ვიცე-პრემიერის სახელდახელო პორტრეტი

10595997_10205341971084173_2038163881_n

ვითარება მართლაც რომ კომიკური კი არა, კუდამოძუებულია. ამ მთავრობის უნიათობით გადარეულმა „ნაციონალებმა“ 21 მარტის აქცია დააანაონსეს _ მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. არადა, რა მნიშვნელობა აქვს, ღარიბაშვილი იქნება პრემიერ-მინისტრი, თუ ივანიშვილის ექიმი, შევერცხლილი სერგეენკო? ან როგორც ხანდახან გაისმის, აგერ ვის პორტრეტსაც ახლა „ვხატამ“ _ ბატონი კვირიკაშვილი? მით უმეტეს, რომ თვითონ ივანიშვილს კაი ხანია ნებავს ღარიბაშვილის რომელიმეთი ჩანაცვლება, რომ ეს ისედაც მოტყუებული ხალხი კიდევ ერთხელ მოატყუოს, გააჩინოს მოლოდინი და ხალხს კიდევ ერთხელ ათქმევინოს: „ვაცადოთ“.

ე. ი. _ ბიძინაზე გულმოსული ხალხი ბიძინას უნდა დაეხმაროს „ოცნებების“ ახდენაში? არადა, რა გინდა, რომ ქნა? _ ბიძინას გადადგომას რანაირად მოითხოვ, როცა ისედაც გადამდგარია? პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნები მოითხოვო? ესეც მის ინტერესებში შედის. მოკლედ, ჩონგურივით აიწყო საქმე… მაგრამ გამოსვლას და ამ მთავრობის აყირავებას, ალბათ, მაინც აქვს აზრი, თუნდაც იმიტომ, რომ მართლა თავის „ბუტკად“ არ გვიგულოს.

მოკლედ, გიორგი კვირიკაშვილის პორტრეტი სახელდახელოდ დასახატია. ორი ვარიანტიდან ერთია: ის ან მართლა „ლაფატკაზეა“ და სადაცაა, მოისვრიან, ან მთელ მთავრობასთან ერთად, ან ცალკე, როგორც ლარის გაუბედურების ერთ-ერთ მონაწილეს და ხომ უნდა ვიცოდეთ, რა „განძს“ ვკარგავთ? ან პირიქით, მას მალე დააწინაურებენ _ გააპრემიერებენ _ როგორც რიგი წყაროები ამტკიცებენ და შესაბამისად არ გვაწყენს ვიცოდეთ, რით სჯობს ის დღევანდელ პრემიერ ღარიბაშვილს? აღმოაჩენთ, რომ არც არაფრით.

თავის დროზე, როცა ივანიშვილი გადადგა, გადადგომის წინ აქუბარდიასთან გვამცნო, _ კვირიკაშვილის გაპრემიერება გამორიცხა. თქვა, კვირიკაშვილი ეკონომიკის დარგში მოადგილედ დარჩება, თუმცა ეკონომიკა ახალ პრემიერსაც ეცოდინებაო. ანუ მიაჩნდა, რომ კვირიკაშვილმა ეკონომიკა იცის. თუ ახლა ლარის კურსს ახედავთ, მიხვდებით, როგორც „იცის“ ეკონომიკა კვირიკაშვილმა.

მიუხედავად ამისა, მას ივანიშვილი პრემიერობისთვისაც ამზადებს და მთავრობაზე მეთვალყურეობა უკვე გადაუბარებია კიდეც. ეს მხოლოდ კულაურული ცნობებია, ისიც რიგი წყაროების მიერ გავრცელებული და არავინ იცის, რამდენად ასახავს რეალობას, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ როდესაც ლარმა ბოლომდე აიწყვიტა და გააჭენა, ბატონ ივანიშვილს საყვედურიც არ დასცდენია ლარის ასეთი არამდგრადობისთვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიმართ. ან რატომ უნდა ესაყვედურა თავისი მინისტრისთვის, როცა ქვეყნის ეროვნულ ბანკს „ნაციონალების“ დანიშნული პრეზიდენტი ჰყავს? ჰოდა, ბიძინაც, თანახმად ჯამაჰირიის პრინციპისა, ეცა ქადაგიძეს _ სხვის ბანკირს და არა _ თავის ბანკირს.

