გერმანელი ტყვეების წერილები – რა საიდუმლოს მალავდა სამედიცინო უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი?!

ex

ვინ იცის, რამდენი საიდუმლო იმალება უამრავი ისტორიული ფაქტისა თუ მოვლენის მომსწრე შენობების კედლებსა და სარდაფებში?.. ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის კვეთაზე მდებარე საერთო საცხოვრებლის დემონტაჟზე მომუშავე ადამიანები ვერასოდეს წარმოიდგენდნენ, რომ გერმანელი სამხედრო ტყვეების საიდუმლო სამალავს აღმოაჩენდნენ. სამშენებლო კომპანიის თანამშრომლებზე ნანახმა და განცდილმა იმდენად იმოქმედა, რომ აღმოჩენის შესახებ არავისთვის გაუმხელიათ.

თითქმის ორწლიანი ფიქრის შემდეგ კომპანიის ხელმძღვანელმა, გია აბრამიძემ, დუმილი დაარღვია და „ქრონიკა+“-ს სკანდალური აღმოჩენის შესახებ უამბო:

_ დაახლოებით ორი წლის წინათ ჩემმა კომპანიამ ოფიციალური ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც ალ. ყაზბეგისა (ყოფილი პავლოვი) და ვაჟა-ფშაველას გამზირს შორის მდებარე სამედიცინო უნივერსიტეტის ძველი საერთო საცხოვრებლის შენობის დემონტაჟს ითვალისწინებდა. დემონტაჟის დროს ჩვენი ძირითადი შემოსავალი გადმორიცხული ფული, ან ამოღებული მასალის რეალიზაციის შედეგად შემოსული თანხაა, ამიტომ სამუშაოს ფრთხილად ვაწარმოებდით. ვცდილობდით, რომ შემდგომი რეალიზაციისთვის ვარგისი აგური, ბლოკები, რკინა-ბეტონისა და ხის მასალა არ დაგვეზიანებინა. პარკეტის ქვეშ იყო ფიცრის იატაკი, რომლის  აღების დროსაც გამოჩნდა ნახერხი და ნახერხში ჩამალული, ძველ ქაღალდში საგულდაგულოდ შეფუთული რაღაც. გახსნის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს იყო გერმანულ ენაზე დაწერილი წერილები და ფოტოები. ზოგი ბარათი ცალკე იყო ნახერხში შენახული, ზოგიც _ ერთად. ბარათებსა და ფოტოებს გარდა ვიპოვეთ ტყვიის მასრაში ჩასმული ფანქარი, სვასტიკით დამშვენებული გერმანული პასპორტის ნაწილები და უამრავი სხვა რამ. დაახლოებით 150 კვადრატული მეტრის ფართი ოთახებად იყო დაყოფილი და ყოველი ოთახის ქვეშ რაღაცებს ვპოულობდით. წერილები, ძირითადად, 1946-47 წლებით თარიღდება, შესაბამისად, დავასკვენით, რომ ეს არის გერმანელი ტყვეების გაუგზავნელი ბარათები.

_ ამას ის ბლანკებიც ადასტურებს, რომლებზეც გარკვევით წერია „საბჭოთა კავშირის წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების კავშირი, სამხედრო ტყვის საფოსტო ბარათი“.

_ დიახ. აქ არის სხვადასხვა დროს დაწერილი სხვადასხვა ადამიანების წერილები, რომლებიც, ძირითადად, ქალებისთვის, სავარაუდოდ, მეუღლეებისთვის იყო განკუთვნილი. ერთი წერილი პოლონელი ქალისთვისაა დაწერილი.  აქვე არის გერმანელი ტყვისთვის გამოგზავნილი ახალი წლის მისალოცი, რომელიც 1946 წლით თარიღდება. არის რაღაც ქაღალდები, სავარაუდოდ, შიდა აღრიცხვის ფურცლები, რომლებიც, თავიანთი სიძველიდან გამომდინარე, აღარ იკითხება. როგორც ხედავთ, ბევრია წვრილად დახეული ფოტოები, რომლებზეც კარგად ჩანს გერმანელი სამხედროების, მათ შორის, ოფიცრების ფოტოები.

