წინასაარჩევნო კომპრომატები თელავში!

exx

ცხელი ზაფხულის კვალობაზე, კახური სიდინჯის გათვალისწინებით, ბიძინა ივანიშვილის კარზე სიარული აქტიურ ფაზაში შევიდა…

მთავარი კითხვა, _ ვინ იქნება პარლამენტში შემდეგი?!

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის თელავში ალასანიას პარტიის წარმომადგენელმა, გელა სამხარაულმა გაიმარჯვა, თუმცა, მოგვიანებით, როცა ალასანია ივანიშვილს თავისი გუნდით განუდგა, სამხარაული პარტიას უკან არ გაჰყვა, და, წულუკიანის მსგავსად, კოალიციის რიგებში ერთგულად დარჩა…

უფრო მოგვიანებით, გიგლა აგულაშვილის აღმასრულებელ ორგანოში გადანაცვლებამ სამხარაულს რანგი შეაცვლევინა და აგრარული კომიტეტის თავმჯდომარედ დაწინაურდა.

სამხარაული მშვიდ, გაწონასწორებულ „პოლიტიკოსად“ მიიჩნევა. ერთ-ერთი მედიის ბოლო გამოკითხვამ ცხადყო, რომ განსხვავებით მისი კოლეგა პარლამენტარებისგან, სამხარაულმა კარგად იცოდა „მაპიც“, „იბიარდიც“, ბაქო-ჯეიჰანიც და კონსტიტუციაც, რაც ჩვენი პარლამენტის ფონზე საკამოდ შესამჩნევი აღმოჩნდა.

ახალ ნაწვიმარზე ამოსული სოკოსავით, 2012-ში პოლიტიკაში მოსულმა გელა სამხარაულმა, განსხვავებით სხვა რაიონის პარლამენტარებისგან, მოღვაწეობა ზეინკლობით დაიწყო: 1987-89 წლებში თბილისის თბოგაერთიანების ზეინკალი იყო, 1992-96 წლებამდე ფირმა „ალდას“ თანამშრომელი, 1996-98 წლებში ქართულ-იტალიური ბანკის „ინდუსტრიაბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, 1998-დან 2000 წლამდე შპს „საქართველოს“ დირექტორი, 2000-2005 წლებში კომერციული დირექტორი შპს „ფალავანში“, „დია ალავერდში“ დირექტორი (2005-2012 წწ.).

პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ თვითმმარველობაში უხეში ჩარევებისგან ბოლომდე შეიკავა თავი, თუ არ ჩავთვლით ერთ გარემოებას, რომ მისი ცოლისძმა დღეს თელავის საკრებულოს თავმჯდომარეა.

თელავში საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთი წლით ადრე მზადება უკვე დაიწყო.

ვინ იქნება „ქართული ოცნების“ კანდიდატი?..

აქ კი თემა რთულდება და შიდა დაპირისპირებაც პიკს აღწევს!

ამ პერიოდისთვის პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატობისთვის იბრძვიან გუბერნატორის მოადგილე, თამაზაშვილის კარზე დაახლოებული გივი მეტრეველი; თელავის ვიცემერი თენგიზ მთვარელიშვილი; თელავის თემის საკრებულოს თავმჯდომარე და „ქართული ოცნების“ რაიონის ხელმძღვანელი პაატა გიორგობიანი; თელავის თემის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ეროვნული ფორუმის რაიონის ხელმძღვანელი მერაბ ხიზანიშვილი; თელავის ყოფილი გამგებელი, ბიძინა ივანიშვილის ძმის მეგობარი, ზურაბ ყურაშვილი; თელავის საკრებულოს თავმჯდომარე, „მრეწველების“ კახეთის კურატორი, არჩილ თხლაშიძე.

