რუსული რევანშიზმი და საქართველო

obaaaaaaa

რუსეთის დღევანდელი მდგომარეობა ძალიან მაგონებს გერმანიის 1918 წლის პარიზის ზავის შემდეგ მდგომარეობას. სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი საფუძველი გერმანიაში ფაშისტური მთავრობის წახალისებისა და ნაცისტური იდეოლოგიის გამარჯვების ძირითადი მამოძრავებელი.

1991 წლის 22 დეკემბრის შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი ანალოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. დაინგრა მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი იმპერია. პრაქტიკულად, ამან თავად რუსულ მენტალობაში საბჭოთა კომუნისტურ-ნომენკლატურული  სისტემისგან განთავისუფლება და ამ განთავისუფლებით სიხარული კი არ გამოიწვია, არამედ რევანშის აღება განიზრახა, რომელიც დღეს თავის უმაღლეს ფაზაშია შესული და, პრაქტიკულად, 2008 წლის საქართველო-რუსეთის აგვისტოს ომის შემდეგ ამ რევანშულ იდეაზე იმპერიის აღდგენა უკვე ქმედითი ნაბიჯების გადადგმით დაიწყო. დღეს რუსეთი ყველა მიმართულებით ახდენს თავისი იმპერიული სტრუქტურის შექმნას: საქართველო _ ოკუპირებული რეგიონები; უკრაინა _ ყირიმის ანექსია, დონბასის ღია აგრესია; სირია; ევროპული სახელმწიფოების ატომური ბომბებით შანტაჟი.

ამ იმპერიის აღდგენის მთავარი ფრაზა ვლადიმერ პუტინმა წარმოთქვა ბერლინში: „საბჭოთა კავშირის დანგრევა იყო დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა“.

ალბათ, გვახსოვს, საბჭოთა კავშირის დანგრევამდე დასავლეთის პოზიცია ამ საკითხზე. განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების, რომელიც მომხრე იყო დასავლეთის დამჯერი მოდერნიზებული იმპერიის შენარჩუნებისა და ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმებას მკაცრად უჭერდა მხარს, რამაც, მაგალითად, საქართველოსა და აზერბაიჯანში ეროვნული მთავრობების დამხობას შეუწყო ხელი, რაც რუსეთის უშუალო ხელდასხმით განხორციელდა.

ჩემი აზრით, ეს დასავლეთის ილუზორული პოლიტიკის შედეგი იყო. არ განიხილეს ის შესაძლებლობა, რომ რუსეთში საბჭოთა კავშირის დანგრევით წარმოიშვა ახალი რევანშისტული მოძრაობა იმპერიის აღდგენის შესაძლებლობით, რომელმაც წლების განმავლობაში, ევროპისა და ამერიკის წაყრუებით, უდიდეს საფრთხეს შეუქმნიდა მსოფლიო თანამეგობრობას. ეს საფრთხე ახლა რეალურია, ხოლო დაახლოებით 20 წლის წინათ დასავლეთს კიდევ ჰქონდა იმედი, რომ მოახერხებდა რუსეთის დემოკრატიზაციას და შეინარჩუნებდა იმ ბალანსს რაც 1991 წლის 11 დეკემბრის შემდეგ წარმოიშვა. თუმცა ეს ხანა დასრულდა 2000 წლის პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. რუსეთმა ძალიან ფრთხილად დაიწყო თავისი რევანშისტული მიზნების განხორციელება და იმპერიის აღდგენისკენ მწყობრი ნაბიჯით წავიდა.

2008 წლის აგვისტოს საქართველო-რუსეთის ომი ის რუბიკონი იყო, რომელიც რუსეთმა გადალახა და ეს საკმაოდ დიდი ფსიქოლოგიური მზადებით შეძლო.