_ ვფიქრობ, ამ ფოტოების აღმოჩენის შემთხვევაში, სამხედრო ტყვეებს კარგი დღე არ დაადგებოდათ.

_ სავარაუდოდ, ფოტოები ამიტომაც დახიეს და გადამალეს. რაც შეეხება წერილებს, სანამ ადრესატამდე მიაღწევდა, აუცილებლად უნდა გაევლო უშიშროების ხელში. შესაძლოა, ჩათვალეს, რომ ამ წერილებში რაღაც ზედმეტი ეწერა და გაგზავნა გადაიფიქრეს; ან იმაზე გათვალეს, რომ ოდესმე ვიღაც ნახავდა. მოკლედ, შესაბამისი დასკვნები სპეციალისტებმა უნდა გააკეთონ. მე კი არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ შენობა საოცარი სიზუსტით იყო აშენებული და აშკარად განსხვავდებოდა კომუნისტების დროს აგებული სხვა შენობებისგან(!!!). ისეთი პარამეტრები და სიმეტრია იყო, რომ აშკარად ეტყობოდა კარგი არქიტექტორისა და მშენებლის ხელი. სავარაუდოდ, ეს შენობა ომის დროს, ან დამთავრებისთანავე ააშენეს. ვფიქრობ, რომ სამედიცინო უნივერსიტეტისა და მისი საერთო საცხოვრებლის შენობა ერთდროულად არის აშენებული, იმიტომ, რომ ერთნაირი არქიტექტურა აქვთ. სხვათა შორის, დემონტაჟის მიმდინარეობის დროს ჩვენი საქმიანობით დაინტერესდა ადგილობრივი მცხოვრები, ღრმად მოხუცებული კაცი, რომელმაც გვითხრა, რომ კარგად ახსოვს მშენებლობაზე გერმანელი ტყვეების მუშაობა. ნახევრად მშივრები საშინელ პირობებში მუშაობდნენ და შიმშილისგან, სიცივისგან და ავადმყოფობისგან რომ გარდაიცვლებოდნენ, სადღაც საირმის გორისკენ მარხავდნენო.

_ ადგილობრივი მოსახლეობა თუ ეკონტაქტებოდა გერმანელ ტყვეებსო?

_ ახლოს არავინ გვაკარებდაო. პატარა ბავშვი ვიყავი და მეც კი არ მიშვებდნენ მათ სიახლოვესო. ტერიტორია მთლიანად დაცული იყო ჯარისკაცებითო.

_ საუბრის დასაწყისში მითხარით, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ბაბუათქვენიც სამხედრო ტყვე იყო. იქნებ, უფრო დაწვრილებით გვიამბოთ, სად, რა გარემოებებში ჩავარდა ტყვედ და როგორ დასრულდა მისი ტყვეობის პერიოდი?

