მთავარი საზოგადოება გიორგი ჩიხრაძე: „რა სტრატეგიაც დავისახეთ, კარგად მუშაობს“

გიორგი ჩიხრაძე: „რა სტრატეგიაც დავისახეთ, კარგად მუშაობს“

1767
0
გაზიარება

1111

გიორგი ჩიხრაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელია, მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის თანაშემწე. ჩიხრაძე ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი იყო, საიმედო მარცხენა მცველი, მერე კი მწვრთნელობას მიჰყო ხელი და წარმატებებსაც მიაღწია _ თბილისის “ამერს” ორჯერ მოაპოვებინა საქართველოს თასი, შემდეგ აზერბაიჯანში წავიდა, ზაქათალის “სიმურგს” ჩაუდგა სათავეში და, სხვა აზერბაიჯანულ კლუბებთან შედარებით მწირი ბიუჯეტის მიუხედავად, საქმეს რიგიანად უძღვებოდა. ახლა კი ისევ ეროვნული ნაკრები, სადაც ცხადაძემ და მისმა სამწვრთნელო შტაბმა ბევრი რამ თავიდან დაიწყო.

4 და 7 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა “ევრო 2016”-ის შესარჩევში ჯერ შოტლანდია დაამარცხა შინ 1:0, მერე კი სტუმრად წააგო 0:1 ირლანდიასთან. ჩიხრაძეს ამ მატჩებზე და, ზოგადად, ჩვენს ეროვნულ ნაკრებზე ვესაუბრეთ.

_ შოტლნდიასთან გამარჯვება უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან გამოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრები ახალი გზით მიდის და ამ მიმართულებით შესაძლებელია წარმატების მიღწევა…

_ შოტლანდიასთან მიზანი გამარჯვება იყო და ამის იმედს გვაძლევდა ის სამუშაო, რაც მანამდე ჩავატარეთ. გამოჩნდა, რომ რა სტრატეგიაც დავისახეთ, ის კარგად მუშაობს. შოტლანდიასთან მოგება გეზის შედეგში ასახვა იყო.

_ შოტლანდიასთან და ირლანდიასთან მატჩებში ნათლად გამოჩნდა, რომ განაპირა მცველების პრობლემა ისევ აქტუალურია, ამ პოზიციებზე არ არის მძაფრი კონკურენცია…

_ არ ვიტყოდი, რომ საქართველოს ნაკრებში ფლანგები აშკარად მოისუსტებს. ყოველთვის არის საჭირო კონკურენცია, ახალი ფეხბურთელების მოძებნა. კლუბში შესაძლებელია ინტენსიური სელექციის წარმოება, ნაკრებს კი სხვა სპეციფიკა აქვს _ გარკვეული წრის გარშემო გვიწევს ტრიალი. რესურსი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. ნაკრებში შედეგი თუ გვინდა, ისეთი ფეხბურთელებია საჭირო, სათამაშო პრაქტიკა რომ აქვთ.

_ განაპირა მცველების მნიშვნელობა უფრო იზრდება მაშინ, როცა გუნდი სამი ცენტრალური მცველით თამაშობს და საქართველოს ნაკრებსაც ეს სქემა აქვს არჩეული…

_ ასეა, თუმცა ოთხკაციანი დაცვის დროსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ფლანგელი მცველების აქტიურობას, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება ბურთზე კონტროლს, ასეთ დროს განაპირა მცველების როლი შეტევაში დიდია. ჩვენს ნაკრებში აღნიშნულ პოზიციებზე ვინც ახლა თამაშობს, მათ გარკვეული უპირატესობა აქვთ ამ ამპლუის სხვა ფეხბურთელებთან, თუმცა ფეხბურთში მოვლენები სწრაფად იცვლება. ვაკვირდებით ახალგაზრდა ფეხბურთელებს, მაქსიმალურად ვაგროვებთ ინფორმაციებს, ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ.

_ ირლანდიასთან გურამ კაშია საყრდენ ნახევარმცველად ათამაშეთ. მას ამ ამპლუაში ადრეც უთამაშია, როცა გუნდს თემურ ქეცბაია წვრთნიდა და არაერთხელ უთქვამს, რომ საყრდენი ნახევარმცველი პოზიციაზე მაინცდამაინც კომფორტულად ვერ გრძნობს თავს…

_ ჯანო ანანიძემ ტრავმა მიიღო და, შეიძლება ითქვას, რომ უფრო ამით იყო განპირობებული კაშიასთვის პოზიციის შეცვლა. საკითხს მეორენაირადაც შევხედოთ: კაშია ძლიერია ორთაბრძოლებში, ბურთის ართმევის შემდეგ კარგად ასრულებს პირველ გადაცემას _ მოედნის ცენტრში ასეთი ფეხბურთელი გვჭირდებოდა ჯაბა კანკავას გვერდით. ეს იძულებითი ნაბიჯი იყო, კაშიასთვის საუკეთესო პოზიცია დაცვის ცენტრში თამაშია.

_ ირლანდიასთან პირველი ტაიმი ჩვენმა ნაკრებმა რიგიანად ითამაშა, შესვენების შემდეგ კი ირლანდიელებმა სისწრაფეს და აგრესიას მოუმატეს, უპირატესობას დაეუფლნენ და გოლიც გაიტანეს. რატომ ვერ მოხერხდა ამ ყველაფერთან გამკლავება?