რუსული რევანშიზმის დასაწყისად უნდა ჩაითვალოს 1991 წლის 22 დეკემბერს საქართველოში დაწყებული და განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალება. სწორედ აქედან დაიწყო რუსული რევანშიზმი. ვინაიდან რუსეთი ცდილობდა, გადამწყვეტი მომენტისათვის ისეთი სივრცე შეექმნა, რომელიც მას საშუალებას მისცემდა, დროში ღიად დაეფიქსირებინა ამ რევანშიზმის ძირითადი მიმართულებები. დასავლეთი ამ დროს დუმდა. სწორედ ამ რევანშიზმს ემსახურებოდა საქართველოში გაყინული კონფლიქტები და ამას იმანაც შეუწყო ხელი, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, პრაქტიკულად, არ არსებობდა. რუსეთის იმპერია ამ რევანშიზმში გამოშუშდა და 2008 წლის შემდეგ უკვე გააცხადა თავისი იმპერიული ზრახვების შესახებ, რაც უკვე ცხელ ფაზაშია შესული.

რა არის რუსეთის რევანშიზმის საფუძვლები? რა არის მისი წარმოშობის მიზეზები? რა არის მისი ნამდვილი მიზანი? როგორ ხორციელდება ეს რევანშიზმი?

თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის დროს პოსტსაბჭოთა სივრცეში დიდი ფინანსური მაქინაციები მიმდინარეობდა, უფრო დეტალურად შევძლებთ, განვიხილოთ ის საკითხები, თუ რა არის რუსული რევანშიზმის ძირითადი ასპექტები, როგორ ხორციელდება ის, რა განხორციელდა ამ რევანშიზმის აღორძინებისთვის და როგორ მომზადდა ეს ყოველივე.

საბჭოთა კავშირის დაშლისას პარტიულმა ნომენკლატურამ მოახერხა და საბჭოთა კავშირიდან გაიტანა უზარმაზარი რაოდენობის თანხა, დაახლოებით 180 მილიარდი დოლარი. აღნიშნული თანხები განთავსდა გერმანიისა და მარსელის ბანკებში. დასავლეთისთვის ამხელა თანხის შედინება არ ყოფილა შეუმჩნეველი და ამ თანხებს, ზოგადად, `სკკპ კაპიტალი~ უწოდეს. აღნიშნული თანხების გატანა საბჭოთა კავშირიდან ხორციელდებოდა, ძირითადად, 1988-89 წლებში. საბჭოთა ხელისუფლება ახერხებდა ამ ფულის დაბინავების, კავშირების მოპოვებისა და დახვედრა-დაგეგმვის ოპერაციებს (გაზეთი „სოვიეტ ენელისტ“ 1992 წ. აპრილი).

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთში ჩამოყალიბდა ოლიგარქთა საკმაოდ მოზრდილი ჯგუფი, რომელიც ელცინის პრეზიდენტობის ჟამს გარკვეულ კასტად იქცა. სწორედ ამ ოლიგარქიულ და პოლიტიკურ ოლიგარქიულ კასტებში, ვინც დღეს წარმოადგენს რუსეთის ეკონომიკასა და პოლიტიკურ ელიტას, რუსული რევანშიზმი ყალიბდებოდა. ელცინის გადადგომის შემდეგ და პუტინის პრეზიდენტად დადგომისას, პრაქტიკულად, რუსული რევანშისტული სკოლის გამარჯვება და მასზე ამ ოლიგარქიული კლანის დაქვემდებარება მოხერხდა. ის ოლიგარქები, რომლებმაც პუტინს წინააღმდეგობა გაუწიეს, ზოგი ციხეში აღმოჩნდა, ზოგიც რუსეთიდან გაიქცა.

რუსული რევანშიზმი, რომელიც ელცინის პრეზიდენტობის დროს გამოშუშდა, პუტინის მეშვეობით ღია სცენაზე გამოვიდა. სცენაზე გამოსვლა მოხერხდა იმის გამო, რომ ეკონომიკურ-ოლიგარქიული და პოლიტიკურ-ოლიგარქიული სისტემის სინქრონიზაცია განხორციელდა პუტინის მიერ, რომლის იმპერიული ამბიციები უკვე გასცდა პოსტსაბჭოთა სივრცეს და სირიაში გადაინაცვლა, რათა მის პოლიტიკას საერთაშორისო კონტექსტიც შეეძინა.

