გენმოდიფიცირებული ანა კარენინა

ccxx

ის-ის იყო, ვივახშმე და ინტერნეტს მივუჯექი. კიდევ კარგი, ვივახშმე, თორემ იმის წაკითხვის შემდეგ, რაც წავიკითხე, რა ნამუსითღა ვჭამდი? ლუკმა როგორღა გადამივიდოდა ყელში?

დავით საგანელიძე, თურმე, პოლიტიკიდან მიდის. გვტოვებს უნუგეშოდ. თავისას არ იშლის, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ჩემი ფეხი არ იქნება, მე არც ამ არჩევნებში მინდოდაო. არ უნდოდა, მაგრამ არის… მაგრამ აღარ იქნება. ჩემს ვალდებულებებს ბოლომდე მივიყვან და წავალ პოლიტიკიდანო, _ ამბობს საგანელიძე, ოღონდ არ აკონკრეტებს, ვის წინაშე აღებულ ვალდებულებებს მიიყვანს ბოლომდე, _ ბიძინა ივანიშვილის წინაშე აღებულ ვალდებულებებს, თუ „კუდის“ წინაშე? რომელთან თანამშრომლობის დოკუმენტიც გამოუქვეყნა ელისო კილაძემ? თუ კუდი ყავარზე აქვს, რაკიღა „კუდი“ გაუქმდა? მოკლედ, მიდის. მიდის და უკანაც არ იხედება. მაგრამ მიდის კი? რამდენჯერ თქვა მასე, მივდივარო და ჯერაც არ წასულა. მე იგი ჩემს მეზობელ მედიკოს მაგონებს. ცხონებული წავიდოდა, დაიძრებოდა ჭიშკრისკენ და მობრუნდებოდა. წავიდოდა, მობრუნდებოდა. ესეც ასეა, შეგვჭამა და შეგვიღიტინა: „მივდივარ, მივდივარ“….

საგანელიძემ ხომ გამაოცა და გამაოცა, მაგრამ არც პატრიარქმა დამაკლო _ თავის ნათლულებს გაჭირვებულების მოვლა და ხეების დარგვა დაავალა. ხალხმა ბალღები დაანათლინა _ გაჭირვებაში შეგვეწევაო და მან იქით დაავალა გაჭირვებულების მოვლა-პატრონობა: „მრავალი ადამიანია მწოლიარე, მრავალ ადამიანს არ ჰყავს მომვლელი, წყლის მიმწოდებელიც კი. გამონახეთ ასეთი ადამიანები და კვირაში ერთხელ მაინც მიდით და შეძლებისდაგვარად დაეხმარეთ. ეს იქნება საჭმლით, ჩასაცმელით თუ თბილი სიტყვით“.

აი, ქალაქის #1-ლი გაჭირვებული _ ნარმანია ექსკლუზიურად მიაბარა ნათლულებს, _ დაეხმარეთო. დიახ, ნათლულების ოჯახს მისცა კურთხევა, რომ მისი ნათლულების ყოველმა ოჯახმა დარგოს 7 მარადმწვანე ნერგი _ კედრისა და ნაძვის. მოგეხსენებათ, პატრიარქს 22 ათასზე მეტი ნალული ჰყავს, თითომ რომ მართლაც 7 ნერგი დარგოს, მინიმუმ, 154 ათასი ხე იქნება დარგული. სხვათა შორის, გასულ შემოდგომაზე თბილისში სულ 35 ათასი ხე დაირგო, აქედან მერიამ 19 500 ხე დარგო, დანარჩენი, ანუ 15 500 კერძო სექტორმა დარგო მერიის მითითებულ ტერიტორიებზე. და იცით, ვინ რგავდნენ ამ კერძო სექტორიდან? _ საგვარეულოები. ისევ და ისევ პატრიარქის კურთხევით. მთელი კამპანიაა მრევლში სოცქსელების მეშვეობით, გვარები იკრიბებიან, მიდიან, გამოაქვთ ნერგები და რგავენ.

ცუდი ამ ყველაფერში არც არაფერია, უბრალოდ, ერთი რამ მაინტერესებს, ეს ნარმანია პატრიარქის იმედზე გვპირდებოდა მილიონ ხეს?

მისი ბატონი _ ბიძინა ივანიშვილი, კიდე, ეროვნული ბანკის რეზერვებით აპირებდა ჩვენს რჩენას? ეგაა, რომ გაიძახოდა, მე ვიცი, საიდანაც მოვიტანო?

ჯერ იძახა და იძახა, ლარი ძალიან ჯანმრთელიაო, ჯანსაღი პროცესი მიდისო. მერე ყველაფერი საგარეო ფაქტორებს გადააბრალა, როცა ნახა, რომ ეს არავინ თოხლა, გამოენთო და ყველაფერი „ნაციონალების“ მიერ დანიშნულ გიორგი ქადაგიძეს დააბრალა. რეზერვებს არ ხარჯავსო. გიორგი ქადაგიძე! _ ჯანმრთელობა უნდა გერქვას შენ!

