სად გაქრა საქართველოში 700 000 ადამიანი?

saxez

მოსახლეობის საყოველთაო აღწერა საქართველოში გასულ საუკუნეში ექვსჯერ ჩატარდა: პირველი 1926 წელს, ბოლო 1989 წელს. დამოუკიდებელ საქართველოში პირველი საყოველთაო აღწერა 2002 წლის იანვარში გაიმართა.

1989 წლის აღწერით საქართველოს მოსახლეობა 5 443 000 კაცი იყო, 2002 წელს _ 4 601 500. ამ მონაცემების მიხედვით, 13 წლის განმავლობაში, საქართველოს მოსახლეობა ერთი მეხუთედით შემცირდა.

მოსახლეობის საყოველთაო აღწერა ტარდება ქვეყნის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში, მოსახლეობის შესახებ ზუსტი მონაცემების მისაღებად, რაც აუცილებელია დემოგრაფიული ვითარების დადგენისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრისთვის.

როგორ ჩატარდა მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014 წელს, რა დარღვევები დაინახა სამოქალაქო სექტორმა და სად გაქრა 700 000 ადამიანი?

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლის თაობის“ ხელმძღვანელი _ ლევან გახელაძე:

 

_ ბ-ნო ლევან, გაეროს რეკომენდაციით მოსახლეობის საყოველთაო აღწერა უნდა ჩატარდეს ათ წელიწადში ერთხელ. ჩვენს ქვეყანაში ამ პროცესს დააგვიანდა…

_ დააგვიანდა ორჯერ. საბჭოთა კავშირის პერიოდში ბოლო აღწერა ჩატარდა 1989 წელს, შემდეგ უკვე დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში პირველი აღწერა იყო 2002 წელს და მეორე აღწერა _ 2014-ში.

_ როგორია მონაცემები? თქვენ ამბობთ, რომ ძალიან საეჭვო ციფრები გამოქვეყნდა და იქნებ, მივყვეთ თანმიმდევრობით, რა პრობლემასთან გვაქვს საქმე?

_ 30 აპრილს „საქსტატმა“ თავის ოფიციალურ საიტზე გამოაქვეყნა 2014 წლის საყოველთაო აღწერის პირველადი შედეგები, რომლის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა არის 3 მილიონ 700 000-ზე მეტი, რაც ძალიან საინტერესო ციფრია. იმავე „საქსტატს“ თავისსავე ოფიციალურ საიტზე, ოღონდ სხვა ადგილას, გამოქვეყნებული აქვს დინამიკა, თუ როგორ იცვლებოდა საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 2006 წლიდან დღემდე. ეს სტატისტიკა არის ღია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დაინახოს, რომ 2014 წლამდე 4 მილიონ 400 000-ის ფარგლებში (პლუს-მინუს 70-80000 ადამიანი) იცვლებოდა. ეს ნახტომი, დაახლოებით, 700 000-იანი კლება, არის 2014 წელს, რაც დამერწმუნეთ, ძალიან საგანგაშო ციფრია. წინა წელთან შედარებით ეს არის 17%-იანი კლება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ყოველი მეექვსე მოქალაქე, ამა თუ იმ ფორმით, გაქრა საქართველოდან. რა უნდა ვივარაუდოთ? _ ქვეყანაში იყო რაღაც საოცარი ეპიდემია, ან პანდემია. როგორც ეკონომიკის მინისტრი ამბობს, თვალსაჩინოდ ჩანს ტურისტებიო, აქაც თვალსაჩინოდ ჩანს, რომ ასეთი პანდემია არ ყოფილა. მეორე ახსნა შეიძლება იყოს, რომ რაღაც მასობრივ ემიგრაციასთან გვქონდა საქმე. ემიგრაციის გამორიცხვა, რა თქმა უნდა, არ შეიძლება, მაგრამ ყოველი მეექვსე მოქალაქის წასვლა ემიგრაციაში, თან ერთ წელიწადში, ნამდვილად შესამჩნევი მოვლენა იქნებოდა და ამას იგრძნობდა თითოეული ჩვენგანი.