მაშ, ასე! რადგან „ოცნებას“ გრავიტაციამ სძლია და დედამიწა ისევ ტრიალებს, მზეც ისევ აღმოსავლეთიდან ამოდის და მეფე ერეკლეს ძეგლიც ისევ თავის ადგილზე დგას, ისიც უნდა გავიხსენოთ, ვინ საიდან რა გზით მოსულა, ხოლო რა გზით წავა, ეს მათი გადასაწყვეტია.

გივი მეტრეველი _ 2003 წლამდე მედიკო მეზვრიშვილის კარზე დაახლოებულ პირად მიიჩნეოდა, იყო „სმაკის“ წევრი და მაშინდელი საკრებულოს დეპუტატი. ბოლომდე ემსახურა შევარდნაძის გუნდს, ხოლო 2003 წლის შემდეგ „თელავგაზის“ ხელმძღვანელად გადაბარგდა. უკვე წლების მერე… 2013 წლის ზაფხულში, თელავში 2012 წლის შემოდგომას დანიშნულმა გამგებელმა, ზურაბ ყურაშვილმა, პოსტი დატოვა და ასე მოწმენდილ ცაზე თელავს ახალი გამგებელი მოევლინა მეტრეველის სახით. საკრებულოს დროებითმა კომისიამ, რომელსაც მრავალი კანდიდატიდან გამგებელი უნდა შეერჩია, გივი მეტრეველზე დადო ფსონი. გივიმაც, თავის მხრივ, მადლიერება გამოხატა და გამგებლობის მეორე კვირაში ბიუჯეტის ხარჯზე ახალი „ტოიოტა“ უყიდა კომისიის თავმჯდომარეს. თუმცა, მოგვიანებით, ერთ-ერთმა კონკურსანტმა გაასაჩივრა კომისიის გადაწყვეტილება და არასრული დოკუმენტების წარდგენისთვის მეტრეველის იმპიჩმენტი მოითხოვა, კერძოდ, რატომღაც, გივი მეტრეველს ცნობა ნარკოლოგიურიდან წარმოდგენილი არ ჰქონდა. საინტერესო კი ის არის, თელავში არავის გაჰკვირვებია გარემოება, რომ გამგებელმა აღნიშნული დოკუმენტი არ წარადგინა და ხმები იმის შესახებ, რომ მეტრეველს მორფინი იზიდავს, დღესაც აქტიურია. თუმცა ჩნდება ლოგიკური კითხვა, _ სად გივი და სად თვითმმართველობა?! თელაველებს აქაც არ გასჭირვებიათ ლოგიკური დასკვნის გაკეთება, მეტრეველის ლობი მისივე ახლო ნათესავი, მაშინდელი სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსი თემურ მეტრეველი და მისი მოადგილე ბექა ჟურული იყვნენ, რომლებიც ცნობილია, რომ თამაზაშვილის ახლო მეგობრები არიან. მარტო მათ იმედად რომ საქმე ვერ გამოდიოდა, რთულად გასაგები არ უნდა იყოს და პროცესში გივი მეტრეველის უახლოესი მეგობარი, დავით მაღრაძეც ჩაერთო. სწორედ მაღრაძის ორმა სიტყვამ მეტრეველი თელავის გამგებლად აქცია.

მაგრამ 2014 წლის ზაფხულში გამგებელმა მერად ვეღარ იყარა კენჭი. ამბობენ, სადღაც ზევით მის ნარკოდამოკიდებულებაზე კითხვები გაუჩნდათო და მერობა პლატონ კალმახელიძეს ერგო წილად. გაბრაზებული გივი კი ერთი თვე არავის უნახავს. როგორც ამბობენ, მშობლიურ სოფელ შილდაში წავიდა და ვაზის მაკრატელი არ გაუგდია ხელიდან, მაგრამ სექტემბერში უკვე ვენახში მზემოკიდებულმა და ბრაზგადავლილმა, დიდი მოსავლით ხელდამშვენებულმა, მაღრაძეს მიაშურა და კვლავ სამსახური მოსთხოვა. მაღრაძემ კი ვიცეგუბერნატორად გამოუშვა (და მაინც, სულ მაინტერესებს, როგორ მუშაობს მთელი ეს ერთი წელი მეტრეველი შიოლაშვილის მოადგილედ? ორ კაცს ერთმანეთი სძულდეს, ერთმანეთს სამარეს უთხრიდეს და თან ქვეყანას აშენებდეს, ცოტა ძნელი წარმოსადგენია (ამ თემას სექტემბერში დავუბრუნდებით, _ მ.მ.).

