მთავარი მსოფლიო „მე მებრძოლი ვარ, ზუსტად ვიცი, რა ფერი აქვს და როგორი სუნი სიკვდილს!”

„მე მებრძოლი ვარ, ზუსტად ვიცი, რა ფერი აქვს და როგორი სუნი სიკვდილს!”

2148
0
გაზიარება

2

ინტერვიუ ბატალიონ „დონბასის” ქართველ წევრთან

 

ჩინით პოლკოვნიკია. ნახევარი ცხოვრება ომში გაატარა, მეორე ნახევარი – ციხეში და დევნილობაში.

პირველად 1994 წელს დააპატიმრეს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მცდელობა ედებოდა ბრალად (კონკრეტულად, კახეთის ცალკე გამოყოფის მცდელობა). ბოლოს სააკაშვილის ხელისუფლების დროს აღმოჩნდა ციხეში, მერე უკრაინაში წავიდა და სამშობლოში „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაბრუნდა. სამართლიანობის აღდგენისა და დამნაშავეების დასჯის იმედი ჰქონდა, განცხადებით მიმართა კიდეც საქართველოს მთავარ პროკურატურას. 17 ოქტომბერს სისხლის სამართლის საქმე 332-ე მუხლით აღიძრა კიდეც… გენერალ გიგი კალანდაძის, ეკონომიკის მინისტრ ეკატერინე შარაშიძის, სახმელეთო ჯარების მაშინდელი სარდლის, მამია ბალახაძის, სამხედრო პოლიციის მოქმედი 18 მაღალჩინოსნის დასჯას ელოდებოდა, მაგრამ… ისევ ქვეყნიდან წასვლამ მოუწია. ბოლო ინტერვიუ მასთან თურქეთში ჩავწერე, ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეზე მისი ძმა იყო დაკავებული და როგორც თავად აცხადებდა, ძმას მის წინააღმდეგ შანტაჟისთვის იყენებდნენ. დღეს მისი ძმა თავისუფალია, გახმაურებული საქმე – გამოუძიებელი. ამის შემდეგ მისი კვალი დავკარგე და ზუსტად ერთი წლის მერე უკრაინაში ვიპოვე. ის ახლა ბატალიონ „დონბასის” წევრია. უკრაინელების მხარეს, რუსებისა და სეპარატისტების წინააღმდეგ იბრძვის. ბატალიონი „დონბასი” დონეცკის ოლქის ადგილობრივმა მცხოვრებლებმა სეპარატისტებთან ბრძოლის მიზნით შექმნეს. ამჟამად ბატალიონი უკრაინის ნაციონალური გვარდიის დაქვემდებარებაშია.

ჩვენი ინტერვიუ ბატალიონის ახალი შევსებისა და ფიცის მიღების დღეს, ორშაბათს შედგა. ვინაობას მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ ვასახელებ, ორი პირობა გვაქვს – როგორც კი უკრაინის მოქალაქე გახდება, ინტერვიუს ღიად მომცემს, თუ ბრძოლაში დაიღუპა, უფლება მაქვს, მისი ვინაობა საჯაროდ დავასახელო.

_ დათო, ბოლოს თურქეთში დაგტოვე, უკრაინაში როგორ აღმოჩნდი?

_ უკრაინა ჩემთვის საქართველოს შემდეგ ყველაზე საყვარელი ქვეყანაა. წარსულშიც ბევრი რამ მაკავშირებს აქაურობასთან, დევნილობის წლებიც აქ გავატარე, ამიტომ ეს ჩემი პრინციპული გადაწყვეტილება იყო. მე ბატალიონ „დონბასის” წევრი ვარ, უკვე ერთი თვეა, ქართველები არიან „აზოვშიც” და სხვა დანაყოფებშიც. ქართველებს რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით გვღებულობენ: პირველი ის, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ინდივიდუალურ პარტნიორობამდეა დაყვანილი და ჩვენ ასე განვიხილებით; მეორეც, გამოცდილების გათვალისწინებით. უკრაინა 23 წელია, დამოუკიდებელი ქვეყანაა და არსად უბრძოლია, მეტიც, აღმოჩნდა, რომ გაწრთვნილი ჯარიც კი არ ჰყოლიათ.

_ მოხალისეები ხართ თუ დაქირავებული მებრძოლები?

