ფსევდოალტრუისტული მთავრობა და „აბრეშუმის გზა“

88

თბილისში „აბრეშუმის გზის ფორუმი“ გაიმართა, რომელშიც 30-ზე მეტი ქვეყნის 800-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა. შეხვედრის ძირითადი ნაწილი საქართველოს ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალის განხილვას დაეთმო.

ფორუმზე გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს საგადასახადო სისტემაზე, ბიზნესის დაწყების მარტივ პროცედურებზე, კორუფციის დაბალ დონესა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების რეიტინგებში საქართველოს წარმატებულ პოზიციებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველო პატარა, მაგრამ სტრატეგიული მდებარეობის და უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალის მქონე ქვეყანაა, სადაც უცხოური ინვესტიციების უპრეცედენტო ზრდა შეინიშნება.

პრემიერ-მინისტრმა ფორუმის მონაწილეებს აცნობა, რომ საქართველოს ბაზარზე ახალი უცხოელი ინვესტორების მხარდასაჭერად შექმნილია მრავალმილიარდიანი საპარტნიორო და თანაინვესტირების ფონდები.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებითვე, აბრეშუმის გზის გასწვრივ არსებობს საქმიანი თანამშრომლობისა და ვაჭრობის უდიდესი პოტენციალი და ამ გზის ხელახლა დაბადების ძირითადი მამოძრავებელი ძალა ბიზნესია. პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობა მომავალშიც ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ უზრუნველყოს ინვესტიციების წარმატება და ინვესტორთა მხარდაჭერა.

„ჩემი მთავრობის მიზანია, საქართველოს გადაქცევა აყვავებულ ქვეყნად, რომელიც გონივრულად იყენებს თავის მდებარეობას სასიცოცხლო მნიშვნელობის გზაჯვარედინზე აღმოსავლეთსა და დასავლეთსა და ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის“, _ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მან „აბრეშუმის გზის ფორუმის“ მონაწილეებს მიმართა, რომ მათთვის საქართველოში ინვესტირება ისეთივე უსაფრთხოა, როგორც ევროპის ნებისმიერ სხვა ქვეყანაში.

 

არსებულ რეალობასა და „აბრეშუმის გზის“ პერსპექტივებზე „ქრონიკა+“ ექსპერტ დემურ გიორხელიძეს ესაუბრება:

_ ბატონო დემურ, როგორ შეაფასებთ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ მნიშვნელობას და მასთან დაკავშირებულ მოლოდინებს?

_ ნებისმიერი საერთაშორისო ფორუმი ასეთ მნიშვნელოვან პროექტზე ყოველთვის კარგია, მიუხედავად იმისა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. მეორე მხრივ, პრობლემა არის ძალიან სერიოზული და პროცესების ასე გაიოლება არ შეიძლება. ჯერ ერთი, ისტორიულად აბრეშუმის გზა საქართველოზე არასოდეს გადიოდა. აბრეშუმის გზა, თანამედროვე გაგებით, ეს არის აღმოსავლეთ-დასავლეთის საკომუნიკაციო სისტემის შექმნა და, ფაქტობრივად, ამ მაგისტრალზე განვითარდება 21-ე საუკუნის ძირითადი ეკონომიკა.

ბუნებრივია, ეს მასშტაბი დიდ პოლიტიკურ დაინტერესებას განაპირობებს ამ საკითხისადმი და აქ მთავარი სწორედ პოლიტიკური თემაა, რომელსაც საქართველოში ყურდღებას არ აქცევენ; რამდენადაც მეზობელი ქვეყნები, განსაკუთრებით ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი, ასეთ პროექტს ძალიან სათავისოდ უყურებს და მიაჩნია, რომ სწორედ მას შეუძლია ამ ფუნქციის გატარება, ის მშვიდად ვერ შეხვდება ამ ყველაფერს. ამიტომ ისმის კითხვა, თუ რამდენად მასშტაბურად შეიძლება იქნას ეს შეთანხმება მიღწეული მსოფლიოს მთავარ მოთამაშეებს შორის?

ამ დონეზე თუ არ იქნა შეთანხმებები მიღწეული, ეს პროექტი, ჯერ ერთი, არ რეალიზდება და მეორეც, უზარმაზარ რისკებთან იქნება დაკავშირებული, თუკი იგი კონფრონტაციულ რეჟიმში წარიმართება.