ბანკირი არც ფიგურალურად მიხსენებია, არც სიმბოლურად, კვირიკაშვილი ბუკვალურად ბიძინას ბანკირი იყო _ 2006-2011 წლებში ბანკ „ქართუს“ გენერალური დირექტორი გახლდათ, ანუ ის ბიძინას ორბიტაზე, სხვა მინისტრებისგან თუ პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, საკმაოდ სტაჟიანი ფიგურაა. ვნახოთ, ღარიბაშვილის გაწირვის შემთხვევაში, ვის ამჯობინებს ბიძინა თავის ბანკირს, თუ თავის ექიმს?

ისე, რომ იცოდეთ, კვირიკაშვილიც ექიმი ბრძანდება, დიახ, დიპლომირებული, ოღონდ არშემდგარი. კომაროვის დამთავრების შემდეგ ჩააბარა და 1991 წელს დაამთავრა სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი, მაგრამ კარიერას ამ მხრივ არ აგრძელებს… 1995 წელს ამთავრებს უნივერსიტეტის ეკონომიკის ფალულტეტს მრეწველობის დაგეგმვის სპეციალობით; მუშაობას იწყებს 1993 წელს გაერთიანებულ ქართულ ბანკში; სტუდენტი კვირიკაშვილი „გქბ“-ში მუშაობას აკრედიტივების ოფიცრად იწყებს და 1996 წელს საკრედიტო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის რანგში ასრულებს კარიერას; 1996-97 წლებში Trade Invest Bank -ის ვიცეპრეზიდენტია; 1998-99 წლებში კვლავ გაერთიანებულ ქართულ ბანკში ვხედავთ _ ჯერ გენდირექტორის თანაშემწედ, შემდეგ აქტივ-პასივების მართვის განყოფილების დირექტორის მოადგილედ, შემდეგ ფილიალების მართვის დეპარტამენტის დირექტორად; როგორც მისი „სივიდან“ შეიძლება დაასკვნა, მას ან ორეული ჰყავს, ან ორკარად ცხოვრობდა, ცალი ფეხი აქ _ თბილისში ჰქონდა და 1997-98 წლებში ხან Trade Invest Bank -ში მუშაობდა და ხან „გქბ“-ში და მეორე ფეხი აშშ-ში ჰქონდა, ილინოისის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში სწავლობდა და გახდა კიდეც 1998 წელს მაგისტრი ფინანსებში; 1999 წელს კვირიკაშვილი მეორედ ტოვებს გაერთიანებულ ქართულ ბანკს და ამჯერად ჩინოვნიკობას იწყებს _ სახელმწიფო კანცელარიაში მუშაობს ფისკალური, ფულად-საკრედიტო და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამსახურის უფროსის მოადგილედ. და მაშინ ავსებს დეკლარაციას პირველად. იმ დეკლარაციაში ფიგურირებს მხოლოდ 44-ათასლარიანი თბილისური ბინა და ოვერდრაფტი 100-დოლარიანი დავალიანებით, მიმდინარე სტუდენტურ ანგარიშზე. იმ დეკლარაციიდან ირკვევა, რომ წინა წელს, აშშ-ს მთავრობამ, ედმუნდ მასკის ფონდმა, 25 ათასი დოლარი გამოყო მისი სწავლის, ცხოვრებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად. დეკლარაციიდან ჩანს, რომ გაასხვისა „გქბ“-ს აქციები, ჩანს „გქბ“-დან მიღებული შემოსავლებიც _ როგორც გენდირექტორის თანაშემწეს 400 ლარი აუღია, როგორც დირექტორის მოადგილეს _ 700 ლარი, როგორც დირექტორს _ 900. კანცელარიიდან მხოლოდ 46 ლარი მიუღია. 1999 წელს ისევ აბარებს დეკლარაციას, საიდანაც ირკვევა, რომ ის 100-დოლარიანი სტუდენტური დავალიანება გაუნულებია, კანცელარიიდან კი 830 ლარი მიუღია;

1999 წელს კვირიკაშვილი კანცელარიიდან პარლამენტში ინაცვლებს. „მოქკავშირის“ სიით დეპუტატი და შემდეგ კი ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ხდება, მაგრამ მერე „ახალ მემარჯვენეებში“ ვხედავთ. შესაბამისად, აღარაა კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე.

