ვინ არის იტალიელი გეოლოგი, რომელიც ხელისუფლებას სტიქიის დასკვნის გასაკეთებლად ჩამოჰყავს?

chm

ვრცელდება ინფორმაცია, რომ თბილისში დატრიალებული სტიქიური უბედურების მიზეზებს უცხოელი სპეციალისტი, კერძოდ კი იტალიელი გეოლოგი შეისწავლის. ერთი მხრივ, თითქოს, განსაკუთრებული არაფერია. ეტყობა, კარგი სპეციალისტია და მის დადებულ დასკვნებს ყველა ენდობა. მეორე მხრივ, არც საქართველოს ჰყავს ცუდი გეოლოგები და რატომ გახდა აუცილებელი, მაინცდამაინც, უცხოელი სპეციალისტის დაქირავება? ეს კითხვა საინტერესო შემდეგი მიზეზის გამო არის _ ქართველი ექსპერტები არ გამორიცხავენ, ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებით რამის დამალვას რომ ცდილობდეს. არსებობს ბევრი სხვა ბუნდოვანი საკითხიც, რაც დაზუსტებას მოითხოვს, თუმცა, რატომღაც, დღემდე უამრავი რამ დაუზუსტებელია.

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება არასამთავრობო ორგანიზაცია „მძღოლი, გზა, სამართლის“ ექსპერტი, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი _ კოტე მჭედლიშვილი:

_ დღემდე რაც გამოიკვეთა და რაზეც საუბარი შეიძლება, ეს არის ერთი რამ _ ძალიან ორაზროვანი შეფასებებია.

_ რას გულისხმობთ?

_ ჯერ არ დადებულა საერთო დასკვნა, რამ გამოიწვია ვერეს ასეთი მოქმედება, ანუ მეწყერი მონაწილეობდა ამ წყალდიდობაში, თუ არა? ზოგიერთი წყარო ამბობს, რომ მეწყრის შედეგად წყალი დაგუბდა და ამის მერე წამოვიდა ის ტალღა, რომელმაც წალეკა ყველაფერი. პრინციპში, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა მთაგორიანი რელიეფისთვის და, ზოგადად, მთის მდინარეებისთვის. ძალიან ხშირად ხდება ასეთი რამ, თუნდაც ალმა-ათის შემთხვევა გავიხსენოთ, ანდაც ჩრდილო კავკასიაში წლების წინათ დატრიალებული ტრაგედია. მაგრამ აქ არის ერთი საყურადღებო ფაქტორი: როდესაც მეწყერი გადაკეტავს კალაპოტს, ამას წინ უძღვის მდინარის დაშრობა ზუსტად იმდენი დროით, რა დროც სჭირდება მეწყრის მიერ გადაკეტილ მდინარეს, რომ დაბრკოლება გადალახოს და სვლა გააგრძელოს. ვერის ხევში ვერე, მართალია, მცირე რაოდენობით მოედინება, მაგრამ მაინც არავინ არ არის მოწმე, ვისაც შეეძლო ეთქვა, რომ მდინარე საერთოდ აღარ მოედინებოდა, რომ შეწყდა მდინარის შხუილი, რომელიც ადრე ისმოდა და აღარ ისმის. ამის შემდეგ კი ხდება პირიქით, როცა დაგუბებული წყალი დაბრკოლებას გადალახავს და მოდის გრიალ-გრიალით. ერთი სიტყვით, არც თავდაპირველი სიჩუმე ყოფილა და არც მისი შემდგომი ხმაური.

_ აბა, რამ გამოიწვია ვერის ასეთი ძალით მოვარდნა?

_ მე მგონი, საქმე გვაქვს შემდეგ სიტუაციასთან: როგორც სვანიძის ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, დავინახეთ, რომ მდინარე მოდიოდა და ეტაპობრივად იმატებდა. ჯერ კოჭებამდე იყო წყალი, შემდეგ მუხლებამდე მოგვწვდა და ამის მერე კიდევ უფრო მოიმატაო. თვითმხილველთა ამ ნაამბობების მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს იყო მდინარის მოვარდნა. მეწყერიც რომ ჩამოწვა, ამას არავინ უარყოფს, მაგრამ ის ცალკე ქმედება იყო და იქ არ შეუსრულებია მნიშვნელოვანი როლი.

