ქოც-ფაინის დრო გარდუა?

bl

მართლა ბრძენი კაცი და არა ეს ბრძენი კაცი თავის „დავითიანში“ ახსენებს რიკ-ფაინის დროს. რიკ-ფაინი რიკტაფელაა, ჩილიკაობაა _ აი, ბალღი რომ თამაშობს ჯოხით. ანუ რიკ-ფაინის დრო _ ბავშვობის ხანაა. ის ხანა, რომელიც აუცილებლად გადავა („რიკ-ფაინის დრო გარდუა“) და ის, ვინც ყრმობისას არ ისწავლის _ სიბერის დროს გაწბილდება. რა იცოდა იმ ბრძენმა კაცმა გურამიშვილმა, რომ მოვიდოდა დრო და მის სამშობლოში სწავლა ნაკლებად დაფასდებოდა და სწავლის მწარე ძირი სულაც არ იქნებოდა კენწეროში გატკბილების გარანტია და სწორედ ნასწავლები დარჩებოდნენ გაწბილებულნი, მაგრამ ამჯერად ქართლის ამ ჭირზედ სულაც არ ვაპირებ წერას.

სხვა ჭირზე ვწერ! _ როდის გადავა რიკ-ფაინის დარად ინფანტილური ქოც-ფაინის დრო და როდის ისწავლის ქართველი ამომრჩეველი, ვის უნდა მისცეს ხმა? ალბათ, რა ბედნიერება იქნებოდა ცხოვრება იმგვარ ქვეყანაში, სადაც ხალხმა ეს იცის და შეგიძლია მშვიდად იყო: თუ დღევანდელი ხელისუფლება უმაქნისია, წყნარად დაელოდო მომავალ არჩევნებს და იყო იმედიანად, რომ ხალხი ხელისუფლებას უკეთესს გადააბარებს.

შილერმა ელისაბედ ტიუდორს ათქმევინა, _ ვაი მას, ვინც ბრბოს დაეყრდნობა…

ტიუდორი ამას ხელისუფალის მისამართით ამბობს, თან მონარქის მისამართით, მაგრამ იგივე ხდება დემოკრატიულ წყობაშიც და იგივე ვაი გვხვდება ჩვენც _ ყველას ერთად.

ფაქტია რომ ჩვენი _ ყველასი ერთად _ მომავალი, სწორედ, უმრავლესობის ნებაზე, მათ მიერ მიცემულ ხმებზეა დამოკიდებული. ფაქტია, რომ სწორედ უმრავლესობის ნებამ მიგვიყვანა იქამდე, სადაც დღეს ვდგავართ. „ვდგავართ“ მეტისმეტად რბილი ნათქვამია, ისევე რბილად, როგორც „ნაცებმა“ მონათლეს „ქოცები“ _ უნიათოებად. არა, ჩვენ არ ვდგავართ, უკან-უკან მივდივართ, თან კი არ მოვტრიალდით და ისე კი არ მივდივართ უკან, უკუსვლით მივდივართ _ თან ისე, ვერც ვხედავთ _ სად. უბრალოდ, ორგანიზმს ახსოვს _ სადაც მივექანებით. მივექანებით, აი, იქ, 90-იანებში, რუსეთის გავლენის სფეროში, უშუქობაში, ინფლაციაში, კრიმინალების პარპაშის ხანაში, კორუფციის ჭაობში, არაფრის კეთებაში, არაფრის შენებაში, მივიწევთ ლამპისკენ, „კერასინკისკენ“, „დვიჟოკისკენ“… გეგონება, ქვეყანაც, ხალხიც ნარკოტიკ „ლირიკაზე“ შეჯდა და უკან-უკან სვლა დაიწყო.

