ძრწოდე, თბილისო, დედა-მერი მოდის!

blo

8 წელი იყო გიგი უგულავა თბილისის მერი. საერთოდ იცოდით, ვინ იყო დედამისი? მე არც ახლა ვიცი. წინ წავედით, ახლა უკვე ვიცით, ვისი ბიჭია დავით ნარმანია და მოემზადეთ, თბილისს, მერის გარდა, დედა-მერიც ეყოლება და ვინიცობაა, ეკატერინე მედიჩადაც ექცეს დედა-თბილისს. მერე რა, რომ დედა-თბილისად სულაც არ აღიქვამს საქართველოს დედაქალაქს და ვატიკანსაც ადარებს? ნარმანია ჯიუტად ამტკიცებდა, რომ მეორე ტური არ იქნებოდა. რა აძლევდა მას საფუძველს, ასე კატეგორიული ყოფილიყო? „იმედის” ეგზიტპოლები აძლევდა იმედს, თუ დედა ეიმედებოდა საარჩევნო უბანზე? დედა, რომელიც სიტუაციას აკონტროლებდა? ხომ ვნახეთ, როგორ ნახულობს სათითაოდ ბიულეტენებს და როგორ ამოწმებს, ვინ რა შემოხაზა? მერე რა, რომ ვერც ცეკას ექსინსტრუქტორი ვოლსკი და ვერც შუაშისტების სათაყვანებელი კორძაია დედა ნორას ქმედებაში კანონდარღვევას ვერ ხედავს?

ვოლსკიმ ისიც გვაუწყა: დიდი სასიამოვნო კადრები არაა, მაგრამ დარღვევა ამაში არ იკვეთებაო. ეკა ხერხეულიძემ თავის „ფეისბუკ-აივნიდან” იკითხა, – თუ დარღვევა არაა, რატომ არ არის სასიამოვნო, ვიზუალს უწუნებს ნორასო? ნუ, ახლა თუ მერის დედის ვიზუალი ასეთი არსებითი იყო ამ ხელისუფლებისთვის, მაშინ თბილის მერად ნარმანია კი არა, ჯობდა, ნატა ვაჩნაძის ვაჟები – ელდარ ან გიორგი შენგელაიები წარედგინათ და მათი კანდიდატურები სრულიად უკონკურენტო იქნებოდა ამ თვალსაზრისით, „რამეთუ” იყო დრო, საქართველოს ნატოს და ვერიკოს ეშხი ფარავდა. ახლა? „ოცნება” დარჩა ნორას მარიფათის ამარა.

ჩვენში რომ დარჩეს, ასეთი რამ მრავალგზის მომხდარა ჩვენს საარჩევნო ისტორიაში – კომისიის რომელიმე წევრი დანარჩენზე ბატონდებოდა და ბიულეტენებსაც ნახულობდა და სხვა ბევრ რამესაც სჩადიოდა, ამდენად, შეიძლება, აქ ტრაგიკული არც არაფერია, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. როდესაც კანდიდატის დედა ასე აქტიურად ერევა ბატალიებში, რა მოხდება შემდეგ, როცა მისი ვაჟი დედაქალაქის მერი გახდება? და თვითონ ვაჟი არ დაექვემდებარება დედის ფაქტორს? თავად ნარმანიამ დედის აქტიურობა „დედობრივი მზრუნველობით” ახსნა, დედაშვილობა, დეობრივი მზრუნველობა კი ის მარადიული კატეგორიებია, რომელიც უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ძალაშია და, შესაბამისად, გაემზადეთ, ნორა თოდუა ხელს არ აიღებს დედობრივ მზრუნველობაზე და არც ვაჟი იტყვის უარს ამ მზრუნველობაზე!

არ იტყვის, დამიჯერეთ! ძალიან ჯიუტია. ცესკოს ყველა წინასწარი მონაცემი აშკარად ცხადყოფდა, რომ მეორე ტური გარდაუვალი იყო და ის მაინც ჯიუტად ამტკიცებდა: „არანაირი მეორე ტური”. მელიამ ნარმანია გატურა, გატურული ნარმანია გატრუნულია – ხმას აღარ იღებს.