ამიტომ, მოდით, ასე ვთქვათ, ეს არ არის ეკონომიკური საკითხი. ეს, უპირველესად, წმინდა პოლიტიკური საკითხია და პოლიტიკური თანხმობა ამ პროექტის ირგვლივ განაპირობებს მის წარმატებას. შესაბამისად, არ ვფიქრობ, რომ ასე მარტივად შეიძლება აღნიშნული პროექტის რეალიზება. მით უმეტეს, ფაქტობრივად, ეს სრულიად ახალი სქემაა აღმოსავლეთ-დასავლეთის კავშირისა და აქ არ შეიძლება არაერთი ჩვენი მეზობლის ინტერესები იკვეთებოდეს.

_ პოლიტიკური შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, ქართულ მხარეს რა კონკრეტული დივიდენდების მიღება შეუძლია ამ პროცესიდან?

_ პოლიტიკური დივიდენდები აშკარაა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ თუ ასეთი გრანდიოზული პროექტი მსოფლიოს მთავარი მოთამაშეების შეთანხმების ფარგლებში გაკეთდება, ეს ქვეყნისთვის სტაბილურობის მომასწავებელია. არავინ იქნება დაინტერესებული, რომ ასეთ მნიშვნელოვან კვანძს, როგორიც კომუნიკაციაა, რაიმე საფრთხეები შეექმნას, რადგან იგი შეაფერხებს უზარმაზარ მოძრაობას ტვირთებისა და ამით ზიანს მიაყენებს უამრავ კომპანიასა და ქვეყანას.

ფაქტობრივად, ეს არის ფუნქციონალური ტვირთის აღება უზარმაზარ, მსოფლიო ეკონომიკურ-პოლიტიკურ თამაშში. და ეს, პირველ რიგში, პოლიტიკური დივიდენდია. თავისთავად ცხადია, ეკონომიკური თვალსაზრისითაც სარგებლობის მეტს აქ ვერაფერს მიიღებ.

ცხადია, მხოლოდ ამ პროექტით, გნებავთ, ამ გზით ქვეყანა ვერ განვითარდება. მას თავისი შიდა რესურსები აქვს და ის სათანადოდ უნდა განავითაროს. ასეთმა პროექტმა შეიძლება ხელი შეუწყოს ქვეყანას განვითარებაში, მაგრამ მე არ მომწონს საქართველოს მთავრობის დამოკიდებულება. გადაჭარბებულია ამ პროექტის დღევანდელი შეფასება, რადგან ეს შემდეგი ეტაპის პროექტია. ხოლო პირველი ეტაპის პროექტია საქართველოს სტაბილური განვითარების რეჟიმში გადაყვანა, მისი ადამიანური, მატერიალური და ფინანსური რესურსების განვითარებაზე მიმართვა.

საშინაო პოლიტიკა ძალიან ცუდია, ამიტომ მე ასეთ ვითარებაში რაღაც განსაკუთრებულ პერსპექტივებს ვერ ვხედავ.

_ ასეთი ტიპის ინვესტიციების განხორციელებისას ხშირად ადგილობრივი დასაქმებულის დაჩაგვრა ხდება, ნაკლები ხელფასის გადახდა, შრომითი უუფლებობა და ა. შ.

_ თუკი ამ მაგისტრალის რეალიზაცია მოხდება, აქ დაჩაგვრაზე ხაზგასმით არ შეიძლება იყოს საუბარი, რასაკვირველია, თუ ქვეყანა განვითარების გზას ადგას; რადგან, ამ შემთხვევაში, ყველა ნახულობს თავის ნიშას.

იმ პირობებში, როდესაც მოსახლეობის 70% უმუშევარი გყავს, ბუნებრივია, ის რამდენიმეწლიანი ინვესტიციებიც, რომელიც ამ პროექტის რეალიზაციაზე უნდა წავიდეს, ძირითადად, უცხოური მუშახელის ხარჯზე გაკეთდება, რადგან შენი არაკვალიფიციური და, ფაქტობრივად, უმუშევარი ადამიანების დასაქმება არ აქვს ასეთ პროექტებს მიზნად დასახული. ყველა შემთხვევაში, პროექტის განმახორციელებლები ასეთ ალტრუისტულ განწყობებზე არ არიან ხოლმე, როგორც წესი. პრაგმატიზმი მაინც პრაგმატიზმია.

ამ საკითხებს ჩვენ უნდა მოვუაროთ. ამიტომ ვამბობ, რომ ქვეყნის განვითარების რელსებზე გადაყვანა აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც არის 70% უმუშევარი, ამ პროექტის რეალიზაცია რომც დაიწყოს, შეიძლება ამის შემდეგ 60% იყოს უმუშევარი. სხვა რა შეიცვლება?