როგორც ჩანს, ყელში ამოგვივიდა ეს 24-საათიანი ელენერგია, ასფალტის ჭამა. მართლაც რაა მამული, თუ გზაში ერთ-ორ ნარმანიას ორმოს არ ჩაარტყი და კარგად არ აიდღვიბე? თუ არ იმგზავრე „მარშრუტკით“, რომელსაც კონდიციონერი ან უმუშავებს, ან _ არა? ან რა აზრი აქვს, რომც მუშაობდეს, როცა არავინ არ რთავს და ყველა მძღოლი ერთგვარი სადისტური სიამტკბილობით გხარშავს და გთუთქავს 42 გრადუს ხვატში? თანამოქალაქეებზე იყრის ჯავრს და ბოღმას, იმ ხელისუფლებაზე დაბოღმილი, რომლის სათავეში მოსვლაზეც „უტორმუზოდ“ ოცნებობდა. ანთხევს ბოღმას, მერე რა, რომ თავადაც იხარშება? სხვას ხომ აწამებს და შეღავათებით ხომ სარგებლობს და მეტი ხომ მიაქვს შინ? თან ვინ ჰყავს გამკითხავი? ნარმანია კი დგას და გვემატრაბაზება, რომ მძღოლები, რომლებიც არ ჩართავენ კონდიციონერს, მკაცრად დაისჯებიან, დაკარგავენ სამსახურს და ასე შემდეგ. ხომ გჯერათ, რომ ყველა თუ არა, ვიღაც მაინც დარეკავდა ცხელ ხაზზე? და რომც არ დაერეკათ, ქალაქში რომ ფანჯრებგაღნიოშებული „მარშრუტკები“ დაგლიჯინობენ, ვერ ხვდებიან, რომ იქ არც კონდიციონერია ჩართული და არც შტრაუსის ვალსი? დაისაჯა ვინმე? როგორ ფიქრობთ, თუნდაც ერთი რომ დასჯილიყო, თუნდაც ერთი რომ გაეგდოთ სამსახურიდან, გაბედავდა ამ თავხედობას ვინმე?

ამ რამდენიმე დღის წინ ერთმა ბედოვლათმა კონდიციონერის ნაცვლად ვენტილატორი ჩართო, ისიც სამადლოდ და როცა არა და არ დაიძრა ცივი ჰაერის ნაკადი, შეჰბედეს, კონდიციონერი ჩართეო და აბა, რა ქნა, თქვენი აზრით? „ფეჩი“ ჩართო. აი, ამ ცინიზმს გაბედავდა ვინმე უგულავასა და, საერთოდ, იმ პირსისხლიანი „ნაცების“ დროს? ცხადია, ვერა და სწორედ ეს არ ხიბლავდათ მაგ ვაჟბატონებს და სხვა ვაჟბატონებს. ამიტომაც აითვალწუნეს წინა ხელისუფლება, ვერ სუნთქავდნენ თავისუფლად, ახლა სუნთქავენ! აბა, არ სუნთქავს, უნდა ხალხს მოხარშავს, უნდა გათუთქავს, უნდა დასცინებს!

მე თუ მკითხავთ, ბიძინა ივანიშვილი სულაც არ სტყუის, როდესაც ამბობს, რომ ხალხს რასაც დაჰპირდა, შეუსრულა. არა, იმაზედ სულაც არ მოგახსენებთ, რომ უფასო ფულს დაჰპირდა და ხელში ხალხს გაუფასურებული ვალუტა შერჩა, არც იმაზედ, რაც მას ჰქონდა ხმამაღლა დეკლარირებული. არა, მე მოგახსენებთ იმ დაპირებებზე, რომელიც სტრიქონსა და სტრიქონს შუა იკითხებოდა, იგულისხმებოდა!

„პირსისხლიანი“ „ნაცების“ დროს მოისპო კორუფცია, ბევრმა დაკარგა მსუყე ლუკმა, ვინ მეტად მსუყე და ვინ ნაკლებად, მაგრამ მოსახლეობის სრული უმრავლესობა რომ ჩართული იყო იმ აღებ-მიცემობის ხორუმში, ხომ ფაქტია? ვიღაც თავად არ იღებდა, მაგრამ აწყობდა, ყოფილიყო ქრთამის მიცემა, რომ მიეცა ქრთამი და მიეღო ის, რასაც თავისი გაქანებით სხვანაირად ვერასოდეს მიიღებდა. იყო ნაგულისხმევ დაპირებებში ეს? _ იყო. სრულდება? _ სრულდება, თან მეოთხე წელს უკეთესი იქნება.