_ ბევრად უფრო მაღალი იყო ემიგრანტების ციფრი წინა წლებში. მაგალითად, როცა მასობრივად მიდიოდნენ, მაგრამ ამ წლის მონაცემებში მსგავსი ნახტომი, რაც ახლა გვაქვს, არ ყოფილა…

_ 700 000 ადამიანის ერთობლივი გასვლა ისეთი პატარა ქვეყნიდან, როგორიც საქართველოა, არ მსმენია. ასევე ძალიან საყურადღებოა რეაქციები, უფრო სწორად, რეაქციის არქონა. ე. ი. მოსახლეობის 17%, რაღაც კატაკლიზმის გამო, ქრება ქვეყნიდან და ამაზე არ რეაგირებს არც მთავრობა, არ რეაგირებს იუსტიციის სამინისტრო, რომლის მოქალაქეთა მონაცემების ბაზასთან რაღაც თანადობა არ არის, ხომ? ამაზე არ რეაგირებს არც ცესკო და არ რეაგირებენ პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც უკვე განგაში უნდა ჰქონდეთ ატეხილი იმიტომ, რომ ამ რიცხვმა შეიძლება პირდაპირ იმოქმედოს არჩევნების შედეგებზე. ამაზე არ რეაგირებს არც ჯანდაცვის სამინისტრო. რა ხდება, ბატონებო? მაშინ, რატომ ვითხოვთ ჯანდაცვის პროგრამებზე მეტ ფულს, თუ 700 000-ით ნაკლებია მოსახლეობა?! ამაზე არ რეაგირებს არც განათლების სამინისტრო, იმიტომ რომ თვალსაჩინოდ და კატასტროფულად უნდა შემცირებულიყო მოსწავლეები; არ რეაგირებენ სოფლის მეურნეობისა, ეკონომიკის და ა. შ. სამინისტროები.

_ რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საყოველთაო აღწერა ნორმალურად არ ჩატარდა? ძალიან ბევრ ადამიანს ვკითხე ჩემ ირგვლივ და ისინი ამბობენ, რომ მათ საყოველთაო აღწერაში მონაწილეობა არ მიუღიათ…

_ პირველ რიგში, უნდა გამოვრიცხოთ ეპიდემია, რადგან მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ფაქტობრივად, არა ერთ წელიწადში, არამედ რამდენიმე თვეში გაქრა ეს მოსახლეობა. თუ დავუჯერებთ „საქსტატს“ და შევადარებთ სხვა სახელმწიფო უწყებების მონაცემებს, ვნახავთ, რომ 2-3 თვეში მომხდარა გადინება; ემიგრაციასაც თუ გამოვრიცხავთ, რადგან ასეთი ნაკადი ნამდვილად არ ყოფილა, მაშინ დავდივართ „საქსტატისთვის“ არცთუ სახარბიელო განმარტებებზე: პირველი _ შესაძლოა, „საქსტატმა“ არასწორი მეთოდოლოგიით განახორციელა აღწერა (რბილად ვამბობ, თორემ არასწორ მეთოდოლოგიაში ვგულისხმობ, რომ არ აღწერა საერთოდ). ჩვენმა ორგანიზაციამ 2000-მდე რესპონდენტი გამოკითხა ხალხმრავალ ადგილებში თბილისის ათ წერტილში ერთდროულად. კვლევამ ძალიან ცუდი სურათი აჩვენა. დაახლოებით 35%-მა თქვა, რომ მიიღო მონაწილეობა, 37%-მა თქვა, რომ არ მიუღია, ხოლო დანარჩენს საერთოდ არ გაუგია, რომ საქართველოში საყოველთაო აღწერა ჩატარდა. შესაძლოა, ამ მოსაზრებას სხვა განვითარებაც ჰქონდეს, ვთქვათ, არ გამოყვეს შესაბამისი სახსრები, თუმცა ამ ფაქტის შესახებ „საქსტატს“ აუცილებლად უნდა ეცნობებინა, ეს უნდა გამოსულიყო გარეთ, იმიტომ რომ მისი რეპუტაცია ეჭვქვეშ დგებოდა. ან გამოიყო შესაბამისი სახსრები და ის აითვისეს არამიზნობრივად. ან ბოლო მოსაზრებით, ისე საეჭვოდ არის გასუსული მთელი სახელმწიფო აპარატი, ვისაც ამაზე რეაქცია უნდა ჰქონოდა და ვინც უკვე ჩამოვთვალე, ხომ არ გვაქვს საქმე არჩევნებამდე წელიწადნახევრით ადრე რაღაც ახალი რეალობის შეგუების მცდელობასთან?!