თუმცა ობიექტურობისთვის ისიც უნდა ვთქვათ, რომ სამერე ნარმანია, სიჯიუტის თვალსაზრისით, სულაც არაა ამოვარდნილი საერთო კონტექსტიდან. მასზე არანაკლებ ჯიუტია პრემიერი ღარიბაშვილი. ნაცვლად იმისა, რომ არჩევნების შედეგი მიეღო, როგორც მწარე გაკვეთილი და საკუთარი შეცდომებისთვის გადაეხედა, ანდა ბოლო-ბოლო, რადარები გადაემოწმებინა, რას მიჰყო ხელი? – ახალი მათემატიკის შექმნას. „ტოჟე მნე”, პითაგორა… პროცენტების რაოდენობა საკრებულოში გაყვანილ წევრების რაოდენობაში გადაიყვანა, მერე ამ წევრების რაოდენობა გამოაცხადა „ნაციონალების” რეიტინგად, თან პროცენტებში. ეს ძალიან ლაკონიურად რომ ვთქვათ, თორემ მან ლამის „სემსოროკი” იცეკვა არითმეტიკის თავზე.

ამომრჩეველმა „ოცნებას” ყვითელი აუნთო, მაგრამ რა გინდა, ქნა, როცა ხელისუფლება დალტონიკია? ნაცვლად იმისა, რომ გონს მოეგოს, შეცდომები გააანალიზოს, გამოცოცხლდეს და გამოფხიზლდეს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ხალხმა წითელი არ აუნთოს, დგანან და გაიძახიან, ჩვენი კიტრი მწვანეაო.

ეს ყველაფერი რომ მარტო არჩევნების შედეგებს და „ნაციონალების” აღებულ პროცენტებს ეხებოდეს, კიდე იფიქრებდი, რომ მხოლოდ საარჩევნო ბატალიების თანმხლები სიბრძნეა სიცრუისა, მაგრამ საგანგაშო სწორედ ისაა, რომ ყველა მიმართულებით ასეთ ქმედებას აქვს ადგილი. ასე მაგალითად: შსს გვიმტკიცებს, რომ ქვეყანაში დანაშაულმა კი არ იმატა, მისმა გაშუქებამ იმატა. არა, ისე არ იფიქროთ, რომ მედია ყოფილა დამნაშავე, მედია ობიექტური გამხდარა ყაჩაღობების გაშუქებაში. ნეტარი ვინმე მეოცნებეთაგანი, ალბათ, ირწმუნებს კიდეც ამას და საკუთარ უბანში გახშირებულ ყაჩაღობებს, ჩხუბებს, ცემას და არცთუ იშვიათად კაცის კვლას გვერდს მშვიდადაც აუვლის – იმ იმედით, რომ ობიექტური მედია გააშუქებს მის მიერ გვერდავლილ ფაქტს. ეს ბედნიერი შემთხვევა იქნება მისთვის, რომ არა საფრთხე, ერთხელ თვითონ მოხვდეს ამ გახშირებული სროლების მსხვერპლი და ვეღარც ეღირსოს ტელევიზორში ამ ფაქტის გაშუქებას, თვითონ აღმოჩნდეს ობიექტურად გაშუქებული – განსვენებულის სტატუსით.

ამ ხელისუფლებას ავიწყდება, რომ ამ ეპოქაში მხოლოდ ტელემედია აღარ ქმნის ამინდს, მეტიც, სოციალური ქსელები უფრო ქმნის ამინდს და რეალურად აზრსაც უკარგავს ტელევიზიების კონტროლს. კი, ტელეარხებს მოარჯულებ, გააკონტროლებ, მაგრამ რას უზამ მილიონობით ფეისბუკელს? პოსტს გაუკონტროლებ? თუ, მე შენ გეტყვი და ნადეჟდა კრუპსკაიას დროინდელი ტელეფონი უდევს ჯიბეში და მომხდარ ფაქტს ვერ გადაიღებს და ვერ აგიტვირთავს იუთუბზე, ვერ დალინკავს და ქვეყანას ვერ მოსდებს?