უნდოდათ ქურდობა-მამაძაღლობა, თან ისე, რომ არ მოხვედრილიყვნენ იმ გაწითლებულ ციხეში. დაჭერის ალბათობა დავარდა? _ დავარდა! და რომც ბედმა უმუხთლოს და დაიჭირონ, აშინებსღა ისევ გაშავებული ციხე? _ არ აშინებს. სად სახელმწიფოსთან ურთიერთობის დალაგება და სად ერთ-ორ „პატივსაცემ“ პერსონასთან? ისე როგორ ამოწყდები, რომ ნაცნობის ნაცნობი ვერ გამოძებნო, ხმა ვერ მიაწვდინო ბიჭებს და ხელშეუხებლობის გარანტია არ მიიღო? იგულისხმებოდა ეს დაპირება? _ იგულისხმებოდა. შესრულდა? _ შესრულდა! და როგორ გგონიათ, ეს არ უნდოდათ? ასე ხომ თვითონ ისინიც ლაღად არიან, ვინც ქურდბაცაცობს და მათი ოჯახ-ახლობლებიც ხომ უფრო ნაკლებს ნერვიულობენ? უფრო იმედიანად არიან _ მიდგებიან, მოდგებიან…

ბიზნესმენებს ტვინი ჰქონდათ შეჭმული, ის „სისხლისმსმელი“ „ნაცები“ მათი სახელის უკვდავსაყოფად ხან რომელ ქალაქში აშენებინებდნენ სასტუმროს და სხვა კომპლექსებს, ხან _ სად, უნდოდათ ეს? _ არ უნდოდათ! იყო ნაგულისხმევი დაპირება, რომ აღარაფერს დააძალებდნენ? _ იყო. აძალებენ? ვინ ვის რას აძალებს, გინახავთ რამე აშენებული? ჰოდა, ამოისუნთქა ბიზნესმა? _ რა თქმა უნდა, ამოისუნთქა. ნუ, ახლა რომელი ბიზნესმენი დაწვრილმანდება ისე, იმაზე აწუწუნდეს, რომ საერთოდ ვეღარ შოულობენ იმის მეოთხედს, რასაც ადრე, იმ „პირსისხლიანების“ დროს შოულობდნენ, მაგრამ რაც მთავარია, ხომ აღარ ახარჯინებენ? თქვენც რომელი დასავლურად მოაზროვნეები ეგენი ნახეთ, რომ ბევრის შოვნა და თან ქვეყნის შენებაზე ხარჯვა ერჩიოთ, ცოტას შოვნას და არაფრის ხარჯვას?

როგორ ფიქრობთ, ამათ ააღელვებთ ის, რაც საზოგადოების მეორე ნაწილს აღელვებს _ გრაფიკით შუქი? გენერატორის აგუგუნებას წინ რა უდგას? გაცვლიან ახლა ესენი ამ „სიკეთეებს“ ისეთ წვრილმანებში, როგორიცაა 4 თეთრით გაძვირება, გრაფიკით შუქი და მისთანანი?

აი, ესაა ის „თავისუფლად სუნთქვა“, „ქოცებს“ თავს „ფაინად“ რომ აგრძნობინებს. ამ „ფაინს“ ქოც-ფუნ-იც ემატება. რა ვერ გაიგეთ, ამათ არც მაია ნადირაძისეული ირონია და ცინიზმი ხიბლავდათ, სხვა ლიდერების არც მსუბუქი, არც ხალასი იუმორი. „იუმორინა“ უყვართ, ანეკდოტები, „ბუტკაში“ შესვლა-გამოსვლა. ხიბლავთ იმ ბრძენი კაცის იუმორი, ჯაჭვლიანისაც (მერე რა, რომ იუმორი არაა და თავად ეს სიტუაციაა ანეკდოტი?), უყვართ ღარიბაშვილის უკბილო იუმორი. კბილიანი იუმორისა და ფხიანი თევზის ჭამა _ რთულია, ტვინის გაქანავება უნდა… აბა, რა შეედრება იმის მოსმენას, პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი რომ გამოვა და ალასანიაზე წაგეჭორავება? აი, სოფლის ორღობეში, ვედროს რომ ამოატრიალებს, ზედ რომ ჩამოჯდება და წაგეჭორავება? ან იმას რა შეედრება, მისი დანატოვარი პრემიერ-მინისტრი ამ ტრადიციას რომ არ მოშლის და დღესასწაულზე ამოსული, ჭორს რომ ამოგირბენინებს, _ თურმეო, სააკაშვილს აქ სამი კილო კაიმაღი უჭამია, ბორჯომში გაფრენილა და გზაში ცუდად გამხდარა, შუახევში დაუსვამთ ვერტმფრენი და მაშინ უჩხუბია, რატომ არაა ვერტმფრენში ტუალეტიო და აქედან წამოვიდა „პუმაო“, აი, ამიტომ გადაიხადა 40 მილიონი ევრო, კომფორტულად რომ ეჭამა კაიმაღი და მერე კომფორტულად ემგზავრაო.