გივი მეტრეველს ოცნებად დარჩა არჩევნებში მონაწილეობის მიღებაო.

ივნისში წინანდლის ბაღში სტუმრად ჩამოსულ ბიძინა ივანიშვილს მეტრეველი დავით მაღრაძემ წარუდგინა, _ ეს ის კაცია, ბატონო ბიძინა, მე რომ გეუბნებოდითო. ასე აუხსნა გივის ვინაობა მაღრაძემ ივანიშვილს. მოგვიანებით კი მეტრეველმა სამეგობროში განაცხადა, _ ივანიშვილი ჩემი კანდიდატურით პარლამენტისთვის დაინტერესებულია, დამთავრდეს შილდელი კაცი, თელაველებმა სადმე კიდევ არ დამბლოკონო.

თენგიზ მთვარელიშვილი _ ქალაქ თელავის ვიცემერის, მთვარელიშვილის ლობი თავად კახეთის გუბერნატორია. მართალია, 2014 წლის შემოდგომას პლატონ კალმახელიძეს უწინასწარმეტყველებდნენ პარლამენტარობას, მაგრამ ამ წინასწარმეტყველებამ ვერ გაამართლა _ მერმა, ძირითადად, ერთი წელი იფრინა ხან ვირტუალურად, ხანაც ცხადში. რაც შეეხება თენგიზ მთვარელიშვილს, ვიცემერობამდე სურსათის უვნებლობის სამსახურის კახეთის რეგიონის ხელმძღვანელად მუშაობდა. ორი თვის წინათ კალაძესთან მისი გვარი განხილვის საგნად იქცა, რადგან „ქართული ოცნების“ გუნდის რამდენიმე წევრისთვის მისი კანდიდატურა მიუღებელი აღმოჩნდა იმ მიზეზით, რომ იგი „ნაციონალების“ დროს, 2009 წლიდან, სურსათის უვნებლობის სამსახურის უფროსად მუშაობდა. თუმცა კალაძესთან აღნიშნული თემა გუბერნატორმა თავის თავზე აიღო და ახსნად ის მოუძებნა, რომ მასე თავად გუბერნატორიც ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელი იყოო. უფრო ადრე კი, 2006 წლისთვის, მთვარელიშვილი „კონსერვატორებიდან“ იყრიდა კენჭს თვითმმართველობის არჩევნებში და თელავის რაიონში „კონსერვატორების“ ლიდერიც იყო, თუმცა 2006 წლის შემდეგ პოლიტიკიდან წავიდა. ასე რომ, მეორე კანდიდატი გუბერნატორის ფავორიტია და ვნახოთ, რა ბედს უწინასწარმეტყველებს პოლიტიკური „რულეტკა“?

