თემურ შაშიაშვილი: „ევროკავშირთან ასოცირების ხელმოწერას „ხბოს აღტაცებით“ ვხვდებით!“

10425805_10203492384205657_1174723662_n

პარტია „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი, 27 ივნისის მნიშვნელოვან მოვლენას, საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრირებას, „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ეხმაურება და მოსახლეობისადმი მიმართვას ცნობილი გამოთქმით იწყებს: „თურაშაულის პატრონი ტყეში ვეძებთ პანტას!“ რას გულისხმობს „თეთრების“ ლიდერი, რა პარალელებს ავლებს და სად ხედავს რისკებს ასოცირების ხელშეკრულების დოკუმენტის გაფორმებით, ვრცლად იმ ამონარიდში, რომელსაც „ქრონიკა+“ უცვლელად გთავაზობთ:

„ევროკავშირთან და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობის გაღრმავება მართლაც კარგი მოვლენაა, მისი შეუფასებლობაც და გადაჭარბებული შეფასებაც შეიძლება საბედისწეროც აღმოჩნდეს ორი მეტად დამაფიქრებელი მომენტის გამო.

პირველი – დაწყებული შევარდნაძის ხელისუფლებიდან, ეს თემა და ნატოსთან თანამშრომლობა ზედმეტად პოლიტიზებულია – ემსახურება ხელისუფლებისათვის ბრძოლას და ხელისუფლების შენარჩუნებას. ამ თემების პოლიტიზებამ გრანდიოზული მასშტაბები მიიღო „ნაცების“ ეპოქაში და გრძელდება „ოცნების“ პერიოდშიც… დაგვავიწყდა საქართველო, ქართველი ხალხი, საქართველოს მოსახლეობა და გაცილებით მეტს ვფიქრობთ ევროპელ ლიდერთა კეთილგანწყობის მოპოვებაზე. მეტიც,  ხელისუფლებებმა მოსახლეობას შეუქმნეს გრანდიოზული მოლოდინი და ხელისმოწერის პერიოდში ქვეყანაში ამერიკისა და ევროკავშირის მიმართ გულწრფელად, ხაზს ვუსვამ, გულწრფელად იმედის მქონეთა რაოდენობა კატასტროფულად შემცირდა. ჩვენდა საუბედუროდ, ევროკავშირთან ურთიერთობა ევროპაში სარჩოს საშოვნელად წასვლასთან გაიგივდა. ეს სამომავლოდ, იმედების მეტად გაცრუების გზაა. დრო ამას დაადასტურებს.

მეორე – თვით ევროკავშირი კრიზისშია. ამის შესახებ ევროკავშირის ლიდერებიც ხმამაღლა საუბრობენ. ფაქტია ისიც, რომ ევროპაში მთავრობებს გარდა, პრაქტიკულად ცოტა დარჩა ევროკავშირის მომხრე. მასიურად მიდის საუბარი ევროკავშირზე, როგორც ახალ საბჭოთა კავშირზე… ბებერი ევროპის წარმომადგენლები შეწუხებულნი არიან იმით, რომ ვეროკავშირში მიღება დემოკრატიულ, ეკონომიკურ და სულიერ ღირებულებებს კი არ ეყრდნობა, არამედ, პოლიტიკური ნიშნით ხდება. მთავარი პოლიტიკური საზომი რუსეთი გახდა. ხარ დაპირისპირებული, ან პოტენციურად შესაძლოა გახდე ასეთი  – ფართოდ გიღებენ კარს. ამის შედეგია, რომ დაშლილი იუგოსლავიის ყველა ქვეყანა, ყოფილი სოციალისტური ბლოკის თითქმის ყველა ქვეყანა, დემოკრატიისაგან შორს მდგომი და განვითარების საწყის ეტაპზე მყოფი ალბანეთიც კი, მისი წევრი გახდა. ალბანეთი ნატოშიც მიიღეს. ბებერი ევროპა შეწუხებულია იმითაც, რომ შიდა კონფლიქტების ყველა ყოფილი საბჭოთა ქვეყანასაც ევროკავშირისკენ ექაჩებიან, ვერაფერი ვერ მოუხერხეს მხოლოდ სომხეთსა და აზერბაიჯანს, რომლებმაც არ მიიღეს ევროკავშირის თხოვნა და უარი თქვეს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე.

დამაფიქრებელია, რომ ჩვენ ევროკავშირთან ასოცირების ხელმოწერას „ხბოს აღტაცებით“ ვხვდებით მაშინ, როცა დიდი ბრიტანეთი გამოსვლაზე ფიქრობს, ასეთივე განწყობა ძლიერდებასაბერძნეთშიც, იტალიაშიც, უნგრეთშიც და ბევრ სხვა უკვე წევრ ქვეყანაში. მაშინ როცა,ესტონეთის პრეზიდენტიც კი საუბრობს იმაზე, რომ ევროკავშირში შესვლის შემდგომ ქვეყანა დეპრესიულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, დაიცალა მოსახლეობისაგან, განსაკუთრებით, ახალგაზრდებისაგან. ესტონეთის პრეზიდენტიც კი, იმაზე საუბრობს, რომ ესტონელები მხოლოდ მსახურებად მიდიან ევროპაში.

ხელისუფლება ზეიმობს, ჩვენ  კი ნაკლები გვაქვს საზეიმო, მაგრამ დაფიქრება კი ბევრ რამეზე გვჭირდება.“- აცხადებს „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი.