რიმა და შავ მერნადქცეული ზებრა

blog55e

მართალი გითხრათ, არ მიყვარს, როცა ქალს ასაკს ახსენებენ, ან, ზოგადად, როცა ყურადღებას ამახვილებენ ქალის ასაკზე. არ მიყვარს იმიტომ, რომ არაკორექტულია და არაკორექტულია იმიტომ, რომ თავად ქალებს არ სიამოვნებთ, როცა ვინმე მათ ასაკზე ამახვილებს ყურადღებას… და არც გავამახვილებდი ასაკზე ყურადღებას, მაგრამ რა ვქნა, „ვეცემი“ იმ პარტიებზე, გასაჭირისას პოლიტიკურ ტატამზე ახალ სახედ, ქორფა სახედ იმ ქალს რომ გამოიყვანს, რომელიც ბებიაჩემს გვერდს უმშვენებდა „პარტაზე“ _ ქალთა გიმნაზიაში.

ახალი სახე რომ მაგ ასაკში იქნები, ეგაა მთელი ამ მიეთმოეთის ხიბლი და მუღამი. მიმიხვდით, ალბათ, ვისზეც მოგახსენებთ, _ ქალბატონ რიმაზე, აი, ახლა რომ გამოიყვანეს ტელე-კორიდაზე და პირდაპირ, არც მეტი _ არც ნაკლები, სევდია უგრეხელიძეს შეარკინეს. მაგრამ არ შედრკა რიმა… შედრკა რომელია, იმდენი ილაპარაკა ქალობაზე, კაცობაზე, გაგებაზე, რომ როცა სევდიას საუბარს აწყვეტინებდა, სევდიამ სთხოვა კიდეც: „თუ შეიძლება, დამამთავრებინეთ კაცობის, გაგებისა და ქალობის ამბავში“. რიმა არ შედრკა და მანანა კობახიძისეული შეუპოვრობით დასჭექა სევდიას: „ქალობის ამბავში ნუ შემეჯიბრებით, ძალიან გთხოვთ. გაგება ქართველ კაცში არის მთავარი, ვერ მომიგებთ ამ საკითხებში“.

გაიგეთ? _ გაგება ყოფილა მთავარი, ამიტომაც გვირჩია იმ ბრძენმა კაცმა მოსვლისთანავე გაგებით მოკიდება კრიმინალის მოსალოდნელ მატებაზე. მერეც არაერთხელ გვირჩიეს გაგებით მოკიდება. აღფრთოვანდები პირდაპირ, რა მიზანმიმართულად ახდენს ეს ხელისუფლება ჩვენში იმ არსებითის კულტივირებას, რასაც გაგება ჰქვია. ამიტომ ყველაფერს გაგებით უნდა მოვეკიდოთ _ იმასაც, რომ საპენსიო ასაკის ქალბატონი შესაძლოა, ქართული პოლიტიკის ახალი სახე აღმოჩნდეს და უეცრად მოხსნას აქამდე რეკორდსმენი მანანა კობახიძის რეკორდი გაგებასა და წივილ-კივილში. ეს ფართო საზოგადოებისთვის გახდა რიმა ცნობილი, თორემ რამდენი იფუსფუსა ამ დღისთვის იცით? ოზურგეთის რაიკომის მესამე მდივანიც იყო, მერე შევარდნაძესთანაც მუშაობდა დსთ-ს ამბავსა და მშვიდობიანი კავკასიის გაგებაში. „ოცნების“ დაარსების დღიდან ოცნებას მიჰყო ხელი და აიხდინა ოცნება _ ქოცთა ბელადიც გახდა საკრებულოში, მაგრამ რა გინდა? _ მაინც არავინ იცნობდა. მიუხედავად იმისა, რომ როცა ქვეყანა ზანზარებდა ქოცმოხელეთა ხელფას-პრემია-დანამატების შემყურე, გამოვიდა და ბრძანა, _ აბა, რა, 24-საათიანი მუშაობა გვიწევს და დიდი ხელფასები უნდა გვქონდესო. მაინც ვერ გახდა პოპულარული… მოკლედ, რიმამ თავის სევდიან, აქამდე ჩრდილქვეშ მიმდინარე პოლიტკარიერას სევდიასთან შერკინებით დაუსვა წერტილი და გამოიჭრა არენაზე…

მაგრამ სევდიასთან შერკინებულ ნადეჟდა კრუპსკაიას „პადრუგას“ დაავიწყდა, რომ სევდიას ასე იოლად ვერ შეაშინებს, ეს ის სევდიაა, 90-იან წლებში დახვრეტილ მიტინგებზე მხედრიონელებს წინ რომ უდგებოდა და ეუბნებოდა, _ მიდი, მესროლეო. და რა უნდა ესროლოს რიმამ? დიდი-დიდი _ პარტბილეთები. ძველი _ კომუნისტური და ახალი _ საოცნებო…

როგორც იმ ბრძენი კაცის ახალმა მოციქულმა, ბიცოლა რიმამ გვიბრძანა, გაგება ყოფილა მთავარი და ჩვენც გაგებით უნდა მოვეკიდოთ მათ უნიათობას, დიახ, მათ მიერ გადადგმულ ყველა უნიათო და აგონიურ ნაბიჯს. გაგებით უნდა მოვეკიდოთ, თურმე! იმასაც, რომ კონსტიტუცია გაიტუფლისძირეს და ისე უფარდებენ გიგი უგულავას კიდევ პატიმრობას. კონსტიტუციაში გასაგებად წერია, რომ ბრალდებული არ შეიძლება იყოს 9 თვეზე მეტი წინასწარ პატიმრობაში და ესენი მაინც უფარდებენ! გაგებით უნდა მოვეკიდოთ იმას, რომ ანი ნადარეიშვილს ტიტუშკებს კი არ უქსევენ ძველებურად, ახლა უკვე მერიის თანამშრომლები უვარდებიან და ანგრევენ ყველაფერს. დიახ, გაგებით უნდა მოვეკიდოთ, აი, იმ 2 კაცს, წლობით რომ გვიმტკიცებდნენ _ მრეწველობა გადაარჩენს საქართველოსო და მარტო თავისი ბიზნესები რომ გადაარჩინეს პატრონების „ნასკებივით“ ცვლით. ახლა ამ ორ ბერიკას ევრაზიულ კავშირში შესვლა მოუნდა. გამობრძანდა გოგია თოფაძე და ყველა ჩვენს წინაპარს ერთად მიაყენა შეურაცხყოფა, _ ჩვენი წინაპრები რუსეთს კი არ ეომებოდნენ, ეფერებოდნენ და ამიტომ გადავრჩითო. მე არ ვიცი, პირადად მისი წინაპრები ვისი ფერებით იყვნენ დაკავებულნი, მაგრამ ვიღაცის წინაპარი რომ ეფერებოდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი წინაპრები რუსეთს ეფერებოდნენ. ეს ნიშნავს იმას, რომ სხვადასხვა წინაპრები გვყავდა ჩვენ და თავისი წინაპრების ნაქნარი ჩვენს წინაპრებს არ უნდა აჰკიდოს. ან რამდენი ომი და ბრძოლა უნდა ჩამოვუთვალოთ (რუსეთთან წარმოებული), რომ დადუმდეს და მსგავსი რამ პირიდან აღარ ამოუშვას? დგას და გაიძახის, _ როგორ გგონია, ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაში ნატო უფრო დაგვეხმარება, თუ რუსეთიო? და „ვაბშემც“ არ მოსწონს, თურმე, ჩვენ რომ ნატოსკენ გვაქვს გეზი აღებული, _ 15 წელია, ამას ვცდილობთ, არ მიგვიღო და არც მიგვიღებსო. მაინც, რაში გამოიხატა მისი მცდელობა, რომ ნატოს საქართველო მიეღო? იმ ლუდის ჩამოსხმაში, რომელსაც ასხამს? მისი ამ განცხადებების მერე თავმოყვარე კაცი საერთოდ არ დალევს მის ჩამოსხმულ ლუდს. კუჭმოყვარე კი არც აქამდე დალევდა _ თუ მართალი გაინტერესებთ… მოკლედ, გაგებით უნდა მოვეკიდოთ ამათ პრუტუნსაც და იმასაც, რომ ამიერიდან ყოველ კვირას მოგვიწევს ვუსმინოთ იმ ბრძენ კაცს და ვისმინოთ ისეთი სიბრძნეები, როგორც ახლა გვიბრძანა, რომ თურმე თუ ჩვენ ვერ გავიგებთ და სწორად ვერ შევაფასებთ ჩვენს რეალურ შესაძლებლობებს და თუ იმაზე მეტს მოვითხოვთ ჩვენ მიერ არჩეული მთავრობისგან, შეიძლება ახალი ტიპის უბედურება მივიღოთ.

ჩვენ უბედურებით გვაშინებს, ახალი ტიპის უბედურებით, თვითონ კი ძველი ტიპის უბედურება აშინებს და ელანდება _ 21 მარტი… ისედაც გული გახეთქვას აქვს და დარდისგან ზებრა შავ მერნად ეჩვენება… მაინც, რა მუხთალია ბედი? კაცი ვერ გაიგებს, რა ხდება პუტინის თავს, _ მოკლეს, თავისით ჩაძაღლდა თუ გადაატრიალეს და იზოლაციაში ჰყავთ? რამდენიმედღიანი გაუჩინარების შემდეგ კი ტელევიზიითაც აჩვენეს, მაგრამ იმ კადრებში ბევრმა ცოტა ხნის წინ კადიროვისთვის ნაჩუქარი საათი დაინახა და მართლა ვერ გაიგებ, რა დღეშია სამყაროს სიმსივნედ ქცეული პუტინი. სხვა რა გზა გვაქვს? _ ამასაც გაგებით უნდა მოვეკიდოთ.

აი, ცოტა ძნელია, გაგებით მოეკიდო იმას, რაც ამ დღეების მანძილზე ტრიალებდა პუტინის ჩაძაღლება-არჩაძაღლების ირგვლივ. ზოგადად, მართალი გითხრათ, მძულს, როცა ვინმეს ვინმეს სიკვდილი ახარებს. არავის სიკვდილი არ მახარებს, მაგრამ ისევე როგორც რიმა ასაკის შეხსენებაშია გამონაკლისი, აქ პუტინია გამონაკლისი. რამდენიც არ უნდა იძახოს პაატა ზაქარეიშვილმა, რომ პუტინი ადამიანია და რამდენიც არ უნდა აქოს იგი პატრიარქმა და ილოცოს მისთვის, ის სამყაროსთვის ადამიანი არაა, ბოროტებაა, სიმსივნეა, ისეთივე სიმსივნეა, როგორიც იყო ჰიტლერი. ბოროტების ჩაღაძლება დიახაც რომ გამახარებს და ვერც ვერავინ დამიშლის ამ სიხარულს. მით უმეტეს, ვერ დამიშლიან ისინი, რომლებიც კუნტრუშით შეხვდნენ კახა ბენდუქიძის გარდაცვალებას… და ვერც იმით ჩამიმწარებენ ამ სიხარულს, რასაც გაიძახოდა ძალიან ბევრი ამ დღეებში, რომ პუტინზე უარესი მოვა, რომ ამ ეტაპზე პუტინის სიკვდილი დამღუპველია ჩვენთვის, რომ დასავლეთი ნდობის ახალ მანდატს მისცემს ახალ ლიდერს და ეს დამანგრეველი აღმოჩნდება ჩვენთვის, რომ თურმე უპუტინო რუსეთი ისევ რუსეთად დარჩება და ა. შ. ამ ბოლოდან დავიწყებ, _ თქვე კაი ხალხნო, თუ უპუტინო რუსეთი იგივე რუსეთი იქნება, რაღას გამომიჭედეთ ყურები „პუტინ ხუილოთი“? ახლა რა გეტაკათ? დააჯდა სიკვდილის ბუზი და უქშევთ? რას მთავაზობთ, ვიდგე და იმაზე ვინაღვლო, მოკვდება თუ არა ეგ ბოროტება? ან მაგაზე უარესი ვინ და რა უნდა მოვიდეს? დაბომბვა დაგვაკლო, ტერიტორიების წართმევა თუ რა დაგვაკლო? ის ახალი და „უარესი“ რაღას იზამს იმაზე მეტს, რაც ამ მონსტრმა დაატრიალა დედამიწაზე _ აქ, ჩვენთან, ან ჩეჩნეთსა თუ უკრაინაში, მიწაზე თუ წყალში? თუ ჰაერში? მოიცა, კაცო, თქვენ ის ხალხი არა ხართ, ცოცხებს, დროშებს ისე  რომ იქნევდით, ოღონდ მიშა მოშორდესო, ერთი წამით არ გიფიქრიათ, ვინ მოგყავდათ ხელისუფლებაში? და ახლა, როცა პუტინის ჩაღაძლებაზე მიდგა საქმე, ახლა დაბრძენდით და ახლა მიჰყევით ხელი ჩაანალიზებას, პუტინზე უარესი არ მოვიდესო?

