რატომ მოკლეს და რატომ კლავენ ქართველ რემბოს?

1010

ბეგი მამალაძე ქართველი რემბო იყო. ის რეპის მომღერალი და არაჩვეულებრივი სიმძაფრის პოეტი და მუსიკოსი გახლდათ, რომელიც 18 წლის ასაკში უმოწყალოდ გამოასალმეს სიცოცხლეს ცხოვრების დაუნდობელი რეჟიმის ჯალათებმა. მისი პოეზიის სტილი ართურ რემბოს სტილს წააგავდა _ ძალიან, ძალიან ახალგაზრდა და საოცრად ღრმა; მისი ცხოვრების სტილი კი სილვესტერ სტალონეს გმირის, რემბოს ცხოვრებას წააგავდა. ვაჟა-ფშაველასი არ იყოს, ის ვერ იტანდა უსამართლობას და მუშტით ჩხუბობდა კიდევ ამ უსამართლობის წინააღმდეგ. ის საოცარ ლექსებს და სიმღერებს ქმნიდა ძალიან პატარა ასაკში იმისათვის, რომ მისი ვარსკვლავი მისი დაუნდობელი მკვლელობის შემდეგ ამოსულიყო ქართული პოეზიისა და ხელოვნების ცაზე. 2012 წელს ბეგი მამალაძემ ართურ რემბოსავით სრულიად ახალგაზრდამ თამამად თქვა: „მე ვხედავ“ და უარი თქვა უსამართლობაზე, თვალის დახუჭვაზე. მან დაინახა „კოლექტიური მეგის ქარდავას“ მიერ ჩადენილი საშინელი უსამართლობა და ამის შესახებ პირდაპირ განაცხადა. თუმცა იმავე წლის დეკემბერში მან აგრეთვე დაინახა, რომ „ნაცისტური“ რეჟიმის მხევალი „ქოცების“ პოლიტიკური კონიუნქტურისა და კოჰაბიტაციის მონებად იქცნენ და მან დაწერა თავისი მეორე შედევრი: „30 ვერცხლად ისევ გვყიდიან“. ის ვერც „ნაცისტურ“ და ვერც ლიბერალურად შელამაზებულ უსამართლობას ვერ შეეგუა. პოეტს არ გააჩნია არჩევანი _ ის მუდამ სიმართლეს უნდა ამბობდეს. და ბეგი მამალაძე ცხოვრების ბოლომდე სიმართლეს ამბობდა. მან ძალიან ახალგაზრდა ასაკში უარი უთხრა ჩვენი დროის ჭირს _ „კოლექტიურ მეგის ქარდავას“ და მის „ნაცისტურ“ რეჟიმს _ და ის ასევე ძალიან ახალგაზრდა ასაკში ნიღაბამოფარებულმა როინ ქარდავამ გამოასალმა სიცოცხლეს _ ცხოვრების ყველაზე დაუნდობელი რეჟიმის დარაჯმა. ბეგი მამალაძე ამ საშინელი მკვლელობით მაინც ვერ მოკლეს. მან უკვე უმღერა სიმღერა უსამართლობით დაღუპულ ბიჭებს: სანდრო გირგვლიანს, ბუტა რობაქიძეს, ზურა ვაზაგაშვილსა და სხვებს. დიახ _ მან დაინახა და თვალი არ დახუჭა _ მას არ შეეშინდა სიკვდილის, რომელსაც თვალებში ჩახედა თავისი ამ ლექსით. მან მისი პოეტური ხაზებით სიკვდილს აჯობა. ბეგი მამალაძე პოსტინდუსტრიული დილანი იქნებოდა, მისი ცხოვრება რომ გაგრძელებულიყო _ მაგრამ ის ქართული პოეზიის კაშკაშა ცაზე ავიდა, როგორც ქართველი რემბო, რომელიც ვერ შეეგუა საზოგადოების კონფორმიზმს, ნივთმოყვარეობას, კარიერიზმს. ისევე როგორც მისმა უფროსმა თანამოკალმემ, პაკო სვიმონიშვილმა, მანაც უარი თქვა იმაზე, რომ არ დაენახა სილამაზე და ცხოვრება მხოლოდ არსებობად ექცია.