_ ამ გაუჩინარებული 700 000-დან რამდენი შეიძლება იყოს აქტიური ამომრჩეველი, დაზუსტებით, ან მიახლოებით თუ მაინც გაქვთ ინფორმაცია?

_ თქვენ თუ ნახავთ აღწერის მონაცემებს, სადაც შედარებულია წინა აღწერისა და ბოლო აღწერის ასაკობრივი ჭრილები, შეამჩნევთ, რომ შემცირება მოდის 18 წლიდან ზემოთ. ანუ აქტიურ ამომრჩეველზეა აქცენტი. არის მცირეოდენი ცვლილება 18 წლამდე ასაკშიც, მიუხედავად იმისა, რომ რომელიღაც კატეგორიაში მეტია, ზოგან ნაკლები. შესაბამისად, სად მოკლებია? _ 700 000 მოკლებია აქტიურ ამომრჩეველს, ხომ?

_ რას ამბობს ის სამინისტრო, რომელსაც დიასპორის აღრიცხვა ევალება, ამ მიმართულებით უნდა მუშაობდეს და ყველა ინფორმაცია ამ სამინისტროში უნდა იყრიდეს თავს?

_ აი, ეს არის საინტერესო! როგორც უკვე ვთქვით, პანდემია არ ყოფილა, თუ დავუშვებთ იმასაც, რომ „საქსტატმა“ წესიერად იმუშავა, მაშინ ემიგრაცია რჩება ერთადერთი ახსნა, რომელიც ასევე წარმოუდგენელია, რადგან 700 000 ადამიანის გასვლა _ ეს ბიბლიური მასშტაბია. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ მოსემ, დაახლოებით, 600-700 000 ებრაელი გაიყვანა ეგვიპტიდან. დავუშვათ, მოხდა ეს გამოსვლაც, რაც წარმოუდგენელია, მაგრამ, ვთქვათ, ყველა ბრმა ვართ, ყრუ ვართ… 1-ლ მაისს, სრულიად სხვა მიმართულებით, დიასპორებთან ურთიერთობის სამინისტრო ერთ-ერთ ავტორიტეტულ არასამთავრობო ორგანიზაციას, „IDFI „-ს აძლევს საჯარო ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელ ქვეყნებში როგორაა წარმოდგენილი ქართველი დიასპორა _ როგორც თავად ამბობენ, თანამემამულეები. ვეცადე მომეძიებინა და ვერ ვიპოვე, რას გულისხმობს დიასპორის სამინისტრო ტერმინში თანამემამულეები? შეიძლება ირიბად ვიმსჯელოთ, რომ გულისხმობს ეთნიკურად ქართველებს, იმიტომ, რომ როცა ამ ცხრილს ნახავთ, რამდენიმე ადგილზე არის მინიშნება, აი, მაგალითად, აზერბაიჯანთან დაკავშირებით, ვთქვათ, 35 000 ეთნიკური ქართველი და 100 000 ეთნიკური აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქე. ცხრილში საბოლოოდ მითითებულია 35 000 ეთნიკური ქართველი და 100 000 აზერბაიჯანელი ფრჩხილშია. დაახლოებით მსგავსი მითითება არის საბერძნეთში მცხოვრებ ქართულ დიასპორაზეც. ივარაუდება, რომ ესენი არიან თანამემამულეები. თქვენ რომ ნახოთ ეს ცხრილი და შეაჯამოთ, გამოდის მილიონ ნახევარზე მეტი ეთნიკური ქართველი და მეორე მომენტი _ ასევე მინიშნებებით