ამაზე ყურადღების გამახვილება პირდაპირ კავშირშია რუსულ იმპერიულ რევანშიზმთან, რომელსაც მცდელობა აქვს, საბჭოთა კავშირის პოლიტიკური მემკვიდრეობა აღადგინოს.

შეიძლება დავასახელოთ რამდენიმე ასპექტი, თუ როგორ განვითარდა რუსული იმპერიული რევანშიზმი:

1. გაზისა და ნავთობის ოლიგარქიულ (ეკონომიკურ-პოლიტიკური) ინტერესებში ჩართვა და მასზე წლების განმავლობაში მაღალი ფასების შენარჩუნება, რამაც ეს რევანშიზმი ფინანსურად გააძლიერა;

2. სახელმწიფო სისტემის ავტორიტარულ სისტემად გარდაქმნა;

3. სახელმწიფოს ფედერალური პოლიტიკის მაქსიმალური ცერნტრალიზაცია;

4. სახელმწიფო ორგანოების კორუფციული სისტემის არაღმოფხვრა, რაც სახელმწიფო პოლიტიკური ოლიგარქიის მართვისა და დაქვემდებარების შესანიშნავი ბერკეტია;

5. პოლიციის, ჯარის, სამოქალაქო ინსტიტუტების სპეციალურად არარეფორმირება და პოსტსაბჭოთა სისტემაზე დატოვება, რაც ასევე  ოლიგარქიულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ გუნდს საშუალებას აძლევს, გავლენა იქონიოს სახელმწიფოზე და საზოგადოება მორჩილებაში ჰყავდეს.

XX საუკუნის 20-იან წლებში ბოლშევიკების მიერ, სტალინის მეთაურობით, შეიქმნა ახალი მოდერნიზებული იმპერია „საბჭოთა კავშირი“, რომლის გაფართოებისა და საბოლოოდ ფორმირების ეტაპი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დასრულდა. ომის შემდეგ ამ იმპერიამ, დაახლოებით, 46 წელი იარსება. მაშინდელი იმპერიის შექმნის სტრუქტურაც დიქტატორული და ტოტალიტარული იყო, მაგრამ ის ძალიან განსხვავდებოდა რუსეთის დღევანდელი რევანშისტული იმპერიული პოლიტიკისგან. სტალინის დროინდელი ბოლშევიკური პარტიის ძირითადი სწორება სახელმწიფოზე იყო. იმ დროს არ არსებობდა ის გახრწნილი სისტემა, რომელიც დღეს მოქმედებს. მაშინდელმა სახელმწიფოს ცენტრალიზებულმა მართვამ თავისი შედეგი გამოიღო და რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, გარდა 15 სახელმწიფოსი, მოექცა აღმოსავლეთ ევროპა სრულად, _ შეიქმნა სამხედრო-პოლიტიკური უძლიერესი ბლოკი, რომლითაც საბჭოთა კავშირი თავის გეოპოლიტიკას წარმარტავდა. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო წყობა ტოტალიტარული იყო, მიმართულება პოლიტიკის გახლდათ არა ოლიგარქიული, არამედ სახელმწიფოებრივი.

დღევანდელი სისტემა დღე და ღამესავეთ განსხვავდება მაშინდელი სისტემისაგან. მეტიც, დღევანდელი იმპერიული რევანშიზმი დამოკიდებულია ოლიგარქიულ ეკონომიკურ-პოლიტიკურ სისტემაზე და არ არის სახელმწიფოებრივი. ის ინდივიდუალურ (პიროვნულ) ნიშნებს ატარებს. სწორედ ეს არის ის სუსტი წერტილი და აქილევსის ქუსლი, რისი გადატანაც ახალ რევანშიზმს ძალიან უნდა გაუჭირდეს.