და მაინც, რატომ მოკლეს პოეტი ბეგი მამალაძე „კოლექტიური მეგის ქარდავას“ ნაცრისფერმა იდეურმა მემკვიდრეებმა _ როინ ქარდავამ და მისმა მეგობარმა ლაშა ტუხაშვილმა და რატომ მიჰყავს გამოძიებას საქმე ისევ ისე, როგორც 2006 წელს მიჰყავდა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე? ნიღაბს ამოფარებულმა როინ ქარდავამ 18 წლის უნიჭიერესი ქართველი პოეტი უმოწყალოდ, ზურგიდან დანის ჩარტყმით სიცოცხლეს გამოასალმა და მისმა თანამონაწილემ მას ხელები შეუბორკა… მაგრამ გამოძიებას საქმე ისე მიჰყავს, რომ ლაშა ტუხაშვილი, რომელიც, ყველა ნაცნობის აზრით, მხოლოდ და მხოლოდ, მკვლელობის თანამონაწილე იყო, ამ საქმიდან მშრალად გამოძვრეს _ და ქარდავას მხოლოდ პატარა სასჯელი მიესაჯოს, როგორც, თავის დროზე, გირგვლიანის მკვლელებს. მკვლელი, ქარდავა, ამ საშინელი ტრაგედიიდან 1 საათში დააკავეს, მისი თანამზრახველი ლაშა ტუხაშვილი კი ცოტა ხანში თავად გამოცხადდა პოლიციაში და თავის მეგობარს მყისვე „ხელი დაადო“. როგორ გავიგოთ ასეთი ოპერატიულობა? ისევე როგორც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში _ აქაც დიდი ეჭვი ჩნდება იმისა, რომ ქარდავასთვის სასჯელის შემცირების ერთადერთი გზა სწორედაც რომ ტუხაშვილის ჩვენებაზე გადის. ამ დროს ხდება ის, რომ ამ საქმეზე პატივცემული „ნანაცარი“ „ნაცარ-შემყრელი“ პროკურატურა გამომძიებლად მის არათუ მოგვარეს, არამედ სრულებით იდენტური სახელის მქონე პირს, ლაშა ტუხაშვილს ნიშნავს. დავიჯეროთ, ეს ისევ უბრალოდ დამთხვევაა? ძალიან მეეჭვება, რომ ეს ასე იყოს. სამწუხაროა და ტრაგიკულია, რომ დღევანდელი პროკურატურისა და შსს-ს ზოგიერთი ქმედება ძალიან ჰგავს „კოლექტიური მეგის ქარდავასა“ და „ნაცისტური“ რეჟიმის ქმედებებს. ისევ პოლიციური რეჟიმი, ისევ ტყუილი დაპატიმრებები, ისევ ნიღბიანი მკვლელობები და მათი ჩაფარცხვა. როინ ქარდავას მიერ ნიღბით და წინასწარ განზრახვით ჩადენილი საშინელი მკვლელობა არაფრით იქნებოდა შესაძლებელი, თუ არა დამხმარე ხელი. ეს იყო ჯგუფური მკვლელობა, ისევე როგორც სანდრო გირგვლიანის შემთხვევაში! და ამ მკვლელობის ჩაფარცხვის მცდელობაც, ისევ და ისევ, ისე მიდის, როგორც ეს „ნაცისტების“ დროს ხდებოდა. მოკლედ, ქართველი რემბო _ ართურ რემბოს პოეტური მემკვიდრე და სილვესტერ სტალონეს რემბოს ცხოვრებისეული ანალოგი… მაგრამ სულით ქართველი და მოჯანყე ხელოვანი _ ტატო ბარათაშვილის, მოჩხუბარი ვაჟა-ფშაველას და გაუტეხელი პაკო სვიმონიშვილის თანამოძმე. მოკლეს ინდუსტრიის დასამარების სიმბოლისტი. და ახლა ამას ისევ გვიმალავენ, ისევ „განტევების ვაცებზე“ ტეხენ ყველაფერს. იმედია, მოსამართლე იგივეს არ იზამს, რაც მისმა კოლეგა ჩემიამ გააკეთა 2006 წელს. იმედია!

ეს არის მკაცრი გაფრთხილება ხელისუფლებას და სასამართლოს: დიახ, ამ ახალგაზრდა პოეტის მკვლელობა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს და `კოლექტიური მეგის ქარდავას~ ყველა წევრი შესაბამისად უნდა მიეცეს პასუხისგებაში.

ფრანგულ ბურჟუა საზოგადოებას ართურ რემბო ტყვიით ან დანით არ მოუკლავს _ მან ის გულგრილობით მოკლა. ჩვენ ჩვენი რემბო ჯერ დანით მოვაკვლევინეთ და ვერ დავიცავით და ახლა სასამართლო, იმედია, მას გულგრილობითაც არ მოკლავს.

ბეგი მამალაძემ ხომ უკვე აჯობა სიკვდილს და მის მკვლელებსაც _ საკუთარი სიმართლით და სულის სილამაზით. ის უკვე უკვდავია _ და ნუ შეეხებით მას…

 

                                                                                                ირაკლი კაკაბაძე