პარლამენტარობის დროს შევსებული დეკლარაციები დიდად არ გამოირჩევა ერთმანეთისგან. 2001 წელს შევსებული დეკლარაციიდან ვიგებთ, რომ იგი პარალელურად ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორი ხდება, 2002 წლის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ერთი წლის მანძილზე მას, როგორც დეპუტატს, 7980 ლარი მიუღია, ხოლო როგორც ლექტორს _ 125 ლარი; 2003 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მომდევნო წელსაც ისევ 125 ლარი აიღო, როგორც ლექტორმა და 9 ათასი _ როგორც დეპუტატმა. 2004 წელს შევსებულში ისევ 9 ათასი ფიგურირებს პარლამენტარის შემოსავლად და 250 ლარი ლექტორის შემოსავლად. სხვა ყველაფერი უცვლელადაა _ 3 შვილი, 1 ცოლი და ერთი ბინა.

პარლამენტს გამოთხოვებული კვირიკაშვილი დღევანდელ „ტაოპრივატბანკში“ აგრძელებს კონსულტანტად საქმიანობას. 2006 წლიდან „ქართუ ბანკის“ გენერალური დირექტორია. „ქართუ ბანკს“ 2011 წლის ოქტომბერში ემშვიდობება, 2012 წლის მარტიდან ამერიკულ საკონსულტაციო ფირმა Lenzie Fisher Hendry LLC -ში საქმიანობს და შემდეგ კვლავ ბიძინა ივანიშვილის ორბიტაზე ბრუნდება ახალი ნათებით _ 2012 წლის 25 ოქტომბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ხდება, 2013 წლის 26 ივლისიდან _ ვიცე-პრემიერი და როგორც მაშინ ბიძინა ივანიშვილმა ბრძანა, ეს სიურპრიზი იყო კვირიკაშვილისთვის, მხოლოდ იმ დილით „მოუხერხებია“ და უთქვამს მისთვის ივანიშვილს.

2 კვირაც არ გავიდა და ეს სიურპრიზი განსაცვიფრებელი ერთგულებით დაუფასა კვირიკაშვილმა ბიძინა ბატონს. „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ, მას შესთავაზა შეხვედრა ეკონომიკურ საკითხებზე, შეთანხმდნენ კიდეც, მერე კი გამოვიდა და რიხით ამცნო დუნიას, რომ აუქმებდა ბაქრაძესთან შეხვედრას… და, თურმე, ეს გიორგი ვაშაძის იმდღევანდელი განცხადებების ბრალი ყოფილა. არადა, რა თქვა ვაშაძემ? ეკონომიკის მინისტრმა შეხვედრაზე მზაობა სიტყვიერად კი გამოთქვა, მაგრამ ერთი კვირაა, უშედეგოდ ველითო. ხოდა, კვირიკაშვილსაც მეტი რა უნდოდა? _ ადგა და გააუქმა შეხვედრა _ ბატონს ასიამოვნა, თან რაები თქვა? _ მაგათ დიალოგი კი არა, პიარი უნდათო. მაგათ მე რა რჩევები უნდა მომცენო, რა უნდა მასწავლონ, მაგათ დროს ეკონომიკის არასწორი მართვა ხდებოდა, ბიზნესმენებს ატერორებდნენ და კანონიერი ქონების წართმევა ხდებოდაო. „ის იყო იმ პარლამენტის თავმჯდომარე, რომელმაც მხარი დაუჭირა სპეციალურად შექმნილ კანონს ერთი კონკრეტული ბანკის განადგურების თაობაზე, იმ ბანკის, რომელშიც მე წლების განმავლობაში გენერალურ დირექტორად ვმუშაობდი. ის იყო იმ ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც გაზრდილი საგარეო ვალის ხარჯზე ქმნიდა ეკონომიკის არარეალური ზრდის ილუზიას. ახლა გაუჩნდათ სურვილი, გვასწავლონ, თუ რა ეკონომიკური პოლიტიკით უნდა განვითარდეს ქვეყანა იმ დროს, როდესაც ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ გაუმკლავდეს ძველ მემკვიდრეობას და მაქსიმალურად ხელი შეუწყოს რეალურად თავისუფალი ბიზნესის განვითარებას“.

ტრაბახობდა მაშინ, 2013 წელს კვირიკაშვილი. და რა პინგვინი დაიჭირა მაგის ხელში ქვეყანამ?

