სოსო ცინცაძე: „მთავრობას ხალხის მიმართ ვალდებულების განცდა არ გააჩნია“

222

ქვეყანაში არსებულ რეალობასა და პერსპექტივაზე „ქრონიკა+“ დიპლომატიური აკადემიის რექტორს, პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ესაუბრება:

_ ნებისმიერ მთავრობას, რომელიც მოსახლეობის მინიმალურ, პირველ რიგში, სოციალურ-ეკონომიკურ მოთხოვნილებებს ვერ აკმაყოფილებს, თეორიულად, რასაკვირველია, შეიძლება ასეთი ბრალდება წაუყენო. ვინაიდან რა არის მთავრობის მთავარი ამოცანა? _ მეტ-ნაკლებად, ადამიანურ პირობებში აცხოვროს თავისი მოსახლეობა.

უპირველესად, მხედელობაში მყავს ჩვენი პარლამენტარები. თუკი ვინმე ნებსით თუ უნებლით ცდილობს, ზიანი მიაყენოს მოქმედი მთავრობის პრესტიჟს, ეს არის ჩვენი ზოგიერთი პარლამენტარის მატრაკვეცული ინიციატივები. როდესაც ქვეყანაში შიმშილი, უმუშევრობაა, კატასტროფულად იზრდება ფასები, ეცემა ეროვნული ვალუტის კურსი, ამ დროს გამოდის ზოგიერთი პარლამენტარი და…  ახლა, ხალხის თვალში ნებისმიერი პარლამენტარი მთავრობის წევრია, რიგითი ობივატელის თვალში სწორედ ასეა. ობივატელი არც აცნობიერებს ბოლომდე და ეს არც ევალება, რომ მკვეთრი ზღვარი გაავლოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის. მისთვის ყველა ერთად აღებული ხელისუფლება, მთავრობაა.

და რაზე საუბრობენ ამ დროს პარლამენტარები? რომ აი, ეკონომიკური ზრდა იმაზე მეტია, ვიდრე ეს დაგეგმილი გვქონდაო. რას ნიშნავს ეს დაგეგმილზე მეტი? ახლა, შენ თუ ერთპროცენტიანი ზრდა დაგეგმე და უცებ ერთნახევარი მიიღე, ეს რამე შეღავათია მოსახლეობისთვის? ხალხმა ამით რაიმე სიკეთე იგრძნო?

ვინ იტყვის, რომ დედაქალაქის მერია პასუხისმგებლობით ეკიდება ხალხის ინტერესებს? გადათხრილია ნახევარი თბილისი, ასე დატოვებულია. აგერ ჭავჭავაძის გამზირზე, ვაკის პარკიდან ზემოთ, სადაც მე ვცხოვრობ, უკვე საშინელებაა. დაელოდნენ მაინცდამაინც წვიმას. ამ წვიმებში ახლა დაიწყებენ გადათხრილზე სწრაფ ტემპში ასფალტის დაგებას, რომელიც სამ თვეში, გაზაფხულზე, ისევ დასაგები იქნება და ამაზე ბიუჯეტიდან მორიგი ფული უნდა წავიდეს. რასაკვირველია, ეს უკვე ხალხისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა; ასეთი განცხადებების რეალური საფუძველიც არსებობს.

_ რაც შეეხება მოსაზრებას – „ეკონომიკური გუნდი საქმისადმი აბსოლუტურად არაპროფესიონალური მიდგომით გამოირჩევა”…

_ ძნელი დასაჯერებელია ჩვენი ეკონომიკური გუნდის პროფესიონალიზმი. საქართველო ხომ არ არის ამერიკა ან რუსეთი, ჩინეთი ან ინდოეთი, ერთი ციცქნა ქვეყანაა და აქ ყველა ყველას იცნობს. დღეს, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია დანიშნო მინისტრი, რომელსაც საზოგადოება არ იცნობდეს, ასე თუ ისე. მაშინ სადღაც მარსიდან უნდა ჩამოიყვანო.

ყველა ყველას იცნობს და უცებ ისეთი ადამიანები ინიშნებიან ძალიან პასუხსაგებ თანამდებობებზე, რომ ეს პროცესი დიდ კითხვის ნიშნებს იწვევს. საუბარია თანამდებობებზე, რომელთა ეფექტიანობაზეც დამოკიდებულია ჩემი, შენი, რიგითი მოქალაქის ცხოვრების დონე. ამ დროს ეს ადამიანები არსაიდან არ მოსულან. საერთოდ, საიდან გამოჩნდნენ? მოვიდნენ ერთადერთი ნიშნით, ნეპოტიზმით. მათი ერთადერთი დამსახურება ის არის, რომ ვიღაც კენწეროში მდგომის ნათესავი, ბიძაშვილი, ცოლისძმა, ცოლის ბიძაშვილი, მეგობარია და ა. შ. ეს არის რეალური პრობლემა.