და კიდევ, იმ შავბნელ 90-იანებში ტელემედია არაფერსაც არ აშუქებდა, არც ფეისბუკი გვქონდა, არც იუთუბი და მაინც ყველამ კარგად ვიცოდით, რა ხოცვა-ჟლეტაც იყო ქუჩებში, დიახ, ეგნატე ნინოშვილივით ლამპის შუქზე ვცხოვრობდით და მაინც ყველაფერი ვიცოდით. აი, ზუსტად ისე ვიყავით უშუქო ხანაში, რომელიც თქვენ ახლა დაგვიყენეთ – რიხით გვამცნეთ, ელექტრომომარაგება შეიზღუდებაო. არ იცით, როგორ მინდა ვნახო, იმ ამომრჩევლის ნეტარი სახე, ვინც 2012 წლის არჩევნებზე თან ფარგალი წაიღო, რომ „41″ უკეთესად შემოეხაზა?!

ამომრჩეველი მიხვდა, რაც დამართა თავს და ქვეყანას და მათი დიდი ნაწილი აღარც მივიდა არჩევნებზე, მაგრამ რა დააშავა ან ქვეყანამ, ან მოსახლეობის იმ ნაწილმა, რომელსაც სულაც არ ეპიტნავებოდა ის ჭრელა-ჭრულა კონგლომერატი, რომელიც მათ მილიარდერმა ივანიშვილმა შესთავაზა? როდის მოეღება ბოლო ხბოს აღტყინებას, რომელიც ქართველს ოდითგან მოსდგამს? ასე იყო მაშინაც, 90-იან წლებში, პირი აიქაფეს, – შევარდნაძე აგვაყვავებსო და თუ ეჭვით შეხედავდი მათ იმედებსა და ილუზიებს, გამოგაცხადებდნენ ბნელად, ზვიადისტად, ავადმყოფად, რაღად არა! მერე? რა მოხდა მერე? ენა მუცელში ჩაიგდეს და დადგნენ პურის რიგში, ნავთის რიგში და მაშინაც გაიძახოდნენ: „ზვიადი ხომ მოგვაშორეს”, როგორც დღეს გაიძახიან: „მიშა ხომ მოგვაშორეს”. მერე რა, რომ გავიდა კიდევ რამდენიმე წელი და ის ზვიადი, ვისგან განთავისუფლებაც ერთადერთი შვება იყო მათთვის მაშინ, ახლა ეროვნულ გმირადაა გამოცხადებული! ის ხალხი კი, ვისაც ხელები თუ არა, ენა მაინც სისხლით ჰქონდა გასვრილი იმ წლებში, ისე იხსენიებს ზვიადს ნომერ პირველ პატრიოტად, გეგონება, მე ვესროდი მთავრობის სახლს ტყვიებს, გეგონება, მე ვითხოვდი ჯერ დემოკრატიას და მერე თავისუფლებას! გეგონება, მე ველოდებოდი შევარდნაძისგან აყვავებას.