მიხვდებით, რომ აქ საუბარი არის ე. წ. ახალ ემიგრაციაზე. იმიტომ, რომ ცალკეა გამოყოფილი, მაგალითად, ირანში, ან თურქეთში ისტორიულად მცხოვრები ქართველები. ამიტომ, ვარაუდით საუბარია 90-იანი წლების დასაწყისიდან დღემდე გასულ ეთნიკურ ქართველებზე. მილიონ ნახევარი ძალიან საეჭვო ციფრია. არსებობს 1989 წლის აღწერა, რომლის მონაცემებით, 1989 წელს, 90-იანი წლების დასაწყისისთვის, 5 მილიონ 500 000 ადამიანი ცხოვრობდა საბჭოთა საქართველოს სოციალისტურ რესპუბლიკაში, აქედან ეთნიკური ქართველი იყო, დაახლოებით, 3 მილიონ ნახევარი, ანუ 66%. 2002-ის აღწერა გვეუბნება, რომ დაახლოებით 4 მილიონ 400 000-ია საქართველოს მოქალაქე და ქართული ეთნიკური ელემენტის ხვედრითი წილი 66%-დან ამოწეული არის 86%-მდე.  ანუ, პრაქტიკულად, ეთნიკური ქართული მოსახლეობის რაოდენობა ოდნავ, დაახლოებით, 150000-200000-ით არის შემცირებული. სხვა უფრო მკვეთრად შემცირდა და ამის ხარჯზე აიწია ქართული ეთნიკური კომპონენტის რაოდენობამ.

90-იანი წლების დასაწყისში, ე. წ. ნულოვანი ვარიანტით, თუ გახსოვთ, ერთ წელს საქართველომ მისცა არჩევანის საშუალება მოქალაქეებს, მაშინ, ძირითადად, გავიდნენ ეთნიკურად არაქართულენოვანი საქართველოს მოქალაქეები. პირველ რიგში, სომხები, რომელთა დიასპორა 1989 წლის აღწერით იყო უმსხვილესი. საქართველოში 600 000 სომეხი ცხოვრობდა. 2002 წლისა და ახლანდელი აღწერაც გვეუბნება, რომ 200 000-ს არ აღემატება ეთნიკური სომხების რიცხვი. ასევე მოიკლო ეთნიკური აზერბაიჯანელების, რუსების, ოსებისა და აფხაზების რაოდენობამ.

_ ბ-ნო ლევან, დიასპორის სამინისტროს მონაცემებით რუსეთში რამდენი ეთნიკური ქართველი ცხოვრობს?

_ ამ მონაცემებით საუბარია, დაახლოებით, 800 000 ადამიანზე, საბერძნეთში _ 250 000-ზე და ა. შ. ეს არის ფანტასტიკური ციფრები.

_ თუმცა სულ იყო საუბარი, რომ საქართველოდან რუსეთში მილიონზე მეტი ქართველია გასული…

_ ძალიან საინტერესოა, თუ ვინ საუბრობს და რა კომპეტენციით ამ თემაზე? სხვათა შორის, დღევანდელ მმართველ ელიტას ახასიათებს, მათ შორის, ბატონმა ბიძინამაც არაერთხელ გაუსვა ხაზი ამ 800 000-ს. ჩვენი ორგანიზაცია დაინტერესდა, რას ეფუძნება მსგავსი ტიპის განცხადება გარდა ემოციური აღქმისა? ირკვევა, რომ საერთოდ არაფერს!!! მე უფრო ვვარაუდობ, რომ ასეთი ფანტასტიკური რიცხვების გენერატორად რუსეთში მუშაობენ ბატონი ხუბუტიასა და მსგავსი ტიპის ორგანიზაციები.