ახლა უპუტინოდ დარჩენის შიშის კულტივირებაღა გვაკლდა და ეგეც გვაქვს. ის ვარიანტი სულ გამორიცხეს, რომ შესაძლოა არეულობა დაიწყოს, არეულობა რომც არ დაიწყოს, თავიდან სანამ ის ახალი ლიდერი მოძლიერდება _ ლუფტი იქნება და ჩვენისთანა ქვეყნისთვის სწორედ ეს პატარა ლუფტები ქმნის და იძლევა გადარჩენის შანსს. თუნდაც იმის საშუალებას, რომ პუტინისგან მართული პრორუსული ძალები აქ ობლად დარჩნენ და ის საფრთხე ვეღარ შეუქმნან ქვეყნის განვითარებას, რასაც დღეს უქმნიან. და, საერთოდ, რას ემსახურება აპელირება რუსეთის უძლეველობაზე? რომ რუსეთი დაუმარცხებელია, რომ ისევ მოვა ანალოგიურად ძლიერი ლიდერი სათავეში და რუსეთს ვერავინ დააჩოქებს და ა. შ.

როცა ამაზე პრორუსულად შემართული ადამიანი აპელირებს, გასაგებია, მაგრამ საინტერესოა, მაინც, რასთან გვაქვს საქმე, როცა ადამიანს სძულს რუსეთი, რუსული პოლიტიკა და საუბრობს რუსეთის უძლეველობაზე და თავში ან ბოლოში ამატებს „სამწუხაროდ“? ხომ არაა ეს ერთგვარი ლატენტური პრორუსობა, რომელიც ნიადაგს უმზადებს შემდეგ უკანდახევას, იმ უკანდახევის „გაპრავებას“ იმით, რომ რუსეთი ძლიერია და მისი დამარცხება შეუძლებელია? დიახ, უკან დახევას, ან უფრო მეტი _ საერთოდ ბრძოლაზე უარის თქმას? ყოველ შემთხვევაში ასეთი პოზა შობს ნიჰილიზმს, ხოლო მტრის დაუძლევლობაზედ აპელირებით პატრიოტიზმი და მტერთან შეურიგებლობა ხდება ყოველგვარ რაციონალიზმს მოკლებული უსაგნო თავგანწირვა, მავანისთვის საერთოდ ქარაფშუტობა. დიახ, რუსეთის უძლეველობის მითის შექმნით, რომ მას ჩვენ კი არა, ვერავინ დაამარცხებს, ჩვენ საკუთარ უნიათობას, უკაცრავად და, ქვეშაჯმიობას, კოლაბორაციონიზმს  „ვაპრავებთ“ და ნიადაგს ვუმზადებთ ბინძურ ოკუპაციას.

გვავიწყდება მთავარი _ რომ ყველა იმპერია დაიქცა და დაიქცევა რუსეთიც, რომ ეს სამყაროს კანონზომიერებაა, ისევე როგორც ვიღაც ოდესღაც აუცილებლად კვდება და მას ვერც ბოტოქსი დაიჭერს და ვერც ძვირადღირებული მკურნალობა. დიახ, ადრე თუ მალე _ პუტინი ჩაძაღლდება და მე აუცილებლად ვიცეკვებ შუა ქუჩაში ბაღდადურს მისი ჩაძაღლების აღსანიშნავად. სულაც რომ დიდი ჰუმანისტი გახდეს ხვალიდან, მე მაინც ვიცეკვებ იმიტომ, რომ მან დამიბომბა მშობლიური ქალაქი!

ჰო, რა იყო, მიშამ „გარაჟები“ დაგინგრიათ და იმ უკანონოდ ჩადგმულ „ჟეშტის“ „გარაჟს“ გადააყოლეთ ქვეყანა და რა გასაკვირია, მე რომ იმის სიკვდილი მახარებდეს, ვინც სამშობლო, მშობლიური ქალაქი დამიბომბა?!

რუსეთიც დაიშლება, პუტინიც ჩაძაღლდება და რიმაც უკანმოუხედავად გავა პენსიაში. ჩემი სევდაც ეგ იყოს…

 

რეზო შატაკიშვილი