_ დავუშვათ, ტრაგედიის მთავარი მიზეზი იყო მეწყერი, ანუ მდინარის გადაკეტვა ჩამოშლილი ქანების შემდეგ, ანდაც უეცრად მოვარდნილი წყალი. შესაძლებელი იყო, ვინმეს მოეხდინა  რეაგირება?

_ ამაზე რეაგირებას ვერავინ მოახდენდა, იმიტომ რომ იყო შუაღამე. ერთადერთი ვარიანტი იყო, მეწყრის შემთხვევაში ვიღაცას შემთხვევით რომ ენახა ეს სურათი და აეტეხა განგაში, თორემ ასეთი სიტუაციის კონტროლი ავტომატურად არ ხდება. თუმცა მაინც ვიმეორებ: ჩემი აზრით, საქმე გვაქვს მეორე ვერსიასთან, რომ ეს იყო ტიპური წყალმოვარდნა, მაგრამ იყო გაანგარიშებულზე გაცილებით მაღალი წყლის ნაკადის მოვარდნა. იგი მოხდა მთის მდინარეში ინტენსიური წვიმების შედეგად ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ინტენსიური წვიმა მოდის 10-15 წუთის განმავლობაში, ხოლო როცა მას გადააცილებს საათით და სამი საათით, აქ უკვე საგანგაშო სიტუაციაა. მეწყრისგან განსხვავებით, უკვე სხვანაირადაა საქმე: ხომ არსებობს სამსახური, რომელიც ვალდებულია, საგანგებო სიტუაციები შეისწავლოს? მათ შეეძლოთ, საკუთარი თავისთვის დაესვათ კითხვა, _ ასეთი ინტენსიური წვიმები მოდის ხეობაში, რომელიც ცნობილი არის წყალმოვარდნებით და ხომ არ მოჰყვებოდა მას გართულება? ასე რომ, აქ იყო შესაძლებელი, მარტო ინტენსიური წვიმის გამო ატეხილიყო განგაში.

_ ასე მივდივართ ადამიანის როლამდე მთელ ამ ტრაგედიაში.

_ კი ბატონო. რამდენიც არ უნდა მოვინდომოთ, ადამიანის როლს აქ ვერ უარვყოფთ. დარღვევები იყო და არსებობდა თავიდანვე, ხოლო ეს გააკეთა ხალხმა, ვისაც მცირე ცოდნა აქვს და გამდიდრების სურვილი _ კოლოსალური. ანუ მაინც მივდივართ იმ კაცამდე, რომელიც იყო სრულიად ახალგაზრდა, არ გააჩნდა არანაირი გამოცდილება და უეცრად გახდა ქალაქის მერი. ბატონ უგულავაზეა საუბარი. რა უნდა მოვთხოვოთ მერს, როცა კაი სმა-ჭამის, ჩაცმისა და დროსტარების გარდა არაფერი არ უყვარს და ამ დროს ქვეყნის პრეზიდენტიც თავისნაირი ჰყავს? თუმცა, მეორე მხრივ, არც ისე პატარები იყვნენ, რომ პასუხისმგებლობის გრძნობა ატროფირებული ჰქონოდათ. ასე რომ, არ ვიცი, რამ გაამწარათ ასე! ღმერთზე უფრო მაღალი არსება ვარ და ყველაფერი ჩემი ნება-სურვილის მიხედვით უნდა იმართებოდესო, _ ასე არ გამოდის. ადამიანი თავმდაბალი უნდა იყოს. მე გეტყვით ერთ მაგალითს: ადრე თბილისი მერი, მაშინ აღმასკომის თავმჯდომარეს ეძახდნენ, იყო შოთა ბუხრაშვილი. ამ კაცის დროს დაიწყო ქალაქში ძალიან ბევრი სატრანსპორტო ნაგებობის მშენებლობა და უამრავი კარგი რამ გაკეთდა, იმიტომ რომ ბატონი ბუხრაშვილი იყო გზების ინჟინერი და მან ძალიან კარგად იცოდა, სად რა უნდა აშენებულიყო. პარალელურად ისიც იცოდა, ვისთვის რა უნდა დაევალებინა. ცხადია, ყველა ვერ იქნება საგზაოს, თუ ერთი რომელიმე კონკრეტული სპეციალობის წარმომადგენელი, მაგრამ ხელმძღვანელს როცა ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს, არ უჭირს სიტუაციაში გარკვევა და სპეციალისტების ნდობა.