როგორც ფილოლოგიის დოქტორი თამარ ცოფურაშვილი ამბობს: „ამ მთავრობამ ერთადერთი დაპირება შეასრულა: ბიზნესი გაათავისუფლა. რა თქმა უნდა, მკვდარი თავისუფალია“.

დიახ, დღეს ბიზნესიც მკვდარია და ეკონომიკასაც ფეხები აქვს გაჭიმული ყვავილებში, მაგრამ კვირიკაშვილი არ უნდა ვაკრიტიკოთ და იცით, თურმე, რატომ? ბიძინამ გვიბრძანა, _ კვირიკაშვილი განიცდის, რომ აკრიტიკებთო. დიახ, საწყალ სოზარს ღამეები არ სძინავსო და კვირიკაშვილიც განიცდისო. ასეთია დავალება _ ბაბალესი კი არა, როგორც ბავშვობაში წყვილი ჯუჯა გვიმღეროდა, არამედ ბიძინასი _ არ ვაკრიტიკოთ კვირიკაშვილი იმის გამო, რომ დავარდა ეკონომიკური ზრდის ტემპი. აი, თვითონ კვირიკაშვილს კი შეუძლია ადგეს და ეკონომიკური ზრდის ტემპის კლება სააკაშვილსა და ოპონენტებს გადააბრალოს _ ტემპის კლება ოპოზიციის ქმედებებმა განაპირობა, ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობა იყო, უამრავი დესტრუქციული ქმედება ხდებოდა ოპოზიციის მხრიდანო. ამას დააბრალა ის, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი განახევრდა. თავიანთი უნიათობის ბრალი კი არა, ოპოზიციის ბრალი ყოფილა!!! არადა, სააკაშვილის დროს, სწორედ 2007 წელს, სააკაშვილის ხელისუფლების მეოთხე წელს, როცა ოპოზიცია ბობოქრობდა და აწყობდა აქციას აქციაზე, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლი 12,3% იყო! ოპოზიცია არა, პინგვინის კუჭმაჭი.

2014 წლის იანვარში, როცა ფასებმა ზრდა დაიწყო და ლარმაც აიშვა, ბატონი კვირიკაშვილი გამობრძანდა და დაგვამშვიდა, _ ფასების ზრდა კი მტკივნეულია, მაგრამ პროცესი შორს არ წავაო. სულ „აბსოლუტურად უსაფუძვლო“ ეძახა ლარის გაქცევის საფრთხეს, უკვე დეკემბერში კი იდგა და გვმოძღვრავდა, _ პანიკას ნუ აჰყვებით, ლარს უარესი მოუვაო. არაფერი საპანიკო არაა, პროცესს ვაკონტროლებთო. არ გავიდა რამდენიმე დღე და 1 დოლარის ფასი 2 ლარს გადასცდა, გამოვიდა კვირიკაშვილი და ბიძინას სტილში დაგვმოძღვრა, _ გაგებით მოვეკიდოთ იმას, რაც ხდებაო. აბა, რა, გაგებით უნდა მოვეკიდოთ ლარის გაბოზებასაც, კრიმინალის ზრდასაც, იმასაც, რომ თვითონ კვირიკაშვილი ნიუ-იორკსა და ვაშინგტოში გასაფრენ ავიაბილეთში 18 764 ლარს იხდის, მეტიც, ასტანაში როცა ფრენა 800 ლარი ღირს, ის ბილეთში, რატომღაც, 8766 ლარს იხდის. ეს ამბავი რომ გაუხეთქა ირმა ნადირაშვილმა, კვირიკაშვილი გამობრძანდა და წარბაუტოკებლად ბრძანა, _ მეო, არც პირველი კლასით მიფრენია და სულ ღამით დავფინავ, სამუშაო დღე რომ არ გამიცდესო. ეს კაცი ან არაფერს აკეთებს, ან მისი შრომა სიზიფეს გარჯაა… აბა, ეკონომიკას არაფერი ეტყობა, ჩაინთქა და თან ჩაიყოლა ლარი. ეგ კი გვაიმედებდა, არაფერი საპანიკო არაა და გაგებით მოეკიდეთო, მაგრამ საახალწლოდ ვითომ შეკავებულმა ლარმა ნაახალწლევს ახალი ძალით აიშვა და გაჭენდა.