სრულიადაც არაა საკმარისი გაცხადებული რევანშისტული პოლიტიკის წარმატებისათვის ის მექანიზმები, რაც პუტინის პოლიტიკურმა ელიტამ შექმნა. ვფიქრობ, რომ ამ ელიტის რევანშისტულ იმპერიული პოლიტიკა უფრო ფსევდოიმპერიულია და გათვლილია სწორედ იმ ინდივიდუალურ ოლიგარქიული ფულის შენარჩუნებაზე, რაც ამ წრემ პუტინის მეთაურობით მოიპოვა. მარტივად ამას ეკონომიკურ-პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნება ჰქვია.

ჩემი აზრით, რომელიც, შესაძლოა, საკამათოც იყოს, პუტინის რევანშისტული პოლიტიკის წარმოება ფასადია იმ ძალაუფლების შენარჩუნებისკენ, რაც მან ხელში ჩაიგდო. ნებისმიერი გეოპოლიტიკური საკითხის განჭვრეტა სწორედ ოლიგარქიული ძალაუფლების შენარჩუნება-განმტკიცებას ემსახურება და, პრაქტიკულად, პუტინის მიერ ნათქვამია დიდი ტყუილი რუსეთის ძლევამოსილების აღდგენის კუთხით. რუსული რევანშისტულ იმპერიული პოლიტიკა ეს არის ფასადი ოლიგარქიული ძალაუფლების შენარჩუნებისა და არა რუსეთის დიდების მიღწევისათვის. ამ ყველაფრის ნათელი მაგალითია „გაზპრომის“ საქმიანობა, რომელიც ამ პოლიტიკურ-ეკონომიკური ოლიგარქიის უნიკუმია. მაშინ, როდესაც სტალინის დროს ეს აბსოლუტურად სხვაგვარად მიმდინარეობდა და წარმატებაც გარანტირებული იყო. „გაზპრომის“ სახელმწიფოებრივი პოლიტიკა ისევ ამ ოლიგარქიული წრის ინტერესებს ემსახურება, უბრალოდ, გეოპოლიტიკურ მასშტაბებში, რომლის წარმატებებს სახელმწიფოებრივი ცნობიერება არ უწყობს ხელს. ეს არის მშრალი რევანში, თუმცა ის საკმაოდ სერიოზულ ზიანს აყენებს მსოფლიო გეოპოლიტიკურ განლაგებას და ძალიან სერიოზულ ძალად არის წარმოჩენილი.

დღევანდელი რუსული რევანშისტულ იმპერიული პოლიტიკის მარცხი მხოლოდ დროის საკითხია. თუ ამ საკითხს დეტალურად მივუდგებით, მსგავსი პოლიტიკის წარმოებაში პუტინს ხელს არაფერი უწყობს _ არც მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობა, არც შიდა პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივ- სამხედრო სტრუქტურა, რომელიც გახრწნილია და არც ეკონომიკურ-ოლიგარქიული სტრუქტურის დაცვის მექანიზმი, რომელიც ქურდულ-მაფიოზური წრეებიდან ხორციელდება. სწორედ ეს გვაფიქრებინებს, რომ რუსული იმპერიულ რევანშისტული პოლიტიკის ბაზისი არის გახრწნილი და მას ძნელად შეუძლია დაუპირისპირდეს ისეთ მწყობრ, ლეგალურ დასავლურ სტრუქტურას, რომელსაც ასე თავგამოდებით ებრძვის. ამიტომ ეს რევანშისტული იმპერიული პოლიტიკა სწორედ ამ გახრწნილი სისტემის დაცვას ემსახურება, რომელიც მკაცრად ინდივიდუალურია და სახელმწიფოს ინტერესები ძალიან ქვედა ხარისხზეა გათვალისწინებული.

