბევრი სხვისთვის გაურკვეველია, ამ საქართველოს პარლამენტმა რატომ აირჩია ისინი ასეთ მაღალ თანამდებობაზე? ამბობენ, რომ მათ ბიძინა ივანიშვილმა გაუწია ლობირება. ევა გოცირიძე კი ამ თანამდებობაზე, მხოლოდ და მხოლოდ, მინდია უგრეხელიძის დამსახურებით მოხვდა. ესენი `ნაციონალების~ დამბალანსებლები იმიტომ გახდნენ და მათი სასურველი კანდიდატის კვლავ სასამართლოში მოყვანას იმიტომ აწერენ  ხელს, რომ შემდგომ, ამავე ფორმით, თავადაც გაიყვანონ მოსამართლეებად სასურველი კანდიდატები.

_ საიდან იცით, რომ ეს ადამიანები მურუსიძეს ხმას მისცემენ? წინასწარ როგორ აცხადებთ ამის შესახებ?

_ ჯერ ერთი, მე მაქვს ეს ინფორმაცია, და მეორე, ლოგიკასაც სწორედ აქეთ მივყავართ. ზუსტად ვიცი, გვენეტაძე მურუსიძეს ხმას არ მისცემს, არც პრეზიდენტის მიერ არჩეული პიროვნება, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოშია. ჩნდება კითხვა, _ 10 ხმა მურუსიძემ როგორ უნდა მიიღოს? ის იმ გეგმის მიხედვით მიიღებს ამ ხმებს, რომელიც მე დაგისახელეთ. ეს არის საშინელება, რაც ზიანს მიაყენებს საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესებს. პიროვნებას, რომელმაც საშინელი დანაშაულობები ჩაიდინა, არ უნდა ეპატიოს ყველაფერი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა ხდება მოსამართლეთა კონფერენციაზე, სადაც ამ გარიგებების მეშვეობით კვლავ უმრავლესობაში იქნებიან `ნაციონალური მოძრაობისადმი~ ლოიალურად განწყობილი მოსამართლეები. მით უფრო, რომ მომავალ წელს იუსტიციის საბჭოს 4 წევრს უწყდება უფლებამოსილება და დიდი ალბათობით აქ კვლავ დაინიშნებიან ოდიოზური პირები.

პიროვნებებს, რომლებიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტის მეშვეობით მოხვდნენ მოვუწოდებ, ინფორმაციას, რომელიც მე მივიღე, ნუ გახდიან რეალურს, არ შევიდნენ გარიგებაში იუსტიციის საბჭოს წევრ მოსამართლეებთან, რომლებიც კუბლაშვილ-სააკაშვილის კლანის წარმომადგენლები არიან და ნინო გვენეტაძეს არ აძლევენ საშუალებას, რეალური რეფორმა განახორციელოს. ქვეყანაში თუ არ არის სამართალი, იმ ქვეყნის განვითარება ვერ მოხდება. ჩვენ არ გვინდა მხოლოდ დეკლარირებული სასამართლო დარბაზები და კანონები, ჩვენ გვინდა მოსამართლეები, რომლებიც რეალურად განახორციელებენ კანონს და მათთვის ადამიანის უფლებები და კანონი უზენაესი იქნება.

                                                                                                   ნელი ვარდიაშვილი