_ რადგან ეს არ მოხდა, პასუხიც უნდა მოეთხოვოს ვინმეს, მაგრამ საკითხავია, ვის?

_ როცა ახალგაზრდა და გამოუცდელი კაცია სათავეში, მოსალოდნელიც არის, რომ ასეც გააკეთებს ყველაფერს, ანუ არაფერს გააკეთებს. ერთადერთი გამონაკლისი იყო დავით აღმაშენებელი, რომელმაც სრულიად ყმაწვილმა ჩაიბარა ქვეყანა და უმაღლეს მწვერვალზე აიყვანა. ეს მოხდა იმიტომ, რომ ჯერ ღმერთმა ინება, მოგვვლენოდა ასეთი პიროვნება, თანაც გიორგი ჭყონდიდელის აღზრდილი და ჩვენი პრეზიდენტი ვინ აღზარდა? _ დედამისი შესანიშნავი ქალბატონია, მაგრამ ჭყონდიდელთან ვერ მივა.

_ გასაგებია, მაგრამ თქვენ ბევრჯერ საუბრობდით მოსალოდნელ უბედურებაზე და არც ამათ _ დღევანდელმა აღმაშენებლებმა _ იღეს ყურად ეს გაფრთხილება. ახლანდელი ხელისუფლების  ბრალეულობას ვერ ხედავთ?

_ რასაკვირველია. მე 2012 წლის შემდეგ რამდენჯერმე გამოვაქვეყნე სხავადასხვა გამოცემაში მასალები, სადაც ვთხოვდი ხელისუფლებას, ბატონ ნარმანიასაც და სხვებსაც, რომ შეეკრიბათ კომპეტენტური სპეციალისტების ჯგუფი, ესაუბრათ ამ საკითხზე… მაგრამ ნარმანიასაც და სხვებსაც ყოველთვის იმ მიმართულებით აქვთ ვექტორი მიმართული, რომ შეკრიბონ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მწერლები, პოეტები, რომლებიც, ცხადია, პატრიოტები კი არიან, მაგრამ მათი შეკრება თავიდანვე პიარზეა გათვლილი. პოეტი იტყვის ლექსს, მომღერალი იმღერებს, მაგრამ პროფესიული ანალიზი და საკითხის ცივი გონებით განსაზღვრა და გადაწყვეტა არ ხდება.

_ ერთხელაც არ დაუძახია ნარმანიას და რჩევა არ უკითხავს?

_ არავის არ დაუძახია. 45 წელია, რაც ინჟინერი ვარ და 35 წელი იქნება, რაც პუბლიცისტიკასაც ვეწევი. წინათ რამეს რომ დავწერდი გაზეთში _ შევარდნაძის დროს და კიდევ უფრო ადრე _ წესი ჰქონდათ, რომ ის სამინისტრო, თუ დეპარტამენტი, რომლის დაქვემდებარებულ ობიექტზეც იყო საუბარი, მყისიერად ახდენდა რეაგირებას, დარეკავდნენ და უფრო დაწვრილებით და დეტალურად ითხოვდნენ ანალიზს. ასეთი რამ არც უგულავას ჰქონია და არც _ ნარმანიას.

_ დავუშვათ, რომ დაეძახა ნარმანიას, რას ურჩევდით?