_ ბაბუამ ტყვეობაში ხუთი წელი გაატარა. დაახლოებით 45 დღე იბრძოლა და პოლონეთის საზღვართან ბაბუაჩემის მთელი პოლკი ტყვედ აიყვანეს. რუსები ადგილზევე დაუხვრეტიათ და კავკასიელები სპეციალობების მიხედვით გადაუნაწილებიათ გერმანიის ტერიტორიაზე სამუშაოდ. ბაბუა პროფესიით საქონლის ექიმი, ანუ ვეტფერშალი იყო და საქონლის ფერმაში გაუშვეს. როცა გერმანიაში წითელი არმია შემოვიდა, ბაბუამ გაიგო, რომ ფერმის პატრონს მისთვის ბანკში ხელფასის სახით 2000 მარკა ჩაურიცხავს. რა თქმა უნდა, წითელი არმიის შემოსვლის შემდეგ ბაბუა უკან ჩამოიყვანეს. სამშობლოში დაოჯახდა, შვილები ეყოლა და ამის მერე, როგორც სამხედრო ტყვე, ასტრახანში გადაასახლეს. ორი წელი ოჯახთან ერთად საქონლის სადგომში იცხოვრა, 1953 წელს სტალინის გარდაცვალების შემდეგ, საქართველოში დაბრუნდა თავისი ცოლით და სამი შვილით. ბაბუა ტყვეობის ამბების შესახებ ყველას უყვებოდა და ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ გერმანიაში კარგად ექცეოდნენ. იმის გამო, რომ სამხედრო ტყვე იყო, ცუდად არავინ მოპყრობია. ბაბუას გერმანიაში ცოლი და ქალიშვილი დარჩა, მაგრამ, სამწუხაროდ, მათი მოძებნა არ მოხერხდა. შევარდნაძის პერიოდში, მგონი, 1997 წელს, გერმანიის მთავრობამ ბაბუას და ყველა სამხედრო ტყვეს, რომელმაც გერმანიაში იმუშავა, კომპენსაციის სახით, პენსია დაუნიშნა(!!!). როგორც ვიცი, პენსია სოლიდური ოდენობის იყო, მაგრამ ბაბუამდე მხოლოდ 50 ლარი აღწევდა. მისი გარდაცვალების შემდეგ ამ ფულს მამაჩემი იღებს. ალბათ, ბედისწერა იყო, რომ გერმანელი ტყვეების საიდუმლო სამალავები დღის სინათლეზე ბაბუის შვილიშვილს გამოეტანა. შეიძლება ამ ტყვეთაგან რომელიმე ცოცხალია და გერმანიაში ცხოვრობს; შეიძლება ცოცხალი არავინაა, მაგრამ მათი შთამომავლებისთვის ეს ფარატინა ქაღალდები რელიკვიად იქცეს. ვნახოთ, გამოგვეხმაურება თუ არა ვინმე…

როგორც რესპონდენტმა აღნიშნა, წერილები სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადამიანის მიერაა დაწერილი. ზოგი მეუღლისთვის არის განკუთვნილი, ზოგი მშობლებისთვის და ახლობლებისთვის. ნაძვის ტოტით დამშვენებულ მისალოცში გერმანელი ფრაუ თავის ძმას რიჩარდს, შობას ულოცავს და სიხარულს გამოხატავს ძმის კარგად ყოფნის გამო: „მიხარია, რომ კარგად ხარ და შეგიძლია ჩემი წერილები წაიკითხო“… ძნელია, უემოციოდ გაეცნო სიყვარულითა და მონატრებით სავსე ბარათები და არ შეგძრას ადამიანურმა ტრაგედიამ, რომელიც ყოველ სტრიქონში ჩანს.

დასვენების დღეების გამო მშენებელთა აღმოჩენაზე კომენტარისთვის სახელმწიფო სტრუქტურებთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ, სამაგიეროდ, საქართველოში გერმანელი სამხედრო ტყვეების ცხოვრებაზე „ქრონიკა+“-ს საინტერესო ცნობები მოაწოდა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა და პროფესორმა ოთარ ჯანელიძემ:

_ საქართველოში გერმანელები მე-19 საუკუნის 10-იანი წლებიდან ცხოვრობდნენ. ისინი აქ რუსეთის საიმპერიო ხელისუფლებამ ჩამოასახლა, როგორც კოლონისტები. მისდევდნენ  მევენახეობას, მეაბრეშუმეობას, მესაქონლეობას, ხელოსნობას, საყოველთაოდ ცნობილი იყო მათ მიერ დამზადებული ლუდი, ყველი და სხვ. კომპაქტურად ცხოვრობდნენ კუკიაზე, დიდუბეში, ბოლნისში, სართიჭალაში, ასურეთსა და სხვაგან.