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნულმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ თავისი უმოქმედობითა და არასწორი ქმედებებით მიგვიყვანა ეროვნული ვალუტის კრიზისამდე“…

გესმით? თურმე, ჩვენი უბედურება იმისი ბრალი ყოფილა, რომ ეროვნულ ბანკში ქადაგიძეა და არა მისი ფერმა _ ზებრა-ზვიგენი ან პინგვინი! თურმე ტურიზმის გავერანებას, ექსპორტის შემცირებასა და ეკონომიკის გაფარჩაკებას კი არ მივუყვანივართ სავალუტო კრიზისამდე, გიორგი ქადაგიძეს მივუყვანივართ.

ვისაც ამ უტიფრობის სჯერა, ის კვლავ სიბრიყვის იმ ფაზაშია, რომელ ფაზაში მყოფსაც სჯეროდა, რომ ბიძინა უფასო ფულებს დაურიგებდა. და მასზე არანაკლებია ისიც, ვისაც სჯერა, რომ ამგვარი უტიფრობით ფონს გავა. ასეთ უტიფრობას ყოველთვის აქვს ბოლო. ეს კანონზომიერებაა. ამგვარი ხრიკებით მოსარგებლეები ვერ ინარჩუნებენ ძალაუფლებას. ქარის მოტანილი ქარს მიაქვს.

და მაინც, რატომ არის დამნაშავე გიორგი ქადაგიძე, რეზერვებს რომ არ ფლანგავს? ბოლოს რომ 40 მილიონი დოლარი გაყიდა, რა შედეგი გამოიღო ამ ძალისხმევამ? და საერთოდ, რას უშველის ასეთი ღონისძიებები, თუკი ეკონომიკას არ ეშველა?

ბიძინამ აღიმაღლა ხმა. აჰყვნენ მისი ხელქვეითნი. ატეხეს გნიასი. ნეტა, რა ეგონათ, რომ გამოვიდოდა ქადაგიძე თავჩაქინდრული და გახსნიდა სალაროს როსტევანივით? გამოვიდა და რა თქვა? მაქვს რეზერვები, მაგრამ არ დავხარჯავო. „რეზერვებით ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორების ჩანაცვლება, კონკრეტულად კი ექსპორტის, გზავნილების, ტურიზმის კლების ჩანაცვლება არის არა მარტო არასწორი ეკონომიკური გადაწყვეტილება, არამედ კონტრპროდუქტიული და უშედეგო“.

მოკლედ, მე 90-იან წლებში დაშვებული შეცდომების გამეორებას და რეზერვების ფლანგვას არ ვაპირებო.

გიორგი ქადაგიძე კერკეტი კაკალი გამოდგა ბიძინასთვის. არადა, რა რთულია ეს მისთვის? როცა შეჩვეულია ირგვლივ თხელნაჭუჭა ხალხს, წკიპურტმიუკარებლად რომ იმსხვრევა ხოლმე მათი პრინციპულობა?

ხან საიდან შეუტიეს ქადაგიძეს, ხან _ საიდან, ხან გადაყენება მოუნდომეს, ხან ლარის გაბოზების შეტენა მოუნდომეს, არც ერთი არ გამოუვიდათ. მე პირადად მინდა, რომ არც გამოუვიდეთ, იცით, რატომ? მარტივი მიზეზის გამო, _ მეც მინდა, რომ ჩემს ქვეყანაში იყვნენ პრინციპული პროფესიონალები, ვის წინაშეც უძლურია 7 მილიარდი. აგერ, 7 მილიარდის პატრონის პირადი ექიმი და ჩვენი ჯანდაცვის მინისტრი გამოვიდა და დაადასტურა, რომ თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახური მნიშვნელოვანი ხარვეზებით მუშაობს. თურმე, ნუ იტყვით და დაგვიანებები არის იმ ფორმატის, რომელიც არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. ინჩა უზუმ?.. არც ქოცურ ლოგიკაში ჯდება? „ნიუჟელი“? აკი, სანაქებო ჯანდაცვა გვაქვსო? ეგეც ტუფტააა? და რაღაა ნაღდი? სტაბილური ლარი „აშარაშკად“ აქციეთ, სასწრაფო დახმარება _ „მოჩქარეს მოუგვიანდეს“-ად, უსაფრთხო ქუჩები ისეთ ქუჩებად, სადაც მუხლების კანკალით დადის უკვე ხალხი და სადამდე გვიპირებთ მიყვანას?