_ ჩვენ აქ ვითვლებით მოხალისეებად, სამშობლოში ყველანი პროფესიონალი სამხედროები ვიყავით, საომარი გამოცდილებით. სამწუხაროდ, საქართველო ოფიციალურად ჯარს ვერ გაუწრთვნის უკრაინას. ასე რომ, ჩვენ აქაც ქართულ საქმეს ვაკეთებთ, იმიტომ, რომ ამ ერს დიდხანს დაამახსოვრდება ქართველების დახმარება.

_ დათო, საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს?

_ დაახლოებით ერთი კვირაა, ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადეს, მაგრამ, ალბათ, ეს დიდხანს არ გაგრძელდება. ვინ, ვინ და ქართველებმა ხომ კარგად ვიცით, თუ რა ფასი აქვს რუსეთთან რამის მოლაპარაკებას, ან მათ სიტყვას. წინ სისხლიანი და მძიმე ბრძოლები გველის. ჩვენ დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიაზე გვიწევს საომარი მოქმედებები, ტექნიკას რაც შეეხება, მძიმე ტექნიკით დაწყებული, მსუბუქით დამთავრებული, რუსეთი თითქმის ყოველდღე ამარაგებს სეპარატისტებს.

_ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ხშირად ჩამოდის, რა შეგიძლია მითხრა, რა განწყობაა მისი მისამართით უკრაინაში?

_ უკრაინაში სააკაშვილს მუდმივად აქებდნენ და ამ ამბებმა, საერთოდ, ძალიან აუწია რეიტინგი, მაგალითად, შედარებას აკეთებენ ქართულ და უკრაინულ არმიებს შორის. რახან სააკაშვილზე მკითხე, მინდა, ყველამ იცოდეს – ვინმემ არ იფიქროთ, რომ მისი მობილიზებულები ვართ, ან საერთოდ რამე გვაკავშირებს მასთან. აქ მოხალისეებს ყველას თავისი პირადი და ყველას საერთო მოტივაცია გვაქვს, რაშიც ფულს არავინ გვიხდის. სააკაშვილზე კი, ობიექტურობის მიზნით გეუბნებით, რომ დიდი მოლოდინი აქვთ მისგან. საერთოდ, პარადოქსია, მაგრამ უკრაინაში ქართველების გამოცდილების სჯერათ და ქართულ რეფორმებს ელიან. რომ გითხრათ ყოფილი ჩინოვნიკებიდან ვინ იმყოფება აქ, გაოცდებით.

_ ზემოთ მოტივაციაზე ვსაუბრობდით. თანხას არ ვიღებთო, ახსენე…

_ არა, არავინ არანაირ ფულს არ ვიღებთ, ხომ გეუბნებით. ზოგს უკრაინული ოჯახი ჰყავს, ზოგისთვის რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაა მთავარი. ჩვენთვის ყველასთვის აქ ყოფნა ჩვენი დაუსრულებელი ომის გამოძახილია. ჩვენი ომი აქ გრძელდება.

_ დათო, შენ პროფესიონალი სამხედრო, ქართველი, სამშობლოსთვის კი არა, სხვის ომში იბრძვი… არ ნანობ?

_ არ ვნანობ, თუმცა აქ უსახელოდ ვიბრძვი… მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ომი არ დასრულებულა. ჩვენს უკრაინაში ბრძოლის ნაყოფს მომავალი თაობები მოიმკიან და ეს ამისთვის ნამდვილად ღირს. უკრაინელები საკუთარ მიწას იცავენ, რუსები აქ აუცილებლად დამარცხდებიან.

_ სამშობლოში დაბრუნდები?

_ ამ კითხვაზე პასუხი რომ გაგცე, ჯერ ომი უნდა დასრულდეს და ცოცხალი თუ გადავრჩი, მერე შემიძლია ამაზე ფიქრი. ჩვენ, ქართველი მოხალისეები, უკრაინის მოქალაქეობაზე წარდგენილები ვართ. არ ვიცი, როდის დავბრუნდები საქართველოში, ჯერ ცოცხალი გადავრჩე, ამაზე მერე ვილაპარაკოთ. არ არის გამორიცხული, მომავალში ჩემი ნამდვილი ვინაობა გავამხილო და ინტერვიუც ღიად მოგცე. არ მეშინია, მაგრამ არც გარისკვა ღირს. ნადირობა მიდის ხალხზე. ბევრი მესმის, რომ ქართველ სამხედროებს ჩამოსვლა უნდათ. ერთი მინდა, ყველამ იცოდეს – უკრაინა არ ქირაობს ჯარისკაცებს და გადაწყვეტილებაც ამ მოტივის გარეშე უნდა მიიღონ.

                                                                                                                            ელისო კილაძე

დატოვეთ კომენტარი