12 თებერვალს გამობრძანდა და აღიარა, რომ ექსპორტი არ არის სახარბიელო მდგომარეობაში, რომ წასახალისებელია როგორც ექსპორტი, ისე ტურიზმი, პირდაპირი ინვესტიციები. ახლა მიხვდნენ, რომ ტურიზმი წასახალისებელია, რომ ფული შემოაქვს და ინვესტორებისა და ტურისტებისთვის საქართველოში შემოსვლის რეგულაციები გასამკაცრებელი კი არა, გასამარტივებელია. ტურისტებს წულუკიანივით კბილებდაკრეჭილი კი არა, გაღიმებული უნდა დახვდე. პრობლემები არ უარყო, მაგრამ მაინც დარდიმანდული დასკვნა გამოიტანა, _ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სიტუაცია საკმაოდ დამაიმედებელიაო.

20 თებერვალს, როცა ქვეყანაში პანიკა იყო ლარის კურსის ვარდნის გამო, ის გამოვიდა, _ სიტუაცია კიო, მარტივი არაა, მაგრამ ძალიან მარტივად გამოსასწორებელიაო. არადა, რა არის მარტივად გამოსასწორებელი? ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი დოლარი გაყიდა და არაფერი დაეტყო ლარს. იმედიანად და ოპტიმისტურად ლაპარაკობდა ეროვნულ ბანკთან ერთად სინქრონულ მუშაობაზე, მომდევნო დღეებში ქამრების შემოჭერაც დაამატა მენიუში და სულ ის იძახა, პესიმიზმის საფუძველი არ გვაქვსო.

მეორე დღეს უცნაურად ალაპარაკდა, _ ჩვენი მოლოდინები აბსოლუტურად ადეკვატური იყო, ჩვენ რა ვიცოდით, თუ ქვეყნის გარშემო სიტუაცია ასე აირეოდაო და ყველაფერი გარე ფაქტორებს გადააბრალა. მინსკიც გვიხსენა, „დაჟე“…

აი, „ტაბულა“ რომ მინისტრებს გადაეკიდა, დაგვისახელეთ სამი ინვესტორი, რომელიც თქვენს დროს შემოვიდა საქართველოშიო, ხადურმა და სერგეენკომ კონკრეტული პასუხი ვერ გასცეს, ისე წაიტრაბახეს, _ ბევრის დასახელება შეგვიძლიაო, კვირიკაშვილმა კი ჟურნალისტები `მარჯვედ~ მოიგერია: „დამშვიდდით, თუ შეიძლება“.

ახლაღა გაახსენდათ, რომ მათ ხელში არც პრივატიზება განხორციელებულა და მიადგნენ შენობებს, იქით ბობოყვათის რეზიდენციას, აქ თვითონ ეკონომიკის სამინისტროს შენობას და ამ ობიექტების გაყიდვით აპირებენ 300-350 მილიონი დოლარის მობილიზებას. აბა, რა ქნან, ქადაგიძე რეზერვებს არ ფლანგავს დაა… საინტერესოა, ამას რომ გაყიდიან, მერე რაღას გაყიდიან? და თვითონ ამ ობიექტებს ვინ ყიდულობს? _ ივანიშვილი ხომ არა? ანუ რა გამოდის, კი არ ყიდიან, ყიდულობენ… სარფიანად კი არ ყიდიან, სარფიანად ყიდულობენ…

აი, მას მერე, რაც ბიძინა ივანიშვილი გამოვარდა და ლარის უბედურების წყაროდ გიორგი ქადაგიძე გამოაცხადა, ეს თქვენი კვირიკაშვილი, რომელიც აქამდე ეროვნულ ბანკთან სინქრონული მუშაობით იწონებდა თავს, გამოვარდა და ბანი მისცა თავის ბატონს:

„ბოლო კვირის განმავლობაში, სწრაფი დევალვაციის პირობებში, ლარის გაუფასურების ემოციური შემადგენლის განეიტრალებაში ეროვნულ ბანკს მეტი წვლილის შეტანა შეეძლო. ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ინტერვენციების მოცულობისა და დროში განაწილების სწორი მართვით ლარის რყევების დიდი ამპლიტუდის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო“.

