კონსტანტინე გამსახურდია: „ამ დღემდე შეუმდგარი სახელმწიფოებრიობით მოვედით!“

10484735_10203492529449288_965059170_n

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას სოციალური ქსელით აფასებს კონსტანტინე გამსახურდია, რომელიც იმ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას, რითაც დღემდე იწონებს თავს საქართველო თავს ევროპაში. კერძოდ, საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დაუდგენელ საზღვრებზე, ამ დრომდე აღუდგენელ სამართლიანობასა და გარღვეულ ეკონომიკაზე. უფრო ვრცლად, თუ რა შეფასებას აძლევს კონსტანტინე გამსახურდია 27 ივნისის ისტორიულ მოვლენას, „ქრონიკა+“ გთავაზობთ:

„ ევროპასთან ასოცირება ხელმოწერილია, რაც თავისთავად მნიშვნელოვანი და ისტორიული დღეა.
აქამდე მოვედით ყველა ჩვენი წარმატებით, 1991 წლის 9 აპრილიდან დღემდე. ასევე აქამდე მოვედით ჩვენი პრობლემებით – შინაგანი წინააღმდეგობებისგან დაღრღნილი საზოგადოებით, დროებით ოკუპირებული ტერიტორიებით, დაუდგენელი საზღვრებით 3 მეზობელთან მაინც, საკმაოდ პრობლემური, დემოკრატიულის მსგავსი სისტემით, ასევე პრობლემური სასამართლოთი, (ანუ ჯერ კიდევ ბოლომდე შეუმდგარი სახელმწიფოებრიობით), ჯერაც არ-დამკვიდრებული სამართლიანობით, სუსტად განვითარებული საბანკო სფეროთი, მძიმე გარღვევებით ეკონომიკურ და აგრარულ სექტორებში. ჩამოთვლა კიდევ შეიძლებოდა. არავინ, მეტადრე რაც შეეხება საზოგადოების შეგნებულ ნაწილს, არ ელის საქართველოში სამოთხის მსგავსი მდგომარეობის ერთბაშად დამკვიდრებას. იმედი გვაქვს, რომ ასოცირება შეგვეშველება, როგორც ზურგის ქარი ამ მძიმე მდგომარეობიდან თავის დაღწევაში.
გილოცავთ და გისურვებთ თქვენც და ჩემს თავსაც, ეს იმედები არ გაგვცრუებოდეს!“ – აღნიშნავს კონსტანტინე გამსახურდია.