_ მათი დანიშნულებაც ეს არის!

_ რა თქმა უნდა, აწყობთ რუსეთის ხელისუფლებასთან სასაუბროდ, რომ საჭირო ადამიანები არიან, სერიოზულ დიასპორას წარმოვადგენთო და ა. შ. მაგრამ, ამ შემთხვევაში, არსებობს რუსეთის ფედერაციის ოფიციალური სტატისტიკა, რომელიც, საქართველოსგან განსხვავებით (სხვათა შორის, ეს არ უნდა დავუკარგოთ), არ გაჩერებულა და კარგადაც მუშაობდა მთელი ამ წლების განმავლობაში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც. 2010 წლის აღწერის მონაცემებით, რუსეთში ფიქსირდება, დაახლოებით, 160 000 რუსეთის მოქალაქე ეთნიკური ქართველი. შარშანდელი მონაცემებით, ფედერალური სამიგრაციო სამსახურის მიხედვით, დიდ და ვრცელ ჩამონათვალში, არალეგალური მიგრანტების რაოდენობით, საქართველო არის 26-ე ადგილზე, დაახლოებით, 30 000 კაცით, პირველ ადგილზეა უკრაინა 2 მილიონ 600 000 არალეგალი მიგრანტით, უზბეკეთი _ 2 მილიონ 300 000-ით და ა. შ.

სხვათა შორის, გამეცინა, როცა ვნახე, ჩვენ გვისწრებს კანადა, ანუ კანადიდანაც კი უფრო მეტი მიგრანტია რუსეთში, ვიდრე საქართველოდან. შესაბამისად, როგორც არ უნდა ვჭრათ და ვკეროთ, თანამემამულეები რუსეთში 200 000-ზე მეტი არ გამოდის.

_ რამდენად შესაძლებელია, რომ გაუჩინარებული 700 000 მოქალაქე სწორედ იმ 800 000 ადამიანში აღმოჩნდეს, რასაც დიასპორის სამინისტრო ციფრებში გადმოსცემს?

_ აი, ზუსტად ეგ კითხვა დაგვებადა ჩვენც. ხომ არ მოხდება ისე, რომ, ვთქვათ, მომავალ წელს, როდესაც ყურთბალიშიდან ჩამოიღებენ თავს ჩვენი პოლიტიკური პარტიები, მათ შორის, ოპოზიციურიც, საღათას ძილიდან გამოფხიზლდებიან და ნელ-ნელა ამუშავდება ცესკოს აპარატი, რომელმაც უნდა დაიწყოს ამომრჩეველთა სიების დაზუსტება, ხომ არ აღმოჩნდება ერთ მშვენიერ დღეს გამქრალი 700 000 ადამიანი დოკუმენტურად სადღაც სხვაგან, მაგალითად, რუსეთში?

_ ანუ შესაძლებელია, ერთ მშვენიერ დღეს, მაგალითად, რუსეთიდან 800 000 ხმა ჩამოვიდეს?

_ რა თქმა უნდა! „საქსტატი“ იტყვის, რომ იცით, რა, ბატონებო, მე საქართველოს ტერიტორიაზე ვინც იყო, აღვრიცხე, ის რაღაც 800 000 მიგრანტი ოფიციალური წყაროებით რაც მოვიდა, დაგიდეთ, საზღვარგარეთ ჩვენ აღრიცხვის საშუალება არ გვქონდა _ ეს ერთი. იმავე რუსეთის ფედერალურმა სამსახურებმა შეიძლება თქვან, _ იცით, რა, ძმაო, ჩვენ, აგერ, უკრაინასთან პრობლემები გვქონდა და საზღვარს კარგად ვერ ვუყურებდით, იქნებ, შემოვიდა კიდეც ეს 700 თუ 800 000 ადამიანი თქვენგან?..