თუ ქვეყნის შიგნით არაფერი იცვლება, მცირე და საშუალო ბიზნესი არ ვითარდება, კონკურენცია, ეკონომიკური აქტივობა არ არის, თუ ფული ხელმიუწვდომელია და ა. შ. კი ბატონო, გაკეთდეს მაგისტრალი, მისით ყველა ისარგებლებს, ღარიბი ქვეყანა კი ისევ ღარიბ ქვეყნად დარჩება.

 

სოსო ცინცაძე _ დიპლომატიური აკადემიის რექტორი, პოლიტოლოგი:

_ აბრეშუმის გზას ისტორიული პერსპექტივა აქვს, მაგრამ ეს სამომავლო ისტორია დღევანდელ რეალობად როდის იქცევა, ძნელი სათქმელია. თუმცა ჩინელებმა აბრეშუმის გზის ზოგიერთი მონაკვეთი უკვე აითვისეს. უკვე ერთი წელია, ჩინელები ტვირთს გზავნიან სწორედ ამ აბრეშუმის გზით ევროპაში.

რეალურად, აქ რამდენიმე მარშრუტია და მხოლოდ ერთ გზაზე არ არის საუბარი. ამიტომ ამაში ცუდი არაფერია და ყველაფერი პერსპექტივაზე არის დამოკიდებული. დღევანდელობა ხომ მუდმივი მონაცემი არ არის, დღეს ასეა და ხვალ შეიძლება სულ სხვა რეალობა იყოს. ამიტომ სტრატეგიული თვალსაზრისით, რასაკვირველია, ეს ძალიან დიდი პერსპექტივაა.

რატომ გაქრა თავის დროზე ძველი აბრეშუმის გზა? იმიტომ, რომ იმდროინდელი რეალობა კარდინალურად შეიცვალა. დღესაც სულ ადვილად შეიძლება შეიცვალოს ეს მოცემულობა და კვლავ დაბრუნდეს, გაჩნდეს მზარდი მოთხოვნილება ისტორიულ აბრეშუმის გზაზე. ამიტომ ჩვენ ხვალ და ზეგ არანაირ ეფექტს არ უნდა ველოდოთ, რადგან თვითონ ჩინეთის ეკონომიკა მძიმე დღეებს განიცდის და მისი ექსპორტი, ჯერჯერობით, მცირდება, მაგრამ სულ ასე ხომ არ იქნება?

ასე რომ, რასაკვირველია, აბრეშუმის გზა ისტორიული პერსპექტივაა, მაგრამ ხელშესახებ რეალობად როდის იქცევა, ეს ცოტა ძნელი სათქმელია.

_ უკვე რომელი გზები აითვისეს ჩინელებმა?

_ სხვადასხვა, მათ შორის, საზღვაო თუ სარკინიგზო მარშრუტებია. ამაზე საკმარისი მონაცემები არსებობს, იგივე ცენტრალური აზიიდან, რუსეთის გვერდის ავლით და ა. შ.

_ ჩვენს მთავრობას რამდენად აქვს რესურსი, რომ „აბრეშუმის გზის“ პროექტი ქვეყნისთვის სასურველ დივიდენდებად გარდაქმნას?

_ თუ მატერიალურ-ფინანსურ რესურსს გულისხმობთ, რასაკვირველია, არ აქვს. ელემენტარულად, მთავრობის მთელი რესურსი არის საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა. მადლობა ღმერთს და ეს ერთი რამეა, რომელიც ჩვენს მთავრობაზე დამოკიდებული არ არის. ეს უცვლელი მონაცემია.

უბრალოდ, სიტუაციები იცვლება და შეიძლება გაჩნდეს ისეთი რეალობა, რომ ამ ჩვენმა გეოგრაფიულმა კაპიტალმა რეალური დივიდენდების მოტანა დაიწყოს.

_ ამისთვის ქვეყნის შიგნითაც გარკვეული მზაობა ხომ არ არის საჭირო?

_ საჭიროა ერთი რამ, _ ეს არის სტაბილურობა. სწორედ შიდა მდგრადობა არის აუცილებელი. ქვეყანაში. სადაც არ არის სტაბილურობა, სადაც მუდმივად ან არჩევნების, ან აპოკალიფსის მოლოდინია, სადაც მოსახლეობის ხელისუფლებისადმი ნდობის მაჩვენებელი არცთუ მაღალია, რასაკვირველია, ეს ყველაფერი აღნიშნულ პროცესს ხელს არ უწობს. არათუ აბრეშუმის გზას, ნებისმიერ სხვა სატრანზიტო მარშრუტების განვითარებასაც ხელს არ უწყობს, ეს ცხადზე უცხადესია.

 

                                                                                                 გელა მამულაშვილი