ქვეყანა თავზე დაგვამხო თქვენმა წულუკიანმა, ტურისტების გარეშე დაგვტოვა თავისი გაუაზრებელი, ახირებული გადაწყვეტილებებით და ახლა გამოდის და უტიფრად „გვებლატავება“, ჩემმა სავიზო რეფორმამ ქვეყანა წარმატებამდე მიიყვანაო. ვისგან იღებთ ამ უტიფრობის გაკვეთილებს, გამაგებინეთ, ვინაა თქვენი რეპეტიტორი?

ძიძიგური კი გამოდის და აფრქვევს სიბრძნეებს, სავიზო რეფორმას უწონებს თეას, ამტკიცებს, რომ ის არავითარ გავლენას არ ახდენს საქართველოს ეკონომიკურ კრიზისზე და იმასაც აბრეხვებს, _ არ შეიძლება, ვისაც კი მოუნდება, საქართველოში გამოიაროსო. არ უნდა ჩამოდიოდესო. ძიძიგური, მე მგონი, გენმოდიფიცირებული ანა კარენინაა და ახლაც იქ წევს, სამტრედიაში გადაკეტილ რკინიგზაზე… ერთი რამ მინდა ვთქვა, ჭამთ ჩვენი ოფლით შეგროვილ ბიუჯეტს? _ ჭამთ! მოდი, რა, მდუმარედ მაინც ჭამეთ! გაჩუმდით და ისე… და მაგ უტიფრობას მაინც დაანებეთ თავი.

ხოდა, კიდე, ჩოხის უადგილო ადგილას ჩაცმას. აგერ, გუდაურიდან ამბავი ჩამომიტანეს, მართლაც საარაკო: ეს ლევანია ვასაძე სულ მთლად გამოჩოხებულა. თხილამურებზე შემხტარა _ ჩოხიანი და ასთე _ ჩოხიანი დასრიალებს, თურმე, გუდაურში.

ღმერთო, მოხედე ამ ხალხს _ გახადე ჩოხა და ჩააცვი იმფერი ხალათი, მათ რომ შეშვენით…

დგას თხილამურზე ჩოხით მოსილი და მოექანება… აი, ბურჯანაძე გამოდის და სულ მესამე პირში გვესაუბრება. ამას წინათ ზაქარია ქუცნაშვილმა ილაპარაკა მესამე პირში ზაქარია ქუცნაშვილზე. იმის წინ _ ნარმანიამ ნარმანიას კვალიფიკაციაზე :)))

გადაგრიათ მამაზეციერმა?

მესამე პირში საკუთარ თავზე ინდიელები ლაპარაკობენ მხოლოდ. ყველა სხვა, ვინც მესამე პირში ლაპარაკობს საკუთარ თავზე _ გაგიჟების პირასაა, ფსიქიკა ვერაა მარჯვედ…

ეგენი კი არა, ლამისაა, მე გამაგიჟონ, ხან ვინ მომადგება, შემოწირულობებიო და ხან _ ვინ. მამაძაღლი, არჩევნებზე რომ გაცვივდით და 41 მოხაზეთ, მიდით და იმას მიადექით, ნიცშეს რომ კითხულობს ჰამაკში. ხმა იმას მიეცით და დახმარებას მე მთხოვთ?

ბოზი რომ ბოზია, იმანაც კი იცის, რომ ვისაც მისცემს _ ფულიც იმას უნდა მოსთხოვოს! „იოლკი პალკი“…

აი, ასეთი ამბები ხდება წილხვედრში…

თუმცა, ისე, რაღა დაგიმალოთ და ერთი კითხვა ამეკვიატა…

ახლახან კიდევ ერთხელ გავრცელდა ცნობა ტუტანხამონის ქართველობის შესახებ. იქვე იყო საუბარი იმაზეც, რომ იმდროინდელ და დღევანდელ ეგვიპტელებს საერთო არაფერი აქვთ და იმდროინდელი ეგვიპტელები ევროპელების, კავკასიური რასის მონათესავე ხალხი იყო. ტუტანხამონის მუმიის გაკვეთაში მონაწილე ერთ-ერთი მეცნიერი, რომან შოლცი, ამტკიცებს, რომ ეგვიპტელი ფარაონებისა და ევროპელი ადამიანების საერთო წინაპარი 9500 წლის წინათ კავკასიაში ცხოვრობდა. ეგვიპტეში მათი აღმოჩენა მას შემდეგ მოხდა, რაც მათი გარკვეული ნაწილი ევროპაში გადასახლდა, ნაწილი კი სხვადასხვა ტერიტორიაზე დაიქსაქსა.

მოკლედ, მეცნიერებს თუ დავუჯერებთ, გზადაგზა _ ყველა კავკასიიდანაა წასული. ჩვენ აგვიჩემებია, წილხვედრი, კურთხეულიო… ე, ბიჭო, თუ ყველა აქედან გარბოდა, კურთხეული კი არა, წყეული მიწა ყოფილა და გარბოდნენ.

 

რეზო შატაკიშვილი