_ უფრო ღრმა, პოლიტიკური შეთქმულების თეორიაში რომ წავიდეთ, რამდენად შესაძლებელია, რომ ეს ხმები აღმოჩნდეს სწორედ იმ პრორუსული ძალების ყულაბაში, რომლებმაც ვერასდროს, ვერც ერთ არჩევნებზე ვერ მოახერხეს მხარდამჭერების მობილიზება?

_ არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ ე. წ. პრორუსული პარტიები, ასევე ე. წ. ევროპული პარტიი,ს „ქართული ოცნების“ ფრთის ქვეშ მუშაობენ. ეს იმდენად ღია და საჯარო პროცესია, ამას არც კი მალავენ. ძალიან სერიოზულ რაღაცასთან შეიძლება გვქონდეს საქმე. ერთადერთი, რაზეც დოკუმენტურად ვერ ვისაუბრებ, და ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდება, გახსოვთ, ალბათ, 2012 წლის არჩევნების დროს აქტიურად მუსირებდა ის თემა, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა მობილიზება რუსეთში წასული ქართველი არალეგალების გარკვეული ნაწილისა. ამბობდნენ, „ოცნების“ წარმატების ერთ-ერთი და არა ერთადერთი ფაქტორი იყო ის, რომ მათ რუსეთიდან და საბერძნეთიდან დიდი რაოდენობით არალეგალის აქ ჩამოყვანა მოახერხეს და მერე უკან გამგზავრება. ამ პროცედურას, _ არალეგალი ჯერ ჩამოიყვანო, მერე წაიყვანო, _ მიმღემი სახელმწიფოს მხრიდან, მინიმუმ, თვალის დახუჭვა სჭირდება.

_ როგორ ფიქრობთ, ამ სიტუაციიდან გამოსავალი რა არის? ბოლოს და ბოლოს, სიმართლე როგორ უნდა დავადგინოთ? სად წავიდა ეს 700 000 ადამიანი?

_ სიმართლე მაინც ის ციფრია, რომელზედაც მე თავიდან ვისაუბრე. პირდაპირ გვეუბნება ცესკო, რომელიც უთითებს წყაროს _ ეს არის სერვისების განვითარების სააგენტო, რომელიც ფლობს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტაციას. მან ზუსტად იცის, რამდენი პირადობის მოწმობაა გაცემული და, შესაბამისად, ზუსტად იცის, რამდენია საქართველოს მოქალაქე. ამის საფუძველზე, შარშან, 9 ივნისს, ცესკოში იმართება ბრიფინგი, აცხადებენ ოფიციალურ რიცხვს, დაახლოებით, 3 მილიონ 470 000-ს ამომრჩეველს. იქ, რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს ცდომილება, მაგრამ ცდომილება იქნება არა კლების, არამედ მატების ნაწილში, იმიტომ რომ შეიძლება რამდენიმე ათასმა ადამიანმა ვერ მოასწრო რეგისტრაცია. მეორე მხრივ, გვაქვს ასევე ზუსტი აღრიცხვის დოკუმენტი, 2014-2015 სასწავლო წლის წინ მოსწავლეების რაოდენობა საქართველოს მასშტაბით _ 454 000.