პირველ მსოფლიო ომამდე გერმანელთა რიცხვი, რომელთა უმრავლესობა შვაბი ლუთერანები იყო, საქართველოში 14 ათასს ადამიანს მოითვლიდა; მეორე მსოფლიო ომის წინ მათი რაოდენობა 40 ათასამდე გაიზარდა. საბჭოთა კავშირზე გერმანიის თავდასხმისთანავე დაიწყო გერმანელთა დეპორტაცია. მრავალი ათასი გერმანელი გაგზავნეს ციმბირში, ბევრიც დახვრიტეს. მარტო საქართველოდან მაშინ ყაზახეთში, დაახლოებით, 24 ათასი გერმანელი გაასახლეს ოჯახებით. ზოგი იქაურობას შეეჩვია და ადგილზე დამკვიდრდა, ნაწილი კი საცხოვრებლად სხვადასხვა ქვეყანაში გადავიდა. ეს ამბები აღწერილია დიანა კესნერის წიგნში „სიცოცხლის გზები“. მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირმა ტყვედ ჩაიგდო ორმილონ ნახევრამდე გერმანელი მებრძოლი (ზოგიერთი გერმანული წყაროს თანახმად, ეს რიცხვი 3 მილიონ 150 ათასს უტოლდება). მათგან, დაახლოებით, 40 ათასი კაცი საქართველოში ჩამოიყვანეს და სხვადასხვა ქალაქსა და რაიონში მიმდინარე მშენებლობებზე გადაანაწილეს. გამოანგარიშებულია, რომ მარტო 1943-1950 წლებში გერმანელმა ტყვეებმა საბჭოეთში 50 მილიარდი მანეთის სამუშაო შეასრულეს.

_ საქართველოს რომელ ქალაქებში და რა სახის სამუშაოზე იყვნენ დასაქმებულები გერმანელები?

_ საქართველოში გერმანელი ტყვეები დასაქმებულნი იყვნენ ჰესების, საავტომობილო გზების, ხიდების, გვირაბების, რკინიგზის სადგურების, სხვა საზოგადოებრივი დანიშნულებისა თუ საცხოვრებელი სახლების მშენებლობებზე. მაგალითად, თბილისში გერმანელი სამხედრო ტყვეების აშენებულია ყოფილი მთავრობის სახლი რუსთაველის გამზირზე (ახლანდელი პარლამენტის შენობა), რომლის აგება 1953 წელს დამთავრდა; ასევე, „საქნახშირის“ შენობა (ახლანდელი საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემია), რამდენიმე საცხოვრებელი სახლი ვაკეში, მარჯანიშვილის მოედანზე და სხვ. ქუთაისში გერმანელი ტყვეები მუშაობდნენ ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის, საავტომობილო ქარხნისა და სხვ. მშენებლობაზე. ქალაქი ტყვარჩელი დიდწილად მათი მონაწილეობით აიგო, ბორჯომში, ჩითახევის ჰესზზე 1000 გერმანელი სამხედრო ტყვე იყო მიმაგრებული, გერმანელ ტყვეებს გაჰყავდათ ბაღდათიდან კურორტ საირმისაკენ მიმავალი გზა და სხვა მრავალი. აღსანიშნავია, რომ მათ მიერ აშენებულ ბევრ ნაგებობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

_ როგორც გავიგე, გერმანელი სამხედრო ტყვეებისთვის საქართველოში მოხვედრა ოცნება იყო, რადგან სხვა რესპუბლიკებთან შედარებით, ტყვეებს აქ გაცილებით ადამიანურად და თბილად ეპყრობოდნენ.