იმაზე, რა თქმა უნდა, არაფერი უთქვამს, ის სუპერ-„პუმები“ ისევ რომ ჰყავთ, უბრალოდ, თავდაცვას რომ წაართვეს, გააჩერეს და ბატონბიძინას ფირმას გადააბარეს მოსავლელად. არც ის უთქვამს, იმ ტრაგედიის ღამეს ბატონბიძინას გაღვიძება რომ ვერ შეჰბედეს და საერთოდ არ გამოიყენეს მსხვერპლის შესამცირებლად… აბა, ეს რა სალაპარაკოა, როცა მიხეილს 3 კილო კაიმაღი უჭამია? „ინტერპოლმა“ მიხეილის ძებნაზე უარი სთხლიშა, მაგრამ რა გინდა, „ზატო“ ხო მაგარი „შეუსრულ-შეუკაიმაღა“? თან რა გინება იცის? რა ძარღვიანი, რა მამაპაპური, და მერე იმასთან ერთად ვინც დაშხოშიანად ნაგინები ჰყავს, რა თათარიახლად იცის მიხეილზე ხუმრობა?

გაცვლის ახლა ქოცი ამ ფინე-ს და ფუნ-ს? ქოც-ფაინის დრო გარდუა? თავს ხომ არ ვიტყუებთ 2016 წლის მოლოდინით? კი, რა თქმა უნდა, ელქტორატს აღელვებს ის, რომ მოატყუეს, რომ არ ჩამოურიგეს უფასო ფული, რომ თურმე ცალი ბარკალი რომ მიშას მიჰქონდა, არ „მიჰქონებია“,  აღელვებს გაუფასურებული ლარიც, გაზრდილი ტარიფებიც, ცოტა არ იყოს, 90-იანი წლების პერსპექტივაც აშინებს, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება და საარჩევნო ურნასთან დადგება,  რომელი გადასწონის _ „ქოც-ფაინობა“ თუ სხვა ყველაფერი ერთად? ბარემ, ისიც ალალად ვთქვათ, რომელი 90-იანები აშინებს ქოცელექტორატს? მთლიანი 90-იანები? ძალიან სცდებით! მათ, უბრალოდ, 1992-94 წლები აშინებთ, თორემ შემდგომი 90-იანები სწორედაც რომ მისწრებაა მათთვის, სწორედ ის დროა, რომელსაც მისტირიან და იმასაც ხვდებიან, რომ აღარც არაფერი აქვთ სატირალი _ აგერ, XXI საუკუნეში დგება ეს დრო. დგება რა, სწორედ იქით მივდივართ და მივიმღერით და ახლა თქვენ რას ელით, რომ ის ხალხი, რომელსაც ღრმად სწამდა უფასო ფულის დარიგების, გააცნობიერებს იმას, რომ ეს უკუსვლა შეუქცევადია და არ გაჩერდება 1997-98 წლებში და არ ჩავა 1992-94 წლებამდე?

ქოც-ფაინის დრო გარდუა 2016 წელს? გამოვა ელექტორატი ინფანტილური ქოც-ფაინობიდან? მიხვდება, რომ სახელმწიფოს გაცვლა ქოც-ფაინობაზე დამღუპველია? კარგი, თქვენი ხათრით იმედი ვიქონიოთ, მაგრამ მიმხვედრი, მაშინაც მიხვდებოდა სახელმწიფო რომ ყოველდღიურად შენდებოდა მის ცხვირწინ…

ისე, ქოცებო, თქვენც ნუ იქნებით არხეინად! ქოც-ფაინის დროის არგადავლა მაინცდამაინც თქვენ არჩევას არ ნიშნავს. შეეგუეთ იმას, რომ „ქოცობა“ განზოგადდა და დროში განიფინა. და შესაბამისად ქოც-ფაინობა შესაძლოა, სულაც სხვისი არჩევით დასრულდეს…

 

                                                                                                                   რეზო შატაკიშვილი