პაატა გიორგობიანი _ თელავის „ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და თელავის მუნიციპალიტეტის თემის საკრებულოს მესაჭე. იყო წინანდლის ღვინის ქარხნების გაერთიანების გენერალური დირექტორი; 2014 წელს _ „ქართული ოცნების“ თელავის შტაბის ხელმძღვანელი; 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მოქმედმა პრეზიდენტმა თელავში ხმათა საუკეთესო მაჩვენებელი ვერ მოაგროვა, რის გამოც გიორგობიანი რამდენიმე თვე ჩამოაცილეს პარტიის ხელმძღვანელობას და მის ადგილზე ნანა ხვისტანი დანიშნეს. თუმცა, მოგვიანებით, გიორგობიანს კვლავ დაუბრუნეს რაიონის ხელმძღვანელის პოსტი პარტიაში. მისი ბიოგრაფია ცნობილია ყოფილ პარლამენტარ თამაზ ხიდაშელთან დაპირისპირებით, რაც ღვინის ქარხანასთან არსებულ დავას ეხებოდა. დღემდე თამაზ ხიდაშელი ამ საქმეში მოგებულ პოზიციას ინარჩუნებს. 2003-2006 წლებში პაატა გიორგობიანი მაშინდელი თელავის გამგებლის, გოჩა მამაცაშვილისა და კახეთის გუბერნატორის, პეტრე ცისკარიშვილის მეგობრად ასოცირდებოდა. ცნობილია, რომ გამგებელსა და გუბერნატორს ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდათ პარლამენტარ ხიდაშელთან. კულუარებში გავრცელებული ინფორმაციით, პაატა გიორგობიანი კახეთში ტიმოშენკოს ვიზიტის დროს მიხეილ სააკაშვილის სუფრის თამადა გახლდათ, თუმცა მიუხედავად ახლო ურთიერთობებისა, გიორგობიანმა მაინც ვერ დაითანხმა სააკაშვილი, ხიდაშელისთვის წინანდლის ღვინის ქარხანა ჩამოერთმია და სახელმწიფოსთვის დაებრუნებინა. გიორგობიანის ლობი კი პაატა ბატიაშვილია, რომელიც ამ დროისთვის ძალოვანი სტრუქტურის ერთ-ერთი წამყვანი დეპარტამენტის ხელმძღვანელია და გიორგობიანის ბავშვობის მეგობარი.

 

მერაბ ხიზანიშვილი _ ეროვნული ფორუმის თელავის თავმჯდომარე და თელავის თემის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. განსხვავებით ზემოთ ჩამოთვლილი კანდიდატებისგან, ხიზანიშვილს საინტერესო პოლიტიკური წარსული აქვს, თუმცა პოლიტიკაში მოსვლამდე ეწეოდა ფერმერულ მეურნეობას და ჰქონდა ღორების დიდი ფერმა. 90-იანი წლების ბოლოს იყო ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის აქტიური წვერი, 2003 წლის `ვარდების რევოლუციის~ შემდეგ დაინიშნა თელავის თეატრის დირექტორად და სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსად, თუმცა მისი მოღვაწეობა 2006 წელს თვითმმართველობაში დასრულდა. 2014 წლის არჩევნების შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა. ხიზანიშვილის ლობად ეროვნული ფორუმის ლიდერი, გუბაზ სანიკიძე ითვლება.

არჩილ თხლაშიძე _ პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ წევრი დაფუძნების დღიდან, თუმცა მისი პოლიტიკური აქტივობა 2010 წლის არჩევნებამდე არავის ახსოვს. არჩილ თხლაშიძე 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „მრეწველებიდან“ შემოიჭრა და მას მერე პოლიტიკური პლატფორმა არ შეუცვლია _ დღემდე კახეთის „მრეწველთა“ კოორდინატორად რჩება. მოგვიანებით, 2012-ში, თხლაშიძე თელავის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ მოგვევლინა, შემდეგ კი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის სავარძელში გადაინაცვლა. 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებში თელავის ცენტრალური უბნის მაჟორიტარი გახდა და საკრებულომაც თავმჯდომარედ აირჩია…

ბუნებრივია, თხლაშიძეს ლობი მისი სიძე, პარლამენტარი გელა სამხარაულია. თელავში მწარედ ხუმრობენ, _ „მრეწველობამ“ საქართველო გადაარჩინა და თხლაშიძე კი თელავს გადაარჩენსო.