_ ცნობილია, რომ ომის პერიოდის საბჭოთა იდეოლოგია გერმანელებისაგან ულმობელი მტრის ხატს ქმნიდა. ეს მკაფიოდ ჩანს მაშინდელ პლაკატებზე, სააგიტაციო ფურცლებზე, კარიკატურებში, ლიტერატურულ ნაწარმოებებში, მხატვრულ ფილმებსა და ა. შ. ამისგან განსხვავებით, ტყვედ ჩავარდნილ, ტანსაცმელდახეულ გერმანელებში მოსახლეობა ფაშისტ დამპყრობელს კი აღარ ხედავდა, არამედ გაჭირვებულ, ნახევრად მშიერ ადამიანს, რომლის მიმართ სიბრალულის გრძნობა უჩნდებოდა და კეთილგანწყობით იმსჭვალებოდა. თვითონ ტყვეებიც, რომელთაც ნაკლებ ულხინდათ, რადგან მათი დღიური ულუფა მიზერული იყო, არასოდეს ქურდობდნენ, არ ჩხუბობდნენ ერთმანეთში, მოკლებულნი იყვნენ აგრესიულობას, ცდილობდნენ ადგილობრივ მცხოვრებლებთან ნორმალურ ურთიერთობას. მათთვის საწყალობლად ბოძებული პურისა თუ სხვა საკვების ნაცვლად, ბაშვებისათვის ამზადებდნენ ხის თოჯინებს, ათასგვარ საოჯახო ნივთს და სხვ. ერთი მოგონების თანახმად, გერმანელი ტყვეები ქუთაისში, იმ სახლის წინ, რომლის დიასახლისი მათ პურით გაუმასპინძლდა, ორი წლის განმავლობაში ქუდს იხდიდნენ ხოლმე მადლობის ნიშნად სამუშაოზე მიმავალნი. თანამედროვეთა გადმოცემებით ირკვევა, რომ დედები პატარა ბავშვებსაც არ უშლიდნენ გერმანელებთან კონტაქტს, რაც ტყვეებს დიდად ახალისებდათ. ბავშვები მათ თავიანთ ოჯახებს ახსენებდა, რომლის წევრთა ფოტოსურათებს ბევრი ჯიბით დაატარებდა. არაერთმა ქართველმა პატარამ გერმანული სიტყვები სწორედ ტყვეებისაგან ისწავლა. გერმანელი ტყვეების ქცევამ საქართველოში ხელი შეუწყო ფაშისტების შესახებ საბჭოური სტერეოტიპების მსხვრევას. ბევრი გერმანელი ტყვე საქართველოში გარდაიცვალა და აქვე ჰპოვა სამუდამო განსასვენებელი. მათი სასაფლაოები შემორჩენილია თბილისში (საირმის გორაზე), ტყიბულში, საირმეში, ჩითახევში, ჯვრის უღელტეხილიდან მარცხენა მხარეზე სტეფანწმინდის მახლობლად და სხვ. გერმანელი ტყვეების რეპატრიაცია 1947 წლის ბოლოდან დაიწყო, მაგრამ იგი არ შეხებია სამხედრო დანაშაულისათვის გასამართლებულ პატიმრებს. გერმანელ ტყვეთა უმეტესობა სამშობლოში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც 1956 წელს მიღწეულ იქნა შეთანხმება საბჭოთა ლიდერ ნიკიტა ხრუშჩოვსა და გერმანიის კანცლერ კონრად ადენაუერს შორის. ბევრმა გერმანელმა ტყვემ საქართველოსა და ქართველ ხალხზე კეთილი მოგონებები გაიყოლა თავის ქვეყანაში. საგულისხმოა, რომ არაერთი გერმანელი მოგვიანებით კვლავ ჩამოვიდა საქართველოში და ის ადგილები მოინახულა, სადაც ტყვეობისას მოუწია ყოფნა. გერმანელი ტყვეების ჩანაწერები და პირადი წერილები სხვა დროსაც უპოვიათ თბილისური სახლების რემონტისას.

ჩვენთვის უცნობია, რა გამოხმაურება მოჰყვება სახელმწიფო უწყებებში საერთო საცხოვრებლის შენობაში ნანახს,  დაინტერესდება თუ არა გერმანიის საელჩო, ან საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან არსებული ოკუპაციის მუზეუმი ქართველი მშენებლების აღმოჩენით, თუმცა მოვლენებს წინ არ გავუსწრებთ და ამ ამბის ლოგიკურ დასასრულს დაველოდებით.

 

                                                                                                        ნელი თორდია