_ რამდენად ჩანს ქვეყნის მმართველების პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესების მიმართ?

_ რა პროცესიც „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარეობს, აქედან ხელისუფლებას სულ ადვილად შეეძლო მინიმალური დანაკარგებით გამოსვლა, მაგრამ აქაც სახეზეა სრული არაპროფესიონალიზმი. ახლა ერთი ამიხსენით, ვინ ექაჩებოდა ამ ურთმელიძეს, რომ თავის განჩინებაში უადგილო ადგილას გაეკვეხებინა ფრაზები „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკაზე? დაეწყო ჭკუის სწავლება იმის თაობაზე, თუ როგორი რეპორტაჟები უნდა მოამზადონ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებმა?

სულაც არ ვარ „რუსთავი 2“-ის დიდი გულშემატკივარი და ა. შ. სამი წელია უკვე, ბოიკოტი მაქვს გამოცხადებული ამ ტელევიზიისთვის და ჟურნალისტებს ინტერვიუებს აღარ ვაძლევ. თავის დროზე, ამის საფუძველი მქონდა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ზოგიერთი ჩვენი პოლიტიკოსივით ბრმად ვუჭერდე მხარს იგივე მოსამართლის გადაწყვეტილებებს.

გამოდიან პარლამენტარები და აცხადებენ, რომ არავის არ აქვს უფლება, მოსამართლის განჩინებაში ჩაერიოს და შეფასება მისცესო. რას ბრძანებთ? მთელ მსოფლიოში ასეა, სიტყვის თავისუფლება ისევე გვეკუთვნის მე და შენ, როგორც მოსამართლესა და სასამართლოს. ვერავინ აგვიკრძალავს იმას, რომ, ვთქვათ, სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ჩვენი აზრი გამოვთქვათ. ეს არ არის ბიბლია და გარდა ამისა, არც ურთმელიძე არის მოსე წინასწარმეტყველი, რომ მის მიერ დაწერილ განჩინებას აქ კრიტიკის გარეშე შევხვდეთ. ეს არც სახარება და არც ყურანია.

რეალურად, აქაც არაკოორდინებული ქმედებებია. მარჯვენამ არ იცის, მარცხენა რას აკეთებს. მოსამართლე როცა წერს, რომ აქ რეპორტაჟები ცუდი იყოო, უკვე პოლიტიკაზე გადადის. და მეორე დღეს პრემიერი ისევ თავისას ამტკიცებს, რომ ეს ორი სამეურნეო სუბიექტის დავაა, თურმე. ამ დროს იმ ჩვიდმეტგვერდიან განჩინებაში ყველაზე მკრთალად სწორედ სამეურნეო არგუმენტები არის წარმოდგენილი. იქ ძირითადად საუბარია პოლიტიკურ არგუმენტებზე. ამიტომ ესეც არაპროფესიონალიზმია, მეტი არაფერი.

_ არის თუ არა ეს ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე შეტევა?

_ რასაკვირველია, ასეა. ყოველ შემთხვევაში, როგორც მინიმუმი, ამის მცდელობასთან გვაქვს საქმე. სანამ ზემოაღნიშნულ განჩინებას არ გავეცნობოდი, ამ  17-გვერდიან დოკუმენტს, არასოდეს მითქვამს, რომ მსგავს მცდელობას აქვს ადგილი;

ერთი ამბავი მინდა ამასთან დაკავშირებით გავიხსენო: თავის დროზე, როდესაც ვლადიმირ პუტინი ტელეკომპანია `ენტევეს~ ეომებოდა, იმ პერიოდში, სამი-ოთხი თვე, მოსკოვში ვიყავი. მთელი ეს ბატალიები ჩემ თვალწინ ვითარდებოდა. როგორც კი ეს სასამართლო პროცესი დაიწყო, პუტინმა პირველად პარიზიდან თქვა, რომ ეს ორი სამეურნეო სუბიექტის სამეურნეო დავაა, მეტი არაფერიო. ამის შემდეგ რვა თუ ცხრა განჩინება დაიდო აღნიშნულ საქმეზე. ყველგან, იგივე ბასმანის სასამართლოს (რომელიც  ლამის გინესის რეკორდების წიგნში შევიდა უსამართლო გადაწყვეტილებებით) განჩინებაშიც სულ ლაპარაკი იყო სამეურნეო საკითხებზე; ანუ მხოლოდ მოგება, წაგება, ფინანსები, ბიზნესი და ა. შ. და იქ სიტყვა არ იყო დაძრული იმაზე, რომ პუტინი პირდაპირ გააცოფა შენდეროვიჩმა იმ ცნობილი თავისი გადაცემით. თუ გახსოვთ, იყო ასეთი გადაცემა „კუკლი“, ანუ ჩვენებურად თოჯინები. ჩვენი ბასტი-ბუბუ რომ იყო, მსგავსი გადაცემა იქიდან გადმოიღეს, ეს ამერიკული სტილია.