_ მე ამ კონკრეტულ სიტუაციაში ნარმანიასთან შეხვედრა რომ მინდოდა, მაშინ მსურდა, რომ განგვეხილა თბილისის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების პრობლემები მიწისქვეშა სივრცის აქტიური გამოყენებით. მიწისქვეშა სივრცე თუ არ გამოვიყენეთ, განსაკუთრებით ისეთ მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში, როგორიც არის საბურთალო და ვაკე, არაფერი გამოგვივა. საშინელი საცობებია სპორტის სასახლის წინ არსებულ მოედანზე. თავის დროზე აქ სატრანსპორტო კვანძი იყო, რომელიც მაშინ მანქანების ნაკადს ატარებდა, მაგრამ მერე დაიწყო ჭედვა, რადგან გაიზარდა მისი დატვირთვა, ხოლო გამტარუნარიანობა იგივე დარჩა. ამ დროს იმის ნაცვლად, რომ ამ კვანძის რეკონსტრუქცია მომხადარიყო, მისი დიდი ფართობი ძალიან იაფად იყიდა (მე მგონია), აჭარის მფლობელმა, რომელსაც უნდოდა, რომ სასტუმროს მეორე კორპუსი დაესვა ამ მოედანზე. აღმოჩნდა, რომ ზუსტად იქ, სადაც მას აშენება სურდა, ძალიან ღრმად არის კლდოვანი ქანები, ამიტომ ვერ გააკეთა პროექტი. მადლობა ღმერთს, რომ ხელი მოეცარა, რადგან იქ მივიღებდით კიდევ უფრო ჩახერგილ ქუჩას. ტერიტორია ახლა მის მფლობელობაშია. უნდა დაისვას საკითხი და აჭარის მფლობელისგან უნდა მოხდეს ამ ტერიტორიის გამოსყიდვა. საუბარია იმ ადგილზე, სადაც პარკინგია და იქ უნდა მოეწყოს მრავალდონიანი მიწისქვეშა სატრანსპორტო კომპლექსი: კოსტავას ქუჩიდან რომ გამოვალთ, გვირაბით გავალთ და ავალთ პეკინის ქუჩაზე. ამ გვირაბის ორივე მხარეს შეიძლება ორ-სამ დონეზე გაკეთდეს ავტომობილების გასაჩერებელი ადგილები, რომელიც დღეს ცხვირწინ აქვს სასტუმროს მფლობელს. ორჯერ მეტი გაჩერება მივცეთ, ანუ წაგებაში არ დარჩება და დამატებით ფულსაც გადავუხდით. ამაზე გვინდოდა ლაპარაკი, მაგრამ დაინტერესდა ვინმე მერიიდან და მიაკითხა „აჭარის“ („ჰოლიდეი ინი“) მფლობელებს?! არადა, ეს კვანძი მნიშვნელოვნად განტვირთავდა მოძრაობას, თანაც მიუერთდებოდა მიწისქვეშა გადასასვლელებს და შესაძლებელი იქნებოდა აქედან მეტრომდე მიღწევა. საწყობების გაკეთებაც შეიძლებოდა და ამ ყველაფრის მოგვარება მცირე დანახარჯით. იქ მიწისქვეშა სივრცე ამოვსებულია თიხნარი ნიადაგით და ადვილია გვირაბების გაკეთება. რომც არ ყოფილიყო ასე, კლდოვანი მასაც მოინგრეოდა და მაინც გაკეთდებოდა. მთელი მსოფლიოს თანამედროვე ქალაქებში ასე კეთდება.

_ ეს არის პერსპექტივა, რომელიც, სამწუხაროდ, არავის აინტერესებს. თემას დავუბრუნდეთ, იმის დემონტაჟი რომ მომხდარიყო, რაც სააკაშვილმა ვერეს ხეობაში გააკეთა, ხომ აღარ იქნებოდა ამხელა მსხვერპლი?

_ კი, მაგრამ ადამიანს ისეთი დამოკიდებულება აქვს ყველაფრის მიმართ, როგორც ანდაზაშია, _ ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო. მეც ვიყავი უკმაყოფილო, არაერთი სტატია დავწერე, სადაც, ფაქტობრივად, ვიწინასწარმეტყველე ის არმაგედონი და კოლაფსი, რაც თბილისში დატრიალდა, მაგრამ სანამ არ მოხდა, არავინ დაიჯერა და თავი არავინ გაიგიჟა. გადაბრუნდა ურემი და ახლა დაიწყო ყველამ ყვირილი. რა აღმოჩნდა? უშუალო ზეწოლაც რომ არ ყოფილიყო ხელისუფლების მხრიდან და დავუშვათ, რომ სააკაშვილი და უგულავა სულაც არ ყოფილიყვნენ ჩარეული ვერეს ხეობის „აღმშენებლობაში“, მათ პასუხისმგებლობა მაინც ექნებოდათ, იმიტომ რომ ქვეყნისა და დედაქალაქის პირველი პირები იყვნენ და როგორ მოხდა ისე, რომ ვიღაც უვიცებმა გააკეთეს და განახორციელეს ისეთი პროექტი, რომელმაც ამხელა კატასტროფა მოუტანა ქალაქს? ხოლო თუკი ასეთი პროექტის განხორციელებას აიძულებდნენ, ნორმალური კაცი გადადგებოდა ქალაქის მერობიდან და კიდევ უფრო ნორმალურ კაცს შეიძლება ტყვიაც კი დაეხალა შუბლში, ეს რა მომივიდაო.