ზურაბ ყურაშვილი _ თელავის ყოფილი გამგებელი 2012-2013 წლებში. ბიძინა ივანიშვილის ძმის ახლო მეგობარია, რომელიც 2012 წლამდე კახეთში „გლობალ ტივის“ ხელმძღვანელი იყო. გამგებლობის პერიოდში მისი მოღვაწეობა უკავშირდება თელავის ხევის მიმდებარე მიწების გაყიდვას, რაზედაც გამგებელი თავისი ფრთიანი ფრაზით დარჩა ისტორიაში და „სიგრძე-სიგანე“ დაიფიცა; მასვე უკავშირდება ფრაზა: „დაუწერელი კანონის მიხედვით, ყველა უნდა წავიდეს სამსახურიდან, როცა ხელისუფლება იცვლება“. უნიჭო პოლიტიკურმა გამონათქვამებმა ზურაბ ყურაშვილს წყალი შეუყენა, თუმცა, მოგვიანებით, ღარიბაშვილის თელავურმა „სასტავმა“ მიუღებლად მიიჩნია გამგებელი, რადგან თამაზაშვილ-ღარიბაშვილის საახლობლოს წყალობა სათანდოდ ვერ მისცა, შესაბამისად, ყურაშვილი უკანა პოზიციაზე გადავიდა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთ-ერთ დეპარტამენტში წავიდა სამუშაოდ. 2011 წლიდან ყურაშვილი თელავის „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელი იყო.

 

***

2012 წლის „ოცნების“ საარჩევნო შტაბში ზემოთ ჩამოთვლილი კანდიდატებიდან მხოლოდ ყურაშვილი, ხიზანიშვილი და თხლაშიძე იყვნენ, დანარჩენები კი მომდევნო წლებში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გამოჩნდნენ პოლიტიკურ სარბიელზე. საინტერესო ახლა ისაა, ვის აირჩევს ბატონი ბიძინა თელავის რაიონის პირველ მოქალაქედ? რაც შეეხება „ოცნების“ საპარლამენტო კანდიდატებს, ეგ უკვე მოვყევით, ახლა კი იმას გადავხედოთ, საპარლამენტო მარათონი როგორია სხვა პოლიტიკურ პარტიებში?..

თელავის „ნაციონალურ მოძრაობაში“ ორი კანდიდატი იკვეთება: პირველი გახლავთ კახეთის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე, რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გიორგი ბოტკოველი და მეორე _ ბიზნესმენი სულხან ჭარბაძე. ამბობენ, ბოტკოველის კანდიდატურას თავად პარტია ირჩევს, ხოლო ჭარბაძისას კი ოდესელი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილიო. როგორ დასრულდება კანდიდატთა შერჩევა, ამას მომავალი წელი გვიჩვენებს.

ბურჯანაძე-დემოკრატებიდან საკრებულოს ორგზის დეპუტატი, ვანო გალახვარიძე იქნება, რომელიც თელავში ქრისტიან-დემოკრატების ხელმძღვანელია 2009 წლიდან.

ასევე ცნობილია, რომ საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან თბილისში მოღვაწე, წარმოშობით თელაველი მირიან ყარაულაშვილი სახელდება. საბჭოთა საქართველოს ხანაში ყარაულაშვილი კომკავშირის რაიკომის პირველი მდივანი იყო, იგი იღებდა თელაველ ახლგაზრდებს კომკავშირში, მისი ხელმოწერილი ბილეთები დღემდე თელაველებს სამუზეუმო ექსპონატებად აქვთ შენახული. იყო მედიკო მეზვრიშვილთან დაახლოებული პირი და მისი მარჯვენა ხელი.

რაც შეეხება ალასანიას პოლიტიკურ პარტიას, ამ დროისთვის მათი არც კანდიდატი ჩანს და არც პარტიის მხარდამჭერი.

ცხელი ზაფხულის კვალობაზე საპარლამენტო მარათონი ერთი წლით ადრე დაწყებულია. ვინ მიასწრებს „პირველი მოქალაქის“ კარზე, ესაა დღეს მთავარი კითხვა!

 

                                                                                                                     მაკა მოსიაშვილი