დასკვნები თავად გამოიტანეთ მის პრინციპულობაზეც და მის ეკონომისტობაზეც. ან რა დროს ეკონომიკა და პრინციპებია, როცა ბატონს უნდა აამო? იმ ბატონს, რომლის ხელში აყვავდი და აღორძინდი? თუ ადრე 2004 წლის ჩათვლით მის დეკლარაციაში ერთი ბინა ფიგურირებდა, 2012 წლისთვის, ანუ „ქართუ ბანკში“ მუშაობის შემდეგ დეკალარაცია უკვე მსუყედ გამოიყურება.  დეკლარაციაში ვხედავთ როგორც იმ ერთ ბინას, რომელიც სულ 34 კვადრატული მეტრი ფართის ყოფილა და ისიც სამგორის რაიონში, ასევე ვხედავთ 190-კვადრატიან სახლს ზოვრეთის ქუჩაზე და მიწის ნაკვეთს იქვე _ 432 კვადრატულ მეტრს. ასევე 250-კვადრატიან სახლს დუშეთის რაიონში, სოფელ ქვეშეთში და მიწას _ 3450 კვ.მ-ს.

სახელფასო ანგარიშზე „ქართუში“ აქვს 5117 ლარი, ასევე 20300 ლარი დეპოზიტზე „თიბისიში“, ასევე წყვილი საკრედიტო ბართი „ქართუსი“, ერთზე 515 ლარი აქვს დასაფარი, მეორეზე _ 1760. ქეშად აქვს 5500 დოლარი. დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ 2011 წელს „ქართუ ბანკიდან“, როგორც გენერალურ დირექტორს, მიღებული აქვს 111020 ლარი. წერია ისიც, რომ იპოთეკური სესხი აუღია „ბაზისბანკში“ 20-ათასდოლარიანი, ამ ხელშეკრულებით მიღებულ მატერიალურ შედეგში გასავლად აქვს მითითებული 20850 ლარი. ამავე წელს 7 ათასი ლარი აქვს მითითებული ასევე გასავლად, როგორც სწავლის საფასური.

2013 წელს შევსებულ დეკლარაციაში სიახლე ისაა, რომ იმატა დასაფარმა თანხებმა. 9 ათასი ლარი აქვს დებეტად „ქართუს“ ერთ საკრედიტო ბარათზე, 10 ათასი _ მეორეზე, ხუთი ათასი ევრო მესამე საკრედიტო ანგარიშზე უზის დებეტად, 4700 დოლარი „თიბისის“ საკრედიტოზე უზის დებეტად. მხოლოდ „ქართუს“ სახელფასო ანგარიშზე აქვს 3727 ლარი. ქეშად აქვს 9300 ლარი. მინისტრობიდან მიღებულ შემოსავლად ასახელებს 34 709 ლარს. ეს დეკლარაცია შევსებულია 2013 წლის 31 დეკემბერს. დეკლარაციაში შეიტანება წინა წლის 1-ლი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული შემოსავალი, ასეც წერია გრაფაში „სამუშაოს შესრულებით წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული შემოსავალი“. ვინაიდან 2013 წლის წინა წელი 2012 იყო, კვირიკაშვილს, წესით, უნდა შეეტანა 2012 წელს მიღებული შემოსავალი. 2012 წლის 25  ოქტომბერს დაინიშნა მინისტრად და რა გამოდის? ნოემბერსა და დეკემბერში მიიღო 34709 ლარი? ანუ თვეში 17354 ლარი? თუ რაკი დეკლარაცია 31 დეკემბერს შეავსო, განვლილ წლად 2013 მიიჩნია? მაშინ გამოდის, რომ ჯამაგირი 3000 ლარიც არ ჰქონია… ეს რომ ასე არაა, იქიდანაც ჩანს, რომ გრაფაში, რომელიც ეხება წინა წლის 1-ლი იანვრიდან 31 დეკემბრამდე დადებულ ხელშეკრულებებს, სულ 2012 წელს დადებული ხელშეკრულებები ფიგურირებს. 2012 წლის 1-ლ ნოემბერს განახორციელა რეფინანსირება, ანუ აიღო 120-ათასლარიანი იპოთეკური სესხი „ქართუში“ და გადაფარა 119 942-ლარიანი ვალი „თიბისიში“, რომელიც აღებული ჰქონია 2006 წელს. 2012 წლის 1-ლ ნოემბერსვე დაფარა მეორე იპოთეკური სეხი „თიბისიში“ (18 771 ლარი), რომელიც ასევე 2006 წელს ჰქონია აღებული და გადაიხადა იპოთეკური სესხის გადასახდელი „ქართუში“ 1586 დოლარი.