აქ არ ვიცი, ურთმელიძეს უცებ რა ბზიკმა უკბინა, რატომ გადავიდა ასე ბრიყვულად დაუკრეფავში, რად უნდოდა? მას შეეძლო, უფრო ელეგანტურად, რიგითი ობივატელისთვის შეუმჩნევლად, თვალში ცემის გარეშე დაესაბუთებინა თავისი ვერსია; ვთქვათ, დროებითი მმართველების აუცილებლობაზე და ა. შ. თუმცა იურიდიულად იქაც აუცილებლად ბევრი ხარვეზი იქნებოდა, თუმცა იქ უკვე იურისტებს უნდა ებრძოლათ.

მაგრამ როგოც კი მან ჩაწერა, რომ მიზეზი სარედაქციო პოლიტიკის მიმხრობილობა და არაობიექტურობა, უსამართლობაა, ეს რუსული წარმოშობის ფრაზა ახლა უკვე თბილისშიც გავიგე, რომ აი, თქვენ, ჟურნალისტები, ობიექტურები უნდა იყოთო. ასეთი საყვედური კი, რომ თქვენ ობიექტური არ ხართ, არც საფრანგეთში, არც გერმანიაში, არც აშშ-ში არ არსებობს.

თქვენ როგორ გგონიათ, ძალიან მოსწონს ობამას `ფოქსნიუსი~? ეს ცნობილი ამერიკული ტელეარხი, რომელიც დღეში სამჯერ, ბოდიში მკითხველთან და, პირდაპირ ნაკელში რევს ობამას და საერთოდ დემოკრატებს, ვითომ ძალიან მოსწონთ იქ ეს ამბავი? მაგრამ როდესმე გაგიგიათ ევროპელ, ამერიკელ პოლიტიკოსს ჟურნალისტისთვის ეთქვა, რომ ის ტენდენციურია? ასეთი რამ არ ყოფილა, რადგან იქ მიიჩნევენ, რომ ჟურნალისტს აქვს უფლება, გამოთქვას საკუთარი აზრი. რომ ეს აზრი შეიძლება მოსახლეობის უმრავლესობისთვის სუბიექტური იყოს. მაგრამ თუ უმცირესობისთვის ობიექტურია, მასაც აქვს უფლება, მისთვის მისაღები აზრი მოისმინოს. აი, ეს არის ჟურნალისტიკა და მისი მთელი ეშხი.

შენ თუ გინდა, ყველა `პრავდისა~ და `იზვესტიის~ ჟურნალისტებად აქციო, ასე არ გამოვა. რომ ყველამ თქვას, _ დღეს საქართველოში საამური ცხოვრებაა, ფასები არ გაზრდილა, ვალუტის კურსი არ დაცემულა და ჩვენი პარლამენტარები სულ ამერიკელი კონგრესმენებისა და სენატორების დონეზე არიანო _ ამას ვინ დაუჯერებს? არადა, მათი აზრით, ეს იქნებოდა ობიექტური დამოკიდებულება.

_ რამდენად მოსალოდნელი იყო საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია?

_ მოსალოდნელი იყო, რადგან ეს ხომ პირველი შემთხვევა არ ყოფილა, ცარიელ ადგილზე არ წარმოქმნილა? ამ განცხადებებს წინ უძღოდა იგივე ევროპარლამენტის არაერთი განცხადება, იგივე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის და თბილისში ელჩის, მისი წინამორბედის შენიშვნები მართლმსაჯულებაზე; რომ ბრალდებები არადამაჯერებლად იყო დასაბუთებული. რასაკვირველია, მესმის, ჩვენი პარლამენტარები არ იტყვიან, ვაიმე, მიწა ვჭამეთ, მიწა ვჭამეთ, ეს რა მოგვსვლიაო. ესენი ამბობენ, რომ მართლები ვართ და ამაში მათაც დავაჯერებთო, მაგრამ ვერ აჯერებენ და რა ვქნათ, რა ვუყოთ ამ ამბავს?

_ ამ სიტუაციაში ქვეყნისთვის მისაღები გამოსავალი რა შეიძლება იყოს?

_ გააჩნია, თუ ხელისუფლებას მართლა სურს სახის შენარჩუნება დასავლეთის თვალში, თუმცა, როგორც ჩანს, ეს პრობლემა არც აღელვებს. ნატოს გენმდივნის პოლიტიკური მრჩევლის განცხადება იყო, რომ ვარშავის სამიტზე საერთოდ არ განიხილება საქართველოსა და უკრაინის საკითხი. და ერთადერთი, რაც იქ მოსალოდნელია, ალიანსში მონტენეგროს მიიღებენ და მორჩა.

 

                                                                                                  გელა მამულაშილი