ელოდნენ აყვავებას და რა აყვავდა ქვეყანაში? – კორუფცია. იქნებ, მე ვცდები და სწორედ კორუფციის აყვავება უნდოდათ მათ, ვინც შევარდნაძეს შეჰხაროდა? არც ეგაა გამორიცხული და არც ის, რომ სწორედ იმ პერიოდის რესტავრაცია უნდოდა ბევრს, როცა „ოცნებას” უჭერდა მხარს გაშმაგებით. მთავარია, შენ იყო მსუყედ, თორემ რის მაქნისია ვანოს მოტანილი უსაფრთხო ქუჩები და შენთვის ცარიელი მშვიდობა? ან 24-საათიანი შუქი? მაგას ერთი ჯილა გენერატორი არ სჯობს გედგას და შენ იყო მსუყედ? განა, არ არიან მსუყედ ისინი, რომლებიც მარვალათასიან პრემიებს იწერენ? აღელვებთ ახლა იმათ ის, რომ მოსახლეობის მაცივრები მომსახურების ზონიდან უნდა გავიდეს თაკარა ზაფხულში დილის 10 საათიდან საღამოს 5 საათამდე? მაცივართან ერთად კონდიციონერებიც, ლიფტებიც, ტელევიზორებიც, კომპიუტერებიც? ხომ წარმოგიდგენიათ, რას დაემსგავსება „ნიუსფიდი” ამ საათებში, მხოლოდ მაძღართა პოსტები, მაძღართა სურათები… ეგ არაფერი, იბლატაონ, დიდხანს ვის შერჩენია, მათ რომ შერჩეთ, მაგრამ მე ის მაინტერესებს, როდემდე უნდა ვზღოთ ჩვენ ყველამ ერთად საზოგადოების ნაწილის, თუნდაც დიდი ნაწილის ხბოს აღტყინების შედეგები? ახლა დგანან და გეუბნებიან, იმედი გვქონდა და არ გაამართლეს, მოგვატყუესო. ამათ მოგატყუეს, თუ შენ მოიტყუე თავი? სახლის წინ უკანონოდ დათრეული „გარაჟის” დანგრევა არ აპატიე  წინა ხელისუფლებას და ნაბან წყალს ბავშვი გადააყოლე? არა, ვიცი, „გარაჟზე” კრინტი არ დაგიძრავს და სხვადასხვა ფაქტს იმეორებდი წლობით, სამართლიანობის დარაჯად, ქადაგად იყავი დავარდნილი, მაგრამ იცი, რა მაინტერესებს? ახლა რატომ არ გაღელვებს თავთუხაშვილი? რად არ გამოვარდი ქუჩაში, რად არ დაარისხე ზარები? მაშინ რომ ზარის დარისხებას არ სჯერდებოდი და რაც კი „ლახანკა” და „ტაშტი” გქონდა სახლში, ყველას რომ აბრახუნებდი? აა, ახლა აღარ გაღელვებს წამება? ცემა? ახლა იმ კარტოფილზე დარდობ, ჭამენოდარაანთ ხადურმა რომ 2 ლარი გაგიხადა? გასაგებია, ხადური არ ყიდის კარტოფილს, მაგრამ ის ქმნის ამ ამინდს, მეტიც, ის აცხადებს ამინდის პროგნოზს – ისეთი რიხით აცხადებს ფასების შესაძლო მომატებას ხოლმე, კატებიც კი აღარ კნავიან მუქთად.

ხელისუფლება კი კატასავით ზურგზე არ ეცემა და წინ ამაყად მიაჭენებს. წინ კი მეორე ტურია, ხელისუფლება კი მხოლოდ ცხელი ზაფხულის იმედადაა, იმის იმედად, რომ თბილისში ბევრი არავინ იქნება. არადა, ძალიან ბევრიც იქნება. წასასვლელი რომ არ ექნებათ, სად წავლენ? წავა ისევ მაძღარი, პრემირებული, წავა კანარებზე, თურქეთში, ამ ზღვის პირას და იმ ზღვის პირას და მელიას გატურული ნარმანია პაპანაქებისგან გულშეწუხებულ, გამწარებულ ხალხს შერჩება და კაცმა არ იცის, რა შედეგები დაიდება. მერე დადექით და ლუარსაბივით იძახეთ, გაფრენილანო.

მიდით და დაიბრიყვეთ მარგველაშვილი, წაართვით ყველაფრის უფლება, დასაჯეთ იმისთვის, რომ პრეზიდენტი პრეზიდენტის სასახლეში შევიდა, მოიძულეთ, კუთხეში დააყენეთ, დატუქსეთ, ყური აუწიეთ. ან კახის მიბაძეთ, კალაძეს, ახლა რომ აცხადებს, პრეზიდენტის სასახლეში ყველა პრეზიდენტი უნდა შევიდეს, არც ჩვენ, არც ბიძინას არასოდეს უთქვამს, რომ იქ არ უნდა შევიდეს პრეზიდენტიო. ქოთანი მექოთნისაა და ყურს საითაც უნდა, იქით გამოაბამს, მაგრამ ჩვენ რომ კარგად გვახსოვს, საით ება ყური მაგ თქვენს ქოთანს? ხო, მართლა, თუ ასე დარწმუნებული ხართ, რომ გაიმარჯვებთ მეორე ტურში, ფოტოშოპში რად ირჯებით, ვიღაც „სპეცნაზელის” თავს რომ ადგამთ მელიას თავს? იმ წლებში მელია ლონდონში იყო _ როგორც თქვენგან დაბრიყვებული მარგველაშვილი იტყოდა, – „ეტა რაზ” და თუ ფოტოშოპობთ, წესიერად იფოტოშოპეთ – ჭადრაკის მხედარივით რომ ადგას თავი ტანს, – „ეტა დვა”. და კიდევ – ყვითელი აგინთოთ ხალხმა, კიტრი მწვანე აღარაა, – „ეტა ტრი”…

 

  რეზო შატაკიშვილი