თუნდაც საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა რუსეთის იმპერიული პოლიტიკის მიერ სწორედ ამ ოლიგარქიული სისტემის შენარჩუნება-განმტკიცებას ემსახურება. ეს არის რუსული ღირებულებები, რაც, ზოგადად, სახელმწიფოს ღირებულებებთან კორელაციაში ვერ მოდის. ამიტომ მისი მარცხი გარდაუვალია, ისევე როგორც სტალინის იმპერიის მარცხი იყო გარდაუვალი, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ინტერესს გაცილებით მაღალ ხარისხში განიხილავდა, უსისტემობამ, ან არასწორმა სისტემამ გამოიწვია სწორედ ის, რაც მოხდა 1991 წლის 11 დეკემბერს _ სსრკ-ს დაშლა.

სტალინის პოლიტიკურ სისტემაშიც სჭარბობდა ინდივიდუალიზმი. პიროვნების სიძლიერეზე და ნებაზე იყო დამოკიდებული წარმატებები და ის ვერ მოექცა ისეთ სისტემაში, რომელსაც შეეძლო ამ ინდივიდუალური პოლიტიკური პერსონის ჩანაცვლება, რამაც სსრკ-ს დაშლა გამოიწვია პოლიტიკურად, ხოლო ეკონომიკური კოლაფსი გეგმური ეკონომიკის პროდუქტი იყო, რომელსაც საშუალება არ ჰქნოდა, მოქნილი ყოფილიყო და ელემენტარულად არ გააჩნდა შესაძლებლობა, კრიზისიდან გამოსულიყო, ისევე როგორც დღევანდელ რუსეთს ამის ნაკლები შანსი აქვს, თუ არ მოხდა რუსეთში სისტემური ცვლილებები და არ შეიცვალა ის ოლიგარქიული სისტემა, რომელმაც საბჭოთა კავშირის პარტიული ნომენკლატურა ჩაანაცვლა. ამ ინდივიდუალიზმის ფორმით სტალინისა და პუტინის რუსეთი ერთმანეთს ძალიან ჰგავს.

დღეს ამერიკის პოლიტიკა, ძირითადად, რუსეთის პოლიტიკურ-ოლიგარქიული სისტემის რღვევას ემსახურება, საინტერესო იყო რამდენიმე წლის წინათ ობამას მიერ პუტინის მისამართით ნათქვამი ორაზროვანი ფრაზა, რომ მას ერთი ფეხი ძველ რუსეთში აქვს და მეორე ახალ რუსეთში. ეს ფრაზა სერიოზულ მინიშნებად უნდა ჩაითვალოს, რომ ამერიკული პოლიტიკა სწორედ რუსულ ოლიგარქიულ ხერხემალზე დარტყმას ახორციელებს. რუსული ოლიგარქიულ-რევანშისტული სისტემის დანგრევა პირდაპირ შეიძლება იყოს დამოკიდებული პუტინის პერსონასთან, რომლის განეიტრალებაც შესაძლოა, საკმარისი აღმოჩნდეს ამ სისტემის რღვევისა. ამიტომ ვფიქრობ, ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება.

საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი სახის ურთიერთობა და ჩართვა ამ რუსულ სივრცეში, ეს იქნება „გაზპრომთან“ ხელშეკრულების გაფორმება, აფხაზეთის მონაკვეთის რკინიგზის გახსნა თუ რუსული სამხედრო გზის გაშვება, ძალიან საზიანო იქნება საქართველოს სტრატეგიული ინტერესებისთვის და სტრატეგიული პარტნიორებისთვის. უფრო მეტი, შესაძლოა საქართველო ასეთი უპასუხისმგებლო პოლიტიკით დიდი პრობლემა გახდეს თავისი პარტნიორებისთვის და რუსული სივრცის ნაწილად იქცეს, როგორც დღეს სომხეთის სახელმწიფოა.

 

                                                                                                ირაკლი მარგველაშვილი