_ ესეც დაზუსტებული მონაცემებია, რადგან სკოლები დაფინანსებას მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით იღებენ…

_ რა თქმა უნდა. რაოდენობით მანიპულირება სისხლის სამართლის  დასჯადი ქმედებაა და ეს ბუნებრივიცაა, რადგან საბიუჯეტო ფულზეა საუბარი. შესაბამისად, განათლების სამინისტრო, დარწმუნებული ვარ, პასუხისმგებლობით უდგება ამ საკითხს. როგორც უკვე გითხარით, არის ერთადერთი 0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვთა რაოდენობა, რომლის განსაზღვრაც ცოტა რთულია ხოლმე, არ არის ოფიციალური სტატისტიკა, თუმცა შეიძლება ასე ვთქვათ, გონებრივი სპეკულაციით ავაგოთ, როგორც მოსწავლეთა რაოდენობის ნახევარი. იმიტომ რომ მოსწავლეთა რაოდენობა 12-წლიან შუალედს მოიცავს და 6-წლიანი შუალედი შეიძლება ვივარაუდოთ. ეს არის, დაახლოებით, 280 000 ბავშვი.

_ ბ-ნო ლევან, ვერც ერთი მონაცემით 700 000-ს ვერ მივუახლოვდით…

_ საქართველოს მოსახლეობა 4 მილიონ 300 000 გამოდის მინიმუმ, 9 ივნისის მდგომარეობით და ახალი სასწავლო წლის დაწყების წინ. ნოემბრის დასაწყისში ჩატარდა აღწერა. სხვათა შორის, მათ ერთ-ერთ საჯარო დოკუმენტში, რომელიც ეხება 2015 წლის პირველი იანვრის მდგომარეობის აღწერას, ერთ ფრაზას გამოვეკიდე, ამ ფრაზის სამეცნიერო კეთილსინდისიერებაზე თავად იმსჯელეთ: 2006-დან 2014 წლამდე აღწერებს შორის პერიოდში საქართველოს მოსახლეობა შემცირდა 700 000 კაცითო! მიაქციეთ ყურადღება _ კი, ფორმალური, არითმეტიკული ლოგიკით, აღწერებს შორის პერიოდში არის 700 000-ით შემცირებული, მაგრამ შემდეგ უკვე ცხრილს როცა დებენ, ეს 700 000-იანი შემცირება არის ერთ წელიწადში!!! კეთილსინდისიერ და თავისი ქვეყნის გულშემატკივარ მკვლევარს, წესით, განგაში უნდა აეტეხა. არადა, მხოლოდ მსგავს ფრაზას წერს, რაშიც იგულისხმება, რომ თითქოს პასუხისმგებლობა გადადის წინა კი არა, იმის წინა ხელისუფლებაზეც, მეორე მხრივ, გაუთვითცნობიერებელ მკითხველს უჩენს ისეთ განცდას, რომ რაღაც პროცესთან გვაქვს საქმე და ნელ-ნელა იკლებს და საგანგაშო არის, მაგრამ ისეთი საგანგაშო _ არა! ასეთ ფრაზას კეთილსინდისიერი მკვლევარი არ დებს. პირიქით, მთლიანად ეს კვლევა უნდა დაწყებული იმით, რომ  SOS ვიღუპებით! მოსახლეობის 17% დაკარგო რამდენიმე თვეში, ეს არის უბედურება.

_ და მაინც, პოლიტიკურ ნაწილს რომ დავუბრუნდეთ, ემზადება თუ რა ხელისუფლება არჩევნების გაყალბებისთვის?

_ გაყალბების არ ვიცი, როგორ დავაბრალო, მაგრამ რომ ემზადებიან, ფაქტია! ამაზე, თუნდაც, მაჟორიტარების საკითხიც მეტყველებს. ხელისუფლებამ აქტიურად დაიწყო მზადება არჩევნებისთვის, სამწუხაროდ, არა დაპირებების შესრულების კუთხით, არამედ წინასაარჩევნო მანიპულაციებით. ყველამ ვიცით, რომ მაჟორიტარები საარჩევნო მანიპულაციების ლეგალიზებული გზაა.

 

                                                                                                 ელისო კილაძე