_ გარკვეული არითმია საფეხბურთო მატჩში ყოველთვის არის. არითმიას იწვევს მოედანზე ახალი ფეხბურთელების შეშვება, თამაშის გადაწყობა _ ირლნდიელთა მწვრთნელმა, მარტინ ო’ნილმა, ეს ამის ხარჯზე მოახერხა. შოტლანდიასთან მატჩი ჩვენთვის მძიმე თამაში გამოდგა, მერე მოგვიწია გადაფრენა ირლანდიაში და აღმოჩნდა, რომ ჩვენი რესურსი მაქსიმალურად ვერ გამოვიყენეთ. ირლანდიის ნაკრების ფეხბურთელები მეტწილად ინგლისურ პრემიერლიგაში თამაშობენ და მათთვის თამაშებს შორის ინტენსიური რიტმი უცხო არ არის. ირლანდიელებს უფრო მეტი რესურსი აქვთ, ერთი ფეხბურთელი მეორით რომ ჩაანაცვლონ. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი გამოდგა ირლანდიელებთან შეხვედრაში.

_ ირლანდიასთან გაშვებული გოლის დროს საქართველოს ნაკრების ცალკეულმა ფეხბურთელებმა ვერ მოახერხეს დაზღვევაზე თამაში _ რა უნდა იყოს ამის მიზეზი?

_ როცა დაზღვევაზე თამაშია საჭირო, გადაწყვეტილება უცბად უნდა მიიღო. უცილებელია ფეხბურთელთა ჯგუფის სწრაფი მოქმედება. ირლანდიასთან გაშვებული გოლი ფეხბურთელთა ჯგუფის შეცდომა იყო და არა ერთი რომელიმე მოთამაშის.

_ ალბათ ბევრი არ ელოდა, რომ 33 წლის ზურაბ ხიზანიშვილი რიგიანად ითამაშებდა ირლანდიასთან _ ნაკრების სამწვრთნელო შტაბი რამდენად კმაყოფილია ხიზანიშვილის გარჯით?

_ ხიზანიშვილმა ირლანდიასთან მაღალ დონეზე ითამაშა. ჩვენ მხოლოდ ხვალინდელ დღეზე არ უნდა ვიფიქროთ და ეს არ ნიშნავს, რომ უარს ვამბობთ მომავალზე. არავის უნდა გადავუსვათ ხაზი. ზურა კვალიფიციური ფეხბურთელია, ამ სანაკრებო მატჩებამდეც ვაკვირდებოდით, მან საკმაოდ კარგად ითამაშა ბაქოს “ინტერთან” როგორც ევროტურნირზე, ისე აზრებაიჯანის ჩემპიონატში და ეს გავითვალისწინეთ.

_ ჩვენი ნაკრების ბოლო მატჩებში რამდენი ნიჭიერი შემტევი ფეხბურთელი არ გამოჩენილა, ლევან ყენია კი 10 წუთით შეუშვით მოედანზე ირლანდიასთან. რამდენად არიან სტრატეგიული მნიშვნელობის ფეხბურთელები საქართველოს ნაკრებისთვის გიორგი ჭანტურია და ლუკა ზარანდია?

_ ზარანდია მართლაც ნიჭიერი ფეხბურთელია, თუმცა ამ ეტაპზე ტრავმით გამოწვეულმა უთამაშებლობამ ხელი შეუშალა. ჭანტურია უკვე მოიაზრება ნაკრების ფეხბურთელად და როგორც კი კლუბში თამაშს დაიწყებს, ჩვენი თვალთახედვის არეში იქნება. ზარანდია, ჭანტურია, ყენია _ ასეთ კრეატიულ მოთამაშეებს შეუძლიათ თამაშის გამწვავება, არაორდინალური გადაწყვეტილების მიღება, თამაშის საკუთარ თავზე აღება და, რა თქმა უნდა, ასეთი ფეხბურთელები განსაკუთრებულად ფასეული არიან გუნდისთვის. ბევრი რამ დამოკიდებული იქნება ფიზიკურ მზადყოფნაზე და სათამაშო პრაქტიკაზე. ჩვენს ფეხბურთელებს სტაბილურობა სჭირდებათ.

_ მიმდინარე შესარჩევის ბოლო ორი მატჩი ოქტომბერშია, ჯერ გიბრალტარს ვუმასპინძლებთ, მერე კი 11 ოქტომბერს გერმანიას ვესტუმრებით. როგორ ფიქრობთ, საქართველოს ნაკრებს უკვე შეუძლია სენსაციის მოხდენა? შესაძლებელია არწაგება მსოფლიოს ჩემპიონთან?

_ თამაშიდან თამაშამდე ჩვენი გუნდის ფეხბურთელები უფრო და უფრო კარგად ხვდებიან, თუ რას მოითხოვს მათგან მთავარი მწვრთნელი. აქედან გამომდინარე, ვიმედოვნებ, რომ კარგ თამაშს ვაჩვენებთ და შედეგზე ვითამაშებთ. არ წავაგოთ დიდი ანგარიშით გერმანიასთან _ ასეთი განწყობა ნადვილად არ არის.

_ გერმანიას პირველად „ევრო 96“-ის შესარჩევში ვეთამაშეთ და მაშინ თქვენ ნაკრების ფეხბურთელი იყავით. გერმანიის იმ ნაკრებს ახლანდელთან როგორ შეადარებდით?

_ შედარება გამიჭირდება. გერმანიის ახლანდელი ნაკრები გამოირჩევა გუნდური თამაშით და, ამავე დროს, ძალიან ძლიერი ინდივიდუალისტებიც ჰყავს.

 

                                                                                                   დავით თავართქილაძე

 

დატოვეთ კომენტარი