2012 წელს აქვს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება _ 24 სექტემბერს გაყიდა 149 175 ლარის უძრავი ქონება, ასევე ფიგურირებს მეორე ნასყიდობაც, სადაც უძარვი ქონების ღირებულება 55 ათასი დოლარია, მიღებული შემოსავალი კი მხოლოდ 6251 ლარი. ნასყიდობის ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2010 წლის 5 ნოემბრიდან იწყება და მოდის 2012 წლის 18 ივნისამდე. მოკლედ, აქ ყველგან 2012 წლის მონაცემებია. გამოდის, რომ ის 34 709 ლარიც იმ 2012 წლის 2 თვეში მიუღია, როგორც მინისტრს.

2015 წელს ჩაბარებულ დეკლარაციაში „ქართუს“ ერთ საკრედიტო ბარათზე 14 ათასი ლარი უზის დებეტად, მეორეზე _ 10 ათასი, მესამეზე _ 5 ათასი ევრო. „თიბისის“ საკრედიტო ბარათზე 4930 დოლარი, სახელფასო ანგარიშზე სულ 150 ლარი აქვს საწყლად.

ქეშის „პოლკაში“, სადაც უწერია, რომ უნდა შეიტანოს ნაღდი ფულის თანხა, რომელიც აღემატება 4 ათას ლარს, უწერია, რომ აქვს 3700 ლარი. როგორც ჩანს, ბატონმა მინისტრმა არ იცის, რომ 3700 ლარი არ აღემატება 4 ათას ლარს. წლიურ შემოსავალში, როგორც მინისტრს, უზის 81 250 ლარი…. დეკლარაციიდან ირკვევა, რომ აქვს მხოლოდ 120-ათასდოლარიანი იპოთეკური სესხი „ქართუში“, ათწლიანი და გასული ერთი წლის მანძილზე გადაუხდია 19 034 დოლარი. ასევე 2014 წელს გადაუხდია 9600 ლარი გიორგი კვირიკაშვილის სწავლის საფასური.

მის დეკლარაციას რომ ვეცნობოდი, იაკობ გოგებაშვილის ერთი მოთხრობა გამახსენდა, მკითხავს რომ სახლი დაეწვება და სოფელში რომ იტყვიან, ეგ რომ კარგი მკითხავი ყოფილიყო, საკუთარ თავს უმკითხავებდაო. კვირიკაშვილის დეკლარაციას კარგი ეკონომისტობის არაფერი ეტყობა.

მისი დეკლარაციებიდან ერთი საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა: მათ სახლში დაბადების დღეები სულ ივლისსა და თებერვალშია. 10 ივლისი მისი მეუღლის დაბადების დღეა, 20 ივლისს თავად მისი დაბადების დღეა.

1-ლ თებერვალს უფროსი ვაჟის დაბადების დღეა, 5 თებერვალს უმცროსი ვაჟისაც და უმცროსი ქალიშვილისაც, ხოლო 7 თებერვალს უფროსი ქალიშვილის დაბადების დღეა. ანა 24 წლისაა, ნინო _ 21 წლის. უმცროსი ვაჟი ნიკოლოზი 8 წლისაა, უფროსი ვაჟი გიორგი _ 19 წლის. თუმცა… ასევე დეკლარაციიდან ირკვევა ერთი მეტად საინტერესო გარემოება… 1999-2004 წლების დეკლარაციებში ფიგურირებს „ჯემალ კვირიკაშვილი“ დაბადებული 1996 წლის 1-ლ თებერვალს. აი, 2012-2015 წლების დეკლარაციებში ჯემალი ქრება და ჩნდება 1996 წლის 1-ლ თებერვალს დაბადებული გიორგი კვირიკაშვილი…

სახელი გადაარქვა შვილს. მოკლედ, ჯერ ჯემალის მეტი სახელი ვერ მოიფიქრა ვაჟისთვის და როცა გადარქმევა მოუნდა, კიდევ ვერ მოიფიქრა და თავისი სახელი დაარქვა…

 

რეზო შატაკიშვილი