_ ამ შემთხვევაში ვინ უნდა ისროლოს ტყვია შუბლში, ნარმანიამ თუ უგულავამ?

_ ნარმანიამ, ალბათ, ეპიტამია უნდა დაიკისროს. ერთი ორმოცი, ან სამოცი დღე შიშველ მიწაზე იძინოს და მხოლოდ წყლით და პურით იკვებოს, უგულავას კი შეუძლია, ტყვია იკრას შუბლში!

_ ანუ ობიექტურები რომ დავრჩეთ, არ არის ისე, რომ მარტო წინა ხელისუფლების ბრალია ყველაფერი და ესენი უცოდველები არიან? აშკარად გამოიკვეთა ხელის შეხოცვის სურვილი მხოლოდ წინა ხელისუფლებაზე.

_ ცხადია, არც ესენი არიან მთლად უცოდველები. ბრალეულობის ლომის წილი, რასაკვირველია, წინა ხელისუფლებაზეა. ესენი კიდევ მოვიდნენ და თავის უმოქმედობითა და გამოუცდელობით ვერაფერი გააკეთეს, არ აღმოჩნდნენ თავის სიმაღლეზე.

_ ახლა რომ მოხდეს სააკაშვილ-უგულავას მილებიანი ვერის დემონტაჟი, ძნელი იქნება?

_ ამის დემონტაჟს რა უნდა, მაგრამ საკითხი ისმის ასე: საერთოდ შევინარჩუნოთ თუ არა აქ ეს გზა? თუ შევინარჩუნებთ, მაშინ უნდა იყოს სრულიად ახალი გზა. თუმცა საზოგადოებამ მინდა იცოდეს, რომ ქალაქის განვითარების გეგმაში იდო მანდ არა გზის, არამედ ტყე-პარკის მოწყობა იმიტომ, რომ ბუნებრივად გვქონდა ბოძებული მშვენიერი ტერიტორია, რომელსაც გადაუხურავი და მილში მოუქცეველი პატარა ვერე ნამდვილად დაამშვენებდა. მდინარე რომ გასუფთავებულიყო და გალამაზებულიყო, მის გარშემო კი ტყე-პარკი გაგვეშენებინა, იქ ყოფნას არაფერი აჯობებდა. მაგრამ ეს არ მოხდა სააკაშვილ-უგულავას გაუმაძღრობის გამო. საუბარი ეხება პრესტიჟულ უბანს და გაცილებით დიდ მოგებას ნახავდნენ, თუკი სამოსახლოებად გაყიდდნენ.

_ იმედია, ახლა მაინც გაითვალისწინებენ და ტყე-პარკს მოაწყობენ. გადაუხურავი მდინარე ქალაქის ცენტრში მთელ ეკოსისტემას გააჯანსაღებს.

_ ღმერთმა ქნას, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ყველაფერი ძველი ინერციით მიდის. ახლა ამბობენ, რომ სტიქიური უბედურების შესასწავლად და დასკვნების გასაკეთებლად ჩამოიყვანეს იტალიელი გეოლოგი. თქვენ წარმოიდგინეთ, ეს ხდება მაშინ, როდესაც არაფერი გვჭირს უცხოელების დასახმარებელი. გეოლოგიის ქართული სკოლა ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იყო და ბრწყინვალე სპეციალისტები ჰყავს დღესაც. არაჩვეულებრივი დაწესებულებებიც გვაქვს, რად გვინდა უცხოელი ექსპერტის ჩამოყვანა?

_ იმიტომ ხომ არა, რომ დაქირავებულ ექსპერტს სასურველ დასკვნას უფრო დააწერინებ?

_ საერთოდ, უცხოელი რომ ჩამოგყავს, ყოველთვის არის რაღაც მიზეზი. ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ უცხოელს უზარმაზარ ჰონორარს გადაუხდი და ცოტა მერყევი პიროვნება თუა, როგორსაც გინდა, ისეთ დასკვნას დაგიწერს. ასე რომ, დაველოდოთ და ვნახოთ, რა და როგორ მოხდება. იმედია, ქალაქისა და მისი მოსახლეობის ინტერესებს გაითვალისწინებენ და არა რომელიმე პარტიული ჯგუფის სურვილები გადაწონის ყველაფერს.

 

                                                                                                     დავით დევიძე